კალაძის მეგობარი დეპუტატის ოჯახის სამშენებლო პროექტები თბილისში

ჟურნალისტი: მონიტორი
Divider dot 8 მაისი 2026

თბილისის რეკრეაციულ და ისტორიულ ზონებში, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არეალში მასშტაბურ მშენებლობებზე საკანონმდებლო შეზღუდვებია დაწესებული, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მშენებლობის ნებართვას დედაქალაქის მერის – კახა კალაძის მეგობარი პარლამენტარის – გიორგი ბარვენაშვილის ოჯახის წევრების ბიზნეს კომპანიები ითხოვენ? 

რას ყიდიან და ყიდულობენ თეიმურაზ უგულავასთან და გიორგი ბარვენაშვილთან დაკავშირებული კომპანიები?

ბიზნესმენ თეიმურაზ უგულავას სამშენებლო-დეველოპერული ბიზნესი იმითაა გამორჩეული, რომ მისმა კომპანიებმა თბილისში სხვადასხვა დროს საბჭოთა ურბანული არქიტექტურის მქონე არაერთი შენობა შეისყიდა, რომლებსაც რეკონსტრუქციის შედეგად დიდწილად შეუნარჩუნა ისტორიული იერსახე და ისინი სასტუმროებად და მულტიფუნქციურ სივრცეებად გარდაქმნა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად,  “სტამბისა” და  “ფაბრიკის” შემთხვევაში.

თბილისის ისტორიულ ცენტრში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დოდო აბაშიძის 10-ში ყოფილი “თბოელექტროცენტრალის” (თეც) ტერიტორია, ჯამში, 12,182 კვ.მ – 2018 წლის აგვისტოში უგულავას კომპანია “სითი ლოფტმა” 8 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. 

ადრეული საბჭოთა პერიოდის მონუმენტური ნაგებობები – ყოფილი “ფიზკულტურელთა სახლის” შენობა გია ყანჩელის (ყოფილი კონსტიტუციის ქ.) #6-ში და ყოფილი “სპორტული გაერთიანების საწვრთნელი ბაზა” გიორგი ჩუბინაშვილის #52-ში, ჯამში 14,030 კვ.მ ფართობის ტერიტორია კი “სითი ლოფტს” საქართველოს მთავრობის განკარგულებით 1 ლარად გადაეცა მაშინვე ერთ-ერთ საპრივატიზაციო პირობად შპს “სითი ლოფტის” მიერ 18,700,000 ლარის გადახდა განისაზღვრა თბილისის მერიის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

ორივე ადგილზე ინვესტორი მულტიფუნქციური სივრცეების მოწყობას გეგმავდა. თეიმურაზ უგულავას კომპანია “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ნინო კვერნაძე “მარკეტერისთვის” 3 წლის წინ მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა, რომ თეც-ის ტერიტორიაზე უკვე მოწყობილი იყო სახელოვნებო სივრცეები და ღამის კლუბი.

დამატებით იგეგმებოდა საღონისძიებო და საფესტივალო სივრცეების შექმნა; ჩუბინაშვილის 52-ში კი, სადაც უკვე ფუნქციონირებდა პადელის კორტები, კომპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების მიზნით აპირებდა ფიტნესისა და სპორტის ოთახების, ღია ცის ქვეშ სპორტული დარბაზის მოწყობას, ასევე, გარე სარეკრეაციო სივრცეების შექმნას.

დღესდღეობით ამ ტერიტორიებს ახალი მფლობელები ჰყავს – თეც-ი გიორგი ბარვენაშვილის გერის კომპანიამ იყიდა 2025 წლის ივლისში 9 428 200 აშშ დოლარად; ჩუბინაშვილის 52 კი – 2026 წლის 31 მარტს შეიძინა ბარვენაშვილის ვაჟმა 4 720 000 აშშ დოლარად. 

როგორც ირკვევა, ახალი მფლობელების მიზანი აქ არა მულტიფუნქციური სივრცეების განვითარება, არამედ დეველოპერული საქმიანობაა, კერძოდ, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

რას უწუნებდნენ მერიაში თეც-ის ძველ მფლობელს და რა შეიცვალა?

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული „თბოელექტროსადგურის“ [თეც] ყოფილი შენობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილ ძეგლებზე, შესაძლებელია მხოლოდ დაზვერვითი, გაწმენდითი, არქეოლოგიური და პრევენციული კონსერვაციის სამუშაოების ჩატარება.

თეიმურაზ უგულავას კომპანია “ურბან ელექტრიკმა”, რომლის საწესდებო კაპიტალშიც თეც-ის ტერიტორია 2020 წლის დეკემბერში შეიტანა მფლობელმა, თბილისის მუნიციპალიტეტის არქტიტექტურის სამსახურს არაერთხელ მიმართა დოდო აბაშიძის 10-ში სხვადასხვა სახის მშენებლობის ნებართვებისთვის, თუმცა მოთხოვნა ხშირად განუხილველი რჩებოდა. ერთ-ერთი ბოლო განცხადება 2024 წლით თარიღდება – “ურბან ელექტრიკი” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ პირველი კლასის დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსებაზე ნებართვას ითხოვდა, რაც არქიტექტურის სამსახურმა განუხილველი დატოვა და ეს ასე დაასაბუთა:

“პასუხად გაცნობებთ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის N3/181 ბრძანების თანახმად, ქ. თბილისში, დ. აბაშიძის ქ. N10-ში არსებულ შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, განაცხადი უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის ნომენკლატურაში: ელექტრონული განაცხადები>მშენებლობის ნებართვა>კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სარეაბილიტაციო სამუშაოები”.

იყო შემთხვევა, როდესაც უგულავას კომპანიას უარი ეთქვა ნებართვაზე – მაგალითად, 2020 წელს “სითი ლოფტმა” თეც-ის ტერიტორიაზე არსებული ღობის ნაწილობრივი კორექტირება და ღობეზე კარის გაჭრის ნებართვა მოითხოვა, რაც არქიტექტურის სამსახურმა არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილებაში უარის მიზეზად მიუთითა ის, რომ განცხადება “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნომენკლატურაში” არ იყო დარეგისტრირებული.

“არქიტექტურის სამსახურში შემოსულ არცერთ განაცხადზე არ გაცემულა შინაარსობრივი უარი (გარდა არასწორი ნომენკლატურით ატვირთული განაცხადისა, სადაც მოხდა სწორ ნომენკლატურაზე მითითება)”, – მოგვწერეს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან ჩვენი შეკითხვის პასუხად.

ჩვენს “ურბან ელექტრიკის” დირექტორს, ნატო ჯაფარიძეს ვკითხეთ, უქმნიდა თუ არა პრობლემებს ეს გადაწყვეტილებები მის კომპანიას თეც-ის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის განხორციელებაში?

“მე არ ვუკავშირდებოდი არქიტექტურის სამსახურს, ჩვენი სამშენებლო კომპანიიდან ხდებოდა ეგ და მე ვერ გაგცემთ პასუხს”, – გვითხრა ჯაფარიძემ.

ამის შემდეგ კომპანიის წარმომადგენელს – ია ჩეხერიას დავუკავშირდით, რომელიც ითხოვდა არქიტექტურის სამსახურში თეც-ის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვებს თეიმურაზ უგულავას კომპანიების სახელით.

“ბოდიში, ჩვენი კომპანიის საკუთრებაში აღარ არის ეს ტერიტორია და არ გაგცემთ, თუ შეიძლება, ამ საკითხზე პასუხს,” – გვითხრა ჩეხერიამ.

2025 წლის ივლისში “ურბან ელექტრიკმა” თეც-ის ყოფილი ტერიტორია შპს “ნეოსითილაითს” მიყიდა, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა, მშენებლობის ნებართვის მოპოვების შემდეგ ან 2026 წლის 1 სექტემბრამდე გამყიდველს 1 ლარად უნდა დაუბრუნოს უკან გაყიდული 11,893 კვ.მ ტერიტორიიდან 3,986 კვ.მ

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში, 2025 წლის 12 ნოემბერს შპს “ნეოსითილაითის” მფლობელი კომპანია “მეზონ ბალკის” 100%-ანი წილის მესაკუთრე მარიამ დოლიძემ განცხადებით მიმართა თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცება ყოფილი თეც-ის ტერიტორიაზე.

ეს ტერიტორია, გარდა იმისა, რომ მასზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია განთავსებული. ისტორიული განაშენიანების ზონაშია მოქცეულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მშენებლობა დასაშვებია, თუკი საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია და პროპორციები შეესაბამება საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს. ამასთან, ახალი მშენებლობა არ უნდა უპირისპირდებოდეს ისტორიული განაშენიანების იერსახეს, მორფოლოგიასა და მასშტაბს.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელია „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ თანხმობა.

“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო” დაეთანხმა დოდო აბაშიძის 10-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის საკითხს, მხოლოდ წარმოდგენილი ესკიზის შეთანხმების გარეშე. ესკიზის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე შუშის 11-სართულიანი კორპუსები უნდა აშენებულიყო. მოგვიანებით ესკიზში შუშა აგურით მოპირკეთებულმა შენობებმა ჩაანაცვლა, მაქსიმალურმა სართულიანობამ კი 11-დან 9-მდე დაიწია.

საბჭოს 7 წევრიდან 3-ის დასკვნა უარყოფითი იყო – მათ შორის გახლდათ ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, რომელსაც “მონიტორი” ესაუბრა:

“მშენებლობის მასშტაბურობა ქმნის პრობლემას ისტორიულ ზონაში, რადგან ის არღვევს მორფოლოგიას და ძეგლის აღქმის არეალებს. თუ პროექტი ნახეთ, ნახავდით, რამხელა მასშტაბის კორპუსებს აშენებენ, რაც ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია. თვითონ თეც-ი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია და მის ტერიტორიაზე ამხელა ობიექტების მშენებლობა არა მგონია, რომ ფასეულობას სძენდეს ძეგლს”. 

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან მოგვწერეს, რომ საპროექტო ტერიტორიაზე 2014-2019 წლებში ვრცელდებოდა მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6), სადაც დასაშვები იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსება:

“იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი გენერალური გეგმით მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების გაუარესებულია, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ქალაქგეგმარებითი მიზანშეწონილობის დასაბუთების შემთხვევაში, ხდება ფუნქციური ზონირების დაბრუნება. ბოლო წარმოების პროცესში განხორციელდა სამშენებლო განვითარების კომპლექსურად შესწავლა.შედეგად, საპროექტო წინადადებით, ნაცვლად საცხოვრებელი 6 (სზ-6) არსებული კ-2 კოეფიციენტის კ-2.5- სრულად ათვისებისა, ტერიტორიის განვითარება ხდება კ-2.1-ით. აქედან, ახალი საპროექტო შენობები ითვისებს მხოლოდ  კ-2 -1.8. კოეფიციენტს”, – აცხადებენ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.

“კოეფიციენტები ისტორიულ ზონაში არ ვმუშაობთ და აქ მთავარი არ არის კოეფიციენტი, არამედ ისტორიული გარემო და შესაბამისად, აი, იმ ისტორიულ გარემოსთან იყო შეუსაბამო წარმოდგენილი პროექტი სავარაუდოდ იმ ადამიანებისთვის საბჭოში, ვინც უარყოფითი რეკომენდაცია მისცა”, – გვითხრა თამარ ამაშუკელმა.

2025 წლის 19 დეკემბერს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დოდო აბაშიძის №10-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშეწიანების რეგულირების გეგმის პროექტი. ამ დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის ფართობია 11,893 კვ.მ, რომელზეც 4 შენობა უნდა განთავსდეს. აქედან 2 უკვე ამ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, რომლებიც უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ დაიტვირთოს კომერციული ფუნქციით. რაც შეეხება ახალ შენობებს, ეს იქნება 2 ახალი საცხოვრებელი კორპუსი – 8-სართულიანი [ სიმაღლე – 29.25 მ] და 9-სართულიანი [სიმაღლე 33 მ].

“ჯობდა, რომ მერიას და საკრებულოს ნებართვა არ გაეცათ მანამდე, სანამ მისაღებ პროექტს და მშენებლობის მისაღებ ზომებს არ მიიღებდნენ, მაგრამ ამ ქალაქში სამწუხაროდ ასე ხდება, რომ ვიღაცისთვის ყველაფერი შეიძლება და ვიღაცისთვის – არაფერი. გავლენიანი მფარველის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ასეთი დიდი პროექტისთვის ასეთ მნიშვნელოვან ადგილას ასე მარტივად მიიღო ნებართვა,” – გვითხრა თამარ ამაშუკელმა.

ვინ არის გავლენიანი მფარველი?

გასული წლის სექტემბერში ტვ “პირველის” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათმა” გაარკვია, რომ მარიამ დოლიძე, რომელმაც დააფუძნა შპს “მეზონ ბალკი” და ამ უკანასკნელის საშუალებით – შპს “ნეოსითილაითი”, “ქართული ოცნების” დეპუტატის – გიორგი ბარვენაშვილის გერია.

“აი, ეს ტერიტორია გიყიდიათ და რატომ გადააფორმეთ 26 წლის ნათესავზე? იმიტომ, რომ ქონების გადამალვა გინდოდათ ნებართვის მისაღებად და ზონირების შესაცვლელად? კახი კალაძის გავლენებს იყენებთ, რომ დიდი ფული იშოვოთ ამ ბიზნესში?” – ტვ “პირველის” ჟურნალისტის ამ კითხვებს გიორგი ბარვენაშვილმა მაშინ ასე უპასუხა: “პინოკიოს გამოგზავნილ მალვინას ხმას არ ვაძლევ და ინტერვიუს არ მოგცემთ. პინოკიო მომიკითხეთ”.

ამ საკითხებზე ტვ “პირველის” ჟურნალისტის შეკითხვებს არ უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ კი ჟურნალისტის შეკითვაზე –  გადაწყვეტილების მიღების დროს, იცოდა თუ არა, რომ ეს “ქართული ოცნების” დეპუტატის კომპანიისთვის ცვლილება იყო? – ასე უპასუხა: “ჩვენ არც ერთ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ იმ ნიშნით, რომ ვინ დეპუტატის არის, კონკრეტულად ვისი ბიზნესინტერესია”.

“მონიტორი” დაუკავშირდა მარიამ დოლიძეს. ჩვენს შეკითხვაზე – მოიპოვა თუ არა  გიორგი ბარვენაშვილის გავლენით მშენებლობის უფლება ყოფილი თეც-ის ტერიტორიაზე მისმა კომპანიამ, დოლიძემ გვიპასუხა: “უცხოეთში ვარ, მე ვერ გესაუბრებით, გმადლობთ. ნახვამდის”. დამატებით ჩვენს წერილობით შეკითხვებს მან არ უპასუხა.

ბარვენაშვილი წინა მოწვევის პარლამენტში მოქმედი პრემიერ-მინისტრის – ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გახდა. ის ამ მოწვევის პარლამენტის წევრიცაა. პოლიტიკაში ბიზნესიდან ჩაერთო და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მსხვილი შემწირველიცაა

მის საკუთრებაშია არაერთი ბიზნეს კომპანია საქართველოში. აქვს ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, 110,000 აშშ დოლარის ღირებულების Audemars Piguet-ის ბრენდის მაჯის საათი, 80,000 დოლარიანი  Rolex-ის, 72,000 დოლარიანი – Richard Mille-სა და  52,000 აშშ დოლარიანი Patek Philippe-ის მაჯის საათები.

დეკლარაციის მიხედვით, ბარვენაშვილის ცოლი მაია მაისაძეა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები და პოსტები ადასტურებს, რომ მაისაძე მარიამ დოლიძის დედაა.

ბარვენაშვილის 2025 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ცოლის არანაირი ბიზნესი არ არის ნახსენები, გარდა მის საკუთრებაში არსებული ფუფუნების ნივთებისა, როგორიცაა:

  • ავტომობილი Porsche 911 Turbo S Cabrio (შეძენილია 2024 წელს 130,000 ევროდ) 
  • ავტომობილი Bentley Bentayga Azure (შეძენილია 2025 წელს 242,000 ევროდ)
  • ნაღდი ფულის დანაზოგი 46,000 აშშ დოლარი და 15,300 ევრო
  • ბანკის დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშები TBC ბანკში 8,000 ევროს, 10,000 აშშ დოლარს და 7,861 ლარს შეიცავს.

“მონიტორმა” გაარკვია, რომ მაია მაისაძე თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლთან – ანა არეშიძესთან ერთად  ფლობს წილებს კომპანიაშივისიონარი

წილის გადაცემის ხელშეკრულების თანახმად, 2025 წლის ივნისში მაია მაისაძემ კომპანიის 30% მიიღო უსასყიდლოდ, ხოლო ანა არეშიძემ რამდენიმე თვის შემდეგ, დეკემბერში – მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მთავრობამ დაამტკიცა მაია მაისაძის ქალიშვილის პროექტი თეც-ის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის შესახებ.

2025 წლის ოქტომბერში შექმნილი ინსტაგრამის გვერდიდან ჩანს, რომ Visionary ძვირადღირებულ ბრენდირებულ სათვალეებს ყიდის მაღაზია “ბოიგარსში”, რომელიც ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის – ბოიგარ ავსაჯანაშვილის ოჯახს ეკუთვნის.

“ვისიონარის” დამფუძნებელს – მზია გიგაურს ვკითხეთ, თუ რატომ გადასცა უსასყიდლოდ წილები დეპუტატისა და მერის ცოლებს, რაზეც გვიპასუხა: “უკაცრავად, მაგრამ არანაირი კომენტარი არ მაქვს ამ საკითხზე, ბოდიში”.

გიორგი ბარვენაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია. 2019 წლის ნოემბერში „მთავარ არხისა“ და „ფორმულის“ ეთერში გავიდა სიუჟეტები ევროპაში – კომოს ტბაზე გამართული წვეულების შესახებ, რომლის მასპინძელი გიორგი ბარვენაშვილი იყო, სტუმრები კი მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე. მოგვიანებით, 2022 წელს ბარვენაშვილმა წვეულება იტალიის ქალაქ სტრესაში გადაიხადა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ წვეულებასაც ესწრებოდნენ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები.

საბა ბუაძე, თბილისის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან გვეუბნება, რომ თბილისში რამდენიმე დეველოპერია, რომლებიც პირდაპირ წარმოადგენენ მერის – კახა კალაძის ინტერესებს სამშენებლო სფეროში და ბარვენაშვილი ერთ-ერთი მათგანია.

“ეს ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი და მათ შორის ბარვენაშვილის საკუთრებაში არსებული სხვა ტერიტორიები, რომელიც თბილისში ზოგი შენდება და ზოგი პროცესშია განვითარების, ეკუთვნის რეალურად კალაძესაც და კალაძე არის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრე იმ ყველაფრისა, რასაც აკეთებს ბარვენაშვილი. ამიტომ არის, რომ ამ ხშირად შეუსაბამო ნებართვების გაცემა ხდება ხოლმე ამ პროექტებისათვის”, – უთხრა ბუაძემ “მონიტორს”.

ბარვენაშვილის საოჯახო ბიზნესი შუამავლის როლში და მიღებული შემოსავლები

დედაქალაქის მთავრობის მიერ თეც-ის ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტის დამტკიცებიდან რამდენიმე თვეში, 2026 წლის 20 მარტს, წინა მფლობელმა, ანუ თეიმურაზ უგულავას კომპანიამ აწ უკვე მშენებლობის უფლებით დატვირთული 3,986 კვ.მ ტერიტორიის კვლავ მის საკუთრებაში რეგისტრაცის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა, როგორც ეს ნასყიდობის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, თუმცა საჯარო რეესტრმა ამ ეტაპზე განცხადება დაახარვეზა და 1 მაისს სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა.

2026 წლის 6 მარტს ხელი მოეწერა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, თეც-ის ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტის მესაკუთრე, „ნეოსითილაითის“ 75.1%-იანი წილი შპს “ფაუერ ჰაუს 1”-ს 9,540,000 აშშ დოლარად გადაეცა. ამავდროულად, მყიდველი დათანხმდა კომპანიისთვის ერთობლივად სესხის გამოყოფას. სესხის თანხა ჯამში შეადგენს 9,800,000 აშშ დოლარს, საიდანაც მყიდველი გადაიხდის 7,360,000 აშშ დოლარს, ხოლო გამყიდველი – 2,440,000 აშშ დოლარს, რომელსაც გამყიდველის მიერ გადახდილი მესამე ტრანშიდან დაფარავს. ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე, მოიცავს მიმდებარე ტერიტორიაზე  – დოდო აბაშიძის 17-ში 370 კვ. ტერიტორიის კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანას.

ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია, თუმცა ხარვეზების გამო სამეწარმეო რეესტრმა შპს “ნეოსითილაითის” 75.1% წილის მფლობელად შპს „პაუერ ჰაუს 1“ არ დაარეგისტრირა და 16 აპრილს სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს “ფაუერ ჰაუს 1” 2026 წლის იანვარში დარეგისტრირდა და მისი მფლობელები არიან მერაბ ადეიშვილი, რამაზ და ნოდარ ადეიშვილები.

მერაბ ადეიშვილი 1995-დან 2003 წლამდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა და ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. ნოდარ და რამაზ ადეიშვილები კი მისი შვილები არიან.

ეს ოჯახი, ისევე როგორც კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ უგულავა მამუკა ხაზარაძის ბიზნესებთან არიან დაკავშირებულნი. ხაზარაძე TBC ბანკის, დამფუძნებელი და პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერია. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, მერაბ ადეიშვილი მამუკა ხაზარაძესთან ერთად ფლობს წილებს შპს „შპს ჯორჯიან რიელ ისთეით მენეჯმენტ”-ში.

ნიკოლოზ უგულავას ვკითხეთ, თუ რატომ ვერ აღმოფხვრა მისმა კომპანიამ სამეწარმეო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზი და ხომ არ იგეგმება ამის გამო შპს “ნეოსითილაითის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაწყვეტა, რაზეც არ გვიპასუხა.

ჩვენს შეკითხვებს არც თეიმურაზ უგულავას კომპანიებში უპასუხეს, თუ როგორ აპირებენ საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზების გასწორებას და ყოფილი თეც-ის ტერიტორიის ნაწილის უკან დაბრუნებას?

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უგულავა-ბარვენაშვილების გარიგება მხოლოდ ყოფილი თეც-ის ტერიტორიით არ შემოიფარგლება.

2026 წლის 31 მარტს  თემურ უგულევას კუთვნილმა კიდევ ერთმა კომპანიამ – შპს “აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიამ” “ქართული ოცნების” პარლამენტარის ოჯახის წევრის, ამჯერად ვაჟის – ოთარ ბარვენაშვილის კუთვნილ კომპანიას –  შპს ”ურბან ლაიფს” მიყიდა შპს “ნინოშვილი 64”-ის 100% წილი. ამ უკანასკნელის საკუთრებაშია შპს “ნიუ ლაიფი”, რომელიც  თბილისში, ეგნატე ნინოშვილის 64-ში 6,412 კვ.მ. ტერიტორიას ფლობს.

ეს ტერიტორია 2017 წლის ივლისში შპს “ნიუ ლაიფმა” 4,510,684 აშშ დოლარად იყიდა და იმავე წელს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის უფლება მიიღო. 2026 წლის 31 მარტს კი ბარვენაშვილის ვაჟმა “ნიუ ლაიფის” მფლობელი კომპანია 7 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.

ამას გარდა, 2026 წლის 31 მარტს ოთარ ბარვენაშვილის კომპანიამ – შპს „ურბან ლაიფ ნინოშვილი“ 4 720 000 აშშ დოლარად იყიდა თემურ უგულავას კომპანიის – შპს “ჩუბინაშვილი 52”-ის საკუთრებაში არსებული 14,030 კვ.მ ტერიტორია გია ყანჩელის #6/გიორგი ჩუბინაშვილის #52-ში. ეს ტერიტორია თეიმურაზ უგულავას კომპანია შპს “სითი ლოფტმა” 2020 წელს შეიძინა. ტერიტორიას რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსი აქვს, რაც მას მასშტაბური მშენებლობებისგან იცავს.

მაშინ ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის მშენებლობას აპროტესტებდა ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი თბილისის მერიისგან ითხოვდნენ, რომ ამ ადგილზე ქალაქის მთავრობას მოსახლეობისთვის რეკრეაციული სივრცე მოეწყო. მაშინ კომპანია “სითი ლოფტმა” განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას და სარეკრეაციო არეალის შექმნას გეგმავდა. “ნეტგაზეთისთვის” წერილობით გაგზავნილ პასუხში თბილისის მერია შემდეგ პირობას დებდა: „აღნიშნულ ტერიტორიაზე კორპუსები არ აშენდება. განაშენიანება მოხდება რეკრეაციული და საზოგადოებრივი ფუნქციების გათვალისწინებით“.

ჩვენ ოთარ ბარვენაშვილს ვკითხეთ, აპირებს თუ არა ამ ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად მიმართოს დედაქალაქის მერიას, რაზეც ასე გვიპასუხა: “არ ვაკეთებ არანაირ კომენტარს, ნახვამდის!

ბარვენაშვილებთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ: “მყიდველის მიზანია ზემოაღნიშნულ ქონებაზე განახორციელოს დეველოპერული საქმიანობა და მოახდინოს შეძენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენება. მხარეები თანხმდებიან, რომ გამყიდველს არ ეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა მყიდველის მიერ ქონებაზე სამშენებლო საქმიანობის განხორციელების თაობაზე. ქონების სამშენებლოდ ათვისების საკანონმდებლო და სხვა შესაძლებლობები მყიდველის მიერ შესწავლილია და მის პასუხისმგებლობას წარმოადგენს”.

“ბოლოს ეს ქალაქი იქნება მარტო საცხოვრებელი სახლების და არაფერი არ იქნება საცხოვრებელი სახლების გარდა, რაღაც საძილე კვარტალს უფრო დაემსგავსება, ვიდრე ნამდვილ ქალაქს. ეს პრობლემაა. ამის დარეგულირება ქალაქს შეუძლია, შეუძლია განსაზღვროს სად სჭირდება ამდენი კორპუსი, სად არ სჭირდება ამდენი კორპუსი, მაგრამ ჩვენ ქალაქში ეს არაფერი არ ხდება და დაურეგულირებელია და ამის პოლიტიკა არ არსებობს”, – უთხრა “მონიტორს” თამარ ამაშუკელმა.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან მოგვწერეს, რომ ყანჩელის ქუჩა N6/ჩუბინაშვილის ქუჩა N52-ში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარებასთან დაკავშირებით ადმინინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს.

“რაც შეეხება ს/კ 01.16.01.009.003 ნაკვეთს, (გია ყანჩელის ქ. N6/ გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N52) მის სამშენებლო განვითარებასთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურში განაცხადი საერთოდ არ არის შემოსული,” – ეს კი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან მოგვწერეს.

ეს წერილობითი პასუხები თბილისის მერიის ორივე სამსახურიდან მას შემდეგ მოგვწერეს, რაც 7 მაისს თბილისის მერს, კახა კალაძეს ჩვენი წერილობითი შეკითხვები გადავეცით. ამის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ზღვისუბანში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასათვალიერებლად მისულ მერს ვკითხეთ, აპირებდა თუ არა მერია ჩუღურეთის მოსახლეობისთვის 2020 წელს მიცემული პირობის შესრულებას და რეკრეაციული ზონის შენარჩუნებას ჩუბინაშვილის 52-ში, რომელიც 31 მარტს მისი მეგობარი დეპუტატის ვაჟმა “სამშენებლოდ გამოყენების მიზნით” შეისყიდა. მერმა ჯერ გვითხრა, რომ არ იცოდა, რაზე ვეკითხებოდით და ამის მიუხედავად, ტყუილების გავრცელებაში დაგვადანაშაულა. თან იმ დოკუმენტების ჩვენებას გვთხოვდა, რომლებიც მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომია და ჩვენს სტატიაშიც წარმოდგენილია რამდენიმე მაგალითი.

თბილისის მერთან კახა კალაძესთან ჩვენი საუბრის სრული ჩანაწერის სანახავად გადადით ამ ბმულზე:

კალაძემ დაგვიდასტურა, რომ გიორგი ბარვენაშვილი მისი მეგობარია, ცოლები კი ბიზნესპარტნიორები. თუმცა იქვე განაცხადა, რომ წლის განმავლობაში 100 ათასობით კვადრატულ მეტრზე გაიცემა სამშენებლო ნებართვები, რომელსაც, როგორც თავად გვითხრა, არა მერი, არამედ მერიის შესაბამისი სამსახურები გასცემენ.

“მე საერთოდ არ მაინტერესებს, ვის რა ბიზნესი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს? ბარვენაშვილი ჩემი მეგობარია, ჩემი პირადი მეგობარია და მაგას გეუბნებით, რომ პარლამენტარების 95% ჩემთან მეგობრობს,” -გვითხრა კალაძემ.

ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა თავად დეპუტატმა გიორგი ბარვენაშვილმა.