ქოლ-ცენტრის თაღლითურმა ქსელმა ალბანეთსა და საქართველოში შეაღწია

ქოლ-ცენტრის თაღლითურმა ქსელმა ალბანეთსა და საქართველოში შეაღწია

OCCRP- მ (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი) სტატიების სერია გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინაში, ალბანეთსა და საქართველოში, თაღლითური სქემით მომუშავე ქოლ-ცენტრების ისტორიას გვიყვება.
თბილისის ქოლ-ცენტრის შესახებ OCCRP-მ მასალა მოამზადა “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტებთან ერთად. “სტუდია მონიტორი” OCCRP ის პარტნიორია.

სტატიების პირველი სერიის თარგმანი თაღლითობის ფაბრიკა 

სტატიების მეორე სერიის თარგმანი დანგრეული ცხოვრების კვალს კიევის ქოლ-ცენტრში მივყავართ

 

იმ დროს, როცა კიევში ახალი 2020 წლის დადგომის აღსანიშნავად გამართულ პომპეზურ წვეულებაზე, Milton Group-ის ახალგაზრდა თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ალკოჰოლს შეექცეოდნენ და ცეკვით ირთობდნენ თავს, კომპანიის თავკაცები დარბაზიდან ჯგუფური სურათის გადასაღებად გაიპარნენ.

მუქი ფერის პიჯაკებში გამოწყობილი, კომპანიის თავგადაპარსული ხელმძღვანელები თითქმის იდენტურად გამოიყურებიან. დაცვით გარშემორტყმულნი, ფიჭვის ტოტებისა და ოქროსფერი ორნამენტების ფონზე ჩამწკრივდნენ. საახალწლო დეკორაციები დამშვენებული იყო წარწერებით: „გილოცავთ ახალ წელს! Milton Group“.

წვეულების, სულ მცირე, ორი მონაწილის მიერ Instagram-ზე განთავსებული ფოტო მხოლოდ გატარებული დროის შესახებ მოგონებების მატიანე როდია, მის საფუძველზე ჟურნალისტებმა მნიშვნელოვანი კავშირი იპოვეს – Milton-ის საქმიანობის არეალი სცდება უკრაინის საზღვრებს, სადაც ეს კომპანია დღემდეა მოკალათებული კიევის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შენობაში, ახორციელებს სატელეფონო შეთავაზებების თაღლითურ სქემას და გაბითურებულ მსხვერპლებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ანაბრებს ხელიდან აცლის.

დღეს, სოციალური მედიის, კომპანიის შიდა წრის წარმომადგენლებთან ინტერვიუებისა და ფარული ჩანაწერების საფუძველზე, OCCRP-ის შეუძლია იმის დამტკიცება, რომ Milton Group-ის ქოლ-ცენტრი კიევში, არის მხოლოდ ნაწილი მსგავსი საოპერაციო ქსელისა, რომელიც მოიცავს რამდენიმე ქვეყანას და გაყიდვების სპეციალისტების მთელ არმიას, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით თაღლითური გზებით იზიდავენ ინვესტიციებს.

Instagram-ზე განთავსებულ სურათის შუა რიგში ვხედავთ ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველს. მასთან ახლოს დგას ვინმე დავით თოდუა.

დავით თოდუა საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქეა, რომელიც ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა და შემდგომში ინფორმატორმა ამოიცნო იგი, როგორც კომპანიის მმართველი რგოლის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც კიევის ოფისებს ხშირად სტუმრობს. ინფორმატორმა, შესაბამისი მასალა ასევე მიაწოდა შვედეთის ხელისუფლებას და მიუთითა თოდუაზე, როგორც ოპერაციების უკან მდგარ ადამიანზე.

მართალია, თოდუას კავშირი კომპანიასთან Milton Group დოკუმენტურად არ დასტურდება, მაგრამ ცნობილია, რომ იგი ფლობს ონლაინ გადახდების პლატფორმას, რომელიც გამოიყენება Milton-ის თაღლითური სქემის მსხვერპლთა გადასახადების სამართავად (თოდუა დაჟინებით უარყოფს ოფიციალურ თუ არაოფიციალურ კავშირს Milton Group-თან).

მას შემდეგ, რაც ინფორმატორმა ჟურნალისტებს მიაწოდა შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის დასტა, იგი დათანხმდა დაბრუნებულიყო უკრაინის დედაქალაქში და ფარულად ჩაეწერა კომპანიის საახალწლო წვეულება. მოლოდინის თანახმად, ეს წვეულება გრანდიოზული უნდა ყოფილიყო.

წვეულების თემა გახლდათ „დიდი გეტსბი“, ამერიკული რომანის კლასიკა ჯაზის ეპოქის თავაშვებულობის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში,  ულტრაიისფერი განათების შუქზე,დახვეწილი წარმოდგენები გაიმართა, გადაიცა ჯილდოები ნაღდი ფულის და ავტომობილების სახით. გარდა ამისა, იყო ფირმის ლიდერების გამოსვლები და ტორტი სამი სანთლით Milton-ის „დაბადების“ მესამე წლისთავს აღსანიშნავად.

Milton Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიკობ კესელმანი ფეხქვეშ გაეგო „დავითს“, კომპანიის „მამა“ უწოდა, მადლობა მოახსენა და სადღესასწაულო ტორტთან ერთად, საჩუქარიც მიართვა. ინფორმატორი, რომელიც ამ ღონისძიებას ესწრებოდა, აღნიშნავს, რომ ხსენებული „დავითი“ დავით თოდუაა (თოდუამ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ ესწრებოდა წვეულებას, თუმცა მხოლოდ კესელმანის სტუმრის სტატუსით. კესელმანმა, თავის მხრივ, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საერთოდ არ იცნობს თოდუას).

გარდა ამისა, კესელმანმა ირიბად მიუთითა Milton-ის უფრო ფართო ქსელის არსებობაზე, როცა თავის გამოსვლაში ოფიციალურად მიესალმა მაკედონიის, ალბანეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს.

„შარშან [2019 წელს] ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ნომერ პირველი კომპანია უკრაინაში. მოდით, წელს დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ნომერ პირველი კომპანია მსოფლიოში!“ – ასე დამოძღვრა მან ასობით აღტაცებული თანამშრომელი.

 

კიევიდან ტირანამდე: „ვიცი, რომ ხალხს ვატყუებთ“

დიდი გეტსბის თემატური ზარ-ზეიმის გარდა, კესელმანი, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იმ ზამთარს, კერძოდ დეკემბერში, კიდევ ერთ წვეულებაში მონაწილეობდა, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა. იქ კესელმანი დიდი ენთუზიაზმით პოზიორობდა სელფის გადასაღებად ერთ მაღალ, თვალშისაცემად ქერა კაცთან ერთად, რომელიც სოციალურ მედიაში ანდრიი რომანკოს სახელითაა ცნობილი. ფოტოზე, მას გვერდს ალბანეთის დროშა უმშვენებს.

Party-in-Tirana

Milton Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიკობ კესელმანი მეგობრებთან, ანდრიი რომანკოსთან და დანილო ზ-სთან ერთად, ახალი წლის წვეულებაზე ტირანაში, დეკემბერში. 

ფოტო:OCCRP

 

ჟურნალისტებს ეს ქერათმიანი კაცი ეცნოთ. მას კესელმანთან ერთად  არაერთი სურათი აქვს გადაღებული Milton Group-ის 2019 წლის საახალწლო წვეულებაზე, ასევე მსგავს წვეულებაზე, რომლიც დეკემბერში თბილისში გაიმართა და პლაჟზეც, სადაც იგი ყოველდღიურ ტანისამოსშია გამოწყობილი.

მას შემდეგ, ტირანას გარეუბნის ერთ-ერთ საოფისე შენობაში ახალი ქოლ-ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაცია რაც შემოვიდა, OCCRP-ის რეპორტიორმა ეს წვერებიანი ქერა კაცი ფარულად გადაიღო, როცა იგი იმავე შენობის ქვედა სართულის ფეშენებელური ყავახანიდან გამოდიოდა. ცენტრის ოფისებს საიმედოდ იცავდა დაცვა და კამერები.

ინფორმატორის მიერ, OCCRP- ისათვის მოწოდებული კომპანიის დოკუმენტაციის თანახმად, ცენტრს მართავს ორი კომპანია: CTA Groupe Shpk და APA Liaison Shpk. კომპანიის CTA Groupe მფლობელია APA Liaison, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი, თავის მხრივ, არის ამანტ ჯოსიფი, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, რომელიც თოდუასთან ერთად ზემოთხსენებულ სურათშია გადაღებული.

31 წლის ჯოსიფს ალბანეთში ძალიან გავლენიანი კავშირები აქვს. 2017 წლის დეკემბერში იგი ოლგა ჯაჩკამ (პრემიერ-მინისტრ ედი რამას სოციალისტური პარტიის წევრი) თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.

გარდა ამისა, ჯოსიფი არის პრემიერ-მინისტრის ძმის, ოლს (ოლსი) რამას ყოფილი ბიზნეს პარტნიორი, რომელთან ერთადაც იგი  ტელეკომუნიკაციების და ტელემარკეტინგის ფირმას Pegasus Communications Shpk-ის ფლობდა. 2017 წლის დეკემბერში ჯოსიფმა თავისი წილები გაყიდა.

ჯოსიფის დედა – ყოფილი მოსამართლე, პრანვერა სტრაკოშა, ამჟამად საჯარო სამსახურის ზედამხედველობის კომისარია, იგივე სახალხო დამცველი, რომლის მოვალეობებშიც საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვა შედის.

OCCRP-ის მიერ დასმულ კითხვაზე ჯოსიფმა დაადასტურა, რომ ალბანეთის ქოლ ცენტრის მფლობელი თავადაა. მან ასევე დაადასტურა, რომ იანვარში ესწრებოდა Milton Group-ის წვეულებას. მეორე მხრივ, მან უარყო რაიმე ფორმალური კავშირი Milton Group-თან და განაცხადა, რომ მის ცენტრს ხსენებულ კომპანიასთან საერთო არაფერი აქვს.

ჯოსიფის თქმით, იგი კიევში „უბრალოდ დასასვენებლად“ იყო ჩასული ზუსტად იმ დროს, როცა წვეულება გაიმართა. მან ასევე თქვა, რომ დავით თოდუა მისი ნაცნობია.

„პირველად ბატონ თოდუას ისრაელში შევხვდი რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში“, – განცხადა მან, მაგრამ დეტალები არ დააკონკრეტა.

ჯოსიფი დაჟინებით ამტკიცებს, რომ Milton-ის წვეულებაზე, ალბანეთის ქოლ-ცენტრის ხსენებას, არავითარი ბიზნეს დატვირთვა არ ჰქონია.

მეორე მხრივ, მან აღიარა, რომ რომანკო მისი ქოლ-ცენტრის „ოპერატორად“ მუშაობს 2018 წლიდან. ამასთან, ჯოსიფის თქმით, რომანკოს არ უმუშავია კიევის Milton Group-ში.

MiltonGroupParty2

ჯეიკობ კესელმანი (მარცხნივ), Milton Group-ის ახალი წლის წვეულებაზე, დანილო ზ-სთან და ანდრიი რომანკოსთან ერთად.

ფოტო:OCCRP

ქოლ-ცენტრის თანამშრომელმა, რომელმაც OCCRP-ის წარმომადგენლებთან საუბრისას, კონფიდენციალობის დაცვის პირობა წამოაყენა და ამის მიზეზად შურისძიების შიში დაასახელა, განაცხადა, რომ რომანკო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ხშირად იმყოფებოდა ოფისში. მის მოვალეობებში  გაყიდვების სპეციალისტებისთვის პოტენციური კლიენტების ტელეფონის ნომრების მიწოდება შედიოდა.

OCCRP-იმ ვერ მოიძია რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ტირანას ცენტრი იყენებს იმავე მეთოდებს, რასაც კიევის ცენტრი. ასევე დაუდასტურებელია ტირანას ოფისის მხრიდან თაღლითობის ფაქტები.

მიუხედავად ამისა, ინფორმატორმა OCCRP-ის შეატყობინა, რომ ცენტრის სტრუქტურა კიევის ცენტრის მსგავსია: ასობით ახალგაზრდა გაყიდვების სპეციალისტი, დღეში 500-მდე ზარს ახორციელებს კლიენტებთან მთელ მსოფლიოში და ცდილობს მათ დარწმუნებას, გააგზავნონ ფული ინვესტიციებისთვის, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. ამ ახალგაზრდებს თვეში, სულ მცირე, 300 ევროს უხდიან, რასაც კომპანიისთვის ფულის მოტანის შემთხვევაში ემატება ბონუსები. ისევე, როგორც კიევში, ტირანაშიც ფუნქციონირებს სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე კლიენტებზე გამიზნული სპეციალური მაგიდები.

ამ ინვესტიციებს, გაყიდვების სპეციალისტები ყიდიან სხვადასხვა „ბრენდის“ მეშვეობით. ყველა ბრენდს აქვს საკუთარი ვებგვერდი, რაც მეტ დამაჯერებლობას აძლევს მათ, როგორც ფინანსურ ფირმებს. ინფორმატორის თანახმად, ტირანას ცენტრს ბოლო პერიოდში კლიენტებზე „დაგეშილი ჰყავს“ სამი ბრენდი: CryptoKartal, AurumPro და Virtual Stocks.

„ტელეფონით ვუკავშირდები კლიენტებს. შემდეგ ვანახებ ვიდეოს, რომელშიც სხვადასხვა ადამიანი ბიტკოინის ბირჟაზე მილიონობით ევროს აკეთებს. მერე ვეუბნები, რომ მათაც აქვთ კარგი შანსები“, – ამბობს ინფორმატორი.

ინფორმატორმა ასევე აღწერა ორნაწილიანი პროცესი, რომელიც ძალიან ჰგავს კიევში გამოყენებულ მეთოდს, როცა გაყიდვების სპეციალისტების ერთი ჯგუფი, თავდაპირველი ინვესტიციის მოსაპოვებლად და კლიენტების მოსაზიდად ახალ „ბრენდებს“ იყენებს , ხოლო მეორე ჯგუფი არ უშვებს ამ კლიენტებს „ანკესიდან“ და სულ უფრო მეტ ფულზე „წველის“ მათ.

„ჯამში ისინი კლიენტებს ყველაფერს ბოლო ცენტამდე ართმევენ ,“ – ამბობს ინფორმატორი.

ესპანეთის ხელისუფლებამ გაფრთხილება გამოაქვეყნა, რომ CryptoKartal  სათანადო წესით ლიცენზირებული საინვესტიციო ბროკერი არ არის. მსგავსი გაფრთხილება გამოქვეყნდა იტალიაში, კომპანიებთან Virtual Stocks და AurumPro დაკავშირებით. ერთმა ესპანელმა ქალმა, Milton Group-ის „კლიენტების“ გაჟონილი სიიდან, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ CryptoKartal-მა მას 300 დოლარი გამოსტყუა (სხვა თაღლითური ქოლ-ცენტრებიც შეიძლება იყენებდნენ ამ ბრენდს მარკეტინგის მიზნებში, თუმცა OCCRP- ის არ მოეპოვება იმის მტკიცებულება, რომ მსხვერპლს ალბანეთიდან დაუკავშირდნენ).

ჯოსიფმა არ უპასუხა კითხვას, იყენებს თუ არა მისი ცენტრი კომპანიებს: CryptoKartal, Virtual Stocks და AurumPro მარკეტინგის მიზნით. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრის მრჩევლის საჯარო თანამდებობის დაკავების შემდეგ, მან კომპანიის მართვა, პასიური მინდობილობის საფუძველზე, სხვა პირს  გადასცა და დღეს უშუალოდ არ მონაწილეობს მის მართვაში.

 

ტირანადან თბილისში: „ფული, რომელსაც ისინი კარგავენ, ჩვენთან რჩება“

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ხშირად გვხვდება ჯეიკობ კესელმანის ფოტოებზე Milton Group-ის წვეულებებიდან: გამხდარი კაცი ეგრეთწოდებული თხის წვერით, რომლის „სიცილაკს“ ხშირად ამშვენებს საქართველოს დროშა. Instagram-ზე იგი ცნობილია, როგორც Danilo Z.

Danilo Z, კესელმანსა და რომანკოსთან ერთად, გადაღებულია პლაჟზეც და თბილისის საახალწლო წვეულებაზეც, ამჯერად წარწერის Morgan Limited-ის ფონზე.

Collage2-01a

ფოტო სოციალური ქსელებიდან, რომელიც ჯეიკობ კესელმანს, დანილო ზ-სა და ანდრიი რომანკოს კავშირს ადასტურებს.

ფოტო:OCCRP

ამ კომპანიას მრავალმხრივი კავშირები აქვს Milton Group-თან: Morgan Limited თბილისში დარეგისტრირებულია, როგორც ქოლ-ცენტრი, თუმცა მისი მფლობელია უკრაინელი ნატალია პლუტენკო. პლუტენკო არის უკრაინული კომპანიის Ukrshi-ის ყოფილი დირექტორი. ამ კომპანიის დოკუმენტაციის მიხედვით, მისი 100%-იანი მფლობელი ვინმე ვლადისლავ ვორონინი იყო.

იმავე სახელის მქონე ადამიანი, ამჟამად, კიდევ ერთი უკრაინული კომპანიის TOV Easy Way Group დირექტორია, ხოლო ამ კომპანიის 100%-იანი მფლობელია ირაკლი დადივაძე, რომელიც ასევე არის Milton Group-ის მფლობელი, ოღონდ ქაღალდზე. TOV Easy Way იყენებს იმავე ოფიციალურ ელფოსტის მისამართს (accounting@milton.com.ua) და სათაო ოფისიც იმავე შენობაში აქვს (კომენტარისთვის ჩვენ არც Milton Group და არც Morgan Limited არ შეგვეხმიანა).

OCCRP-ის წევრი ორგანიზაცია საქართველოში – “სტუდია მონიტორი”, Morgan Limited-ის ოფისს თბილისში ეწვია და ფარულად გადაიღო Danilo Z, რომელიც იმ დროს შენობიდან გამოდიოდა.

danilo

დანილო ზ თბილისში მდებარე ქოლ-ცენტრის “მორგან ლიმიტედის” ოფისიდან გამოსვლისას.

ფარულმა ჟურნალისტმა Morgan-ში მუშაობის დაწყების თხოვნით, განაცხადი შეიტანა. კომპანია გაყიდვების ახალი სპეციალისტების დაქირავების მიზნით, რეკლამას ხშირად აქვეყნებს. გასაუბრების დროს, ჟურნალისტს უთხრეს, რომ კომპანიაში მუშაობენ გერმანულ, რუსულ და ინგლისურენოვანი აგენტები, რომლებიც ყიდიან ფინანსურ ინვესტიციებს ვალუტაში, კრიპტოვალუტაში და სხვა ფორმით. „ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს უკრაინასთან [უკრაინის ფილიალი]. ჩვენი ფილიალები მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან“, – უთხრეს ჟურნალისტს.

სამუშაოს მსურველებს ასევე განუცხადეს, რომ ცენტრის სამიზნეებს არ წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის მოქალაქეები – ამ პოლიტიკას უკრაინული ცენტრიც ატარებს. აშშ-ის სამართალდამცავი სტრუქტურები განსაკუთრებით აქტიურად მუშაობენ Milton Group-ის მსგავსი თაღლითური ოპერაციების აღკვეთაზე.

“სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ქოლ-ცენტრის თანამშრომლის კანდიდატებისთვის გამართულ ტრენინგებზე მიიწვიეს. იგი შეიყვანეს კამერებით აღჭურვილ პატარა ოთახში, სადაც დაფაზე დაწერილი იყო მითითებები სასურველი კლიენტების „დამუშავებასთან“ დაკავშირებით.

გაყიდვების სპეციალისტებს ტრენერმა ჩაუტარა მკაცრი გამოცდა და შემდეგ აუხსნა KYC მეთოდის არსი (Know Your Clients, ანუ „იცნობდე შენს კლიენტებს“), რა დროსაც კითხვებს უსვამდა, მათი ინტერესის სფეროების შესწავლის მიზნით.

კანდიდატებს სთხოვეს გაყიდვების შეთავაზების შედგენა კლიენტების საჭიროებების, ოჯახური მდგომარეობის და სავარაუდო ეროვნული კუთვნილების საფუძველზეც კი.

„რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, იცნობდეთ თქვენს კლიენტებს? რათა ინფორმაცია მათ შესახებ, მათ წინააღმდეგ გამოიყენოთ!“ – განაცხადა ტრენერმა.

„[თუკი გეტყვიან რომ] ფული არ სჭირდებათ, [უპასუხეთ] „როგორ თუ ფული არ გჭირდებათ? სახლში სამი შვილი გყავთ“.

„ბევრი აგენტი ყურადღებას არ აქცევს ქვეყანას, მაგრამ მენდეთ, ქვეყანა არის მთელი ინფორმაციის დაახლოებით 20%“, – განაგრძო ტრენერმა და დაამატა, რომ სამხრეთაფრიკელები იოლი სამიზნეები არიან და კარგ სავარჯიშო მასალას წარმოადგენენ ახალბედა გაყიდვების სპეციალისტებისთვის, ხოლო ბრიტანელები უფრო კერკეტი კაკლები არიან და მათთან მიმართებაში უფრო „მკაცრი“ მიდგომებია საჭირო.

„ჰოლანდიელებთან, მაგალითად, ხალისიანები და ზრდილობიანები უნდა ვიყოთ . სკანდინავიელების შემთხვევაში კი უნდა ვიყოთ თბილი, მოსიყვარულე და გამოვიყენოთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ძვირფასო“, „სიცოცხლე“. ბრიტანელებთან კი ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი დაგჭირდებათ“.

ტრენინგის სესიის დასაწყისში ტრენერმა განმარტა, რომ ქოლ-ცენტრის მიზანია, „რეალურად დააკარგვინოს კლიენტებს ფული“. კითხვაზე, თუ რატომ არის ეს აუცილებელი, მან გაიცინა და თქვა: „სიმართლე გითხრათ, ძალიან გულუბრყვილო შეკითხვაა. ფული, რომელსაც ისინი კარგავენ, ჩვენთან რჩება“.

 წყარო: OCCRP

ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობდნენ:

 

გააზიარეთShare on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Email this to someoneShare on LinkedIn

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>