ლიბერალიზმი – რუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის სამიზნე საქართველოში

ლიბერალიზმი – რუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის სამიზნე საქართველოში

გასულ წლებში, საქართველოში უფრო მეტად ექსტრემისტული ჯგუფები აქტიურობდნენ, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ პრორუსული, ნაციონალისტური მესიჯების გავრცელებას. ბოლო დროს კი ისეთი ჯგუფები ძლიერდებიან, რომლებიც იგივე გზავნილებს სხვა ფორმით – ლიბერალიზმზე შტურმით უწევენ პოპულარიზაციას.

“ლიბერალიზმის იდეამ თავისი დრო მოჭამა,” –  ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის ზაფხულში გააკეთა “ფაინანშალ ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

პუტინმა ეს განცხადება ასეთი არგუმენტებით ახსნა:

“ლიბერალური იდეა გულისხმობს, რომ საერთოდ არაფერი უნდა გააკეთო: მოკალი, გაქურდე, გააუპატიურე, – არაფერი გემუქრება, იმიტომ, რომ მიგრანტი ხარ და უნდა დაიცვან შენი უფლებები. რომელი უფლებები?! დაარღვიე? – მიიღე სასჯელი. ამიტომ თვითონ ამ იდეამ თავისი დრო მოჭამა და ის წინააღმდეგობაში მოვიდა მოსახლეობის უმრავლესობასთან”.

მსგავსი ნარატივი რუსული პროპაგანდისტული მანქანის მთავარი შტრიხია, კერძოდ, ეს მანქანა ცდილობს ფართო საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მანკიერებაა მიგრანტების უფლებების დაცვა, რადგან ისინი ჩადიან სასტიკ დანაშაულებს; მანკიერებაა სექსუალური ან რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა, რადგან საზოგადოების უმრავლესობისთვის ეს ავადმყოფობა და ცოდვაა და ა.შ. ამ “მანკიერებათა” სათავედ კი კრემლი თავის გზავნილებში ლიბერალიზმს და ლიბერალიზმზე დაფუძნებულ დასავლურ ფასეულობებს აცხადებს, რომელიც თითოეული მოქალაქის თავისუფლებასა და უფლებას იცავს.

მიგრანტები, სექსუალური და რელიგიური უმცირესობები – ეს არის მთავარი საკითხები, რაზეც დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებენ გერმანიაში ულტრამემარჯვენე ჯგუფები – გვითხრა კაროლინ შვარცმა, რომელიც გერმანიაში ფაქტების გადამოწმების სპეციალური პლატფორმებისთვის (Faktenfinder) მუშაობს.

2019 წლის იანვარში საქართველოში საინფორმაციო პორტალი “სალტე” (სამოქალაქო ალტერნატივა) დაფუძნდა.

“ჩვენი მიზანია ეს ფორმატი ემსახურებოდეს საზოგადოებრივი აზრის თავმოყრას, სადაც თავს მოიყრის ჩვენი ეროვნული ინტერესები”, – ასე ახსნა გამხსნელ გადაცემაში “სალტეს” წარმომადგენელმა მათი პლატფორმის მიზანი.

სწორედ ეროვნული ინტერესების, ნაციონალური ღირებულებების ერთგულებით ხსნიან Salte.ge-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში შტურმს ლიბერალიზმზე.

“ლიბერალური პარადგიმა ჩამოიშალა და ამან მოაღწია საქართველომდეც”, – ამბობს “სალტეს” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გადაცემაში, რომელიც ეძღვნება მიმდინარე წლის ზაფხულში განვითარებული მოვლენების შეფასებას, კერძოდ, რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და გავრილოვის ღამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

გადაცემებში წამყვანები საქილიკო თემად აქცევენ რუსეთის გავლენების საკითხს, კერძოდ, კრემლის მონაწილეობას აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნებში საარჩევნო პროცესში, ბრექსიტში და ა.შ. მაგალითად, ერთ-ერთი გადაცემა ეძღვნება ანაკლიის პორტის თემას, რომელთან კონტექსტშიც წამყვანები განიხილავენ რუსეთის გავლენის საკითხს და ამ თეზისს საქილიკოდ აქცევენ.

ამონარიდი გადაცემიდან:

სოსო მანჯავიძე: “გამოიყვანეს, რომ რუსეთი ბატონობს მთელ დედამიწაზე: ტრამპს ის ნიშნავს, ბრექსიტი მან მოაწყო, ევროპაში რომ მერკელი პუტინის აგენტია, ეს ყველამ იცის, სტრასბურგს რომ აკონტროლებს, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილს ფული დაადებინა… იაპონიას რომ აკონტროლებს ეს ცნობილია, ჩინეთი ხო მაგათი ის არის, სირიაში აგერ და დედამიწას აკონტროლებს. იმდენად შიზოფრენიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ამაზე სრიოზულად მსჯელობა [შეუძლებელია]… რაღაც ანაკლიამაც, ნატოსი არ იყოს და ევროკავშირის, შიზოფრენიული ის შეიძინა. ჯერ კონსტიტუციაში ჩავწერეთ ჩვენ ნატოში შესვლა”.

შოთა გლურჯიძე: “ეხლა ანაკლიაზეც უნდა ჩავწეროთო”.

სოსო მანჯავიძე: “ჰოდა ვინც ამაზე სერიოზულად მსჯელობს ის არ არის გასასინჯი?”

ამავე გადაცემაში ერთ-ერთი წამყვანი საზოგადოებას აუწყებს, რომ საქართველოს ნატოში შესვლა არის ეფემერული იდეა, რომელიც არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში. კიდევ ერთ გადაცემაში წამყვანები ირწმუნებიან, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა.

“თანამედროვე ლიბერალიზმს უნდა ქრისტიანობის ჩანაცვლება და ქრისტიანობის გარიყვა არა მხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ კულტურიდანაც”, – ასე ხსნის ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მის კრიტიკულ დამოკიდებულებას ლიბერალიზმისადმი. მან ამ თემებზე რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “SWOT ანალიზმში” ისაუბრა. მისი თქმით, “ქართული ლიბერალიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი მომენტი იყო ის, რომ დასავლეთი საზოგადოდ არის ლიბერალური პროექტი” და რომ  “ქართულ აუდიტორიას მიეწოდებოდა ასეთი აზრი, რომ დასავლეთი და ლიბერალიზმი ერთი და იგივეა”. ზაზა შათირიშვილის განცხადებით, ახალი, ანუ ლიბერალური დასავლეთი დაპირისპირებაშია ტრადიციულ დასავლეთთან. ხოლო ლიბერალიზმის დასამარების ათვლის წერტილად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ასახელებს.

გადაცემის წამყვანი ნიკა ლალიაშვილი ლიბერალებს მოიხსენიებს “კუდიანებად”, რომლებიც უპირისპირდებიან ქრისტიანულ რელიგიას, როდესაც რეალურად სეკულარიზმს ემხრობიან და უპირისპირდებიან რელიგიური ინსტიტუციებისა და ხელისუფლების ურთიერთჩარევას; მისივე შეფასებით, ლიბერალები საქართველოში “აგრესიულ უმცირესობაში არიან”, როდესაც რეალურად მოქალაქეების უფლებების დაცვას მოითხოვენ მათი რელიგიური, სექსუალური თუ სხვა სახის კუთვნილების მიუხედავად და უპირისპირდებიან დისკრიმინაციას.

ამონარიდი გადაცემიდან:

ზაზა შათირიშვილი: “ლიბერალიზმს საქართველოში დღეს უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ აქვს. ჩვენამდე უკვე მოაღწია ამ ტრამპის ტალღამ”…

ნიკა ლალიაშვილი: “როდის დადგა კუდიანი ლიბერალების გაუქმებული შობა? ეს იყო 2016 წლის 8 ნოემბერი, როდესაც მოხდა ტრამპის ფანტასტიკური გამარჯვება, თუ ეს არის 18 ივლისი 2019 წლის, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2 დაუბრუნა მის კანონიერ მფლობელს?”

ზაზა შათირიშვილი: “სინათლეს სიჩქარე ხომ აღმოაჩნდა და რაღაცა დრო ხომ უნდა გაიაროს?! აი, 8 ნოემბრიდან დაიწყო და 18 ივლისს მოაღწია ჩვენამდე”.

თანამშრომლობა დეზინფორმაციის კამპანიის აქტორებთან

“სალტე” ხშირად უთმობს ტრიბუნას ულტრანაციონალისტური ალტ-ინფოს წარმომადგენლებს. თავის მხრივ, ულტრანაციონალისტური გვერდები ფეისბუკში, როგორიცაა Alt-Info • ალტ-ინფო და ანტილიბერალური კლუბი, ხშირად ავრცელებენ “სალტეს” ვიდეოგადაცემებს.

წყარო: crowdtangle, გვერდები, რომლებიც აზიარებენ სალტეს მასალებს.

წყარო: crowdtangle, გვერდები, რომლებიც აზიარებენ სალტეს მასალებს.

“ალტ ინფოს” მიერ ყალბი ამბების გავრცელების თაობაზე არაერთი მასალა აქვს გამოქვეყნებული “მითების დეტექტორს”. “ალტ ინფო” მანიპულაციას მიმართავს ან ყალბ ამბებს აშუქებს ისეთ თემებზე, როგორიცაა რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებები, მიგრანტები და ა.შ. ეს ის თემებია, რაც აქტიურად გამოიყენება რუსული დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილე აქტორების მიერ მთელ მსოფლიოში.

რაც შეეხება ანტილიბერალურ კლუბს, ამ გვერდის მიერ ყალბი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ მასალებს “მითების დეტექტორის” გარდა, “ფაქტმეტრი” აქვეყნებს. გაყალბებული მასალები ძირითადად შეეხება მიგრანტების თემატიკას, კერძოდ, ამ მასალების მიხედვით, მიგრანტები არბევენ მადრიდში ქუჩებს და ბრიტანეთში მაღაზიებს. ანტილიბერალურ გვერდს აღწერაში ღიად აქვს მითითებული, რომ “გვერდის მიზანია ლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკა და მისი უარყოფითი მხარის ჩვენება”.

კავშირები ხელისუფლებასთან

პორტალი “სალტე” თემატურ საუბრებს სთავაზობს მაყურებელს წინასწარ განსაზღვრული რუბრიკების მიხედვით, რომლებსაც შესაბამისი წამყვანები ჰყავს. მათ გარკვეული კავშირები აქვთ ხელისუფლების, ან მმართველი გუნდის გავლენიან ჯგუფებთან.

თავდაცვის თემატიკას უძღვებიან ალექსი (აკია) ბარბაქაძე და გიორგი თავდგირიძე. ბარბაქაძე 2014 წლიდან დასაქმდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშა. პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ ის კვლავ პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე წარადგინეს, თუმცა მალევე, 2019 წლის იანვარში ამ პოსტზე უარი თქვა. რაც შეეხება გიორგი თავდგირიძეს, ის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვისა და მობილიზაციის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე მუშაობს.

გარემოს და სოფლის მეურნეობის საკითხებზე გადაცემებს “სამოქალაქო ალტერნატივის” პლატფორმაზე ბიძინა გიორგობიანი უძღვება. გიორგობიანი თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსად მუშაობდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში. ბოლო დროს აქტიურად მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ საარჩევნო კამპანიაში.

Salte.ge-ზე პოლიტიკის განყოფილებას სოსო მანჯავიძე უძღვება. 2014 წლამდე მანჯავიძე იყო პრორუსული პოლიტიკური პარტიის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი წამყვანი სახე, თუმცა ამ პარტიის ლიდერთან, ირმა ინაშვილთან დაპირისპირების შემდეგ პარტიის დატოვება მოუხდა. მანჯავიძე თბილისის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო.

კულტურის განყოფილებას მხატვარი შოთა გლურჯიძე უძღვება, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბოლოს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ საარჩევნო კამპანიაში. “სალტემდე” გლურჯიძე ვიდეოდისკუსიების ციკლს უძღვებოდა, რომელსაც ეწოდებოდა “სახელოსნო”. ამ გადაცემების დიდი ნაწილი ეძღვნება ლგბტ თემის დისკრედიტაციას და მათ მიმართ სტიგმის გაძლიერებას.

განათლების რუბრიკას Salte.ge-ზე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი უძღვება. ზაზა შათირიშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი 2018 წლის მარტში, საპარლამენტო უმრავლესობის წარდგენით, გახდა. ამის გამო, მან 2018 წლის აპრილში, ხელისუფლებასთან ახლო კავშირების მქონე ინტერნეტ ტელევიზია POSTV-ში 16%-ანი წილი გაყიდა. POSTV-ში 16%-ანი წილი გაყიდა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადადგა 2018 წლის აგვისტოში ლაშა ნაცვლიშვილი, ვინაიდან მან გადაინაცვლა “ქართული ოცნების” მრჩევლის პოზიციაზე პიარისა და კომუნიკაციის საკითხებში. ლაშა ნაცვლიშვილი მანამდე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იყო. 2018 წლის დეკემბერში ზაზა შათირიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებელიც” დატოვა იმ მოტივით, რომ ახალი ტელევიზიის გახსნას აპირებდა.

დემოგრაფიის განყოფილებას Salte.ge-ზე ზვიად ტომარაძე უძღვება, რომელიც გახლავთ “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ე”-ს თავმჯდომარე. აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:  ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მოძრაობა “ლელოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, REDIX-ის დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი, “მეიდან ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე, “პალიტრა ჰოლდინგის” ერთ-ერთი მფლობელი გიორგი თევდორაშვილი, დემოგრაფები ანზორ თოთაძე და თამარ ჩიბრუდანიძე-ლომთაძე. ზვიად ტომარაძე არის რამდენიმე კანონპროექტის ავტორი, რომელთა ინიცირებაც პარლამენტში ემზარ კვიციანმა, “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრმა, მოახდინა. ემზარ კვიციანს საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ ის რუსეთის გრუ-სთან თანამშრომლობდა. მანამდე, გენდერული იდენტობის ამოღების შესახებ ტომარაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უმრავლესობის ყოფილმა წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა წარადგინა.

XXX

  • რუსეთი თავისი გავლენების გაძლიერებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავს. გასულ წლებში, საქართველოში ამ კუთხით თვალშისაცემი იყო პრორუსული მესიჯების მატარებელი ექსტრემისტული ჯგუფების აქტიურობა და გავლენები საქართველოში. კერძოდ, საუბარია ისეთ ორგანიზაციებზე, როგორიცაა “ქართული მარში”, “ქართული ძალა”, “საქართველოს ეროვნული ერთობა” და ა.შ. ეს ჯგუფები მიმართავდნენ ძალისმიერ მეთოდებს, საპროტესტო მარშებს, მსვლელობებს, ფიზიკურ დაპირისპირებას. ამ ჯგუფების მსგავსი ქმედებები წახალისებული იყო ხელისუფლებისგან, მათ მიმართ არ იყენებდნენ კანონით გათვალისწინებულ ადეკვატურ სანქციებს. ისინი, ძირითადად, თავს ესხმოდნენ ლგბტ აქტივისტებს, ფემინისტებს, უფლებადამცველებს, მიგრანტებს. ამ ფორმით ისინი პოპულარიზაციას უწევდნენ რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომლის მიხედვით, დასავლეთი აიძულებს ეროვნული იდენტობის დაკარგვას ქვეყანას გეი ქორწინების ან მიგრანტების მასობრივად ჩამოსახლების ხელშეწყობით.
  • ბოლო პერიოდში ამ ჯგუფების ლიდერებთან მიმართებაში კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებამ და დაფინანსების წყაროების შეზღუდვამ, აჩვენა, რომ ხელისუფლებაში ამ ჯგუფების მფარველების გავლენები შედარებით შესუსტდა. თუმცა ძლიერდება სხვა ჯგუფები, რომლებიც იგივე რუსულ გზავნილებს სხვა ფორმით უწევენ ქვეყანაში პოპულარიზაციას. ამ ჯგუფების ქმედებები ნაკლებად რადიკალურია, ისინი არ მიმართავენ ძალისმიერ აქციებს, დარბევებს, ფიზიკურ დაპირისპირებას. მათი სტრატეგია ეფუძნება ინტელექტუალური და ფინანსური რესურსების, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების მობილიზებასა და გამოყენებას ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ.
  • ამ ჯგუფებს საკმაოდ მჭიდრო კავშირები აქვთ ხელისუფლებასთან.
გააზიარეთShare on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Email this to someoneShare on LinkedIn

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>