განათლების სამინისტრომ „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებული ვიდეო სამხარაულის ექსპერტიზას გაუგზავნა
განათლების მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია სტუდია მონიტორის მიერ, სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეომასალა, რომლის შესახებაც საზოგადოებამ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებიდან შეიტყო, ექსპერტიზისთვის სამხარაულის ბიუროს გადაეგზავნა.
ვიდეოში ჩანს, რომ განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის დას, ლალი გიგაურს გუგლდრაივში იმ საქაღალდეზე აქვს წვდომა, რომელშიც ავტორები გრიფირების კონკურსში წარდგენილ სახელმძღვანელოზე მუშაობენ, ის პერიოდულად, სახელმძღვანელოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტაციასაც ტვირთავდა. გარდა ამისა, ამ საქაღალდეში ატვირთულია „დიოგენეს” მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს და ასევე სხვა კონკურენტი სახელმძღვანელოს შეფასებებიც.
მურღულიას თქმით, ექსპერტიზა შეისწავლის, დასტურდება თუ არა წარდგენილი ვიდეოთი, რომ მინისტრის მოადგილის და ლალი გიგაური იმ სახელმძღვანელოს ავტორია, რომელიც გრიფირების პროცესში მონაწილეობდა.
სტუდია მონიტორმა ჟურნალისტური გამოძიება 2 ივლისს გამოაქვეყნა. სადაც სასკოლო სახელმძღვანელოს რამდენიმე ავტორი ყვება, რომ მათ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც წესით კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო და რომლის დაცვაც განათლების სამინისტროს ევალებოდა, კონკურენტებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.