16 ჰერმესი ანუკი არეშიძის კოლექციაში

ჟურნალისტი: მონიტორი
Divider dot 9 ივნისი 2026

ხელნაკეთი, ვარდისფერი ბირკინის ჩანთა დაახლოებით 41 ათასი დოლარი ღირს. ანუკი არეშიძე მას როგორც რიგით აქსესუარს, ისე ატარებს. ვარდისფერი ბირკინი მის გარდერობში ერთადერთი არ არის. ანუკი არეშიძეს 16 სხვადასხვა ფერის და ზომის „ჰერმესის“ ჩანთა აქვს: ვარდისფერი, შავი, ყავისფერი, იასამნისფერი, თეთრი, ცისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი, მწვანე… მათ შორის არის ნიანგის ტყავის მოდელიც, რომელიც მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული აქსესუარია.

რა ვალდებულებას აკისრებს კანონი თბილისის მერს? 

ანუკი არეშიძე თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლეა. კახა კალაძე ქონებრივ დეკლარაციას 2012 წლიდან ავსებს. კანონის თანახმად, მან დოკუმენტში უნდა ჩაწეროს ყველა ის ნივთი, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება. „ჰერმესის“ მხოლოდ ერთი ჩანთის ღირებულება სამჯერ და მეტჯერ აღემატება კანონით დადგენილ ამ ზღვარს. მიუხედავად ამისა, კახა კალაძის მიერ 2012 წლიდან 2026 წლამდე შევსებულ დეკლარაციებში „ჰერმესის“ ჩანთა საერთოდ არ ჩანს. ბოლო დეკლარაცია თბილისის მერმა 30 იანვარს შეავსო. დოკუმენტი ვრცელია და მასში ასახული ციფრები შთამბეჭდავია, თუმცა მერი 16 „ჰერმესს“ არც აქ ახსენებს. 

ფერწერა vs. ჩანთა

დეკლარაციის იმ გრაფაში, სადაც 10 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთი უნდა ჩაიწეროს, კალაძე მიუთითებს ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის ფერწერულ ტილოებს. მათი ფასი 20 000 დოლარიდან 120 000 დოლარამდე მერყეობს. დაახლოებით იგივე ფასი აქვს ზოგიერთ „ჰერმესის“ ჩანთას, ზოგს კი  უფრო ძვირიც. ჩვენ ქალაქის მერს პირდაპირ ვკითხეთ, თუ რატომ არ წერს ძვირადღირებულ ნივთებს დეკლარაციაში?

კახა კალაძე, თბილისის მერი: ყველა ხარჯი ჩემს მიმართ ბანკის ანგარიშებში ჩანს. ვალდებულება მაქვს ბანკიდან ამონაწერები წარვადგინო. ყველაფერი შეკრებილია და მოცემული არის დეკლარაციაში. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ისეთი პოლიტიკოსი ვარ, ვინც დეკლარაციას ყოველგვარი პრობლემების, დარღვევების და შენიშვნების გარეშე ავსებს. 

სანდრო ქევხიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო: ამ შემთხვევაში კახა კალაძეს აქვს ორი ტიპის დარღვევა დეკლარაციაში. ერთი არის ის, რომ ის ცალ-ცალკე უნდა უთითებდეს იმ ნივთებს, რასაც ყიდულობს, რაც აღემატება 5 000 ლარს. ყველას ცალ-ცალკე უნდა უთითებდეს, ამას მოითხოვს კანონი. მეორე დარღვევა არის ის, რომ უკვე ნაყიდი ნივთები, მოძრავი ქონება ასევე ცალ-ცალკე უნდა დაიწეროს დეკლარაციაში. მნიშვნელობა არა აქვს, როდის არის ნაყიდი. შეიძლება თანამდებობაზე დანიშვნამდეც იყოს ნაყიდი. „ჰერმესის“ ჩანთების გარდა, კალაძე დეკლარაციაში ასევე არ უთითებს საკუთარ და ანუკი არეშიძის ძვირადღირებულ საათებსა და სამკაულებს. კახა კალაძემ შოპინგის, საოჯახო და პირადი ხარჯების დეკლარირება 2019 წლიდან დაიწყო. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მხოლოდ 2025 წელს, მისი და ანუკი არეშიძის ოჯახური და პირადი ხარჯი 102 524 ლარითა და 407 709 ევროთი არის განსაზღვრული. ოჯახის გაერთიანებულ ხარჯში დეტალები არ ჩანს, რასაც კორუფციის მკვლევარი, სანდრო ქევხიშვილი კანონის დარღვევად მიიჩნევს. „კახა კალაძის შემთხვევაში, წლების განმავლობაში ამდენი გამოძიებაა მის ქონებაზე  და მაინც ის არ თვლის თავს ვალდებულად, რომ ეს დაწეროს და შეასრულოს კანონი. ასევე მაკონტროლებელი უწყებებიც თვალს ხუჭავენ ამაზე. ის ფიქრობს, რომ მერობა, მისი პოზიცია, ერთგვარ იმუნიტეტს აძლევს მას კანონისგან.“