მინისტრის მოადგილის დას სახელმძღვანელოს ლობირებაში ადანაშაულებენ

ჟურნალისტი: გიორგი მგელაძე
Divider dot 2 ივლისი 2018

გამომცემლობა “დიოგენეს” ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი სახელმძღვანელოს შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია განათლების მინისტრის მოადგილის დისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ინფორმაციამ, რომელიც წესით კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო, განათლების სამინისტროდან გაჟონა. გარდა ამისა, არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ განათლების მინისტრის მოადგილის და იმ სახელმძღვანელოს თანაავტორია, რომელსაც გრიფს სამინისტრო ანიჭებს. ეს კი ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და   კანონით აკრძალულია. 

გრიფირების პროცესის  ყველა ეტაპზე  წიგნის ავტორთა კონფიდენციალობა კანონით დაცულია და აკრძალულია ავტორთა გამჟღავნება, იმ სპეციალისტებისთვისაც კი, რომლებიც სახელმძღვანელოებს აფასებენ. წიგნებს სპეციალური ნომრები აქვთ მინიჭებული და მათ შესახებ ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურებიდან არ უნდა გავიდეს.

სტუდია მონიტორისთვის მოწოდებული ინფორმაციით, წელს,  გრიფირების პროცესის მიმდინარეობისას განათლების სამინისტროდან ინფორმაციამ გაჟონა და სახელმძღვანელოების კონფიდენციალობა დაირღვა.

გამომცემლობა “დიოგენეს” ხელმძღვანელი ამბობს, რომ  მათ მიერ სამინისტროში შეტანილი რამდენიმე სახელმძღვანელოდან, ისტის ანუ,  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მე-5 და მე -6 კლასის სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია მათი კონკურენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.

როგორ შეიტყვეს “დიოგენეს” ავტორებმა, რომ მათი წიგნი კონკურენტებისთვის გახდა ხელმისაწვდომი – როგორც გამომცემლობაში განმარტეს, “დიოგენეს” მიერ წარდგენილ  სახელმძღვანელოს 4 ავტორი ყავს. ერთ -ერთი ავტორი, ვიდრე “დიოგენეს” ავტორთა ჯგუფს შემოუერთდებოდა,  კონკურენტი ჯგუფის წევრი იყო. ის ჯგუფი სახელმძღვანელოზე გუგლ დრაივის გამოყენებით მუშაობდა –  ონლაინ, რამდენიმე ადამიანი პარალელურად წერდა სახელმძღვანელოს სხვადასხვა ნაწილს და საკუთარ ნამუშევარს გუგლ დრაივზე ტვირთავდა.  სწორედ ამ ჯგუფის წევრი იყო “დიოგენეს” ახლანდელი ავტორი 2017 წლის ზაფხულამდე. აგვისტოში ის  ავტორთა ჯგუფიდან წამოვიდა, გუგლ დრაივზე წვდომა კი ისევ დარჩა. მან აღმოაჩინა, რომ ატვირთული იყო 2 ფაილი, რომელშიც “დიოგენეს” სახელმძღვანელოების შეფასებები ეწერა. ფაილების ატვირთვის თარიღი 2017 წლის დეკემბერი და 2018 წლის იანვარი იყო –  დრო როცა დიოგენეს სახელმძღვანელო და მისი შენიშვნები კანონით მხოლოდ განათლების სამინისტროსთვის იყო ცნობილი და ხელმისაწვდომი.

“დიოგენემ” ამ ფაქტზე აღსრულების ბიუროს მიმართა. აღსრულების ბიურომ კი შეადგინა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ “დიოგენეს” სახელმძღვანელოს შესახებ მომზადებული შენიშვნები მისი კონკურენტის გუგლ დრაივზეა ატვირთული.   

გარდა ამისა, აღსრულების ბიუროს დადასტურებული დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ამ გუგლ დრაივის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ჯგუფში პერიოდულად ფაილებს ტვირთავს,  ლალი გიგაურია, ის განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის დაა. აღსრულების ბიურომ დრაივზე საინტერესო ფაილი აღმოაჩინა – შეთანხმება სადაც წერია, რომ მინისტრის მოადგილის და ლალი გიგაური განათლების სამინისტროში წარდგენილი ისტის სახელმძღვანელოს სრულუფლებიანი თანაავტორია. იმავე შეთანხმებაში წერია, რომ გიგაური წიგნზე როგორც ავტორი, მხოლოდ მას შემდეგ დაეწერება, რაც ამის იურიდიული უფლება ექნება. 

“დიოგენეში” ეჭვობენ, რომ კონკურენტი წიგნის ავტორთა ჯგუფში შედიოდა  განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის და, რომელიც ამავდროულად იყო რეცენზენტი  და მონაწილეობდა “დიოგენეს” წიგნის რეცენზირების პროცესში.

იყო თუ არა მინისტრის მოადგილის და რეცენზენტი, ამის დამტკიცება მხოლოდ სამართალდამცავებს შეუძლიათ. ჩვენთან საუბარში განათლების სამინისტრომ და ლალი გიგაურმა ეს ფაქტი კატეგორიულად უარყვეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს, გრიფირების პროცესი კი უნდა ჩაიშალოს.