მოწამლული მაშავერა

Divider dot 1 თებერვალი 2012

ფილმი საქართველოში ოქროს ერთადერთი მომპოვებელი კომპანიის მადნეულის მიერ გარემოს დაბინძურებას შეეხება. გამოძიებისას აღმოვაჩინეთ სამი მილი, რომელებიდანაც დაბინძურებული წყალი მდინარე მაშავერაში ჩაედინება. მდინარის წყალს კი ადგილობრივი მოსახლეობა სარწყავად იყენებს. ამ რეგიონში ნიადაგის დაბინძურების საკითხზე მომუშავე გერმანელმა და ქართველმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც ადასტურებს მძიმე მეტალების საკვებ ჯაჭვში მოხვედრის რისკს. დაბინძურებული წყლით მოწეული ხილი და ბოსტნეული არა მხოლოდ ბოლნისში, არამედ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ბაზრებშიც იყიდება. მძიმე მეტალებიდან ყველაზე საშიშად კადმიუმი მიიჩნევა. რეგიონში დაავადებათა რიცხვი მატულობს. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები კი სამედიცინო დაწესებულებებს მედიასთან ურთიერთობას უზღუდავენ. ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე ინტერვიუში ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა ჩვენ მიერ მოპოვებულ მის მიერვე ხელმოწერილ წერილში საპირისპირო ინფორმაციაა.