თაღლითური ქოლცენტრის “ა.კ ჯგუფის” აგენტები მუშაობას აგრძელებენ

Divider dot 7 აგვისტო 2026

2025 წლის მარტში „მონიტორმა“ და 32-ზე მეტმა მედიამ გამოაქვეყნა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება თაღლითური ქოლცენტრის „ა.კ. ჯგუფის“ შესახებ, სადაც 85 აგენტი მუშაობდა. თაღლითურმა ქოლცენტრმა 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში 6 100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვა და 35 000 000 დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ა.კ ჯგუფის“ შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო ჯგუფური თაღლითობისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მუხლებით. სასამართლო განჩინების საფუძველზე, თაღლითური ქოლცენტრის ხელმძღვანელებსა და აგენტებს დაუყადაღდათ უძრავი და მოძრავი ქონება, ასევე წილები სხვადასხვა კომპანიაში. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება ეყდნობოდა ქოლცენტრიდან გამოჟონილ მასალებს, რომელიც შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (SVT) მოიპოვა. “ა.კ. ჯგუფს” თბილისში მინიმუმ 3 ოფისი ჰქონდა, ქავთარაძის ქუჩაზე, შარტავას ქუჩასა და დიღომში. 2025 წელს ვაჩვენეთ როგორ მუშაობდა თაღლითური ქოლცენტრი ქავთარაძისა და შარტავას ქუჩებზე, ახალი ჟურნალისტური გამოძიება კი, გიყვებათ დიღომში მდებარე ოფისის შესახებ.

„მონიტორმა“ მიიღო ინფორმაცია, რომ დიდ დიღომში, მირიან მეფის 68 ნომერში, თაღლითური ქოლცენტრის, „ა.კ. ჯგუფის“ თანამშრომლები სისტემატურად დადიან. წყაროს 2025 წელს გამოქვეყნებული ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება ჰქონდა ნანახი და ამოიცნო პირები, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე ხშირად ხედავდა – მათ შორის „ა.კ ჯგუფის“ ხელმძღვანელი აკაკი ქევხიშვილი.

მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება დავიწყეთ.

რამდენიმე თვის განმავლობაში ფარულად ვიღებდით მირიან მეფის ქუჩის 68 ნომერში ოფისის მიმდებარე ტერიტორიას.

აღმოვაჩინეთ , რომთაღლითური ქოლცენტრის, „ა.კ ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირები და ის აგენტები, რომლებიც 2025 წლის ჟურნალისტური გამოძიებისას გამოვავლინეთ და რომელთა ქონებებიც “ა.კ. ჯგუფის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის პროცესში დაყადაღდა, მირიან მეფის ქუჩაზე განაგრძობენ მუშაობას.

დიღმის ოფისთან ჩვენი პირველივე მისვლა შედეგიანი აღმოჩნდა. ოფისის პარკინგზე ამოვიცანით რამდენიმე ავტომობილი, რომლებიც წინა ჟურნალისტური გამოძიებისას გამოვლენილ აგენტებს ეკუთვნის.

ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით WT100FK „ა.კ ჯგუფის“ რუსულენოვან აგენტს, ანჟელიკა ჩხაპელიას ეკუთვნის.  ფარული გადაღებისას ანჟელიკა ჩხაპელია შენობიდან გამოსული არაერთხელ დავაფიქსირეთ. ჯერ კიდევ 2025 წელს ანჟელიკა ,,ა. კ ჯგუფის ქავთარაძის ოფისში მუშაობდა

ფოტო გადაღებულია ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ქოლცენტრთან 2025 წელს

ფოტო გადაღებულია 2026 წელს მირიან მეფის 68ა-ში მდებარე ოფისთან.

ოფისისკენ მიმავალი ანჟელიკა ჩხაპელია (ფოტო გადაღებულია 2026 წელს მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან)

საქართველოს ოფისიდან მომუშავე სკამერების სამიზნეები ძირითადად ევროპისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.

ფეისბუკზე განთავსებული იყო ყალბი რეკლამები, რომლებშიც, თითქოს, ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ და მოქალაქეებს კრიპტოვალუტაში ინვესტირებისკენ მოუწოდებდნენ.

დამაჯერებელი რეკლამით მოხიბლული ადამიანები გადადიოდნენ ბმულზე, სადაც დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პლატფორმა მათ საკონტაქტო მონაცემების შეყვანას სთხოვდა. მონაცემების მითითების შემდეგ, ეს ყალბი გვერდები ინფორმაციას თაღლითურ ქოლცენტრებზე ყიდდნენ, ერთი ადამიანის საკონტაქტო მონაცემებს 1000 ევროდ. ამის შემდეგ საქმეში ქოლცენტრის აგენტები ერთვებოდნენ.

ქოლცენტრიდან გამოჟონილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ აგენტები მსხვერპლთა ყოველ მოქმედებას აკვირდებოდნენ კომპიუტერებსა და ტელეფონებში. მათ სრული წვდომა ჰქონდათ მოქალაქეების პირად ინფორმაციაზე, მათ შორის – საბანკო ანგარიშებზე. ამრიგად, აგენტებმა ზუსტად იცოდნენ, რომელ მსხვერპლს ზოგი ჰქონდა. ისინი ხშირად მსხვერპლებს დასცინოდნენ კიდეც.

აგენტები საკუთარ თავს „სკამერებს“, ანუ თაღლითებს უწოდებენ. მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებებისა, შიდა მიმოწერებში ხანდახან ერთმანეთს რეალური სახელებით მიმართავდნენ. ისინი თავს იწონებდნენ ფუფუნებით სავსე არდადეგებით, ძვირფასი სამკაულებითა და ბრენდული ტანსაცმლით; საუბრობდნენ მეუღლეებსა და სხვა პირად დეტალებზე. ამ ყველაფრის ანალიზითა და დეტალების შეკრებით, ჩვენ შევძელით ბევრი მათგანის რეალური ვინაობის დადგენა.

ჩვენ ასევე მოვიპოვეთ „ა.კ ჯგუფის“ სხვადასხვა წვეულებაზე გადაღებული ფოტოებიც, სადაც ქოლცენტრის აგენტები პოზირებდნენ. 

ამ ფოტოებზე ანჟელიკა ჩხაპელიაც ხშირად ჩანდა.

მარცხნივ ქოლ-ცენტრის დირექტორი მერი შოთაძე, მარჯვნივ ანჟელიკა ჩხაპელია.”ა.კ ჯგუფის” წვეულებაზე გადაღებული მოძრავი ფოტოები.

მაშინ გავარკვიეთ ისიც, რომ ჩხაპელია გამოგონილ სახელს – მარინა ნოვიკოვას იყენებდა და რუსულენოვან მსხვერპლებს ურეკავდა.

გამოჟონილ დოკუმენტებთან ერთად, მოვიპოვეთ აუდიო მასალებიც, რომლებც ასახავს აგენტების სატელეფონო ზარებს სხვადასხვა ქვეყანაში.. ერთ-ერთ ასეთ ჩანაწერში ანჟელიკა ჩხაპელია, გამოგონილი სახელით, სომხეთის მოქალაქეს არწმუნებს, რომ ფული არარსებულ კრიპროვალუტაში დააბანდოს.

მოგვიანებით მარინა ნოვიკოვა კლიენტს ეუბნება, რომ AnyDesk გადმოწეროს. ამ აპლიკაციით, კი აგენტები აკვირდებოდნენ თუ რას აკეთებდენ მსხვერპლები თავიანთ კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში. ხედავდნენ, იმასაც კი, თუ ვის რა თანხა ჰქონდა საბანკო ანგარიშზე. კითხულობდნენ მათ პერსონალურ მიმოწერებსაც.

მას შემდეგ რაც მოქალაქემ 5,500 დოლარი გადარიცხა, თუმცა ფული უკან ვერ დაიბრუნა, ანჟელიკა ჩხაპელია მას კიდევ მეტი თანხის გადმორიცხვას სთხოვს. ჰპირდება რომ საბოლოოდ თანხას სრულად მიიღებს. რასაც მსხვერპლი აღარ იჯერებს. სწორედ ამ დროს, სკამერის თავაზიანი ტონი, აგრესულით იცვლება.

მსხვერპლი: მე ჩავდე 5500.


მარინა ნოვიკოვა (ანჟელიკა ჩხაპელია): გადასარევია, თქვენ ჩადეთ 5500 და გამოიმუშავეთ დაახლოებით 50 000.

მსხვერპლი: არ გამომიმუშავებია, რომ გამომემუშავებინა ეს ფული ახლა მე მექნებოდა. ესეიგი მე დავკარგე 5500 დოლარი.

მარინა ნოვიკოვა (ანჟელიკა ჩხაპელია): მომისმინეთ აშოტ, ხვდებით ახლა რა მიზეზით არ შეგვიძლია თქვენთვის 6000 დოლარის მოცემა.

მსხვერპლი: მე თუ არ შემოგთავაზებთ წესებს, არაფერს არ გავაკეთებ

მარინა ნოვიკოვა (ანჟელიკა ჩხაპელია): ეს ასე არ მუშაობს. მაშინ  დაჯექით და თქვენი ბირჟა მოიფიქრეთ თქვენ თითონ (ყვირის). აშოთ თქვენ როგორც ამბობთ ისე იქნება თქვენ სახლში. ბირჟას თავისი წესები აქვს, როგორც გეუბნებიან ისე უნდა გააკეთოთ.

კიდევ ერთ ჩანაწერში, მარინა ნოვიკოვა 75 წლის პენსიონერ ქალს ურეკავს. ის უკვე გაძარცვეს A.K ჯგუფის სხვა სკამერებმა.

მიუხედავად ქალის მძიმე ემოციური და მატერიალური მდგომარეობისა, მარინა ნოვიკოვა მის მოტყუებას განაგრძობს, და დამატებით ფულის გადმორიცხვას სთხოვს.

მოგვინებით, საქმეში ერთვება A.K. ჯგუფის შენარჩუნების გუნდის სკამერი და ქალს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლად ეცნობა. მსხვერპლს დაზღვევის გაკეთებას სთხოვს, რათა მან ბანკიდან ფულის მიღება შეძლოს. ამის შემდეგ, სატელეფონო ხაზზე კვლავ მარინა ნოვიკოვაა.

მირიან მეფეზე მდებარე ოფისის ავტოსადგომზე, ჩვენ გადავიღეთ „BMW“-ს მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით – IX060XI). ეს მანქანა მანამდე ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე თაღლითურ ქოლცენტრთანაც გვქონდა დაფიქსირებული.  BMW-თი ეიქეი ჯგუფის თანამშრომელი მიშა ბაირამოვი გადაადგილდება.

მარცხენა კადრი გადაღებულია 2026 წელს, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან. მარჯვენა ფოტო გადაღებულია ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ქოლცენტრთან 2026 წელს.

მიშა ბაირამოვი – ფოტო გადაღებულია მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან 2026 წელს.

კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც მირიან მეფის ქუჩის ოფისის ავტოსადგომზე გადავიღეთ, შევროლეტის მარკის (სახელმწიფო ნომრით – VL999RO) მანქანაა. ის მანამდე, 2025 წელს, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ოფისთანაც გვქონდა დაფიქსირებული. ავტომობილი „A.K ჯგუფის“ კიდევ ერთ თანამშრომელს, ვალერიან გიგაურს ეკუთვნის. გიგაურიც არაერთხელ გადავიღეთ მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან.

ჩვენ ვალერიან გიგაურს დავუკავშირდით, თუმცა მან უარყო რომ ქოლ-ცენტრში მუშაობს.

ჟურნალისტი: თქვენ თაღლითურ ქოლ-ცენტრში მუშობდით AK ჯგუფში, ახლა მირიან მეფის ოფისში მუშაობთ. კვლავ თაღლითურ ქოლ-ცენტრში აგრძელებთ მუშაობას?

გიგაური: არა, გეშლებათ რაღაც… (თიშავს ტელეფონს)

მარცხენა ფოტო გადაღებულია 2026 წელს მირიან მეფეზე მდებარე ოფისთან. მარჯვენა ფოტო გადაღებულია ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ოფისთან.

ვალერიან გიგაური – ფოტო გადაღებულია 2026 წელს მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან.

იმის დასადასტურებლად, რომ „ა.კ ჯგუფის“ თანამშრომლები რეგულარულად დადიან მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისში, „მონიტორი“ რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდა მიმდებარე ტერიტორიას. ჩვენ დავადგინეთ, რომ ისინი მუშაობას დილის 11 საათზე იწყებენ. ერთ-ერთი გადაღებისას ჩვენ ოფისისკენ მიმავალი „A.K ჯგუფის“ ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელი, ქეთევან მალაშხია დავაფიქსირეთ. ქეთევან მალაშხიას ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით – KK700MM) მირიან მეფის ქუჩის ავტოსადგომზე მრავალჯერ გადავიღეთ. ასევე არაერთხელ დავაფიქსირეთ თავად ქეთევანიც.

ქეთევან მალაშხია – ფოტო გადაღებულია 2026 წელს მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან.

ქეთევან მალაშხია 24 წლისაა. ის A.K ჯგუფის ფინანსური მენეჯერია და ფსევდონიმს – „ეშლი მორიარტი“ (Ashley Moriarty) იყენებს. გამოჟონილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მალაშხია აგენტებს პოტენციური მსხვერპლების პერსონალურ მონაცემებს უგზავნის. ქეთევან მალაშხია, იგივე „ეშლი მორიარტი“, ასევე პასუხისმგებელია კომპანიის ფინანსურ ხარჯთაღრიცხვასა და აგენტების მიერ გამომუშავებული თანხების დეტალურ აღრიცხვაზე. ის „A.K ჯგუფის“ რეალური მმართველის, აკაკი ქევხიშვილის მეუღლის დეიდაშვილია. მისი არაერთი ფოტო და ვიდეომასალა „A.K ჯგუფის“ სხვადასხვა წვეულებიდანაც მოვიპოვეთ.

“ა.კ ჯგუფის” რეალური მმართველი როგორც წინა გამოძიებაში გაჩვენეთ, აკაკი ქევხიშვილია. სავარაუდოდ სწორედ მისი სახელის აბრევიატურაა კომპანიის სახელწოდებაც “ა.კ”. 

აკაკი ქევხიშვილი – თაღლითური ქოლ-ცენტრის მმართველი

აკაკი ქევხიშვილი 35 წლისაა. მან სკოლა ბაქოში დაამთავრა. ორივე მუხლზე ე.წ. „ქურდული სამყაროს“  წევრობის აღმნიშვნელ ტატუს ატარებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში ის ცეცხლსასროლი იარაღითაც პოზირებდა. მისი სახელი „A.K ჯგუფის“ ოფიციალურ დოკუმენტებში არ ჩანდა, თუმცა ქოლცენტრიდან გამოჟონილმა მასალებმა ისიც გამოააშკარავა. ქევხიშვილს ქოლცენტრის აგენტები „უფროსს“ ან „ბოსს“ უწოდებდნენ. სწორედ გამოჟონილ დოკუმენტებში  ჩანდა, რომ აკაკი ქევხიშვილი მოუწოდებდა აგენტებს, აგრესიული ზეწოლა განეხორციელებინათ კლიენტებზე და მათთვის რაც შეიძლება მაქსიმალური თანხა გამოეძალათ.

სქრინშოთი აკაკი ქევხიშვილი ტელეგრამ მიმოწერიდან ერთ-ერთ აგენტთან. ჩანაწერები მოპოვებულია შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, 2025 წელს.

აკაკი კევხიშვილი: პირად კონტროლზე ყველა ეს კლიენტი. 4 კლიენტი გყავს ძაან დიდი შესაძლებლობით. ეხლა შენი საქმე მანდ მხოლოდ ეს 4 კლიენტია. დამიჯერე, 80% მანდ შენ დაკავებული უნდა იყო მხოლოდ ამ 4 კლიენტით და გააკეთებინო აგენტს ყველაფერი რასაც შენ თვლი, რო საჭიროა ამ 4 კლიენტისთვის.

ლანა ლემანსი (ლანა ვახტანგაძე): არის უფროსო.

აკაკი კევხიშვილი: აღარ გამიმაზო ასე ბანალურად ტრანზაქციები გთხოვ! და ემოციები გათიშე საერთოდ.ხელს შეგიშლის. ეიფორიაც გათიშე ქოლს რო უსმენ. მხოლოდ ტვინით მიუდექი, ემოციების გარეშე.

ჩვენ, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან აკაკი ქევხიშვილის ავტომობილები არაერთხელ დავაფიქსირეთ. 

ფოტო გადაღებულია მირიან მეფეზე მდებარე ოფისთან. ავტომობილებით გადაადგილდება აკაკი ქევხიშვილი დაცვასთან ერთად.

ქევხიშვილის ავტომობილების მოსვლამდე, დაცვის თანამშრომლები ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დგებიან. რამდენიმე წუთში კი გზაზე გამოჩნდება ორი ავტომობილი, რომელთა სახელმწიფო სანომრე ნიშნებია: ერთი – AA100KK, ხოლო მეორე – AA200KK.

ავტომობილი AA100KK თაღლითური ქოლცენტრის, „ა.კ ჯგუფის“ ხელმძღვანელს, აკაკი ქევხიშვილს ეკუთვნის. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში აღნიშნული ტრანსპორტი დაყადაღებულია. ამ ავტომობილის, „Range Rover Autobiography“-ს ღირებულება 300 000 ლარიდან იწყება და მილიონ ლარს აჭარბებს. ქევხიშვილის კორტეჟის მეორე ავტომობილი ბესიკ კუპატაძის სახელზეა გაფორმებული. ამ ,,Range Rove defender”- ის ფასიც რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენს.

ბესიკ კუპატაძე მირიან მეფის ოფისთან რამდენჯერმე გადავიღეთ. მან არ გვიპასუხა კითხვაზე, ეხმარება თუ არა აკაკი ქევხიშვილს ქონების გადამალვაში.

აკაკი ქევხიშვილს საკუთარ სახელზე, მხოლოდ ერთი ავტომობილი, საპარკინგე ადგილი და ზესტაფონში 300 კვ.მ მიწა აქვს გაფორმებული.  მრავალრიცხოვანი ქონება დედამისის, მზევინარ კურტანიძის სახელზეა რეგისტრირებული. 

ქევხიშვილის დედამ, 2024 წელს შეიძინა ბინა პეტრე იბერის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, ასევე საპარკინგე ადგილი და კერძო სახლი მიწის ნაკვეთით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, ძვირადღირებულ უბანში, რომელშიც 1 825 549 ლარია გადახდილი. ასევე სიდედრის სახელზე იყო გაფორმებული ბინა მირიან მეფის ქუჩაზე, სადაც აკაკი ქევხიშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ყველა ეს ქონება ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურის მიმართვით დაყადაღდა.

გააგრძელა თუ არა თაღლითური ქოლ ცენტრის მართვა, აკაკი ქევხიშვილმა ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.

მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან დავაფიქსირეთ დაცვის წევრის მანუჩარ გეთიას ავტომობილიც. გეთია, ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია.

დიღმის ოფისთან, ჩვენ მიერ 2025 წელს იდენტიფიცირებული დაცვის კიდევ ერთი წევრი, ლევან გოგია გადავიღეთ.

ლევან გოგია 2022 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს უფროსი იყო.

აგრეთვე, არაერთხელ დავაფიქსირეთ დაცვის კიდევ ერთი წევრი ლაშა ტუღუში. ტუღუშის ავტომობილი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ოფისთან არაერთხელ გვქონდა გადაღებული. თავად ტუღუში კი მაშინ გადავიღეთ, როცა მან ქავთარაძის ოფისში მისულ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცა. ლაშა ტუღუში მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისშიც არაერთხელ დავაფიქსირეთ.

ლაშა ტუღუში (დაცვის წევრი): მაგ ოფისში რა მინდა, შეყვარებულთან დავდივარ.

მირიან მეფის ქუჩის 68 ნომერში არაერთხელ დავაფიქსირეთ აკაკი ქევხიშვილის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი. ამ მანქანით თაღლითური ქოლცენტრის დაცვის წევრი, რომეო ქარდავა გადაადგილდებოდა, რომელიც ჯერ კიდევ პირველი გამოძიების დროს გამოვავლინეთ.

მირიან მეფის ოფისთან გადავიღეთ,„ა.კ ჯგუფის“ წინა გამოძიების დროს გაშიფრული აგენტები გიორგი გოტმანი და ბელარუსის მოქალაქე ლიტა, რომელმაც უარყო AK ჯგუფში მუშაობა. გოტმანმა ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.

თაღლითური ქოლცენტრის აგენტი ლიტა. ფოტო გადაღბეულია მირიან მეფეზე მდებარე ოფისთან.

თაღლითური ქოლცენტრის აგენტი გიორგი გოტმანი. ფოტო გადაღებულია მირიან მეფეზე მდებარე ოფისთან.

მირიან მეფის ქუჩაზ “ა.კ ჯგუფის” ოფიციალური მფლობელი და დირექტორი მერი შოთაძეც გამოჩნდა. შოთაძის ავტომობილი – AA007KK მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნით დაყადაღებულია. 

თაღლითური ქოლ-ცენტრის “ა.კ ჯგუფის” ოფიციალური მფლობელის და დირექტორის მერი შოთაძის ავტომობილი. ფოტო გადაღებულია მირიან მეფეზე მდებარე ოფისთან.

თაღლითური ქოლ-ცენტრის ოფიციალური მფლობელი მერი შოთაძე.

თავდაპირველად მერი შოთაძმერი შოთაძე რუსულენოვან ჯგუფში მუშაობდა, მოგვიანებით კი „შენარჩუნების“ (Retention), ანუ თაღლითური ჯგუფის   უფრო მაღალი რგოლის ხელმძღვანელი გახდა. ამის შემდეგ შოთაძე კიდევ უფრო დაწინაურდა და ქოლცენტრიდან გამოჟონილ დოკუმენტების მიხედვით, ის, აკაკი ქევხიშვილთან ერთად მართავდა თაღლითურ სქემას.

38 წლის მერი შოთაძე „გამოგონილ სახელს – „ქსენია კოენს“ (Ksenia Cohen) იყენებდა. შოთაძეს სკამერების საკუთარი ჯგუფი ჰყავდა, რომლებსაც „ტოპ აგენტებს“ უწოდებდა და მათგან დღეში, მინიმუმ, 30 000 დოლარის გამომუშავებას მოითხოვდა.

ერთ-ერთ მიმოწერაში ჩანს როგორ ზრუნავენ თაღლითური ქოლ ცენტრის ხელმძღვანელები კომპანიის საქმიანობის გასაიდუმლოებაზე და ამისთვის რა წესებს უდგნენ თანამშრომლებს.

მერი შოთაძე: ინგლიშ დესკი პატარა ოთახში ტოვებენ ტელეფონებს და შენი ბავშვები არა. კრისტიანსაც კომპთან აქვს ტელეფონი და ერიკსაც. ამან ახალმა ვაბშე დაგლიჯა, რა არის ეს, აუკრძალე! მაგას ლეგიტიმურ კომპანიაში ხო არ გონია თავი.

მერი შოთაძის მიმოწერა ერთ-ერთ აგენტთან. ტელეგრამის მიმოწერა გამოჟონილი დოკუმენტებიდანაა მოპოვებული შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.

მერი შოთაძის უძრავი და მოძრავი ქონება, მათ შორის წილები სხვადასხვა კომპანიაში, ამჟამად დაყადაღებულია. მირიან მეფის ქუჩაზე, მერი შოთაძე ახალი, ძვირადღირებული „Range Rover sport“-ით მოვიდა. ავტომობილი, რომელსაც შოთაძე მართავს დაახლოებით 150  000 დოლარი ღირს და სხვაზეა რეგისტრირებული.

აგრძელებს თუ არა თაღლითურ საქმიანობას –  ჩვენ შევეცადეთ მერი შოთაძისთვის  ეს კითხვა დაგვესვა და მას დიღმის ოფისთან ველოდებოდით. პარკინგიდან გამოსულ რენჯ როვერს ჩვენ უკან გავყევით. ის სასტუმრო ამბასადორთან გაჩერდა. მან ჩვენ კითხვებზე არ გვიპასუხა.

მომდევნო დღეს ჩვენ მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან კვლავდ მივედით. მერი შოთაძესთან დახვედრის შემდეგ დაცვის თანამშრომლები უფრო მობილიზებულები იყვნენ და ჩვენ მალევე შეგვნიშნეს.

ოფისში შესვლას და კითხვების დასმას შევეცადეთ. მონიტორის გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე, დაცვამ კარები შიგნიდან ჩაკეტა.

ჟურნალისტი: ჩვენ გვინდოდა პასუხიმგებელი პირი ვინც არი ხელმძღვანელი, მათთან გასაუბრება, ჟურნალისტები ვართ მონიტორიდან და შარშან გავაკეთეთ გამოძიება ეიქეი ჯგუფზე, რომლის ხელმძღვანელის არის აკაკი ქევხიშვილი. ვიცით რომ ამ მისამართზე აკაკი ქევხიშვილი მუშაობს, ამ მისამართზე რამდენჯერმე გადავიღეთ,.

დაცვის წევრი: არ ვიცი, ვინ არის აკაკი ქევხიშვილი.

ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ დიღომში აკაკი ქევხიშვილთან დაკავშირებული კომპანია ჯერ კიდევ 2022 წლიდან მუშაობს.

საჯარო რეესტრის მიხედვით, 2022 წლის 2 ნოემბერს მირიან მეფის 68 ნომერში, მდებარე ოფისის მესამე სართულზე არსებულ 450 კვ.მ ფართზე, ასევე მიწისქვეშა და გარე პერიმეტრზე მდებარე საპარკინგე ადგილებზე გაფორმდა იჯარა შპს რტმ იმპორტთან.

შპს რტმ იმპორტის მფლობელი ირაკლი ქვლივიძეა. ქვლივიძე აკაკი ქევხიშვილის ცოლის ძმაა და ის თავადაც მუშაობდა თაღლითურ ქოლ-ცენტრში AK ჯგუფში.

გარდა საჯარო დოკუმენტისა, ჩვენ გამოჟონილი მასალებიდანაც მოვიპოვეთ კონტრაქტები, საიდანაც ირკვევა, რომ ეიქეი ჯგუფი მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისისთვის იჯარას, კომუნალურ ხარჯებსა და დაცვის ფულს იხდის. იჯარის თანხა ზუსტად ემთხვევა რეესტრში მითითებულ თანხას, თვეში 9000 დოლარს.

ჩვენ ეიქეი ჯგუფის ოფისის შესახებ დეტალების დასაზუსტებლად, შენობის მფლობელი კომპანიის დირექტორსაც მივმართეთ.

ირაკლი გაბადაძე: უფ, კაი ხანია ეგენი წავიდნენ ჩემგან. ესე არ ვიცნობ აკაკი ქევხიშვილს, მაგრამ ვნახე იმითი რაღაც გამოქვეყნებული რომ იყო. ეგენი ჩემთან დამთავრბეული იყო არ იყვნენ კაცო. 

ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეიქეი ჯგუფის სახელით მომუშავე კომპანია პირველი ქოლ ცენტრი არ არის, სადაც მერი შოთაძე, აკაკი ქევხიშვილი და კიდევ სხვა აგენტები მუშაობდნენ. 

გამოჟონილ დოკუმენტებში აკაკი ქევხიშვილი და მერი შოთაძე საუბრობენ კომპანიაზე 100 მარკეტინგი.

აკაკი ქევხიშვილი: საღამოს გავაგრძელოთ საუბარი.

მერი შოთაძე: გამახსენდა 100 მარკეტინგში ხილს რო მიჭრიდი.

100 მარკეტინგის  სახელით, საჯარო რეესტრში ერთადერთი კომპანია არსებობს, რომელიც 2018 წელს დააფუძნა უკრაინის მოქალაქემ. ამ კომპანიის 

იმეილით კი ინტერნეტში უცხოენოვანი გაყიდვების აგენტების ვაკანსიებია განთავსებული. ჩვენ მოვიპოვეთ ამ კომპანიის წვეულებაზე გადაღებული ფოტოები, ე.წ გიფერი, სადაც A.K ჯგუფის აგენტებისა და ხელძღვანელების, მათ შორის აკაკი ქევხიშვილისა და მერი შოთაძის ფოტოებია ატვირთული. “მონიტორმა” ასევე გაარკვია რომ კომპანია 100 მარკეტინგის საქმიანობის შესწავლის მიზნითაც დაიწყო გამოიძიება 2023 წელს და კომპანიის წილები დაყადაღდა. 2026 წელს კი ეს ყადაღა გაუქმდა. 

2025 წელს გამოქვეყნებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ეიქეი ჯგუფის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის მიზნით გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

პროკურატურამ შესაძლო დაზარალებული პირების მოძიების მიზნით, სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა გაიგზავნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

გამოძიებისათვის უმნიშვნელოვანესი ელექტრონული ინფორმაციის (მათ შორის სავარაუდო დაზარალებულების მონაცემების) მოწოდების მიზნით, არაერთხელ მივმართეთ ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩართულ პირებს, თუმცა უშედეგოდ, ინფორმაციის მოწოდებაზე გაურკვეველი მიზეზით გვეთქვა უარი.

შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, არსებითად დამოკიდებულია სამართლებრივი დახმარების ფარგლებში უცხოეთიდან მისაღებ ინფორმაციასა და მასალებზე.

არადა ამ საქმეზე დაზარალებულების განცხადება გენერალურ პროკურატურაში 2025 წლიდან დევს. წინა ჟურნალისტური გამოძიების მომზადების პროცესში საქართველოში ეიქეის აგენტების მიერ გაძარცვული შვედეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ და პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართეს. მათ შორის იყო 69 წლის პენსიონერი ანიკა. 

ოფიციალური ინიფორმაციით, 2025 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურორატურამ 11 პირი მისცა პასუხისმგებაში ქოლ ცენტრების საქმეზე. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტში განაცხა. 2025 წელს დაკავებულებს შორის არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც თაღლითური ქოლ ცენტრების ფარველობა ედება ბრალად.

ჩვენ პროკურატურას მივწერეთ, რომ თაღლითური ქოლ ცენტრის A.K ჯგუფის თანამშრომლები და ხელმძღვანელები მირიან მეფის 68 ნომერში მდებარე ოფისში სისტემატურად დადიან. თუმცა პროკურატურამ არ გვიპასუხა გადაამოწმა თუ არა ხომ არ აგრძელებენ ეიქეის თანამშრომლები თაღლითურ საქმიანობას.