როგორ ანადგურებს ქვიშა-ხრეშის მოპოვება მდინარეებს

ჟურნალისტი: თეო ქავთარაძე ; რედაქტორი: ნინო ზურიაშვილი
Divider dot 7 მარტი 2024

იორი

“დაღუპვის შემდეგ დედა იძახდა, რომ მთელი 1 თვე გვეხვეწა, იორზე გამიშვითო. Მითხრეს, რომ სტადიონზე მივდივართ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთო. ფეხბურთის მაგივრად იქ წასულან, იორზე. Წავიდა და აღარ ამოვიდა. Ძმამ თქვა, Სანამ ტანსაცმელი ავიღე, მივტრიალდი და აღარ იყოო.” – თამარ მამუჩიშვილი მისი შვილიშვილის, დათო მამუჩიშვილის გარდაცვალების დღეს იხსენებს. 

13 წლის დათო მდინარეზე ძმასთან ერთად წავიდა. ბავშვები ბანაობას აპირებდნენ, მაგრამ ვეღარ მოასწრეს. Სოფელ ხაშმში ხალხი ყვება, რომ დათო მდინარე იორის ნაპირზე იდგა, როცა მიწა ჩამოიშალა და მდინარეში ჩავარდა. 

დათოს ბებია იხსენებს, რომ მათი ოჯახის ახლობელი ბავშვის დაღუპვის ადგილას როცა მივიდა, მიწა ფეხქვეშ მასაც გამოეცალა, მაგრამ გადახტომა მოასწრო. 

“სტუდია მონიტორის” კითხვა, თუ რამ გამოიწვია ბავშვის დაღუპვა, პროკურატურამ უპასუხოდ დატოვა. 

Მდინარე იორი ქვიშა-ხრეშის მოპოვების გამო მთლიანად სახეცვლილია. მდინარის კალაპოტი დაღრმავებულია, ხოლო ნაპირები ორმოებითაა დაფარული. ამ ადგილისთვის უცხო ადამიანი რთულად წარმოიდგენს, რომ ოდესღაც იქ ჭალებით გარშემორტყმული მდინარე მიედინებოდა.

მდინარე იორი

გარემოს დამცველმა Რეზო გეთიაშვილმა კამპანია “იცურე მშვიდად” წყლების წინ დაიწყო. პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, იგი ხელისუფლებისგან საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას მოითხოვდა. 

ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ არის დაცული მთავარი, ადამიანის სიცოცხლე. არ ხდება რეაგირება ამ ტრაგედიებზე, რომელიც გამოწვეულია, ხშირ შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ნორმების დარღვევით. ეს ერთეული შემთხვევაც კი უნდა იწვევდეს სისტემური ანალიზს და შემდგომში უკვე სისტემური ცვლილებას, მაგრამ არც ერთ ასეთ შემთხვევას მსგავსი შედეგი არ მოყოლია”. – ამბობს რეზო გეთიაშვილი. 

Საქართველოში მდინარეების ექსპლუატაციის მასშტაბი დღითიდღე  იზრდება და ქვიშა-ხრეშის მოპოვება ადგილობრივ მოსახლეობას უმძიმეს საცხოვრებელ პირობებს უქმნის. ადამიანები კარგავენ სასოფლო- სამეურნეო მიწებსა და სასმელ წყალს, სახელმწიფო კი  მათ უსაფრთხოებას არ იცავს.

ქვიშა-ხრეში სამშენებლო მასალაა და მისი მოპოვება, ძირითადად, მდინარეების კალაპოტებსა და ჭალებში ხდება. მინერალური რესურსების სააგენტო მილიონობით კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიას გასცემს, თუმცა შემდეგ მოპოვების პროცესზე ეფექტიან კონტროლს აღარ ახორციელებს. 

მდინარის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის მოპოვება

2021 წლის მონაცემებით, Მინერალური რესურსების სააგენტოს მდინარე იორზე ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებლად 27 ლიცენზია ჰქონდა გაცემული. ამ ტერიტორიაზე კი 2017 წლიდან, ჯამში 50 ჰექტარ ფართობზე, ხუთი კომპანია მუშაობდა, თუმცა ახლა მოპოვებას მხოლოდ ორი განაგრძობს.

“Მწვანე ალტერნატივამ” 2021 წელს საშენი მასალის მოპოვების პრაქტიკა და მისი შედეგები იკვლია. ირინა სვანიძემ სხვა მდინარეებთან ერთად მდინარე იორიც შეისწავლა.

Მდინარის კალაპოტებში კი არა, მდინარის ნაპირებზეც ხდება მოპოვება და ნახეთ, ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი რა სიღრმეზე აქვთ ჩამოჭრილი მდინარის ნაპირი. Მდინარე იორზე თითქმის ყველგან, ყველა კომპანიას, რომელსაც ამოწურული აქვს თუ არ აქვს ამოწურული ლიცენზია, მოპოვების შემდეგ ყველას იგივე სახით აქვს დატოვებული ტერიტორიები”. 

ტერიტორიაზე ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ქვიშა-ხრეშს მოიპოვებდა “იორი 2008”-ა. მათ ლიცენზიის ვადა შარშან გაუვიდათ. თუმცა, ადგილზე მისვლისას აღმოვაჩინეთ, რომ მოპოვებას აგრძელებდნენ. კომპანიის წარმომადგენელმა იოსებ ქინქლაძემ გვითხრა, რომ ახლა ნაყიდ ქვიშა-ხრეშს ამუშავებდა. კითხვაზე, გააკეთეს თუ არა მიწის რეკულტივაცია ლიცენზიის ამოწურვის შემდეგ, მან გვიპასუხა: “ დამთავრდა ლიცენზია და გამოვედით კარიერიდან”. 

კომპანიის წარმომადგენელი დაგვთანხმდა, “სტუდია მონიტორისთვის” ის ტერიტორია ეჩვენებინა, სადაც 1 წლის წინ მოიპოვებდა ქვიშა-ხრეშს. Მდინარის კალაპოტში მიწა დაშვებულ ნორმაზე ღმად იყო მოჭრილი, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ ეს მათ არ გაუკეთებიათ. 

“იორი 2008” 2020 წელს მდინარის ჭალაში სხვადასხვა სიღრმეზე ქაოტურად მოპოვებისთვის სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. ოქმში ასევე ნახსენებია, რომ ნაპირის დახრის კუთხე 55 გრადუსის ნაცვლად  90 გრადუსი იყო, რაც დაშვებულ ნორმას ეწინააღმდეგება. თუმცა, კომპანიის წარმომადგენელი ამ ფაქტს დღემდე უარყოფს.

ირინა სვანიძე ამბობს, რომ 2000 ლარიანი ჯარიმა კომპანიებს არ აშინებთ. Მაშინ როცა წიაღის მოპოვებით მიღებული შემოსავალი ასიათასობით ლარს შეადგენს.

მთავარი არის კანონაღსრულების სისუსტე და კანონდარღვევის ფაქტების აღმოჩენის პრობლემა. კანონდარღვევის ფაქტების აღმოჩენის დროსაც კი სახელმწიფო რეაგირება არის არაეფექტური. Ხშირ შემთხვევაში , კომპანიები კანონდაღვევის აღმოჩენის დროს არ ჯარიმდებიან და დაჯარიმების შემთხვევაშიც კი, ამ ჯარიმების ოდენობა არის იმდენად მცირე, რომ კომპანიებს მაინც უღირს ამ ჯარიმების გადახდა”.

მდინარე იორის ირგვლივ ქვიშა-ხრეშს კიდევ ორი კომპანია მოიპოვებდა, რომელთაც  ლიცენზიის ვადა ამოეწურა. ახლა იქ ტექნიკა გაჩერებულია, თუმცა ირგვლივ მდებარე მიწები გადათხრილია და მიტოვებული. “Აგრო ფორსისა” და “თიმალის” წარმომადგენლებს ვკითხეთ, Შეასრულეს თუ არა მიწის რეკულტივაციის სამუშაოები, რაც კანონით ევალებოდათ.

მდინარე იორი

“Მე გეუბნებით, რომ ზედამხედველობასთან ვართ ანგარიშვალდებული. Თუ რამე დარღვევა არის იქ, ზედამხედველობა მოგვთხოვდა პასუხს”, – ამბობს “თიმალის” დირექტორი მაკა იმერლიშვილი.

“აგრო ფორსის” დირექტორმა შალვა ყაფლანიშვილმა კი გვითხრა, რომ რეკულტივაცია ლიცენზიის ტერიტორიაზე გაკეთდა: “Ჩვენ მდინარის გადაღმა მხარეს არ ვმუშაობდით, ვმუშაობდით გადმოღმა მხარეს. ანუ, ჩვენი ლიცენზიის ტერიტორიაზე გავაკეთეთ რეკულტივაცია.”

Მდინარე იორის ეკოსისტემა , მის გარშემო არსებული ტერიტორია სრულიად დეგრადირებული რომ არის, მკვლევარი ირინა სვანიძეც ადასტურებს.

“Იორის ამ მდგომარეობამდე მიყვანამ მოსახლეობას ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა, თუნდაც იმ კუთხით, რომ  მდინარის სანპირებზე აქტიურად ეწეოდნენ სასოფლო-სამეორნეო საქმიანობას და ახლა კვალიც კი აღარ არის.  ამას მდინარის სიკვდილს დავარქმევ, მკვდარია ახლა მდინარე იორი. საერთოდ შეიცვალა ირგვლივ მდებარე ტერიტორიები და პირველ რიგში,  ჭალის ტყეების გახმობა გამოიწვია.” 

ქსანი

Სოფლები მუხრანი, ვარდისუბანი და ქსოვრისი მდინარე ქსნის მარცხენა სანაპიროზე, მუხრანის ვაკეზეა გაშენებული. Მდინარეს სოფლის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ქსნის წყლით ირწყვება. ახლა ქსნის ნაპირს იერსახე მთლიანად შეცვლილი აქვს, კალაპოტი დაახლოებით 8-10 მეტრით დაღრმავებულა და უფსკრულში ჩაძირულ მდინარეს დამსგავსებია. 

მდინარე ქსანი

ქსოვრისელმა თემურ სააკაშვილმა კარიერების წინააღმდეგ ბძოლა მოსახლეობასთან ერთად ერთი წლის წინ დაიწყო, როცა სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. 

“ აქ მდინარისპირა ჭალებია, მარა აბა, ახლა სადღა ხედავთ ჭალებს? Მდინარის კალაპოტს რომ Სიღრმე მიეცა და მდინარე სიღრმეზე წავიდა, მაშინ მოხდა ყველაფერი. Ჭებიც დაშრა და მდინარე მოდის ტალახიანი. Ეს უკვე აღარც დარღვევა აღარ არის, ზედმეტია უკვე, რასაც ესენი აკეთებენ. Თავზე გადავიდნენ. Თორე მოიპოვე, კი ბატონო, რატო არ უნდა მოიპოვო? Მოპოვება კი არა, აოხრებაა ეს”. 

Სოფლების ირგვლივ ქვიშა-ხრეშის მოპოვება 2006 წელს იწყება. Ბოლო 17 წლის განმავლობაში სამი სოფლის მიმდებარედ, 70-მდე ლიცენზია იქნა გაცემული. 7 მილიონ კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს დაახლოებით 30-მდე კომპანია მოიპოვებდა. 

ბოლო წლებში, როცა მდინარის დონემ დაიწია,  მოსახლეობა მძიმე რეალობის პირისპირ აღმოჩნდა. Სოფლის ცენტრში შეკრებულ ადგილობრივებ მოსახლეობას “სტუდია მონიტორი” იმ სირთულეებზე ესაუბრა, რომელიც ქვიშა-ხრეშის მოპოვების შემდეგ დაიწყო. 

  • Განახევრდა მოსავალი, საერთოდ აღარ მოდის რაც ეს დრაბილკები ჩადგეს და მღვრიე წყალი მოდის. Მცენარეს ცემენტიანი წყალი რო დაუსხა, ის თუ იხეირებს? Ზუსტად ეგეთი მდგომარეობაა, როცა მორწყავ. Სულ გადაკირულია თეთრად
  • Გადაჭრეს ხეები. Მთელი ჭალები გაანადგურეს. Იმხელა ჭალები იყო და ერთი ბეწოა დატოვებული. 
  • Ყველაფერი ფუჭდება, ყველაფერი ტიალდება. Ჭები დაშრა. 10 მეტრ სიღრმეზე რო ჩახვალ, წყალი იქნება?
  • Დიდი კატლავანებია ამოთხრილი და შეიძლება ხვალ, ზეგ ბავშვი ჩავარდეს და მსხვერპლი იყოს და მერე სულ დავიღუპებით. 

ქსოვრისში დაწყებულ პრობლემებს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დაახლოებით 1 წლის წინ, ადგილობრივებმა  გზა გადაკეტეს და სოფლის მახლობლად ტექნიკას აღარ ატარებდნენ. Შედეგად, უშუალოდ ქსოვრისთან მოპოვება შეწყდა, მაგრამ კომპანიები შორს არ წასულან.  ვარდისუბნისა და მუხრანის მიმდებარედ დღესაც აქტიურად მუშაობენ. 

მდინარე ქსანი

Ზაქარია ლოხიშვილი ქსოვრისის თემის  საკრებულოს წევრია. იგი ამბობს, რომ ბოლო ერთ წლის განმავლობაში სოფელ ქსოვრისის მიმდებარე ტერიტორიებზე ლიცენზია აღარ გაცემულა.

Მძიმე მდგომარეობაა. დაყენებული გვაქვს საკითხი ყველა ზემდგომ უწყებასთან. ლიცენზიების გაცემა შეჩერებულია, ამოწურავენ და ესენი აქედან სავარაუდოდ, გადავლენ. რეკულტივაციას, იმ ფორმით რა ფორმითაც უნდა გაკეთებულიყო, მეც გეთანხმებით, რომ არაა გაკეთებული. თუმცა არის რაღაც ნაწილები, სადაც გააკეთეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი”. 

“სტუდია მონიტორმა” ვერ დაადგინა ამ 30 კომპანიიდან კონკრეტულად რომელი სად მოიპოვებდაა ქვიშა-ხრეშს და რომელი მათგანი არღვევდა კანონს. თუმცა, ცხადად ჩანს, რომ ლიცენზიის დასრულების შემდეგ კანონით დადგენილ ვალდებულებას, კერძოდ მიწის აღდგენას კომპანიების უმრავლესობა არ ასრულებს. 

სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსთან გოჩა ფირცხელიანთან ინტერვიუს დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ვითხოვდით. ინტერვიუზე უარის შემდეგ, მას სამსახურში მივაკითხეთ და განადგურებული მდინარეების ფოტოები ვაჩვენეთ. კითხვაზე, რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო, როცა ეს კომპანიები კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არღვევენ, გოჩა ფირცხელიანმა არ გვიპასუხა.

Ნატანები

აკაკი ღლონტმა სოფელ გურიანთაში პავლონიების პლანტაცია 1996 წელს გააშენა. თურქულმა კომპანია “ფოლათმა” მდინარე ნატანებზე მისი ნაკვეთის მახლობლად ქვიშა-ხრეშის მოპოვება დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო. Რამდენიმე თვის წინ საკუთარ პლანტაციაში მისულმა ფერმერმა აღმოაჩინა, რომ მისი მიწა აღარ არსებობს. 

Სულ იყო 12 ჰექტარი ფართობი, ახლა 10-ია, 12 აღარაა დარჩენილი, თითქმის 2 ჰექტარი წყალმა წაიღო, წყალმა კი არა კომპანიამ, როგორც ინერტული მასალა. არც ღობეს მოერიდა, არც ფერმერობას, არც ნამუშევარს”.

Საჯარო რეესტრის რუკაზე ნათლად ჩანს, რომ ახლა აკაკი ღლონტის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილას მდინარე ნატანები მიედინება. 

ნარინჯისფრად მონიშნულია აკაკი ღლონტის მიწა, რომელიც აღარ არსებობს

“Რადგან უკვე დაზიანებული იყო, მოვთხოვე ანაზღაურება. Საერთოდ არ მომაქციენ ყურადღება შენ ზარალი ნახე ამხელა. Მინიმუმ 100 000 ლარი მიწა ღირს აქ. მომიგზავნეს ვიღაცა. Რა თანხას თხოულობო, ისიც არ მითქვამს ბოლომდე, მარა ახლა ვიბრძოლებ სასამართლოს წესით ბოლო კაპიკამდე”, – ამბობს აკაკი ღლონტი. 

ბათუმის შემოვლით გზას 2017 წელიდან თურქული კომპანია “ფოლათი” აგებს. 300  მილიონიანი Პროექტი 2020 წელს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ პროცესი დღემდე გრძელდება. 

კომპანია  ჯერ მდინარე ჭოროხზე მოიპოვებდა ქვიშა-ხრეშს.  2020 წელს კი საავტომობილი გზების დეპარტამენტს წერილი მისწერა, რომ დამატებით ერთი მილიონი კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში სჭირდებოდა. 

“Აჭარის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უკავშირდება დიდ რისკებს და არის მძიმე ვითარება, რადგან აღარ არსებობს კარიერი, რომლიდანაც შესაძლებელია სასარგებლო  წიაღისეულის მოპოვება. ამასთან აჭარის რეგიონში მოქმედებს შეზღუდვა ზღვის ზოლიდან 20 კმ-ში წიაღის მოპოვებაზე” – ვკითხულობთ წერილში.  

Ზუსტად ერთ თვეში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რის მიხედვითაც  20 კილომეტრიან ზოლში ინერტული მასალის მოპოვებაზე გამონაკლისი იმ კომპანიებისთვის დაუშვა, რომლებიც  ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორცილებენ. ამის შემდეგ, კომპანია “ფოლათმა” ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით 20 კმ-იან რადიუსში ქვიშა ხრეშის მოპოვების უფლება მიიღო. 

Მდინარე ნატანებზე მოპოვების ადგილას აქტივისტ ირმა გორდელაძესთან ერთად მივდივართ, სადაც აქტიური მოპოვება მიმდინარეობს. 

“Ფაქტიურად ახლა ჩვენ ვმოძრაობთ მდინარე ნატანებზე. ანუ, გზაა მდინარის ზედაპირზე გაყვანილი.  დღეში 400-500 სატვირთო გადის. ღარიბაშვილის ხელმოწერით აქვთ ნებართვა, თუმცა რა მასშტაბებზეა ეს კარიერი, რამდენ კუბს მოიპოვებენ, ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან არ გვაწვდიან.”

ირმა გორდელაძე ამბობს, რომ გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის სამსახური დაახლოებით 60-ჯერ მაინც გამოუძახებია. შედეგად კი კომპანიები მხოლოდ 6 შემთხვევაში დააჯარიმეს 1500 და 5000 ლარით. 

კომპანია “ფოლათის”  წარმომადგენელმა  ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.  Შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა რა დაემართა აკაკი ღლონტის მიწას და მოპოვების შემდეგ აკეთებენ თუ არა მიწის აღდგენას. 

Ესენი რო წავლენ. Ამას ხო დაასრულებენ ოდესღაც. ამას რო წაიღებენ ყველაფერს და, იმ ავტობანს დააგებენ, Მერე რო აქ უბედურება მოხდება, ვინაა პასუხისმგებელი? Მერე ჩამოვლენ ხო თანამდებობის პირები ყვითელი “ვალინკებით” და ცელოფნის პარკებით ხალხის დასახმარებლად. Მითხარი ეს ქვეყანაა?” – უთხრა “სტუდია მონიტორს” ირმა გორდელაძემ.

მდინარე ნატანები

“Მწვანე ალტერნატივას” კვლევის მიხედვით, როცა ქვიშა-ხრეშის მოპოვების გამო ნატანის უწყვეტი დალექვა არ ხდება, მდინარის დელტაში იწყება ეროზია და ხმელეთის დაძირვა. შედეგად კი იკარგება სოფლის მეურნეობისთვის ძალზე პროდუქტიული ადგილები და ჭაში სასმელი წყალი მცირდება. 

Მდინარე სუფსაზე უკვე ერთი წელია მოპოვება აღარ მიმდინარეობს. თუმცა, წინა წლებში ქვიშა-ხრეშის მოპოვებამ ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა უამრავი პრობლემის წინაშე დააყენა. ადგილობრივები ყვებიან, რომ იქ სადაც ორი წლის განმავლობაში ამ მასალას მოიპოვებდნენ, მდინარემ ყანები წალეკა და ზაფხულში ჭებში წყალი დაშრა. 

“Აქ ხუთი წუთიც არ გავიდოდა მანქანას არ გაევლო. ღამის 10 საათამდე მუშაობდნენ. Ამდენი ზარალი ვნახეთ ყანიანად და იმის უფლება არ გვაქვს, გვაჯარიმებენ, ერთი “მეშოკი” სილა წევიღოთ სასაფლაოზე მიცვალებულისთვის. Არ შეიძლებაო და აგენი ამ დღეში იყვნენ ორი წლის განმავლობაში”, – ამბობს სოფელ ბაილეთის მცხოვრები.

Საქართველოში სახელმწიფოს მიერ მდინარეების მუდმივი მონიტორინგი და დაკვირვება არ ხდება. Შესაბამისად, ფრაგმენტულია ინფორმაცია, რომელიც მდინარეების მძიმე მდგომარეობაზე ვრცელდება. ნადგურდება გარემო, ადამიანები სასმელი წყლისა და სახნავ-სათესი მიწების  გარეშე რჩებიან, სახელმწიფო კი უმოქმედოა.