თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, რომელიც დღემდე “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის საკუთრებაშია, დეველოპერების ჯგუფი “ტრამპ თაუერის” აშენებას აპირებს. მათ შორისაა ონლაინ კაზინოების თაღლითურ საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული კომპანია. “მონიტორის” ამ ჟურნალისტური გამოძიებიდან კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ “ტრამპ თაუერზე”, მათ შორის იმასაც, თუ რა კავშირი აქვს ამ პროექტის მონაწილეებს რუსეთთან.

17 აპრილს “ტრამპის ორგანიზაციამ” “ტრამპ თაუერი თბილისის” მშენებლობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებიდან ვიგებთ, რომ 70-სართულიანი “ტრამპ თაუერი თბილისი” ყველაზე მაღალი შენობა იქნება საქართველოში; პროექტის დიზაინზე კი მსოფლიოს უდიდესმა არქიტექტურულმა კომპანია “Gensler”-მა იმუშავა.
ამავე განცხადებაში საუბარია პროექტის “საუკეთესო ადგილმდებარეობაზე – ცენტრალური პარკის ხედით”.
აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესი აშშ-ის მიერ სანქცირებული ივანიშვილის ოჯახის მიწაზე
“ტრამპის ორგანიზაცია” აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის მიერაა დაფუძნებული და ამჟამად მას მისი ვაჟები – ერიკ და დონალდ [უმცროსი] ტრამპები მართავენ.
![დონალდ ტრამპი ვაჟებთან - ერიკ ტრამპთან [მარჯვნივ] და უმცროს დონალდ ტრამპთან [მარცხნივ] ერთად](https://monitori.ge/app/uploads/2026/06/donald-trampi-ojaxTan-ertad-1024x683.jpg)
სწორედ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით უნდა აშენდეს თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 70-სართულიანი ცათამბჯენი – “ტრამპ თაუერი”.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 50 ჰექტარი მიწა ბიძინა ივანიშვილის კომპანია “ინვესტ კაპიტალმა” 2009 წელს იყიდა. 2013 წლის აპრილში ივანიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ 52 მილიონი გადაიხადა იპოდრომის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებში, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებას აპირებდა.
2020 წელს ივანიშვილის კომპანიამ ეს ნაკვეთები დაანაწევრა. იმავე წლის ივნისში კი 35 ჰექტარზე მეტი ფართობის ნაკვეთები “ინვესტ კაპიტალმა”, ასევე, ივანიშვილთან დაკავშირებულ საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მიყიდა დაახლოებით 50 მილიონ ლარად. იმავე წლის ოქტომბერში “ქართუმ” ეს ნაკვეთები თბილისის მერიას გადასცა – ცენტრალური პარკის მოსაწყობად. მაშინვე “ქართუს” დირექტორმა განაცხადა, რომ მათივე ფონდი დაფარავდა პარკის მშენებლობის ხარჯებს, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს.

“პარკის ტერიტორიაზე აუცილებლად იქნება განთავსებული იაპონური ბაღი, ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, ბოტანიკური ბაღი, შადრევანი, ფრანგული ბაღი და მთავარი, ძალიან დიდი მდელო იქნება”, – ეს დაპირება თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში გასცა, როცა მისი მერობის პირველი ვადა იწურებოდა. ის გასულ წელს მესამე ვადით ჩაუდგა სათავეში დედაქალაქის მთავრობას, თუმცა ცენტრალური პარკის მშენებლობა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ამ დრომდე დაუსრულებელია.
2020 წელს ივანიშვილმა “ქართუს” საკუთრებაში დატოვა 80,145 კვ.მ მიწა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, რომელიც იმავე წელს “ქართუმ” “ინვესტ კაპიტალისგან” მიიღო . მოგვიანებით, 2023 წლის ოქტომბერში, ამ ნაკვეთებზე ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება გაუფორმა შპს “ცენტრალ პარკ ავენიუს”, რომელიც ბიზნესმენ ძმებს – ლევან და სამსონ [სოსო] ფხაკაძეებს, ასევე, ლევანის ვაჟს – ვასილ ფხაკაძეს ეკუთვნით.

ნასყიდობის ფასს მხარეები ასაიდუმლოებენ, თუმცა “ცენტრალ პარკ ავენიუს” წილის გირავნობის ხელშეკრულებაში, რომლითაც მოგირავნე “ქართუა”, მითითებულია, რომ დაგირავებული ქონების ღირებულება 85 მილიონი აშშ დოლარია.
საჯარო რეესტრის მიხედვით, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 2.5 წლის შემდეგ, კვლავაც “ქართუ” ფონდის საკუთრებაში რჩება 66,940 კვ.მ მიწის ნაკვეთი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თამარაშვილის 13-ში, ისე როგორც 2,844 კვ.მ და 716 კვ.მ ნაკვეთები იმავე მისამართზე. ფხაკაძეების კომპანიის საკუთრებაში კი ამ დროისთვის მხოლოდ 9,645 კვ.მ მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული თამარაშვილის 13-ში.

რატომ არ არის სრულად ეს მიწები გაფორმებული “ცენტრალ პარკ ავენიუს” საკუთრებაში? – ამაზე და არც სხვა შეკითხვებზე ვასილ ფხაკაძემ არ გვიპასუხა.
ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემაც, თუმცა ბრიტანულ გამოცემა “გარდიანს” უთხრა: „ამ შეთანხმების თანახმად, მომავალი მფლობელი შპს „ცენტრალ პარკ ავენიუა“-ა (თუმცა ტერიტორიის ნაწილი – 9,645 კვ. მეტრი – უკვე სრულად არის გადაცემული). დარჩენილი მიწის მომავალ მფლობელზე გადაცემა მოხდება შეთანხმების პირობების შესაბამისად გადახდის შემდეგ.“
ფონდ “ქართუს” დამფუძნებელია სს “ქართუ ჯგუფი”. სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სს “ქართუ ჯგუფის” 100%-ის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი – უტა ივანიშვილია. “ქართუ ბანკის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი, უტა ივანიშვილი სს “ქართუ ჯგუფის” 35% წილს ფლობს.

2024 წლის 27 დეკემბერს საქართველოს მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი – “რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის შელახვისთვის” დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მაშინ აშშ-ს ტრამპის წინამორბედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მართავდა.
ვინ არის ტრამპის ქართული წარმოშობის ამერიკელი პარტნიორი?
“ტრამპის ორგანიზაციის” განცხადებაში დასახელებულია ის კომპანიები, რომლებიც თბილისში “ტრამპ თაუერს” ააშენებენ, მათ შორისაა უძრავი ქონების დეველოპმენტისა და მართვის ამერიკული კომპანია – “საპირის ორგანიზაცია”.
ამ ორგანიზაციას ალექს საპირი უდგას სათავეში, რომლის მამაც – ტამირ საპირი, იგივე თემურ სეფიაშვილი თბილისში დაიბადა 1946 წელს. 1970-ან წლებში კი, როგორც საბჭოთა კავშირში მცხოვრები ებრაელების დიდი ნაწილი, ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, იქიდან კი – აშშ-ში.

“უაღრესად ვამაყობ და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ჩვენს მეორე ტრამპის შენობას ვაშენებ იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ,”– ამბობს ალექს საპირი.
“საპირის ორგანიზაციის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ტამირ საპირის ბიოგრაფიული ცნობები, რომლის მიხედვით, ნიუ-იორკში მისი ბიზნესის აღმავლობა ტაქსის მედალიონების ყიდვა-დაგირავებას უკავშირდება. საპირმა ტაქსის მედალიონების დაგირავებით მიღებული შემოსავლით ნიუ-იორკში ელექტრონიკის საბითუმო მაღაზია გახსნა, რომელშიც ხშირად დადიოდნენ სავაჭროდ საბჭოთა კავშირის მაღალი თანამდებობის პირები და დელეგაციები.
1985 წელს კი ტამირ საპირი “აშშ-სსრკ-ის სავაჭრო და ეკონომიკური საბჭოს” წევრი გახდა. ეს ორგანიზაცია საბჭოთა პერიოდში აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი სავაჭრო ორგანიზაცია იყო. საპირიც სწორედ ამ საბჭოში მუშაობის შედეგად რუსული ნავთობწარმოების ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი გახდა აშშ-ში: კერძოდ, 1980-იან წლებში საპირი სსრკ-ში აგზავნიდა ამერიკულ ელექტროტექნიკას, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, სანაცვლოდ კი იღებდა ექსკლუზიურ უფლებას საბჭოთა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რეალიზაციაზე დასავლეთში. ამ ნავთობს ის ამერიკულ კომპანიებზე ყიდდა.
რუსული ნავთობიდან მიღებული შემოსავლები 1990-ან წლებში საპირმა მანჰეტენის უძრავი ქონების პორტფელში დააბანდა, კერძოდ, ერთმანეთის მიყოლებით შეიძინა უძრავი ქონება ნიუ-იორკის შუაგულში – მედისონის გამზირზე, მეხუთე გამზირზე, ბროდვეიზე.
ამერიკულ მედიაში არაერთი ინფორმაცია მოიპოვება ტამირ საპირის საბჭოთა KGB-სთან შესაძლო კავშირზე, ასევე, მასთან დაკავშირებულ არალეგალურ საქმიანობაზე. მაგალითად, “ფორბსი” იუწყება, რომ საპირს აშშ-ში იშვიათი ცხოველების ნაწილები შემოჰქონდა, კერძოდ კი, 2007 წელს პორტ ევერგლეიდსში საპირის 150 ფუტიან იახტაზე Mystere-ზე აღმოაჩინეს ეგზოტიკური ცხოველებისა და მათი ნაწილების მრავალსახეობა, მათ შორის ზებრას ტყავის ხალიჩები, პითონის ტყავისგან დამზადებული ბარის სკამები და სათამაშო ლომი.
მამა-შვილი საპირები, ასევე, ფიგურირებენ ამერიკელი ფინანსისტისა და არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში, თუმცა მათი მონაწილეობა ეპშტეინთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ქმედებებში დაფიქსირებული არ არის.
Trump SoHo – საპირის პირველი პროექტი ტრამპთან ერთად
2006 წელს ტრამპმა პირადად დააანონსა ნიუ იორკის ცენტრში, გაზაფხულის ქუჩა #246-ში 50-სართულიანი კომპლექსის – “Trump SoHo”-ს მშენებლობა. სწორედ ეს იყო ტრამპისა და საპირის ორგანიზაციების პირველი ერთობლივი პროექტი.
“ტამირი და ალექსი [მამა-შვილი საპირები – რედ.] მოვიდნენ ჩვენთან წინადადებით. ჩვენ გავეცანით მას და ძალიან მოგვეწონა”, – ციტირებს ტრამპს ჟურნალი “New York” და იქვე მიუთითებს, რომ იმ დროისთვის საპირი “ტრამპ თაუერში” ცხოვრობდა.
ამავე სტატიის მიხედვით, ტრამპი უძრავი ქონების დეველოპერებზე მისი ბრენდის სახელს ყიდდა და ამგვარი სალიცენზიო გარიგების სანაცვლოდ დეველოპერულ პროექტებში 8-15% წილს იღებდა.

ბიზნესის პარალელურად, საპირები ტრამპის ოჯახს სხვა მხრივაც დაუახლოვდნენ. საპირის ქალიშვილის – ზინა საპირისა და როტემ როზენისგრანდიოზული ქორწილი 2007 წელს ტრამპის პირად რეზიდენციაში, Mar-a-Lago-ში ჩატარდა. ამასთან, მათი შვილის წინადაცვეთის ცერემონიაზე მიწვეული სტუმრების სიაში იყვნენ დონალდ ტრამპი და მისი სიძე – ჯარედ კუშნერი [ტრამპის ქალიშვილის – ივანკა ტრამპის მეუღლე].
როგორ დასრულდა საპირისა და ტრამპის პირველი კოლაბორაცია?
“Trump SoHo” 2010 წელს გაიხსნა. ამ წელს ტამირ საპირი $1.4 მილიარდიანი ქონებით “ფორბსის” მილიარდერების სიაში აღმოჩნდა. თუმცა, “Trump SoHo” -ს ირგვლივ მოვლენები არც ისე სახარბიელოდ განვითარდა.
ეს პროექტი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში: თავდაპირველად ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების პროტესტის გამო, რაც მშენებლობასთან დაკავშირებული ურბანული საკითხებით იყო გამოწვეული; ხოლო შემდეგ, მშენებლობიდან გადმოვარდნის შედეგად მუშის დაღუპვის გამო.
ამას დაემატა კონდომინიუმ “Trump SoHo”-ში მყიდველების სარჩელები, რომლებიც თანხების უკან დაბრუნებას ითხოვდნენ კომპანიისგან: გაირკვა, რომ “Trump SoHo”-ში ფართების მხოლოდ 16% იყო გაყიდული მაშინ, როცა საჯარო განცხადებების მიხედვით – ეს მონაცემი 60% უნდა ყოფილიყო.
2014 წელს ტამირ საპირი გარდაიცვალა. იმავე წელს “Trump SoHo” აუქციონის გზით მიიღო “CIM Group”-მა – “საპირის ორგანიზაციის” კრედიტორმა.

2017 წელს კი, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად გაიმარჯვა, “ტრამპის ორგანიზაციამ” განაცხადა, რომ წყვეტდა თანამშრომლობას “Trump SoHo”-სთან, რის შემდეგაც სასტუმროს სახელწოდება შეიცვალა და მას “The Dominick” დაერქვა.
“ტრამპ თაუერი” და საქართველო
2011 წლის მარტში დონალდ ტრამპმა ნიუ–იორკში გამართული ცერემონიის დროს, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც საქართველოში, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ორი კომპლექსის, ”ტრამპ თაუერის”, მშენებლობას ითვალისწინებდა ბათუმსა და თბილისში.

ცერემონიას ნიუ-იორკში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. ტრამპი საქართველოში თავისი სახელის ლიცენზირებას აპირებდა – მისი კომპანია საქართველოში ”ტრამპ თაუერების” მენეჯმენტს განახორციელებდა. “ტრამპის ორგანიზაციის” პარტნიორი საქართველოში Silk Road Group-ი იყო, რომელთან ერთადაც უნდა მომხდარიყო თანხების მოძიება.
დაახლოებით 1 წელში, 2012 წლის აპრილში დონალდ ტრამპი საქართველოში ჩამოვიდა და მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბათუმში დაგეგმილი 47-სართულიანი ცათამბჯენის – „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

მაშინდელი ოპოზიციის ლიდერმა – რუსეთში გამდიდრებულმა ბიზმესმენმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტრამპმა და სააკაშვილმა “კარგი ტრიუკი” გააკეთეს: “იმას აინტერესებდა, რაღაც ფული გადაუხადეს ტრამპს, სააკაშვილმა კიდევ, როგორც ოსტატმა სიცრუის, ეს გამოიყენა და მე არ ვიცი, რა პროექტზეა საუბარი, მე ამაზე სერიოზულად არც მიყურებია და არც მაინტერესებს, სხვათაშორის”, – ამბობდა ივანიშვილი 2012 წელს, რომელიც იმავე წელს მოვიდა ხელისუფლებაში და “ტრამპ თაუერის” დაანონსებული პროექტი აღარ განხორციელებულა.
თუმცა 14 წლის შემდეგ “ტრამპ თაუერი” თბილისში იმ მიწაზე აშენდება, რომლის მესაკუთრედ დღემდე ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდია მითითებული.
ვინ არიან “ტრამპ თაუერის” ქართველი პარტნიორები?
“ტრამპის ორგანიზაციის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ თბილისში “ტრამპ თაუერის” პროექტის პარტნიორები საქართველოდან არიან კომპანიები: “ბიოგრაფი ლივინგ”, “ფინვესტ საქართველო”, “ბლოქსი ჯგუფი” და “არქი ჯგუფი”. იქვე გამოქვეყნდა ამ პროექტის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლების ერთობლივი ფოტო:

შპს “ბიოგრაფი ლივინგი” ერთ-ერთია, რომელიც “ტრამპის ორგანიზაციამ” თბილისური პროექტის პარტნიორებს შორის დაასახელა.

„ბიოგრაფი ლივინგ“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი უძრავი ქონების დეველოპერია, რომლის უკან დგას “ინვია” [ყოფილი “ვისოლ ჯგუფი”] – საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე დივერსიფიცირებული ბიზნეს-ჯგუფი და “რივერსაიდ ინვესტი” – საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია”, – ნათქვამია “ტრამპის ორგანიზაციის” განცხადებაში.
ამის მიუხედავად, “რივერსაიდ ინვესტმა” “მონიტორისთვის” გამოგზავნილ წერილში “ტრამპ თაუერის” პროექტში მონაწილეობა უარყო. ეს მას შემდეგ, რაც ჩვენ კომპანიის დირექტორს, თამარ გამგონეიშვილს, დამფუძნებლის რუსული კავშირების შესახებ ვკითხეთ.
“რივერსაიდ ინვესტის” რუსული კავშირები
საქართველოს ეროვნულ ბანკის 2025 წლით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, “რივერსაიდ ინვესტის” დირექტორი თამარ გამგონეიშვილი 2005-2017 წლებში მუშაობდა ივანიშვილის ბანკ „ქართუში“ აქტივ-პასივების განყოფილების უფროსის პოზიციაზე. 2001-2005 წლებში კი იყო რუსული ბანკი „სლავიანსკი კრედიტის“ აქტიური ოპერაციების განყოფილების უფროსი მოსკოვში.
„სლავიანსკი კრედიტის“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის თანამდებობას იკავებდა პაატა გამგონეიშვილი 1994 წლიდან, ანუ დაფუძნების პერიოდიდან 2016 წლის ჩათვლით. ბანკი 2020 წელს დაიხურა, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, ასევე, ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენი თეიმურაზ ხიხინაშვილი [იგივე TEIMUR BEN YEHUDA]. სხვადასხვა მსხვილ დეველოპერულ პროექტებში მათი პარტნიორია რუსი ბიზნესმენი როლანდ ისაევი. კერძოდ, ამ ერთობლივი დეველოპერული კომპანიის ეგიდით ააშენეს მოსკოვის უდიდესი სავაჭრო ცენტრების ქსელი – “ოქროს ბაბილონი”, რომელიც ამჟამად “Europolis”-ის სახელით ოპერირებს. რუსეთის შემდეგ მათ უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი – Paradise Center mall – ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ააშენეს.
ერთ-ერთ სარჩელში, რომელსაც აღმოსავლეთ კარიბის ზღვის სასამართლო განიხილავდა და ონლაინ გემბლინგის მსხვილ მოთამაშეებს შეეხებოდა, “თოლ თრეიდის” ბენეფიციარ მესაკუთრედ რუსი ბიზნესმენ – როლანდ ისაევს ასახელებს მოსარჩელე. თუმცა, “რივერსაიდ ინვესტში”, რომლის მფლობელია “თოლ თრეიდი”, კატეგორიულად უარყოფენ ამ კომპანიის მფლობელობასთან როლანდ ისაევისა და თეიმურაზ ხიხინაშვილის კავშირს.
საჯარო რეესტრში დაცულია არაერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვით, პაატა გამგონეიშვილის წარმომადგენელია სხვადასხვა კომპანია თამარ გამგონეიშვილი, მათ შორის, “რივერსაიდ ინვესტთან” დაკავშირებითაც.

ირკვევა, რომ პაატა გამგონეიშვილს, რომელიც ამჟამად ბულგარეთის მოქალაქეა და დეველოპერული პროექტები აშშ-შიც აქვს, რუს ოლიგარქებთან სხვადასხვა სახის კავშირები აქვს.
რუსული “ფორბსის” მიხედვით, რუსეთში სამშენებლო ბიზნესში პაატა გამგონეიშვილის ერთ-ერთი პარტნიორი იყო რუსი ოლიგარქი – რუსული ნავთობკომპანია “ლუკოილის” ყოფილი პრეზიდენტი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრი – რალიფ საფინი – რუსი მომღერლის, ალსუს მამა.
ჩეხი, უნგრელი, პოლონელი და სლოვაკი გამომძიებელი ჟურნალისტებისგან შექმნილმა ქსელმა “VSquare” გასულ წელს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ხდება პოტენციურად რუსეთთან დაკავშირებული კაპიტალის მართვა ჩეხეთში. გამოძიების მიხედვით, პაატა გამგონეიშვილი ჩეხეთის საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარიში სასტუმროებს – “Eliška” და “Villa Ritter”-ს ფლობს კომპანიით – “GPKV spol. Sro”, სადაც მისი პარტნიორია, ასევე, ქართული წარმოშობის ბიზნესმენი და ყოფილი მოთხილამურე – გიორგი ორჯონიკიძე.
სტატიის მიხედვით, ორჯონიკიძის მწვრთნელი იყო ლეონიდ ტიაგაჩევი – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საპატიო თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი სათხილამურო მწვრთნელი. სტატიაში ნათქვამია, რომ ტიაგაჩევის ცოლისგან კარლოვი ვარიში უძრავის ქონების კომპანია იყიდა ორჯონიკიძის ვაჟმა. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ავსტრიის ალპებში ორჯონიკიძის სასტუმროს ფინანსურ ანგარიშებს ადგილობრივი სამართალდამცავები იძიებდნენ, მისი შესაძლო კავშირის გამო სანქცირებულ რუს ოლიგარქ ბორის როტენბერგთან. თავად ორჯონიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, როტენბერგთან ნაცნობობა დაადასტურა, თუმცა სანქციებისგან თავის არიდებაში შესაძლო დახმარება უარყო. ჟურნალისტების კითხვაზე – იცნობდა თუ არა პირადად პუტინს, ორჯონიკიძემ უპასუხა: “მას ყველა იცნობს – ტელევიზიიდან”.
“ტრამპ თაუერი თბილისში” ბატონი გამგონეიშვილის მონაწილეობა ხომ არ უკავშირდება სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის დახმარებას? – ეს შეკითხვა წერილობით გავუგზავნეთ “რივერსაიდ ინვესტს”, საიდანაც მოგვწერეს: “მოგახსენებთ, რომ არ ვმონაწილეობთ “ტრამპ თაუერის” პროექტში”.
თამარ გამგონეიშვილმა კი სატელეფონო საუბარში გვითხრა: “ჩვენ სამომავლოდ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა, როგორც მენეჯმენტ კომპანიამ, შეიძლება გაყიდვებში მივიღოთ მონაწილეობა”.
“რივერსაიდ ინვესტიდან” “მონიტორისთვის” გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ:
“ბიოგრაფი ლივინგის” თანადამფუძნებელი “ინვია” „ცენტრალ პარკ აიქონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და პარტნიორებთან ერთად ახორციელებს „ტრამპ თაუერის“ პროექტს.“
ვინ არიან “ცენტრალ პარკ აიქონის” პარტნიორები?
შპს “ცენტრალ პარკ აიქონი” 2026 წლის 24 მარტს არის დაფუძნებული, ანუ 17 აპრილს, როცა “ტრამპის ორგანიზაციამ” განცხადება გაავრცელა, ეს ორგანიზაცია უკვე მოქმედი იყო, თუმცა ამ განცხადებაში ვასილ ფხაკაძე სწორედ “ბიოგრაფი ლივინგის” სახელით საუბრობს და დასძენს:
“ბიოგრაფი ლივინგი” არ არის მხოლოდ სამშენებლო პროექტები, ჩვენ ვქმნით საქართველოში ურბანული ცხოვრების მომავალს. “ტრამპ თაუერის” მსგავსი პროექტები, რომელსაც “ტრამპის ორგანიზაციასთან” თანამშრომლობით ვახორციელებთ, სრულიად ახალი დონის ამბიციას, ხარისხსა და გლობალურ მნიშვნელობას სძენს ქალაქს.”
“ცენტრალ პარკ აიქონში” 42.5% წილს შპს “ინვია” ფლობს, რომლის მესაკუთრეები ოფშორული კომპანია “გლობალ ინვესტორს ლიმიტედით” ძმები ფხაკაძეები არიან.
42.5% წილის მფლობელი კი – სს “ცენტრალ პარკ კაპიტალია”, რომლის მესაკუთრე 25 წლის ლუკა ლაფანაშვილია. ლუკას მამა – ლევან ლაფანაშვილი მსხვილი ბიზნეს კომპანიების პარტნიორია, მათ შორის, “არქის”, რომელიც, ასევე, ჩართულია “ტრამპ თაუერი თბილისის” პროექტში. ლუკა ლაფანაშვილმა “მონიტორის” შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.

“ტრამპ თაუერის” ქართველი პარტნიორების კავშირები თაღლითური ონლაინ კაზინოების ქსელთან
“ცენტრალ პარკ აიქონში” 5% წილის მფლობელია შპს “ვილარო” – ეს ორგანიზაცია ლაშა მელაძემ 2026 წლის მარტში დააფუძნა, თუმცა 17 აპრილს “ტრამპის ორგანიზაციის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ლაშა მელაძე “ფინვესტ საქართველოს” თანადამფუძნებლის სახელით საუბრობს.
“ფინვესტ საქართველოს” აქციონერები არიან: თორნიკე თვაური, ლაშა მელაძე, ალექსანდრე მაყაშვილი, მერაბ ჩიქვინიძე და მიხეილ მერებაშვილი, რომლებიც იმავდროულად კომპანია “აპგეიმინგის” დამფუძნებლებიც არიან.

ისინი “მონიტორის” ყურადღების ცენტრში რამდენიმე თვის წინ მოექცნენ. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებიდან გაირკვა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ულიცენზიოდ, ანუ უკანონოდ ფუნქციონირებს ონლაინ კაზინოების ქსელი, რომელსაც კიურასაოში რეგისტრირებული კომპანია “Santeda International B.V” ფლობს, გადახდის აგენტი კი კვიპროსული კომპანია “Santeda International Ltd”-ია.
თორნიკე თვაურმა ჩვენთან საუბარში კატეგორიულად უარყო “სანტედას” ონლაინ კაზინოების უკანონო საქმიანობასთან კომპანია “აპგეიმინგის” რაიმე კავშირი, დაადასტურა მხოლოდ ის, რომ “SANTEDA INTERNATIONAL BV” იყო UPGAMING-ის ჯგუფის კვიპროსული კომპანიის UPGAMING LTD-ს კლიენტი.
მაშინ მოვიპოვეთ დოკუმენტი, თუ როგორ გამოუყო კვიპროსულმა “Upgaming Limited”-მა 6 მილიონი ევროზე მეტი სესხი ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია “აპკოს”, რომელიც “ტრამპ თაუერი თბილისის” ერთ-ერთი პარტნიორის – “ფინვესტ საქართველოს” მფლობელობაშია.
ამჯერად ისიც გავარკვიეთ, რომ “სანტედას” არალიცენზირებულ ონლაინ კაზინოებს – Velobet, Cosmobet-ს და Rolletto-ს მართავს Beast Partners. გაერთიანებული სამეფოს ინტელექტუალური საკუთრების ოფისში [IPO UK] Beast Partners-ის სავაჭრო ნიშანი [ბრენდი] დარეგისტრირებული აქვს კომპანიას Lambaro Limited. Beast Partners-ის გარდა, IPO UK-ში Lambaro Limited-ს რეგისტრირებული აქვს “სანტედასთან” ქსელთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე ონლაინ კაზინოს სავაჭრო ნიშანი, მათ შორიაა, GOLDENBET და DONBET.
Lambaro Limited 2024 წელს კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიაა. კომპანია დააფუძნა “SERVICENOW NOMINEES LIMITED”-მა, რომლის დირექტორი იყო კატერინა იოსიფი. ეს უკანასკნელი გახლავთ კვიპროსული CYGTW-ის მფლობელი, რომელიც კიურასაოში რეგისტრირებული GTW B.V,-ის გადახდის ოპერატორია. სწორედ ამ უკანასკნელმა გადაიფორმა” სანტედას” რამდენიმე არალიცენზირებული ონლაინ კაზინო, მათ შორის mystake და donbet.
Lambaro Limited-ის ამჟამინდელი მფლობელია საქართველოს მოქალაქე იური ნოვიცკი. “მონიტორმა” სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული არაერთი ფოტომასალა მოიპოვა, რაც ადასტურებს ნოვიცკისა და მისი ოჯახის ახლო მეგობრულ ურთიერთობას “ფინვესტ საქართველოს” ერთ-ერთ დამფუძნებელ მიხეილ მერებაშვილთან.
არის თუ არა “ლამბაროს” მფლობელობა ფორმალურად გაფორმებული ნოვიცკის სახელზე და გეკუთვნით თუ არა რეალურად ეს კომპანია თქვენ და თქვენს სხვა კომპანიონებს “აპგეიმინგსა” და “ფინვესტ საქართველოში? – ჩვენს ამ შეკითხვას მიხეილ მერებაშვილმა წერილობით ასე უპასუხა:
“გიდასტურებთ, რომ მე ვარ კომპანიების „ფინვესტ საქართველოს“ და „აპგეიმინგის“ დამფუძნებელი. რაც შეეხება სანტედას, ის იყო ჩვენი კომპანიის – აპგეიმინგის კლიენტი, თუმცა მათთან ხელშეკრულება გაწყვეტილია ამა წლის მარტის თვიდან. სხვა პირებთან ჩემს ნაცნობობაზე თუ ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგანაც ჩემი კომპანიების ბიზნესსაქმიანობასთან მათ კავშირი არ აქვთ”.
შვედეთმა 2024 წელს აკრძალა Santeda International B.V-ის ონლაინ კაზინოები მათ ტერიტორიაზე ულიცენზიო საქმიანობისთვის. ავსტრალიამ კი ოფიციალური გაფრთხილება მისცა. საბერძნეთის გემბლინგის კომისიამ Santeda/Onyxion-თან დაკავშირებული კაზინოები 2021-2025 წლებში შეიტანა შავ სიაში.
“სანტედას” არალიცენზირებული კაზინოების წინააღმდეგ “გაერთიანებული სამეფოს გემბლინგის კომისიას” [UKGC] მიმართა ბრიტანულმა ორგანიზაცია GAMRS-მა, რომლის კვლევის მიხედვით, “აპკოს” სამშენებლო პროექტებზე გაერთიანებულ სამეფოში გემბლინგის შავი ბაზრიდან მიღებული შემოსავლები შესაძლოა იხარჯებოდეს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ ქართულ კომპანიაში.
“ტრამპ თაუერის” ქართველი ინვესტორების კავშირები თბილისის მერთან
“ფინვესტ საქართველო” 50%-იან წილს ფლობს შპს “ბლოქსი ჯგუფში”, რომელიც “ტრამპ თაუერი თბილისის” კიდევ ერთი პარტნიორია. აღნიშნულ კომპანიაში 40% წილი ეკუთვნის შპს “ბლოიქსს”, რომლის მესაკუთრეა მზია გიგაური.
“მონიტორმა” რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, საიდანაც გაირკვა, რომ მზია გიგაურმა 2025 წლის დეკემბერში უსასყიდლოდ გადასცა 30% წილი კახა კალაძის ცოლს – ანა არეშიძეს შპს “ვისიონარიში”, თუმცა არ ისურვა ამ საკითხზე ჩვენთან საუბარი. ეს კომპანია ძვირადღირებულ ბრენდულ სათვალეებს ყიდის მაღაზია “ბოიგარსში”, რომელიც ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის – ბოიგარ ავსაჯანაშვილის ოჯახს ეკუთვნის თბილისში.
ამასთან, გავარკვიეთ, რომ მზია გიგაური კახა კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის, ლაშა კვაჭაძის ცოლია. ლაშა კვაჭაძე დუბაიში იმყოფებოდა მარტში, ზუსტად იმ დროს, როცა იქ დაბადების დღის აღსანიშნავად წასული კალაძე რამდენიმე დღით “ჩარჩა” მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელის თავდასხმაზე ირანის საპასუხო იერიშების გამო, ავიარეისები გაუქმდა.
3 მარტს ლაშა კვაჭაძემ ფეისბუკში გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვით, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა დუბაიში და მეგობრებთან ერთად მოახერხა კერძო ავიარეისის ორგანიზება მასკატიდან თბილისის მიმართულებით და ის მოქალაქეებს ამ რეისით უსასყიდლოდ სარგებლობას სთავაზობდა. ანალოგიური პოსტი იმ დღეს “არქი ჯგუფის” დამფუძნებელმა ილია წულაიამაც გამოაქვეყნა.
ლაშა კვაჭაძე “ცენტრალ პარკ აიქონშიც” ფლობს 10% წილს – შპს “რემიქს ჯგუფით”, რომელსაც ცოტა ხნის წინ “ბლოქს სთოუნი” დაარქვა და დირექტორად ავთანდილ თალაკვაძე დანიშნა – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა.
“ბლოქს სთოუნი” აზარტული თამაშების კომპანია “ბეთლაივის” ერთ-ერთი მეწილეა. “ბეთლაივის” ყოფილი დირექტორია “ფინვესტ საქართველოს” დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი თორნიკე თვაური. “ბეთლაივში” წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ძმის – ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა – თამაზ ხარაიძე; ხოლო ხარაიძის ცოლის ძმა თეიმურაზ კოპალეიშვილი “ბეთლაივის” დირექტორია.
“ბლოქსი” ქართულ დეველოპერულ ბიზნესში 2016 წლიდან გამოჩნდა. “ტრამპის ორგანიზაციის” განცხადების მიხედვით, ბლოქსი ჯგუფის დეველოპერული სექტორი მოიცავს 16 საცხოვრებელ პროექტს, რომელიც აჭარბებს 1 მილიონ კვადრატულ მეტრს.
5 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ ლაშა კვაჭაძის კომპანია გახდა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია “M2”-ის მფლობელი.
“ტრამპ თაუერი თბილისის” კიდევ ერთი პარტნიორი ორგანიზაციაა “არქი ჯგუფი”. “ტრამპის ორგანიზაციის” განცხადების მიხედვით, “არქის” ქართული უძრავი ქონების ბაზრის 18% უკავია და მას უკვე 55 დასრულებული პროექტი აქვს.
კახა კალაძის ახლო მეგობარია “არქის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია წულაია.
“არქის” დამფუძნებელი, ილია წულაია, არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. ერთ ქალაქში დავიბადეთ, გავიზარდეთ, ჩემი ბავშვის ნათლიაა, თუმცა ეს რა შუაშია? ან რა პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი ან ჩემი ბავშვის ნათლია? თუ რაიმეს ნახავთ “არქისთან” დაკავშირებით და ნებისმიერ კომპანიასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, მუნიციპალიტეტს გვაქვს არასწორი გადაწყვეტილება მიღებული, აი, გპირდებით, რომ თანამდებობას დავტოვებ და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას – თქვა კალაძემ რამდენიმე დღის წინ “რუსთავი 2”-ის ეთერში.
წულაია 2016-2020 წლებში პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან”.
რატომ ეწინააღმდეგებიან ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩაბეტონებას?
2024 წლის 16 აგვისტოს თბილისის საკრებულომ თამარაშვილის ქუჩა №13-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუწქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. თბილისის მერიამ და საკრებულომ მხარი დაუჭირეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით ცვლილებას და იქ ცათამბჯენების მშენებლობას.
საბოლოოდ თამარაშვილის 13-ში “ტრამპ თაუერის” მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა უნდა გასცეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა 2020 წელს ჩამოაყალიბეს მოძრაობა „იპოდრომი უბეტონო მხარე“, როდესაც კალაძემ ივანიშვილის “ქართუსთან” ერთად იქ ცენტრალური პარკის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გამართა. “ქართუს” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა “ბიემჯის” მარტში განუცხადა, რომ ცენტრალური პარკი 2026 წლის ბოლომდე ნაწილობრივ გაიხსნება.
“იპოდრომზე საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აკეთებს ძალიან მაგარ ცენტრალურ პარკს. პროექტი მიმდინარეობს, სამუშაოები მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში იქნება დამთავრებული”, – განაცხადა კახა კალაძემ 31 მაისს.
მოძრაობა „იპოდრომი უბეტონო მხარის” ერთ-ერთი წევრი ანა ტრაპაიძე გვეუბნება, რომ “ტრამპ თაუერი” საბურთალოს რაიონს მწვანე ზონის გარეშე დატოვებს. ამავე მოძრაობის კიდევ ერთი აქტივისტი ელენე ცერცვაძე ამბობს, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ერთგვარ სავენტილაციო როლს ასრულებდა საბურთალოს რაიონისთვის და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სწორედ ტყის ზონა, რომელიც ახლა უნდა გაიჩეხოს და იქ “ტრამპ თაუერის” კომპლექსი აშენდეს.
თბილისის გარემოს დაცვის სამსახურის წერილში ნათქვამია, რომ სამსახური თანახმაა საპროექტო ტერიტორიაზე მოიჭრას 700 ძირი ჯანსაღი ხე, 175 გადაბერებული ხე და გადაირგოს 1924 ძირი მწვანე ნარგავი.
“ჩვენ ვამაყობთ, რომ ეს მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი საქართველოში შემოგვაქვს და განსაკუთრებით გვიხარია, რომ ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან ვთანამშრომლობთ,“ – ეს ერიკ ტრამპის ციტატაა, რომელიც “ტრამპის ორგანიზაციამ” “ტრამპ თაუერი თბილისის” პროექტზე პრესრელიზში გამოაქვეყნა.
ჩვენ “ტრამპის ორგანიზაციას” შეკითხვები გავუგზავნეთ – აქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ მათი პარტნიორები საქართველოში შესაძლოა დაკავშირებულნი იყვნენ ონლაინ კაზინოების თარლითურ ქსელთან და რუსეთთან, ხოლო მიწა, რომელზეც “ტრამპ თაუერი თბილისი” უნდა აშედნეს აშშ-სგან სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაშია, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა “საპირის ორგანიზაციამაც”.
ამავე თემაზე წაიკითხეთ “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიებები:
სამშენებლო ბიზნესის კავშირები ონლაინ კაზინოების თაღლითურ ქსელთან