კიურასაოს გემბლინგის ორგანოდან გაჟონილი დოკუმენტები „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიებების მიგნებებს ადასტურებს: დოკუმენტების თანახმად, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ულიცენზიოდ მოქმედი ონლაინ კაზინოების მფლობელი ოფშორული კომპანიები საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა და მან წილები „მონიტორის“ პუბლიკაციიდან რამდენიმე კვირაში ჩინეთის ორ მოქალაქეს მიჰყიდა.
გაჟონვა
სექტემბერში გასაჯაროვდა მონაცემები ათასობით ონლაინ კაზინოს ოფშორული მფლობელის შესახებ. ბერლინში მცხოვრები ჰაკერის, ლილიტ ვიტმანის განცხადებით, ის კიურასაოს გემბლინგის ორგანოს (CGA) მუშაობას 9 თვის განმავლობაში აკვირდებოდა და ათასობით დოკუმენტი მოიპოვა იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს და აფინანსებს არალეგალურ ონლაინ კაზინოებს. CGA-მ დაადასტურა მის ონლაინ პორტალზე არაავტორიზებული შეღწევის ფაქტი.
მონაცემები ატვირთულია ვებგვერდზე, სადაც ონლაინ გემბლინგის 1000-ზე მეტი კომპანიის შესახებ 100 000-მდე დოკუმენტია განთავსებული. დოკუმენტები მოპოვებულია კიურასაოსა და მალტის გემბლინგის ორგანოებიდან, ასევე, მალტის, კვიპროსის, გიბრალტარისა და კიურასაოს საჯარო რეესტრებიდან. ვებგვერდის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ინფორმაციის მოპოვების ყველა ჟურნალისტური მეთოდი ამოიწურა, მონაცემები, უპირატესი საზოგადოებრივი ინტერესის საფუძველზე, უწყების შიდა IT სისტემებიდან იქნა ამოღებული.
კარიბის ზღვის კუნძულ კიურასაოზე, სადაც 160 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, 8000-ზე მეტი კაზინოა რეგისტრირებული. ვებგვერდის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კუნძული გლობალურ სათამაშო ჰაბად იქცა: “CGA გასცემდა ონლაინ აზარტული თამაშების ლიცენზიებს, რომლებსაც თითქმის არცერთი სხვა ქვეყნის მთავრობა ოფიციალურად არ აღიარებს და რომლებიც მფლობელს თავად კიურასაოშიც კი არ აძლევს თამაშების ლეგალურად შეთავაზების უფლებას. მიუხედავად ამისა, ამ ლიცენზიებმა ხელი შეუწყო მილიარდობით დოლარის ღირებულების უკანონო გლობალური ბაზრის გაფართოებას”.
რა გამოიძია „მონიტორმა“
2025 წლის 17 დეკემბერს „გარდიანმა“ გამოაქვეყნა სტატია 36 წლის ოლი ლონგზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოცემის ცნობით, ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ებრძოდა და დარეგისტრირებული იყო „GamStop“-ში, პლატფორმაზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების კონტროლში ეხმარება. ოჯახის წევრების თქმით, სიკვდილამდე ოლის არაერთი გადარიცხვა ჰქონდა განხორციელებული ისეთ მიმღებებზე, რომელთა მსგავსი ანგარიშები გაერთიანებულ სამეფოში არალიცენზირებულად მოქმედ ონლაინ კაზინო „Donbet“-თან იყო დაკავშირებული.
2026 წლის12 მარტს „მონიტორმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც დადგინდა, რომ „Donbet“-ისა და „MyStake“-ის მფლობელი კიურასაოში რეგისტრირებული ოფშორული კომპანია GTW B.V. იყო. „გარდიანის“ სტატიის გამოქვეყნების პერიოდში ეს კაზინოები ეკუთვნოდა კიურასაოში რეგისტრირებულ Santeda International B.V.-ს, რომელიც ამჟამად ფლობს ონლაინ კაზინოებს Cosmobet.com, Bakubet.com, goldenbet.com, velobet.com, zizobet.com, locasbet.com და megajeet.com.
არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების გამო Santeda International B.V. საბერძნეთმა შავ სიაში 2024-25 წლებში შეიტანა. შევედეთმა კი 2024 წელს საერთოდ აკრძალა Santeda International B.V-ის ონლაინ კაზინოები. ავსტრალიამ წერილობითი გაფრთხილება მისცა.
“მონიტორის” 12 მარტის ჟურნალისტური გამოძიებიდან გავარკვიეთ, რომ Santeda International B.V-ის კაზინოების გადახდის აგენტები, ანუ კომპანიები, რომლებიც კაზინოსა და მოთამაშეებს შორის ფულის გადარიცხვებს შუამავლობენ, კვიპროსში იყო რეგისტრირებული. ერთ-ერთი მათგანი, Santeda International Ltd, 2020 წლის 5 თებერვალს კვიპროსში საქართველოს მოქალაქე ონისე ჩიმახიძემ დააფუძნა.
39 წლის ონისე ჩიმახიძე თბილისში, სანზონის დასახლებაშია რეგისტრირებული, სადაც ბინას და ავტოფარეხს ფლობს. საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ონისე ჩიმახიძე 2019 წელს დარეგისტრირდა ინდმეწარმედ. უფრო ადრე კი, 2011 წელს მან შპს Assistance Service დაარეგისტრირა – IT სერვისის, აუტსორსინგისა და კონსალტინგის კომპანია; 2014 წლიდან ის შპს “ას ედვერტისინგის” 50% წილის მფლობელია, რომლის საქმიანობის სფეროა სარეკლამო საშუალებების დამზადება და ექსპორტ-იმპორტი. ამ კომპანიების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება ანგარიშგების პორტალზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი აქტივების ჯამი არ აღემატება 1 მლნ ლარს, ხოლო შემოსავალი – 2 მლნ ლარს.
„მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიებიდან გაირკვა, რომ ჩიმახიძე ბიზნესმენ ლაშა მელაძესთან, კომპანია UpGaming-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან იყო დაკავშირებული. UpGaming-ი თავს პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო პროვაიდერად წარმოადგენს. „მონიტორმა“ მოიპოვა ფოტო, რომელზეც ჩიმახიძე UpGaming-ის სტენდთან პოზირებს 2024 წლის ნოემბერში, მალტაში, გამოფენა SiGMA Europe 2024-ზე.
UpGaming-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა თორნიკე თვაურმა 2026 წლის მარტში „მონიტორს“ განუცხადა:
„ბატონი ონისე ჩიმახიძე არ არის დაკავშირებული კომპანია „აპგეიმინგთან“, არ არის თანამშრომელი, არანაირი პოზიცია ან თანამდებობა არ უჭირავს, არც შპს „აპგეიმინგში“ და არც ჯგუფში. ისინი გამოფენაზე შესაძლოა მოწვეული იყვნენ როგორც ერთ-ერთი დამფუძნებლის ახლო მეგობრები.“
თვაურმა მაშინ ისიც გვითხრა, რომ მან არაფერი იცოდა „სანტედას“ არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელის შესახებ და განგვიცხადა, რომ Santeda International B.V. – UpGaming-ის ჯგუფის კვიპროსული კომპანიის, UpGaming Ltd-ის ერთ-ერთი კლიენტი იყო.
„მონიტორმა“ ასევე მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კვიპროსულმა Upgaming Limited-მა 6 მილიონ ევროზე მეტი სესხი გამოუყო „აპკოს“, ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ფინვესტ საქართველოს“ შვილობილს, რომლის მფლობელებიც UpGaming-ის დამფუძნებლები არიან.
1 აპრილს „გარდიანმა“ გამოაქვეყნა სტატია „სანტედას“ ქართული კავშირების, მათ შორის UpGaming-ის დამფუძნებლებთან კავშირების შესახებ.
ივნისის დასაწყისში „მონიტორის“ ახალმა გამოძიებამ აჩვენა, რომ „სანტედას“ არალიცენზირებულ ონლაინ კაზინოებს, Velobet-ს, Cosmobet-სა და Rolletto-ს, Beast Partners მართავდა. ამ ბრენდის სავაჭრო ნიშანი გაერთიანებული სამეფოს ინტელექტუალური საკუთრების ოფისში (IPO UK) კომპანია Lambaro Limited-ს აქვს რეგისტრირებული. იმავე კომპანიაზეა რეგისტრირებული „სანტედას“ ქსელთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე კაზინოს სავაჭრო ნიშანი, მათ შორის GOLDENBET და DONBET.
Lambaro Limited-ის მფლობელი საქართველოს მოქალაქე იური ნოვიცკია. 37 წლის იური ნოვიცკი თბილისში, გლდანის მასივშია რეგისტრირებული, სადაც ფლობს 55.32 კვ.მ ბინას. სამეწარმეო რეესტრში კი ის ინდმეწარმედ 2011 წლიდანაა რეგისტრირებული. სხვა რეგისტრირებული ქონება და ბიზნესი მას საქართველოში არ გააჩნია.
“მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიებიდან გავარკვიეთ, რომ ნოვიცკი UpGaming-ისა და „ფინვესტ საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიხეილ მერებაშვილის ახლო მეგობარია. მერებაშვილმა მაშინ „მონიტორს“ ასე უპასუხა:
„გიდასტურებთ, რომ მე ვარ კომპანიების „ფინვესტ საქართველოს“ და „აპგეიმინგის“ დამფუძნებელი. რაც შეეხება “სანტედას”, ის იყო ჩვენი კომპანიის – “აპგეიმინგის კლიენტი”, თუმცა მათთან ხელშეკრულება გაწყვეტილია ამა წლის მარტის თვიდან. სხვა პირებთან ჩემს ნაცნობობაზე თუ ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგანაც ჩემი კომპანიების ბიზნესსაქმიანობასთან მათ კავშირი არ აქვთ.“
SANTEDA International B.V-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ კომპანიამ 6 სესხი, ჯამში 15,767,340 ევრო გამოუყო “Buda Capital”-ს, ლუქსემბურგულ კომპანიას, რომელიც UpGaming-ისა და „ფინვესტ საქართველოს“ დამფუძნებლებს ეკუთვნით. Buda Capital-ის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ამ კომპანიამ კვიპროსული SANTEDA International Limited-ისგან 1 690 000 ევრო ისესხა. თავის მხრივ, Buda Capital-მა 1 170 000 ევრო ასესხა „ფინვესტ საქართველოს“ კუთვნილ სამშენებლო კომპანია „აპკოს“.
რას აჩვენებს გაჟონილი დოკუმენტები
ჩიმახიძე და Santeda International B.V. კიურასაოდან გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, Santeda International B.V.-ის 100%-იანი წილის მფლობელი ონისე ჩიმახიძე იყო. მან წილი 2026 წლის მაისში გაყიდა, „მონიტორის“ 12 მარტის გამოძიების შემდეგ, რომლითაც მისი კავშირები გასაჯაროვდა კვიპროსულ „სანტედასთან“ და ქართულ UpGaming-თან. წილი ჩინეთის მოქალაქემ, შიენბო ვეიმ (Xianbo Wei) შეიძინა.
GTW B.V. დოკუმენტების თანახმად, „Donbet“-ისა და „MyStake“-ის მფლობელი GTW B.V.-იც ჩიმახიძეს ეკუთვნოდა. მან ის 2026 წლის მაისში იმავე პირს, შიენბო ვეის მიჰყიდა.
Ryker B.V. გაჟონილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ ჩიმახიძე კიურასაოში ფლობდა კიდევ ერთ კომპანიას, Ryker B.V.-ს, რომელიც ამუშავებდა ონლაინ კაზინოებს, მათ შორის Jackbit.com, 20bets.com, flex-bet.com, betbuta.com, betpriz.com, tamambet.com და fresh-bet.com. ეს კომპანია ჩიმახიძემ 2026 წლის აპრილში ჩინეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, ზიში იაოს (Zixi Yao) მიჰყიდა.
ორივე მყიდველი, დოკუმენტების მიხედვით, ჩინეთის გუანსის რეგიონის მცხოვრებია: შიენბო ვეი 1996 წელს, ხოლო ზიში იაო 1992 წელს დაიბადა.
ნოვიცკი და კაპანაძე. გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, Lambaro Limited-ის მფლობელის, იური ნოვიცკის ძმა, ანდრო ნოვიცკი GTW B.V.-ის მთავარი ტექნიკური ოფიცერია, ანუ ამ კომპანიის ტექნიკურ სტრატეგიასა და ინოვაციებზე პასუხისმგებელი პირი. კომპანიის ფინანსურ საქმიანობას კი ფინანსური ოფიცერი თორნიკე კაპანაძე ხელმძღვანელობს. LinkedIn-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, იმავე სახელისა და გვარის მქონე პირი UpGaming-ის თანამშრომელია, თუმცა მოგვიანებით კაპანაძემ LinkedIn-ის პროფილიდან “აპგეიმინგი” ამოშალა.
გაჟონილ ფაილებში რამდენიმე ფინანსური დოკუმენტიცაა, საიდანაც ირკვევა, რომ Santeda International B.V.-ის მთლიანმა შემოსავალმა 2023 წელს 87,861,822 ევრო შეადგინა; 2022-ში – 27,983,980 ევრო; ხოლო 2021-ში – 9,145,254 ევრო. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის 26 მაისს SANTEDA INTERNATIONAL LIMITED-დან ონისე ჩიმახიძის ანგარიშზე “საქართველოს ბანკში” 300,000 ევრო გადაირიცხა.
ონისე ჩიმახიძემ და Upgaming-ის იურისტებმა “მონიტორის” შეკითხვები უპასუხოდ დატოვეს. რამდენიმე კვირის წინ გარდიანს” Upgaming-ის იურისტებმა კომპანიის პოზიცია გააცნეს, რომლის მიხედვით, Upgaming მიიჩნევდა, რომ მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე იყო სხვადასხვა მხრიდან, “რომლებსაც საკუთარი კომერციული ინტერესები ამოძრავებდათ”.
ამავე თემაზე წაიკითხეთ:
სამშენებლო ბიზნესის კავშირები ონლაინ კაზინოების თაღლითურ ქსელთან
“ტრამპ თაუერი” თბილისში – ონლაინ კაზინოების თაღლითური ქსელი და რუსული კავშირები