მერიის ბიუჯეტი ტელეკომპანიების სამსახურში

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 2 იანვარი 2015

სალომე ცეცხლაძე

ტელეკომპანია “იმედს” 2008-2009 წლებში გადაცემა “ქრონიკა თბილისის” მომზადებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 11 მილიონ 720 ლარზე მეტი ჩაერიცხა. ეს ის პერიოდია როცა ხელისუფლების მიერ დარბეული ტელევიზია ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ საეჭვო ვითარებში მის შორეულ ნათესავ ჯოზეფ ქეის გადაეცა. პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე აცხადებდა, რომ ხელისუფლება ”იმედის” ხელში ჩაგდებას ”თვითმარქვიების” დახმარებით ცდილობდა.

კერძოდ, ტელეკომპანიას 2008 წლის სექტემბერში 4 მილიონ 221 ათასი ლარი გამოეყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “იმედთან” მერიამ ხელშეკრულება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით გააფორმა. მიზეზად კი აგვისტოს ომი და დედაქალაქში იძულებით გადაადგილებული პირების “მასპინძლობა” დაასახელა:

“მოგეხსენებათ, რომ ამგვარ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია კვებისა და პირველადი მოთხოვნილების საგნების მიწოდებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით, ქ. თბილისის მერია გეგმავს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს მასმედიასთან პარტნიორობის გაძლირებისა და მჭიდრო თანამშრომელობის გზით რუსული აგრესიის მსხვერპლი მოსახლეობის სოციალურ ადაპტაციასა და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართვას ისახავს მიზნად”, – ვკითხულობთ მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში.

ხელშეკრულების მიხედვით, გადაცემა “ქრონიკა თბილისი”(თბილისური ამბები) ყოველ სამუშაო დღეს დილის 9:15 საათზე უნდა გასულიყო ეთერში და თბილისში მოსალოდნელ სიახლეების შესახებ მოეთხრო მაყურებლისთვის (ქრონომეტრაჟი 15 წთ), ხოლო მეორე გადაცემა 15:30 საათზე (ქრონომეტრაჟი 25 წთ) დედაქალაქის მთავრობის ახალ პროექტებს უნდა დათმობოდა. თითოეული გადაცემის ღირებულებად განისაზღვრა 33 ათას 500 ლარით (დღეში 2 გადაცემა 67 ათასი ლარი უჯდებოდა ბიუჯეტს).

“მსგავსი პროექტების შესახებ გაკეთდება სიუჟეტები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მოქალაქეები, რაიონის ხელმძღვანელები და ქალაქის მთავრობის წარმომადგენლები”, – წერია მერიასა და ტელეკომპანია იმედს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების მიხედვით, გადაცემები ეთერში 2008 წლის 20 ოქტომბრიდან 3 თვის განმავლობაში გადიოდა.

2009 წელს კი უკვე ტენდერი გამოცხადდა, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ტელეკომპანია “იმედმა” მიიღო და გაიმარჯვა. ტელეკომპანიას ამჯერად ერთი 10-15 წუთიანი გადაცემის მომზადება დაევალა, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ეთერში 14:30 წუთზე, 10 თვის განმავლობაში გადიოდა. თითო გადაცემის ღირებულება 36 ათას ლარამდეა, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულება 7 მილიონ ნახევარი ლარია.

“იმედის” სატენდერო წინადადების თანახმად, გარდა თბილისის ახალი ამბებისა, გადაცემაში გარკვეული პერიოდულობით უნდა განხილულიყო დასაქმების პროგრამა და მისი ეფექტურობა. სატენდერო წინადადებაში ტელეკომპანიამ მერიას დამატებითი მომსახურების სახით რუბრიკა გადაცემა “არტ ბულვარში” შესთავაზა. რუბრიკაში გაშუქდებოდა კულტურული ღონისძიებები და მათში მუნიციპალური სამსახურებისა და ქალაქის მთავრობის წარმომადგენლობის მონაწილების საკითხები.

ზუსტად რაში იხარჯებოდა თანხა, რომელიც ტელეკომპანია “იმედს” ბიუჯეტიდან გადაერიცხა?

“ვინ გვაფინანსებდა არ ვიცი. ჩვენ ვიყავით “იმედის” თანამშრომლები. როგორც მახსოვს, გადაცემაზე მუშაობდნენ პროდიუსერი, ორი ჟურნალისტი, ერთი წამყვანი, ოპერატორი და მძღოლი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სტუდია და მთლიანად საეთერო გვემსახურებოდა. სტუდიის ხარჯი, ალბათ, ცალკე ითვლება”, – განაცხადა “მონიტორთან” საუბრისას სოფო ხუნწარიამ, გადაცემის პროდიუსერმა.

თამარ გედევანიშვილი, რომელსაც გადაცემა რამდენიმე თვის განმავლობაში მიჰყავდა ამბობს, რომ ხელფასის სახით ამ გადაცემისთვის 200 ლარს იღებდა. ხელფასის ოდენობა ვერ გაიხსენეს სოფო ხუნწარიამ და გოდერძი შარაშიამ, რომელმაც პროდიუსერის პოზიციაზე სოფო ხუნწარია შეცვალა.

“ზუსტად არ მახსოვს, ალბათ დამატებით რაღაც თანხას ვიღებდი, მაგრამ ეს თანხა, რომ განსაკუთრებულად დიდი ყოფილიყო, აუცილებლად დამამახსოვრდებოდა”, – ამბობს გოდერძი შარაშია.

მაგალითად, 2009 წლის ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი 10 თვე გრძელდებოდა და მისი ღირებულება 7 მილიონ ნახევარი ლარი იყო. გამოდის, რომ ყოველთვიურად გადაცემის მომზადებისთვის საშუალოდ 750 ათასი ლარი იხარჯებოდა. ირკვევა, რომ გადაცემაზე 6-7 ადამიანი მუშაობდა და მათი სახელფასო ფონდი მაქსიმუმ 20 000 ლარი უნდა ყოფილიყო. დანარჩენი 730 ათას ლარამდე კი ტელევიზიის ბიუჯეტში მიემართებოდა.

ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან ხელშეკრულებებს ხელს არხის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი აწერს. ის ამბობს, რომ მერიასთან მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. თუმცა იხსენებს, რომ პროექტიდან მიღებული მოგება მთავარი საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” მომზადებას ხმარდებოდა.

“ეს არის ბადრი პატარკაციშვილის შემდგომი პერიოდი, როცა კომპანიის ახალი მფლობელების მხრიდან არხის დაფინანსება შედარებით დაკლებული იყო. ჩვენ ვცდილობთ, რომ მეტი თანხები მოგვეზიდა.
შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, გაკეთებულიყო მერიასთან ერთად გადაცემა”, – ამბობს ბიძინა ბარათაშვილი.

ბარაშვილის თქმით, ახალი ამბები ყოველთვის წამგებიანია, რადგან ბევრი შეზღუდვა აქვს. მაგალითად, არ შეიძლება სპონსორობა ან პოლიტიკური შეკვეთის მიღება, ამიტომ სხვა პროექტებიდან ცდილობენ მისთვის თანხების მოპოვებას.

“ეს გამოდის შეკვეთილი, მაგრამ არა პოლიტიკური. მე ვგულისხმობ, რომ პოლიტიკური შეკვეთა არ შეიძლება ახალ ამბებში. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს ლაპარაკი რას აკეთებს მერია ქალაქში. პირდაპირი გაგებით პოლიტიკა არაა ეს. პოლიტიკური შეკვეთა იქნებოდა რომელიმე პოლიტიკოსის პირდაპირი პიარი ან ქება-დიდება. მერიის პიარი გარკვეულწილად კი გამოდის, მაგრამ კანონს არ ეწინააღმდეგება. როცა მერია აცხადებს ტენდერს თავისი საქმიანობის გასაპიარებლად, ეს ერთია და მეორეა, როცა კერძო პოლიტიკოსი გიხდის ფულს რომ ილაპარაკო მასზე კარგი. ერთი დასჯადია – კანონს წინააღმდეგება, ხოლო მეორე კანონს არ ეწინააღმდეგება“, – ამბობს ბიძინა ბარათაშვილი.

თუმცა, ბარათაშვილის თქმით, არ იცის ვისგან მოდიოდა ამ კონკრეტული პროექტის იდეა და არც თანხის ხარჯვის დეტალებში იყო ჩახედული. მისი თქმით, მერიასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამების დირექტორი ალექსანდრე ფარულავა აწარმოებდა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მისი კომენტარი ვერ მოვიპოვეთ. პროექტის შესახებ ვერაფერი გაიხსენა მერიის იმდროინდელმა პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ხაჩირაშვილმაც, რომელიც 2008 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას აწერს ხელს.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაში იხარჯებოდა და როგორ ნაწილდებოდა მერიის მიერ გადმორიცხული თანხა არ იცის მედია ჰოლდინგ “იმედის” მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ისაკაძემაც.

“მე ვიყავი ჰოლდინგის ხელმძღვანელი, რომელშიც შედიოდა რადიო, ტელეკომპანია და გადამცემი. შესაბამისად, მახსოვს ფაქტი ამ გადაცემის არსებობის, მაგრამ საბიუჯეტო საკითხები არ ვიცი, რადგან ჰოლდინგი არ მონაწილეობდა, მონაწილეობდა უშუალოდ ტელეკომპანია”, – ამბობს გიორგი ისაკაძე.

გარდა ტელეკომპანია “იმედისა”, თბილისის მერიამ საინფორმაციო-ანალიტიკური ტელე-პროექტის შესყიდვისთვის 2008 წელს ნახევარი მილიონი ლარი ტელეკომპანია “მზესაც” გადაურიცხა, ხოლო 2011 წელს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს გადაცემისთვის “დასაქმდი და დაასაქმე” ბიუჯეტიდან 118 ათასი ლარი გადაუხადა.

“სტუდია მონიტორმა” 2007-2011 წლებში მერიიდან ტელევიზიებში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2007-2011 წლებში ბიუჯეტიდან ტელეკომანია “რუსთავი 2”-ში, “იმედსა” და “მზეში” გადარიცხულმა თანხამ საერთო ჯამში 12 მილიონ 374 ათას 200 ლარი შეადგინა. 2012-2014 წლებში მერიას ტელევიზიებისთვის ფული არ გადაურიცხავს.

“სტუდია მონიტორი” 2009-2012 წლებში სხვადასხვა გზებით (მათ შორის სასამართლოს გზით) ცდილობდა მიეღო მერიიდან ტელეკომპანიებში გადარიცხული თანხის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ეს მხოლოდ 2014 წელს, მერიაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

10887933_1036288123063335_1511161976_n