ახალი სანქციები მიმართულია პოლიტიკური ფიგურებისა და კომენტატორების, მათ შორის თბილისის მერის სიძის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურთან დეკემბერში გამართული შეხვედრის გამო.
დიდმა ბრიტანეთმა ოთხ ქართველს — მათ შორის თბილისის მერის სიძეს — სანქციები დაუწესა „უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციის ლეგიტიმაციისთვის“, მას შემდეგ, რაც ისინი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რესპუბლიკის მეთაურს შეხვდნენ.
ეს გადაწყვეტილება არის ბრიტანეთის უფრო ფართო სანქციების პაკეტის ნაწილი, რომელიც სექტემბერში უკრაინაზე რუსული დრონების თავდასხმების გაძლიერების საპასუხოდ გამოცხადდა. პრესრელიზის თანახმად, ფართო ზომები მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“, კრემლის პროპაგანდისტებისა და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევებში მონაწილე პირების წინააღმდეგ.
„დიდი ბრიტანეთი არ დაიხევს უკან უკრაინის მხარდაჭერაში,“ – განაცხადა ევროპის საკითხებში მინისტრმა, ლორდმა ვუდმა (ენფილდიდან).
დიდი ბრიტანეთის სანქციების შესახებ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ეს ოთხი მამაკაცი „შეუერთდა ქართველი პოლიტიკოსების დელეგაციას, რომლებიც შეხვდნენ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურს, და შემდგომში ამ ვიზიტის გასაჯაროება მოახდინეს“. ოთხივე მათგანს ახლა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქტივები გაეყინება და მოგზაურობა აეკრძალება.
სანქცირებულ დელეგატებს შორის არიან პოლიტიკური კომენტატორი პაატა აბულაძე, პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია, პარტიის წევრი გიორგი ირემაძე და ქართული რუსულენოვანი ტელეარხის დამფუძნებელი ნიკოლოზ მჟავანაძე.
სეპარატისტთა ლიდერმა დენის პუშილინმა დეკემბრის შეხვედრა Telegram-ზე შეაქო და დელეგაცია მოიხსენია, როგორც „თანამოაზრეები საქართველოდან“.
„სასიამოვნო იყო ჩვენი რეგიონის მცხოვრებლებისთვის მხარდაჭერის სიტყვების მოსმენა ქართველი სტუმრებისგან, რომლებმაც ისურვეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის სწრაფი გათავისუფლება“, – დაწერა მან.
შეხვედრის ვიდეოს თანახმად, ფიფიამ პუშილინს უთხრა: „ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დონეცკის სახალხო რესპუბლიკა თავისუფალი იქნება“.
აბულაძემ დაამატა: „მსოფლიოში ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელიც ასეთი პატარა ქვეყანაა, მაგრამ გაუძლო და ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად“.
დიდი ბრიტანეთის ზომებს ოთხი დელეგატიდან სამი უკვე გამოეხმაურა.
მამუკა ფიფიამ ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, რომ სანქციებს „ჯილდოდ“ მიიჩნევს და „ძალიან ბედნიერია“. მჟავანაძემ Facebook-ის გამომწერებს უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება „სამარცხვინოა“ და დასძინა, რომ დიდ ბრიტანეთს „შეეშინდა, რომ ადამიანის მიერ გამოხატული პოზიციები მათ პოლიტიკას ზიანს მიაყენებს“. (ირემაძემ “მონიტორის” კომენტარის თხოვნას არ უპასუხა).
სანქცირების შესახებ სიახლის შემდეგ, აბულაძემ Facebook-ზეც განაცხადა. „ბრიტანეთმა დამასანქცირა… და მომილოცა“, – მიმართა მან გამომწერებს, „მოვ*ტყან ბრიტანეთიც და მთელი ევროპაც ზედ მიყოლებული“.
მონიტორთან საუბრისას მან დაამატა: „მერე რა? ვითომ დონბასში აღარ წავალ ახლა?“
„ჩემს ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ [ბრიტანეთში],“ – თქვა მან. „ეს უბრალოდ ფორმალობაა. ეგ ეპშტეინისტები, სოდომიტები, ეგ გარყვნილები… ისე მძულან.“
თავის Telegram-პოსტში პუშილინმა აბულაძე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ „წევრად“ მოიხსენია. მიუხედავად იმისა, რომ “მონიტორმა” ვერ შეძლო მისი წევრობის გადამოწმება და მას არც არჩევითი თანამდებობა უკავია, აბულაძეს ოჯახური კავშირები აქვს „ქართული ოცნების“ გავლენიან ფიგურასთან: ის თბილისის მერის, კახა კალაძის სიძეა.