ოკუპაცია უიარაღოდ
რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან და სანქცირებულ “კალაშნიკოვის კონცერნთან” დაკავშირებული რუსი ბიზნესმენის კომპანია ბათუმში…
ალექსეი ტერეშჩენკოვი: დავარეგისტრირეთ ფირმა და სამომავლოდ ჩვენი გუნდის ნაწილი იმუშავებს საქართველოში.
ვინ არიან ძმები ტერეშჩენკოვები, – ლაზერთაგის ბიზნესის მონოპოლისტები, რომლებიც საკუთარ ბაზაზე იუნარმიას წვრთნიან და რა გეგმა აქვთ საქართველოში?
სერგეი კოლჩინი: მათ უნდოდათ საქართველოს გავლით ევროკავშირთან ვაჭრობა ქართული კომპანიის სახელით.
ანდრო გოცირიძე: შეიძლება ეს ადამიანი და მისი ბიზნესი გამოყენებული იყოს ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის.
აკონტროლებს თუ არა ხელისუფლება ოკუპანტი სახელმწიფოდან მიგრაციას ?!
ბენ ჰოჯესი: საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია, დარჩეს რუსეთის გავლენის ქვეშ თუ განაახლოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
Როგორ იყენებს ლაზერთაგის იარაღს რუსეთი? გზა სიმულირებული ომებიდან სამხედრო დანაშაულებამდე…
იური ლავიკაინენი: განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი სამხედრო დანაშაული რუსეთის სამხედრო კულტურაა.
სათაური: ოკუპაცია უიარაღოდ
ჟურნალისტის ხმა: ტანკი, რუსეთის დროშით, ცხრილავს ტანკს, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო დროშა ფრიალებს. რუსი ჯარისკაცები უტევენ პოზიციას, რომელსაც იცავენ სამხედროები ქართული დროშით მკლავზე და საქართველოს ჯარის სამხედრო ფორმით.
ეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის რეკონსტრუქციაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საბრძოლო სპექტაკლს ფუჭი ვაზნების, ლაზერთაგისა და ფაიართაგის ტექნოლოგიის გამოყენებით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქის მოსახლეობას უკვე მეოთხე წელია აყურებინებს.
ეს სიმულაცია რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე, ჩელიაბინსკთან 2022 წლის სექტემბერში გაიმართა. სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, სანამ საქართველოს საზღვარს პუტინის მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის ასობით ათასი მოქალაქე გადმოკვეთდა.
ჟურნალისტის სთენდაფი:
პუტინის რუსეთში, სადაც საშინაო და საგარეო მტრების ძებნა-განადგურება რაშიზმის აგრესიული იდეოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, სამხედრო-პატრიოტული თამაშებით ისტორიული მოვლენის რეკონსტრუქცია, ბოლო წლებში, ერთ-ერთ უმთავრეს გასართობად იქცა.
ჟურნალისტის ხმა: მსგავსი იმიტირებული თამაშები ტარდება, როგორც ფუჭი ვაზნებით, ისე ლაზერთაგის იარაღით. რუსეთში საომარი თამაშის სცენარებიც მრავალფეროვანი აქვთ: საქართველოსთან ხუთდღიანი ომი, გროზნოს შტურმი, რუსეთ-ჩინეთის კონფლიქტი, ბრძოლა კავკასიისთვის და უკრაინის ოკუპაცია.
ანექსირებულ უკრაინულ ქალაქში, სიმფეროპოლში ლაზერთაგის კლუბს რუსი ოკუპანტების სახელი – „თავაზიანი ადამიანები“ ჰქვია და რუსული კომპანია „ლაზერვორის“ საკუთრებაა.
სერგეი ტერეშჩენკოვი – “ლაზერვორის” დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი:
თავდაპირველად იდეა, რომლითაც ლაზერვორი გამოვიდა ბაზარზე, ეს იყო იდეა სამხედრო-ტაქტიკური ლაზერთაგის განვითარების, შემდეგ ჩვენ ცოტა გვერდზე გადავუხვიეთ, იმიტომ, რომ კლიენტმა გვთხოვა ლაზერთაგი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
ჟურნალისტის ხმა: ეს სერგეი ტერეშჩენკოვია, სმოლენსკელი ბიზნესმენი, რომელმაც რუსეთში ლაზერთაგის იარაღისა და ტექნოლოგიების წარმოებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და პუტინის “იუნარმიასთან” თამაშრომლობით, ბოლო წლებში მილიონები იშოვა.
კომპანია Laserwar-ი, რომელსაც რუსეთში ლაზერთაგის ბაზრის 35% უკავია, სერგეიმ ტყუპისცალ ძმასთან, ალექსეისთან ერთად, 2008 წელს დააარსა. წარსულში ისინი პუტინის მხარდამჭერი მოძრაობის, “ნაშის” წევრები იყვნენ, დღეს კი რუსულ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტასთან ახლო კავშირი აქვთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გამოფენებზე, Laserwar-ის სტენდს სხვადასხვა წლებში ჟირინოვსკი, ოსტროვსკი, კლინცევიჩი, როგოზინი და თავად პუტინი სტუმრობდნენ. ყველა მათგანი, გარდაცვლილი ჟირინოვსკის გარდა, ახლა საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.
“თავისუფლების მონიტორმა” საქართველოში “ლაზერვორის” ფილიალს მიაგნო.
ჟურნალისტის სთენდაფი:
უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად თვენახევარის თავზე, 2022 წლის 13 აპრილს, ერთ-ერთმა ძმამ, ალექსეი ტერეშენკოვმა საკუთარი კომპანია “ლაზერთაგი” სწორედ ამ კორპუსში, ბათუმში, შალვა ნუცუბიძის #1-ში დაარეგისტრირა. თუმცა მისი ბიზნესი ოფიციალურად ამ დრომდე არ გახსნილა.
ჟურნალისტის ხმა: ალექსეი ტერეშჩენკოვს სმოლენსკში სხვა სახელით დავუკავშირდით და პრორუსულ მედიად გავეცანით. სატელეფონო საუბრისას ვიგებთ, რომ საქართველოში მისი კომპანია ლაზერთაგის იარაღისა და სხვა აღჭურვილობის წარმოების დაწყებაზე ფიქრობს.
ჟურნალისტის კითხვა: აპირებთ საქართველოში ბიზნესის დაწყებას? გვაქვს ინფორმაცია, რომ გეგმავთ, საქართველოში “ლაზერვორის” ფილიალი გახსნათ.
ალექსეი ტერეშჩენკოვი – ლაზერვორის დამფუძნებელი, დირექტორი:
ჩვენ გვაქვს ფირმა რეგისტრიტებული საქართველოში. ეს კლუბი არაა, თქვენ წარმოებას გულისხმობთ ალბათ.
ჟურნალისტის კითხვა: გაქვთ უკვე წარმოება?
ალექსეი ტერეშჩენკოვი: ჯერ არა, მაგრამ დავარეგისტრირეთ ფირმა და სამომავლოდ ჩვენი გუნდის ნაწილი იმუშავებს საქართველოში ალბათ, ამიტომაც წინასწარ დავრეგისტრირდით საქართველოში.
ჟურნალისტის ხმა: ლაზერთაგი მაღალტექნოლოგიური გუნდური სამხედრო-ტაქტიკური თამაშია, სპეციალური ლაზერული იარაღით და სენსორებით, რომელიც ყველა მოთამაშეს უკეთია. მოწინააღდეგე ინფრაწითელი სხივით ნადგურდება და სრულიად უსაფრთხოა. არსებობს, როგორც გასართობ-სპორტული, ისე სამხედრო და სატანკო ლაზერთაგი. ტექნოლოგია ჯარისკაცების და შენაერთების მოსამზადებლად ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში შეერთებულ შტატებში შეიმუშავეს. საქართველოს თავდაცვის ძალებიც სიმულირებული წვრთნებისთვის, უკვე წლებია, ამერიკულ ლაზერთაგს იყენებს.
ლაშა ძებისაშვილი – ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში:
ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ ძალიან დიდი დანახარჯი, რაც ადრე მოჰყვებოდა ასეთი ტიპის სწავლებებს, რომელიც ან რეალური ამუნიციით ან ფუჭი ტყვიაწამლით ტარდებოდა, რომ ეს რეალურად ახლა აღარ არის საჭირო და ჩვეულებრივად გამოიყენება ეს ლაზერული დანადგარები, რომელიც გაცილებით დიდ თანხას და ფულს ჰაერში აღარ გაყრევინებთ, არამედ პირიქით, – ზოგავთ და ამის საფასურად იღებთ ძალიან ზუსტ შეფასებას, ქვედანაყოფი როგორ არის მომზადებული და რამდენად ეფექტურად ის იბრძვის.
ჟურნალისტის ხმა: ტერეშენკოვების კომპანია „ლაზერვორი“ მუშაობს, როგორც სამხედრო, ისე გასართობი ლაზერთაგიარაღისა და ტექნოლოგიების წარმოებაზე. 2018 წელს, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-ი „ლაზერვორს“ სმოლენსკში დაფუძნებულ სამხედრო საწარმოდ მოიხსენიებს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთების მისაღებად იბრძვის.
დაზვერვის სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს ვკითხეთ, რატომ შეიძლებოდა აერჩია, რუსულ კომპანიას ლაზერთაგის საჭირო იარაღის წარმოებისთვის საქართველო, – ქვეყანა, სადაც ფართო მასებში ლაზერთაგის თამაშმა, ეარსოფტისა და პეინტბოლისგან განსხვავებით, ფეხი ვერ მოიკიდა.
ანდრო გოცირიძე – უსაფრთხოების ექსპერტი:
როდესაც ვსაუბრობთ იმ წრეზე, რომელიც ძალიან ახლოს დგას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, სპეცსამსახურებთან, პოლიტიკურ წრეებთან, უნდა გვესმოდეს, რომ ისინი კეთილი მიზნებით საქართველოში არ ჩამოდიან, თუნდაც ეს იყოს ამ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის წარმოება. რუსეთში ზღვარი ბიზნესსა და პოლიტიკას შორის, ბიზნესსა და კრემლს შორის ფაქტობრივად წაშლილია და სავსებით შესაძლებელია თავად ეს პიროვნება და მისი ბიზნესი გამოყენებულიქნას ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის.
ჟურნალისტის ხმა: საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ტერეშენკოვის ბიზნესი საქართველოში რუსეთის მოქალაქემ, სერგეი კოლჩინმა მინდობილობის საფუძველზე დაარეგისტრირა. მისთვის კითხვების დასასმელად ბათუმში, ნუცუბიძის #1-ში მივდივართ, სადაც კოლჩინს 108 კვ.2 ფართობის ბინა ეკუთვნის. Სახლში არავინ გვხვდება.
კოლჩინს საქართველოში რეზიდენტის სტატუსი აქვს მიღებული. ბოლო ორ წელში, იმავე მისამართის გამოყენებით, რუსეთისა და ბელარუსის ათობით მოქალაქე საქართველოში ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა ან შპს გახსნა. ბინებსა და ნაკვეთებს თავად კოლჩინიც ყიდულობს. მისი კომპანია “ესპერო გრუპი” უცხო ქვეყნის რუსულენოვან მოქალაქეებს საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის სერვისს სთავაზობს.
სერგეი კოლჩინმა “თავისუფლების მონიტორს” ვიდეოინტერვიუზე უარი უთხრა, თუმცა მოგვწერა, რომ ტერეშჩენკოვებმა შპს-ს გახსნა საქართველოში დასავლური სანქციებით გამოწვეული პრობლემების გამო გადაწყვიტეს. ძმები კოლჩინს ტელეგრამის აპლიკაციით დაუკავშირდნენ.
სერგეი კოლჩინი: ესტონეთთან იყო სირთულეები, ესტონეთში დაიწყეს რუსული კომპანიების გამოდევნა, რუსი დამფუძნებლებით, რომლებიც ესტონეთში არ ცხოვრობენ და როგორც გავიგე, ისინიც ამაში მოყვნენ.
ჟურნალისტი: აქ რისი გაკეთება უნდათ?
სერგეი კოლჩინი: აქ – არაფრის. მათ უნდოდათ საქართველოს გავლით ევროკავშირთან ვაჭრობა ქართული კომპანიის სახელით. ვამბობ “მათ”, რადგან შიდა ჩეთში სამი ადამიანი იყო. მე და კიდევ ორნი.
ჟურნალისტი: ის ორნი რუსები იყვნენ თუ ქართველები?
სერგეი კოლჩინი: რუსები.
ჟურნალისტი: რუსეთის მთავრობიდან იყვნენ?
სერგეი კოლჩინი: არ ვიცი, მთავრობიდან იყვნენ თუ არა. იქ არავინ გეცნობა და არავინ საუბრობს საკუთარ თავზე.
ჟურნალისტი: ახსენა კიდევ რამე იმპორტ-ექსპორტისა და სანქციების შესახებ?
სერგეი კოლჩინი: სანქციების გვერდის ავლა არ უხსენებია, მხოლოდ აღჭურვილობაზე ლაპარაკობდა.
ჟურნალისტის ხმა: საერთაშორისო სანქციებზე საუბარს, ალექსეი ტერეშჩენკოვი „თავისუფლების მონიტორთან“ სატელეფონო საუბარშიც გაექცა, გვითხრა, რომ პრობლემები არის, მაგრამ მოგვარებადი.
ჟურნალისტი: და როდის აპირებთ ამ ყველაფრის დაწყებას ბათუმში? ზაფხულიდან?
ალექსეი ტერეშჩენკოვი: ჯერ არ ვიცით, გეგმები შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ჩინეთშიც დავარეგისტრირეთ ჩვენი კომპანია, მაგრამ როდის დავიწყებთ პროდუქციის წარმოებას სხვა ქვეყანებში, ჯერ არ ვიცით.
ჟურნალისტი: და სანქციები ხელს არ გიშლით?
ალექსეი ტერეშჩენკოვი: კი, 2014 წლიდან სანქციები პრობლემებს ქმნის, მაგრამ ყველაფერი ნორმალურადაა.
სთენდაფი:
როგორც „თავისუფლების მონიტორმა“ გაარკვია, უკრაინაში ომის დაწყებამდე, რუსეთის სამხედრო იარაღის უმსხვილეს მწარმოებელთან, – „კალაშნიკოვთან“ გაფორმებული კონტრაქტის გამო, ძმები ტერეშჩენკოვების კომპანიას ლატვიაში, Nordic Investment Bank-მა ანგარიშები გაუყინა.
ჟურნალისტის ხმა: ამის მიუხედავად, „ლაზერვორს“ საკუთარ ვებ-გვერდზე ისევ უწერია, რომ თითქოს ლატვიის ქალაქ იურმალაში ლაზერთაგის აღჭურვილობას ყიდის და მაღაზიას ფლობს.
სთენდაფი:
ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლატვიაში, კერძოდ იურმალაში, სადაც ლაზერვორის ოფისი უნდა მდებარეობდეს, თუ დავუჯერებთ მათ ოფიციალურ ვებგვერდს. იმ ადგილიდან, სადაც ახლა მე ვარ, დაახლოებით ერთი წუთის სავალში არის ლაზერვორის ე.წ. ლატვიური ოფისი და მივალთ და შევეცდებით გავარკვიოთ, რა ხდება იქ ახლა.
ჟურნალისტის ხმა: აღნიშნულ მისამართზე ოფისის ნაცვლად მხოლოდ ეს საცხოვრებელი სახლი დაგვხვდა. ლატვიელმა დილერმა, ვისი საკონტაქტო ნომერი „ლაზერვორის“ ვებ-გვერდზეა მითითებული, რუსულ კომპანიასთან კავშირი უარყო.
ჟურნალისტი: თქვენ ოფიციალურად თანამშრომლობთ Laserwar-თან?
დილერი ლატვიიდან: მე არ ვმუშაობ Laserwar-ზე.
ჟურნალისტი: არ მუშაობთ მათთან ერთად ლატვიაში? თქვენი ნომერია მითითებული მათ საიტზე?
დილერი ლატვიიდან: არა, არ ვმუშაობ მათთან.
სთენდაფი:
„თავისუფლების მონიტორმა“ გაარკვია, რუსული კომპანია „ლაზერვორი“ სანქციების გამო, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ვეღარ მუშაობს. „ლაზერვორის“ საიტზე მითითებული ევროპელი დილერების უმრავლესობამ დაგვიდასტურა, რომ უკრაინის ომის შემდეგ, რუსული კომპანიისგან ლაზერთაგის იარაღსა და აღჭურვილობას აღარ ყიდულობენ.
დილერი გაერთიანებული სამეფოდან: ეს იყო ომამდე.
ჟურნალისტი: და კავშირი უკრაინაში ომის შემდეგ გაწყვიტეთ?
დილერი გაერთიანებული სამეფოდან: დიახ.
დილერი იტალიიდან: დღესდღეობით არ გვაქვს კავშირი სანქციების გამო მათთან.
დილერი გერმანიიდან: შემოტანა აკრძალულია შარშანდელის შემდეგ, მაგრამ ვყიდით იმას, რაც მარაგში გვაქვს.
დილერი ჩეხეთიდან: მათთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე. მე უკრაინიდან ვარ, მიკოლაივიდან, ჩემი ძმა ახლა იქაა მოხალისედ, დაჭრილ მოქალაქეებს ეხმარება. ჩემ მშობლიურ ქალაქს რუსები ბომბავენ, რაღა ურთიერთობა უნდა მქონდეს მათთან?!
ჟურნალისტი: იცით, რომ ეს კომპანია დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო წრეებთან და ასევე სანქცირებულ კალაშნიკოვის კონცერნთან?
დილერი პოლონეთიდან: არა, პირველად მესმის. ჩემთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია!
ჟურნალისტის ხმა: ტერეშჩენკოვების მიერ ბათუმში რეგისტრირებული კომპანიის საქმე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მკვლევარ გიორგი ბილანიშვილს გავაცანით და ვკითხეთ, ხომ არ ცდილობენ რუსი ბიზნესმენები სანქციების არიდებას საქართველოს გავლით.
გიორგი ბილანიშვილი – საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი:
რისკი იმის და ალბათობა იმის, რომ ზუსტად ამ მიზნით იქმნება კომპანიები, ძალიან მაღალია. ამის იგნორირება სახელმწიფომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოახდინოს და უნდა მიაქციოს ძალიან დიდი ყურადღება. მითუმეტეს, რომ ვიცით, ეს ტენდენცია არსებობს, ასე აკეთებენ, ეს სქემა მოქმედებს და ამ სქემის განხორციელებას რუსეთი ცდილობს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება. საქართველო, სამწუხაროდ, გამონაკლისი არ არის. პირიქით, გამონაკლისი შეიძლება უარყოფითი სახით იყოს, ჩვენი ხელისუფლების რუსეთთან მიმართ პოლიტიკას თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში.
სთენდაფი:
2016 წლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, ისევე როგორც ანექსირებულ ყირიმსა და მთელ რუსეთში, ახალგაზრდა თაობას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ომისთვის ამზადებს. კადეტთა აკადემია, იგივე იუნარმია ბავშვების მილიტარიზაციას ეწევა და მის რიგებში მილიონ 300 ათას მოზარდს აერთიანებს. ჟურნალისტური გამოძიების პროცესში ჩვენ დავადგინეთ, რომ ალექსეი ტერეშჩენკოვის კომპანია “ლაზერვორი” კადეტთა აკადემიასთან, იგივე იუნარმიასთან ოფიციალურად თანამშრომლობს.
ჟურნალისტის ხმა: მემორანდუმი რუსეთის ლაზერთაგის ფედერაციასა და იუნარმიას შორის 2017 წელს გაფორმდა. რუსეთის ლაზერთაგის ფედერაციის მთავარი პარტნიორი Laserwar-ია. მემორანდუმის თანახმად, სმოლენსკში, Laserwar-ის ბაზა ერთ-ერთია, სადაც 7-დან 18 წლამდე მოზარდებს იდეოლოგიურად და ფიზიკურად წვრთნიან.
დავით ძიძიშვილი – ჰიბრიდული ომის მკვლევარი
ეს არის ჰიტლერიუგენდის რაღაც ჩანასახი… ჩანასახი კი არა, შემდგარი ორგანიზაცია, რომელიც არის ჩვეულებრივი ახალგაზრდული რუსული, რაშისტული ორგანიზაცია, რომელშიც ადამიანებს ამზადებენ ბავშვობიდან იმისთვის, რომ საკუთარი სამშობლოსთვის სიკვდილი არის ყველაზე მაგარი რამ, რაც შეიძლება გააკეთონ, მიუხედავად იმისა, ეს სამშობლო რა იდეალებს ემსახურება. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენს მიწაზე რასაც ასწავლიან, აფხაზეთში ანუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ესაა ძირითადად ის, თუ რატომ არის რუსეთი მეგობარი აფხაზეთისთვის, – ეს ერთი. მეორე, – ცდილობენ ეს ადამიანები დაარწმუნონ იმაში, რომ აფხაზეთს რუსეთთან ერთად საფრთხე არ ემუქრება და ჯობია იმსახურონ რუსულ არმიაში. და მესამე, რასაც ასწავლიან, – რომ ჩვენ მტრები ვართ, რადგან ნატო-ს ბლოკთან და ევროკავშირთან დაახლოებას ვცდილობთ და საბოლოო ჯამში, აფხაზი ხალხის და ერის განადგურება გვინდა.
ჟურნალისტის ხმა: იუნარმია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2016 წელს შექმნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და უკრაინამ ამ ორგანიზაციას სანქციები 2022 წელს, ომის დაწყებისთანავე დაუწესეს. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ერთი, – იმიერბაიკალეთის მხარედან უკრაინის წინააღმდეგ ომში რვა იუნარმიელი დაიღუპა ან დაიკარგა. იუნარმიის 50-ზე მეტი ინსტრუქტორი ომში მოხალისედ 2023 წლის თებერვალში წავიდა.
ტერეშჩენკოვების კომპანიას კავშირი არა მხოლოდ იუნარმიასთან, არამედ უკრაინაში შეჭრილ რუსულ ჯართანაც აქვს. 2022 წლის ნოემბერში სერგეი ტერეშჩენკოვმა სოციალურ ქსელში საჯაროდ განაცხადა, რომ მათი კომპანია რუს ჯარისკაცებს სამხედრო აღჭურვილობით ეხმარება, ხოლო “ლაზერვორის” გუნდის წევრები უკრაინაში იბრძვიან.
ფოტოზე ასახულ, ნიღბიან პირებზე მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, “თავისუფლების მონიტორი” უკრაინაში მებრძოლ ორ ჯარისკაცს დაუკავშირდა. ორივე მათგანი ვარაუდობს, რომ სამხედრო ფორმის მიხედვით, ფოტოზე, შესაძლოა, ვაგნერის დაჯგუფების წევრებიც არიან.
ჟურნალისტი: მართალია, რომ თქვენ ვაგნერს და რუსეთის არმიას ეხმარებით?
ალექსეი ტერეშჩენკოვი – “ლაზერვორის” დამფუძნებელი: და რაში გჭირდებათ ეს ინფორმაცია?
ჟურნალისტი: თქვენი ძმის ფოტო ვნახე.
ალექსეი ტერეშჩენკოვი: ჩვენ ერთგვარი დახურული კლუბი გვაქვს. ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას.
ჟურნალისტის ხმა: შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული სამხედრო კომპანია “ვაგნერი” პუტინთან დაახლოებულმა და სანქცირებულმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა 2014 წელს დააფუძნა. დაქირავებული მებრძოლების დაჯგუფება სისასტიკითა და არაადამიანობით გამოირჩევა. ეს ვიდეო ტელეგრამში თავად ვაგნერმა გაავრცელა. უცნობის ცხედართან “ვაგნერელები” ვიოლინოზე უკრავენ. ცხედარს აწერია “ქართველი”.
ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანალიტიკოსი და რუსეთის მკვლევარი იური ლავიკაინენი განმარტავს, რომ ტერეშჩენკოვების მშობლიური ქალაქი სმოლენსკი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც ვაგნერის დაჯგუფება ასობით ადამიანს იბირებს.
იური ლავიკაინენი – ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანალიტიკოსი:
დადასტურებულად ვიცით, რომ ვაგნერის ხელწერა სამხედრო დანაშაულია, – მოქალაქეების წამება, ხოცვა და გაუპატიურება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არა მხოლოდ ვაგნერი, არამედ რუსეთის არმიაც იმავეს აკეთებს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი სამხედრო დანაშაული ზოგადად რუსეთის სამხედრო კულტურაა. ბოლო დროს, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან ცვლილებას ვაგნერთან მიმართებით. თუკი წინა წლებში ვაგნერი იყო დამხმარე ძალა რუსეთის ჯარისთვის, მიმდინარე ომში ის მთავარ აქტორად იქცა. ბოლო თვეებში დაიწყო მასობრივი რეკრუტირება როგორც მოხალისეების, ასევე პატიმრების.
ჟურნალისტი: ციხის გარდა სად და როგორ ხდება მებრძოლების რეკრუტირება და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სმოლენსკში მდებარე “ლაზერვორის” ბაზაზე “ვაგნერელებიც” იწვრთნებიან?
იური ლავიკაინენი: ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ კონკრეტულ შემთხვევას, თუმცა შესაძლებელია. დაზუსტებით ვიცით, რომ ვაგნერი ახლა აქტიურად ეწევა რუსეთის მოქალაქეების რეკრუტირებას დიდ ქალაქებში და მათ იქვე წვრთნიან. მიზეზი ისაა, რომ მოქალაქეების პროტესტის თავიდან ასარიდებლად რუსეთის მთავრობა მობილიზაციის გამოცხადებას დიდ ქალაქებში ერიდება და ეს ფუნქცია ახლა ვაგნერს აქვს შეთავსებული.
ჟურნალისტის ხმა: თემაზე მუშაობისას, სერგეი ტერეშჩენკოვი დაგვიკავშირდა. ვუთხარით, რომ “თავისუფლების მონიტორი” მათ საქმიანობაზე გამოძიებას ამზადებს. როცა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე კითხვა დავუსვით, ტელეფონი გათიშა.
სერგეი ტერეშჩენკოვი – “ლაზერვორის” დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი:
რამე მასალას ამზადებთ? რას საქმიანობთ? რატომ მეუბნებიან ჩემი კლიენტები, რომ მათთან რეკავთ რაღაც უცნაური შეკითხვებით?!
ჟურნალისტი: დიახ, სანქციებზე ვწერ… და არა მხოლოდ სანქციებზე, იმაზე, რასაც თქვენ აკეთებთ და იმაზე, რომ საქართველოში ფირმა დაარეგისტრირეთ.
სერგეი ტერეშჩენკოვი: დიახ, ასეა და რა მერე?!
ჟურნალისტი: მაინტერესებს, რა არის თქვენი მიზანი საქართველოში?
სერგეი ტერეშჩენკოვი: კონკრეტულად რა გაინტერესებთ? ამიხსენით! რა მიზანი გაქვთ?
ჟურნალისტი: ვნახე თქვენი გამოქვეყნებული ფოტო რუსი სამხედროების…
ჟურნალისტის ხმა: მოგვიანებით მივწერეთ, საქართველოში დაარსებული კომპანია, სანქციების გვერდის ასავლელად ხომ არ სჭირდებათ. მოგვწერა, რომ მიზანი ბიზნესის გაფართოებაა. “თავისუფლების მონიტორის” მეორე შეკითხვა, “ლაზერვორისა” და ვაგნერის შესაძლო კავშირის შესახებ, ტერეშჩენკოვმა უპასუხოდ დატოვა.
დავით ძიძიშვილი – ჰიბრიდული ომის მკვლევარი:
ასეთი ტიპის ორგანიზაციის დაფუძნებას ვერ უნდა ახერხებდნენ ეს ადამიანები, თუკი სახელმწიფოში შესაბამისი სტრუქტურები ფუნქციონირებენ. არსებობს ბევრი გზა იმისა, რომ შეუშალო ხელი ვიღაცას კონკრეტული ტიპის აქტივობაში, კონკრეტული ორგანიზაციის რეგისტრაციაში.
___________
ირაკლი ღარიბაშვილი:
ევროპარლამენტმა, ჯობია თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარი არის გახვეული კორუფციის სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?!
ირაკლი კობახიძე:
ფრანკლინის კლუბი პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას.
ირაკლი ღარიბაშვილი:
საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში?!
გრიგოლ ლილუაშვილი:
ვადასტურებთ, რომ ამერიკის მოქალაქე, გვარად კოენსი, არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე.
ჟურნალისტის ხმა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური განცხადებები გახშირდა, ხოლო რუსეთის კრიტიკა პირდაპირპროპორციულად შემცირდა. ეს ვითარება სტრატეგიულ პარტნიორებში კითხვებს ბადებს.
ბენ ჰოჯესი – აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი:
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ჰააგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ჩნდება კითხვა, საქართველოს მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას თავს რატომ არიდებს?! თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ის არასდროს დათმობს არც ყირიმს, არც სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს და საქართველომაც უნდა დაივიწყოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება. დღეს ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის გვერდითაც ვართ, რათა რუსეთი იძულებული გახდეს, საქართველოს მისი ტერიტორიები დაუბრუნოს . საქართველოს მთავრობამ კი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია, დარჩეს რუსეთის გავლენის ქვეშ თუ განაახლოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. სამწუხაროდ, ამ პროცესს მე ვეღარ ვხედავ.
დენიელ ფრიდი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე:
უზარმაზარი ნაპრალია საქართველოს მთავრობის მიერ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და იმას შორის, რასაც რეალურად აკეთებენ. ისინი რუსეთის წინაშე ძალიან შეშინებულები ჩანან. შეერთებულ შტატებში ყველა აცნობიერებს, რომ საქართველო მოწყვლადია, როგორ პატარა სახელმწიფო უზარმაზარი მტრის წინაშე. შესაბამისად, აბსურდულად ჟღერს, თითქოს დასავლეთში ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურდეს. საქართველოს მთავრობას რატომღაც გონია, თუ რუსეთს არ გააკრიტიკებს, რუსეთი სულგრძელობას გამოიჩენს. ეს ასე არ არის!
ჟურნალისტის ხმა: უკრაინის ომისა და საერთაშორისო სანქციების ფონზე, რუსეთთან ავიამომისვლის აღდგენის თაობაზე კრემლის შეთავაზებებებს მმართველი პარტიის ლიდერები მიესალმებიან.
კახა კალაძე:
ფრენები შეზღუდული იყო ცალმხრივად, საქართველო სანქცირებული იყო. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მიღებული, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში.
ჟურნალისტის ხმა: 2021 წლის რუსეთის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, რუსეთში საქართველოს მხოლოდ 113 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს. არალეგალური მიგრაციის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
ჟურნალისტის კითხვა: თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე უცხოეთის აგენტებზე, თუმცა არასდროს აკონკრეტებთ, რომ საუბარია რუსეთზე. ჩვენ გვახსოვს, რომ სუს-ის ღია ანგარიშებში, ბოლო წლებში, არ გვინახავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან აფილირებული პირი დააკავეს და ასევე არ გვაქვს არავითარი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც გააკონტროლებს რუსული ბიზნესის ასეთ მასობრივ მიგრაციას საქართველოში. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის უშიშროების და უსაფრთხოების სფეროში ერთგვარი საიდუმლო შეთანხმება არსებობს?
ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:
პირველი, – რუსული ბიზნესის მასობრივი მიგრაცია საქართველოში არის ტყუილი, რაც ფაქტებით დასტურდება. ეს არის ისეთივე ტყუილი, როგორ ტყუილიც იყო სანქციებისთვის გვერდის ავლა და აშ. ჩვეულებრივი ტყუილია! ეს ერთი. მეორე, – სათანადოდ რომ მუშაობენ სამართალდამცავი სტრუქტურები, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური, სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოში არის მშვიდობა, საქართველოში არის სიმშვიდე და საქართველში არის დაცულია ჩვენი ეროვნული ინტერესები ყველა მიმართულებით, იქნება ეს რუსეთის მიმართულება და თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. სწორედ სამართალდამცავი სტრუქტურების დამსახურებაა მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში.
ბიძინა ივანიშვილი (არქივი) :
“მე არ მეგონა და არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. მე ამის არა მჯერა!”