რატომ შეჩერდა ირანიდან ბიტუმის იმპორტი და სად მიდის მონოპოლიური სქემის კვალი

ჟურნალისტი: ზურა მოდებაძე
Divider dot 28 იანვარი 2021

საქართველოს მთავრობამ ირანიდან ბიტუმის იმპორტი შეაჩერა. “სტუდია მონიტორმა” გაარკვია, რომ ბიტუმის ბიზნესში ახალი მონოპოლიური სქემა ჩამოყალიბდა, რამაც საგზაო კომპანიების ხარჯი გაზარდა.

„საქართველოში საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების სახელით გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ბაზარზე წარმოიშვა საგზაო საფარის შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის – ბიტუმის იმპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხება, რამაც გამოიწვია ბაზარზე მონოპოლიური ფასების წარმოქმნა და პროდუქტის არაგონივრული გაძვირება“,

– ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც საქართველოს მსხვილმა საგზაო-სამშენებლო კომპანიებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს გასული წლის 12 ოქტომბერს მიწერეს.

ამ წერილს, რომელიც „სტუდია მონიტორმა“ მოიპოვა, ხელს ისეთი მსხვილი კომპანიები აწერენ, როგორებიცაა: „ბლექ სი გრუპი“, „ზიმო“, „ნიუ როადი“, “სერპანტინი“, „იბოლია“ და „ჯეუ გრუპი“.

ბოლო 7 წლის განმავლობაში ირანული წარმოების ბიტუმის წილი საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად იზრდებოდა: თუკი 2012 წელს ირანიდან 72 000 ტონა ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, 2019 წელს იმპორტის მოცულობამ 146 000 ტონა შეადგინა და მისმა ღირებულებამ 49 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ირანიდან საქართველოში ბიტუმი 100-მდე კომპანიას შემოჰქონდა. მათ სხვადასხვა მიმწოდებელი ჰყავდა. კონკურენცია აისახებოდა ნედლეულის ფასზეც. ირანული ბიტუმის ფასიცა და ხარისხიც მიმზიდველი იყო ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანიებისთვის. შედეგად, 2019 წელს საქართველოში თითქმის 170 000 ათასი ტონა იმპორტირებული ბიტუმიდან 86% სწორედ ირანზე მოდიოდა, 8% ერაყზე და 5,6% – აზერბაიჯანზე.

სიტუაცია ბიტუმის ბაზარზე კარდინალურად შეიცვალა 2020 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ ირანიდან ბიტუმის იმპორტი ისე შეაჩერა, რომ დარგის წარმომადგენლებისთვის რეალური მიზეზი არ უცნობებია. ოფიციალურად მეგზევეებს უთხრეს, რომ იმპორტის შეჩერება პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “სტუდია მონიტორს” უთხრა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ირანული კომპანიებისთვის ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება:

„ჩვენ, სახელმწიფოს გვაქვს ჩვენი რიგი პასუხისმგებლობები, რომ ჩვენ ამათუ იმ ქვეყნის მიმართ, ან ამა თუ იმ ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს ვასრულებთ ისე, როგორც ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს შეეფერება“.

“ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ აშშ-სთან პარტნიორობის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ ირანიდან ბიტუმის იმპორტის გაჩერებამდე, ხელისუფლებას ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიებაზე უნდა ეზრუნა:

„შესაძლოა, პარტნიორობის ფარგლებში რაღაც შეზღუდვებს ლოგიკური სარჩული ჰქონდა, მაგრამ ალტერნატივები მანამდე უნდა გაეჩინათ. არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მომწოდებელი ერთი ქვეყნიდან. ეს ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი და სხვა მომწოდებლებიც უნდა არსებობდნენ, თავისუფლად ნებისმიერ ბიზნესსუბიექტს უნდა შეეძლოს ბიტუმის შემოტანა. აი, ეს არის კონკურენცია. თუ ეს არ შეუძლიათ, გვინდა არ გვინდა, მას უნდა დავარქვათ თავის სახელი – წმინდა მონოპოლია“.

გასული წლის 5 მარტს ეკონომიკის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა მეგზევე კომპანიებთან და ბიტუმის იმპორტიორებთან შეხვედრა გამართა, სადაც პანდემიის მოტივით ირანიდან ბიტუმის იმპორტის შეჩერებაზე ისაუბრა და იმპორტიორებს ბიტუმის შემოტანის ახალი ალტერნატივების ძიებისკენ მოუწოდა:

„აუცილებელია, როგორც საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სხვა სამრეწველო მიზნებისთვის ბიტუმის შეუფერხებელი მიწოდება. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, რა ფორმით შეიძლება შემოვიდეს ბიტუმი საქართველოში, რა ტარიფით და რა ვადებში, მათ შორის, მულტიმოდალური სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში. ჩვენ სრული სურათი გვაქვს ბაზარზე არსებული ალტერნატივების შესახებ, ასევე ვადებისა და ფასების შესახებ. ვფიქრობთ, რომ ინდუსტრია თავად შეარჩევს ბიტუმის შემოტანის ოპტიმალურ ფორმას და სატრანსპორტო საშუალებას, რათა პროდუქტი ბაზარს უწყვეტად მიეწოდოს“, – განაცხადა საღირაშვილმა.

ამ შეხვედრიდან მოკლე დროში ბიტუმის იმპორტის მონოპოლიური ხაზი ამოქმედდა. ირანიდან იმპორტის აკრძალვის შემდეგ ბიტუმის ბაზარზე მონოპოლისტი აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ ხდება.
აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილი 82 199 ტონა ბიტუმის 91% „სოკარის“ წილია.

2020 წელს საქართველოში 128,7 ათასი ტონა ბიტუმი შემოვიდა, ბაზრის 60% -ზე მეტი -82 ათასი ტონა ბიტუმი“სოკარმა” შემოიტანა, ერაყიდან 26 ათასი ტონა ბიტუმი შემოვიდა, რუსეთიდან 7 ათასი ტონა, თურქეთიდან 2 400 ტონა, ირანიდან ბიტუმის იმპორტი კი 146 ათასი ტონიდან 9100 ტონამდე შემცირდა.

თუკი ირანიდან ბიტუმის იმპორტის შემთხვევაში, ქართულ გადამზიდავ კომპანიებს შემოჰქონდათ პროდუქცია, როგორც გავარკვიეთ, აზერბაიჯანული „სოკარი” თავად გახდა როგორც მომწოდებელი, ისე შემომტანი, რამაც ბიტუმის იმპორტში ჩართული ბევრი კომპანია და ინდივიდუალური მეწარმე გააკოტრა.

როგორც „თავისუფლების მონიტორმა“ გაარკვია აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ 2020 წლის მარტიდან საქართველოსთან ბიტუმით ორი შუამავალი კომპანიის „ოლდ ლაინ ჯორჯია“ და „აზ ქომი“-ს მეშვეობით ვაჭრობს.

„სოკარი” მთლიანად აძლევს ამ ორ კომპანიას. მერე ესენი ყიდიან. სხვამ რომ მოინდომოს, არ შეუშვებენ ამ ბაზარზე. “სოკარი” მე არ მაძლევს პირდაპირ, უნდა ვიყიდო მე ამ ორი კომპანიიდან, ან ვერ ვიყიდი. ალბათ, ხელშეკრულება გააკეთა ამისთანა, მისცა მთლიანად ამათ, მერე ესენი აძლევენ სხვა კომპანიებს, რეალიზაციას ეს ორი კომპანია აკეთებს”, – უთხრა სტუდია მონიტორს ირანელმა ბიზნესმენმა ჰამედ თარიმ.

„ოლდ ლაინი“, ერთის მხრივ, ბიტუმს მეგზევეებზე ჰყიდის, მეორეს მხრივ კი საბითუმო ფასად მხოლოდ „აზ ქომს“, აძლევს, „აზ ქომი“ შემდეგ ნავთობპროდუქტს მეგზევე კომპანიებზე ყიდის.

კომპანია „აზ ქომი“ აზერბაიჯანის მოქალაქე ვუგარ გულიევმა 2019 წელს დააფუძნა, თუმცა შემდეგ, კომპანიის 50%-ის მფლობელი და დირექტორი დავით კიპაროიძე გახდა. კიპაროიძე წლებია სამშენებლო ბიზნესშია, რამდენიმე კომპანიის მეწილეა და სახელმწიფო ტენდერებშიც მონაწილეობს. 2018 წლამდე კომპანია „ბიოპლასტიკში“ კიპაროიძის ერთ-ერთი პარტნიორი „ქართუ ჯგუფის“ იურისტი გელა კობერიძე იყო. კობერიძე ბიძინა ივანიშვილის არაერთ აქტივს მართავდა და ახლაც მართავს, მათ შორის, „აბასთუმანი 2019”-ს, ზესტაფონის ნავთობბაზას, “რეესტრი 21”-ს, „ჰორიზონტს”, უფრო ადრე – „ბლექ სი არენას”, რომელიც ივანიშვილმა სახელმწიფოს

სტუდია მონიტორმა დავით კიპაროიძესთან სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კიპაროიძე უარყოფს, რომ ბიტუმის ბიზნესი ივანიშვილის გარემოცვის წევრის, თავისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის დახმარებით ააწყო:

„რა შუაშია გელა კობერიძე ბიტუმის ბიზნესთან, ჩემო კარგო, დღეს გელა კობერიძეს ჩემთან რა კავშირი აქვს? მე რამდენი ნაცნობი მყავს ახლა, ზოგი სად არის, ზოგი სად? რა მნიშვნელობა აქვს, ჩემს ბიზნესთან რა კავშირი აქვს? გულიევთან მე წილში როგორ ჩავჯექი, ეს რა თქვენი გასარჩევია. აზერბაიჯანელი იყო, რომელიც ჩემი მეგობარის მეგობარია და რომელსაც აქ, საქართველოში უნდოდა ამ ბიზნესის გაკეთება და დამიკავშირდა მე და მერე ჩავერთე მეც ამ საქმეში, შემომთავაზა ბიზნესი, სხვა რა უნდა იყოს ახლა? სოკარი აძლევს ოლდლაინს, გეთანხმებით, მერე ოლდლაინი აძლევს აზკომს. მეც მაძლევს, პეტრესაც, პავლესაც და ქარხნებსაც, ვისაც გადაწყვიტავს, რომ ოლდლაინი აძლევს, იმას აძლევს. მარტო აზქომს რომ აძლევდეს, ეგეთი რამე არ არის“.

საქართველოს ბიტუმის ბაზარზე აზერბაიჯანული სოკარის მთავარი შუამავალი კომპანია “ოლდლაინ ჯორჯიაა”. ამ კომპანიამ ჩვენი გამოძიების პროცესში სახელის გადარქმევაც მოასწრო. „ოლდლაინ ჯორჯიაა“ 2018 წელს დაარსდა და მეწილეები აზერბაიჯანის მოქალაქეები ჰიქმათ მამადოვი და ემილ გულიევი იყვნენ. 2020 წლის 23 დეკემბერს გულიევმა მამადოვს 50% წილი 50 ლარად დაუთმო, ხოლო 29 დეკემებრს კომპანიამ სახელი შეიცვალა და შპს „კემექს ინტერნეიშენელი“ გახდა.

„სოკარში“ ინტერვიუზე უარი გვითხრეს, წერილობით კი თანამშრომლობა „ოლდ ლაინ ჯორჯია“-სთან დაგვიდასტურეს.

აზერბაიჯანული „სოკარის“ ახალი სქემით, რომელშიც შუამავლებად „აზქომი“ და „ოლდლაინ ჯორჯია“ არიან ჩართულნი, ბიტუმი საქართველოს ბაზარზე გაძვირდა. საგზაო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროდუქცია 15-20 დოლარით გაძვირდა. თუმცა მეგზევეების თქმით, მიმდინარე წელს იყო შემთხვევა, როცა „სოკარმა“ შემოტანა ვერ შეძლო და ტონაზე ფასი 380 აშშ დოლარამდე ავარდა. ბიტუმის გაძვირებამ კი თავის მხრივ, საგზაო-სამშენებლო კომპანიებისთვის სახელმწიფოსთან შეთანხმებული კონტრაქტების ღირებულების ზრდა გამოიწვია.

„პროპორციულად რომ წარმოვიდგინოთ ასეა: 1 ტონა ასფალტში 7 პროცენტია ბიტუმის რაოდენობა და ერთი ტონა ასფალტის მოცულობა არის ერთი კუბი ასფალტი. ბევრი სჭირდება ასფალტი ძალიან საავტომობილო გზას და ბუნებრივია, ბიტუმი რომ ძვირდება, ეს ყველაფერს აძვირებს, სერიოზულად აძვირებს“, – ამბობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო დეპარტამენტის პროფესორი დავით ბურდულაძე.

მას შემდეგ რაც „სოკარი“ საქართველოსთვის ბიტუმის პრაქტიკულად უკონკურენტო მიმწოდებელი გახდა, სექტორში დასაქმებული ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ბიტუმის ხარისხი მკვეთრად დაეცა. ამას ხელს გარკვეულწილად ისიც უწყობს, რომ ბიტუმის შესახებ კანონმდებლობა მოწესრიგებული არ არის. „სტუდია მონიტორმა“ მოიპოვა ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ „ოლდლაინ ჯორჯია“-ს მიერ შემოტანილი აზერბაიჯანული ბიტუმი დაბალი ხარისხისაა და თანდართულ სერთიფიკატში აღწერილ მონაცემებს არ შეესაბამება.