- “ბორჯომში 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის 5-ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება”.
- “თბილისში, დიდ დიღომში “გუდვილის” ჰიპერმარკეტის 43,100 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ახალი მულტიფუნქციური მოლი აშენდება.”
ბოლო დროს ქართულ ბიზნესგამოცემებში გავრცელებული ამ ნიუსებიდან ვიგებთ, რომ დეველოპერული კომპანია “აპკო” არა ერთ მსხვილ სამშენებლო პროექტს ახორციელებს ქვეყანაში.
“მონიტორმა” შეისწავლა და გაჩვენებთ, თუ რა აკავშირებს მსხვილ ქართულ სამშენებლო პროექტებს ევროპაში მოქმედი არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან.
დაზარალებული ლუდომანები
“Gamstop”-ი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ მოქალაქეებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების კონტროლში ეხმარება.
პლატფორმის ცნობით, მათი მომხმარებელი ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია – ზოგმა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დაძლევა შეძლო, ზოგმა კი გარკვეული დროით პაუზა აიღო, რომ ფულის დაგროვება და სხვა საკითხებზე ფოკუსირება მოეხერხებინათ.
პლატფორმა ასე მუშაობს: თუ პირი Gamstop-ში დარეგისტრირდება, მისთვის მინიმუმ 6 თვით და მაქსიმუმ 5 წლით იბლოკება გაერთიანებულ სამეფოში ლიცენზირებული აზარტული თამაშების კომპანიების ონლაინ ანგარიშები.
გასული წლის დეკემბერში ბრიტანულმა გამოცემა “The Guardian”-მა სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 36 წლის ოლი ლონგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოცემის ცნობით, ოლი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ებრძოდა და “Gamstop”-შიც დარეგისტრირდა, თუმცა ოჯახის წევრების ცნობით, სიკვდილამდე მას არაერთი გადარიცხვა ჰქონდა განხორციელებული ისეთი რეციპიენტებისთვის, რომელთა მსგავსი ანგარიშები ბრიტანეთში მოქმედ არალიცენზირებულ ონლაინ კაზინო “Donbet”-თან იყო დაკავშირებული.
ვინ ფლობს გაერთიანებულ სამეფოში მოქმედ არალიცენზირებულ ონლაინ კაზინოებს?
ონლაინ გემბლინგი ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში ლეგალურია, თუმცა ბევრ მათგანში სპეციალური რეგულაციებია დადგენილი. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ონლაინ კაზინოს ფუნქციონირება ადგილობრივი გემბლინგის კომისიის ლიცენზიის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულია. ამის მიუხედავად, როგორც ირკვევა, გაერთიანებულ სამეფოში არალეგალურად “MyStake”-თან დაკავშირებული არაერთი ონლაინ კაზინო ახერხებს მუშაობას.
“Donbet”-ისა და “MyStake”-ის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ორივეს ოპერატორი ოფშორში, კერძოდ, კარიბის კუნძულებზე, კიურასაოში რეგისტრირებული კომპანია GTW B.V,-ია, რომელიც ლიცენზირებულია კიურასაოს შესაბამისი ორგანოს მიერ, თუმცა ლიცენზიას ვადა 2025 წლის 24 დეკემბრამდე ჰქონდა. ამჟამად კიურასაოს ონლაინ თამაშების ლიცენზიების რეესტრში მითითებულია, რომ GTW B.V.-ის ლიცენზირებასთან დაკავშირებით “მიმდინარეობს შეფასება”.
ოფშორში, ამ შემთხვევაში კიურასაოში სათამაშო ბიზნესის ლიცენზიის მიღებას ბევრი უპირატესობა აქვს ოპერატორებისთვის – ეს არის სწრაფი რეგისტრაცია, დაბალი გადასახადები და საერთაშორისო მასშტაბით მუშაობის შესაძლებლობა. თუმცა კიურასაოს ლიცენზიის მქონე ონლაინ კაზინოებს ეკრძალებათ მომხმარებლების მიღება სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგალითად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაერთიანებული სამეფოდან, სადაც ადგილობრივი “გემბლინგის კომისიის” [UKGC] ლიცენზიის გარეშე ამ ბიზნესის წარმოება “გემბლინგის აქტი 2005”-ის დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულია.
კიურასაოში რეგისტრირებული კომპანია GTW B.V.-ის, ანუ ონლაინ კაზინოების ოპერატორის გადახდის აგენტი კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია CYGTW LTD-ია.
ონლაინ კაზინოს გადახდის აგენტი – ეს არის კომპანია, რომელიც კაზინოსა და მოთამაშეებს შორის ფულის გადარიცხვებს შუამავლობს: იღებს მოთამაშისგან ფულს და გადასცემს კაზინოს, ან პირიქით — კაზინოდან მოგებულ თანხას აძლევს მოთამაშეს.
CYGTW LTD-სა და კიდევ ერთ კვიპროსულ კომპანია “Santeda International Ltd”-ს ერთი და იგივე მისამართი და დირექტორი ჰყავთ. ამასთან, CYGTW LTD-ის მფლობელი კატერინა იოსიფი SANTEDA INTERNATIONAL LIMITED-ის ყოფილი დირექტორია.
“Santeda International Ltd” კიურასაოში ლიცენზირებული ონლაინ კაზინოების ოპერატორის – “Santeda International B.V”-ის გადახდის აგენტია, რომლის საკუთრებაშია გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი და ზემოთ დასახელებული კიდევ ერთი არალიცენზირებული ონლაინ კაზინო “Goldenbet”-ი. “Santeda International B.V”-ის საკუთრებაშია, ასევე, ონლაინ კაზინოები: Velobet, Zizobet, Rolletto, Cosmobet და სხვა. ამასთან, გასულ წელს “Santeda International B.V”-ის მფლობელობაში იყო MyStake-ცა და Donbet-იც.
“Santeda International B.V”-სთან დაკავშირებით, GTW B.V.-ის მსგავსად, კიურასაოს ონლაინ თამაშების ლიცენზიების რეესტრში მითითებულია, რომ 2025 წლის 24 დეკემბრამდე იყო ლიცენზია მოქმედი და ამჟამად “მიმდინარეობს შეფასება”.

Santeda-ს კავშირი საქართველოსთან
“Santeda International ltd” 2020 წლის 5 თებერვალს დაფუძნდა კვიპროსში, თუმცა მაშინ კომპანიის სახელწოდება იყო “Onyxion Development Limited”. ამ უკანასკნელის დამფუძნებელი საქართველოს მოქალაქე – ონისე ჩიმახიძე იყო, რომელმაც 2020 წლის 11 მაისს თავისი წილი კიურასაოში რეგისტრირებულ კომპანიას – Onyxion B.V.-ის მიყიდა.
სწორედ ეს კომპანია ფლობდა წარსულში ზემოთ ხსენებულ ონლაინ კაზინოებს, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ულიცენზიოდ საქმიანობენ. ირკვევა, რომ საბერძნეთმა ჯერ კიდევ 2021-22 წლებში შეიტანა შავ სიაში Onyxion B.V.-ის კუთვნილი ონლაინ კაზინოები: Rolletto, MyStake, Goldenbet.
2022 წლის 12 ივლისს “Onyxion Development Limited”-ს სახელწოდება შეეცვალა და Santeda International ltd დაერქვა. მფლობელების გრაფაშიც Onyxion B.V. – ასევე კიურასაოში დაფუძნებულმა Santeda International B.V.-მ ჩაანაცვლა.
სახელწოდებები შეიცვალა, მაგრამ საქმიანობა არა. სწორედ ამიტომ საბერძნეთმა შავ სიაში 2024-25 წლებში უკვე Santeda International B.V. და მისი კუთვნილი ონლაინ კაზინოები [MyStake, Velobet, Donbet, Rolletto, Cosmobet] შეიტანა.
შვედეთმა 2024 წელს აკრძალა Santeda International B.V-ის ონლაინ კაზინოები მათ ტერიტორიაზე ულიცენზიო საქმიანობისთვის. ავსტრალიამ კი ოფიციალური გაფრთხილება მისცა.
რა აკავშირებს “აპგეიმინგს” Santeda-ს ქსელთან?
საქართველოში კომპანია Upgaming-ს აქტიური სარეკლამო საინფორმაციო კამპანია აქვს, რომლის მიხედვითაც ეს არის “პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში”.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული სარეკლამო სტატიები გვაუწყებს, რომ “აპგეიმინგი” ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს ქმნის, რომელსაც 250-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი და 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს; ასწავლის და ასაქმებს ახალგაზრდებს; იუთუბში გამოქვეყნებულია არაერთი ვიდეო, რომლებითაც კომპანია საკუთარი თანამშრომლების მიღწევებზე უამბობს აუდიტორიას; ტიკტოკის ვიდოებში ნაჩვენებია, თუ როგორ წარმატებულად მუშაობენ და ერთობიან კომპანიის თანამშრომლები და ა.შ.
კომპანია “Upgaming AG” 2020 წლის გაზაფხულზე შვეიცარიაში დააფუძნეს საქართველოს ხუთმა მოქალაქემ – თორნიკე თვაურმა, მიხეილ მერებაშვილმა, ლაშა მელაძემ, მერაბ ჩიქვინიძემ და ალექსანდრე მაყაშვილმა. ამავე კომპანიაში მათივე პარტნიორია გერმანიის მოქალაქე დენიზ ილდირიმი.

შვეიცარიაში დაფუძნებულ სს “აპგეიმინგ-აგ”-ს შვილობილი და დაკავშირებული კომპანიები ჰყავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
შვეიცარიულმა “აპგეიმინგ”-მა 2020 წელს საქართველოში დაარეგისტრირა “აპგეიმინგ აგ-საქართველოს ფილიალი”, 2023 წლიდან კი – შპს “აპგეიმინგი”. ამასთან სს “აპგეიმინგ-აგ”-ს შვილობილი კომპანია ჰყავს, ასევე, უკრაინაში – APHEIMINH YUA TOV.
ქართულმა კომპანიამ – შპს აპგეიმინგმა 2023 წელს მიიღო “აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა” საქართველოში, რომელსაც 2028 წლის 17 ოქტომბრამდე აქვს ვადა. კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, შპს “აპგეიმინგის” შემოსავალი ძირითადად “აპგეიმინგ აგ”-სთვის მიწოდებული სერვისებისგან შედგება, როგორიცაა ქსელის ადმინისტრირება, ვებსაიტების სრული დიზაინი, გადახდის მეთოდების ინტეგრაცია, კონსულტაციები ლიცენზიებზე, ტექნიკური მხარდაჭერა და სხვა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს შპს “აპგეიმინგის” შემოსავალმა 24,631,397 ლარი შეადგინა, საიდანაც 19 მილიონამდე ლარი თანამშრომლების ხელფასებსა და სხვა ბენეფიტების დაფინანსებას მოხმარდა.
“აპგეიმინგის” ხელმძღვანელსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს, თორნიკე თვაურს ჩვენ ვკითხეთ, თუ რა აკავშირებს მის კომპანიას “Santeda”-სთან, რომელიც ევროპაში მოქმედი არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების მფლობელია.
“SANTEDA INTERNATIONAL BV წარმოადგენს UPGAMING-ის ჯგუფის კვიპროსული კომპანიის UPGAMING LTD-ს კლიენტს. კლიენტთან არსებული ხელშეკრულება გვიკრძალავს კომერციული ინფორმაციის გამჟღავნებას მესამე პირებზე, ამიტომაც არ გვაქვს უფლება მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია კონკრეტულ მიწოდებულ პროდუქტზე/მომსახურებაზე (მათ შორის ანაზღაურებაზე და გადახდის პირობებზე)… ჩვენი როლი შემოიფარგლება მკაფიოდ განსაზღვრული ტექნიკური და ციფრული მომსახურებების მიწოდებით, რომლებიც ხორციელდება კომერციული ხელშეკრულებების საფუძველზე და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. აღნიშნული მომსახურება არ მოიცავს კლიენტების ოპერაციული საქმიანობის ზედამხედველობას ან მათი ბიზნეს-მოდელის შეფასებას”, – გვითხრა თორნიკე თვაურმა.
ამის შემდეგ ჩვენ მას ვკითხეთ, აქვს თუ არა ინფორმაცია “Santeda”-ს არალიცენზირებულ კაზინოებზე ევროპაში, რაზეც თორნიკე თვაურმა გვიპასუხა:
“კატეგორიულად უარვყოფთ ნებისმიერ ვარაუდს, თითქოს ჩვენს კომპანიას ჰქონდა ან უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, რომ რომელიმე კლიენტი მოქმედებდა არალეგალურ ან „შავ ბაზართან“ დაკავშირებულ საქმიანობაში. მოგახსენებთ, რომ სახელშეკრულებო დონეზე კლიენტს ეკრძალება იმ იურისდიქციებში (ქვეყნებში) UPGAMING-ის სერვისების გამოყენება, სადაც მას არ გააჩნია შესაბამისი სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორობის ნებართვა/ლიცენზია. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს იმ საკითხის შესწავლა, აწვდიდა თუ არა კლიენტი ჩვენი კომპანიის პროდუქტებს უნებართვოდ შესაბამის იურისდიქციებში. მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ჩვენი კომპანია იტოვებს უფლებას, რომ შეუწყვიტოს შესაბამისი მომსახურება კლიენტს”.
არის თუ არა სარწმუნო თორნიკე თვაურის მტკიცება, რომ მან არაფერი იცოდა “SANTEDA INTERNATIONAL B.V.”-ის არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების შესახებ? მივყვეთ ფაქტებს: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბერძნეთის გემბლინგის კომისიამ Santeda/Onyxion-თან დაკავშირებული კაზინოები 2021-2025 წლებში შეიტანა შავ სიაში. 2023 წელს ამავე შავ სიაში მოხვდა ONYXION MALTA LIMITED-ის კუთვნილი ონლაინ კაზინო https://31bet.com, 2025 წელს კი – https://31.casino.
მალტაში რეგისტრირებული კომპანიის – OnyxioN Malta Limited-ის მესაკუთრეები “Upgaming”-ის დამფუძნებლები – თორნიკე თვაური და დენიზ ილდირიმი არიან.
“საბერძნეთის საკითხს რაც შეეხება და მათ მიერ დაბლოკილ დომეინებს, ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია. საბერძნეთის სახელმწიფო ავტომატურად ბლოკავს ყველა ონლაინ კაზინოს დომეინს, რომელიც არ არის ლიცენზირებული საბერძნეთში მიუხედავად იმისა, ოპერირებს თუ არა კაზინო საბერძნეთის ბაზარზე, ანუ ეს ყველაფერი არის ერთგვარი პრევენციის მექანიზმი, რომ ბერძენი მოთამაშეები ვერ შევიდნენ და ვერ ითამაშონ საერთაშორისო კაზინოებზე”, – გვითხრა თორნიკე თვაურმა.
ჩვენ მასვე ვკითხეთ, რა აკავშირებს მის მალტურ კომპანიას კვიპროსულ SANTEDA INTERNATIONAL-თან, რომელსაც მანამდე მისი მალტური ორგანიზაციის მსგავსად, ასევე ONYXION ერქვა.
“მალტური კომპანიის ONYXION MALTA LIMITED-ს ან/და მის დამფუძნებლებს, დირექტორებს არანაირი კავშირი არ აქვთ კომპანია SANTEDA INTERNATIONAL BV-სთან. მალტური კომპანიის სახელწოდება თავის დროზე აირჩა მალტელი კონსულტანტების მეშვეობით: მენეჯმენტის მიერ არჩეული რამდენიმე სახელი იდენტურობის ან მსგავსებობის გამო დაკავებული იყო მალტის ბიზნეს რეესტრში. ამიტომაც, იმის გათვალისწინებით, რომ კონსულტანტებს რამოდენიმე სახელი წინასწარ დაბევებული (დაჯავშნილი) ჰქონდათ, აირჩა მათ მიერ შემოთავაზებული საფირმო სახელწოდება – ონიქსიონ მალტა, რაც უზრუნველყოფდა კომპანიის სწრაფ რეგისტრაციას”, – გვითხრა თორნიკე თვაურმა.
მაგრამ, როგორც გავარკვიეთ, მხოლოდ სახელის დამთხვევა არ აკავშირებს ერთმანეთთან ამ ორ კომპანიას.

ეს ფოტო, რომელზეც “Santeda International Ltd”-ს [ყოფილი Onyxion Development Limited] დამფუძნებელი ონისე ჩიმახიძე და მისი ცოლი – გვანცა ჩიმახიძე არიან გამოსახულები, 2024 წლის ნოემბერში, მალტაშია გადაღებული, სადაც კომპანია “აპგეიმინგი” SiGMA Europe 2024-ის გამოფენაში მონაწილეობდა.
ამასთან, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდან დგინდება, რომ ონისე ჩიმახიძის და “აპგეიმინგის” ერთ-ერთი დამფუძნებლის – ლაშა მელაძის ცოლი – ეთერ გიგაური ახლო მეგობრები არიან.

კიდევ ერთ კავშირს ლაშა მელაძესა და Santeda-ს შორის ადასტურებს დოკუმენტი, რომლის მიხედვით THUNDERSPIN LTD-ის აქციონერია ლაშა მელაძე. THUNDERSPIN LTD-ის ყოფილი დირექტორი ქრისტოს სამარასი კი სხვადასხვა დროს იყო როგორც Santeda International ltd-ის, ისე CYGTW LTD-ის დირექტორი.
ონისე ჩიმახიძემ უპასუხოდ დატოვა მის ელექტრონულ ფოსტაზე ჩვენს მიერ გაგზავნილი შეკითხვები. ჩვენ დავუკავშირდით ლაშა მელაძის წარმომადგენელსაც, თუმცა არც ეს უკანასკნელი გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას, რომ ეპასუხა შეკითხვებისთვის. თორნიკე თვაურმა კი ასეთი პასუხი გაგვცა:
“ბატონი ონისე ჩიმახიძე არ არის დაკავშირებული კომპანია “აპგეიმინგთან”, არ არის თანამშრომელი, არანაირი პოზიცია ან თანამდებობა არ უჭირავს, არც შპს „აპგეიმინგში“ და არც ჯგუფში. ისინი გამოფენაზე შესაძლოა მოწვეული იყვნენ როგორც ერთ-ერთი დამფუძნებლის ახლო მეგობრები… THUNDERSPIN LTD ეკუთვნის ლაშა მელაძეს და მის პარტნიორებს. ეს კომპანია ბატონი მელაძის დამოუკიდებელი ბიზნესია და მას კავშირი UPGAMING AG-სთან არ აქვს”.
სამშენებლო პროექტები არალეგალური გემბლინგისგან მიღებული შემოსავლებით?
დეველოპერულ კომპანია “აპკოს” სს “ფინვესტ საქართველო” ფლობს. “ფინვესტ საქართველოს” მესაკუთრეები კი – თორნიკე თვაური, ლაშა მელაძე, მერაბ ჩიქვინიძე, მიხეილ მერებაშვილი და ალექსანდრე მაყაშვილი არიან, ანუ შვეიცარიული “აპგეიმინგის” დამფუძნებლები.
გრაფიკაზე “ფინვესტ საქართველოს” კომპანიები:

“აპკო” საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ კომპლექსებს აშენებს თბილისის სხვადასხვა უბანში – ლისზე; სარაჯიშვილზე, დიღოშმი; ასევე – სასტუმროს ლიკანსა და შეკვეთილში; ფლობს მიწის ნაკვეთებს მარტყოფში, უჯარმაში და ა.შ.
“ფინვესტ საქართველოსთან” დაკავშირებული კომპანიების უძრავი ქონება საქართველოში იხილეთ ცხრილში:

“აპკოს” 2024 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ მიიღო გრძელვადიანი შეღავათიანი სესხები არაფინანსური ინსტიტუტებისგან, კერძოდ დაკავშირებული და არადაკავშირებული მხარეებისგან, ჯამური ღირებულებით 67,794,999 ლარი, წლიური 2%-დან 8%-მდე განაკვეთით და 5 წლის შემდეგ გადახდის პირობით.
ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, კვიპროსში რეგისტრირებულმა კომპანიამ – “Upgaming Limited”-მა 6 მილიონი ევროზე მეტი სესხი მისცა ქართულ კომპანია “აპკოს”.
თორნიკე თვაური უარყოფს SANTEDA-ს არალეგალური გემბლინგის ქსელში მისი კომპანიების მონაწილეობას.
“UPGAMING-ს გაცემული აქვს შპს „აპკო“-ზე შესაბამისი სესხები. სესხების გაცემა ხორციელდებოდა მათ შორის შესაბამისი ნებადართული და კანონიერი საგადასახადო ოპტიმიზაციის ფარგლებში. ამასთანავე, UPGAMING-ის ჯგუფში შემავალი კომპანიები ექვემდებარებიან მკაცრ ფინანსურ აუდიტს და ასევე ამლ (ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონმდებლობის) აუდიტს, რომელიც ამ კომპანიებს პერიოდულად უტარდებათ. კომპანიებს შორის ტრანზაქციები ასევე სრულად შესაბამისობაშია ტრანსფერ ფრაისინგის პრინციპებთან, რაზეც არსებობს შესაბამისი რეპუტაციული აუდიტორული კომპანიების დასკვნები”, – გვითხრა თვაურმა.
კავშირები “ოცნებასთან”
“სტუდია მონიტორმა” 2 წლის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება – “სათამაშო ბიზნესი სამშენებლო მოედანზე”, რომელშიც ვაჩვენეთ, რომ აზარტული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია “ბეთლაივის” მფლობელები აქტიურად არიან ჩართულები მასშტაბურ სამშენებლო პროექტებში.
მაშინ გავარკვიეთ, რომ “ბეთლაივში” წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ძმის – ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა – თამაზ ხარაიძე; ხოლო ხარაიძის ცოლის ძმა თეიმურაზ კოპალეიშვილი “ბეთლაივის” დირექტორია. “ბეთლაივის” კიდევ ერთი მესაკუთრეა ნანა ჯანაშია, დავით ველიჯანაშვილის ქვრივი. ჩვენ მაშინდელ შს მინისტრს და ივანიშვილის ყოფილ პირად მცველს, ვახტანგ გომელაურს წერილობით გავუგზავნეთ შეკითხვა – იყო თუ არა ის დავით ველიჯანაშვილის შვილის ნათლია და მეგობარი და მის სახელზე იყო თუ არა რეგისტრირებული მინისტრის წილები “ბეთლაივში”, რაზეც გომელაურმა არ გვიპასუხა. მას არასოდეს უარუყვია მედიაში გასაჯაროებული ეს ინფორმაცია.
ჩვენ ამჯერად ნანა ჯანაშიას დავუკავშირდით ტელეფონით და ვკითხეთ – დაგვიდასტურებდა თუ არა მედიაში არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ვახტანგ გომელაური არის მისი შვილის ნათლია, რაზეც ჯანაშიამ ასე გვიპასუხა:
“იცით რა არის?- ის, რაც 9000-ჯერ ნათქვამია, რატომ უნდა დაგიდასტუროთ ვერ ვხვდები და თან, არანაირი სურვილი არა მაქვს თქვენთან ლაპარაკის”.
ჯანაშიამ ამის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა და ჩვენს დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა.
გრაფიკაზე“ბეთლაივის” მფლობელები:

“ბეთლაივის” ყოფილი დირექტორია “აპგეიმინგის” ხელმძღვანელი თორნიკე თვაური; ხოლო “ბეთლაივის” უმსხვილესი მესაკუთრეები – ალექსი მოდებაძე, ალექსანდრე წულუკიძე და ლაშა კვაჭაძე სამშენებლო კომპანია “ბლოქსის” მეწილეები და “აპგეიმინგთან” დაკავშირებული სამშენებლო კომპანიების პარტნიორები არიან [იხილეთ გრაფიკა ქვემოთ]:

Upgaiming-ის დამფუძნებლები “ბეთლაივის” და “ბლოქსის” ერთ-ერთ მეწილე ლაშა კვაჭაძესთან ერთად სხვა სამშენებლო კომპანიებსაც ფლობენ. მაგალითად, შპს საქართველო 2030-ში. ეს კომპანია ივანიშვილთან დაკავშირებული “ქართუ ბანკის” კუთვნილი სასტუმრო “საქართველოს” მეპატრონე გახდა თბილისში, მელიქიშვილის 12-ში.
“ვარ აპოლიტიკური პიროვნება და არ მაქვს არანაირი კავშირები ბიძინა ივანიშვილთან. სასტუმრო საქართველოს შეძენა არის ჩვეულებრივი ბიზნეს პროექტი, რომელიც შევიძინეთ ბანკი ქართუდან, ყოფილ მესაკუთრესთან კომუნიკაციით და მისი დახმარებით”, – გვითხრა თორნიკე თვაურმა.
მისივე განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავდა ორმხრივ ვალდებულებებს და ამ პერიოდის მანძილზე ქონება იყო დატვირთული ბანკი ქართუს იპოთეკით: “დღეის მდგომარეობით, ვალდებულებები ორივე მხარის მიერ შესრულებულია და ქონება დატვირთულია თიბისი ბანკის იპოთეკით. ასევე, ვალდებულების გრაფაში რეგისტრირებულია ახალი მყიდველის სასარგებლოდ დარეგისტრირებული აკრძალვა. ახალი მყიდველი არის უცხოური ჯგუფი, რომელთანაც უკვე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და საკუთრებაც ამ ქონებაზე მალე გადავა მათზე. იმედია მალე თბილისს კიდევ ერთი კარგი სასტუმრო შეემატება”.
ჩვენ სხვა დოკუმენტებიც მოვიპოვეთ, რაც “აპგეიმინგთან” დაკავშირებული კომპანიების “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან სავარაუდო კავშირზე მიუთითებს, რაზეც უკვე მომდევნო ჟურნალისტურ გამოძიებაში გიამბოთ.
შესწორება:
სტატია ჩასწორდა 2026 წელის 29 ივნისს და ამოღებული იქნა ყველა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი ორგანიზაციის – “სათამაშო ინდუსტრიის აკრედიტაციის, მონიტორინგისა და რეგისტრაციის სამსახურის” [GAMRS] 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ კვლევას – “SANTEDA INTERNATIONAL B.V RYKER B.V – არალეგალური გემბლინგის ანგარიში”.
2026 წლის 24 ივნისს კომპანია “აპგეიმინგის” იურიდიული დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ ორგანიზაცია GAMRS და DEALMEOUT სრულად იმართება ბატონი ჯორდან ლის მიერ და რომ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა კონტრაქტორმა ჟოაო მარმა “აპგეიმინგის” წინააღმდეგ შეკვეთილი შავი პიარ კამპანიის ფაქტის შესახებ საჯაროდ განაცხადა “ლინკდინის” მეშვეობით და ასევე ოფიციალური წერილი მიწერა “აპგეიმინგს”, რომლის ასლიც ჩვენც გამოგვეგზავნა.
ჯორდან ლიმ “მონიტორისთვის” გამოგზავნილ წერილში დაადასტურა, რომ მათი ვებგვერდიდან წაიშალა GAMRS-ის კვლევა მას შემდეგ, რაც მათ “აპგეიმინგიდან” მიიღეს 2026 წლის 1 აპრილით დათარიღებული განცახდება, რომლის მიხედვით, მათ ხელშეკრულება დაასრულეს “სანტედასთან”.
“ჩვენ მივესალმებით Upgaming-ის შესწორების უფლებას და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ GAMRS-ი და DEAL ME OUT-ი არ ვთვლით, რომ მათ რაიმე კავშირი აქვთ უკანონო აზარტულ თამაშებთან ჩვენი ბოლო კომუნიკაციის მდგომარეობით.
თუმცა, ჩვენ არ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ GAMRS-ს გადაუხადეს Upgaming-ის დისკრედიტაციისთვის, რაც ასე არ არის. მათი სერვისის არასწორად გამოყენების გამოძიების შემდეგ, ეს შეჩერდა, რის შედეგადაც GAMRS-მა წაშალა ყველა კონტენტი”, – ნათქვამია ჯორდან ლის წერილში, რომელმაც, ასევე, გვითხრა, რომ ჟოაო მართან ზემოთ აღნიშნული წერილის თაობაზე რაიმე კომუნიკაცია არ ჰქონიათ.