კონგრესმენების მიერ დასახელებული ეპსტინის „ძლიერი“ თანამზრახველები, სინამდვილეში, ჩვეულებრივი ნიუ-იორკელები არიან

Divider dot 14 თებერვალი 2026

ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა რო ხანამ და ტომას მესიმ გაასაჯაროვა ექვსი მამაკაცის სახელი, რომლებიც მათი მტკიცებით ჯეფრი ეპსტინთან დაკავშირებული „გავლენიანი“ პირები იყვნენ. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ ადამიანებს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ, გარდაცვლილ ამერიკელ ფინანსისტთან, ჯეფრი ეპსტინთან აკავშირებს.

ავტორები: მონიტორი, კელი ბლოსი (OCCRP), კევინ გ. ჰოლი (OCCRP), ზაკ კოპლინი(OCCRP)

აშშ-ის კონგრესის ლიდერების მიერ „ძლიერ“ თანამზრახველებად დასახელებული სამი პირი, რომლებიც მათი თქმით დაკავშირებულნი იყვნენ ცნობილ ფინანსისტთან ჯეფრი ეპსტინთან, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი ნიუ-იორკის მცხოვრებლები არიან. მათ განაცხადეს, რომ არასოდეს შეხვედრიან და არ უმუშავიათ ეპსტინთან ან მის ქსელთან.

სამივე მათგანმა ისაუბრა OCCRP-სა და მის პარტნიორებთან. ისინი ცხოვრობენ და/ან მუშაობენ ნიუ-იორკში და საჯაროდ დასახელდნენ მიმდინარე კვირის დასაწყისში, როდესაც კონგრესის ორი ლიდერი, რომლებიც ეპსტინის ფაილების გასაჯაროებისთვის იბრძოდნენ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში დაცულ არარედაქტირებულ მასალებს გაეცნენ.

ოთხშაბათს, წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კალიფორნიელმა დემოკრატმა კონგრესმენმა რო ხანამ განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არასწორად დაარედაქტირეს ექვსი პირის სახელი. მისი თქმით, „მათ აღიარეს შეცდომა და ახლა გამოავლინეს ამ ექვსი გავლენიანი მამაკაცის ვინაობა“.

ხანასა და კენტუკის რესპუბლიკელი კონგრესმენის ტომას მესის მიერ დასახელებული ექვსი პირიდან ორნი მართლაც გავლენიანი ფიგურები იყვნენ, თუმცა მათი სახელები უკვე ფართოდ ფიგურირებდა დოკუმენტებში და ცნობილი იყო, რომ ეპსტინის თანამოაზრეები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, სულთან აჰმედ ბინ სულაიემ, პარასკევს მოულოდნელად დატოვა დუბაიში დაფუძნებული გლობალური პორტებისა და ლოჯისტიკის გიგანტის, DP World-ის, თავმჯდომარის თანამდებობა.

თუმცა, სხვა პირები შორს არიან „ძლიერის და გავლენიანის“ სტატუსისგან. მათგან სამი, რომლებიც OCCRP-მ და მონიტორმა, არიან ხელოსანი, ინჟინერი და მექანიკოსი. არც ერთ მათგანს ჩაუდენია სერიოზული დანაშაული და არ მიუღიათ მონაწილეობა სასამართლო დავებში.

ვუყურე კონგრესმენის გამოსვლას, სადაც ჩემი სახელი და გვარი იყო მოხსენიებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახელისა და გვარის მქონე 10 ადამიანი არსებობს, ვიღაცამ სადღაც ფოტო გამოაქვეყნა და ეს საქმეს უფრო ართულებს,“ – თქვა ზურაბ მიქელაძემ, ერთ-ერთმა საჯაროდ დასახელებულმა პირმა, რომლის ფოტო ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა განცხადების შემდეგ.

ეს ფოტო ახლახანაა გადაღებული. მაისური ჩემია, სვიტერი ჩემია, არაფერია ფოტოშოპით დამუშავებული. მაგრამ არ მესმის, როგორ მოხვდა ეს ფოტო იქ.

ზურაბ მიქელაძემ მონიტორს უთხრა, რომ აშშ-ში უკვე 27 წელია ავტომექანიკოსად მუშაობს.

ჩემზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, გარდა პედოფილიისა,“ – თქვა მან, – „ვერც კი წარმოვიდგენ.“

მისი სახელი ნიუ-იორკის სასამართლო ჩანაწერებში მხოლოდ ერთხელ ფიგურირებს – 2001 წელს, როგორც მოსარჩელე მცირე სადაზღვევო საქმეში.

მიქელაძის პასპორტის ტიპის ფოტო ეპსტინის ფაილებში ჩნდება, როგორც მნიშვნელოვნად რედაქტირებული დოკუმენტის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მან დაადასტურა ფოტოზე საკუთარი იდენტობა, განაცხადა, რომ არ იცის ვინ გადაიღო იგი და როგორ მოხვდა ფაილებში.

ვიკვლევ ამას. ამ ადამიანზე, ეპსტინზე, მსგავსი არაფერი მსმენია. არასოდეს შევხვედრივარ. მხოლოდ ის გავიგე, რომ ციხეში გარდაცვლილი იპოვეს,“ – თქვა მიქელაძემ.

კიდევ ერთი დასახელებული პირი, ლეონიდ ლეონოვი, იმავე დოკუმენტში ფიგურირებს, თუმცა კონგრესმენებმა შეცდომით „Leonic Leonov“-ად დაასახელეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ლეონოვმაც გამოხატა გაოცება და შეშფოთება იმის გამო, რომ ეპსტინის ფაილებში რედაქტირებით „დაცულ ძლიერ პირად“ იყო მოხსენიებული. მისი LinkedIn-ის პროფილის მიხედვით, ის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია. დამატებით კითხვებზე მან პასუხი არ გასცა.

მესამე დასახელებული პირი, სალვატორე ნუარა, ინსტაგრამის გვერდზე მიუთითებს, რომ ფლობდა ან ფლობს მცირე სარემონტო ბიზნესს ოზონ-პარკში, ქუინსის რაიონის მუშათა კლასის უბანში. მანაც გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ ეპსტინის ფაილებში „ძლიერ პირად“ იყო მოხსენიებული.

ფაილები შეიცავს ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენიმე ვერსიას, რომლებიც ნიუ-იორკელ მამაკაცებს ასახავს და სხვადასხვა ხარისხითაა რედაქტირებული. დოკუმენტებში მათი დაბადების თარიღებიცაა მითითებული, რაც ამცირებს მათ ვინმესთან სახელის დამთხვევის რისკს.

OCCRP-მ და მისმა პარტნიორებმა მასისა და ხანას მიმართეს კითხვით, რატომ დასახელდნენ ეს ადამიანები საჯაროდ, როგორც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ „დაცული ძლიერი პირები“.

მასის ოფისმა ერთ-ერთ ჟურნალისტს მიუთითა მის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ის იცავდა მეოთხე პირის – ნიკოლა კაპუტოს – იდენტიფიცირებას, რომლის სახელი ემთხვევა ევროპელი პოლიტიკოსის სახელს. (ამავე სახელის მქონე პოლიტიკოსმა ამ კვირაში X-ზე დაწერა, რომ შეძრწუნებული იყო ეპსტინთან დაკავშირების გამო და კატეგორიულად უარყო მასთან რაიმე კონტაქტი.)

გარდიანის კითხვების შემდეგ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ხანას მიერ დასახელებულ ოთხ მამაკაცს ეპსტინთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

„გარდაუვალია, რომ ადამიანები, რომლებიც ეპსტინის ფაილებში არ არიან, დაემთხვნენ იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც ფაილებში ფიგურირებენ,“ – დაწერა მასიმ 12 თებერვალს. „მაქვს საფუძვლიანი მიზეზი ვიფიქრო, რომ (ფაილის ნომერი) EFTA00077895-ში მითითებული ნიკოლა კაპუტო არ არის ის ნიკოლა კაპუტო, რომელიც იტალიიდან ევროპარლამენტის წევრი იყო.“

მისმა ოფისმა სხვა დასახელებულ პირებთან დაკავშირებით კონკრეტულ კითხვებზე პასუხი არ გასცა.

ხანას ოფისმაც არ უპასუხა OCCRP-ის კითხვებს. ამის ნაცვლად მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე მიუთითა, სადაც იცავდა ექვსი მამაკაცის დასხელებას, მათ შორის, საცალო ქსელ Victoria’s Secret-ის ყოფილ მფლობელს ლესლი ვექსნერს და სულთან აჰმედ ბინ სულეიმანს, DP World-ის თავმჯდომარეს.

„სხვა მამაკაცები, რომლებიც ვახსენე, არ უნდა ყოფილიყვნენ რედაქტირებული და, მიუხედავად სპეკულაციებისა, ჩვენ არ ვიცით ვინ არიან ისინი ან რა წარსული აქვთ,“ – დაწერა ხანამ პარასკევს. „მაგრამ უნდა იყოს გამჭვირვალობა – რედაქტირება მხოლოდ გადარჩენილთა დაცვის მიზნით.“

დაახლოებით 3.5 მილიონი დოკუმენტის გამოქვეყნება 30 იანვარს მოხდა მრავალწლიანი სარჩელების, კონგრესის მიერ მიღებული კანონისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო დაპირებების შემდეგ. თუმცა კონგრესში კრიტიკოსები მიუთითებენ ფაილებში არსებული რედაქტირებული ინფორმაციის დიდ მოცულობაზე, ხოლო იუსტიციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ რედაქტირება აუცილებელია მსხვერპლთა დასაცავად ან მიმდინარე სამართალწარმოების ზიანის თავიდან ასაცილებლად.

ეპსტინი 2019 წლის ივლისში ფედერალურმა ორგანოებმა დააკავეს ბრალდებით, რომ ის სექსუალური ტრეფიკინგის ქსელს ხელმძღვანელობდა. მომდევნო თვეში ის ნიუ-იორკის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს სასამართლოს მოლოდინში. ექსპერტიზის დასკვნით, ეს იყო თვითმკვლელობა ჩამოხრჩობით.

სტატიაზე აგრეთვე მუშაობდნენ Paper Trail Media, The Times of London, The Guardian და Le Monde.