25 მილიონი ლარი  კონტეინერებში, ძვირფასი კარები და იაფად შეფასებული ძეგლი – აუდიტის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტზე

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი
Divider dot 22 ოქტომბერი 2026

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 25 მილიონის ლარის ავსტრიული აღჭურვილობა იყიდა. რვა წლის შემდეგ ის კვლავ კონტეინერებშია.

ღია სასაწყობო მოედანზე 28 კონტეინერი დგას. 27 დალუქულია, შემოწმების დროს ერთ კონტეინერს ლუქი აღარ ჰქონდა. კონტეინერებში ავსტრიული ძვირადღირებული აღჭურვილობაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ვისაც ეს აპარატურა ეკუთვნის, დიდი მიზნები ჰქონდა, ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკური კვლევების თანამედროვე ლაბორატორია უნდა შეექმნა.   

ახალ ტექნიკაზე დაყრდნობით საქართველოში უნდა ესწავლათ, რატომ  წარმოიქმნება ღვარცოფები, როგორ ააშენონ უსაფრთხო კაშხლები და როგორ მოამზადოს ყოველწლიურად ათასობით ახალი სპეციალისტი.

ტექნიკა  ფოთის პორტში 2018 წლის დეკემბერში შემოვიდა. მას შემდეგ რვა წელი გავიდა. ლაბორატორია დღემდე არ არსებობს და არც შენობა აშენებულა, სადაც ის უნდა განთავსდეს.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (სტუ) ამ აღჭურვილობის შესყიდვაში 25 242 000 მილიონი ლარი დახარჯა. სარგებელი ამ ფულიდან უნივერსიტეტს არ მიუღია. 

დაპირება

2015 წელს სტუ-მ მთავრობას ამბიციური პროექტი წარუდგინა: ქართულ-ავსტრიული ლაბორატორია ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკის კვლევისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის ბაზაზე. იდეა მარტივი იყო. სანამ ქვეყანა კაშხალს ან ჰიდროსადგურს ააშენებს, ჯერ ლაბორატორიაში გამოცდის, რა საფრთხეს შეუქმნის გარემოს და როგორ შეიძლება კატასტროფის თავიდან აცილება. მაშინდელი განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ამ პროექტს ქვეყნისთვის აუცილებლად მიიჩნევდა, მისი თქმით, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო თბილისის წყალდიდობის შემდეგ, რასაც ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა.  

„უნდა მოეწყოს ძალიან მასშტაბური საექსპერიმენტო ბაზა, იმისათვის, რომ მოხდეს ყველანაირი წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებული ტესტირებები, ექსპერიმენტები, მოდელირება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად იმ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რაც საქართველოს რამდენიმე კვირის წინ დაუდგა, ღვარცოფები… ამის ბაზა დიდი ხნის წინ იყო საქართველოში, რომელიც დღეისათვის მოშლილია.“

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მთავრობის მხარდაჭერას დაჰპირდა და თქვა, რომ ლაბორატორიაში ყოველწლიურად 2 500-მდე სტუდენტი გაივლიდა კურსებს.

ამ დროს სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი იყო. სწორედ მან წარუდგინა მთავრობას აღნიშნული პროექტი. ის “სტუდია მონიტორს” უყვება, რომ ქვეყანაში მიმდინარე კატაკლიზმებისა და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების ფონზე, ასეთი ლაბორატორიის შექმნა აუცილებელია. 

“იმ პერიოდში იყო ის კატაკლიზმები, რომელიც მოხდა ვერეს ხეობაში და საჭირო იყო ლაბორატორიის გაკეთება, სადაც შესაძლებელი იყო ფიზიკური მოდელირება ღვარცოფების, მსხვილი ენერგეტიკული კომპლექსების დიდი წყალსაცავების და ასე შემდეგ. მსგავი ლაბორატორია საქართველოში აღარ იყო, ადრე იყო კომუნისტების დროს, მერე აღარ იყო. იმისთვის რო ჩვენ ავაშენოთ მსხვილი ჰესები, შევძლოთ პრევენციის გაკეთება, ღვარცოფების და ასე შემდეგ საჭიროა ფიზიკური მოდელირება. ამისთვის საჭირო იყო მსგავი ლაბორატორიის შექმნა.”

ტექნიკა ჩამოვიდა, შენობა ვერ აშენდა

2016 წლის 1 სექტემბერს სტუ-მ ავსტრიულ კომპანია Vace Systemtechnik GmbH-სთან 7 მილიონი ევროს ხელშეკრულება გააფორმა. აქედან 6.47 მილიონი ევრო აღჭურვილობას უნდა  მოხმარებოდა, 531 ათასი კი მის დამონტაჟებასა და ქართველი პერსონალის გადამზადებას.

ფული ავსტრიული ბანკიდან გადმოირიცხა. 2017 წელს ფინანსთა სამინისტრომ Unicredit Bank Austria AG-სთან სესხი გააფორმა და ეს თანხა ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაასესხა. სხვა სიტყვებით, ვალი უნივერსიტეტმა აიღო საკუთარ თავზე.

ხელშეკრულებით, უნივერსიტეტს ლაბორატორიის შენობა 10 თვეში უნდა ჰქონოდა მზად. ეს არ მომხდარა არც 2018 წელს და არც შემდეგ 8 წელიწადში.

ამიტომ ფოთში ჩამოსული ტექნიკა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა. ის არავის დაუმონტაჟებია და არავის გამოუცდია. თანამშრომლებიც არ გადამზადებულან. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტმა ავსტრიულ კომპანიას სწორედ ამ სამუშაოებისთვის განკუთვნილი 531 ათასი ევროც სრულად გადაუხადა.

წლების ლოდინში სტუ-მ ტექნიკაზე საგარანტიო მომსახურების შესაძლებლობაც დაკარგა. ახალ აღჭურვილობაში თუ რამე დაზიანებული ან დეფექტური აღმოჩნდებოდა მომწოდებლისგან ამის გამოსწორების მოთხოვნის სამართლებრივი შესაძლებლობა უნივერსიტეტს აღარ აქვს.

“სტუდია მონიტორმა” აუდიტის პირველადი ანგარიში მოიპოვა, სადაც ავსტრიული ძვირადღირებული ტექნიკის ისტორიაა გაანალიზებული.  ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სტუ-ს 2020-2022 წლები შეისწავლა.   

პირველადი ანგარიშის მიხედვით, უნივერსიტეტმა აღჭურვილობის შესანახად გარე საწყობი იქირავა და 2018-2023 წლებში ამაში 38 ათასი ლარი გადაიხადა. აუდიტორებმა ტექნიკის კონტეინერები ღია სასაწყობო სივრცეში იპოვეს.

ცუდი დაგეგმვის გამო შეძენილი ტექნიკა ექსპლუატაციაში ვერ შევიდა, ისინი ცვდება და მათი ღირებულება დროსთან ერთად ქრება.

“სტუდია მონიტორმა” ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აუდიტის სამსახურისათვის მიწერილი პასუხიც მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ მათ არ აღმოაჩნდათ შენობა, რომელიც 1 500 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის აუზს დაიტევდა. ასეთი აუზი კი ლაბორატორიისათვის მთავარი იყო. საკუთარი ფული მშენებლობისთვის უნივერსიტეტს არ ჰქონდა. 2017 წლის 22 აგვისტოს მან ფინანსთა და განათლების სამინისტროებს სესხის აღების ნებართვა სთხოვა, მაგრამ თანხმობა ვერ მიიღო.

განსხვავებულ ისტორიას გვიყვება სტუ-ს იმ დროინდელი რექტორი დავით ფრანგიშვილი. ის ლაბორატორიის მშენებლობას სტუ-ს პირველ კორპუსის ეზოში გეგმავდა. შენობა მას შემდეგ უნდა აშენებულიყო, რაც ტექნიკა ჩამოვიდოდა. მისი თქმით, სახელმწიფომ რამდენიმე ტენდერი გამოცხადა, თუმცა გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდა და ტენდერი ჩაიშალა.

“ამისათვის სახელმწიფო, ფინანსთა სამინისტო, ეკონომიკის სამინისტრო შეგვპირდნენ დახმარებას ამ საკითხში და ჩაატარეს შესაბამისი ტენდერები იმისთვის რო გამოევლინათ ფირმა, რომელიც ამ ლაბორატორიის შენობას ააშენებდა, ეს გაიწელა დროში და დღემდე არ მოხდა ამ ლაბორატორიის აშენება” – უთხრა “სტუდია მონიტორს” არჩილ ფრანგიშვილმა.

2018 წელს გამოსავალი თითქოს გამოჩნდა. უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, ილია ჭავჭავაძის გამზირზე №60-ში მდებარე მიწა და შენობები შპს „მზიურისთვის“ დაეთმო. სანაცვლოდ კომპანია ლაბორატორიის შენობას ააშენებდა და უნივერსიტეტს გადასცემდა. ეს გარიგება არ შედგა.

2024 წლის 29 მარტს მთავრობამ იგივე მიწის პირობებიანი აუქციონით პრივატიზება გადაწყვიტა და ლაბორატორიის მშენებლობა ამ პირობებში აღარ შევიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჭავჭავაძის 60 ნომერში მდებარე შენობა ნაგებობა და მიწა კერძო მესაკუთრეზე გაიყიდა და იქ ლაბორატორია აღარ აშენდა. ამ ქონების სანაცვლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის ანგარიშზე 9 837 000 ლარი ჩარიცხა მყიდველმა. მიწა შპს „დელუქს ფროფერთიმ“ შეიძინა, რომლის მეწილეები “ქართული ოცნების” მაშინდელი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის შვილი, გიგი გოცირიძე და ელგუჯა ქებურია არიან. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წერს, რომ 2024 წელს ლაბორატორიისათვის მშენებლობის ნებართვა მიიღო, თუმცა 2 წელმა განვლო მშენებლობის ტენდერის გამოსაცხადებლად განათლების სამინისტროდან  ნებართვის მოპოვებაში. 

“ამავე პერიოდში საჯარო იქნა გაცხადებული საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შესახებ, რომ ქ. რუსთავის მიმდებარედ უნდა აშენდეს საუნივერსიტეტო ქალაქი, მათ შორის ლაბორატორიები და კვლევით ინსტიტუტები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ლაბორატორიის შენობის ასაგებად ძალისმხევა, მათ შორის მიმართული იქნა არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებაც შესაბამისი ორგანოებისთვის წერს” – წერს უნივერსიტეტი აუდიტისთვის გაგზავნილ წერილში. 

თანამშრომლების გადამზადებისა და ტექნიკის მონტაჟისთვის წინასწარ გადახდილ 531 000 ევროზე უნივერსიტეტი წერს, რომ მომწოდებელ კომპანიასთან შეთანხმებულები არიან, მომსახურება მაშინ განხორციელდეს, როდესაც უნივერსიტეტი ლაბორატორიას მოაწყობს და დღის წესრიგში დადგება თანამშრომლების გადამზადება და ტექნიკის დამონტაჟება.

ჩვენ უნივერსიტეტს ვკითხეთ, როდის ექნება მათი ვარაუდით უნივერსიტეტს ლაბორატორია, სადაც შეძენილ ძვირადღირებულ ტექნიკას დაამონტაჟებს და აამუშავებს. უნივერსიტეტმა ამ კითხვებზე პასუხის ნაცვლად მოგვწერა: “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოდგენილ თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ორიენტირებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სწავლა/სწავლების პროცესის უზრუნველყოფასა და განვითარებაზე. უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების მხარდაჭერაზე და მათთვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზებაზე, რაც თავის მხრივ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტს ესაჭიროება უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიები, რომლებიც სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად, თანამედროვე გარემოში, პრაქტიკული სამუშაოების წარმოების შესაძლებლობას მისცემს”. 

ფაქტი კი ის არის, რომ ლაბორატორიის მშენებლობა აღჭურვილობის შეძენიდან 8 წლის შემდეგაც არ არის დაწყებული და ჯერაც ბუნდოვანია თუ როდის ექნება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლაბორატორია, სადაც ავსტრიიდან შესყიდულ ტექნიკას დაამონტაჟებს და ჰიდრავლიკის შემსწავლელ ბაზას აამუშავებს.

“უნიკალური” კარის ფასი

წაბლით შპონირებული კარის დამონტაჟება ერთი კვადრატული მეტრზე 663 ლარი დაჯდა. უნივერსიტეტმა იმავე სამუშაოში, ზოგ შემთხვევაში, 2 215 ლარი გადაიხადა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნივერსიტეტის შენობაში ახალი კარების შეძენის ტენდერი ანგარიშში ნაკლოვანებებს შორის მიუთითა. ამჯერად საქმე მილიონების ღირებულების კონტეინერებს კი არ ეხება, არამედ უნივერსიტეტის დერეფნებში დამონტაჟებულ ხის კარებს. მათში უნივერსიტეტმა, აუდიტის შეფასებით, 393 ათასი ლარით მეტი გადაიხადა, ვიდრე სამუშაო რეალურად ღირდა. ამ ტენდერის ჩატარების დროს უნივერსიტეტს დავით გურგენიძე ხელმძღვანელობდა. ის რექტორის პოსტზე დღესაც არის. 

2021 წლის 28 ივნისს სტუ-მ 5.7 მილიონი ლარის სამშენებლო-სარემონტო ტენდერი გამოაცხადა. მასში მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „გრუსია“ მონაწილეობდა და მანვე გაიმარჯვა.

ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე მისი ღირებულება 570 ათასი ლარით, 6 270 000-მდე გაიზარდა. ბოლოს უნივერსიტეტმა 6 244 000 ლარის შესრულებული სამუშაო მიიღო.

აუდიტორების თქმით, ცვლილებების შემდეგ ის, რაც რეალურად გაკეთდა, საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, რაც თავიდან იყო დაგეგმილი და დათვლილი. ყველაზე თვალსაჩინო სხვაობა ხის სამუშაოებში გამოჩნდა.

უნივერსიტეტის ხარჯთაღრიცხვაში წაბლით შპონირებული კარის ერთი კვადრატული მეტრის მონტაჟი 962 ლარად იყო შეფასებული. დამატებითი დანარიცხების შემდეგ ფასი ზოგ შემთხვევაში 2 216 ლარამდე ავიდა.

აუდიტორებმა მეწარმეები გამოკითხეს, მათ მსგავსი სამუშაოს ფასად 600-700 ლარი დაასახელეს. იგივე ციფრები უნივერსიტეტს უკვე ჰქონდა: ბაზრის კვლევის დროს მას შპს „ჯეოლაინმა“ ზუსტად ასეთი ფასები მიაწოდა. უნივერსიტეტმა კი ეს ინფორმაცია არ გაითვალისწინა.

ყველაზე თვალსაჩინო აღმოჩენა „გრუსიას“ დოკუმენტებში იყო, კომპანიამ კარების დამზადება სხვას დაუკვეთა და ამაში ბაზრის ფასი გადაიხადა: 663 ლარი კვადრატულ მეტრზე.

ჯამში უნივერსიტეტმა ხის სამუშაოებისთვის „გრუსიას“ დაახლოებით 1 266 000 ლარი გადაუხადა. იმ სამუშაოს ღირებულება, რომელიც რეალურად სხვა კომპანიამ შეასრულა, 873 ათასი ლარი იყო. სხვაობა 393 ათასი ლარია.

„მართლაც უნიკალური ნაკეთობა“

ტექნიკური უნივერსიტეტი აუდიტს არ ეთანხმება. აუდიტორებისთვის გაგზავნილ წერილში ის ამტკიცებს, რომ საქმე ჩვეულებრივ კარს არ ეხება. უნივერსიტეტის აღწერით, ეს არის არასტანდარტული ზომის, სამფენიანი კარები MDF-ისა და წაბლისგან, შუაში წიწვოვანი ხით. ზოგს რთული დეკორატიული ჩანართები, მოზაიკური მინა და ორნამენტები აქვს. მათ სპეციალურ სამღებრო საამქროში ღებავენ და ლაქავენ. 

„მართლაც უნიკალური ნაკეთობაა, რომელიც ადგილზე ნახვისას ყველას ყურადღებას იპყრობს“ – წერს უნივერსიტეტი და დასძენს, რომ კარების ხარისხი ხუთი წლის შემდეგაც უდავოა.

უნივერსიტეტის თქმით, „ჯეოლაინის“ ფასები სტანდარტულ კარს ეხებოდა, მაღალი ხარისხის საღებავების გარეშე. სხვა მწარმოებლების ზეპირ გამოკითხვაშიც, უნივერსიტეტის თქმით, ის დეტალები არ იყო გათვალისწინებული, რასაც შემდეგ პროექტი მოითხოვდა. ამიტომ, წერილის მიხედვით, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ავტორებს „თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით“ მოუწიათ ფასის დადგენა, რათა პროექტი საფრთხეში არ ჩავარდნილიყო.

ეს განმარტება ერთ კითხვას პასუხგაუცემელს ტოვებს: თუ უნივერსიტეტი ასეთ განსაკუთრებულ კარებს ყიდულობდა, რატომ არ ჩაატარა ბაზრის კვლევა სწორედ ამ კარებზე?

ქვეკონტრაქტორი, რომელიც „არ ყოფილა“

უნივერსიტეტის მიერ აუდიტისათვის გაგზავნილი პასუხიდან ჩანს, რომ ამ საკითხზე უნივერისტეტის წარმომადგნელებს განსხვავებული პოზიცია აქვთ,  ქვეკონტრაქტორის შესახებ მათ  არაფერი იცოდნენ. ანგარიშებს „გრუსიას“ წარმომადგენელი აწერდა ხელს, ხოლო სხვა კომპანიის კონტროლის საფუძველი უნივერსიტეტს არ ჰქონდა.

უნივერსიტეტის აზრით, ის, რომ ვიღაცამ კარები იაფად დაამზადა, არ ნიშნავს, რომ ეს მათი რეალური ფასია. ასეთ შედარებას უნივერსიტეტი „აბსურდულ მსჯელობას“ უწოდებს.

“სტუდია მონიტორმა” საქართველოს უნივერსიტეტს კითხა, რატომ არ ჩაატარა ბაზრის კვლევა კონკრეტულად იმ მახასიათებლების მქონე კარებზე, რომელიც სჭირდებოდა, რატომ გაიზარდა სატენდერო ხელშეკრულების თანხა, გაფორმებიდან მალევე, რატომ არ გადაამოწმა კარის მონტაჟის ფასწარმოქმნის დოკუმენტი. ამ კითხვებზე სტუ მოკლე პასუხით შემოიფარგლა.

“მოგახსენებთ, რომ გამოცხადებული ტენდერების მიმდინარეობა, შესრულების ეტაპები, ცვლილებები და სხვა მასთან დაკავშირებული თითოეული საკითხი ხორციელდება შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს” – მოგვწერა სტუ-მ.

ჩვენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კორუფციის მკვლევარს სანდრო ქევხიშვილს ვთხოვეთ აუდიტის პირველადი ანგარიშისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პასუხის შესწავლა. მისი თქმით, ამგვარი გარიგებები კორუფციის რისკის შემცველია. 

“წინასწარ ბაზრის კვლევითაც შესაძლებელი იყო რეალისტური ფასის დადგენა და საბაზრო ფასის დადგენა და კარები არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება უცებ ძალიან გაძვირდეს ან გაიაფდეს. ამიტომ ეს სხვაობა საეჭვო გარემობაა. ხელოვნურად გაბერილი ხარჯები, არის ხოლმე ერთ-ერთი საეჭვო გარემობა, რაც მიანიშნებს კორუფციაზე. ლეგიტიმურია იმ კითხვის დასმა, ხომ არ მოხდა ხელოვნურად გაბერვა ამ კარების ფასის ტენდერის დაგეგმვის ეტაპზე, რათა შემდეგ ეს თანხა გამოყენებული ყოფილიყო კორუფციული გზით. კორუფციული გზით გამოყენება რას ნიშნავს, ეს თანხა შეიძლება ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიღაცას დაბრუნებოდა უკან ატკატის სახით” – გვეუბნება სანდრო ქევხიშვილი.

მისივე თქმით, ეს მიგნებები იძლევა იმის საფუძველს, რომ აუდიტის სამსახურმა აღნიშნული დასკვნა პროკურატურაში გადააგზანოს საკითხის გამოკვლევის მიზნით და კითხვებზე პასუხების გასაცემად. 

კულტურის ძეგლი სწრაფი კვების ობიექტის სანაცვლოდ

კიდევ ერთი გარიგება, რომელსაც აუდიტის სამსახურმა რისკის შემცველი უწოდა, 2023 წლის ქონების გაცვლა იყო. ტექნიკური უნივერსიტეტის ერთი კვადრატულ მეტრი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილია, 800 დოლარად შეფასდა, იმავე უნივერსიტეტის, მე-6 კორპუსში მდებარე კერძო საკუთრება, სწრაფი კვების ობიექტის ერთ კვადრატული მეტრი კი 3 696 დოლარად.

2023 წლის 27 თებერვალს სტუ-მ შპს „ხიდის თავთან“ ხელშეკრულება გააფორმა. უნივერსიტეტმა კომპანიას მ. კოსტავას 71-ში მდებარე საკუთარი ქონება, 942 კვადრატული მეტრი ფართი გადასცა. სანაცვლოდ კი კერძო მესაკუთრისგან 65 კვადრატული მეტრი და 513 ათასი დოლარი, დაახლოებით 1 351 000 ლარი მიიღო.

ორივე ქონება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა. უნივერსიტეტის ქონება ერთი კვადრატული მეტრი 800 დოლარად ჯამში 753 000 დოლარად შეფასდა, კომპანიის ერთი კვადრატული მეტრი 3 696 დოლარად ჯამში 65 კვადრატული მეტრი 240 000 დოლარად შეფასდა.

სხვა სიტყვებით, „ხიდის თავის“ ერთი კვადრატული მეტრი თითქმის ხუთჯერ ძვირად შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან შედარებით. 

აუდიტის თანახმად, უნივერსიტეტს არ ჰქონდა საკმარისი კონტროლის მექანიზმები, რომ საკუთარი ქონება ეფექტიანად ემართა. არ არსებობდა ერთიანი წესი, როგორ განკარგოს ძველი გამოუყენებელი ან უსარგებლო ქონება. 

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, უნივერსიტეტმა აუდიტორებს ვერ წარუდგინა დასაბუთება, რისთვის დასჭირდა გაცვლა. 

მეორე საკითხი, რაზეც აუდიტი ყურადღებას ამახვილებს ქონებების განსხვავებული მეთოდებით შეფასებას ეხებოდა. უნივერსიტეტის ფართის ფასი მიმდებარე ფართების ფასებთან შედარებით დადგინდა. კერძო კომპანიის ფართის ფასი კი იმ საიჯარო ხელშეკრულებიდან გამოიყვანეს, რომელიც შემფასებელს დამკვეთმა მიაწოდა. ანუ ერთ ქონებას ბაზარი აფასებდა, მეორეს კი დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებულმა მხარემ წარადგინა.

აუდიტის მიხედვით, ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ შეფასების დღისთვის იყო ძალაში. ხელშეკრულება შვიდი თვის შემდეგ გაფორმდა და ისევ იმ შეფასებას დაეყრდნო, რომელიც, დაინტერესებული მხარის დაკვეთით მომზადდა.

აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ 65 კვადრატული მეტრი, რომლის მიღებაც უნივერსიტეტს ასე ძალიან სჭირდებოდა, არ  გამოუყენებია. იმ 942 კვადრატულ მეტრის ფართში კი, რომელიც უნივერსიტეტმა გაასხვისა, კომერციული საქმიანობა მიმდინარეობდა.

აუდიტის დასკვნით, გაცვლისას გამოვლენილი ხარვეზები ზრდიდა სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური რესურსების არაეკონომიკურად გამოყენების რისკს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აუდიტორების კრიტიკულ შენიშვნებს  არ იზიარებს. 

აუდიტისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, მე-6 კორპუსში მდებარე კერძო კვების ობიექტი მუდმივად გადატვირთული იყო მომხმარებლებითა და კურიერებით. ისინი სტუდენტებსა და ლექტორებს გადაადგილებაში უშლიდნენ ხელს და სასწავლო პროცესს აფერხებდნენ. უნივერსიტეტი წერს, რომ ობიექტის სტუმრებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რაც ეზოში მყოფი სტუდენტებისა და პერსონალისთვის საფრთხეს ქმნიდა. მანქანებს კი ეზოს ერთადერთ გასასვლელზე აჩერებდნენ.

უნივერსიტეტის თქმით, მე-6 კორპუსის რეაბილიტაციაც იგეგმება, ხოლო ფართი კერძო საკუთრებაში რომ დარჩენილიყო, ეს პროცესი გართულდებოდა. რაც შეეხება 942 კვადრატულ მეტრს, უნივერსიტეტის თქმით, ის ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რემონტის ფული არ ჰქონდათ.

შეფასებაზე უნივერსიტეტის პასუხი მოკლეა: ქონება სამხარაულის ბიურომ შეაფასა და მის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონიათ. შვიდთვიანი დაგვიანება კი განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებთან შეთანხმების ვადებით აიხსნება. 

უნივერსიტეტის არგუმენტს ერთი დეტალი ასუსტებს. სტუ წლებია თავად აქირავებს უნივერსიტეტის შენობის პირველ სართულს სხვადასხვა კვების ობიექტებსა და ბარებზე.

რატომ შეუშალა ხელი სასწავლო პროცესს მხოლოდ ერთმა, 65 კვადრატულმეტრიანმა ობიექტმა, უნივერსიტეტის წერილიდან არ ჩანს.

ეს კითხვა “სტუდია მონიტორმა” საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გაუგზავნა, ასევე ვკითხეთ რატომ შეფასდა უნივერსიტეტისა და კერძო მესაკუთრის ქონებები სხვადასხვა მეთოდით. უნივერსიტეტმა გვიპასუხა: “რაც შეეხება ქონების გასხვისების ან შესაბამისი ნებართვის მოპოვების პროცესს, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით”. 

აუდიტის სამსახურმა არ გვიპასუხა როდის გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში, გვითხრეს, რომ მუშაობა მიმდინარეობს.

გადააგზავნის თუ არა აუდიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ მომზადებულ დასკვნას პროკურატურაში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პასუხი სრულად: LINK