თბილისი – ბათუმის ,,ურბანული ჯოჯოხეთი”
თბილისისა და ბათუმის მოსახლეობისთვის ქაოსური განაშენიანება დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. რეკრეაციულ სივრცეებში აშენებული კორპუსები, მზისა და ჰაერის ნაკლებობა, დაუსრულებელი საცობები. ჩვენ თბილისის და ბათუმის მაგალითზე გიამბობთ, თუ როგორ სრულდება მერების წინასაარჩევნო დაპირებები ,,ურბანული ჯოჯოხეთის “ დასრულების შესახებ და როგორ კარგავს ქალაქი ისტორიულ იერსახეს.
ურბანული ქაოსი
,,მზის სხივი სავარაუდოდ აღარ გვექნება. ეს აივანია ჩემი და აქ რომ ახლა 19 სართულიანი აშენდება, თან აქ გამხმარია ხეები და ძალიან საშიშია. ისე, ყველა ხე ცოცხალი იყო და მშენებლობას რომ იწყებდნენ, უცებ გახმა, რომელი ხეც მშენებლობას უშლის, ის ხე გახმება. დომუსის ხე რატომ ჰქვია ნეტა ? – ამ კითხვით ასრულებს ჩვენთან საუბარს ლალი ჭავჭანიძე, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბანში, ვაკეში, ათ წელზე მეტია ცხოვრობს. მისი აივანი მეორე სართულზე ადრე გამწვანებულ ეზოში გამოდიოდა. მრავალწლიანი ხეების გასწვრივ დღეს ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიდის. სამშენებლო კომპანია ,,დომუსი” მისი ბინიდან ათიოდე მეტრში 82 მეტრი სიმაღლის მრავალფუნქციურ კორპუსს აშენებს. ახალი პროექტის, ,,დომუსის ხეების” , დასრულების შემდეგ ლალის და მის მეზობლებს სავარაუდოდ აღარც მზის სინათლე ექნებათ და მათი მრავალწლიანი ხეებიც გახმება.
მეზობლებმა ჭავჭავაძის გამზირზე, მათი კორპუსის გვერდით დაგეგმილი მშენებლობის შესახებ რამდენიმე წლის წინ გაიგეს. მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით თბილისის მერიას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც გაირკვა, კომპანიას მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტი ( გაპი ) 2017 წელს დაუმტკიცეს, ხოლო მშენებლობის ნებართვა 2020 წელს მიიღო.
,,აქ ამის აშენება არაფრით არ შეიძლება, მაგრამ სრულიად კანონიერად არის გაცემული ნებართვა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ახალი გენგეგმა და განისაზღვრა ზონები. იცით რა, ეს გენგეგმა, რომელიც გაკეთდა ბევრ შემთხვევასი, ისე, რომ ამასაც ელიტური კორუფციის სუნი ასდის” – ამბობს ურბანისტი ზურა ბაქრაძე .
თბილისის მერმა კახა კალაძემ ,,დომუსის ხეების” შესახებ დასმულ შეკითხვაზე მიგვანიშნა, რომ კომპანიამ ამ პროექტის აშენებაზე თანხმობა გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მიიღო.
,,რა არის ამაში ცუდი? განაშენიანების რეგულირების გეგმის მიღება როცა ხდება, მასში არის მოცემული კოეფიციენტი, ასევე სამშენებლო ნებართვა, თუ რამდენსართულიანი უნდა აშენდეს. შესაბამისად, მე მაგიტომაც გკითხეთ, კოეფიციენტი, რომელიც აქვს იმ კონკრეტულ კომპანიას, რომელ წელს აქვს მიღებული? “ – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის ცენტრალური უბნები, მათ შორის, ვაკე – საბურთალო ბოლო ათწლეულია მშენებლობის ეპიცენტრად იქცა. მას შემდეგ, რაც მოქალაქეების მზარდ მოთხოვნას საცხოვრებელ ფართებზე, სამშენებლო სექტორის მასშტაბური ზრდა მოჰყვა. სამშენებლო ბიზნესის განვითარებას გამარტივებული რეგულაციებიც უწყობდა ხელს. სამშენებლო სექტორმა, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არსებული ფართების ათვისების შემდეგ, კორპუსების აშენება რეკრეაციულ სივრცეებში განაგრძო. მშენებლობის არსებული რეგულაციების გამარტივების ძირითად მიზანს კი სამშენებლო სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენდა – ეს დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის 2011- 2018 წლის პერიოდის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა.
2011 -2017 წლებში დაახლოებით 55 ჰა სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეეცვალა და მშენებლობისთვის დასაშვებ ზონად იქცა. 2011-2018 წლებში განაშენიანების ინტენსივობა, დაახლოებით, 50%-ით გაიზარდა 270 ჰა ტერიტორიაზე – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. იმავე დასკვნის თანახმად, განაშენიანების ინტენსივობა ყველაზე მეტად ვაკესა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა.
,,ურბანული გენოციდის” დასრულება – მერის დაპირება
ქაოსური განაშენიანების დასრულებას მოქალაქეებს თბილისის მერი დავით ნარმანია ჯერ კიდევ 2014 წლიდან ჰპირდებოდა.
ურბანული ქაოსის მოწესრიგება იყო კახა კალაძის 2017 წლის წინასაარჩევნო დაპირებაც.
,,გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ”ურბანული გენოციდი” და ქალაქი გახდება თანამედროვე და, რაც მთავარია, სიცოცხლით სავსე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ამას ძალიან მალე შევძლებთ და ეს იქნება ჩვენი ერთად დგომით და ერთიანი ძალისხმევით”
2019 წელს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელზე მუშაობაც 2015 წელს დაიწყო.
,,არც ისე დიდი დრო გასულა, რომ არ გვახსოვდეს, რა ქაოსი იყო თბილისში. არ გვახსოვდეს, რომ პრაქტიკულად ყოველი ხის დაცვა უხდებოდა მოსახლეობას იმ სამშენებლო ექსპანსიისგან, რომელიც იყო. მოკლედ რომ ვთქვა, ქალაქმა არ იცოდა როგორ უნდა განვითარებულიყო. ქალაქს არ ჰქონდა განვითარების კონცეფცია, არ იცოდა რა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო და არ ხდებოდა დეტალიზაცია, კარგი ანალიზი, ნებართვის გაცემის დროს, რაზე შეიძლებოდა ნებართვის გაცემა და რაზე არა. უამრავი დარღვევით გაცემული ნებართვა ვნახეთ.“ – იხსენებს მამუკა სალუქვაძე, რომელიც ,,სითი ინსტიტუტის” დამფუძნებელია. ,,სითი ინსტიტუტი” თბილისის მიწათმოქმედების გენერალური გეგმის ავტორია.
გენერალური გეგმის მიღების მიუხედავად, თბილისის მოსახლეობისთვის ქაოსური განაშენიანება დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. რაც ,,ღია საზოგადოების ფონდის” პროექტის კოორდინატორის ანანო ცინცაბაძის თქმით, გატარებული რეფორმებისა და პრობლემებზე რეაგირების ფასადურობით არის გამოწვეული.
,,კონკრეტული, მავნე პრაქტიკის აკრძალვების შემთხვევაში, ამ აკრძალვიდან უამრავი გამონაკლისი დაითქმება. მაგალითად, წლების განმავლობაში საზოგადოება საუბრობდა, რომ კოეფიციენტის გადამეტება ქალაქის ქაოსურ განაშენიანებას იწვევდა. ის, რომ კონკრეტული განაშენიანების რეგულირების სივრცეში კონკრეტულ მასშტაბზე ინვესტორებს მეტის აშენების უფლება ეძლეოდათ, თანხის გადახდის სანაცვლოდ. შემდეგ, ჩვენ ვიყავით მომსწრე ძალიან, ესე ვთქვათ, საზეიმო აფიშირებისა, რომ ეს პრაქტიკა აიკრძალა, თუმცა დღევანდელ კანონმდებლობაში კვლავ რჩება მთელი რიგი გამონაკლისები, რაც ისევ უშვებს კოეფიციენტის გადაჭარბებას,” – აცხადებს ანანო ცინცაბაძე.
ახალი გენგეგმით სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად სამშენებლო – კ2 კოეფიციენტების გადაჭარბების გაზრდაც აიკრძალა. ამ აკრძალვით მესაკუთრეებს არ შეუძლიათ გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატებისთვის მუნიციპალიტეტს მიმართონ.
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თბილისის მერია დღემდე გასცემს ახალი ნებართვებს, იმაზე დიდი მშენებლობების, ვიდრე ეს ამა თუ იმ უბანშია დასაშვები. აღმოჩნდა, რომ 2018 წელს, თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, საქართველოს პარლამენტმა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი მიიღო, რომლის თანახმად, თუ გაპი (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები) 2019 წლის 3 დეკემბრამდეა გაცემული, ამ შემთხვევაში ნებართვა ძველი რეგულაციით გაიცემა. იურისტი სულხან სალაძე ამ ცვლილებას საჯარო ინტერესის საზიანოდ სამშენებლო სექტორის ხელისშეწყობად აფასებს.
,,ანუ გამოდის, რომ თბილისში, განსაკუთრებით ცენტრში, მშენებლობების უმეტესი ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის წინ დამტკიცდა ახალი გენგეგმა, მაინც ძველი რეგულაციებით მიდის. ეს გაკეთდა სპეციალურად კანონში ჩაიდო დათქმა, რომ თუ მოასწრებდი და მიიღებდი გაპს ან გრგს მაშინ თუნდაც 2022 -ში მიიღებდი ნებართვას ძველი კანონით და რამდენი ათასობით ნებართვა გაიცა 2017 – 2018 წლებში “ – ამბობს სულხან სალაძე.
თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვები
სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ეს მუხლი მშენებლებს აძლევს უფლებას გააგრძელონ შენება ისეთ აქტიურ გეოდინამიკურ უბნებში, სადაც ახალი გენგეგმა ამას კრძალავს. მათ შორის, ვაშლიჯვრის ფერდზე და ზემო ვაკეში.
,,ჟვანიას ქუჩაზე, მოგეხსენებათ, ჩვენ პრაქტიკულად შევაჩერეთ მშენებლობები და დავადეთ ზონა, სადაც მშენებლობა არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან საშიში ზონა, გეოდინამიკური პროცესების რუკა არის საჯაროდ. არავინ არ იცოდა, ყოველ შემთხვევაში, არავინ აქცევდა ყურადღებას ჟვანიას ქუჩაზე მეწყერსაშიში ზონა იყო თუ არა. ახლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს და ნახოს, რა ზონა რას წარმოადგენს, “ – ამბობს მამუკა სალუქვაძე.
თბილისის მერიაში გატარებულ ფასადურ რეფორმებზე საუბრისას, ანანო ცინცაბაძე ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებასაც იხსენებს. საბჭო, რომელიც განაშენიანების რეგულირების გეგმას ამტკიცებდა და კოეფიციენტებს ზრდიდა, კახა კალაძემ არჩევიდან მცირე დროში გააუქმა. თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო ისევ მუშაობს.
,,არ დაგვავიწყდეს, რომ ისტორიული საბჭო კვლავ არსებობს და ისევ ისეთი დახურული ორგანოა, როგორიც იყო ზონალური საბჭო. განსხვავებით იმისა, რომ ის მხოლოდ თბილისის ისტორიულ ნაწილში აძლევს მერს კონსულტაციებს. მაგრამ ის ისეთივე დახურული ორგანოა და მასში არსებული ექსპერტი, დეველოპერი და ჩინოვნიკი კვლავ იღებს გადაწყვეტილებებს, ისევე საზიანოს, კორუფციულს. მაგალითად, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილისთვის, როგორსაც იღებდა ზონალური საბჭო თბილისის სხვა ნაწილისთვის,” – ამბობს ანანო ცინცაბაძე.
თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია სულ რამდენიმე თვის წინ დასრულდა. სამშენებლო ტექნიკის გასვლის შემდეგ უფრო ცხადად გამოიკვეთა მელიქიშვილის N 5-ში დაგეგმილი ახალი სასტუმროს კონტურები. ძველ უბანში, ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაში, თითქმის დასრულებულია 10- სართულიანი ( 8 მიწისზედა და 2 მიწისქვეშა ) სასტუმროს კარკასის მშენებლობა, რომელიც ექსპერტების შეფასებით, თავისი ზომით შეუსაბამო და არარელევანტურია.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შპს ,, მელიქიშვილი ინნ” -ის დამფუძნებლები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, უჩა მამაცაშვილი და ვახტანგ კარიჭაშვილი არიან. უჩა მამაცაშვილი მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია. უჩა მამაცაშვილს, როგორც ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, უკრაინამ სანქციები 2022 წლის 19 ოქტომბერს დაუწესა.
სასტუმრო მელიქიშვილის გამზირზე 28,6 მ სიმაღლის იქნება. აღსანიშნავია, რომ მრავალფუნქციური შენობის პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შესწორებით, შპს ,, მელიქიშვილი ინნ”-ს ერთი სართულის დამატების უფლება მისცეს. თბილისის მერიიდან მოგვწერეს, რომ მელიქიშვილის N5-ში სასტუმროს ესკიზის შეთანხმება, ისევე როგორც პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე.
ბათუმი – დაკარგული ბავშვობის ქალაქი
,,ჩვენი ბავშვობა ამ ქალაქში აღარ არსებობს. ის ადგილები , რაც ჩვენ წარსულს უკავშირდება, გაქრა! “ – გვითხრა ბათუმელმა აქტივისტმა ირმა ზოიძემ. ირმა იხსენებს, რომ ბათუმის უკონტროლო განაშენიანება დაახლოებით 13 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. მაშინაც ქალაქის განვითარების გეგმა არ არსებობდა და სრული ქაოსი იყო. პირდაპირ, ვისაც სად რა უნდოდა, იმას აშენებდა. ყველაფერი მორგებული იყო ინვესტორზე. ინვესტორებს თავად სთავაზობდნენ ზღვის სანაპიროზე კორპუსის აშენებას.
“პირველი, სულ ვიხსენებ, ,,შერატონის” აშენებას. აი, ამბობდნენ, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება, ძალიან ცნობილი და მეც ფოჩიანი კანფეტივით შევირგე. პირველი ეს ინვესტიცია იყო, რომელიც ბულვარს უკავშირდებოდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. პლუს უნდა მივცეთ სივრცე აუზისთვის შუა ბულვარში, ისე, სხვანაირად არ მოდის. სხვა შეიძლება უკვე მიხვდა რაც ხდებოდა, თუმცა მე, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ მიხაროდა და ვფიქრობდი, რა მაგარია! რა კარგი შენობა აშენდა!”
“ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ბულვარში აშენებულ პირველ სასტუმროს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე. ყველა ცდილობდა ბათუმის უნიკალურ ბულვარში მოეპოვებინა სივრცე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკონტროლო განაშენიანების პარალელურად, ბათუმელები კარგავდნენ იმ სივრცეებს , სადაც ხშირად დადიოდნენ და ისვენებდნენ, უყვარდათ.
საპროტესტო აქციებზე უკვე ისეთი ადამიანებიც გამოვიდნენ, ვინც ადრე არ გამოირჩეოდა სამოქალაქო აქტიურობით. უკვე მივხვდით , რომ უნდა დავიცვათ ჩვენი გარემო. სრული განუკითხაობა იყო, შენდებოდა კორპუსები, მაღალსართულიანი კორპუსები, რომლებსაც მშენებლობის ნებართვა უბრალოდ არ ჰქონდა” – ამბობს ირმა ზოიძე .
2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქ. ბათუმის მერიის მიერ 2016-2018 წლებში, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და სახელმწიფო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. სხვა არა ერთ დარღვევასთან ერთად, უკანონო მშენებლობები და ნებართვის გაცემა უკვე აშენებულ შენობებზეც გამოიკვეთა.
,,მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო (უნებართვო) მშენებლობების შეჩერება და აღმოფხვრა, ხოლო რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა. მერიამ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთზე მზიდი კონსტრუქციებით უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე. ამასთანავე, სხვადასხვა პირის მიერ კვლავ გრძელდება უნებართვოდ აშენებული შენობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკავება და სარგებლობა, რაც შესაძლოა მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული”. – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში .
ბათუმის ქაოსური განაშენიანების მოწესრიგებისა და გენერალური გეგმის შემუშავებას მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰპირდებოდა. გენგეგმის შემუშავება დაპირებად დარჩა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც. დღემდე ბათუმს გენგემა არა აქვს. 2021 წელს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,სითი ინსტიტუტმა “ გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად ,, სითი ინსტიტუტი “ 2 495 700 ლარს მიიღებს.
გენგეგმაზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა დააანონსა. 2022 წლის 23 ივნისს ცვლილება შევიდა სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში. საქართველოს პარლამენტმა ცვლილება დაჩქარებულად მიიღო.
სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებული კანონი გაასაჩივრა და განხილვამდე მისი მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
,,ამ კანონმა მისცა შესაძლებლობა ბათუმის მერს, ყველანაირი წესის დაუცველად, გარდა კულტურული მემკვიდრეობის წესისა, გასცეს მშენებლობის ნებართვა, როდესაც არის კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულთა საჭიროება, ავარიული შენობა-ნაგებობების მობინადრეთათვის ალტერნატიული შენონებით დაკმაყოფილება და კიდევ გვაქვს ერთი, ბუნდოვანი საფუძველი, როდესაც სხვა განსაკუთრებული გარემოება არსებობს. აქ ჩვენ რაც ვნახეთ, ბათუმის მერს შეუძლია გაათავისუფლოს მშენებლობა არა მხოლოდ კოეფიციენტისგან, სიმაღლეს რაც ეხება, არამედ მედეგობასთან დაკავშირებული კვლევებისგან, ასევე შენობის შშმ პირების ადაპტაციის ვალდებულებისგან და უამრავი სხვა, რაც მშენებლობის დროს უნდა იყოს დაცული” – აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.
“მთავარი საფრთხე ამ დოკუმენტის არის ის, რომ ეს არის თავზეხელაღებული დოკუმენტი, მარეგულირებელი დოკუმენტების ასე ხელაღებით უგულებელყოფა არ ხდება არსად, არასდროს. ყველაზე ლიბერალური პოლიტიკის მომხრეებიც არ ამბობენ, რომ ერთდროულად გავაუქმოთ ყველა რეგულაციაო. ანუ მთავარი საფრთხე აქ არის ის, რომ ერთბაშად არის ნათქვამი უარი საუკუნეების გამოცდილებაზე, რასაც კაცობრიობა აგროვებდა ამ სამშენებლო ნორმებით”. – ამბობს არქიტექტორი გია რამიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველის საჩივრის განხილვა არ დაწყებულა. სასამართლომ არც კანონის დროებითი შეჩერების მოთხოვნა დაუკმაყოფილა.
ჩვენ ბათუმის მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე კომენტარი ვთხოვეთ.
,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამაში მონაწილე ყველა სახლის პროექტი შედგენილია საქართველოში მიღებული სამშენებლო ნორმების გათვალისწინებით. პროექტებს ასევე გავლილი აქვს კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ექსპერტიზა”, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.
ავტორები: ნანა ბიგანიშვილი, ცქრიალა შერმადინი
მასალა მომზადებულია Journalismfund.eu-ს ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები, შეიძლება, არ ასახავდეს დონორის პოზიციას.