ბიუჯეტიდან გაფლანგული ათეულობით ათასი ევრო

ჟურნალისტი: მარიკა დუდუნია
Divider dot 31 ივლისი 2018

მზის ელექტროსადგურისთვის საჯარო სკოლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეალურ ფასზე თითქმის ორჯერ მეტს იხდის.

ახლად გახსნილმა 61-ე საჯარო სკოლამ მზის ელექტროსადგურის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კომპანია “მზის სახლმა” გაიმარჯვა, რომელმაც სკოლას სადგურის მოწყობა 479 ათას ლარად შესთავაზა. ამ ფასად “მზის სახლი” საჯარო სკოლისთვის 75 კილოვატის სიმძლავრის ელექტროსადგურს დაამონტაჟებს. ეს ფასი ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით, ორჯერ ძვირია.

სტუდია მონიტორმა ექსპერიმენტიც ჩაატარა, დაუკავშირდა “მზის სახლს”, როგორც პოტენციური კლიენტი და 20 კილოვატიანი სადგურისთვის ფასის განსაზღვრა სთხოვა. აღმოჩნდა, რომ კომპანია მომსახურებას სკოლასთან შედარებით ორჯერ ნაკლებად ფასად გვიწევდა. თუკი სკოლას 1 კილოვატს 2 200 ევროდ უმონტაჟებს, ჩვენ გვითხრა, რომ 1 კილოვატის ფასი 1 000-დან 1 200 ევრომდე იქნებოდა.