საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საგადასახადო კოდექსი უკვე მეათედ შეასწორა და შეცვალა თამბაქოს ინდუსტრიის დაბეგვრის წესები. ბოლო ცვლილება, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დამტკიცდა, უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს: რატომ ხდება ერთი სექტორის შიგნით თამაშის წესების დიფერენცირება და ვის ჯიბეზე აისახება „ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის“ მოტივით მიღებული გადაწყვეტილება?
გაძვირებული იმპორტი და პრივილეგირებული ადგილობრივი ბაზარი
2026 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ბაზარზე ახალი რეალობა დადგა. კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქცია ერთმანეთისგან საგადასახადო განაკვეთით გამიჯნონ:
იმპორტირებული სიგარეტზე აქციზის გადასახადი 85 თეთრით გაიზარდა (1.30-დან 2.75 ლარამდე). ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე კი 60 თეთრით შემცირდა (1.9-დან 1.3 ლარამდე).
ავტორები და არგუმენტები: „ქართული ოცნების“ ოთხეული
ბოლო საგადასახადო ცვლილებების უკან მმართველი გუნდის დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი და თორნიკე ბერეკაშვილი დგანან.
საკანონმდებლო ცვლილების თანმხლებ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ეს „ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურებაა“ იმ 5-6%-იანი წილის გასაზრდელად, რომელიც ამჟამად ადგილობრივ წარმოებას უჭირავს ბაზარზე. ავტორების მტკიცებით, მიზანი ადგილობრივი ინდუსტრიის გაძლიერება და კონკურენტუნარიანობის გაზრდაა.
ამასთან, განმარტებით ბარათში მთავარი არ არის მითითებული, რამდენი კომპანია მოექცევა შეღავათის ქვეშ, არც ის, კონკრეტულად რამდენით დაზარალდება ბიუჯეტი ამ ცვლილების შედეგად.
კვალი მიდის „თბილისის თამბაქომდე“: ვინ არის საგადასახადო შეღავათის რეალური ბენეფიციარი?
როდესაც „ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე“ ვსაუბრობთ, საქართველოში თამბაქოს ბაზრის კონიუნქტურა საკმაოდ ვიწროა. ამ ეტაპზე ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმს 8 კომპანია ამზადებს, ხოლო სიგარეტს ერთი კომპანია, სს „თბილისის თამბაქო“ აწარმოებს, მისი ბრენდი „პირველი“ ბაზარზე გაყიდვადი პროდუქტია.
„თბილისის თამბაქო“ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის საკუთრებაა. კომპანიის 2023-2024 წლების ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, აქციების 50-50%-იან წილებს მისი შვილები, მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები ინაწილებენ.
ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, რომ კომპანიის შემოსავლები მაღალია:
- 2022 წელი: 19,7 მილიონი ლარი (წმინდა მოგება).
- 2023 წელი: 11.7 მილიონი ლარი (წმინდა მოგება);
- 2024 წელი: 14.7 მილიონი ლარი (წმინდა მოგება).
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ნედლეულს საერთაშორისო ბაზრებზე ყიდულობს, ადგილობრივი მწარმოებლის სტატუსი მას საგადასახადო უპირატესობას ანიჭებს, რომელიც პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა.
,მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე ცვლილებას ცვლილებასთან დაკავშირებით აცხადებს:
„აქ „ქართული ოცნების“ ინტერესი მომხმარებლისთვის ფასის შემცირება სულაც არ არის. პირიქით, იმ თამბაქოზეც კი, რომელზეც გადასახადი შემცირდა, ფასი რეალურად გაიზარდა. ერთადერთი მოტივაციაა, რომ ფული კონკრეტული ადამიანების ჯიბეში წავიდეს.”
ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ბიზნესმენი

„ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია ნებისმიერი ბიზნესმენისგან განსხვავებით და ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას გამოვხატავ.“ ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან 2018 წელს თქვა. იმავე წელს ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილს ოზურგეთში, სახლში ესტუმრა.
ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენია. ჩხარტიშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს, იყო სახელმწიფო მინისტროს მოადგილე და ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი მე-6 მოწვევის (2004-2008) პარლამენტის წევრი. მისი სახელი დაკავშირებულია მედიაში გავრცელებულ რამდენიმე სკანდალთან.
ინიციატორი დეპუტატი: „მირჩევნია არ დავასახელო“
ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი, დეპუტატი ლევან მაჭავარიანი, ჩვენთან საუბარში ცდილობდა, კანონპროექტი ფართო ეკონომიკურ კონტექსტში მოექცია. თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხი ვერ გაგვცა,
როცა ვკითხეთ, შეისწავლეს თუ არა მან და მისმა კოლეგებმა ადგილობრივი ბაზარი ცვლილების ინიცირებამდე – ვინ აწარმოებს რეალურად სიგარეტს საქართველოში მაჭავარიანმა გვიპასუხა:
- ეხლა ნამდვილად არ მახსოვს, თორემ როდესაც ჩვენ კანონპროექტზე ვმუშაობდით, მაშინ რა თქმა უნდა ადგილობრივი ბაზარიც შევისწავლეთ და გასაუბრებებიც გვქონდა რამდენიმე ბიზნესმენთან. ეხლა ფიზიკურად არ მახსოვს.
ჩვენ დავაზუსტეთ, ახსოვდა თუ არა მაინც, ვინ იყვნენ ეს ბიზნესმენები. დეპუტატის პასუხი ცალსახა იყო:
- მირჩევნია არ დავასახელო.
როცა მაჭავარიანს ვუთხარით, რომ ჩვენი ინფორმაციით ერთადერთი მწარმოებელი სს „თბილისის თამბაქოა“ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანია და ვკითხეთ, ხომ არ ნიშნავდა „ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა“ რეალურად ერთი კონკრეტული კომპანიის ხელშეწყობას, დეპუტატმა საკითხი განზოგადა:
- ნებისმიერი ქართული წარმოება ხელშეწყობილი უნდა იყოს, ეს მარტო თამბაქოს მიმართულება არ არის. შეიძლება რაღაცა კონკრეტული ადგილობრივი წარმოება იყოს, რომელსაც ერთი კომპანია ახორციელებს დღეს, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც ხელშეწყობილი არის, მოტივაცია ეძლევა კიდევ სხვა ბიზნესმენებს, რომ იგივე ტიპის წარმოებაში ჩაერთონ.
ჩვენ დაზუსტებაზე, რომ ეს კომპანია ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის საკუთრებაა და მისი მოგება წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ლარია მაჭავარიანმა გვიპასუხა:
- შეიძლება ეს იყოს ვანო ჩხარტიშვილი, შეიძლება სხვა ბიზნესმენი იყოს. მნიშვნელობა არა აქვს, ეს ვინ იქნება, თუ ადგილობრივ წარმოებაზე არის ლაპარაკი.
- ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებით
- მაგაზე მართლა არ მაქვს ინფორმაცია ფიზიკურად, პასუხს ვერ გაგცემთ. მადლობა.
დუმილი მთავარი მოთამაშეებისგან
ჩვენ ასევე კითხვით მივმართეთ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, შოთა ბერეკაშვილს. სტატიის გამოქვეყნებამდე მან არც ჩვენ წერილობით დატოვებულ კითხვებზე და არც შეხვედრისას არ გვიპასუხა.
წერილობითი კითხვებით მივმართეთ თავად ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს,როგორც ელექტრონული ფოსტით, ისე ოფიციალური წერილით. პასუხი არც მისგან მიგვიღია.
ანალოგიური მიმართვა გავაგზავნეთ სს „თბილისის თამბაქოს“ ელექტრონულ მისამართზე ვთხოვეთ კომენტარი იმ კონკრეტული საგადასახადო შეღავათის შესახებ, რომელიც, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, თავად მის გაყიდვებზე დადებითად აისახება. არც მათ უპასუხიათ.
შეღავათი, რომელიც მომხმარებელამდე “ვერ აღწევს”
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების რეალური ეფექტის სანახავად, თბილისის სიგარეტის საბითუმო ბაზრობას ვეწვიეთ. მოვაჭრეებთან საუბრისას ირკვევა, რომ მიუხედავად იმპორტირებულ პროდუქციაზე აქციზის მკვეთრი ზრდისა, ფასები ჯერ არ გაზრდილა. თუმცა, ყველაზე საინტერესო პროცესები „ადგილობრივი წარმოების“ ირგვლივ ვითარდება.
ბაზრობაზე ჩატარებულმა მცირე ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ „ქართული წარმოება“ ბაზარზე მხოლოდ ერთი სახელით არის წარმოდგენილი:
-ქართული სიგარეტი მაინტერესებს, რომელი გაქვთ?
-მხოლოდ „პირველი“.
– სხვა არცერთი არ არის ქართული?
– მხოლოდ ეს ერთი ბრენდია მთელ ბაზარზე?
-დიახ, მხოლოდ ეს.
ამგვარად, სახელმწიფო საგადასახადო შეღავათს უწესებს არა ინდუსტრიას, არამედ ერთ კონკრეტულ ბრენდს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმა ადგილობრივ წარმოებაზე აქციზი შეამცირა, მომხმარებლისთვის პროდუქტი არათუ გაიაფდა, არამედ გაძვირდა კიდეც. ბაზრობაზე ერთი ბლოკი “პირველის” ფასი 50-დან 52 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საცალო ქსელში თითო კოლოფზე ფასის მატებამ 50 თეთრი შეადგინა.
ბიუჯეტის ხარჯზე გაზრდილი მოგება: 25-მილიონიანი დანაკარგი
კიდევ ერთი ცვლილება, ადგილობრივი თამბაქოს მწარმოებლებისთვის, პარლამენტმა 2024 წელს დაამტკიცა. კანონმდებლებმა თამბაქოს ნედლეულზე, ნარჩენებზე, ჩილიმსა და ჰომოგენიზებულ თამბაქოზე აქციზის განაკვეთი გაანახევრეს – 1 კილოგრამზე 60 ლარიდან 30 ლარამდე.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილებით ბიუჯეტის დანაკარგი ერთ წელიწადში თითქმის 25 მილიონი ლარია.
საინტერესოა, რომ თავად ბენეფიციარი კომპანია “თბილისის თამბაქო” ამ ცვლილებას არა ეკონომიკური კრიზისისგან გადარჩენის გზად, არამედ გაყიდვების გაზრდის გარანტიად აღიქვამს. კომპანიის ოფიციალურ ანგარიშში პირდაპირ ვკითხულობთ:
„2024 წლის მაისში თამბაქოსთან დაკავშირებული საგადასახადო რეგულაციები შემსუბუქდა და აქციზი განახევრდა. შესაბამისად, ახალი საგადასახადო ზემოქმედება დადებითად აისახება თამბაქოს წარმოების რეალიზაციაზე და მენეჯმენტი ელის შემდგომი გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას.“
დაუსრულებელი „დროებითი“ შეღავათი: 8-ჯერ გადავადებული გადასახადი
წლებია, თამბაქოს ინდუსტრია თავისუფლდება იმ ფინანსური ტვირთისგან, რომელიც სხვა სექტორებისთვის სავალდებულოა. საუბარია თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადზე, რომლის ამოქმედებასაც პარლამენტი უკვე ათწლეულზე მეტია, გაურბის. 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ საგადასახადო კოდექსის ეს კონკრეტული მუხლი კიდევ 8-ჯერ გადაავადა.
ფასი, რომელსაც სახელმწიფო ამ „დაუსრულებელი მოლოდინისთვის“ იხდის, კონკრეტულია. კანონპროექტის თანმდევ განმარტებით ბარათში ავტორები უთითებენ:
„ამ შეღავათის გაგრძელების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ მიიღებს 1 391 450 ლარს წელიწადში.“
ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეს გადასახადი იმპორტირებულ ნედლეულზე არის ის გადასახადი, რომელზეც ჩვენი კითხვის საპასუხოდ დეპუტატმა მაჭავარიანმა თქვა, რომ „ფიზიკურად არ აქვს ინფორმაცია“. ანუ 2025 წლის ცვლილების ერთ-ერთმა ინიციატორმა, რომელსაც დარგი უნდა შეესწავლა ვერ შეძლო პასუხის გაცემა იმაზე, თუ რატომ უნდა იყოს გათავისუფლებული გადასახადისგან ის ნედლეული, რომელიც „ადგილობრივი წარმოების“ მთავარი კომპონენტია.
სოფლის მეურნეობის ნიღაბი: ვინ დგას „ადგილობრივი წარმოების“ მიღმა?
ხელისუფლება საგადასახადო შეღავათების ლეგიტიმაციას ხშირად სოციალური მოტივებით ცდილობს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ადგილობრივი მეთამბაქოეობის წახალისება და სოფლის მეურნეობის განვითარებაა დასახელებული.
ავტორების მტკიცებით, თამბაქოს კულტურა ტრადიციულად გავრცელებულია მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხში, ხოლო საგადასახადო „შეღავათები“ სწორედ ამ რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.
თუმცა სტატისტიკა სხვა სურათს გვიჩვენებს. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს წარმოება სიმბოლურ ნიშნულამდეა დასული. რეალურად, ადგილობრივი ნედლეულის წილი იმ ბრუნვაში, რომელიც სს „თბილისის თამბაქოს“ აქვს, მინიმალურია.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გვიპასუხა, რომ თამბაქოს ნედლეული ძირითადად ქედის, შუახევის და ხულო მუნიციპალიტეტებში, საოჯახო მეურნეობებში,მცირე ზომის ნაკვეთებზე მოჰყავთ. ზუსტი ფართობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სტატისტიკის დეპარტამენტში გადაგვამისამართა.
ზუსტი ინფორმაცია კი სეგმენტის სიმცირის გამო აღარ აღირიცხება. კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც კი 6 წლის წინანდელი მონაცემია მოცემული.
„საქართველოში რეალურად არანაირი თამბაქოს ინდუსტრია არ არის. სულ რამდენიმე კომპანიაა, რომელთა წვლილი ეკონომიკაში იმდენად მცირეა, რომ გაუგებარია, რატომ უნდა ხდებოდნენ ისინი ასეთი მასშტაბური საგადასახადო შეღავათების ბენეფიციარები. კომპანია რომლისთვისაც განხორციელდა ეს ცვლილება არის ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის საკუთრება. რეალურად თამბაქოს მოხმარების ჭრილში ყველანარი თამბაქო კლავს თანაბრად, როგორც შემოტანილი, ისე ადგილობრივი წარმოების და ამიტომ არ არის განსხვავებული მიდგომა მისაღები“ – აცხადებს საბა ბუაძე.