თაღლითობის ფაბრიკა

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი
Divider dot 9 მარტი 2020

OCCRP- მ (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი) სტატიების სერია გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინაში, ალბანეთსა და საქართველოში, თაღლითური სქემით მომუშავე ქოლ-ცენტრების ისტორიას გვიყვება.
თბილისის ქოლ-ცენტრის შესახებ OCCRP-მ მასალა მოამზადა “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტებთან ერთად. “სტუდია მონიტორი” OCCRP ის პარტნიორია.

გთავაზობთ სტატიების სერიის პირველი ნაწილის თარგმანს.

თაღლითობის ქარხანა

იანვრის ერთ საღამოს, კიევში, Milton Group-ის სახელით ცნობილმა კომპანიამ, თანამშრომლებისთვის პომპეზური საახალწლო წვეულება გამართა. პოპ-როკის ცნობილი ჰიტების შემსრულებელი ჯგუფის თანხლებით, აკრობატები და ცეცხლით მოცეკვავეები ციბრუტივით ტრიალებდნენ ნეონის ნათურების შუქზე, ხოლო კომპანიის გაყიდვების ახალგაზრდა სპეციალისტები თავმომწონედ ამაყობდნენ კრიპტოვალუტასა და ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების მხრივ ყველაზე უხვმოსავლიანი წლით. ფირმის მენეჯმენტმა მათ საჩუქრად დაურიგა ნაღდი ფული, მანქანები და სხვა ჯილდოები. ერთ ვარსკვლავ გამყიდველს მთელი წლით უფასო ბინაც კი ერგო.
მაგრამ Milton Group-ის საქმიანობის სფერო სინამდვილეში თაღლითობაა და სხვა არაფერი. ზუსტად იმ დროს, როცა მისი ახალგაზრდა თანამშრომლები კიევში დროს ატარებდნენ, მათი მსხვერპლები მთელ მსოფლიოში კარგავდნენ სახლებსა და ქონებას.
„საარსებო წყაროც კი არ დამრჩა“, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი, 67 წლის შვედი ქალი, რომელიც დღეს უსახლკაროა და გაღატაკებული. თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის მას იმდენად რცხვენია, რომ ანონიმურობის შენარჩუნება გვთხოვა.

შვედი ქალი

შვედი ქალი, რომელმაც Milton Group-ის გამო ყველაფერი დაკარგა. ფოტო:Alexander Mahmoud/DN

 

დრამერები

დრამერები Milton Group-ის ახალი წლის ღონისძიებიდან. ფოტო:Lyubo-Dorogo

ანონიმურობის დასაცავად განსაკუთრებული ზომები მიიღეს მათაც, ვინც ეს ქალი თაღლითურ სქემაში გააბა. ისინი ფსევდონიმების უკან იმალებიან და თვალის დახამხამებაში „აჩენენ“ კრიპტოვალუტის არარსებულ ბრენდებს, რათა დამალონ ის ფაქტი, რომ მათი მსხვერპლების მიერ „დაბანდებული“ მილიონობით დოლარი უბრალოდ გაუჩინარდა.

თუმცა სიტუაცია, დიდი ალბათობით, მალე შეიცვლება.

შარშან შვედურ გაზეთს Dagens Nyheter-ს ინფორმატორმა მიმართა, მოუთხრო დაუჯერებელი ისტორია მასობრივი თაღლითური სქემის შესახებ და მტკიცებულებაც წარადგინა.

მისი თქმით, იგი აგვისტოს შემდეგ მუშაობდა Milton Group-ის კიევის ოფისში, რომელიც ქალაქის სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულებზე ემალებოდა საზოგადოების მზერას. თუმცა, ინფორმატორი მალევე შეაძრწუნა იმან, რაც ოფისში ხდებოდა.

სატელეფონო ზარებისა და ელფოსტის გზავნილების ზღვა რაოდენობის მეშვეობით, Milton Group-ის ახალგაზრდა გაყიდვების სპეციალისტები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აბითურებდნენ მათ, ვინც ანკესზე წამოეგო და წინ ვერ აღუდგა „სატყუარას“ – კომერციულ შეთავაზებას. მათი სისუსტის მიზეზები მრავალფეროვანია, დაწყებული ხანდზმული ასაკითა და ჯანმრთელობის პრობლემებით, დამთავრებული გულუბრყვილობითა, თუ უბრალო ოპტიმიზმით.

ჟურნალისტები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ ინფორმატორის მიერ მიწოდებულ ზღვა მტკიცებულებებზე: ათასობით ზარის ჩანაწერები, კლიენტების სიები, ფულადი გადარიცხვის დოკუმენტაცია და გამაოგნებლად გულცივი მითითებები ქაღალდზე, თუ როგორ ამოიღონ მიზანში პოტენციური მსხვერპლები და შემდეგ თვეების განმავლობაში „მოწველონ“ ისინი.

OCCRP-სა და მისი პარტნიორებისთვის მიცემულ ინტერვიუში სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ამ ტიპის თაღლითური ქსელების განეიტრალება საკმაოდ რთულია, რადგან მათი საქმიანობის დიდი ნაწილი ტელეფონით, ან ინტერნეტით ხორციელდება, რაც მსხვერპლის ძიებაში საზღვრებსა და ოკეანეებს შორის, ვირტუალური გზებით მოძრაობას გულისხმობს.

სწორედ ამის გამო, ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ისტორიის თხრობა გლობალური მასშტაბით უნდა წარმართულიყო. ჩვენმა დახმარებით დაქირავებულმა ჟურნალისტებმა მსოფლიოს 20-ზე მეტი მედიასაშუალებიდან, ზედმიწევნით შეისწავლეს ყველა დოკუმენტი, მიაგნეს კვალს და ჩაწერეს ინტერვიუები ადამიანებთან, Milton-ის კლიენტების მონაცემთა ბაზიდან.

არსებული მტკიცებულებებიდან, ჩვენ, რამდენიმე თვის განმავლობაში ვკრავდით ერთ მთლიან სურათს, რათა დაგვედგინა, კონკრეტულად რა გზებით აბამდნენ თაღლითები მსხვერპლებს თავიანთ მახეში, რა ბედი ეწიათ ამ ადამიანებს მას შემდეგ, რაც მათ დაკარგეს სარჩო-საბადებელი.

კიევიდან ამ ისტორიის კვალმა მიგვიყვანა ბევრ პატარა ქალაქში მთელი მსოფლიოს მასშტაბით: საქართველოსა და ალბანეთში – ყველგან, სადაც Milton Group-ის ქოლ ცენტრები გვეგულებოდა. ბოლოს, შვედეთშიც აღმოვჩნდით, სადაც გასულ კვირაში ხსენებულმა ინფორმატორმა თავისი მტკიცებულებები მიაწოდა პროკურატურას.

დოკუმენტებით სავსე პორტფელით ხელში მან გაგვანდო, რამხელა შვება იგრძნო სწორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ. როგორც მან Dagens Nyheter-ს განუცხადა, კიევის თაღლითობის ქარხანაში გატარებული დრო სულისშემძვრელი კოშმარივით იყო.

„მე მხოლოდ ის მინდა, რომ სამართალმა იზეიმოს, – განაცხადა მან, – ამას წერტილი უნდა დაესვას“.

წყარო: OCCRP

 

 

ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობდნენ: