Naec.ge-მ სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოაქვეყნა

ჟურნალისტი: სტუდია მონიტორი
Divider dot 12 ივლისი 2018

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა www.naec.ge-ზე სავარაუდოდ, საერთო სამაგისტრო გამოცდების იმ ტესტების სწორი პასუხებიც გამოაქვეყნა, რომლებიც მაგისტრანტობის მსურველებს ჯერ არ დაუწერიათ. ამჟამად საიტზე მხოლოდ A ტიპის ტესტის პასუხები იძებნება, იმ ტესტის სავარაუდო პასუხები კი, რომლებიც მომავალ მაგისტრანტებს ჯერ არ დაუწერიათ, საიტზე არ დევს.

A ტიპის ტესტი მაგისტრანტობის მსურველებმა 11-12 ივლისს დაწერეს. ხოლო B და C ტიპის ტესტები, რომელთა პასუხებიც სავარაუდოდ გასაჯაროვდა, 18, 19, 24 და 25 ივლისს უნდა დაწერონ.

სტუდია მონიტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა, მათ უარყვეს ინფორმაცია ტესტების პასუხების გასაჯაროების შესახებ. თუმცა სტუდია მონიტორმა მოიპოვა გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე დადებული დოკუმენტის ე.წ. სქრინშოთები, რომელშიც წერია, რომ დოკუმენტში მოცემულია B და C ტიპის სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები. ეს სქრინები მონიტორმა გამოცდების ეროვნულ ცენტრს გადაუგზავნა. პრესცენტრის განმარტებით, გაგზავნილ სქრინშოთებს გაეცნობიან და დამატებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

განახლება: ამ საკითხზე გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

“ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები.
გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია.
განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემულიდამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას”.