დანგრეული ცხოვრების კვალს კიევის ქოლ-ცენტრში მივყავართ

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი
Divider dot 10 მარტი 2020

OCCRP- მ (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი) სტატიების სერია გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინაში, ალბანეთსა და საქართველოში, თაღლითური სქემით მომუშავე ქოლ-ცენტრების ისტორიას გვიყვება.
თბილისის ქოლ-ცენტრის შესახებ OCCRP-მ მასალა მოამზადა “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტებთან ერთად. “სტუდია მონიტორი” OCCRP ის პარტნიორია.

სტატიების პირველი სერიის თარგმანი გუშინ გამოქვეყნდა – თაღლითობის ფაბრიკა

გთავაზობთ მეორე ნაწილის თარგმანს

 

 

კიევში, ფეშენებელური სავაჭრო ცენტრის, “პლაზა მანდარინის“  ავტოსადგომზე ძვირადღირებული მანქანებია ჩამწკრივებული, მათი შეძლებული მფლობელები კი თავმომწონედ ფლანგავენ ფულს მარჯვნივ და მარცხნივ, ცენტრის საიუველირო და მოდური ტანსაცმლის მაღაზიებში. 

სავაჭრო ცენტრის ზედა სართულებზე კი, შეიარაღებული დაცვისა და კამერების მუდმივი კონტროლის ქვეშ, სულ სხვა ტიპის პროდუქტი იყიდება.

ულტრაიისფერი ნათურების შუქში, ქოლ-ცენტრის სიმჭიდროვეში მოკალათებულ თანამშრომელთა მრავალენოვანი არმია, მთელ მსოფლიოში ეძებს სწრაფად გამდიდრების სურვილით შეპყრობილ მეოცნებეებს და მათ Milton Group-ის სახელით სთავაზობს კრიპტოვალუტასა და ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელებას.

ცოტა ხნის წინ, ინფორმატორმა, ქოლ-ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა, შვედურ ყოველდღიურ გაზეთს Dagens Nyheter  დოკუმენტების დასტა მიაწოდა. ამ დოკუმენტებში, რომლებიც გაზეთმა შემდეგ OCCRP-ის გაუზიარა, მხილებულია თაღლითობის მუშაობის შიდა სტრუქტურა: ძველმოდური სატელეფონო შეთავაზებები საეჭვო ინვესტიციებთან დაკავშირებით, რასაც ზურგს უმაგრებს სოციალური მედიის ძალა გლობალური მასშტაბით. 

21 ქვეყნის, ათობით მედიასაშუალების ჟურნალისტებს, ქოლ-ცენტრის 1000-ზე მეტი სამიზნე კლიენტის სია ჩაუვარდათ ხელში. რეპორტიორებმა 180-ზე მეტ მსხვერპლთან ჩაწერეს ინტერვიუები და სააშკარაოზე გამოიტანეს დანგრეული ცხოვრების ნამსხვრევები, მოფანტული ვრცელ ტერიტორიებზე, შვედეთის არქტიკული წრიდან, ამაზონის აუზამდე ეკვადორში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის პატარა ინდუსტრიული ქალაქებიდან ისეთ გლობალურ მეგაპოლისებამდე, როგორიცაა ლონდონი და სიდნეი.

ხსენებული ისტორიები თვალშისაცემად ერთნაირი აღმოჩნდა. ბევრი მსხვერპლი თაღლითურ სქემასთან კონტაქტში პირველად Facebook-ის რეკლამების მეშვეობით შევიდა. ეს რეკლამები ინვესტიციებით წარმოუდგენელი მოგების დაპირებას იძლეოდა. მეტი ინფორმაციის მისაღებად მსხვერპლებს დეტალური საკონტაქტო მონაცემების გაზიარებას სთხოვდნენ. ამის შემდეგ კი იწყებოდა აგრესიული სატელეფონო ზარების კასკადი. თავდაპირველად მსხვერპლები მცირე „ინვესტიციაზე“ მნიშვნელოვან, თუმცა  ფიქტიურ მოგებას იღებდნენ, თუმცა მოგებული თანხის გამოტანის მოთხოვნები უგულვებელყოფილი რჩებოდა.

 

Up-and-Down

Milton Group-ის მიერ მსხვერპლისთვის ნაჩვენები ფოტო, რომელიც რეალური ინვესტიციის იმიტაციაა. ზარალი და მოგება ყალბია.

ფოტო: Alexander Mahmoud/DN

ყველაზე მძიმედ დაზარებულ მსხვერპლებზე ქოლ-ცენტრის „შენარჩუნების“ გუნდი „ნადირობდა“. მათ  დანიშნულებას, უფრო და უფრო მეტი ფულის გამოძალვის მიზნით, ახალი მეთოდების მოფიქრება წარმოადგენდა, ეს კი ხშირად სასტიკი ფსიქოლოგიური ზეწოლით ხორციელდებოდა. ზოგს იძულებით უზარმაზარი კრედიტები გამოატანინეს, ზოგს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური რეგულაციებით აშინებდნენ. სხვებს ყალბი ადვოკატები ურეკავდნენ და ფულის დაბრუნებაში დახმარებას სთავაზობდნენ, ესეც დამატებითი გადასახადის ხარჯზე. ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევებში კი Milton Group-ის „შენარჩუნების“ გუნდის სპეციალისტები მსხვერპლებს არწმუნებდნენ, თავიანთ კომპიუტერებზე დაეყენებინათ სპეციალური პროგრამა, რომელიც თაღლითებს მსხვერპლთა მოწყობილობების დისტანციურად მართვის და ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ფულის მოპარვის საშუალებას აძლევდა. ზოგმა 200 000 დოლარზე მეტიც კი დაკარგა.

უცხოური სახელებითა და მისამართებით და მაღალი ამონაგების დაჟინებული დაპირებით მოტყუებულ მსხვერპლებს, ნამდვილად სჯეროდათ, რომ ტელეფონით ესაუბრებოდნენ ინვესტიციების სფეროს ლეგიტიმურ ბიზნესს, სადღაც დასავლეთ ევროპაში. მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ ხაზის მეორე ბოლოს მოსაუბრე ადამიანების უმრავლესობას წარმოადგენდნენ ახალგაზრდა უკრაინელები და კიევში მცხოვრები მიგრანტები შუა აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან.

ზოგმა მსხვერპლმა სცადა თავისი ქვეყნის პოლიციისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია დანაკარგთან დაკავშირებით, მაგრამ სამართალდამცავები, როგორც წესი, ლოგიკური ჯაჭვის რგოლებს ერთმანეთთან ვერ აკავშირებდნენ. ქოლ-ცენტრის მსხვერპლი ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის და იტალიის, კიბერდანაშაულთან ბრძოლის უწყებებმა OCCRP-ისა და მის პარტნიორებს განუცხადეს, რომ მათთვის ცნობილია ასეთი საერთაშორისო თაღლითური სქემები, მაგრამ მათი კვალის მიგნება საკმაოდ რთულია. ასეთი დანაშაულის შესახებ, ხშირად პოლიციას არც კი ატყობინებენ და ამ პრობლემასთან გამკლავება რამდენიმე იურისდიქციის სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობას მოითხოვს. 

მიუხედავად ამისა, შვედეთის ხელისუფლებამ მაინც წამოიწყო გამოძიება ინფორმატორის მიერ მიწოდებული დიდი ოდენობის მტკიცებულებების საფუძველზე და მას შემდეგ მუდმივ კონტაქტშია ინტერპოლთან.

„ეს კომპანია – ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, სიყალბეა“, – აცხადებს ალექსეი, ხსენებული ინფორმატორი (უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მისი ნამდვილი სახელი არ არის გამხელილი). „ისინი უბრალოდ იპარავენ ხალხის ფულს“.

ალექსეის თანახმად, კიევის ცენტრის თანამშრომლებს 2019 წელს განაცხადეს, რომ წლის განმავლობაში მათ 65 მილიონი ევროს გაყიდვები აწარმოეს. ამ მიღწევის აღსანიშნავად, კომპანიის უფროსობამ მოაწყო გრანდიოზული საახალწლო წვეულება რომანის – „დიდი გეტსბის“ თემაზე. რომანში, სხვათა შორის, მოთხრობილია ჯაზის ეპოქის ბუტლეგერის და აფერისტის შესახებ. ულტრაიისფერი ნათურების შუქში Milton-ის ასობით თანამშრომელი ტკბებოდა სანახაობით, აკრობატებისა და ცეცხლით მოცეკვავეთა მონაწილეობით. გარდა ამისა, წარჩინებულ გაყიდვების სპეციალისტებს გადაეცათ ჯილდოები: მანქანები, ნაღდი ფული და უფასო ბინები.
Gatsby-Party-DN

ფარული კამერით გადაღებული ფოტო Miltoun Group-ის ახალი წლის ღამის ღონისძიებიდან

ფოტო:DN

 

როგორც ჩანს, Milton-ს ახლო კავშირები აქვს სხვა ქოლ-ცენტრებთან ალბანეთში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც ასობით თანამშრომელი მუშაობს.

მართალია, შეუძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა კიევის ცენტრის მიერ გამოყენებული ყველა ინსტრუმენტი თაღლითური, მაგრამ 180-მა მსხვერპლმა Milton-ის კლიენტების სიიდან, რომლებთანაც ინტერვიუები Dagens Nyheter-ისა და OCCRP-ის სხვა წარმომადგენლებმა ჩაწერეს, ერთხმად დაადასტურა, რომ ფული, თაღლითური საინვესტიციო სქემით დაკარგა. მხოლოდ რამდენიმემ შეძლო თანხის ნაწილის დაბრუნება, რაც, დიდი ალბათობით, მეტი ინვესტიციების განხორციელების წახალისების მიზნით იყო განპირობებული. დანარჩენებს კი იმედი ქონდათ, რომ ერთ დღეს თავიანთი „მონაპოვრის“ განაღდებას შეძლებდნენ.

შეთავაზებული ყალბი ინვესტიციები Western Union-ის მეშვეობით, საბანკო გადარიცხვებით, საკრედიტო ბარათებით და კრიპტოვალუტით იგზავნებოდა. Milton-ის გაყიდვების სპეციალისტებს, უფრო მაღალ საკომისიოს უხდიდნენ, თუკი ისინი დაარწმუნებდნენ კლიენტებს ბიტკოინებითა და სხვა კრიპტოვალუტით გადახდის აუცილებლობაში – ამ ტიპის ვალუტის კვალის მიგნება უფრო რთულია. ბანკიდან ბანკში პირდაპირი გადარიცხვების დიდი ნაწილი, ხორციელდებოდა ბრიტანული საფინანსო კომპანიის მეშვეობით, ფიზიკური პირების პირად ანგარიშებზე, რა დროსაც მკაფიო ინსტრუქციები გაიცემოდა, რომ დანიშნულებაში არ მიეთითებინათ “ინვესტიცია”.

OCCRP-ის მიერ დადგენილ ბევრ შემთხვევაში, საკრედიტო ბარათებით ონლაინ გადახდები, გადიოდა კვიპროსში დაფუძნებული კომპანიის Naspay-ს ხელში, რომელიც აცხადებს, რომ წარმოადგენს „გადახდების უახლეს მეთოდს“. კომპანიის მფლობელია დავით თოდუა – ისრაელის ქართველი მოქალაქე, რომელიც ინფორმატორმა ამოიცნო, როგორც Milton Group-ის უკან მდგარი პიროვნება (თოდუა დაჟინებით უარყოფს, რომ კომპანიაში რაიმე „ფორმალური თუ არაფორმალური თანამდებობა“ უჭირავს, თუმცა აქვე აღიარებს, რომ სტუმრის სტატუსით ესწრებოდა Milton Group-ის საახალწლო წვეულებას. თოდუა ასევე ამტკიცებს, რომ კომპანია Naspay არ ახორციელებს გადარიცხვებს, არამედ უბრალოდ „უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას“ ვებგვერდებს და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტმა ვერ დაადგინა, აქვს თუ არა თოდუას შეხება Milton Group-ის მფლობელობასთან).

პირველადი ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, ზოგიერთ მსხვერპლს მიუთითებდნენ, რომ საჭირო იყო დამატებითი თანხების გაგზავნა ნაღდი ფულის სახით, ფიზიკური პირებისთვის, ისეთ შორეულ ქვეყნებში, როგორიცაა კოლუმბია ან უგანდა, ნაცვლად კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისა.

კრიპტოვალუტის შვედმა ექსპერტმა, ლიფ ნიქსონმა, რომელიც  სამართალდამცავებს ბიტკოინთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიებაში ეხმარება, შეისწავლა ბიტკოინის მისამართები, რომლებსაც Milton Group კლიენტებისგან გადასახადების მისაღებად იყენებდა. მისი თქმით, ეს სტრუქტურა ეჭვებს ბადებს და სავარაუდოდ, არ ეკუთვნის კანონიერ ოპერატორს.

ნიქსონმა ხაზი გაუსვა რამდენიმე ფაქტორს, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ კლიენტების ფული არ იყო გამოყენებული დაპირებისებრ – მათ შორის ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა ადამიანს მიუთითეს, გაეგზავნათ ბიტკოინები ერთსა და იმავე მისამართებზე. გარდა ამისა, მათ ყოველ გადარიცხვაზე განსხვავებულ მისამართს უთითებდნენ. 

„ბანკში ანგარიშის გახსნის მსგავსია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ ბანკის ანგარიშის ნომერი არ გაქვს – ყოველ ჯერზე, როცა ფულს დებ ანგარიშზე, ახალ ნომერს გაძლევენ“, – გვიხსნის ლიფ ნიქსონი.

ჯამში, ნიქსონის თანახმად, 2019 წელს Milton Group-ის ანგარიშებიდან გაქრა 5,9 მილიონის ღირებულების ბიტკოინები და ახლო აღმოსავლეთის ბირჟებზე გაუჩინარდა.

„ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა დასჭირდეს ლეგიტიმურ ოპერატორს ამ ტიპის ტრანზაქციები, – აცხადებს ნიქსონი, – სრული უაზრობაა!“

ქოლ-ცენტრის თანამშრომლებმა კარგად იცოდნენ, რომ მათ მოვალეობებში შედიოდა მოპარვა, ამტკიცებს ინფორმატორი. როგორც ალექსეიმ Dagens Nyheter-ს განუცხადა, Milton-ში მუშაობის დასაწყისშივე გაყიდვების მენეჯერმა ხუმრობით თქვა, რომ 6 წლის ასაკიდან ოცნებობდა, გამხდარიყო „ახვარი გადამგდები და მოეპარა სხვისი ფული“.

Milton Group-თან დაკავშირებული თბილისის ქოლ-ცენტრის თანამშრომლებისთვის ჩატარებულ ტრენინგზე, რომელსაც ერთი-ერთი ჟურნალისტი ფარულად ესწრებოდა, ტრენერმა ახსნა, რომ კომპანია მიზნად ისახავს, „კლიენტებს რეალურად დააკარგვინოს ფული“. კითხვაზე, თუ რატომ არის ეს აუცილებელი, მან გაიცინა და თქვა: „სიმართლე გითხრათ, ძალიან გულუბრყვილო შეკითხვაა. ფული, რომელსაც ისინი კარგავენ, ჩვენთან რჩება“.

ჟურნალისტებმა შეისწავლეს კომპანიის შიდა მოხმარების კლიენტების მონაცემთა ბაზა, რომელშიც კლიენტები უცენზურო სიტყვებით არიან მოხსენიებული. ბაზაში აღწერილია ინფორმაცია მათი “გადაგდებების” შესახებ, ასევე საუბარია კლიენტების სუსტ მხარეებზე და მათი გამოყენების გზებზე. Milton-ის თანამშრომელი, 2019 წლის ოქტომბრით დათარიღებულ კომენტარში, 67 წლის შვედი ქალის შესახებ წერდა: „გაყიდა სახლი, რათა დაეფარა გადასახადი. ფული აღარ აქვს. ტირის“.
Maj-Britt

67 წლის შვედი ქალი, რომელიც Miltoun Group-ის მსხვერპლია. მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ყველაფერი დაკარგა, რაც ქონდა.

ფოტო:Alexander Mahmoud/DN

ამ ქალს Dagens Nyheter-მა ცენტრალური შვედეთის ერთ-ერთ სოფელში მიაგნო. მან  ჟურნალისტებ უთხრა, რომ Milton-ის თანამშრომლებმა მას მოტყუებით უბიძგეს, 100 000 დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა და მისი სახელით ეს თანხა კრედიტით გამოიტანეს.

ისევე, როგორც ბევრი სხვა მსხვერპლი, ეს შვედი ქალიც თავდაპირველად წამოეგო უზარმაზარი მოგების ილუზიის ანკესზე: „თითქოს ჰიპნოზის ქვეშ იმყოფები, ზომბივით“.

მაგრამ, როგორც კი მან მოინდომა ეგრეთწოდებული შემოსავლების გამოტანა-განაღდება, „ფული გაქრა“. დღეს მას საკვების და საცხოვრებლის ფულიც არ აქვს. „ცხოვრებას აზრი აღარ აქვს“, – ამბობს იგი. მაშინ, როცა Milton Group-ის ყალბმა ინვესტიციებმა, მსხვერპლებს ცხოვრება დაუნგრია, ფირმის მენეჯერების შემთხვევაში სურათი სულ სხვაგვარია.

სოციალურ მედიაში პროფილების ანალიზი ცხადყოფს, რომ მათ იზიდავთ ძვირადღირებული ავტომობილები, მდიდრულ დასვენება და იარაღი. ზოგიერთს კავშირებიც კი აქვს მაღალ პოლიტიკურ ეშელონებთან.

Milton Group-ის აღმასრულებელი დირექტორია ჯეიკობ კესელმანი, რომელიც Instagram-ზე თავს „კიევის მგელს“ უწოდებს. ჰოლივუდის ცნობილი ფილმის „უოლ სტრიტის მგელი“-ის მსგავსად, რომელიც ცნობილი თაღლითის შესახებ გვიყვება. ფილმის მთავარი გმირის სპეციალიზაციას მცირე კომპანიების ფასიანი ქაღალდები წარმოადგენდა. კესელმანის სოციალური ქსელების პროფილები დახუნძლულია ფეშენებელური ავტომობილების, ძვირადღირებული დასვენების და აქა-იქ ცეცხლსასროლი იარაღის ფოტოებით. ერთ-ერთ ფოტოზე კი იგი მუშაობს ოთახში, რომელსაც საუცხოო ხედი აქვს ეიფელის კოშკზე. მინაწერი: „ის, ვისაც უყვარს თავისი საქმე, ნამდვილად ბედნიერია“.

Keselmanfastcar4a

 

ჯეიკობ კესელმანი

ფოტო: ინსტაგრამი

OCCRP-იმ ვერ მოიძია ოფიციალური ინფორმაცია კესელმანის მოქალაქეობის შესახებ, თუმცა მისი LinkedIn-ის პროფილი გვამცნობს, რომ მისი მშობლიური ენა რუსულია, რომ იგი სწავლობდა კიევის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და Milton Group-ში მისვლამდე, ისრაელში, გაყიდვების სფეროს მიმართულებით, 2 თანამდებობაზე მუშაობდა.

კომენტარის გაკეთების თხოვნის საპასუხოდ, კესელმანმა უარყო, რომ Milton Group ვინმეს აბითურებს. „ხომ იცით, როგორ ხდება, ინვესტიციები და ფორექსის ბრენდები… ბევრი კლიენტი კარგავს ფულს, რადგან არ იციან, როგორ მუშაობს ეს სისტემა“, – განაცხადა კესელმანმა. მისი მტკიცებით, Milton Group-ის საქმიანობის ერთადერთი მიმართულებაა ინვესტიციების გამყიდველი კომპანიებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერის უზრუნველყოფა. მომდევნო კითხვებს კესელმანმა არ უპასუხა.

საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქეს, 38 წლის დავით თოდუას, ხშირად ნახავთ “მანდარინ პლაზას” ქოლ-ცენტრის ოფისში. ალექსეის თანახმად, თანამშრომლები, თოდუას იცნობენ, როგორც Milton Group-ის თანამფლობელს.

ალექსეი ამტკიცებს, რომ თოდუა, სულ მცირე, ექვსჯერ ჰყავს ნანახი, მათ შორის 2019 წლის ნოემბერში, როცა მან მიულოცა თანამშრომლებს წარმატებული საქმიანობა და დაამატა, რომ იმ წელს Milton-მა 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ინფორმატორის თანახმად, თოდუას ყოველთვის  მრავალრიცხოვანი დაცვა ახლდა.

დოკუმენტურად არ დასტურდება თოდუას კავშირი თაღლითურ ქოლ-ცენტრთან, რომლის მფლობელიც ქაღალდზე არის კიდევ ერთი ქართველი – ირაკლი დადივაძე. OCCRP-იმ მის კვალს, ან რაიმე ინფორმაციას მის შესახებ, ვერ მიაგნო.

მეორე მხრივ, დადასტურებულია, რომ თოდუა არის კვიპროსში დაფუძნებული გადახდების პლატფორმის – კომპანია Naspay-ს მფლობელი, რომლის მეშვეობითაც Milton „ინვესტიციებს” ახორციელებს. ეს კომპანიის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციით დასტურდება.

კომპანიის საახალწლო წვეულებაზე ფირმის აღმასრულებელმა დირექტორმა, კესელმანმა სცენაზე მიიწვია ვინმე დავითი, რომელსაც ყველა კომპანიის „მამად“ მოიხსენიებდა და მიართვა მას ტორტი სამი სანთლით, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა Milton-ის საქმიანობის სამწლიან გამოცდილებას. ეს „მამა“, ინფორმატორის თანახმად, გახლავთ დავით თოდუა.

„დეკემბერში კომპანიას სამი წელი შეუსრულდა“, – ამბობს კესელმანი OCCRP-ის მიერ მოპოვებულ ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში. „ჩვენ უკვე დიდი ბიჭები და გოგოები ვართ და ჩვენი მამა ამაყობს ჩვენით. ჩვენც ვამაყობთ ჩვენი მამით. პირველ რიგში, მადლობა, დავით! ნება მოგვეცი, მოგართვათ ეს ტორტი. აბა, დაბადების დღე ტორტის გარეშე ვის გაუგია?! დავითი დღეს ამ სანთლებს ჩააქრობს!“

OCCRP-სთან ინტერვიუში თოდუამ თქვა, რომ ფირმის საახალწლო წვეულებას კესელმანის სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, მაგრამ უარყო რაიმე როლი თავად კომპანიაში. „მე არ ვარ კომპანიის მამა. მე ვარ 5 შვილის ამაყი მამა“, – განაცხადა მან.

თავის Instagram-ის გვერდზე (david_todua_007) ვხედავთ თოდუას ფოტოსურათებს ოქროს კალაშნიკოვით ხელში, სნაიპერის თოფის სროლის დროს, შამპანურის კოშკთან დაბადების დღის წვეულებაზე. ასევე წააწყდებით მის სახლთან ძვირადღირებული ავტომობილების ფოტოებსაც. „ნადირობა მართლაც ძალიან მიყვარს, ჩემი ჰობია“,- განუცხადა თოდუამ OCCRP-ის.

გარდა ამისა, თოდუას აქვს საქმიანი კავშირები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსების წარმოუდგენელ რაოდენობასთან, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროინდენ მინისტრებთან და სხვა წარმომადგენლებთან. “ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობით, საქართველოს თითქმის 10 წელი, 2012 წლამდე, მართავდა. მოგვიანებით, სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და ამ ქვეყანაში პოლიტიკური კარიერა აიწყო.

ძალიან მწირია ინფორმაცია თოდუას ისრაელში ცხოვრების შესახებ, სადაც იგი 1993 წელს გადასახლდა ოჯახთან ერთად. თუმცა, სასამართლო ოქმებითა და სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, იგი ბოლო დრომდე თელ-ავივითან ახლოს მდებარე ვილაში ცხოვრობდა. ამჟამად კი თოდუა კვიპროსში ცხოვრობს.

ალბანეთში, სადაც 400 თანამშრომლით დაკომპლექტებული და დიდი ალბათობით, Milton Group-თან დაკავშირებული ქოლ-ცენტრი მუშაობს, კომპანიას მინისტრის მრჩეველი ხელმძღვანელობს.

ქართული კავშირები

მიუხედავად იმისა, რომ დავით თოდუა მხოლოდ 11 წლის იყო, როცა ისრაელში გადასახლდა, უკვე ზრდასრულ ასაკში, სამშობლოში, მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების უჩვეულოდ დიდ რაოდენობასთან აქვს კავშირი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ ის, რომ ორ უკრაინულ კომპანიაში მისი ბიზნეს პარტნიორია დავით კეზერაშვილი – სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი.

თოდუა და კეზერაშვილი არიან უძრავი ქონებისა და სამშენებლო სფეროს კომპანიის Project Partners-ის მფლობელები, რომლის სათაო ოფისი კიევში იმავე შენობაშია განლაგებული, სადაც Milton Group-ის ოფისი. მისი ხელმძღვანელია გია გეწაძე – როგორც საქართველოს, ისე უკრაინის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

Project Partners, თავის მხრივ, არის სამშენებლო-საინჟინრო კომპანიის Elitekomfortbud-ის მფლობელი. ამ კომპანიის თანამფლობელია ასევე კიდევ ერთი ქართველი, ყოფილი თანამდებობის პირი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი და სააკაშვილის დროს სოფლის მეურნეობის მინისტრი, პეტრე ცისკარიშვილი.

2013 წელს კეზერაშვილს უკრაინიდან საქართველოში სპირტიანი სასმელების კონტრაბანდა და ქრთამის სახით 12 მილიონი დოლარის აღება ედებოდა ბრალად. საბოლოოდ ეს ბრალდება, რომელსაც იგი თავად პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, მოიხსნა. მიუხედავად ამისა, კეზერაშვილი დღესაც უცხოეთში ცხოვრობს.

OCCRP-იმქოლ-ცენტრთან ყოფილი მინისტრების კავშირების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ვერ მოიპოვა. ელფოსტით გამოგზავნილ წერილში კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ არასოდეს სმენია Milton Group-ის შესახებ და არ იცნობს მის საქმიანობას, თუმცა დაადასტურა, რომ თოდუა მისი ბიზნესპარტნიორია.

 

„ამ გადაწყვეტილებას არასოდეს ინანებთ“

ერთი შეხედვით, Milton Group-ის კიევის ქოლ-ცენტრი არაფრით გამოირჩევა: ასობით გაყიდვების სპეციალისტი ტელეფონებთან მჭიდრო რიგებად ჩამწკრივებულა, ყურსასმენებით თავზე, თანამედროვე სატელეფონო და კლიენტების მენეჯმენტის სისტემებით. 

თანამშრომლები დღეში თითქმის 300 სატელეფონო ზარს ახორციელებენ, უკავშირდებიან კლიენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა შეასრულონ თავიანთი გაყიდვების გეგმები და მიიღონ პრემიები.

ცენტრი დაყოფილია რამდენიმე მაგიდად, ენების მიხედვით: რუსული, ინგლისური, იტალიური და ესპანური. თითოეულს აქვს თავისი სამიზნე რეგიონი. გაყიდვების სპეციალისტები ეგრეთწოდებულ ფსევდონიმებს იყენებენ, რათა სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოზე მყოფი ადამიანების ნდობა მოიპოვონ. მაგალითად, გერმანულ მაგიდასთან მომუშავე ერთი სენეგალელი კაცი თავს Todd Kaiser-ს უწოდებს, ხოლო უკრაინელი ქალი, რომლის ნამდვილი სახელია დარია, გვევლინება, როგორც Diana Swan ან Kira Lively.

თუმცა „მანდარინ პლაზაში“ გაკეთებული ფარული ჩანაწერები, ასევე გაჟონილი შიდა ინფორმაცია, ადასტურებს, რომ Milton არ არის უბრალო ქოლ-ცენტრი.

დაცვის სამსახურის ზორბა თანამშრომლებით დაცულ ცენტრში, მობილური ტელეფონები აკრძალულია.

სპორტული ავტომობილების ფოტოსურათების გვერდით ჩამოკიდებულ თეთრ დაფაზე, ასახულია გაყიდვების სპეციალისტების სამიზნეები: 40 000 დოლარი რუსულენოვანი ბაზრისთვის, 60 000 დოლარი ესპანურენოვანი ბაზრისთვის და 100 000 დოლარი ინგლისურენოვან მაგიდასთან მომუშავე თანამშრომლებისთვის.

გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებს აძლევენ ინსტრუქციების დასტას, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა „დაამუშავონ კლიენტები“ ეროვნების მიხედვით.

ამ ინსტრუქციების თანახმად, “სკანდინავიელები ძირითადად, ხანში შესული ადამიანები არიან და მათ უბრალოდ თანამოსაუბრე სჭირდებათ“.

მეორე მხრივ, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მცხოვრებ ადამიანებს, სწამთ, რომ ყოვლისმცოდნეები არიან და მათი ქვეყნები საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ქოლ ცენტრის თანამშრომლებს ევალებათ მათი ამ მხრივ „აგდება“.

„არსებობს ერთადერთი გზა ამ ხალხთან კონტაქტის დასამყარებლად: არ შეეკამათოთ მათ, რა მიმართულებითაც არ უნდა წაიყვანონ მათ საუბარი და ყოველთვის გაუსვით ხაზი მათ გონიერებასა და ინტელექტს“, – ვკითხულობთ ინსტრუქციაში.

„შემდეგ ახსენეთ, რომ დღეს საფინანსო ბაზარს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ეს სწორედ ისეთი ქვეყნების დამსახურებაა, როგორიცაა ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და ახალი ზელანდია“.

„ამ გადაწყვეტილების მიღებას არასოდეს ინანებთ“ – კიდევ ერთი ფრაზა, რომლის მიზანი კლიენტებში ინტერესის გაღვივებაა.

Milton Group-ის სამიზნე აუდიტორიას კრიპტოვალუტაში, ფასიან ქაღალდებსა და უცხოურ ვალუტაში ინვესტირების შესაძლებლობას სთავაზობენ. ეს ხორციელდება სხვადასხვა „ბრენდის“ მეშვეობით, რომლებსაც არაფრით გამორჩეული, დასახელებები და მსგავსი ვებგვერდები აქვთ. ეს ვებგვერდები ერთმანეთს პერიოდულად, როტაციის პრინციპით ენაცვლებიან. ბოლო მონაცემებით, Milton Group-ის ბრენდებში შედიოდნენ CryptoMB, Cryptobase და VetoroBanc – ყველა მათგანთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და ესპანეთის მარეგულირებლებმა ინვესტორებისთვის გაფრთხილება გამოსცეს.

ქოლ-ცენტრსა და ამ ბრენდებს შორის კავშირის ზუსტი ხასიათი ხშირად ბუნდოვანია. ზოგჯერ ბრენდები ასოცირებულია ამა თუ იმ იურიდიულ პირთან და ამ შემთხვევაში, ოფშორული იდუმალებით არიან მოცულნი. ბრენდების: CryptoMB და VetoroBanc მენეჯმენტს ახორციელებენ ფირმები მარშალის კუნძულებიდან და სენტ-ვინსენტი და გრენადირებიდან. ბრენდის Cryptobase-ის შემთხვევაში, OCCRP-იმ ვერ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დააკავშირებდა ამ ბრენდს ამა თუ იმ კონკრეტულ კომპანიასთან.

როგორც ალექსეიმ ჟურნალისტებს განუცხადა, VetoroBanc თავიდან ბოლომდე Milton-ის ოფისებიდან გაუსვლელად მოგონილი აფიორაა, ხოლო დასახელებაშენარჩუნების განყოფილების იტალიელმა მენეჯერმა მოიგონა, რადგან იგი „იტალიური ბანკის სახელს ჰგავს“. VetoroBanc-ის ვებგვერდზე გამოყენებულია ფოტოები, რომლებიც კომპანიის თანამშრომლებს უნდა ასახავდეს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ინტერნეტიდან არის აღებული. ვინმე სილვია მორენო, რომელსაც ბაზრის ანალიტიკოსად ასაღებენ, სინამდვილეში ამერიკელი პედიატრია.

ალექსეის თანახმად, თანამშრომლებს არ აქვთ არც ცოდნა და არც გამოცდილება ფინანსური პროდუქტების სფეროში, თუმცა მათ ზედმიწევნით ასწავლიან „ემოციების“ გაყიდვას.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის ემოციებს გაყიდიან, პოზიტიურს თუ ნეგატიურს. ამ ყალბი პროდუქტების გაყიდვა შესაძლებელია, თუკი ხალხს სერიოზულად დააფიქრებ ამაზე“, – განმარტავს ალექსეი.

კლიენტებს ხშირად უდასტურებენ, რომ მათ უზარმაზარი მოგება ნახეს, რის ნამდვილ მიზანსაც მათი წახალისება წარმოადგენს, რათა განახორციელონ მეტი ინვესტიცია. ამასთან, ინფორმატორის თანახმად, ფული მხოლოდ კომპიუტერის ეკრანზე არსებობს. ერთადერთი გამონაკლისი, როცა მსხვერპლს საკუთარი თანხის ნაწილის უკან დაბრუნების საშუალება ეძლევა, ისევ მეტი ინვესტიციის განხორციელების წახალისების მიზნით კეთდება.

ყველაზე პერსპექტიული (და შესაბამისად, სუსტი) ინვესტორების საქმეს იბარებს „შენარჩუნების გუნდი“, რომელიც გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტებს აერთიანებს.

მათ მოვალეობებში, ალექსის სიტყვებით, „კლიენტების ბოლო ცენტამდე მოწველა” შედის, რა დროსაც მათ უბიძგებენ, აიღონ სესხი, გაყიდონ თავიანთი ავტომობილები და ბინები. ერთ შემთხვევაში, ალექსეის თანახმად, ორსულობის ბოლო თვეებში მყოფი რუსი ქალი დაარწმუნეს, შვილისთვის გადადებული ფული დაეხარჯა.

Milton Group-ის ყველაზე პროდუქტიული და გაწაფული თაღლითი, “შენარჩუნების გუნდის” წევრია და პოტენციურ ინვესტორებს თავს აცნობს, როგორც „უილიამ ბრედლი“.

სინამდვილეში იგი ახალგაზრდა ირანელია, რომელიც ცნობილი ამერიკელი გაყიდვების სპეციალისტის და მოტივაციის სპიკერის, მარკ ვაიშაკის (ვაიშაკი თავს „ამერიკის გაყიდვების სტრატეგს“ უწოდებს) ფოტოებს იყენებს, რათა ვიდეო ზარების დროს თავისი იდენტობა დამალოს.

 

OCCRP-იმ მისი ნამდვილი ვინაობა ვერ დაადგინა, თუმცა ცნობილია, რომ სამსახურში და სოციალურ მედიაში მას იცნობენ, როგორც „ჰამზეს“ და იგი სრულყოფილად ფლობს სპარსულს. ალექსეის თქმით, ამ ადამიანს თვეში არც მეტი, არც ნაკლები 450 000 დოლარს უხდიან.

ქოლ-ცენტრის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ კლიენტების მონაცემთა ბაზაში ასახულია, თუ რა ოდენობის „ინვესტიცია“ განახორციელა თითოეულმა კლიენტმა, ასევე პოტენციურად კიდევ რამდენის „მოწველა“ არის შესაძლებელი მათგან. OCCRP-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერებისავსეა უცენზურო სიტყვებით და კლიენტების სუსტი მხარეების აღწერით.

ერთ-ერთ ასეთ კომენტარში ვკითხულობთ: „ვნახე, რომ ანგარიშზე 800 ევრო აქვს და ავადაა. პრობლემა აქვს და მითხრა, „მინდა ვინმემ მომტ… სო“. მე ვუპასუხე, ფოსტერი [ქოლ ცენტრის სხვა ოპერატორი] მოგტ….ს მეთქი“.

კიდევ ერთში წერია: „ყოველთვე, სულ მცირე, 1 000 ევროზე ვჭიმავთ. ყოველი თვის 20 რიცხვში იღებს პენსიას/მუშაობს ყოველ ხუთშაბათს“.

Osten-Morian-sad-notes-redacted

Miltoun Group-ის შიდა მოხმარების დოკუმენტი, რომელიც აღწერს მსხვერპლის , ოსტენ მორიანის მდგომარეობას.
ფოტო: Alexander Mahmoud/DN

აი, რას წერს ქოლ-ცენტრის თანამშრომელი კიდევ ერთი კაცის შესახებ: „ძალიან ბებერი/ვაიძულე, გადაეხადა საკომისიო. იმედი მაქვს, დღეს მოაგვარებს ამ საკითხს. უნდა დავურეკო 3 საათზე შვედეთის დროით“.

ერთი თვის შემდეგ გაჩნდა კიდევ ერთი ჩანაწერი: „მეგობართან გადასახლდა, რადგან საჭმლის ფული არ აქვს. უნდა დავურეკო ორშაბათს. დავაკარგვინე 400 000“.

ჩანაწერში ნახსენები კლიენტი გახლავთ 75 წლის ოსტენ მორიანი, პენსიაზე გასული დურგალი, რომელიც შვედეთის შორეული ჩრდილოეთის რეგიონში, არქტიკულ წრესთან ახლოს ცხოვრობს. 

გაზეთი Dagens Nyheter დაუკავშირდა მორიანს, რომელმაც განაცხადა, რომ  დაახლოებით 400 000 შვედური კრონა (დაახლოებით 41 000 დოლარი) დაკარგა მას შემდეგ, რაც, თაღლითების მითითებით, 39%-იან განაკვეთში გამოიტანა სესხი ბანკიდან, რათა ჩაედო იმაში, რაც ჯამში აფიორა აღმოჩნდა. შედეგად, იგი ვალებში ჩაეფლო.

„არ ვიცი, რა ვქნა. სიკვდილს დაველოდები, სხვა რა დამრჩენია?!“ – აცხადებს მსხვერპლი.

Screen Shot 2020-03-10 at 4.56.23 PM

ოსტენ მორიანი

ფოტო:Alexander Mahmoud/DN

 

ცრუ მარეგულირებლების, ადვოკატების და „განვერნატორის“ მიერ დევნილნი

2019 წლის 31 დეკემბერს „უილიამ ბრედლი“, დღესასწაულის აღსანიშნავად,  თავის ერთ-ერთ „უხვმოსავლიან“ კლიენტს შეეხმიანა – ვიგებთ ინფორმატორის მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერიდან.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ წელს გაგიცანით. მინდა გისურვოთ ბედნიერი 2020 წელი და ჩვენი საერთო ბიზნესის გაფართოება, – ამბობს ბრედლი, – გულწრფელად გეუბნებით… კარგად დაისვენეთ და დაიწყეთ ახალი წელი განახლებული ენერგიით“.

მას შემდეგ, რაც ბრედლიმ ყურმილი დაკიდა, მისი ტონი შეიცვალა. ინფორმატორმა ჰკითხა: „ორჯერ დააგოიმე?“ ბრედლიმ უპასუხა: „ექვსჯერ და მეშვიდედ საკომისიოებზე“.

ბრედლიმ ასევე განაცხადა, რომ მსხვერპლებისგან მეტი ფულის გამოძალვის მიზნით, მათ არწმუნებდა, რომ ფულის დაკარგვა ისევ მათი ბრალეულობით მოხდა.

გაზეთის Dagens Nyheter-ისა და OCCRP-ის პარტნიორის – Investigace.cz-ის ჟურნალისტებმა მიაგნეს ხსენებული საუბრისას ტელეფონის ხაზის მეორე ბოლოს მყოფ ადამიანს, 48 წლის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს, ჩეხეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი კარგად ერკვევა მაღალ ტექნოლოგიებში, იგი დათანხმდა ბრედლის დაჟინებულ მოთხოვნას და თავის კომპიუტერზე დააყენა პროგრამა TeamViewer, კომერციულ გაყიდვაში მყოფი პროდუქტი, რომელიც იძლევა სხვების კომპიუტერზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობას. ეს პროგრამა ხშირად გამოიყენება ქოლ ცენტრის მიერ, კლიენტებისთვის საბანკო გადარიცხვებსა და სესხის განაცხადების შევსებაში „დახმარების“ მიზნით.

მან ასევე დააყენა დამხმარე პროგრამა Google Chrome ბრაუზერისთვის, რომლის მეშვეობითაც ვებგვერდებზე შესაძლებელია კოდების ჩასმა, რის მეშვეობითაც გარე პირებს ამ ვებგვერდების გამოსახულებების შეცვლა შეუძლიათ. შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ჟურნალი ცხადყოფს, რომ ეს პროგრამა გამოიყენეს ყალბი გამოსახულების შესაქმნელად, თითქოს Milton-ის ერთ-ერთი ბრენდიდან (Cryptobase) ბიტკოინის ლეგიტიმური ოპერატორის – Blockchain ანგარიშზე გადაირიცხა 317 578 დოლარი.

2019 წლის ნოემბერში განხორციელებული პირველი ინვესტიციიდან მოყოლებული, ხსენებულმა ჩეხმა მსხვერპლმა დაკარგა 200 000 დოლარზე მეტი. ამხელა თანხების დაკარგვით გამოწვეული სირცხვილის გრძნობის გამო, მან ანონიმურობის დაცვა გვთხოვა.

„ჩავდე ინვესტიციები, რათა პენსიაზე გასვლის შემდეგ, ასევე ჩემი ქალიშვილისთვის, ფული მქონოდა. კარგ საინვესტიციო შესაძლებლობებს ვეძებდი, მაგრამ აშკარად არასწორი არჩევანი გავაკეთე“, – აღიარებს იგი.

მსხვერპლს ანახეს ფოტო, რომელზეც უილიამ ბრედლი მას კიევის ქოლ- ცენტრიდან ტელეფონით ესაუბრება. „კარგია, რომ დამანახეთ, რამხელა რეგვენი ვყოფილვარ“, – დაამატა მან.

მსხვერპლები დიდი ხნის განმავლობაში ვერ უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი ფული დაიკარგა. ამ მიზნით, Milton Group-ის “შენარჩუნების” გუნდი, იყენებს თაღლითური სქემების მთელ არსენალს, მათ შორის აფიორას, რომელსაც, ალექსეის თანახმად, უწოდებენ „ზარი ბანკირისგან“, „ზარი საგადასახადო სამსახურიდან“ და „ზარი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის თანამშრომლისგან”. შენარჩუნების გუნდის ზოგიერთი წევრის მოვალეობაში სწორედ ასეთი ყალბი „ოფიციალური პირების“ როლის თამაში შედის.

მსხვერპლთა მიერ, ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ნიმუშები, სავსეა მართლწერის შეცდომებით. მათ შორისაა წერილები, რომლებიც თითქოს „დადასტურებულია განბერნატორის მიერ“, ანუ სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულისა, თუ ბანკის მმართველის მიერ.
Gunverator

ფოტო:OCCRP

ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელსაც ყველაზე დიდი ზარალი მიაყენეს თაღლითებმა, გახლავთ ირანიდან ნორვეგიაში ჩასული ქალი. მას დაუკავშირდა კაცი, რომელმაც თავი წარუდგინა CryptoMB-ის კომპანიის გაყიდვების წარმომადგენელად – სინამდვილეში კი ეს „უილიამ ბრედლი“ იყო.

მსხვერპლი აცხადებს, რომ 200 000 დოლარზე მეტი დაკარგა და რომ ეს თანხა კომპანია CryptoMB-მ ჩაიჯიბა. თანხის დიდი ნაწილი მან სწორედ ამ მიზნით ისესხა. ნორვეგიის პოლიციაში საჩივრის შეტანის შემდეგ მას უპასუხეს, რომ „არ არსებობს გონივრული მიზეზი სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიების დასაწყებად”.

 

მას ასევე დაუკავშირდა სპარსულენოვანი ადვოკატი, ვინმე ამირ აკბარი, რომელმაც ნორვეგიული გაზეთის VG-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, თანხის დაბრუნებაში დახმარება შესთავაზა. როგორც ინფორმატორმა გაზეთს Dagens Nyheter განუცხადა, ეს იგივე „ბრედლი“ გახლდათ.

„უილიამ ბრედლი“ ფიგურირებს შვედეთის პოლიციაში, მსხვერპლთა მიერ შეტანილ რიგ საჩივრებში, რომლებიც გაზეთმა Dagens Nyheter მოიძია, თუმცა არც ერთ მათგანზე არ ჩატარებულა საფუძვლიანი გამოძიება. „ამ დანაშაულის საერთაშორისო ხასიათი… ართულებს გამოძიებას“, – განუცხადა გაზეთს Dagens Nyheter-ს სტოკჰოლმის პოლიციის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, პატრიკ ლილკვისტმა.

ასეთ აგრესიულ მეთოდებს არამარტო ინგლისურენოვანი მაგიდის თანამშრომლები იყენებენ.

ეკვადორის ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მდებარე დასახლება პუოში, ვინმე ალექსი, 2018 წლის ბოლოს, სოციალური მედიის ერთ-ერთ საიტზე წააწყდა მომხიბვლელ რეკლამას „ფულის სწრაფად შოვნის“ შესაძლებლობის შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაციის შეტანის შემდეგ, მას ტელეფონით დაუკავშირდა კაცი, რომელმაც თავი წარუდგინა, როგორც „ხორხე ალვარადო“, კრიპტოვალუტის საინვესტიციო კომპანიის CryptoMB-ის გაყიდვების კონსულტანტი.

მსხვერპლმა თავისი ოჯახის წევრებისგან ათასობით დოლარი ისესხა, რათა  ინვესტიციების განხორციელების გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდა, ასევე გადაიხადა ყალბი საკომისიო CryptoMB-ის თანამშრომლებისთვის, რადგან იგი დაარწმუნეს, რომ ეს აუცილებელია მოგების განაღდებისთვის. მსხვერპლმა ჟურნალისტებს წარუდგინა ყალბი წერილი კომპანიისგან HM Revenue & Customs, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მან დაფარა „გადასახადი“.

„რამდენიმე დღის შემდეგ მეუღლე მეჩხუბა, კინაღამ სახლიდან გამაგდო“, – განუცხადა ალექსმა  OCCRP-ის პარტნიორს – Plan-V-ს.

„დავუკავშირდი ამ ორგანიზაციის [HM Revenue & C] კლიენტების მომსახურების განყოფილებას. სამწუხაროდ, ისინი ინგლისურს არ ფლობენ და ჩემი ნათქვამიდან სიტყვა ვერ გაიგეს“, – ამბობს ალექსი.

ფულის კვალი

ჟურნალისტებმა ვერ მოიძიეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ Milton Group-ის რომელიმე „კლიენტის“ მიერ ინვესტირებული ფული მიზნობრივად, სათანადოდ იყო გამოყენებული, როგორც ამას მათ პირდებოდნენ.

ნაცვლად ამისა, ნაღდი ანგარიშწორებით მიღებული თანხები Western Union-ის და მსგავსი კომპანიების მეშვეობით ეგზავნებოდათ ფიზიკურ პირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის კოლუმბიასა და უგანდაში. ბანკიდან ბანკში გადარიცხვები ხორციელდებოდა კომპანიის Clear Junction Ltd-ის მეშვეობით (გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული ფირმა, რომლის მფლობელიცაა ისრაელის მოქალაქე დმიტრი კაცი. წერილობით მიწოდებულ პასუხში დმიტრი კაცი აცხადებს, რომ კომპანია Clear Junction „ახორციელებს გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემოწმებას, საფინანსო ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და ჩვენი მკაცრი შიდა პროცედურების საფუძველზე“. წერილში ასევეა გაჟღერებული უარი კომენტარზე კითხვასთან დაკავშირებით, არის თუ არა MIlton Group კომპანია Clear Junction-ის კლიენტი, რის მიზეზადაც დასახელებულია მოთხოვნები კონფიდენციალობასთან დაკავშირებით).

მსხვერპლებს უთითებდნენ, რომ თანხა Clear Junction-ში ფიზიკური პირების სახელზე შეეტანათ. ქოლ ცენტრის თანამშრომლებს კი ეძლეოდათ მითითება, რომ ფულადი გზავნილების დოკუმენტაციაში ნახსენები არ ყოფილიყო ისეთი სიტყვები, როგორიცაა „კრიპტო“, „ინვესტიცია“ და „ბრენდი“.

OCCRP-ის პარტნიორი ორგანიზაციის, KRIK-ის მიერ ჩატარებული ინტერვიუ ცხადყოფს, რომ ერთი ელექტრიკოსი, აღმოსავლეთ სერბეთის პატარა ქალაქიდან ბორი, Milton-ის ერთ-ერთი ბრენდის (CryptoMB) თაღლითური სქემის შედეგად, დაუძლეველი ვალების წინაშე აღმოჩნდა.

თავდაპირველად მან CryptoMB-ის დაახლოებით 100 დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტა გაუგზავნა. შემდეგ აღმოჩნდა (ყოველ შემთხვევაში, კომპიუტერის მონიტორზე), რომ მისმა ინვესტიციამ მოიტანა 300-400 დოლარის მოგება, რამაც მას უფრო მეტი ინვესტიციების განხორციელებისკენ უბიძგა.

„ჯამში, ალბათ, 1 000 დოლარი დავაბანდე და მოგებაც ვნახე: 20 000 დოლარი, როგორც იქ ეწერა“, – ამბობს მსხვერპლი. „პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც საქმე თანხის რეალურად მიღებაზე, განაღდებაზე მიდის. აი, აქ იწყება პრობლემები!“

როცა მისმა „მოგებამ“ 23 000 დოლარს მიაღწია, მსხვერპლმა ფულის გამოტანა სცადა, მაგრამ მას მოულოდნელად ყალბი ადვოკატის ჰონორარის დავალიანება „დაეცა თავზე“. თანხის გამოტანის მიზნით, მან სესხი აიღო და  ყალბი ადვოკატი გაისტუმრა. 

ერთხელაც მას კომპანია CryptoMB-დან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ კომპანია გაკოტრდა და მასზე კონტროლს ამიერიდან გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ახორციელებდა. გარდა ამისა, დამატებით მოსთხოვეს 250 დოლარი, რომელიც მას ამჯერად კოლუმბიაში უნდა გაეგზავნა. მანაც გადაურიცხა ეს თანხა ვიღაც ქალს Western Union-ის მეშვეობით, თუმცა ფულის დაბრუნება ვერ შეძლო.

„თავს საშინლად ვგრძნობ. კატასტროფის წინაშე ვდგავარ. ამას სიტყვებით ვერ აღვწერ!“ – განაცხადა მსხვერპლმა.

„ბანკიდან გამოვიტანე კრედიტი, რათა მათთვის გადამეხადა. ახლა კი ვალებში ვიხრჩობი. საერთოდ აღარ მაქვს ფული. როგორ უნდა ვიგრძნო თავი? განადგურებული ვარ, მიწასთან გამასწორეს!“ 

წყარო: OCCRP 

 

ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობდნენ