სათამაშო ბიზნესი სამშენებლო მოედანზე
ჟურნალისტის ხმა: ტოტალიზატორებიდან და კაზინოებიდან – სამშენებლო მოედნებზე!
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება.
ზურაბ ბაქრაძე: აზარტული თამაშების კომპანიების მფლობელები მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ანგარებიდან გამომდინარე. ანგარებით ინტერესებს ემსახურება ქალაქის მმართველობა.
ჟურნალისტის ხმა: აზარტული დეველოპერებისთვის გაზრდილი სამშენებლო პარამეტრები და ახალი საცხოვრებელი უბნები დედაქალაქში – რა აქცევს თბილისს “ბეტონის ჯუნგლებისა” და საცობების ქალაქად?
საბა ბუაძე: ივანიშვილის ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომანიები, ან უშუალოდ კალაძესთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებსაც აძლევენ ძალიან მძიმე მშენებლობების წარმოებების უფლებას.
ჟურნალისტის ხმა: “სტუდია მონიტორმა” გამოიძია და გაჩვენებთ, სათამაშო ბიზნესის კავშირებს ბიძინა ივანიშვილთან და გაზრდილ ინტერესებს სამშენებლო ბიზნესში!
ჟურნალისტის შეკითხვა: ის, რომ თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა, დაგეხმარათ ეს კავშირები იმაში, რომ ეს მრავალფუნქციური კორპუსი აგეშენებინათ?
სანდრო ქევხიშვილი: მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან დაახლოებული პირები არიან აქტიურად ჩართული ისეთ ბიზნეს სექტორში, რომელსაც დიდი მოგება მოაქვს.
სათაური: სათამაშო ბიზნესი სამშენებლო მოედანზე
სტენდაფი: თბილისი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია საქართველოში. ამ ფონზე დედაქალაქის მთავრობა ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ნებართვას გასცემს ახალი საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად. ეს კი ხშირად იწვევს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუარესებასა და პროტესტს. თუმცა სამშენებლო ბიზნესი სულ უფრო მეტად შემოსავლიანი და მიმზიდველია. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნეს-სექტორის – აზარტული თამაშების კომპანიების მფლობელები აქტიურად ჩაერთნენ სამშენებლო ბიზნესშიც. “სტუდია მონიტორმა” შეისწავლა და ამ საღამოს გაჩვენებთ, თუ როგორ აშენებენ ახალ საცხოვრებელ უბნებს აზარტული თამაშების კომპანიების მფლობელები თბილისში და რა კავშირები აქვთ მათ ბიძინა ივანიშვილთან.
ჟურნალისტის ხმა: ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2019 წლის აპრილში დაიწყო და 2020 წლის ივლისში დაასრულა. ე.წ. კიკვიძის პარკის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 500 000 ლარი დაიხარჯა.
სტენდაფი: რეაბილიტირებული პარკის პირდაპირ, ამ სამსართულიანი სახლების ადგილზე მალე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. მშენებელი კომპანიის მფლობელები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან და ამავე პარტიის გენერალურ მდივანთან, კახი კალაძესთან დაკავშირებული პირები არიან.
ჟურნალისტის ხმა: კიკვიძის პარკის მიმდებარედ რამდენიმე მრავალფუნქციურ კორპუსს კომპანია “პარკსაიდ რეზიდენსი” ააშენებს. კომპანიის 4 მფლობელიდან 2 ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული: თამაზ ხარაიძე, ბიძინა ივანიშვილის ძმის – ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმაა; ზურაბ ყურაშვილი კი ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი იყო. “პარკსაიდ რეზიდენსის” კიდევ ერთი მფლობელი და დირექტორი ავთანდილ თევზაძეა, რომელიც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, ბოლო წლებში კი სახელმწიფო კომპანია “საქრუსენერგოშია” დასაქმებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.
ჟურნალისტის შეკითხვა: ბატონო ავთანდილ, მე ჟურნალისტი ვარ. გირეკავთ კიკვიძის პარკთან მასშტაბური სამშნებელო პროექტთან დაკავშირებით. ნებართვის მოპოვებაში ის ფაქტი დაგეხმარათ, რომ კალაძის ახლობელი ხართ და მისი საარჩევნო შტაბის უფროსი იყავით?
ავთანდილ თევზაძე, “პარკსაიდ რეზიდენსის” დამფუძნებელი: თქვენი დედა …. [იგინება] არ დარეკო აქ!
ჟურნალისტის ხმა: ავთანდილ თევზაძემ “პარკსაიდ რეზიდენსი” 2019 წლის მარტში დააფუძნა. წლის ბოლოს კი უკვე თანხმობა მიიღო თბილისის მთავრობისგან კიკვიძის პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტზე. ამ დროს კალაძის მთავრობას უკვე დაწყებული ჰქონდა ე.წ. კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია, რამაც ეს ტერიტორია კიდევ უფრო მიმზიდველი და შემოსავლიანი გახადა დეველოპერებისთვის. ამასთან, საინვესტიციო ბანკ “გალტ&თაგარტის” კვლევების მიხედვით, ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების რაოდენობა სტაბილურად მზარდია.
კერძოდ, 2023 წლის 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაძალადევში 32%-ით გაიზარდა პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების რაოდენობა, ხოლო კვადრატული მეტრის ღირებულება – 27%-ით გაძვირდა.
“პარკსაიდ რეზიდენსი” საცხოვრებელ კორპუსში 1 კვადარტულ მეტრს 1200 დოლარად ყიდის. თუმცა კომპანია აქ კომერციული და საოფისე ფართების აშენება-გაყიდვასაც აპირებს. განაშენიანების რეგულირების გეგმით, რომელიც თბილისის მერიამ 2019 წლის ბოლოს დაუმტკიცა “პარკსაიდ რეზიდენსს”, შეიცვალა ფუნქციური ზონები და გაიზარდა მშენებლობის პარამეტრები.
ჟურნალისტის შეკითხვა: ბატონო თამაზ, მე ჟურნალისტი ვარ, სტუდია მონიტორიდან გირეკავთ…ის, რომ თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა, დაგეხმარათ ეს კავშირები იმაში, რომ ეს მრავალფუნქციური კორპუსი აგეშენებინათ?
თამაზ ხარაიძე, “პარკსაიდ რეზიდენსის” დამფუძნებელი: ზიანის გარდა, მაგ კავშირი არაფერს არ მადგება. არასდროს არავინ არაფერს არ იმაშვება, რომ იცოდეთ.
ჟურნალისტი: ამ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით, ზიანი არ ჩანს, ნებართვა მიიღო კომპანიამ და რას გულისხმობთ შეგიძლიათ გვითხრათ?
თამაზი: რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი ჩემს ბიზნესთან და ჩემს ურთიერთობებთან სხვა კომპანიებთან?! არ ვიცი, რატომ მიგყავთ ეს სულ იქითა მხარეს? მე საერთოდ არც იმაში ვერევი, არც პოლიტიკაში, არც პარტიაში, არაფერში.
ჟურნალისტის შეკითხვა: რას ნიშნავს, როდესაც თბილისის მთავრობა კონკრეტულ კომპანიას უმტკიცებს განაშენიანების რეგულირების გეგმას, უცვლის ტერიტორიას ფუნქციურ ზონებს და ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გადაჭარბებას აქვს პარამეტრების ადგილი და ამასაც ჩვეულებრივად აკანონებს?
საბა ბუაძე, თბილისის საკრებულოს წევრი. პარტია “ლელო”: განსაკუთრებით, აი, ამ დიდ მშენებლობებში ყოველთვის არსებობს სახელისუფლებო ელიტის დაინტერესება: ან მმართველი პარტიის შემომწირველები არიან, ან, ამ შემთხვევაში, ივანიშვილის ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები, ან უშუალოდ კალაძესთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებსაც აძლევენ, ძალიან მძიმე მშენებლობების წარმოებების უფლებას. ეს ყველაფერი, ჩვენს ქალაქზე და ჩვენი ცხოვრების ხარისხზე ამ ქალაქში აისახება ძალიან მძიმედ, იმიტომ რომ ყველა ასეთი არასწორი ურბანული გადაწყვეტილება ნიშნავს, უფრო მეტ საცობს, უფრო ნაკლებს სარეკრეაციო სივრცეს, ნიშნავს უფრო ქაოტურ და უფრო გაუსაძლის ცხოვრებას ამ ქალაქში.
ჟურნალისტის ხმა: ჩვენ წერილობით ვკითხეთ თბილისის მერს, ხომ არ მისცა კიკვიძის პარკთან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის უფლება “პარკსაიდ რეზიდენსს” სწორედ იმის გამო, რომ კომპანიის მფლობელები მისი საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი და ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა არიან, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
სტენდაფი:“პარკსაიდ რეზიდენსის” ერთ-ერთი მფლობელი, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა – თამაზ ხარაიძე სხვა არაერთი ბიზნეს-კომპანიის დამფუძნებელიცაა. გავარკვიეთ, რომ წილს ფლობს “ბეთლაივშიც” – აზარტული თამაშების ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში საქართველოში. ბეთლაივის დირექტორი თამაზ ხარაიძის ცოლისძმა თეიმურაზ კოპალეიშვილია. ჩვენ ამ კომპანიის სხვა მფლობელების ბიზნეს აქტივობებიც შევისწავლეთ. მათ უკავშირდება არაერთი უმსხვილესი სამშენებლო პროექტი თბილისში.
ჟურნალისტის ხმა: ეს არის ე.წ. ფრანგული უბანი გლდანში, მიხეილ იპოლიტ-ივანოვის ქუჩაზე, რომელიც მწვანე ზოლის მიმდებარედ 30 000 კვ.მ მიწის ფართობზე ააშენა “იუნიქს დეველოპმენტმა”, მიუხედავად იმისა, რომ ამ მასშტაბურ მშენებლობას აპროტესტებდა ადგილობრივი მოსახლეობა.
“სტუდია მონიტორის” ობიექტივში ამ კომპლექსის შემადგენელი ერთ-ერთი კორპუსი რამდენიმე თვის წინ მოექცა, როდესაც ჟურნალისტური გამოძიება სამშენებლო ბიზნესში თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის შესაძლო ინტერესებზე მოვამზადეთ. მაშინ გავარკვიეთ, რომ ბენდელიანთან დაკავშირებულმა სასულიერო პირმა “ფრანგულ უბანში” 69 კვ.მ ბინა შეიძინა, რომელიც 4 თვეში ირაკლი ბენდელიანის ცოლის დეიდას მიყიდა, ვის სახელზეც რეგისტრირებულია არაერთი ბინა თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში.
გავარკვიეთ, რომ “იუნიქსის” ერთ-ერთი მფლობელი სულიკო ვარსემაშვილი 2009-11 წლებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო და სწორედ იმავე პერიოდში ირაკლი ბენდელიანი ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
სამშენებლო კომპანია “იუნიქს დეველოპმენტის” 55% წილის მესაკუთრე სულიკო ვარსემაშვილი იმავდროულად აზარტული თამაშების კომპანია “ბეთლაივის” მფლობელია. ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბიზნეს-სექტორში დაიწყო საქმიანობა ივანიშვილის ნათესავ – თამაზ ხარაიძესთან ერთად. სწორედ ვარსემაშვილისგან იყიდა ხარაიძემ “ბეთლაივში” 3%-ანი წილი 30 ათას ლარად.
ჟურნალისტის შეკითხვა: ბეთლაივის წილი იყიდეთ სულიკო ვარსემაშვილისგან, რომელიც სხვა კომპანიებშიც არის თქვენი პარტნიორი, 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში.
თამაზ ხარაიძე: მანამდენაც ვმეგობრობდით და მანამდენაც გვქონდა ურთიერთობები და რატომ ამთხვევთ ამას მაინცდამაინც, ვერ გავიგე.
ჟურნალისტი: მანამდე ის იყო ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.
თამაზი: საერთოდ, არ მაინტერესებს, ნაციონალურ მოძრაობაში ბევრი მეგობარი მყავდა, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში მუშაობდნენ და მოღვაწეობდნენ. ეხლა ქართულ ოცნებაში ბევრი მეგობარი მყავს. ბევრი მტერიც მყავს, ბევრი მოყვარეც და რა ვიცი, რატომ აიგივებთ?
ჟურნალისტის ხმა: მრავალბინიანი კორპუსი მუხიანში, ორი საცხოვრებელი ბლოკი ლიბანის ქუჩაზე, 11-სართულიანი კორპუსი ბუდაპეშტის პირველ შესახვევში, სასტუმრო ეპიზოდი პეკინის 41-ში – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ვარსემაშვილის სამშენებლო კომპანიებმა განახორციელეს ბოლო წლებში თბილისში. ზოგიერთ ამ პროექტში არართხელ შევიდა ცვლილებები, გაიზარდა მშენებლობის პარამეტრები, მათ შორის თვითნებურადაც, რაც ჯარიმის გადახდის შემდეგ დაუკანონდათ. ამჟამად სულიკო ვარსემაშვილის სამშენებლო კომპანია ლისის ტბასთან ახლოს გეგმავს ორბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას.
ჩვენ სულიკო ვარსემაშვილს კომპანია “ბეთლაივის” ოფისში მივაკითხეთ, სადაც წერილობით დავუტოვეთ შეკითხვები, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ.
“ბეთლაივის” კიდევ ერთ მფლობელს – დავით ველიჯანაშვილს სულიკო ვარსემაშვილმა აჩუქა ამ კომპანიის 19%-ანი წილი 2018 წლის ივნისში. სამშენებლო ბიზნესში “ბეთლაივის” სხვა მეწილეების მსგავსად, ველიჯანაშვილიცაა ჩართული. მისი კომპანია “ბაუმაისტერი” გლდანში აშენებს საცხოვრებელ კორპუსს.
შს მინისტრს მედიაში გასაჯაროებული ეს ბრალდებები არ უარუყვია. ჩვენს შს სამინისტროს პრესსამსახურს მივმართეთ შეკითხვით, არის თუ არა მინისტრი დავით ველიჯანაშვილის შვილის ნათლია და მეგობარი და მის სახელზეა თუ არა რეგისტრირებული მინისტრის წილები “ბეთლაივსა” და “ბაუმაისტერში”, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ.
ჟურნალისტის შეკითხვა: რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები და ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ბიძინა ივანიშვილზე, ჩართულნი არიან სამშენებლო ბიზნესში?
სანდრო ქევხიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროგრამის მენეჯერი: როდესაც გვაქვს სიტუაცია, როდესაც მმართველ პარტიასთან ან მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან დაახლოებული პირები, არიან აქტიურად ჩართული ისეთ ბიზნეს სექტორში, რომელსაც დიდი მოგება მოაქვს და რომელსაც სჭირდება გარკვეული ხელშეწყობა და ნებართვები კონკრეტული სახელმწიფო უწყებისგან, აქ ყოველთვის ჩნდება კითხვები, რამდენად სამართლიანია ის წესები, რა წესებშიც უწევთ ამ ადამიანებს ბიზნესის კეთება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ასეთ სქემასთან, როდესაც მმართველ პარტიასთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენები იღებენ თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვებს, თუმცა შემდეგ თვითნებურად ცვლიან პროექტს და შემდეგ იხდიან ჯარიმას და მარტივად რჩებათ ის პროექტი, რომელიც მათ სურთ. ეს არის ცალსახად პრობლემური გარემოება, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ამ ადამიანებს აქვთ ნაპოვნი გარკვეული სქემა.
ფრაგმენტი ბლოქსის საიმიჯო რეკლამიდან: – სახლში ყოფნას გილოცავთ! – ბლოქსი!
ჟურნალისტის ხმა: “ბლოქსი” ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიაა მთელ საქართველოში. ბლოქსი დიდი დიღომი – მოიცავს 18, 21 და 23-სართულიანი კორპუსების კომპლექსს; ბლოქსი კრწანისი – 4 040 კვ.მ მიწის ფართობზე აშენებული 2 საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება; ბლოქსი ვარკეთილი – მრავალფუნქციური 10-სართულიანი კომპლექსი თბილისის ზღვის მიმდებარედ; ბლოქსი ნუცუბიძე – 13-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი ლისის ტბის მიმდებარედ; ბლოქსი ავლაბარი – “ჰემფტონ ბაი ჰილტონ” ბრენდის სასტუმრო და 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი – ეს კომპანია “ბლოქსის” სამშენებლო პროექტების არასრული ჩამონათვალია.
შესაბამისად, “ბლოქსის” ბინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები ბოლო წლებში სულ უფრო მზარდია, მაგალითად, 2021 წელს 13 480 715 ლარი შეადგინა, 2022 წელს კი 19 202 706 ლარამდე გაიზარდა.
ბლოქსის 84%-ის მფლობელებს – ალექსი მოდებაძეს, ალექსანდრე წულუკიძესა და ლაშა კვაჭაძეს ეკუთვნით წილები “ბეთლაივის” 40%-ის მფლობელ კომპანია “აიტი ვენჩარში”.
სტენდაფი: მოდით, ახლა კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, თუ რა კავშირები იკვეთება აზარტული თამაშების კომპანია “ბეთლაივის” მფლობელებსა და ივანიშვილს შორის. აქვე გეტყვით, რომ “ბეთლაივის” მფლობელების ნაწილმა “ქართულ ოცნებას” სხვადასხვა დროს ნახევარი მილიონი ლარი შეწირეს“ბეთლაივის” ერთ-ერთი მფლობელი, თამაზ ხარაიძებიძინა ივანიშვილის ძმის – ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმაა; დირექტორი კი – ხარაიძის ცოლის ძმა; “ბეთლაივის” კიდევ ერთი მფლობელი სულიკო ვარსემაშვილი სხვა კომპანიაშიცაა თამაზ ხარაიძის პარტნიორი; “ბეთლაივის” თანამფლობელი დავით ველიჯანაშვილი კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მცველის, მოქმედი შს მინისტრის ახლობელია.
“ბეთლაივის” მოგება და მთლიანი სრული შემოსავალი ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, 2020 წელს 17,414,347 ლარი იყო, 2021-ში – 28, 775,631 ლარი და 2022-ში 47,525,318 ლარი.
ეს იმ ფონზე, როდესაც აზარტული თამაშების ბიზნესის შეზღუდვის აუცილებლობაზე “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საუბრობენ საჯაროდ.
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი: 1 მარტიდან ყოველგვარი რეკლამა და 25 წლამდე, ანუ რაც ყველაზე მოწყვლადია, ასე ვთქვათ, ფენა, აეკრძალებათ, ვეღარ ითამაშებენ ონლაინ კაზინოებში.
ჟურნალისტის ხმა: ამ აკრძალვამ შედეგად ის გამოიღო, რომ 2022 წელს 10 მილიონით შემცირდა ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა კი 10%-ით გაიზარდა და 52.9 მლრდ ლარი შეადგინა.
პრემიერი: აქვე მინდა, ერთის მხრივ, გაკვირვება გამოვხატო და მეორეს მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული აი, ამ სათამაშო ბიზნესში. ცნობისათვის, უბრალოდ მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია… შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით გადასახადები გავუზარდოთ ამ ბიზნესს.
ჟურნალისტის ხმა: თუკი ახალი რეგულაციები აზარტული თამაშების კომპანიის შემოსავლებს ამჯერად მაინც შეამცირებს, ეს ამ ბიზნესის ფლაგმანებს ნაკლებად დააზარალებს, რადგან ბოლო პერიოდში ისინი არანაკლებ მომგებიან ბიზნეს-სექტორში – დეველოპმენტში არიან აქტიურად ჩართულები.
Forbes-ის მიხედვით, პოსტპანდემიურ პერიოდში მშენებლობის სექტორში სწრაფი ზრდა დაიწყო: 2022-ში 14.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში – 19%-ით. ამასთან, 2022 წელს მშენებლობის სექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 5 მილიარდ ლარს მიაღწია და საქართველოს ეკონომიკის 8% შეადგინა.
ჩვენ უკვე გაჩვენეთ “ბეთლაივის” დამფუძნებლების მშენებლობები და მათი დეველოპერული კომპანიები: თამაზ ხარაიძის კომპანია “პარკსაიდი” და კომპლექსი კიკვიძის პარკის მიმდებარედ; სულიკო ვარსემაშვილის “იუნიქსი” და “აიტი ვენჩარის” დამფუძნებლების კუთვნილი “ბლოქსი” და მათი გრანდიოზული მშენებლობები თბილისის სხვადასხვა უბანში; დავით ველიჯანაშვილის “ბაუმაისტერი” და მრავალბინიანი კორპუსი გლდანის მეტროსთან.
სტენდაფი:“ბეთლაივის” გარდა, აზარტული თამაშების სხვა გიგანტი კომპანიების მესაკუთრეებიც აქტიურად არიან ჩართულნი სამშენებლო ბიზნესში. მაგალითად, “კრისტალბეთისა” და “კროკობეთის” მესაკუთრეები წილებს ფლობენ სამშენებლო კომპანიებში – “მეტროპოლსა” და “გუმბათი ჰოლდინგ +”-ში. მეტროპოლი მრავალფუნქციურ კომპლექსებს აშენებს თბილისსა და ბათუმში; “გუმბათი ჰოლდინგ +” კი თბილისის ცენტრში, ყიფშიძის #1-ში. ამასთან, კრისტალბეთის მესაკუთრე, რომელიც წილებს ფლობს “მეტროპოლსა” და “გუმბათი ჰოლდინგ+” ში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ისკო დასენის შვილია.
ჟურნალისტის შეკითხვა:ამ რუკაზე, ახლა რასაც აქ ხედავთ, ეს არის მხოლოდ თბილისში მათი მშენებლობები, სხვადასხვა ადგილზე არის, საკმაოდ მასშტაბური და მრავაფუნქციური კომპლექსები აქვთ. ზოგადად რომ შეგვიფასოთ, რა პრობლემებს ქმნის დედაქალაქის მოსახლეობისთვის ასეთი ტიპის ინტენსიური მშენებლობები?ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი: უკვე რამდენი წლები გავიდა, აი, ათეული წლებიც კი გავიდა და ქალაქი სრულიად ქაოსურად ვითარდება, მხოლოდ ამის გამო: მშენებლობა კერძო პირის ანგარებას ემსახურება და მეტს არაფერს, არა აქვს არავითარი სოციალური მდგენელი, სოციალური ასპექტი არა აქვს. ყველა ეს მფლობელი, რომელიც არის აზარტული თამაშების კომპანიების მფლობელები, თვითონ ფლობენ სამშენებლო ბიზნესებსაც, ე.ი. როგორც დეველოპერები ისე მოქმედებენ და მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ანგარებიდან გამომდინარე… ეს სულ სხვადასხვა რამეებში შეიძლება გამოიხატოს: გადაიტვირთება, მაგალითად, საკანალიზაციო სისტემები, გადაიტვირთება სატრანსპორტო სისტემები, არ არის საკმარისი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღები აკლია ქალაქს. ეს ყველაფერი ისეთი რამეა, რომელიც კერძო პირისთვის მომგებიანი არ არის, მაგრამ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია…და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ კერძო პირის ანგარებით ინტერესებს ემსახურება ქალაქის მმართველობა.
მოქალაქეების ხმები:
– 2 საათი და 10 წთ ვიდექი – დიღმამდე რომ მივსულიყავი, აი, ამ მონაკვეთში.
– სამსაათნახევარი მინდა დილით და საღამოს სახლში წასვლა-წამოსვლისთვის
– ჩვენ მოგვპარეს ეზო და ეს ეზო გვინდა, რომ დაგვიბრუნოს მერიამ იმიტომ, რომ მერიამ კანონდარღვევით გასცა ნებართვები…