Category Icon “შავი ზღვის თევზი ოცნების ბადეში”

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში წლიურად 85 000 ტონაზე მეტი ქაფშიის დაჭერაა შესაძლებელი. ეს მეტია, ვიდრე რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის მოპოვება ჯამში. შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზში, ქაფშიის რესურსით, საქართველო მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება. ამ რესურსის მოპოვების უფლება შეზღუდულია და 2036 წლამდე მხოლოდ 5 კომპანიას შეუძლია თევზჭერა.

“ძაღლი ჯაჭვით რომ დააბა და ნახევარი მეტრის იქით, რომ დაუდო საჭმელი ამისთანაა” ამბობს ნუგზარ გაბელაია. ის ზღვისპირა სოფელ ანაკლიაში ცხოვრობს. მცირე მეთევზეს ნავი ჰყავს, თუმცა თევზჭერის ლიცენზიის არქონის გამო, თევზაობა ნაპირიდან მხოლოდ 1 842 მეტრის დაშორებით შეუძლია. ამაზე შორს თუ შევა ზღვაში, დაჯარიმდება. მეთევზეების გამოცდილებით კი, თევზის დასაჭერად ნაპირიდან 4 კილომეტრის სიღრმეზე შესვლა მაინც არის აუცილებელი.

ყოველ წელიწადს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს კვოტას, ანუ შავ ზღვაში მოსაპოვებელი თევზის რაოდენობას. ამ კვოტის ასათვისებლად, 2006 წელს, სახელმწიფომ აუქციონის გზით, პირველად გამოავლინა გამარჯვებული 5 კომპანია და მათ 10 წლიანი ლიცენზია მისცა. პირველად გაცემული ლიცენზიის ამოწურვის შემდეგ – 2016 წელს, ამ 5 კომპანიას 2026 წლამდე გაუგრძელდა თევზჭერის ლიცენზია. 2018 წლის ნოემბერში, ახალი 10-წლიანი ლიცენზიების მიღებიდან, მხოლოდ 2 წელი იყო გასული, როდესაც ოთხმა კომპანიამ მთავრობას წერილობით მიმართა და ლიცენზიის გაგრძელება 2036 წლამდე მოითხოვა.

2018 წელს, თევზჭერისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო ბიოლოგიის მეცნიერებთა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე. მან შეისწავლა ლიცენზიანტების მოთხოვნები, ისინი სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანოდ ჩათვალა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მაშინდელ მინისტრს ლევან დავითაშვილს სამსახურებრივი ბარათი გაუგზავნა. გუჩმანიძე ხსნიდა, რატომ არ უნდა დათანხმებოდა მთავრობა ლიცენზიანტების მოთხოვნებს. “იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, გაუგონარი და მოულოდნელი მოთხოვნა, რომელიც შემოვიდა 2018 წელს ლიცენზიების გაგრძელება 2036 წლამდე, კიდევ ათი წლით” – ამბობს გუჩმანიძე.

ოთხი კომპანია მოითხოვდა 2036 წლამდე გაეგრძელებინათ მათთვის თევზჭერის ლიცენზიები და გაეუქმებინათ სალიცენზიო პირობები. კერძოდ,მთავრობის 2016 წლის განკარგულებით, ისინი ვალდებული იყვნენ მოპოვებული რესურსის 10%-იდან კომბინირებული საკვები, ხოლო 5%-დან კონსერვი ეწარმოებინათ. 2018 წლის წერილებით კი, მოითხოვდნენ ამ მუხლის გაუქმებას.

შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად მთავრობამ, ბიზნესის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

ლიცენზიანტი კომპანიის მეწილეები მმართველ პარტიასთან “ქართულ ოცნებასთან” და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან უჩა მამაცაშვილთან არიან დაკავშირებული.

ლიცენზიანტი კომპანია – შპს “პალიასტომი 2004”-ის მეწილეები არიან: 1) გიორგი კუხალეიშვილი; 2) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი 1998-2003 წლებში – სულხან პაპაშვილი და 3) შპს “ზღვის პროდუქტები”. გიორგი კუხალეიშვილმა და სულხან პაპაშვილმა კომპანია 2004 წელს დააფუძნეს. ისინი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან – უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებული პირები არიან. სულხან პაპაშვილის ერთ-ერთი კომპანია “შავი ზღვის აკვაკულტურაა”. 2017 წელს, ამ კომპანიის სასარგებლოდ მიწა იპოთეკით დატვირთეს უჩა მამაცაშვილის სიდედრმა სოფიო ვარდიაშვილმა და უჩა მამაცაშვილის ძმამ არჩილ მამაცაშვილმა. გიორგი კუხალეიშვილი ლონდონში დაფუძნებული ორი კომპანიის დირექტორია, ესენია: GWP wines and Spirit limited და Geo Organics LIMITED. ორივე კომპანიაში წილს ფლობს უჩა მამაცაშვილი. აქედან, Geo Organics LIMITED-ში წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ცოლი ქეთევან ხარაიძე.

მოვლენების თაიმლაინი:
2004 წელი – კომპანია პალიასტომი 2004 სხვებთან ერთად სულხან პაპაშვილმა და გიორგი კუხალეიშვილმა დააფუძნეს;
2006 წელი – შპს პალიასტომი 2004-მა თევზჭერის ლიცენზია მიიღო.
2013 წლიდან – 2018 წლამდე კომპანია თევზჭერის კვოტაში 5.055%-ს ფლობდა.
2017 წელს, დოკუმენტებში პირველად ჩნდება, სულხან პაპაშვილის კავშირი უჩა მამაცაშვილთან;
2018 წლის 1 ოქტომბერს, პალიასტომი 2004-ის წილი თევზჭერის კვოტაში 14,055%-მდე იზრდება (დამატებითი კვოტა პალიასტომი 2004-მა ორი სხვადასხვა ლიცენზიანტისგან იყიდა);
ამავე წელს ( მიმართვიდან ორ თვეში) მთავრობა ლიცენზიანტებისთვის სასურველ ცვლილებებს ამტკიცებს.

უჩა მამაცაშვილმა “თავისუფლების მონიტორს” ადვოკატის მეშვეობით უპასუხა, რომ “2017 წელს, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები შპს შავი ზღვის აკვაკულტურის კომპანიასა და ბატონ არჩილ მამაცაშვილს შორის პარტნიორობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროექტი არ შედგა, რის გამოც, აღნიშნული ქონებები ამოთავისუფლდა კიდეც იპოთეკიდან”. უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა ასევე მოგვწერა, რომ “არც თევზჭერის ლიცენზიებთან ბატონ უჩა მამაცაშვილს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ბატონ სულხან პაპაშვილთან ბატონ უჩა მამაცაშვილს კავშირი არ აქვს”. თევზჭერის ლიცენზიანტი კომპანიის კიდევ ერთი მფლობელთან გიორგი კუხალეიშვილთან უჩა მამაცაშვილის კავშირზე დასმულ ჩვენს შეკითხვას ადვოკატმა არ უპასუხა.

2019 წელს, შპს პალიასტომი 2004-ის 33.33% ერთ-ერთმა ლიცენზიანტმა შპს “ზღვის პროდუქტებმა” იყიდა. კომპანიის მფლობელი დავით წიწილაშვილია.
ამ ორი კომპანიის წილი თევზის მოპოვების კვოტაში ჯამში 35.826%-ია. დავით წიწილაშვილი “ქართულ ოცნების” შემომწირველია. სხვადასხვა დროს მან ოცნებას 280 000 ლარი შეწირა.

ამავე დროს, ირკვევა, რომ შპს “პალიასტომი 2004”-მა და მისმა შვილობილმა კომპანიებმა 5 მილიონ ლარამდე მიიღეს “აწარმოე საქართველოს” პროექტებიდან: (652 004 ლარი; შემდეგ 2 051 544 ლარი და დამატებით 2 222 831 ლარი); საკრედიტო-საგარანტიო კომპონენტში კი, დამატებით 2 520 000 ლარით დაფინანსდნენ. ეს უკანასკნელი, სახელმწიფოს ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდეს, კომპანიის მიერ, საბანკო ვალდებულებების დაფარვის პარალელურად.
აწარმოე საქართველოდან 1 264 070 ლარი მიიღო კიდევ ერთმა ლიცენზიანტმა, რომელიც “პალიასტომი 2004” წილებსაც ფლობს, შპს “ზღვის პროდუქტებმა”.

ლიცენზიანტი კომპანია – შპს აისბერგი 2: კიდევ ერთი ლიცენზიანტი კომპანიის, შპს აისბერგი 2-ის მფლობელი იყო ირაკლი ხახუბია. “ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარი 2016 წლიდან. ის 2022 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
შპს აისბერგი 2-ის თანამფლობელს კახაბერ ლატარიას “ქართულ ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილისთვის – სხვადასხვა დროს 230 000 ლარი აქვს შეწირული.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან შპს ასბერგი 2-მა 2 165 417 ლარი მიიღო.

ლიცენზიანტი – შპს გეოფიშ კომპანი: შპს “გეოფიშ კომპანის” 64% “აისბერგი 2”-ს ეკუთვნის. დანაჩენ 26%-ს ხვიჩა მაქაცარიას ცოლის მარია კოხიას კომპანია ფლობს. მაქაცარია ბილაინის, თელმიკოს, სატრანსპორტო კომპანიის აქციების მესაკუთრეა. “გეოფიშკომპანიმ” ბიუჯეტიდან 1 175 357 ლარი მიიღო. გეოფიშის და აისბერგის საერთო წილი თევზჭერის კვოტაში 39.174%-ია.

ბიუჯეტიდან დაფინანსებასთან ერთად “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიები ხელისუფლებისგან სხვა შეღავათებითაც სარგებლობენ. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზია 2036 წლამდე მათ აუქციონის გარეშე გაუგრძელდათ.

არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო კომპანია გამოთქვამდა შავ ზღვაში თევზჭერის სურვილს. “დაინტერესებულია ძალიან ბევრი კომპანია. მე თვითონ მქონდა რამდენიმე მათგანთან ურთიერთობა, მიმოწერა და იყო ბერძნული კომპანია, იყო ნიდერლანდების კომპანია, იყო ძალიან მსხვილი თურქული ჯგუფი. ნიდერლანდების კომპანიას უნდოდა შეექმნა ძლიერი სამეცნიერო კომპონენტი, ეყიდა სამეცნიერო კვლევითი გემი, გაეკეთებინა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, დაეწყო რეალური კვლებები. იქიდან ამოღებული თანხის ნაწილი ჩაედო თევზების აღწარმოებაში, იმიტომ რომ თევზჭერა არის პასუხისმგებლობა” – ამბობს გუჩმანიძე.

ოთხმა ლიცენზიანტმა კომპანიამ 2036 წლამდე ლიცენზიების გაგრძელების სანაცვლოდ, მთავრობას 20 მილიონი ლარი თავად შესთავაზა – დაახლოებით 2 თეთრი სალიცენზიო გადასახადი 1 კგ. ქაფშიაზე. თევზჭერისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თვლიდა, რომ ეს რეალურ ფასზე გაცილებით ნაკლები იყო. მთავრობამ არ გაითვალისწინა შავი ზღვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის არც ერთი არგუმენტი და ლიცენზიების მოქმედება 20 მილიონ ლარად გააგრძელა.

გარემოს ეროვნული სააგენტო “თავისუფლების მონიტორის” წერილის საპასუხოდ მაშინდელ გადაწყვეტილებაზე გვწერს, რომ ის ითვალისწინებდა, ეკონომიკური სარგებლის და სოციალური ეფექტის მიღებას თევზჭერის სექტორის მხარდასაჭერად.

ქართველი მეთევზეები, რომლებიც ზღვის პირზე ცხოვრობენ და წლებია თევზჭერა მათი ძირითადი შემოსავლის წყაროა, ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. ანაკლიელი მეთევზე ნუგზარ გაბელაია ამბობს, რომ სოფლიდან უმეტესობა ემიგრაციაში წავიდა. მათ დაკარგეს იმედი, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს მათ თხოვნას და უფლებას მისცემს სხვა მეთევზეებსაც შავ ზღვაში ქაფშიის რესურსის მოპოვების.