“შეღავათიანი აგროკრედიტი” მილიონერი ბიზნესმენებისთვის

ჟურნალისტი: მარიკა დუდუნია ; რედაქტორი: ნინო ზურიაშვილი
Divider dot 25 მარტი 2026

საქართველოს მთავრობამ 2013 წლიდან დაიწყო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობა და მეწარმეებისთვის იაფი ფინანსური რესურსის უზრუნველყოფა. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ მიიღებს შეღავათიან კრედიტს, კომერციული ბანკები იღებენ. მთავრობა სესხის პროცენტს ფარავს.

“მონიტორმა” გაარკვია, რომ პროგრამის ფარგლებში, ათეულობით მილიონი ლარით დაფინანსდნენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული პირები, აგრეთვე დეპუტატები და მილიონერი ბიზნესმენები. „მონიტორის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიამბობთ, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც სოფლად საქმიანობის დაწყებისა და განვითარების საბიუჯეტო პროგრამებიდან სარგებელი მიიღეს. 

გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება სოფლის მეურნეობის სფეროში…“

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ივნისს გააკეთა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოვიდა.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა „შეღავათიან აგროკრედიტზე“ და „დანერგე მომავალზე“. ახსენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები და ბენეფიციარების რაოდენობა.

პროგრამებში მონაწილეთაგან რამდენიმე ირაკლი კობახიძის ამ გამოსვლას უშუალოდ პარლამენტარისთვის განკუთვნილი სავარძლიდან უსმენდა. მათ შორის იყო ზაალ დუგლაძე.

19 მილიონი ლარი ივანიშვილი-დუგლაძეების კომპანიებს

2020 წელს ზაალ დუგლაძე პარლამენტის წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“.

კომპანიები, რომლებშიც ის წილს ფლობს, მონაწილეობენ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

ზაალ დუგლაძის ბიზნეს-პარტნიორია ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი.

2015-2025 წლებში ზაალ დუგლაძის და ალექსანდრე ივანიშვილის ოთხი საერთო კომპანიის სესხის პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით დაფინანსდა (18,295,131 ლარი).

„შეღავათიანი აგროკრედიტით“ დაფინანსდა ამ კომპანიების მიერ ძირითადად ღვინისა და არყის წარმოება, ასევე ყურძნისა და ტექნიკის შეძენა.

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მეწილე ალექსანდრე ივანიშვილი 2015 წელს გახდა. მანამდე ამ კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტიდან“ 820,651 ლარი მიიღო.

პარლამენტარ ზაალ დუგლაძის კუთვნილ წილებს მისი ძმა, დავით დუგლაძე მართავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ამავდროულად, დავით დუგლაძე თავადაც ფლობს წილებს „შეღავათიან აგროკრედიტში“ მონაწილე ოთხივე კომპანიაში.

ამის გარდა, 2025 წელს სს „კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხანას“ 1,000,800 ლარის ტენდერი გაუფორმა პირდაპირი მიყიდვის წესით ყურძნის გადამუშავებისა და გადაზიდვისთვის შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“. ეს უკანასკნელი სახელმწიფო საწარმოა.

ამრიგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში დუგლაძე-ივანიშვილის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამისა და პირდაპირი ტენდერების საშუალებით მინიმუმ 19 მილიონი ლარი (19,295,931 ლარი) მიიღეს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სს „კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხნის“ წმინდა მოგება 2024 წელს 10,024,778 ლარი იყო, ხოლო 2023 წელს 4,013,702 ლარი.

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ წმინდა მოგება კი, 2024 წელს 21,803,569 ლარი იყო, ხოლო 2023 წელს 3,017,292 ლარი.

მომგებიანი კომპანიების მფლობელი ზაალ დუგლაძე თავადაც მილიონერია. ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიიდან“ 1,470,979 ლარი მიიღო.

“ფორბსის” მიხედვით, ძმები დავით და ზაალ დუგლაძეები საქართველოს 100 უმდიდრეს მეწარმეს შორის, მე-80 ადგილს იკავებენ. 

ჩვენ პარლამენტარ ზაალ დუგლაძეს, ალექსანდრე ივანიშვილსა და დავით დუგლაძეს მივწერეთ, რატომ დასჭირდათ კომპანიების სესხის პროცენტის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მიღება.

ალექსანდრე ივანიშვილმა გვიპასუხა: “მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ აღნიშნული პროექტის  ფარგლებში პროცენტის თანადაფინანსება ხდება საბრუნავი საშუალებების (მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვისთვის) და მანქანა-დანადგარების შესაძენად. შესაბამისად,  არსებული რეალობის გათვალისწინებით, პროექტით შეუფერხებლად სარგებლობს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ღვინის კომპანია მიუხედავად იმისა თუ ვინ არიან მათი დამფუძნებლები”.

ალექსანდრე ივანიშვილის მიერ, “მონიტორისთვის” გამოგზავნილი პასუხის სრულად წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: ალექსანდრე ივანიშვილი

დავით დუგლაძემ მოგვწერა – “მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება და დარგის სუბსიდირება მიღებული პრაქტიკაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს წამყვან ღვინის მწარმოებელ ქეყნებშიც. თავად სესხის გაცემის პროცედურასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ სოფლის განვითარების სააგენტო საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ახორციელებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფინანსური ინსტიტუტი უზრუნველყოფს კრედიტის დამტკიცებას ბენეფიციარის სასარგებლოდ”.

დავით დუგლაძის მიერ, “მონიტორისთვის” გამოგზავნილი პასუხის სრულად წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: დავით დუგლაძე

პარლამენტარმა ზაალ დუგლაძემ ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა.

საქართველოს პარლამენტში მისვლა და პარლამენტის წევრისთვის კითხვის დასმა ვერ შევძელით. ახალი წესების მიხედვით, პარლამენტში შესვლამდე საჭიროა კონკრეტული მიზეზის მითითება სპეციალური საშვის მისაღებად. როდესაც გაიგეს, რომ ზაალ დუგლაძესთან ინტერვიუს ჩაწერა გვინდოდა, პარლამენტმა საშვის გაცემაზე უარი თქვა.

85 მილიონი ლარი ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებს

საჯარო ინფორმაციის დამუშავებით გავარკვიეთ, რომ “შეღავათიანი აგროკრედიტიდან” ყველაზე მეტი თანხა ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს.

ვახტანგ კარიჭაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია. ბიზნესპარტნიორები არიან კარიჭაშვილისა და ალექსანდრე ივანიშვილის მეუღლეებიც.

2017-2024 წლებში ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტიდან“ 50.8 მილიონი ლარი (50,829,459 ლარი) მიიღო.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა ამ კომპანიების მიერ, ძირითადად, ყურძნის შეძენა, სპირტისა და ღვინის წარმოება, შერეული გადამამუშავებელი საწარმოები და მარცვლეული კულტურის მოყვანა.

54 წლის გორელი ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე საქართველოში ბიზნესი არ ჰქონია. ახლა კი 24 კომპანიაში ფლობს წილს.

ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიების საქმიანობის სფერო ალკოჰოლური სასმელების წარმოება და რეალიზაციაა.

„შეღავათიან აგროკრედიტში“ მონაწილე თერთმეტი კომპანიიდან ათი სრულად კარიჭაშვილის საკუთრებაა. ერთ კომპანიაში კი მისი პარტნიორია ბიზნესმენი გიორგი ღამბაშიძე.

აგრეთვე, სახელმწიფო საწარმოებმა – შპს „მოსავლის მართვის კომპანია“-მ და სს „აკურა“-მ  კარიჭაშვილის ოთხ კომპანიას 34.6 მილიონი ლარის (34,644,427 ლ) ტენდერი გაუფორმეს ე.წ. „ერთ პირთან მოლაპარაკების“ გზით. ასეთი ტენდერი უკონკურენტოა და სახელმწიფო უწყება თავად ირჩევს, ვინ იქნება მიმწოდებელი.

ტენდერები კარიჭაშვილის კომპანიებმა ყურძნის შესყიდვის, გადამუშავების, სპირტისა და ღვინის შენახვისთვის მიიღეს. 

ამრიგად, ბოლო 10 წელში ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 85.4 მილიონი ლარი (85,473,886 ლარი) მიიღეს.

ვახტანგ კარიჭაშვილი და მისი ცოლ-შვილი 50-ზე მეტ უძრავ ქონებას ფლობენ: თბილისში, მცხეთაში, ბაკურიანში, ბათუმში, აბასთუმანში და მის მშობლიურ ქალაქ გორში. კარიჭაშვილის ოჯახის საკუთრებაშია ბინები, ავტოსადგომები, კერძო სახლები და მიწის ნაკვეთები.

შპს „Bolero and Company“-ის წმინდა მოგება 2024 წელს 23,032,392 ლარი იყო.

ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა და კომპანიების დირექტორებმა „ქართული ოცნებას“ სხვადასხვა წლებში 783,000 ლარი შესწირეს.

“ფორბსის” მიხედვით, ვახტანგ კარიჭშვილი საქართველოს 100 უმდიდრეს მეწარმეს შორის, მე-11 ადგილს იკავებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში კორუფციის რისკებს ხედავს.

შედეგი, როდესაც ასეთი მკაფიოა, რომ თანხების ათეული მილიონობით ლარი მიდის სწორედ პოლიტიკურად დაკავშირებულ პირებთან, ეს უკვე საკმარისია, რომ ვთქვათ, რომ პროგრამა არის კორუფციული. როგორც მინიმუმ, არის ძალიან მომატებული კორუფციის რისკები” – ამბობს სანდრო ქევხიშვილი.

ისარგებლა თუ არა ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულმა ბიზნესმენმა პრივილეგიებით, ვახტანგ კარიჭაშვილმა გვიპასუხა:

კონკრეტული კრედიტები მიღებული გვაქვს არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ კომერციული ბანკისგან, “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროგრამის ფარგლებში, რაც თავის მხრივ სესხის თანხის მიზნობრივად ხარჯვას გულისხმობს. უზრუნველყოფის სახით წარდგენილია კრედიტის ოდენობებს აღმატებული ღირებულების აქტივები. ამგვარი სესხების დაფარვა კი, საკმაოდ მძიმე ტვირთია, რასაც მოხსენიებული კომპანიები ართმევენ თავს, წარმატებული ბიზნეს საქმიანობის ხარჯზე” – მოგვწერა ვახტანგ კარიჭაშვილმა. 

ვახტანგ კარიჭაშვილის მიერ “მონიტორისთვის” გამოგზავნილი პასუხის სრულად წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: ვახტანგ კარიჭაშვილი

34 მილიონი ლარი ზურაბ და გოჩა ჩხაიძეების კომპანიებს

ბიუჯეტიდან დაფინანსდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენის, ზურაბ ჩხაიძის, ათი კომპანიის სესხის პროცენტი. „შეღავათიან აგროკრედიტში“ მონაწილეობს მისი ძმის, გოჩა ჩხაიძის, სამი კომპანიაც.

2013-2024 წლებში ძმები ჩხაიძეების ცამეტი კომპანიის მიერ აღებული სესხის პროცენტის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით 28.1 მილიონი ლარი (28,146,700 ლარი) გამოიყო.

ბიუჯეტიდან დაფინანსდა კომპანიების მიერ, ძირითადად, ყურძნის შეძენის, მებაღეობის, ტექნიკის, მევენახეობის, ხილის გადამუშავების, ღვინისა და არყის წარმოებისთვის აღებული სესხის პროცენტი.

ზურაბ ჩხაიძეზე ჟურნალისტური გამოძიება „უფასო ფული მილიონრებისთვის“ 2019 წელს მოამზადა „თავისუფლების მონიტორმა“. მაშინ ზურაბ ჩხაიძეს კომპანიებს სახელმწიფო პროექტებიდან, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამების გავლით, 6 მილიონი ლარის დაფინანსება ჰქონდათ მიღებული.

ამრიგად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ძმებმა ზურაბ და გოჩა ჩხაიძეებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღეს სულ მცირე 34.1 მილიონი ლარი (34,146,700 ლ) „შეღავათიანი აგროკრედიტისა“ და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ მიერ დაფინანსებული „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, იგივე KTW, ღვინისა და სპირტიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებელია. KTW ფლობს 22 შვილობილ კომპანიას, მათ შორის ავსტრიასა და პოლონეთში.

ზურაბ ჩხაიძე და მისი კომპანია KTW „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 600,000 ლარი შეწირა.

“ფორბსის” მიხედვით, გოჩა ჩხაიძე საქართველოს 100 უმდიდრეს მეწარმეს შორის, 33-ე ადგილზეა.

ზურაბ და გოჩა ჩხაიძეებმა “მონიტორის” კითხვებს არ უპასუხეს.

18 მილიონი ლარი ალექსანდრე ხარებავას კომპანიებს

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მსხვილი შემწირველი, ალექსანდრე ხარებავა. 

ალექსანდრე ხარებავა წილს ფლობს თოთხმეტ კომპანიაში, რომლებმაც 2013-2025 წლებში სახელმწიფო პროგრამებიდან „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „დანერგე მომავალი“ 18.1 მილიონი ლარი (18,145,479 ლ) მიიღეს.

ის და მისი ძმა თენგიზ ხარებავა მრავალფეროვანი აქტივების მფლობელები არიან: მათ შორის – მეღვინეობა „ხარება“, სასტუმროების ბიზნესი, მინერალური წყლების კომპანიები „კობი“ და „სნო“ და სხვა. 

ალექსანდრე ხარებავამ „ქართულ ოცნებას“ 97,353 ლარი შესწირა. 

ბიზნესმენმა “მონიტორის” შეკითხვებს არ უპასუხა.

9.5 მილიონი ლარი კოტე გოგელიას ოჯახის წევრების კომპანიებს

ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის, კონსტანტინე გოგელიას, ოჯახის წევრებიც.

კონსტანტინე გოგელიას ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულმა თხუთმეტმა კომპანიამ სახელმწიფო პროგრამებიდან „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „დანერგე მომავალი“ 9.5 მილიონი ლარი (9,503,882 ლარი) მიიღო 2020-2025 წლებში.

დაფინანსებული თხუთმეტი კომპანიიდან ორი ეკუთვნის კონსტანტინე გოგელიას მეუღლეს, მაკა ასათიანს. ათ კომპანიაში წილს ფლობს კონსტანტინე გოგელიას დის შვილი, დავით ფოცხვერია.

ბიუჯეტიდან დაფინანსდა მაკა ასათიანის ვაჟის, კახი ჟორდანიას, სამი კომპანიაც. კახი ჟორდანიას ბიზნესპარტნიორი რუსულ კომპანიაში არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) მეთაურის პირველი მოადგილის, სერგეი ალექსეევის, შვილი.

კოტე გოგელიას ოჯახის წევრებმა არ გვიპასუხეს გაგზავნილ შეკითხვებზე.

11 მილიონ ლარამდე ლაშა პაპაშვილის კომპანიებს

“შეღავათიანი აგროკრედიტის” და “დანერგე მომავლის” სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმაც.

2013-2025 წლებში ლაშა პაპაშვილის კომპანიებმა შპს “ყვარლის ბაგა”, შპს “ვაკისძირი” და შპს “ყვარლის მარანი” 10.9 მილიონი ლარის (10,925,023 ლარი) დაფინანსება მიიღეს. საიდანაც 83,350 ლარი პროგრამა “დანერგე მომავალდან” გამოყოფილი თანხაა.

შპს “ყვარლის ბაგა” ფლობს მერძეული მიმართულების ფერმას ყვარელში.

კომპანიის წმინდა მოგება 2024 წელს 5,886,646 ლარი იყო, ხოლო 2023 წელს 4,266,368 ლარი.

“ფორბსის” მიხედვით, ლაშა მპაპაშვილი საქართველოს 100 უმდიდრეს მეწარმეს შორის 42-ე ადგილზეა.

ჩვენ გამოვიყენეთ როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო პროგრამები, რომლის დახმარებითაც შეგვაქვს წვლილი დარგის განვითარებაში. მთავარი მოტივაცია არის იმპორტირებული პროდუქციის ხარისხიანი, ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლება და რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნა” – მოგვწერა ლაშა პაპაშვილმა.

ლაშა პაპაშვილის პასუხის სრულად ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე – ლაშა პაპაშვილი. 

ბიუჯეტის ბენეფიციარი პარლამენტარების კომპანიები

“შეღავათიანი აგროკრედიტიდან” და “დანერგე მომავლიდან” სარგებელი მიიღეს დეპუტატებმა “ქართული ოცნებიდან” გოჩა ენუქიძემ და ვასილ ჩიგოგიძის შვილმა.

გოჩა ენუქიძის საკუთრებაში არსებულმა ექვსმა კომპანიამ სახელმწიფო პროგრამებიდან „დანერგე მომავალი“ და “შეღავათიანი აგროკრედიტი” 1,367,192 ლარი მიიღო. 

ხოლო, ვასილ ჩიგოგიძის 25 წლის ვაჟის გიორგი ჩიგოგიძის კომპანიამ “შპს ალმონდ ფლაუერ 2022“ 277,121 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს “შეღავათიანი აგროკრედიტი” არ შეუსწავლია. აუდიტიდან მოგვწერეს “აუდიტის საგანი განისაზღვრება სისტემურ რისკებსა და პრობლემებზე ორიენტირებულ მიდგომაზე დაყრდნობით”.

რატომ იღებენ ყველაზე მეტ დაფინანსებას საბიუჯეტო პროგრამებიდან ბიძინა ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები. ამ კითხვებზე არც საქართველოს მთავრობამ და არც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ გვიპასუხეს.

“შეღავათიანი აგროკრედიტი” სოფლის განვითარების სააგენტოს უმსხვილესი პროგრამაა, რომელიც 2013 წელს დაიწყო და გასული წლის ჩათვლით 47,738 ბენეფიციარი დააფინანსა. ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს მიერ გამოყოფილი თანხა 2 მილიარდ ლარამდეა (1,770,899,718 ლარი) იყო. 47,738 ბენერფიციარიდან 2,827 იურიდიული პირია, მხოლოდ მათი ვინაობაა გასაჯაროებული დანარჩენების შესახებ ინფორმაცია არაა საჯარო. დანარჩენები არიან ფიზიკური პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათზე გაცემული დაფინანსებაა 703,994,271 ლარი. 

სოფლის განვითარების სააგენტოს სიდიდით მეორე პროგრამაა “დანერგე მომავალი”. 2015 წელს დაწყებულ პროგრამას, 2025 წლის ჩათვლით 4,837 ბენეფიციარი ჰყავდა. ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება 219  მილიონი ლარია (219,222,673 ლარი) იყო. ბენეფიციარებიდან მხოლოდ 888 არის იურიდიული პირი და შესაბამისად, მხოლოდ მათი ვინაობაა გასაჯაროებული. დანარჩენები ინდივიდუალური მეწარმეები და ფიზიკური პირები არიან. მათზე გაცემული დაფინანსებაა 115,264,783 ლარია. 

ფინანსისტი ნიკა შურღაია ამბობს, რომ პრობლემა პროგრამის დიზაინშია:

აქ პირველი პრობლემა არის ბიუჯეტით ფულის სამართლიანი განაწილების საკითხი. მეორე პრობლემაა ცუდი მეთვალყურეობა. პროგრამის აღმასრულებლებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ვიღაცას მიჰქონდა ძალიან ბევრი. ე.ი ხელისუფლებას არ ჰქონდა ჩადებული თანაბრობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპი. მაინც, როგორ აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე ფირმამ ამდენი დაფინანსება მოიპოვა?! ამასთან პირი, რომელმაც მოიპოვა მილიონობით დაფინანსება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულია და აქ უკვე ნეპოტიზმისა და კორუფციის საკითხები დგება”.