სტუდია მონიტორის განცხადება

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 19 დეკემბერი 2014

2014 წლის 30 ნოემბერს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გავიდა სტუდია “მონიტორის” გადაცემა, “ქიმერიძე საქართველოს ფოსტის წინააღმდეგ”. გადაცემა ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, ლია ქიმერიძის საქართველოს ფოსტიდან გათავისუფლების საკითხს.

ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, საქართველოს ფოსტის კომერციულმა დირექტორმა, ვიქტორ წილოსანმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გვიჩივლა, ხოლო ქარტიამ პირველი პრინციპის დარღვევა დაგვიდგინა. ამის შემდეგ ვიქტორ წილოსანმა საჯაროდ დაგვდო ბრალი ტყუილისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში.

გადაცემაში რესპონდენტი სულიკო მაშია აცხადებდა, რომ მარტო ერთ თვეში ფოსტის კომერციულ დირექტორს, ვიქტორ წილოსანს აღებული აქვს 12 000 ლარი პრემიის სახით, ხოლო დირექტორის პირველ მოადგილეს გრიგოლ მატუაშვილს – 10 500 ლარი. რესპონდენტი ამ რიცხვებს დოკუმეტიდან კითხულობდა.

სულიკო მაშიამ ინტერვიუს დროს ეს დოკუმენტაცია გვაჩვენა თუმცა, დამუშავებასა და გადმოცემაზე უარი გვითხრა. განგვიმარტა, რომ დოკუმენტების გადმოცემით შესაძლოა საფრთხე შექმნოდა მისთვის ამ ინფორმაციის მიმწოდებელ პირებს. თუმცა, ავღნიშნავთ რომ ამ ინფორმაციას გადაცემის გასვლამდე გვიდასტურებდა კიდევ 2 წყარო.

ამის მიუხედავად, ჩვენ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, მოვიპოვეთ აღნიშნული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ვიქტორ წილოსანს “საქართველოს ფოსტიდან” 2013 წლის დეკემბერში დარიცხული აქვს 10 530 ლარი, ხოლო “საქართველოს ფოსტის” გენერალური დორექტორის პირველ მოადგილეს, გრიგოლ მატუაშვილს დარიცხული აქვს 11 746 ლარი.

ჩვენს მიერ დეკლარაციის დამუშავების შემდეგ, აღმოჩნა, რომ რესპონდენტ სულიკო მაშიას, რომელიც ინტერვიუს პროცესში კითხულობდა რიცხვებს, დოკუმენტიდან ამოკითხვის მომენტში ერთმანეთში აერია და მატუაშვილის 11 746 ლარი მიაწერა წილოსანს, ხოლო წილოსანის 10 530 ლარი – მატუაშვილს (დოკუმენტში მათი გვარები ერთმანეთის მიყოლებით წერია).

ჩვენს ხელთ არსებული არაერთი დეკლარაციის მიხედვით, სხვა და სხვა თვეებში, მათ შორის 2013 და 2014 წლებში, ვიქტორ წილოსანის თვიური ანაზღაურება შეადგენდა 8 750 ლარს.

აქვე მოგახსენებთ, რომ “სტუდია მონიტორმა” გადაცემაში მოყვანილი ფაქტების გადამოწმება ჯერ კიდევ გადაცემის ეთერში გასვლამდე არაერთხელ სცადა, თუმცა “საქართველოს ფოსტიდან” ინტერვიუზე უარი მივიღეთ. ჩვენ გვაქვს ფოსტის პრეს-ცენტრთან სატელეფონო საუბრების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

2014 წლის 17 დეკემბერს ვიქტორ წილოსანმა, გამოაქვეყნა თავისი 2013 წლის 2 თვის პრემია და არაერთხელ მოუწოდა სტუდია “მონიტორს” გამოგვექვეყნებინა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია, რასაც ვასრულებთ.

ჩვენ დავუკავშირდით ვიქტორ წილოსანს რათა მიგვეღო განმარტება დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით. მასთან საუბრის სრულ, დაუმონტაჟებელ სატელეფონო ჩანაწერს აქვე გთავაზობთ.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით “საქართველოს ფოსტას” და ვკითხეთ, ადასტურებდნენ თუ არა, ჩვენს მიერ დასახელებულ ციფრებს, რაზეც გვიპასუხეს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

სტუდია “მონიტორი”, როგორც პასუხისმგებლიანი მედიასაშაულება, რომელიც 7 წელია საზაოგადოებას აწვდის გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას, პატივს სცემს საკუთარ მაყურებელს. ამიტომ გადაცემაში შესწორებულია დაშვებული უზუსტობა და ის კვირას 21 დეკემბერს მაესტროს ეთერში 18:30 წუთზე გავა რედაქტირებული სახით.

2013 წლის დეკლარაცია, დეკემბერი.
დოკუმენტი

2014 წლის აგვისტო
დოკუმენტი

2014 წლის ივლისი
დოკუმენტი