მაშინ როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს ყოველგვარ დარღვევას, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის გამო ყულევის ტერმინალის „შავ სიაში“ შეყვანას აპირებს.
ორშაბათს „რადიო თავისუფლებამ“ (RFE/RL) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი, მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული ახალი პაკეტის ფარგლებში, განიხილავს სანქციებს ქართული პორტის წინააღმდეგ, რომელსაც რუსული ნავთობის მიღებაში ადანაშაულებენ.
გამოცემა ეყრდნობა ევროკომისიის წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვებს საქართველოს ყულევის პორტის, ასევე რუსეთსა და ინდონეზიაში მდებარე სხვა ობიექტების წინააღმდეგ.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჯერ არ დაუმტკიცებიათ ეს წინადადება, რომელიც უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-20 პაკეტის ნაწილი უნდა გახდეს. მიღების შემთხვევაში, ეს ზომები ევროკავშირის კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ამ პორტებთან ბიზნესის წარმოებას აუკრძალავს.
„რადიო თავისუფლების“ თანახმად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყულევმა რუსული ნავთობი მიიღო „გემების მეშვეობით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“. სანქციების პროექტი ასევე მოიცავს შეზღუდვებს იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“.
თბილისის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვახტანგ ფარცვანიამ „მონიტორს“ განუცხადა, რომ შემოთავაზებული სანქციები „შეეხება მთელ ლოჯისტიკას ამ პორტის გავლით“. მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯი ყულევს „საერთაშორისო ნაოსნობისთვის არაამზიდველს გახდის და გლობალური ფინანსური და სადაზღვევო სისტემისგან იზოლაციაში მოაქცევს“.
ყულევის ნავთობტერმინალს დიდი ხანია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) მართავს. „მონიტორისთვის“ მიწერილ პასუხში, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მარკეტინგისა და კომუნიკაციების დარგში, თამარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში ტერმინალის მუშაობა შეიზღუდება.
„ტერმინალი [ყულევი] „სოკარის“ საკუთრებაა, თუმცა მას დამოუკიდებელი მენეჯმენტი ჰყავს. რეალურად, ეს საკითხი სახელმწიფო სტრუქტურებთან არის გასარკვევი“, — დასძინა მან. კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ტერმინალს „სოკარის“ კიდევ ერთი შვილობილი კომპანია, შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ (Black Sea Terminal LLC) მართავს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციაზე საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა „მზად არის ევროკომისიას წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია“ დაგეგმილ სანქციებთან დაკავშირებით: „რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ [ყულევში] რაიმე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას“, — დაამატა მან.
ყულევის ნავთობტერმინალში რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვები 2025 წლის ბოლოს დაიწყო. ჩამოსვლისთანავე ნავთობი გადაიტანეს ყულევის ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელსაც ქართული ფირმა „ბლექ სი პეტროლიუმი“ (Black Sea Petroleum) მართავს.
ოფიციალურად, „ბლექ სი პეტროლიუმი“ ეკუთვნის ქართველ დიზაინერსა და ყოფილ მოდელს, მაკა ასათიანს და დავით ფოცხვერიას — მისი მეუღლის, კონსტანტინე გოგელიას დისშვილს. თავად კონსტანტინე გოგელია კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ასათიანის მინდობილი პირია.
გასულ წელს საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ (Proekt) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასათიანის ვაჟი პირველი ქორწინებიდან არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ალექსეევის შვილის ბიზნესპარტნიორი.
„ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილია.
“მონიტორმა” კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმთან” დაკავშირება ვერ შეძლო.