როგორ დამარცხდა საქართველო დოპინგთან ბრძოლაში

ჟურნალისტი: ცქრიალა შერმადინი ; რედაქტორი: ზაზა წულაძე
Divider dot 27 ნოემბერი 2026

„სტუდია მონიტორი“ საქართველოში დოპინგთან ბრძოლის ჩავარდნაზე ჟურნალისტურ გამოძიებას ორ ნაწილად აქვეყნებს. პირველი ნაწილი რაგბში დოპინგ-სინჯების გაყალბებასა და ანტიდოპინგური სააგენტოს როლს ეხება. მეორე ნაწილი, რომელიც ე.წ. „საბოტაჟის საქმეს“ მიეძღვნება, მალე გამოქვეყნდება.

საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოსთვის (GADA) საერთაშორისო აღიარების გაუქმება ქვეყნისა და ქართული სპორტის რეპუტაციისთვის უმძიმეს დარტყმად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მოთხოვნით მიიღეს, საქართველოს ხელისუფლება მომხდარზე ამ დრომდე დუმილს არჩევს.

კრიზისის სათავე მრავალწლიან, სისტემურ მანიპულაციებში იმალება: 2019 – 2023 წლებში ქართულ რაგბში დოპინგ-სინჯების გაყალბებამ და შემდგომმა უპრეცედენტო დისკვალიფიკაციამ საერთაშორისო ასპარეზზე საქmoართველოს სანდოობა მნიშვნელოვნად შეარყია.

2023 წელს დოპინგზე ჩავარდნილი ერთი ცნობილი სპორტსმენის „გადასარჩენად“, სავარაუდოდ, ე.წ. „საბოტაჟის საქმე“ „შეიკერა“.

ფიქტიური სისხლის სამართლის საქმისა და სასამართლოს განაჩენის გამოყენებით, მაღალი ალბათობით, მთავრობისა და პარლამენტარების პირდაპირი ზეწოლით, GADA-მ ოსტარინზე ჩავარდნილ ძალოსნებს, მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებს დროებითი დისკვალიფიკაცია მოუხსნა.

ამ სამართლებრივმა ფარსმა საპირისპირო შედეგი გამოიღო: GADA-მ და სახელმწიფოს მიერ „ზურგგამაგრებულმა“ სპორტსმენებმა ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) WADA-სა და საერთაშორისო ტესტირების სააგენტოს (ITA) წინააღმდეგ ყველა დავა წააგეს.

დოპინგ სინჯებით მანიპულაციისთვის, ეროვნული ნაკრების კაპიტანს 11 წლიანის დისკვალიფიკაცია შეეფარდა

„სტუდია მონიტორის“ ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაიგებთ:

რა მექანიზმებითა და ვისი ხელშეწყობით ყალბდებოდა დოპინგ-სინჯები და სად დასაქმდა რაგბის ეროვნული ნაკრების დისკვალიფიცირებული მთავარი ექიმი?

რა წერია „მსოფლიო რაგბის“ გამოძიებაში და რას გვიყვებიან მომხდარზე „სტუდია მონიტორის“ წყაროები?

რომელი ცნობილი სპორტსმენის გადასარჩენად და როგორ აიწყო ფიქტიური სისხლის სამართლის საქმე?

რაში ადანაშაულებს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს?

ვინ არის ყალბი მთავარი მოწმე, რომელსაც ნარკოტიკების შენახვა-შეძენის ბრალდებით საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული?

როგორ შეუქმნეს რუსმა ადვოკატებმა ქართველ მსოფლიო ჩემპიონს სადავო ალიბი?

რა როლი მიუძღვით დოპინგ-ტესტებით სისტემურ მანიპულაციებში ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს, მის შვილს და რატომ ხუჭავდა თვალს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?

გამოძიების – პირველი ნაწილი

36-წლიანი დისკვალიფიკაცია: ქართული რაგბის ისტორიული ჩავარდნა

2022 წლის 10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში გარდამტეხ თარიღად უნდა შესულიყო. ამ დღეს ბათუმში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაამარცხა პირველი დონის სარაგბო გუნდი – იტალია.

ეს გამარჯვება არა მხოლოდ სპორტული მიღწევა, არამედ იმ ამბიციის რეალური დასტური უნდა გამხდარიყო, რომელიც „ბორჯღალოსნებს“ „ექვსი ერის“ ელიტარულ გათამაშებასთან დააახლოებდა. თუმცა ისტორიულ გამარჯვებას არა აღმავლობა, არამედ ინსტიტუციური კრახი მოჰყვა.

არაპროფესიონალიზმმა, მართვის სისტემაში გარე ჩარევებმა და სისტემურმა დარღვევებმა ქართული რაგბი ღრმა კრიზისში შეიყვანა. შედეგად, 2023 წლის მსოფლიო თასზე ეროვნულმა ნაკრებმა მძიმე ჩავარდნა განიცადა: „ბორჯღალოსნებმა“ ჯგუფში ერთი თამაშიც ვერ მოიგეს და ბოლო ადგილი დაიკავეს.

2026 წლის მარტში, მადრიდში, ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიასთან მტკივნეული მარცხის შემდეგ საქართველომ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონის ტიტულიც დაკარგა, რომელიც მანამდე 17-ჯერ ჰქონდა მოგებული. ეროვნული ნაკრები შოკიდან მხოლოდ 2026 წლის ნოემბერში გამოვიდა, როცა „ერთა თასის“ მეორე დონის ახალ ტურნირში გამარჯვება შეძლო.

კრიზისის მასშტაბი „სუფთა სპორტის“ პრინციპების უხეშ იგნორირებაში აისახა: ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის ექვსი „ბორჯღალოსანი“ და ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი საერთო ჯამში 36-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ. მსოფლიო რაგბის ისტორიაში ეს გადაწყვეტილება თავისი სიმკაცრით უპრეცედენტოა.

წლების განმავლობაში ნაშენები ავტორიტეტი უმძიმესად დაზიანდა. დღესდღეობით, სპორტის ანალიტიკოსების აზრით, საერთაშორისო სარაგბო წრეებში საქართველოს „ექვს ერში“ გაწევრიანების პერსპექტივა პრაქტიკულად აღარ განიხილება.

ანტიდოპინგური სააგენტოს ტესტირების მენეჯერი გიორგი უკლება და ეროვნული ნაკრების მორაგბე გიორგი ჭყოიძე

ნარკოტიკის კვალი და შარდის გაყალბებული სინჯი

2022 წლის 10 ივლისს, ბათუმში, იტალიის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების (28:19) შემდეგ მოვლენები სპორტული ტრიუმფისგან რადიკალურად განსხვავებული სცენარით განვითარდა.

„სტუდია მონიტორის“ წყაროს ცნობით, მრავალწლიანი დისკვალიფიკაციით დასრულებული საქმის საწყისი წერტილი იტალიასთან მატჩის დასრულებისთანავე, დოპინგ-ტესტირების დროს შეიქმნა.

ეროვნული ნაკრების შერკინების მოთამაშე გიორგი ჭყოიძე საშეჯიბრო დოპინგ-ტესტის ჩასაბარებლად გაუგებარი მიზეზით არ გამოცხადდა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა.

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) დოპინგ-კონტროლის ოფიცერს, გიორგი უკლებას (რომელიც ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, თეიმურაზ უკლების, შვილია), წესით, ჭყოიძის ბარათში „არ გამოცხადება“ უნდა ჩაეწერა, თუმცა მან ანტიდოპინგური კოდექსი დაარღვია და ეს არ გააკეთა.

ამ დროს „ბორჯღალოსნები“ დიდ გამარჯვებას ბათუმის „პალმა ლაგუნას“ აუზის ტერიტორიაზე ზეიმობდნენ. ჩვენი წყაროს ცნობით, სწორედ ამ ვითარებაში მოიხმარა „ბორჯღალოსნების“ ნაწილმა მარიხუანა და კლუბური ნარკოტიკი.

დოპინგ-ოფიცერმა გიორგი უკლებამ გიორგი ჭყოიძე ორი დღის შემდეგ, ქუთაისში „იპოვა“. ამის შემდეგ შარდის სინჯის გაყალბების მექანიზმი ამუშავდა. სქემაში ჩართული აღმოჩნდნენ თბილისის „შავი ლომის“ მოთამაშეები – კლუბის, რომელსაც უშუალოდ საქართველოს რაგბის კავშირი მართავს და სახელმწიფო აფინანსებს.

გიორგი ჭყოიძე, რომელმაც იტალიასთან მატჩში 27 წუთი ითამაშა, წყაროს ცნობით, როგორც ჩანს, შეშინდა, რომ ნარკოტიკი ამოუვარდებოდა. ამის გამო მან ვეტერან ლაშა ხმალაძის შარდით ისარგებლა. ხმალაძე იტალიასთან მატჩის განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა.

ეს მანიპულაცია შეუმჩნეველი დარჩა, რადგან დოპინგ-ოფიცერი გიორგი უკლება ქუთაისში ვიზუალურად გიორგი ჭყოიძის შარდის გამოყოფას არ დაკვირვებია. წყაროს ცნობით, იგი საპირფარეშო ოთახში საერთოდ არ შესულა, რაც WADA-ს წესების კიდევ ერთი დარღვევაა. როგორც შემდეგ გაირკვა, მსგავსი უკანონო მოქმედებები GADA-ში „ჩვეულებრივი პრაქტიკა“ იყო.

წყარო გვეუბნება, რომ გიორგი ჭყოიძემ ზედიზედ რამდენიმე საბედისწერო შეცდომა დაუშვა: ბათუმის ტესტი, რომელზეც იგი ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით არ მივიდა, საშეჯიბრო იყო, ქუთაისის სინჯი კი, რომელიც ორი დღის შემდეგ აიღეს, – არასაშეჯიბრო.

WADA არასაშეჯიბრო ტესტის დროს სპორტსმენს ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე საერთოდ არ ამოწმებს. ამის მიუხედავად, გიორგი ჭყოიძემ თანაკლუბელ ლაშა ხმალაძის შარდის გამოყენებით დოპინგ-სინჯი მაინც გააყალბა და, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მისდაუნებურად გაყალბების სქემის მხილებას დაუდო სათავე.

რატომ შეირჩა ტესტირებისთვის ჭყოიძე? 

დოპინგ-კონტროლის დროს სპორტსმენის შერჩევა, საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნით, ტესტირების ჯგუფის მიერ, წინასწარი რისკის შეფასების საფუძველზე ხდება.

ასეთი რისკის მაჩვენებელი შეიძლება იყოს მაღალი სპორტული შედეგების მკვეთრი ზრდა; ტრავმის შემდეგ სწრაფი დაბრუნება; საეჭვო ინფორმაცია ან სპორტულ კარიერაში არსებული დარღვევები.

ტესტირება შეიძლება იყოს მიზნობრივი, შემთხვევითი და სავალდებულო, რომელიც ეროვნული ნაკრებების წევრებსა და მაღალი დონის სპორტსმენებზე ვრცელდება. ამ შემთხვევაში გიორგი ჭყოიძე შეამოწმეს, როგორც ნაკრების მოთამაშე, რომელიც „მსოფლიო რაგბის“ ტესტირების პულში (TP) შედიოდა.

საქართველოს ტერიტორიაზე ტესტირებას ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტო ახორციელებს. თუმცა, WADA-ს დავალებით, სინჯის აღება საერთაშორისო ანტიდოპინგური ორგანიზაციების დოპინგ-ოფიცრებსაც (ITA, IF, UEFA) შეუძლიათ.

წელიწადში ტესტირების მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის. კონტროლის მთავარი არსი ისაა, რომ სპორტსმენმა წინასწარ არ იცის, როდის შეამოწმებენ.

ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს – დილით ან გვიან ღამით, მატჩამდე, მატჩის შემდეგ, ვარჯიშისას, სახლში, რესტორანში ან აეროპორტში – ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. დოპინგ-ოფიცერს შეუძლია სპორტსმენს აუღოს როგორც სისხლის, ისე შარდის სინჯი. ოფიცერი უშუალოდ აკვირდება შარდის გამოყოფის პროცესს.

2022 წლის 10 ივლისი, ისტორიული გამარჯვება იტალიასთან, ბათუმში, შუაში გიორგი ჭყოიძე

როგორ ჩავარდა ჭყოიძე ხმალაძის შარდით

გიორგი ჭყოიძის სპორტული კარიერა, რომელიც რუსეთის, პენზის „ლოკომოტივიდან“ საქართველოში დაბრუნების შემდეგ აღმავლობით ხასიათდებოდა, 2023 წლის ზაფხულში მოულოდნელად შეწყდა.

„შავი ლომისა“ და ეროვნული ნაკრებისთვის საკვანძო მორაგბე მსოფლიო თასის განაცხადიდან ამოიღეს. რაგბის კავშირის ოფიციალური ვერსიით, მიზეზი „ტრავმა“ გახდა, თუმცა რეალობა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა.

2023 წლის 24 აგვისტოდან „მსოფლიო რაგბიმ“ (World Rugby), სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო მმართველმა ორგანომ, ჭყოიძეს 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები ასე გამოიყურება: სპორტში 2009 წლიდან დანერგილი „ბიოლოგიური პასპორტის“ (ABP) სისტემა, რომელიც ჰემატოლოგიურ (სისხლის) და სტეროიდულ (შარდის) მოდულებს აერთიანებს, საშუალებას იძლევა, ტესტირებით, სპორტსმენის ბუნებრივი ჰორმონალური ფონიდან ნებისმიერი გადახვევა დაფიქსირდეს.

როგორც „სტუდია მონიტორმა“ გაარკვია, გიორგი ჭყოიძის 2022 წლის ივლისის სინჯის შემოწმებისა და მონაცემების ანალიზმა, ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, შარდის ნიმუშში საეჭვო სტეროიდული პროფილი აღმოაჩინა.

„2023 წლის ბოლოს სტეროიდის საეჭვო პროფილის გამოვლენის შემდეგ „მსოფლიო რაგბიმ“ დაიწყო გამოძიება საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებისა და შესაბამისი პერსონალის მიერ ანტიდოპინგური წესების სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.

ეს გამოძიება ტარდებოდა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ საქართველოს ანტიდოპინგური ორგანიზაციის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების პარალელურად“, – ვკითხულობთ World Rugby-ის გამოძიების მასალებში.

აღიარება, რომელმაც შარდის შეცვლის სისტემა ჩამოშალა

წყარომ, რომელიც კარგად იცნობს ამ ისტორიას, მოგვიყვა, რომ მას შემდეგ, რაც „მსოფლიო რაგბიმ“ გიორგი ჭყოიძეს დისკვალიფიკაციის შესახებ აცნობა, მორაგბემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

გიორგი ჭყოიძემ, რომელსაც რაგბის კავშირის მიერ დაქირავებული ადვოკატი იცავდა, დაცვის სტრატეგია შეცვალა და აღიარა, რომ სინჯი გააყალბა და შარდის ნიმუში სინამდვილეში მას არ ეკუთვნოდა. ამის დასადასტურებლად საქართველოს ნაკრების მორაგბემ WADA-ს გენეტიკური ანალიზის გაკეთებაც კი მოსთხოვა.

რეალურად, გიორგი ჭყოიძის სწორედ ეს აღიარება და დაჟინებული მოთხოვნა გახდა კატალიზატორი იმ მასშტაბური გამოძიებისა, რომელიც მსოფლიო რაგბიმ და WADA-მ ქართული რაგბის წინააღმდეგ წამოიწყეს.

ერთობლივმა გამოძიებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ გიორგი ჭყოიძემ დოპინგ-სინჯი მინიმუმ ორჯერ გააყალბა: პირველად – 2019 წლის აპრილში, როდესაც თბილისის „ლელო სარასენსში“ თამაშობდა. ამ შემთხვევაში შარდის დონორის ვინაობა WADA-მ ვერ დაადგინა.

მეორედ კი – 2022 წლის ივლისში: საქართველო – იტალიის მატჩიდან ორი დღის შემდეგ გიორგი ჭყოიძემ ლაშა ხმალაძის შარდი გამოიყენა.

2023 წლის აგვისტოში, გიორგი ჭყოიძის დისკვალიფიკაციის ათვლისას, WADA-სა და მსოფლიო რაგბის გამოძიებას ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სრული სურათი, ვინ დაეხმარა მორაგბეს ბოლო მანიპულაციაში.

ამ ინფორმაციის არარსებობის გამო ლაშა ხმალაძე, რომელიც, გამოძიების თანახმად, „შარდის დონორი“ იყო, ეროვნულ ნაკრებთან ერთად საფრანგეთში მსოფლიო თასზე გაემგზავრა და ითამაშა კიდეც.

გიორგი ჭყოიძემ საკუთარი სინჯი, ლაშა ხმალაძის (ფოტოზე) სინჯით ჩაანაცვლა

რაგბის კავშირის რეაქცია ჟურნალისტურ გამოძიებაზე

გიორგი ჭყოიძემ „სტუდია მონიტორის“ შეკითხვებს არ უპასუხა: „ამ ოთხი წლის მანძილზე იმდენი რაღაცა გამოვიარე, დიდი პრობლემები მაქვს, ძლივს დავალაგე თავში რაღაცეები და არ მინდა ამ თემაზე საუბარი“, – გვითხრა მან, როდესაც ვკითხეთ, რა მიზნით და ვისი დახმარებით გააყალბა სინჯი.

ლაშა ხმალაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში უარყო ინფორმაცია, რომ მის შარდში სტეროიდი აღმოჩნდა: „მე შემიჩერეს მოთამაშის ლიცენზია იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შარდი აღმოჩნდა ჭყოიძის ჩაბარებულ სინჯში. სტეროიდზე არასწორი ინფორმაციაა, არ ვიცი, სტეროიდი ვის შარდში აღმოჩნდა და გამოძიებაში რა წერია“.

მისი თქმით, „დანარჩენ კითხვებზე – მე მივეცი შარდი ჭყოიძეს თუ სხვამ – თავს შევიკავებ საუბრისგან. თუ რაგბის კავშირში შეათანხმებთ ჩემთან ინტერვიუს და კავშირში მეტყვიან, რა ინფორმაცია შეიძლება გავცე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია შეგხვდეთ და გიპასუხებთ კითხვებზე“.

მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა“ ლაშა ხმალაძეს, გიორგი ჭყოიძეს და კავშირის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, თორნიკე გოგებაშვილს, კითხვებით მიმართა, საქართველოს რაგბის კავშირმა სასწრაფოდ გაავრცელა განცხადება, რომ თითქოს „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია, რომელიც „ქართული რაგბის წინააღმდეგაა მიმართული“.

„მიგვაჩნია, რომ ამ კამპანიის რეალური შედეგი ქართული რაგბის განვითარების პროცესის შეფერხება და მისი წინსვლის მიზანმიმართული შეჩერება იქნება“, – ეწერა რაგბის კავშირის 8 ოქტომბრის განცხადებაში.

კაპიტნის შარდი – მანიპულაციის იარაღად

გიორგი ჭყოიძის ჩავარდნის შემდეგ მსოფლიო რაგბისა (World Rugby) და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ოთხწლიანმა გამოძიებამ [5] კოდური სახელწოდებით „ობსიდიანი“ ქართულ რაგბში დოპინგ-სინჯების გაყალბების სისტემური სქემა გაშიფრა.

WADA-ს გამომძიებლებმა გიორგი ჭყოიძის მოთხოვნა გაითვალისწინეს და ქართველი მორაგბეების შარდის ნიმუშების გენეტიკური ანალიზი დამოუკიდებლად დაიწყეს.

გამოძიებამ დაადასტურა, რომ ჭყოიძე-ხმალაძის დუეტის გარდა, ქსელში ჩართული მორაგბეები 2022-2023 წლებში ხშირად ანაცვლებდნენ საკუთარ დაბინძურებულ ნიმუშებს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ კაპიტნის, მერაბ შარიქაძის, „სუფთა“ შარდით.

დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ 2022 წლის 4 თებერვალს, პორტუგალიასთან მატჩამდე, ეროვნული ნაკრების უკანა ხაზელმა მირიან მოდებაძემ საკუთარი ნიმუში სწორედ კაპიტან მერაბ შარიქაძის შარდით ჩაანაცვლა.

2023 წლის 22 ივნისს, რუმინეთთან მატჩის წინ, „შევარდენის“ ბაზაზე გამართული შეკრებისას, ნაკრების გარემარბმა ოთარ ლაშხმა ანალოგიური მანიპულაცია განახორციელა.

მერაბ შარიქაძემ, რომელიც ეროვნული ნაკრების გარდა „შავი ლომის“ კაპიტანიც იყო, „სტუდია მონიტორთან“ ინტერვიუზე უარი თქვა. მან გვითხრა, რომ „სეტანტას“ ეთერით ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე და დასამატებელი არაფერი აქვს. ლაშხმა და მოდებაძემ გაგზავნილ შეკითხვებზე არ გვიპასუხეს.

საბოლოოდ, „ობსიდიანის“ გამოძიების შედეგებმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა ეროვნული ნაკრების ბირთვს. „მსოფლიო რაგბიმ“ კაპიტან მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა და მისთვის კარიერა დასრულდა.

6-წლიანი აკრძალვა დაეკისრა გიორგი ჭყოიძეს, ხოლო ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხსა და მირიან მოდებაძეს რაგბის თამაში 3-3 წლით აეკრძალათ.

სასჯელის სიმკაცრე თითოეულ შემთხვევაში დამოკიდებული იყო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხზეც. შარიქაძის თავდაპირველი 6-წლიანი დისკვალიფიკაცია გასაჩივრების შემდეგ კიდევ 5 წლით გაიზარდა, რადგან მისი ქმედება გამოძიებისთვის ხელის შეშლად შეფასდა.

მერაბ შარიქაძის შარდის გამოყენების გამო, ოთარ ლაშხი და მირიან მოდებაძე 3 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ

რა მოყვა შარიქაძემ და რა მოხდა სინამდვილეში

რაგბის კავშირი დოპინგ-სკანდალზე, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში ყველაზე დიდ „შავ ლაქად“ შეიძლება შეფასდეს, 2022 წლიდან დუმდა და არსებით კითხვებს საჯაროდ არ გამოხმაურებია.

ამ ფონზე ერთადერთი მორაგბე, რომელმაც ბოლო ერთი წლის მანძილზე საზოგადოებას „საკუთარი ვერსია“ საჯაროდ მოუყვა, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი იყო.

პირველი ინტერვიუ მერაბ შარიქაძემ „სეტანტას“ 2025 წლის ნოემბერში მისცა, როცა შარდის სინჯით მანიპულაციისთვის უკვე 6-წლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა და ასაჩივრებდა. 2026 წლის თებერვალში „მსოფლიო რაგბიმ“ შარიქაძეს სასჯელი თითქმის გაუორმაგა.

ინტერვიუში მერაბ შარიქაძემ სინჯების გაყალბებაში ჩართულთა გვარები „პრინციპულად“ არ დაასახელა, თუმცა თქვა: „რაგბის კავშირმა არაფერი იცოდა“; „არც მთავარმა მწვრთნელმა“ იცოდა რამე; „შარდის შეცვლა ძმებმა მთხოვეს და უარი როგორ მეთქვა“.

მან აღიარა, რომ დამნაშავეა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „ამხელა სასჯელს არ ელოდა“. მთავარ დამნაშავედ „ბორჯღალოსნების“ ყოფილმა კაპიტანმა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო დაასახელა, რომელსაც, მისივე თქმით, „სინჯის აღების პროცესი მკაცრად უნდა გაეკონტროლებინა“.

თუ მერაბ შარიქაძის ამ ინტერვიუს მოუსმენთ, დაგრჩებათ შთაბეჭდილება, თითქოს მისი შარდი მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული – ანუ კაპიტანი „ერთხელ შეცდა“. სინამდვილეში 2022–2023 წლებში ეროვნული ნაკრების მორაგბეებმა მერაბ შარიქაძის შარდით დოპინგ-სინჯი სულ მცირე სამჯერ გააყალბეს.

შარიქაძის „ტელეაღიარებაში“ ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. ყოფილმა კაპიტანმა საჯაროდ ერთხელაც არ ახსენა რაგბში სისტემურ ჩავარდნაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის არც რაგბის ნაკრების მთავარი ექიმი, რომლის წინააღმდეგაც გამოძიების დროს ჩვენება აქვს მიცემული.

სამაგიეროდ, „რაგბის ოჯახიდან“ ინფორმაციის გატანაში არაპირდაპირ თანაგუნდელი დაადანაშაულა: „ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო“ (ანუ ვისაც შარდით დავეხმარე, იმან მოუყვა WADA-ს ყველაფერიო).

მართალია, მერაბ შარიქაძეს კონკრეტული გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ რთული მისახვედრი არ იყო, რომ იგი ეროვნულ ნაკრებსა და „შავ ლომში“ თავის ყოფილ კონკურენტზე, ქუთაისელ ლაშა ლომიძეზე, მიანიშნებდა.

როგორ აიძულეს ლომიძე, შარდი შეეცვალა

WADA-ს გამოძიების მიხედვით, ქუთაისის „აიას“ აღზრდილმა, 22 წლის ლაშა ლომიძემ, რომელიც ეროვნული გუნდის შეკრებაზე იმყოფებოდა, კაპიტან შარიქაძის სინჯი 2022 წლის 30 ივნისს, ქუთაისში, არგენტინა XV ნაკრებთან მატჩამდე გამოიყენა.

ჩავარდნის შემდეგ „მსოფლიო რაგბიმ“ ლაშა ლომიძე ჯერ 6-წლიანი, გასაჩივრების შემდეგ კი 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რომელიც მორაგბემ 2024 წლის ივნისისთვის უკვე მოიხადა.

იმის გამო, რომ ლაშა ლომიძემ საერთაშორისო გამოძიებასთან ითანამშრომლა, იგი გაუშვეს როგორც ეროვნული, ისე შვიდკაცა ნაკრებიდან და „შავი ლომიდან“.

მორაგბემ საქართველო ისე დატოვა, რომ პრესისთვის კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ლაშა ლომიძემ უპასუხოდ დატოვა „სტუდია მონიტორის“ თხოვნაც ინტერვიუს თაობაზე.

„სტუდია მონიტორის“ გამოძიებამ აჩვენა, რომ შარიქაძის „ტელევერსია“, რომელიც „სეტანტამ“ გაავრცელა, რადიკალურად განსხვავდება იმ ისტორიისგან, რომელიც ლაშა ლომიძეს სინამდვილეში გადახდა.

2022 წლის ზაფხულში შვიდკაცა ნაკრებიდან დაბრუნებული ლომიძე ეროვნულ ნაკრებს ქუთაისში, შეკრებაზე შეუერთდა. იტალიასთან ისტორიული ტესტისთვის მომზადებას საქართველო არგენტინის მეორე გუნდთან ამხანაგური მატჩით იწყებდა.

ჩვენი ინფორმაციით, შეკრებაზე მისვლის დროს ლაშა ლომიძეს მცირე ტრავმა ჰქონდა, რის გამოც შვიდკაცა ნაკრების ექიმის რეკომენდაციით ტკივილგამაყუჩებელ „ტრამადოლს“ იღებდა.

წყაროს ცნობით, შეკრებაზე გამოცხადებულ ლომიძეს ეროვნული ნაკრების მთავარმა ექიმმა, ნუცა შამათავამ, უთხრა, რომ საერთაშორისო დოპინგ-ტესტი ელოდა, და ჰკითხა, რამე აკრძალული ხომ არ ჰქონდა მიღებული.

ლაშა ლომიძეს არ დაუმალავს, რომ ექიმის მითითებით „ტრამადოლის“ აბებს სვამდა, რომელიც 2022 წელს WADA-ს აკრძალულ პრეპარატთა სიაში შეტანილი საერთოდ არ იყო.

ლაშა ლომიძე, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ქუთაისში, 2022 წლის ზაფხული, რა დროსაც ნუცა შამათავამ მას შარდის შეცვლა მოსთხოვა

„ტრამადოლზე“ ინფორმაციის მიღების შემდეგ შამათავა ლომიძეს ეუბნება, რომ „თავის დაზღვევის მიზნით“ მან ტესტი უნდა გააყალბოს და საკუთარის ნაცვლად შარიქაძის შარდი უნდა ჩააბაროს.

ლომიძე შარდის შეცვლის წინააღმდეგი იყო, მაგრამ, როგორც წყარო გვიყვება, მას პირდაპირი მნიშვნელობით აიძულებენ, რომ დათანხმდეს. ამ პროცესში ჩართული იყო თავად შარიქაძეც. წყაროს ცნობით, კაპიტანმა ლომიძეს უთხრა, რომ „შარდის შეცვლით არავითარი პრობლემა არ შეექმნებოდა და ამაზე არ ენერვიულა“.

საბოლოოდ, ლომიძემ ქუთაისის „აიას“ სტადიონზე ITA-ს დოპინგ-ოფიცერს ანტიდოპინგური წესების უხეში დარღვევით შარიქაძის შარდი გაატანა.

რატომ გახდა აუცილებელი „ტრამადოლის“ მიღების გამო, რომელიც მაშინ აკრძალული პრეპარატების სიაში არ იყო, შარდის უკანონოდ შეცვლა? „სტუდია მონიტორმა“ ამ შეკითხვით ნუცა შამათავასა და მერაბ შარიქაძეს მიმართა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

„სტუდია მონიტორმა“ საქართველოს შვიდკაცა რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილ ექიმს, გიორგი გვაზავას, ჰკითხა: თუ მან მისცა ნებართვა ლაშა ლომიძეს, ტკივილგამაყუჩებელი „ტრამადოლი“ მიეღო, რა მიზეზით შეაცვლევინა „ტრამადოლის“ გამო შარდი მორაგბეს ეროვნული ნაკრების მთავარმა ექიმმა, ნუცა შამათავამ?

გვაზავამ გვითხრა, რომ როგორც ექიმს, სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის გაცემა არ შეუძლია: „მედიკამენტების გაცემის დოკუმენტირება რაგბის კავშირის სამედიცინო პერსონალის მიერ არ ხდება და მე ვერ გავიხსენებ ამდენი ხნის მერე, ვის რა მივეცი. რომც მახსოვდეს, სამედიცინო ეთიკიდან და იქიდან გამომდინარე, რომ კავშირის თანამშრომელი ვიყავი, ამ ინფორმაციას მათ გარეშე მაინც ვერ გავცემ. შარდის შეცვლაზე ვერაფერს გეტყვით, გამოძიებას ჩემთან კითხვები არ ჰქონია“.

რას სთხოვდა ლომიძეს რაგბის კავშირი?

ის, რომ ლაშა ლომიძე შარდის შეცვლაზე „ჩავარდა“, 2023 წლის 12 სექტემბერს გახდა ცნობილი. მანამდე, 24 აგვისტოს, შარდის სინჯის გაყალბებისთვის პირველი დისკვალიფიკაცია გიორგი ჭყოიძეს შეეფარდა.

ლაშა ლომიძის „ჩავარდნის“ შემდეგ, წყაროს ცნობით, რაგბის კავშირმა მას სამართლებრივი და ზოგადი მხარდაჭერის სანაცვლოდ რამდენიმე პირობა წაუყენა:

ლომიძე დისკვალიფიკაციას უპირობოდ უნდა დათანხმებოდა; მორაგბეს არ უნდა ეხსენებინა ნაკრების მთავარი ექიმი ნუცა შამათავა; და მთავარი – მას დაკითხვის დროს არ უნდა დაეფიქსირებინა, რომ შარდის სინჯების გაყალბების შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი ინფორმაციას ფლობდა.

ერთ-ერთი, ვინც ეს მოთხოვნები, წყაროს ცნობით, მორაგბეს გადასცა, რაგბის კავშირის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი იყო. მან ლომიძეს უთხრა, რომ „რაგბის ოჯახი არ უნდა დაზარალებულიყო“.

ლომიძემ, რომელსაც ისედაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კავშირთან და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილთან, ჩათვალა, რომ იგი უბრალოდ გაწირეს: ჯერ აიძულეს, შარდი შეეცვალა, შემდეგ კი სინჯის გაყალბებაზე „ჩააგდეს“.

მორაგბემ ოჯახის დახმარებით რამდენიმე ადვოკატი (მათ შორის უცხოელები) დაიქირავა და WADA-სა და მსოფლიო რაგბთან საკუთარი ინტერესების დამოუკიდებლად დაცვა დაიწყო.

წყარომ ასევე გვითხრა, რომ WADA-ში დაკითხვების დროს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ლომიძეს შეუთვალა, ეთქვა, თითქოს მისი შარდის ნიმუში მოიპარა ან დაუკითხავად აიღო და ისე გამოიყენა. ლომიძემ ამაზე უარი თქვა.

გაჟონილი ჩატები და განადგურებული კარიერა

ყოფილმა კაპიტანმა შარიქაძემ საჯაროდ არაერთხელ მიანიშნა, რომ ინფორმაცია შარდის გაყალბების სქემის შესახებ გამოძიებას, სავარაუდოდ, სწორედ ლომიძემ მიაწოდა.

საუბარია ჩატების მიმოწერის სქრინებზე, რომლებიც ადასტურებდა, თუ როგორ ატყობინებდა წინასწარ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მაღალი რანგის თანამშრომელი რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარ ექიმს, როდის და რომელი მორაგბე უნდა შეემოწმებინათ.

წყარო ამბობს, რომ ლაშა ლომიძის ინტერესების დაცვის მიზნით WADA-ს გამომძიებელს ეს სქრინები ლომიძის ადვოკატმა ნამდვილად გადასცა, თუმცა შარდის სინჯების გაყალბების სქემის გაშიფვრა სინამდვილეში გიორგი ჭყოიძის აპელაციას მოჰყვა.

WADA-სთან თანამშრომლობისა და 9-თვიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ლომიძე ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ მიღმა დარჩა. კარიერა მცირე ხნით ჯერ რუმინეთში, შემდეგ კი ესპანეთის მეორე ლიგაში გააგრძელა. ამჟამად უკლუბოდ არის. დაიბლოკა მისი ტრანსფერი ერთ-ერთ ქართულ კლუბში. პარალელურად სოციალურ ქსელებში ღიად მიდიოდა ლომიძის გაშავების კამპანია.

რაგბის კავშირის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილმა, „სტუდია მონიტორთან“ საუბარში უარყო ინფორმაცია, თითქოს ლომიძეს შეხვდა და რაიმე პირობა წაუყენა:

„ლომიძესთან ასეთი შეხვედრა არ მქონია. ის, რომ სინჯები ყალბდებოდა თუ ჩატები არსებობდა, ამის შესახებ რაგბის კავშირმა არაფერი იცოდა, რაც გამოძიებაშიც წერია. ამ ყველაფერთან რაგბის კავშირს შემხებლობა არ ჰქონია.

წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეხვდა ლომიძეს. რაგბის კავშირი WADA-ს მოთხოვნით ჩაეხსნა მაშინ ამ პროცესს და, შესაბამისად, ყველა მორაგბეს ინდივიდუალურად უნდა ემართლებინა თავი – მტყუანი იყო თუ მართალი. რა მიზნით იცვლებოდა შარდი, მე რა უნდა გითხრათ? ეს ყველაფერი ხომ წერია გამოძიებაში“, – აღნიშნა თორნიკე გოგებაშვილმა.

სპორტული მედიცინის ასოციაციამ, ნუცა შამათავა 2022 წლის, საუკეთესო სპორტულ ექიმად დაასახელა

გაყალბების „ორგანიზატორი“ ჯანდაცვის სამინისტროში

„ობსიდიანის“ გამოძიებამ სისტემური გაყალბების მთავარ „ორგანიზატორად“ რაგბის კავშირის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი, ნუცა შამათავა, დაასახელა.

მის მიმართ გამოტანილი 9-წლიანი დისკვალიფიკაცია ქართულ სპორტში ამ დონის პირველი პრეცედენტია.

გამოძიების მასალებში წერია, რომ შამათავა მოქმედებდა, როგორც სქემის ორგანიზატორი. სოციალურ ქსელებში შექმნილი დახურული ჯგუფების მეშვეობით მან ეროვნული ნაკრების სულ მცირე 26 მორაგბეს ტესტირებამდე 24 საათით ადრე წინასწარ შეატყობინა დოპინგ-კონტროლის დეტალები, რაც ანტიდოპინგური პროტოკოლის ფუნდამენტური დარღვევაა.

მეტიც, დისკვალიფიცირებულმა მორაგბეებმა – მირიან მოდებაძემ, ლაშა ლომიძემ, ოთარ ლაშხმა და მერაბ შარიქაძემ – ჩვენებებში პირდაპირ დაასახელეს ნუცა შამათავა, როგორც სინჯების ჩანაცვლების „მთავარი ორგანიზატორი“.

„ობსიდიანის“ გამოძიებაში მოყვანილია მერაბ შარიქაძის ჩვენებაც, რომლის მიხედვითაც, „ექიმი მას სისტემატურად უკავშირდებოდა მობილურით, უგზავნიდა ტექსტურ შეტყობინებას და პირადად სთხოვდა სხვა მორაგბეებისთვის მისი შარდის ნიმუშების მიწოდებას“.

2023 წლის იანვარში, როდესაც ნუცა შამათავა უკვე ჩართული იყო სინჯების გაყალბების სქემაში, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, რომლის პრეზიდენტიც საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილია, ქართულ სპორტში „2022 წლის საუკეთესო ექიმად“ სწორედ შამათავა დაასახელა.

„სტუდია მონიტორმა“ აღმოაჩინა, რომ წინა წლებში ნუცა შამათავა დისკვალიფიცირებული მორაგბეების, გიორგი ჭყოიძისა და ლაშა ხმალაძის, ბიზნესპარტნიორი და დირექტორი იყო კომპანიებში „გრიფიტ და სტრაპიტ ჯეორჯია“ და „სპორტული მედიცინის კლინიკა“.

9-წლიანი დისკვალიფიკაციიდან – ჯანდაცვის სამინისტროში

სპორტიდან ჩამოშორებული და ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის მქონე შამათავა დოპინგ-სკანდალის შემდეგ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დასაქმდა.

როგორც თავად რაგბის ნაკრების ყოფილმა მთავარმა ექიმმა გვითხრა: „ჯანდაცვის სამინისტროს აღჭურვისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტში ვაკანსია იყო გამოცხადებული, შემოვიტანე და დავიწყე მუშაობა“.

რატომ აყალბებდა შარდის სინჯებს, თუ ეს რაგბის კავშირისა და ნაკრების ხელმძღვანელობის მოთხოვნა არ იყო? როგორ, ვისი დავალებით და რა მიზნით მოხდა ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) თანამშრომლებთან ერთად უკანონო სქემის შექმნა?

„სტუდია მონიტორთან“ მოკლე კომენტარის დროს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩავწერეთ, ნუცა შამათავამ ბრალდების ნაწილი უარყო:

„არანაირი ორგანიზატორი მე არ ვარ, რა შუაში ვარ? GADA-ს თანამშრომლები თვითონ იყვნენ სინჯების აღებაზე პასუხისმგებლები. თვითონ აკეთებდნენ ყველაფერს. დისკვალიფიკაცია მე მივიღე მხოლოდ იმიტომ, რომ GADA-ს პერსონალი წინასწარ მეუბნებოდა სინჯების ჩატარების დროს და ამას ვატყობინებდი მორაგბეებს. ეს არის ჩემი დანაშაული. ხელმძღვანელობამ ამის შესახებ არ იცოდა“, – ამტკიცებს ნუცა შამათავა.

„სტუდია მონიტორმა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილსაც ჰკითხა: თუ რაგბის კავშირმა და მთავარმა მწვრთნელმა ნამდვილად არაფერი იცოდნენ, როცა ნაკრებში შარდის სინჯები ყალბდებოდა, მაშინ რა ამოძრავებდა მთავარ ექიმს და რით იყო განპირობებული შამათავას „თვითშემოქმედება“?

„დაკითხვას მიწყობთ? არ ვაპირებ სულელურ კითხვებზე პასუხი გაგცეთ, ჩემს წინააღმდეგ რაიმე ფაქტი რომ ყოფილიყო, მაშინ დისკვალიფიკაციას მომცემდნენ“, – ასეთი პასუხი გაგვცა ლევან მაისაშვილმა.

“სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ცქრიალა შერმადინი და Rugby TTL-ის ინგლისელი ანალიტიკოსი კარლ დოუსონი

„თეთრი ლაქები“ საერთაშორისო გამოძიებაში

„მსოფლიო რაგბის“ არ დაუმალავს, რომ ოთხწლიანი გამოძიების მთავარი სამუშაო ჰიპოთეზა იყო შემდეგი: „ბორჯღალოსნები“ მთავარი ექიმისა და ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომლების დახმარებით შარდის სინჯების ჩანაცვლებას ახდენდნენ, რათა სპორტული შედეგის გამაუმჯობესებელი ნივთიერებების (დოპინგის) გამოყენება დაეფარათ.

თუმცა „ობსიდიანის“ პირველმა ეტაპმა ამ ბრალდების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები „ვერ გამოავლინა“. გამოძიება დაეთანხმა მორაგბეების ვერსიას, რომ შარდის ანალიზს მარიხუანისა და ტკივილგამაყუჩებელი ტრამადოლის მოხმარების დასაფარად ცვლიდნენ.

ამავე დროს, გამოძიებამ „ვერ დაადგინა“ რაგბის კავშირის უშუალო მონაწილეობა გაყალბების სქემაში. კავშირს ბრალი მხოლოდ „არასათანადო ქცევაში“ წარედგინა და, არაოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე ასეული ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით კაჭარავამ არ გვიპასუხა, რა ოდენობის ჯარიმა გადაიხადა კავშირმა. მან არც დოპინგ-სკანდალთან დაკავშირებულ სხვა შეკითხვებზე გაგვცა პასუხი.

რაგბის კავშირი „მსოფლიო რაგბისა“ და WADA-ს გადაწყვეტილებას პირველად მარტის ბოლოს გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ „დისციპლინარული საკითხების დასრულების შემდეგ გავმართავთ პრესკონფერენციას და ვუპასუხებთ მედიისა და საზოგადოების შეკითხვებს“.

თუმცა 8 თვის თავზეც ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მეტიც, როცა ოქტომბერში რაგბის კავშირისთვის ცნობილი გახდა, რომ „სტუდია მონიტორი“ ამ თემას იკვლევდა, კავშირი ჟურნალისტური გამოძიების დისკრედიტაციას შეეცადა.

ალოგიკური ალიბი და დასაბუთებული ეჭვები

„ობსიდიანის“ გამოძიების შედეგების მთავარი უცნაურობა ისაა, რომ არასაშეჯიბრო დროს არც მარიხუანის და არც ტრამადოლის მოხმარება WADA-ს კოდექსით არ ისჯება.

რა მიზნით აყალბებდნენ სინჯებს მორაგბეები, ექიმი შამათავა და GADA-ს პერსონალი? ყველა ტესტი, სადაც შარდის სინჯის შეცვლა მოხდა, სწორედ არასაშეჯიბრო დროს არის აღებული. ბევრს ეჭვი გაუჩნდა, რომ ამ მანიპულაციით, შესაძლოა, დოპინგის მოხმარების დაფარვა ხდებოდა.

„მე არ მჯერა, რომ შარდის გაცვლა მარიხუანის მოწევის გამო ხდებოდა“, – უთხრა „სტუდია მონიტორს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

„დასვენების დროს მარიხუანის მოწევაზე არანაირი სასჯელი არ არის. თამაშზეც რომ ამოვარდნოდათ მარიხუანა, სასჯელი იქნებოდა 3-თვიანი ან ცოტა მეტი ხნით დისკვალიფიკაცია. ამიტომ სრული სიგიჟეა, რომ მარიხუანის მოწევის გამო გააყალბო შარდის ანალიზი, რაც უკვე ოთხ – და მეტწლიან დისკვალიფიკაციას იწვევს.

თუ უფრო დიდ მაიმუნობას არ აკეთებ, ამას ახსნა უბრალოდ არა აქვს. ეს რომ ერთხელ მომხდარიყო, კიდევ გასაგები იქნებოდა, რომ შეეშალათ. მაგრამ როცა ამას 3-ჯერ, 4-ჯერ აკეთებ, მომკალით და არ მჯერა, რომ ამის შესახებ, ვინც სქემაში იყო ჩართული, არაფერი იცოდა.

იგივეა ტრამადოლზეც, რომელიც, თუ არ ვცდები, 2024 წლიდან აიკრძალა, ისიც მხოლოდ საშეჯიბრო ტესტზე. პირადად, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ WADA-მ და მსოფლიო რაგბიმ ან საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოაგროვეს, რომ ჩვენები დოპინგს იღებდნენ, ან უბრალოდ დაგვინდეს“.

ამავე აზრზეა სარაგბო პოდკასტის – Rugby TTL-ის ინგლისელი ანალიტიკოსი კარლ დოუსონი: „გამოძიების შედეგების მიუხედავად, მაინც მგონია, რომ ქართულ რაგბში უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ამ მორაგბეების დასჯა. მე ვიტყოდი, რომ ისინი „ავტობუსს შეუგდეს“, გაწირეს, გამოიყენეს განტევების ვაცებად. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ეს საკმარისი სასჯელი იქნებოდა იმისთვის, რომ დანარჩენი არ გამოეძიათ“.

დოუსონმა „სტუდია მონიტორს“ უთხრა, რომ ამხელა მასშტაბის გამოძიება მხოლოდ „მარიხუანის მოწევის“ გამო არ დაიწყებოდა:

„მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გამოძიება დაიწყო, იყო ის, რომ ერთ-ერთ ქართველ მორაგბესთან აღმოაჩინეს სტეროიდის კვალი. ამიტომ ეს არ იყო მარიხუანის მოწევიდან წამოსული სისტემური პრობლემა.

WADA და მსოფლიო რაგბი მხოლოდ მარიხუანის გამო ამ ამბავს ასე მკაცრად არ გამოიძიებდნენ. რა თქმა უნდა, მათ ახლა არა აქვთ მყარი მტკიცებულება იმისა, რომ უფრო მეტი მოხდა, თუმცა ვხედავთ, რომ გამოძიება გრძელდება“.

WADA-ს ოფიციალური პასუხი

„სტუდია მონიტორმა“ გამოძიების პირველ ეტაპზე გაჩენილი კითხვებით WADA-ს მიმართა. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯეიმს ფიცჯერალდმა გვიპასუხა:

„ამჟამად მიმდინარეობს „ობსიდიანის“ გამოძიების შემდეგი ფაზა. ჩვენ ვაფასებთ, სცდება თუ არა ქართულ რაგბში არსებული პრობლემები მხოლოდ ერთი, კონკრეტული სპორტის სახეობის ფარგლებს. აქედან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობისას დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ“.

შარიქაძეს, მოდებაძეს, ხმალაძეს, ჭყოიძეს, ლომიძესა და ექიმ შამათავას, მანიპულაციებში მხილების შემდეგ, ღირსების მედლები გადაეცათ

„ღირსების“ მედლები დისკვალიფიცირებულები

რაგბის კავშირს დოპინგ-სკანდალის პიკზე, 2022–2023 წლებში, ბიზნესმენი სოსო ტყემალაძე ხელმძღვანელობდა  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მჭიდროდ დაახლოებული პირი. ტყემალაძე ამ თანამდებობაზე, პროცესის მონაწილე პირების თქმით, მთავრობის ღია ლობირებითა და პოლიციის დახმარებით მოხვდა.

იმავე პერიოდში ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იყო. იგი, 2023 წლის მსოფლიო თასზე ჩავარდნის მიუხედავად, 2024 წელს კავშირში „მაღალი მიღწევების დირექტორის“ პოსტზე დააწინაურეს, სადაც 2026 წლის შემოდგომამდე იმუშავა.

2025 წლის აპრილში კი ტყემალაძისგან პრეზიდენტობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა და კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ყოფილმა „ბორჯღალოსანმა“ დავით კაჭარავამ გადაიბარა.

სისტემური კრიზისის ფონზე, 2025 წლის მარტში, საზოგადოებამ ხელისუფლების მხრიდან პარადოქსული დაჯილდოება იხილა: პრემიერ ირაკლი კობახიძის წარდგინებით პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ღირსების“ მედლით დააჯილდოვა ნაკრების წევრები, რომლებმაც 2022 წელს იტალიისა და უელსის ნაკრებები დაამარცხეს.

„ღირსების“ მედლები გადაეცათ მსოფლიო რაგბისა და WADA-ს მიერ უკვე მხილებულ პირებსაც: მერაბ შარიქაძეს, მირიან მოდებაძეს, ლაშა ხმალაძეს, გიორგი ჭყოიძეს, ლაშა ლომიძესა და ექიმ ნუცა შამათავას.

არცერთი მათგანი ცერემონიას რაგბის კავშირის ოფისში არ დასწრებია. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭყოიძემ და ლაშა ხმალაძემ, გამოძიების მიხედვით, შარდის სინჯი სწორედ იტალიასთან ტესტის შემდეგ გააყალბეს.

„სტუდია მონიტორმა“ როგორც ირაკლი კობახიძის, ისე მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციას კითხვით მიმართა: ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო დოპინგ-სინჯების გაყალბებაში მხილებულ პირებზე გაიცა და თუ ჰქონდათ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება?

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კითხვებზე არ გვიპასუხა, მთავრობის ადმინისტრაციას კი არ უარყვია, რომ მანიპულაციის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. გაყალბებულ შარდის სინჯებზე საპასუხო წერილში საერთოდ არაფერი უთქვამს:

„პრემიერ-მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ნაკრების გამარჯვებები (იტალიასთან და უელსთან) წარმოადგენდა ისტორიულ სპორტულ მიღწევას“, – მოგვწერა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

„ღირსების“ მედლით დაჯილდოების შემდეგ, 2025 წლის ოქტომბერში, მთავრობამ რაგბის კავშირს, რომელიც დოპინგ-სკანდალში გაეხვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარიც გამოუყო. ოფიციალური დასაბუთებით, ეს თანხა „ბოლო სამი წლის დავალიანების“ დასაფარად იყო განკუთვნილი.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ არ გვიპასუხა, თუ რატომ და ვისი მენეჯმენტის პირობებში დაგროვდა მრავალმილიონიანი დავალიანება. რაგბის კავშირის გამგეობის ერთ-ერთი წევრი 2017 წლიდან პრემიერ კობახიძის მამა, გია კობახიძეა.

დოპინგ სკანდალის დროს, 2022-23 წლებში, საქართველოს რაგბის კავშირს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი, სოსო ტყემალაძე ხელმძღვანელობდა

ვაკხანალია ანტიდოპინგურ სააგენტოში

ქართველი მორაგბეების სინჯების გაყალბების გამოძიებამ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) საქმიანობაში მძიმე სურათი გამოკვეთა.

WADA-ს გამოძიების ხელმძღვანელის, გიუნტერ იუნგერის, ანგარიშის მიხედვით, GADA-ში ჩვეულებრივ პრაქტიკად იყო ქცეული:

შარდის სინჯების ჩანაცვლება-გაყალბება; ტესტირების თარიღების წინასწარ გაჟონვა სოციალური ქსელების ჩატებში; შარდის ჩაბარებისას ვიზუალურ კონტროლზე უარის თქმა, დოპინგ-ოფიცრების არდასწრება; დოპინგ-კონტროლის დოკუმენტაციის გაყალბება, თარიღების შეცვლა, ფალსიფიკაცია, „მსოფლიო რაგბისა“ და WADA-სთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება.

გამოძიების თანახმად, ეს არ იყო ცალკეული თანამშრომლის შეცდომა – ეს იყო სისტემური მანიპულაციები, რომლებშიც სააგენტოს სულ მცირე 6 წარმომადგენელი იყო ჩართული, მათ შორის: ერთი ხელმძღვანელი პირი, ორი მენეჯერი, დოპინგ-ოფიცრები და თანმხლები პირები. აღსანიშნავია, რომ მათმა ნაწილმა საერთაშორისო გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.

„ეს საქართველოს მთავრობის დიდი სირცხვილია. ანტიდოპინგური სააგენტო წინასწარ აფრთხილებს სპორტსმენებს და ხელს უწყობს თაღლითობას, შარდის შეცვლას… ეს არის სისტემური კორუფცია. ასეთი რამ უფრო მასშტაბურად რუსეთის სპორტში, 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის დროს ვიხილეთ“, – აღნიშნა პოდკასტ Spotlight on the Real Science of Sport-ის წამყვანმა გარეთ დევისმა.

ვინ მართავდა საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს?

2022–2023 წლებში, როდესაც გამოძიებამ ანტიდოპინგურ სააგენტოში ქაოსი დააფიქსირა, GADA-ს მართავდნენ და მასში საქმიანობდნენ: სააგენტოს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი: პროფესორი პავლე კასრაძე;

აღმასრულებელი დირექტორი: თეიმურაზ უკლება; მისი შვილი, ტესტირების მენეჯერი: გიორგი უკლება; დოპინგ ოფიცერი გიორგი მაჭარაშვილი; იურისტი და შედეგების მართვის მენეჯერი: ლუკა ხატიაშვილი; სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარე: ნინო ბოჭორიშვილი; დამფუძნებელთა საბჭოს წევრი: არჩილ მელიქია; ათი დოპინგ-ოფიცერი და სხვები.

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს პერსონალი გაუქმებამდე, ვებ-გვერდი gada.ge ამჟამად მიუწვდომელია

პავლე კასრაძის „თავდაცვა“ და ბრალდებები

გამოძიების ფარგლებში „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტები რამდენჯერმე შეხვდნენ „გაუქმებული“ ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურ დირექტორს პავლე კასრაძეს. პირველი შეხვედრის დროს კასრაძემ ჩავარდნა აღიარა, თუმცა „პასუხისმგებლობა“ რაგბის ნაკრების ყოფილ მთავარ ექიმს, ნუცა შამათავასაც დააკისრა:

„შამათავას პასუხისმგებლობაა, აბა ჩემია? ახლა იქცევა არაკეთილსინდისიერად. ბიჭების ცოდვა მაგის ბრალია. წინასწარ ამზადებდა შარდის სინჯებს, დასდევდა შარიქაძეს. მე მოვაშარდინე? მე მივედი და მომეცი შარდი სხვისთვის მეთქი, ვუთხარი? ეგ გააკეთა შამათავამ! მაგიტომაც მისცა 9-წლიანი დისკვალიფიკაცია WADA-მ“.

უკვე ინტერვიუს დროს, დამატებით კითხვაზე, პავლე კასრაძემ პოზიცია შეარბილა. ჩვენს კითხვაზე „შარდის შეცვლა დოპინგ-კონტროლის დროს გაცილებით მძიმე დანაშაულია, ვიდრე მარიხუანის მოწევა ან ტრამადოლის მიღება, რომელიც არასაშეჯიბრო დროს საერთოდ არ მოწმდება; მაშინ რატომ ცვლიდნენ მორაგბეები მთავარი ექიმის დავალებით სინჯებს?“ – ასეთი პასუხი გაგვცა:

„მარტივად გიპასუხებთ: ეს მათ არცოდნით მოსდიოდათ, აზრზე არ იყვნენ, რომ ამ დროს (მარიხუანაზე და ტრამადოლზე შემოწმება) არ კეთდებოდა.“

–   ანუ ეს არ იცოდა შამათავამ, რომელიც 2022 წელს საქართველოში საუკეთესო სპორტულ ექიმად იყო დასახელებული?

–   წესით უნდა სცოდნოდა, რადგან ექიმია… მაგრამ გეუბნებით, დოპინგის კურსებზე არ იჯდა. მას ეგონა, რომ ყველაფერი იცოდა და ყველაფერს მართავდა. დოპინგის მიმართულებით არ ჰქონდა სათანადო ცოდნა და, როგორც ჩანს, იმიტო აკეთებდა ამას.

–   გამორიცხავთ, რომ დოპინგს იღებდნენ და ამის გამო ცვლიდნენ სინჯებს?

–   გამოვრიცხავ.

ანტიდოპინგური სააგენტოს ყოფილმა უფროსმა პირველი შეხვედრის დროს დაგვიდასტურა, რომ ინფორმაციას ტესტირების შესახებ რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარ ექიმს ტესტირების მენეჯერი გიორგი უკლება, დოპინგ-ოფიცერი გ. და GADA-ს აღმასრულებელი დირექტორი თეიმურაზ უკლება აწვდიდნენ.

„ჩვენი დოპინგ-ოფიცრების და ჩვენი დანაშაულია ის, რომ თავზე არ დაადგნენ შარდის სინჯის აღებისას, არ შეასრულეს თავისი მოვალეობა ბოლომდე. წინასწარ რომ შეატყობინეს, ეგეც ჩვენი ბრალია. ამის გამო ჩემი ოფიცრები დავსაჯე – გიორგი უკლებას 6 თვით ავუკრძალე ტესტების აღება. მეტი რა უნდა მექნა? ციხეში ხომ არ გავუშვებდი?“, – გვითხრა კასრაძემ პირველი შეხვედრის დროს.

ინტერვიუს დროს პავლე კასრაძემ დაგვიდასტურა, რომ რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარ ექიმს წინასწარ დოპინგ-ტესტირების შესახებ „ატყობინებდა ის, ვისაც ანტიდოპინგური ტესტების ჩატარება ებარა“.

–   და ვის ებარა? თეიმურაზ უკლებას?

–   არა, გიორგის ებარა, გიორგი უკლებას.

–   მამამისიც იყო ჩართული? გ-ც?

–   ხო, მაგენიც იყვნენ ჩართული.

–   კიდევ არის ვინმე?

–   არა.

–   თქვენ იცოდით ამის შესახებ?

–   ტესტირება არა, მაგრამ სამსახურებრივად უფროსი ვიყავი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობა არის. მაგრამ მე გვიან გავიგე ამის შესახებ.

ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალური და აღმასრულებელი დირექტორები: პავლე კასრაძე და თეიმურაზ უკლება შსს-ში დაკითხეს, ტელეფონები და კომპიტერები ჩამოართვეს

უკლებების როლი და GADA-ს დაფინანსება

საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოში თეიმურაზ უკლებას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა. მისი შვილი, გიორგი უკლება, ტესტირების მენეჯერი და სერტიფიცირებული დოპინგ-ოფიცერი იყო, ისევე გ-ც.

„სტუდია მონიტორმა“ თეიმურაზ უკლებას ჰკითხა: რა იყო მისი და მისი შვილის მოტივაცია, როცა შარდის სინჯებს ცვლიდნენ – ფინანსური დაინტერესება თუ დავალება „ზემოდან“? უკლებამ ინტერვიუზე უარი გვითხრა და მოგვწერა:

„ჩვენი მონაწილეობა გაყალბებაში არათუ დადასტურებულია, არსად არ არის ნახსენები. რაც შეეხება ნუცა შამათავას ბრალეულობას, შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილება. ჩვენი სააგენტოსთვის, რომელიც არ გაუქმებულა, მხოლოდ დაფინანსება შეუჩერეს, ოფიციალურად არანაირი ბრალდება არ წარმოუდგენიათ“.

სქემაში მონაწილეობა უარყო გიორგი უკლებამაც: „არც WADA-ს და არც მსოფლიო რაგბის ოფიციალურად, სააგენტოსთვის ან თანამშრომლისათვის ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის შეტყობინება არ გამოუგზავნია. ასევე, სააგენტოს არცერთი თანამშრომელი დისკვალიფიცირებული არ ყოფილა“, – მოგვწერა გიორგი უკლებამ.

ეს მაშინ, როცა WADA-ს ანგარიშში პირდაპირ წერია: „მენეჯერმა პირველმა, როგორც World Rugby-სგან ტესტირების მოთხოვნების ერთადერთმა მიმღებმა, დანერგა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც იგი წინასწარ აცნობებდა ამალის წევრს დაგეგმილი ტესტირების მისიების შესახებ.

ეს პრაქტიკა წარმოადგენს აშკარა დარღვევას. GADA-სგან წინასწარი შეტყობინების მიღების შემდეგ, ამალის წევრი ამ ინფორმაციას უზიარებდა ეროვნულ ნაკრებს საერთო ჯგუფურ ჩატში ტექსტური შეტყობინებით, სადაც გაერთიანებულნი იყვნენ ეროვნული ნაკრების მორაგბეები და პერსონალი“.

2021–2023 წლებში, როდესაც ანტიდოპინგურ სააგენტოში WADA-ს კოდექსი არაერთხელ დაარღვიეს, სახელმწიფომ, სპორტის სამინისტროს სახით, GADA დაახლოებით 2 მილიონი ლარით დააფინანსა. პავლე კასრაძის თქმით, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი ბოლო წელს დაახლოებით 800 ათასი ლარი იყო.

ეს არ იყო GADA-ს ერთადერთი შემოსავალი: სააგენტოს, რომელსაც ექსკლუზიურად ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე ტესტირების ჩატარების უფლება, შემოსავალი საერთაშორისო და ადგილობრივი ფედერაციებისგანაც ჰქონდა.

ერთადერთი, რაც საქართველოში არ არსებობდა, WADA-ს სპეციალური აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია იყო, რის გამოც სააგენტო სინჯებს შესამოწმებლად ძირითადად კიოლნში, ვენასა და ლოზანაში აგზავნიდა.

ოპერაცია “ობსიდიანის” ერთ-ერთი მთავარი მიგნება, ამონარიდი გამოძიების დასკვნიდან

აღიარების დაკარგვა და საზეიმო იუბილე

„ობსიდიანის“ გამოძიების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, 2026 წლის მარტში, WADA-მ საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს აღიარება შეუჩერა და საქართველოს მთავრობას GADA-ს გაუქმება და ახალი სააგენტოს ფორმირება დაავალა.

ნიშანდობლივია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე სულ 4 თვით ადრე, 2025 წლის ოქტომბერში, GADA-მ სპორტის სამინისტროსთან და ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად „იუნესკოს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის“ 20 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებას, რომელსაც თეიმურაზ უკლება უძღვებოდა, რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავაც დაესწრო.

პავლე კასრაძემ დაგვიდასტურა, რომ 2026 წლის აპრილში, ახალი ანტიდოპინგური სააგენტოს დაფუძნებამდე ერთი დღით ადრე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. შსს-ში GADA-ს სხვა თანამშრომლებთან ერთად ცალ-ცალკე დაკითხეს და ტელეფონები და კომპიუტერები ჩამოართვეს.

პავლე კასრაძეს ტელეფონი 2026 წლის ნოემბერში დაუბრუნეს, დანარჩენი თანამშრომლებისთვის ჩამორთმეული პირადი ნივთები კი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

კასრაძის თქმით, მათ წინააღმდეგ გამოძიება, სავარაუდოდ, „თაღლითობისა“ და „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ მუხლებით მიმდინარეობს.

„შესაშინებელი აქცია მოგვიწყვეს, დაკითხვაზე წაგვიყვანეს და მეორე დღეს სპორტის მინისტრმა დაწერა ბრძანება, ახალი ანტიდოპინგური ორგანიზაციის შექმნის. გააშანშალა ეს ბრძანება ეგრევე“, – გვითხრა ინტერვიუს დროს პავლე კასრაძემ.

გამოძიების პირველი ნაწილის დასასრული

სტატიაში გამოყენებულ ფოტოებზე საავტორო უფლება: საქართველოს რაგბის კავშირს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, როიტერს, სპორტული მედიცინის ასოციაციას, ბი-ბი-სის და PLUS TRI-ს ეკუთნით