რუსული პროპაგანდის დაფინანსების წყაროები

Divider dot 27 აპრილი 2018

ერთ-ერთი ბოლო მედიაკვლევის მიხედვით, უკრაინასა და საქართველოში კრემლის პროპაგანდისტული მესიჯების გასავრცელებლად, რუსული ტელეარხები გადამწყვეტ როლს ვერ ასრულებენ. განსხვავებული სიტუაციაა მოლდოვაში. აქ რუსულ ტელეარხებს მოსახლეობაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა. რაც საბოლოო ჯამში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც მკაფიოდ გამოჩნდა. მოსახლეობამ პრეზიდენტად პრორუსული ორიენტაციის მქონე კანდიდატი იგორ დოდონი აირჩია. რუსული პროპაგანდის თავისებურებების შესასწავლად, ჩვენ საქართველოდან უკრაინასა და მოლდოვას ვესტუმრეთ და იმ ინსტრუმენტებისა და მეთოდების შესწავლა გადავწყვიტეთ, რომელსაც კრემლი საკუთარი მესიჯების გასავრცელებლად იყენებს. ადგილობრივი ანალიტიკოსების დახმარებით, იმის გარკვევაც ვცადეთ, თუ ვინ ავრცელებს რუსულ პროპაგანდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

რუსული პროპაგანდა და მისგან მომდინარე საფრთხეები უკვე არაერთი ქვეყნის თავისტკივილია. კრემლი პროპაგანდისტულ მექანიზმს რეგიონში და არა მხოლოდ, საკუთარი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად იყენებს. პროპაგანდის საბოლოო მიზანი, ქვეყნების დანაწევრება, შემდეგ კი, მათ მიერ არჩეული დასავლური კურსისგან გადახვევა და რუსულ რელსებზე შემობრუნებაა. სწორედ ამიტომ, რუსული პროპაგანდის მთავარი ხაზი დასავლეთის დემონიზებაზე გადის და ის სხვადასხვა მანიპულაციური ხერხებითა და სენტიმენტების გაღვივების გზით, მოსახლეობაში ევროსკეპტიციზმისა და დასავლეთისადმი შიშის დანერგავს ემსახურება.

გარდა ფარული სტრატეგიული ტექნიკებისა, კრემლი საკუთარ მიზნებს არასდროს მალავს და რეგიონში მის ინტერესებს ღიად ახმოვანებს.

რუსული პოლიტიკის იმპერიალისტური მიზნების საჯაროდ გახმოვანებას, არ ერიდება ფაშისტური შეხედულებების მქონე, კრემლის ცნობილი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი. საქართველოსთან მიმართებით, ის ღიად აცხადებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემდეგ, ჯერი უკვე სამეგრელოზე, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთზე მიდგება.

საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა და არა მხოლოდ აფხაზები და სამხრეთ ოსეთელები გამოვიდნენ საქართველოს კონტროლიდან, ახლა ეს პროცესი გაგრძელდება. ამრიგად, ჩვენ დავიცავით ორი ერი, მაგრამ ახლა საქართველოს კიდევ რამდენიმე ერს დასჭირდება დაცვა. იმიტომ, რომ თუ ისევ ქართველებს დავუტოვებთ, ისევ იგივე იქნება ზუგდიდში, სამეგრელოს დედაქალაქში, ჯავახეთში, ფოთში, აჭარაში. საერთო ჯამში ჩვენ ისეთი კონფლიქტების სერიაში შევედით, რომელიც თავისით არ გადაიჭრება” – ამბობს ალექსანდრე დუგინი.

პოსტსაბჭოთა სივრცის სამი ქვეყანა: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ეს სწორედ ის ქვეყნებია, სადაც ბოლო ათწლეულების მანძილზე რუსული ძალის პირდაპირი და ირიბი შედეგები კიდევ ერთხელ გამოსცადეს. შედეგად, საქართველოც, უკრაინაც და მოლდოვაც საერთო პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. სამივე ქვეყნისთვის რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მედია, ჰიბრიდული, ე.წ. ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლები (კულტურის და მეცნიერების მუშაკები, საჯარო ავტორირეტის მქონე პირები, ცნობილი სახეები, ბიზნესმენები, ანუ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ხალხი უსმენს და გავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე) და რელიგიური ინსტიტუტები – ეს რუსული პროპაგანდისტული მესიჯების გავრცელების ინსტრუმენტებია. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში პროპაგანდის გავრცელების საშუალებად სწორედ დასახელებული არხები გვევლინება. კრემლიდან პროპაგანდის დასაფინანსებლად წამოსული ფინანსური რესურსიც სწორედ ამ მიმართულებებით იხარჯება. აღმოჩნდა, რომ პროპაგანდის დაფინანსების სქემა ყველა ქვეყანაში საერთოა და ხელწერაც მსგავსია – გაუმჭვირვალობა და კონსპირაცია.

საქართველოში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამოვლენაზე, უკვე 10 წელია, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდი” მუშაობს. ორგანიზაციის ანგარიშზე უკვე რამდენიმე კვლევაა, სადაც სწორედ რუსული პროპაგანდის საფრთხეები, ინსტრუმენტები და გავრცელების გზებია ასახული. ორგანიზაციამ უკრაინელ, უნგრელ და ჩეხ კოლეგებთან ერთად, 2017 წელს ანგარიში “კრემლის ინდექსი” გამოსცა, სადაც სწორედ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საინფორმაციო სივრცეში მომდინარე საფრთხეებია გაანალიზებული. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი პრორუსული ადგილობრივი მედიის დაფინანსების კუთხით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ ფინანსების გაუმჭვირვალობას ასახელებს:

“მნიშვნელოვანია გამჭვირვალობაც, განსაკუთრებით ფინანსური, იმიტომ, რომ არავინ იცის საიდან ფინანსდებიან ეს მედიასაშუალებები და რა დგას მათ უკან…და საზოგადოებამ თვითონ გააკეთოს არჩევანი და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია რეაგირება ნებისმიერ ასეთ დეზინფორმაციაზე. რაც უფრო მაღალ დონეზე მოხდება და ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე არ იქნება ორიენტირებული და ამ მიმართულებითაც იქნება ადეკვატური, უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის”.
უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, კიდევ ერთი თავისებურება, რაც საქართველოში პრორუსული მედიის დაფინანსების მიმართულებით ჩნდება, სამთავრობო უწყებების მიერ ისეთ მედიებთან გაფორმებული კონტრაქტებია, რომლებიც რუსული პროპაგანდის პლატფორმები არიან და სიძულვილის ენას აღვივებენ. რაც ირიბად იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფო ნებსით თუ უნებლიეთ, კრემლის პროპაგანდისტულ თამაშში ერთვება და მას ახალისებს. ადგილობრივი ანალიტიკოსების თქმით, ევროსაბჭოს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიამ საქართველოს ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის ბიუჯეტის გადამხდელების თანხით, ისეთი ტიპის მედიას აფინანსებდა, რომელიც სიძულვილის ენას აღვივებს.

აღმოჩნდა, რომ დაფინანსების თითქმის იდენტური სქემა მოქმედებს უკრაინაშიც. ადგილობრივი მედიაექსპერტები განმარტავენ, რომ რუსული პროპაგანდის ფარგლებში, რუსული ფულით, ფარული წყაროების გამოყენებით, ფინანსდება რამდენიმე პოლიტიკური პარტია, ასევე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი. თუმცა, მიუხედავად მცდელობისა, ფინანსების მოძრაობაში კვალის მოძებნა და რაიმეს ოფიციალურად დადასტურება, თითქმის შეუძლებელია.
უკრაინა ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელმაც რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა აქტიურად დაიწყო. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის ხელისუფლებამ პროპაგანდას მთელი რიგი ნაბიჯები დაუპირისპირა. მაგალითად, უკრაინაში აიკრძალა რუსული სოციალური ქსელების, რუსული დაბოლოება “რუ”-ს მქონე იმეილების, ასევე რუსული საძიებო სისტემის იანდექსის მოხმარება, აკრძალვები შეეხო წამყვან რუსულ ტელეარხებს (Первый канал, Росія-1, НТВ, ТНТ, РТР Планета, Росія-24, RT და ა.შ.), უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ რუსული შოუბიზნესის ათეულობით წარმომადგენელს და ა.შ.

გარდა ამისა, რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად, ადგილობრვი ჟურნალისტებისა და მედიაექსპერტების მიერ, 2014 წელს უკრაინაში ონლაინ პლატფორმა Stopfake-ც შეიქმნა, რომლის მიზანიც რუსული მედიის მიერ უკრაინის შესახებ გავრცელებული ყალბი ამბების მხილებაა.

რუსული პროპაგანდის მხილებაზე უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს, უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია “მედია დეტექტორი”. ორგანიზაციის პროგრამების ყოფილი დირექტორი [ამჟამად – ბალტიის მედიის განვითარების ცენტრის სტრატეგიული მრჩეველი] რომან შუტოვმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენენ. თუმცა, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ისინი მაინც შემორჩნენ და მათი აქტივობის ძირითადი ხაზი მოსახლეობაში ანტიდასავლური ემოციების გაღვივებაზე გადის.

“რაც შეეხება [პრორუსულ] არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათი რიცხვი უკრაინაში დიდი არ არის. იყო დრო როდესაც მოქმედებდნენ კვაზიანტიომის მოძრაობები, თუმცა აქაც არ იყო იმის მტკიცებულებები, რომ ამ მიმართულებით რუსული ფული იხარჯებოდა. ამასთან, მათ ქმედებებს დიდი გავლენა არ მოუხდენია საზოგადოებრივ აზრზე და მათ მუშაობა შეწყვიტეს. ვფიქრობ, მოცემული მომენტისთვის ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინაში, სადაც ისინი ცდილობენ ანტიპოლონური, ანტიუნგრული და ანტირუმინული გრძნობების გაღვივებას, თუმცა რუსული ფულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც ამ შემთხვევაში გვაქვს” – ამბობს რომან შუტოვი.

იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსების შემთხვევაში, საქმე ძირითადად ნაღდ ფულს ეხება, რუსული ფულით მედიის დაფინანსების დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არც უკრაინაში მოიძებნება. ადგილობრივი მედიაექსპერტები ისეთ შემთხვევბსაც, ასახელებენ როდესაც გავლენიან მედიასაშუალებებს პრორუსი ოლიგარქები ფლობენ, რაც მათი შეფასებით, რუსული პროპაგანდის გავრცელების ყველაზე უფრო სახიფათო იარაღია. უკრაინაში ასეთად შეგვიძლია განვიხილოთ დიმიტრი ფირტაში და სერგეი კურჩენკო.
მოლდოვაში ადგილობრვი ანალიტიკოსები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ აქ რუსული ფული პრორუსული პარტიების, ორგანიზაციებისა და მედიის გასაძლიერებლად იხარჯება. თუმცა, ამის დოკუმენტურად დადასტურებას, ვერც ისინი ახერხებენ.

სწორედ ამ მიზნით, 2016 წელს ადგილობრივი “დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრის” საგამოძიებო ჟურნალისტების გუნდმა გამოძიებაც ჩაატარა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში რუსული ფულის შედინების ფაქტის გამოძიება სცადა. გამოძიებით დადგინდა, რომ წინასაარჩევნოდ, ოფშორების გავლით, მოლდოვაში დიდი ოდენობით თანხა შევიდა, რომელიც პრორუსული მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას მოხმარდა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს თანხა სწორედ რუსეთიდან მოდიოდა. თუმცა, ამის ოფოციალურად დადასტურება ვერ მოხერხდა.

საპრეზიდენტო კამპანიაში დიდი ფული იყო ჩადებული, თუმცა არა ღიად. ჯერჯერობით არ არის ცნობილი როგორ ფინანსდებიან მედიასაშუალებები, ან ხალხი, რომელიც ამ კანდიდატზე [იგორ დოდონი] მუშაობდნენ არჩევნების დროს. წყაროები ჯერჯერობით ღია არ არის, თუმცა შეგვიძლია ეს ვივარაუდოთ, იმიტომ, რომ მოქმედებნენ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანდიდატს უჭერდნენ მხარს. ბევრი მედიასშუალებაც სწორედ ამ კანდიდატზე მუშაობდა”– განმარტა ჩვენთან საუბარში “საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცეტნრის” დირექტორმა კორნელია კოზონაკმა.

გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, მედიაანალიტიკოსების შეფასებით, მოლდოვაში, რუსული ფულით, წლების განმავლობაში, ფინანსდებოდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირები და მოქმები ჩინოვნიკები. თუმცა, ამის დამადასტურებელი ოფიციალური მონაცემი არც ამ შემთხვევაში მოიპოვება. გარდა ამისა, რუსული პროპაგანდის გასაძლიერებლად და გასავრცელებლად მოლდოვაში აქტიურად ფინანსდება მედია და ჟურნალისტების ცალკეული ნაწილი.

ისინი ფულს სწორედ კრემლის იდეოლოგიისა და პრორუსული მესიჯების გახმოვანებაში იღებენ. “დამოუკიდებელი საგამოძიებო ცენტრის” დირექტორის კორნელია კოზონაკის თქმით, თუკი ადრე, რუსული ფული მოლდოვაში შედიოდა, რითაც სხვადასხვა ჟურნალისტებს თუ ტელეწამყვანებს აფინანსებდნენ, ახლა, რუსეთს უკვე თავად ჟურნალისტები სტუმრობენ, შესაბამის ინსტრუქციებსა და ფულსაც ადგილზე იღებენ. ამასთან, მათ ადგილზე ასწავლიან, თუ როგორ იმუშაონ, როგორ აკეთონ პროპაგანდა, რა მესიჯები ჩადონ საკუთარ მასალებში და ა.შ. მათივე თქმით, ამგვარი ინსტრუქციების მისაღებად, მოსკოვში ხშირად პრორუსული ორიენტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩადიან.

შეიძლება ითქვას, რომ პროპაგანდისა და მანიპულირების ხერხების მსგავსად, კრემლი საკუთარი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად და პროპაგანდის გასავრცელებლად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაფინანსების იდენტურს მეთოდებსა და სქემებს იყენებს. ფინანსდება პოლიტიკური კლასის გარკვეული ნაწილი, პრორუსული და ანტიდასავლური მესიჯების გამხმოვანებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიის ნაწილი. რუსული პროპაგანდის დაფინანსებაში ადვილად იკითხება ერთიანი ხელწერაც – ფინანსების გაუმჭვირვალობა. მართალია, საბოლოო ჯამში ყველა ლოგიკურ ჯაჭვს კრემლთან მივყავართ. თუმცა, ამ მჭიდროდ შეკავშირებული ლოგიკური კვანძის გახსნას და დოკუმენტურად დასაბუთებას ამ დრომდე ვერცერთი ქვეყანა ახერხებს.

გარდა ამისა, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ხელისუფლების მხრიდან რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმული თანმხვედრი ნაბიჯები შეგვიძლია განვიხილოთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებას, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ რაიმე ქმედითი ღონისძიებისთვის არ მიუმართავს. მაგალითად, საკანონმდებლო დონეზე არ შემუშავებულა სტრატეგიული დოკუმენტი, სადაც რუსული პროპაგანდა ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ იქნებოდა შეფასებული და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თანმიმდევრული ნაბიჯები იქნებოდა გაწერილი. იგივე პრობლემა იყო მოლდოვაშიც. თუმცა, მიმდინარე წლის დასაწყისში, მოლდოვის პარლმენტმა კანონი მიიღო, რომლითაც ქვეყანაში რუსული საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური გადაცემების რეტრანსლირება აიკრძალა.
გამოჩდა, რომ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პრორუსული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანასები რჩება. მათი შემოსავლის წყაროების დადგენა და ფინანსური გამჭვირვალობა, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას გააიოლებდა. თუკი ეს ქვეყნები ამ მიმართულებით მუშაობას არ გააძლიერებენ, პრობლემა, რომლის წინაშეც ისინი დგანან, კვლავ გადაუჭრელი დარჩება.