საჯარო მოხელეობიდან მილიონერამდე: ოთარ დანელიას გამდიდრების ანატომია

ჟურნალისტი: ცქრიალა შერმადინი
Divider dot 26 დეკემბერი 2025

როგორ იქცა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ბიზნესომბუდსმენი, ოთარ დანელია, მილიონერად? საეჭვო გარიგებები, მილიონიანი საჩუქარი და წყნეთში გადამალული ფეშენებელური ვილა — ჩვენ მოგითხრობთ საჯარო მოხელის გამდიდრების სქემებზე, რომლებსაც ანტიკორუფციული უწყებები წლებია ვერ ამჩნევენ. 

ვინ არის ოთარ დანელია?

46 წლის ბიზნესომბუდსმენი, ოთარ დანელია და მისი 37 წლის მეუღლე, მერი ჩიქობავა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მყარად დამკვიდრდნენ. 

თუმცა, იმ პერიოდში, როდესაც დანელია პირველ საპასუხისმგებლო პოსტზე ინიშნებოდა, მისი მეუღლე ერთ-ერთ ბანკში სატელეფონო ოპერატორად მუშაობდა. დანელიასთან ერთად კარიერული წინსვლა ჰქონდა ჩიქობავასაც – დღეს შსს-ის სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორის მოადგილეა.

თავად დანელიას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენის პოსტი უკავია. ამ პოზიციაზე იგი ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ოქტომბრიდან მრავალმილიონიანი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაშია ბრალდებული და მოსამართლემ 1-მილიონიანი გირაო შეუფარდა, პროკურატურამ კი ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

2013 წლიდან მოყოლებული, ივანიშვილი-ღარიბაშვილის გუნდის წევრმა დანელიამ მრავალფეროვანი გზა განვლო: იყო შსს-ს საფინანსო და ლოჯისტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; მომსახურების სააგენტოს დირექტორი; სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრი; პარლამენტის წევრი და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.

2026 წლის 1 იანვრიდან, როდესაც „ოცნების“ გადაწყვეტილებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი საბოლოოდ გაუქმდება, მოსალოდნელია დანელიას დაბრუნება ეკონომიკის სამინისტროში, სადაც მან მუშაობა, შესაძლოა, მინისტრის მრჩევლის სტატუსით განაგრძოს.

როგორ გამდიდრდა ოთარ დანელია

თავისუფლების მონიტორმა“ ჯერ კიდევ 2022 წელს დეტალურად შეისწავლა დანელიების ოჯახის გამდიდრების ქრონოლოგია და გამოავლინა, როგორც დეკლარირებული, ისე არადეკლარირებული ძვირადღირებული ქონება.

ვრცლად “თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება ნახეთ აქ:

2013 vs 2025: დეკლარაციები, რომლებიც კითხვებს აჩენს

2013 წელს დანელიას საკუთრებაში იყო ერთი ბინა თბილისში, ავტოფარეხი, არასაცხოვრებელი ფართი, ასევე, აგარაკი და მიწის ნაკვეთი სოფელ შინდისში; 2007 წელს გამოშვებული ავტომობილი – „სუძუკი გრანდ ვიტარა“. 

2025 წლის დეკლარაციაში ეს ყველაფერი აღარ ფიგურირებს, თუმცა გაცილებით შთამბეჭდავია ოთარ დანელიასა და მისი კომპანიების სახელზე რეგისტრირებული  ქონება: პრემიუმ აპარტამენტი ბათუმში (24-ე სართულზე); მიწა წყნეთში; ახლადშეძენილი 10% წილი „დუთი ფრიში“; ავტომობილი „იაგუარი“; 500 კვ.მ ორსართულიანი რესტორანი ბათუმის ნავსადგურთან; ძვირადღირებული მიწის ნაკვეთები თბილისის სხვადასხვა უბანში კომერციული მიზნებისთვის; წყნეთში ნახევარ მილიონ დოლარად ნაყიდი მიწა.  

2013 წელს დანელიას მთლიანი აქტივების ღირებულება დაახლოებით 155,000 აშშ დოლარს შეადგენდა. მის სახელზე ირიცხებოდა რამდენიმე იპოთეკური და სამომხმარებლო სესხი, მათ შორის 10-წლიანი, 61,000 $ ვალი „ბანკ რესპუბლიკაში“, რომელიც 2020 წლისთვის უნდა დაეფარა.

2025 წლის მდგომარეობით კი, დანელიას და მისი კომპანიების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ფასი 2,415,000 დოლარია. პირადად დანელიას აქვს მიმდინარე სესხი  515 000 ლარი,  რომელსაც 2020 წლიდან ემსახურება და  557,100 აშშ დოლარი, რომელიც  2025 წელს აიღო. იპოთეკითაა დატვირთული დანელიას კომპანიების სახელზე რეგისტრირებული ქონების ნაწილიც, თუმცა კომპანიების სესხების დეტალებზე ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია.  

შემოსავლების პარადოქსი: ხელფასი თუ კომპანიების გაყიდვა?

ჟურნალისტური გამოძიებისას გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: კომპანიებიდან, რომლებსაც დანელია ლეგალურად ფლობს, მას შემოსავალი პრაქტიკულად არ მიუღია. დეკლარაციების მიხედვით, დანელიების ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო საჯარო სამსახურში აღებული ხელფასები და სესხებია. 2023-2025 წლებში ცოლ-ქმარმა ანაზღაურების სახით 456,955 ლარი (დაახლოებით 170,000 აშშ დოლარი) მიიღო; დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის სესხი 2020 წელს აიღო, 557,100 აშშ დოლარი კი – 2025 წელს. 

სოლიდურ შემოსავალს დანელია მის მიერვე დაფუძნებული კომპანიების გასხვისებით იღებს – ძვირადღირებული ქონებების შეძენამდე, ქონებრივ დეკლარაციებში ფიქსირდება უძრავი ქონების და 2 კომპანიის წილის  გაყიდვიდან მიღებული დაახლოებით 1,155,000 აშშ დოლარი.

იღბლიანი გარიგებები

ოთარ დანელიას გამდიდრების ისტორიაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი ქონებრივი ტრანსფორმაციის მექანიზმი. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ჩინოვნიკის ბიუჯეტი პერიოდულად სოლიდური თანხებით ივსება, თუმცა ამ გარიგებების მიღმა, ხშირად მისივე გარემოცვა იკვეთება.

სენაკური წილები

2021 წელს დანელიამ შემოსავლის წყაროდ სენაკში მდებარე კომპანიის წილის გასხვისება მიუთითა, ეს კომპანია 600 კმ.მ ფართს ფლობდა სენაკში. ამ გარიგებიდან მან 300,000 აშშ დოლარი მიიღო. „თავისუფლების მონიტორის“ გამოძიებით დადგინდა, რომ ამ მსხვილი თანხის გადამხდელები დანელიას მამიდაშვილი, მამიდაშვილის ბიზნესპარტნიორი და დანელიას პოლიციელი კლასელი აღმოჩნდნენ.

სამჯერ გაძვირებული ბინა თაბუკაშვილზე

კიდევ ერთი გარიგება 2022 წელს შედგა. დანელიამ თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა გაასხვისა, რომელიც 2015 წელს 145,000 აშშ დოლარად ჰქონდა შეძენილი. ბინა თითქმის სამჯერ ძვირად 395,000 დოლარად — შეიძინა რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფილიპ პოტიომკინმა, რომელიც დანელიას სიმამრის, თენგიზ ჩიქობავას ბიზნესპარტნიორია.

„ტარგეტი“ – საბადო“ 

2024 წელს დანელიამ შპს „ტარგეტის“ 100%-იანი წილი 460,000 აშშ დოლარად გაყიდა. ეს კომპანია მან 2021 წელს დააფუძნა და დეკლარაციის მიხედვით, მასში კაპიტალის შესავსებად მხოლოდ 9200 ლარი ჰქონდა დახარჯული. „მონიტორმა“ გაარკვია, თუ რა აქტივს ფლობდა რეალურად ეს კომპანია:

დაფუძნებიდან მალევე, „ტარგეტმა“ კომპანია „არქი გლდანისგან“ თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე ორი კომერციული ფართი (120 და 176 კვ.მ) შეიძინა. ამ ქონებაში კომპანიამ თითქმის 300,000 აშშ დოლარი გადაიხადა და ქონება იპოთეკით დატვირთა. იპოთეკური სესხის დეტალები საჯარო არ არის. 

2023 წელს მან კომპანია 460,000 დოლარად გაყიდა. მყიდველმა, სოფელ იგოეთის მკვიდრმა ანტონ ნათაძემ, ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ დანელიას თანხა უკვე გადაუხადა:

„150 ათასი მივეცი და 300 ათასი ბანკი გავაკეთე… მივეცი ეს ფული უკვე ოთარას. რომ არ მიმეცა, ვინ გადმომიფორმებდა, კაცო?!“ — გვითხრა ნათაძემ, რომელიც წლებია ცემენტმზიდს ამუშავებს.

წყნეთის სახლის საიდუმლო

მიუხედავად იმისა, რომ ოთარ დანელიამ ბოლო დეკლარაცია 2025 წელს შეავსო, მასში არსად ფიქსირდება წყნეთის მდიდრული ვილა. ეს ვილა 2022 წელს უკვე აშენებული ჰქონდა და ოჯახთან ერთად ახლაც იქ ცხოვრობს. 

2022 წელს დანელიამ ეს ქონება საკუთარ მამას, ნუგზარ დანელიას აჩუქა. საგულისხმოა, რომ ვილა მანამდეც არასოდეს ყოფილა ასახული მის დეკლარაციაში. ამჟამად ოფიციალურად მის მფლობელობაში მხოლოდ 880 კვ.მ მიწაა, რომელიც სიმამრისგან 30,000 ლარად შეიძინა. 

თუმცა, რეალური სურათი გაცილებით მასშტაბურია:

წყნეთში ტერიტორია: ჯამში 2400 კვ.მ მიწა, დანელიამ 4 ნაწილად შეაგროვა (სახელმწიფოსგან, სიმამრისგან და კერძო პირისგან). ააშენა სახლი 990 კვ.მ ფართობის სამსართულიანი ფეშენებელური ვილა აუზით, ვიტრაჟებიანი პარკინგითა და ვრცელი ეზოთი.

დეკლარაციების მიხედვით, სახლის მშენებლობაზე 3 წლის განმავლობაში მხოლოდ 280,000 ლარი დაიხარჯა. ეს ნიშნავს, რომ 1 კვადრატული მეტრის აშენება ჩინოვნიკს დაახლოებით 90 აშშ დოლარი დაუჯდა — რაც საბაზრო ფასებთან შედარებით ძალიან დაბალი ციფრია.

მიუხედავად იმისა, რომ სახლი ფორმალურად მამას აჩუქა, დანელია მომდევნო წლებშიც აგრძელებს სარემონტო ხარჯების დეკლარირებას (2023 წელს — 57,600 ლარი, 2024 წელს — 86,000 ლარი).

ოთარ დანელიასთან შეხვედრა სწორედ ამ ვილასთან შევძელით და შევეცადეთ მისთვის გვეკითხა, თუ რატომ არ უთითებს დეკლარაციაში ამ ძვირადღირებულ სახლს, სადაც რეალურად ცხოვრობს.

ოთარ დანელიამ გვითხრა, რომ სახლის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. სახლი, სადაც ოთარ დანელია ცხოვრობს, უძრავი ქონების რეესტრში არ ფიქსირდება. რეესტრში ამ დრომდე მხოლოდ მიწის ნაკვეთია დაფიქსირებული, რომელზეც ჯერ კიდევ 2022 წელს აშენდა ეს ვილა.

2025 წელს, ამ ვილის გვერდით ოთარ დანელიამ კიდევ ერთი ქონება შეიძინა. 1000 კვ.მ ფართობის ნაკვეთი ამჯერად მისმა კომპანია „გრეისთოუნმა“ 480,000 აშშ დოლარად იყიდა. ეს ქონებაც იპოთეკითაა დატვირთული. ტერიტორიაზე უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა.

წყნეთში გაცემული მშენებლობის პროექტი

კომპანია „გრეისთოუნი“ დანელიამ 2024 წელს დააფუძნა და მის 100%-ს თავად ფლობს. კომპანიის დირექტორი და მინდობილი პირი თენგიზ იაშვილია — იგივე პირი, რომელიც „დუთი ფრი ალიანსს“ ხელმძღვანელობს.

დანელიას ბიზნეს-იმპერია 

ოთარ დანელიას გამდიდრების ისტორიაში ყველაზე რთული და მრავალშრიანი, მის მიერ დაფუძნებული კომპანიებია. ჟურნალისტური გამოძიება გვაჩვენებს რომ ძვირადღირებული აქტივები ხშირად არა პირადად დანელიას, არამედ მის მფლობელობაში არსებული იურიდიული პირების საკუთრებაშია.

1. „დუთი ფრი ალიანსი“: წილი მილიონიან ბიზნესში

დანელიას კომპანია „გრეისთოუნმა“ უძრავი ქონების ბაზრის გარდა, საგარეო ვაჭრობის სექტორშიც დაიმკვიდრა ადგილი. მან „დიუთი ფრი ალიანსის“ 10%-იანი წილი შეიძინა, რაშიც 700,000 ევრო გადაიხადა. კომპანია საქართველოს ოთხ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაუბეგრავი ვაჭრობის (Duty Free) მაღაზიებს მართავს.

„დიუთი ფრი ალიანსის“ ფინანსური მაჩვენებლები მართლაც შთამბეჭდავია: 2024 წლის შემოსავალი: 50.4 მილიონი ლარი. წმინდა მოგება: 15.987 მილიონი ლარი.

ქონებრივ დეკლარაციაში დანელია ასევე უთითებს, რომ გასულ წელს „დიუთი ფრი ალიანსზე“ გასცა პირადი სესხი — 557,100 აშშ დოლარის ოდენობით. ეს სესხი თავად აიღო კერძო პირისგან და დეკლარაციაში არ უთითებს მსესხებლის ვინაობას. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მკვლევარი სანდრო ქევხიშვილი გვეუბნება, რომ ეს ფაქტი სესხის თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს:

“ის ფაქტი, რომ 557 000 $ ისესხა და არ აქვს მითითებული ვისგან ისესხა, ესაც არის საეჭვო. აქ მთავარი არის ის, რომ მსესხებელი დაეწერა. მან გადაწყვიტა, რომ მსესხებლის ვინაობა არ დაეწერა და მთლიანი კონტექსტიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნებს წარმოშობს – ისევ და ისევ თანხის წარმოშობის ეჭვს აძლიერებს.  თუ ის შეძლებს თქვას, ვისგან აქვს ეს თანხა მიღებული და შეძლებს გააქარწყლოს ეს ეჭვი, რომ ვინც მისცა მას ეს თანხა და არის თუ არა ეს ლეგალური გზებით ნაშოვნი”. 

2. „ექსტრა სფეისი“: უძრავი ქონება ხმელნიცკსა და ლისზე

2023 წელს დანელიამ კიდევ ერთი კომპანია, შპს „ექსტრა სფეისი“ დააფუძნა, რომლის დირექტორად საკუთარი სიმამრი, თენგიზ ჩიქობავა დანიშნა. კომპანიამ დაარსებისთანავე თბილისში მიწის ფართობების შესყიდვა დაიწყო:

ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე 215,000 დოლარად შეიძინა 632 კვ.მ ფართი, სადაც უკვე აშენდა და იჯარით გაიცა 300 კვ.მ კომერციული ობიექტი. ეს ქონებაც იპოთეკით არის დატვირთული. 

ლისის ტბის მიმდებარედ, 2024 წლის მაისსა და ივნისში, კომპანიამ ორ ეტაპად შეიძინა მომიჯნავე ნაკვეთები (534 კვ.მ და 500 კვ.მ), რაშიც ჯამში 220,000 აშშ დოლარი გადაიხადა.

3. „ლისი ცენტრი“: გადაყიდვა გაორმაგებულ ფასებში

კომპანია „ლისი ცენტრი“, სადაც დანელია 33%-ს ფლობს, ამჟამად ლისზე 1600 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე ორსართულიან სავაჭრო ცენტრს აშენებს. აქ იკვეთება საინტერესო ფინანსური გარიგებები:

მიწა, რომელიც დანელიას კომპანია „ექსტრა სფეისმა“ 95,000 დოლარად იყიდა, სულ რაღაც ორ თვეში „ლისი ცენტრს“ 208,260 დოლარად მიჰყიდა, ანუ ფასი გაორმაგდა.

მეორე ნაკვეთი, რომელიც ივნისში 125,000 დოლარი ღირდა, ივლისში უკვე 195,000 დოლარად გასხვისდა „ლისი ცენტრზე“.

მესამე ნაკვეთი მეწილე ირაკლი ლომაიასგან 253,890 დოლარად შეიძინეს.

ჯამში, ტერიტორიის შესაძენად  657,150 დოლარი დაიხარჯა. მერიაში წარდგენილი დოკუმენტაციით, აქ მაღაზია „ნიკორა“ განთავსდება.

სიმამრისთვის ნაჩუქარი ბიზნესი

ოთარ დანელიას სიმამრი, თენგიზ ჩიქობავა, ამჟამად თემქაზე 9-სართულიან კორპუსს აშენებს. კომპანია „მშენებელი 2020“ 2019 წელს, სხვა პიროვნებამ, ზაზა ახალაიამ დააფუძნა. თუმცა 2023 წელს ახალაიამ კომპანიის 67%-იანი წილი ჩიქობავას აჩუქა.

ამ საჩუქრის მასშტაბი შთამბეჭდავია: კომპანიის აქტივების საბაზრო ღირებულება 2,117,000 ლარია. საგულისხმოა ისიც, რომ მშენებლობის ნებართვა კომპანიამ სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც მფლობელთა სიაში ჩინოვნიკის სიმამრი გამოჩნდა.

რატომ გადაწყვიტა ბიზნესმენმა ახალაიამ 2-მილიონიანი ქონების უსასყიდლოდ გაჩუქება? იქონია თუ არა გავლენა დანელიას თანამდებობამ მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესზე? – ამ შეკითხვების დასმა გვინდოდა თენგიზ ჩიქობავასთვის, რომელმაც ტელეფონი გაგვითიშა და არც შეტყობინებეზე გვიპასუხა.

ოთარ დანელია: „რა გინდათ, მართლა ვერ ვხვდები“

„მონიტორმა“ დეტალური შეკითხვებით მიმართა ბიზნესომბუდსმენს, რათა აეხსნა, თუ როგორ შეძლო საჯარო მოხელემ ბოლო 12 წელიწადში ასე გამდიდრება. დანელიას ჩვენ 19 შეკითხვა გავუგზავნეთ წერილობით, შემდეგ პირადად მივაკითხეთ, რომ პასუხები მოგვესმინა, რაზეც დანელიამ უარი გვითხრა:

„უბრალოდ, ვერ ვხვდები, რა გინდათ? რა მოტივაცია გაქვთ, ვერ გავიგე. უბრალოდ აკეთებთ ისეთ რაღაცებს, რომ შოუ დადგათ. ამ დროს, თქვენ რა ინფორმაციაც გაქვთ, ამას ხომ ჩემი დეკლარაციიდან იღებთ?! ანუ მე თუ ვადეკლარირებ, ან ჩემზე ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ, ან არა ვარ ადეკვატური, რომ მე რაღაც ისეთი დავადეკლარირო… დედას ვფიცავარ, იმდენად ყველა პროცესისგან ვარ აბსოლუტურად დისტანცირებული, რამდენიმე წელია არ მაქვს აღმასრულებლის ფუნქცია, რა გინდათ, მართლა ვერ ვხვდები“, — გვითხრა ოთარ დანელიამ. 

საკანონმდებლო ხვრელები

არსებული კანონმდებლობა საქართველოში საჯარო მოხელეს არ ავალდებულებს დეკლარაციაში ასახოს, თუ რა ქონება შეიძინა მისმა დაფუძნებულმა კომპანიამ. ამ „ხვრელის“ გამოყენებით, ბოლო სამ წელიწადში დანელიამ რამდენიმე ახალი კომპანია დააფუძნა, რომლებმაც ჯამში 1.5 მილიონი აშშ დოლარზე მეტის ღირებულების ქონება და წილები შეისყიდეს. „მონიტორმა“ ეს აქტივებიც დეტალურად შეისწავლა, რადგან კანონმდებლობა, არც კომპანიის სესხების დეკლარირებას ავალდებულებს. ჩვენთვის კი, დანელიას კომპანიების იპოთეკების შესახებ ინფორმაცია (ოდენობა, ხანგრძლივობა, პროცენტი)  საჯარო არ არის. ჩვენ, მცდელობის მოიუხედავად, ეს ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მკვლევარი სანდრო ქევხიშვილი ამბობს, რომ თანამდებობის პირის მიერ დაფუძნებული კომპანიებით შეძენილ ქონებებს ანტიკორუფციული ბიურო უნდა სწავლობდეს: “ თანამდებობის პირები ხშირად სამართლებრივ ხვრელებს იყენებენ, მაგალითად: კომპანიების მეშვეობით ყიდულობენ უძრავ ქონებას; ასეთი ქონების დადეკლარირება კი სავალდებულო არ არის. ასევე, ეჭვებს ბადებს,  იმ თანხების წარმომავლობა რითაც კომპანია ქონებას ყიდულობს, რაც მიანიშნებს იმაზე რომ ეს შეიძლება იყოს დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზება.” 

კითხვებზე, როგორ შეძლო ოთარ დანელიამ ქონებების ძვირად გაყიდვა და კომერციული ფართების შეძენა, არ გვიპასუხა. აღნიშნულ სქემას კორუფციის მკვლევარი სანდრო ქევხიშვილი აფასებს. 

“მოკლე დროში თანხების ასეთი ცვლილება და ზრდა ნორმალურ, კონკურენტულ საბაზრო პირობებში არ ხდება. აქ ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს არალეგალური შემოსავალი, რომლის ლეგალიზება ამ ადამიანმა ამ გზით შეძლო. ასევე, საეჭვოა, ის ადამიანები, ვინც ამ ტრანზაქციებში არიან ჩართული. ასევე, ის გარემოება, რომ ახლად დაფუძნებულმა კომპანიამ გაურკვეველი წარმოშობის სახსრებით შეძლო ძვირადღირებული ქონების შეძენა და მცირე დროში მისი გაცილებით უფრი დიდ ფასად გაყიდვა, აღძრავს ეჭვს, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზების სქემა, რაც უნდა გამხდარიყო ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შესწავლის საგანი. ”

ანტიკორუფციული კონტროლის ილუზია

მიუხედავად ქონების ასეთი ნახტომისებური ზრდისა, ოთარ დანელია ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის მხოლოდ ერთხელ, 2019 წელს დაჯარიმდა. დარღვევების ნუსხა ვრცელი იყო: ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშების დამალვა, ხელშეკრულებების არასრული ასახვა და სხვადასხვა სახის შემოსავალ-გასავლის დაფარვა.

თუმცა, პრობლემა მხოლოდ ერთეულ დარღვევებში არაა, არამედ თავად სისტემაში, რომელიც სულ უფრო ბუნდოვანი ხდება:

დეკლარაციების მონიტორინგი 2017 წელს სავალდებულო გახდა. ერთი მეთოდი, თანამდებობის პირების შემთხვევითი პრონციპით შერჩევა იყო, ხოლო მეორე დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული მაღალჩინოსნები. 

დამოუკიდებელი კომისია პირველად 2018 წელს შეიქმნა, რომელიც შესამოწმებელ სუბიექტებს კორუფციული რისკების მიხედვით არჩევდა და ამოწმებდა. კომიასიამ, ბოლოს 2023 წელს შეარჩია და 2024 წლის განმავლობაში უნდა შეემოწმებინა ყველა მაღალი თანამდებობის წევრის ქონებრივი დეკლარაცია, მათ შორის ბიზნესომბიუდსმენის. 

2024 წლიდან: „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ფუნქცია ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცეს, საჯარო სამსახურის ბიურო კი გაუქმდა. საგულისხმოა, რომ თვეების განმავლობაში “ტექნიკური ხარვეზის“ მომიზეზებით, რამდენიმე თვის მანძილზე, საერთოდ მალავდა საჯარო პირთა დეკლარაციებს.

„მონიტორმა“ ვერც ანტიკორუფციული ბიუროდან მიიღო პასუხი კითხვაზე — რეალურად შემოწმდა თუ არა ოთარ დანელიას ბოლო წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციები? ამ დეკლარაციებში მოცემული ციფრები ლოგიკას ეწინააღმდეგება:

მაგალითად, რატომ არ დაინტერესდა რაჟდენ კუპრაშვილის უწყება, თუ როგორ მოახერხა დანელიამ 2020 წელს, 25,000 ლარად ნაყიდი ავტომობილის, 2023 წელს 88,129 ლარად გაყიდვა ? სად შეიძინა ჩინოვნიკმა „იაგუარის“ მარკის ავტომობილი – მხოლოდ 11,500 ლარად? რატომ აღარ არის ასახული 2025 წლის დეკლარაციაში 35,000 აშშ დოლარად შეძენილი „პორშე“?

ავტომობილების გარდა, კითხვებს აჩენს სხვა ხარჯებიც. კერძოდ, რა სახსრებით დაფარა ბიზნესომბუდსმენმა მეუღლის მშობიარობის ხარჯები აშშ-ში, ნიუ-იორკში 2025 წელს? ეს სოლიდური ფინანსური გასავალი, რომელიც ამერიკულ კლინიკებში მშობიარობას ახლავს, დანელიამ დეკლარაციაში მომავალ წელს უნდა შეიტანოს. 

2026 წლიდან: ანტიკორუფციული ბიუროც უქმდება და ჩინოვნიკების დეკლარაციების შემოწმების ვალდებულება უკვე აუდიტის სამსახურს გადაეცემა. 

ექსპერტების აზრით, ამ ინსტიტუციურმა როტაციამ შექმნა ვაკუუმი, სადაც გაუგებარია, რეალურად ვინმე აკონტროლებს თუ არა დეკლარაციების სიზუსტეს.

ლევან ავალიშვილი, IDFI პროგრამების დირექტორი:  “დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. სხვადასხვა რეფორმებს შორის იყო ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება. იდეა იყო დამოუკიდებელი ანტიკორუფლიული ბიუროს შექმნა, რომელიც არ იქნებოდა პოლიტიკურად დამოკიდებული მმართველ პარტიაზე და ეფექტური იქნებოდა ბრძოლაში. როცა შექმნეს ეს ბიურო, მას არ მიანიჭეს მთავარი, საგამოძიებო ფუნქცია და არ მისცეს დამოუკიდებლობა. ბოლო ფაქტები ადასტურებს, რომ მაღალი დონის კორუფცია სულ იყო საქართველოში, მათ შორის სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავება მიანიშნებს იმაზე, რომ კორუფციაში იყო ჩართული ის პირი, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა კორუფციასთან ბრძოლა. ბიუროს აქვს მხოლოდ დეკლარაციების მონიტორინგის ფუნქცია და განსხვავებით მედიისგან, მას აქვს გადამოწმების ფუნქცია და ეს მინიმალური ფუნქცია რაც აქვს, თავისუფლად შეეძლო პრობლემების იდენტიფიცირება და თუ რაიმე საეჭვო აღმოაჩინეს, საჯაროდ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. 2024 წლის ბოლოს რეპრესიულ მექანიზმად აქციეს და არასამთავრობოების კონტროლი დაავალეს.”

კორუფციასთან ბრძოლა თუ პოლიტიკური შირმა?

ოთარ დანელიამ მილიონიანი ქონება იმ ქვეყანაში დააგროვა, სადაც ოფიციალური საარსებო მინიმუმი სულ რაღაც 255 ლარია (95 აშშ დოლარი), ხოლო 700 ათასი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს და გადასარჩენად სახელმწიფო შემწეობას ყოველთვიურად ელოდება.

წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ელიტური კორუფცია წარსულს ჩაბარდა და ქვეყანაში „სამართლიანობის ახალი ერა“ დადგა.

თუმცა, 2025 წლის რეალობამ ეს ილუზია დაამსხვრია. ივანიშვილის „კარზე“ დაწყებულ შიდა ომს, ხმაურიანი კორუფციული სკანდალები და მაღალჩინოსანთა დაპატიმრებები მოჰყვა.

კორუფციაში ბრალდებულთა სიაში აღმოჩნდნენ: ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბურჭულაძე და სუს-ის ყოფილი უფროსი ლილუაშვილი. კორუფცია საქართველოში არა შემთხვევითი ხარვეზი, არამედ სისტემური პრობლემაა. სანამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი საარსებო მინიმუმით თავის გატანას ცდილობს, საჯარო მოხელეები, სამართალდამცავი ორგანოების სიჩუმით, იურიდიული ხვრელებისა და ნათესაური კავშირების გამოყენებით, ჩრდილოვან ბიზნეს-იმპერიებს აშენებენ.