ინტერვიუ გიორგი ქუფარაშვილთან
“საქართველო და უკრაინა არის კარიბჭე, რომელსაც უჭირავს ევროპა და რომელმაც რუსეთისგან პირველი დარტყმები მიიღო”, – ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი
ქალაქი ზღვის პირას, სადაც 2022 წლის გაზაფხულამდე 400 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რუსეთის ჯარმა სამმაგ ალყაში ომის დაწყებისთანავე მოაქცია. მარიუპოლის ოკუპაცია რუსეთისთვის იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან წარმოედგინათ. ბრძოლა მარიუპოლისთვის 86 დღე გაგრძელდა. ქალაქს აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებული “აზოვის” ბატალიონი და უკრაინის არმიის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა იცავდა.
2022 წლის 22 მარტს უკრაინელმა სამხედრო მფრინავებმა ალყაში მოქცეული აზოვსტალიდან რამდენიმე დაჭრილი მებრძოლის გამოყვანა მაინც მოახერხეს. მარიუპოლი ყველა მხრიდან რუსეთის ჯარით იყო გარშემორტყმული, როცა უკრაინული შვეულმფრენი, დაჭრილების ევაკუაციის მიზნით, ქარხნის ტერიტორიაზე დაეშვა.
ეს წარმოუდგენელი გმირობა და თითქმის შეუსრულებელი მისია იყო, – წერდა უკრაინული პრესა ამ ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილებს შორის იყო ქართველი მებრძოლიც, – საქართველოს არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზირებული პოლკის მეთაური და “აზოვის” პოლკის ერთ-ერთი შემქმნელი გიორგი ქუფარაშვილი.
2025 წლის 6 მაისს, უკრაინის შეიარაღებულ ძალების ქვეითი ჯარის დღეს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გიორგი ქუფარაშვილსა და რამდენიმე უკრაინელ ჯარისკაცს ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა გადასცა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა, მოგვიანებით კი გიორგი ქუფარაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ არაფერია იმაზე საამაყო მებრძოლისთვის, ვიდრე ქვედანაყოფისა და პირადი შემადგენლობის ბრძოლის დაფასება.
“მადლობა პირველ რიგში ჩემს პირად შემადგენლობას გაღებული მძიმე ფასისათვის, რაც დღეს სახელმწიფომ და უმაღლესმა მთავარსარდლობამ აღიარა და შესაბამისად, დააფასა. არაფერია იმაზე დიდი პატივი და სიამაყე სამხედროსთვის და მეთაურისთვის ვიდრე მისი ქვედანაყოფის და პირადი შემადგენლობის შრომის და ბრძოლის დაფასება. ბრძოლა გამარჯვებამდე. დიდება უკრაინას”.
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გიორგი ქუფარაშვილი 1993 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და NATO-ს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა. უკრაინაში 2014 წელს ჩავიდა, როცა ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა დონბასის ოკუპაცია დაიწყო. ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი ახლადშექმნილი აზოვის ბატალიონის ინსტრუქტორი გახდა.
2014 წლიდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინის არაერთი ქალაქის გადარჩენაში აზოვის პოლკს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ამას მოწმობს უკრაინის სადაზვერვო სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები. 2022 წელს სწორედ ამ სამხედრო გაერთიანებამ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ბრიგადებთან ერთად, დაანგრია მითი რუსეთის “უძლეველი” არმიის შესახებ. დღესდღეობით “აზოვის” პოლკი სპეცდანიშნულების მე-12 ბრიგადაა, რომელიც შექმნის დღიდანვე უკრაინული ნაციონალიზმის იდეოლოგიას ეფუძნება.
ფოტო: “აზოვის” ბატალიონი ხარკოვში (AFP)
ომიდან სამი წლისა და სამი თვის თავზე, როცა რუსეთი ყოველ ღამე დრონებით ავიაშეტევებს ახორციელებს, ხოლო საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში უკრაინა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, “სტუდია მონიტორი” გიორგი ქუფარაშვილს დაუკავშირდა.
სტუდია მონიტორი: სამი წლის წინ, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი გზავნილი იყო კიევის სამ დღეში აღება. თუმცა ასე არ მოხდა. უფრო მეტიც, ამ ომში რუსეთს დიდი დანაკარგი აქვს. მარტო შარშან 50 ათასამდე ჯარისკაცი მოუკლეს. რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციიდან მალევე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩაწერა ვიდეო, შეიძლება ითქვას, ისტორიული ვიდეო, როცა მან უკრაინელ ხალხს მიმართა და თქვა, რომ მთელი მთავრობა რჩება უკრაინაში სამშობლოს დასაცავად. ეს გზავნილი იყო უდიდესი მუხტი მილიონობით ადამიანისთვის როგორც უკრაინაში, ასევე დასავლეთში. დღევანდელი გადმოსახედიდან, რეალურად, რამ გადაარჩინა უკრაინის სუვერენიტეტი?
გიორგი ქუფარაშვილი: ბევრი ფაქტორია ერთად, პირველ რიგში კი ეს იყო უკრაინული ეროვნული სიმტკიცე, ხალხის ერთობა. სახელმწიფოსთვის ბრძოლამ გამოიწვია ეროვნული ერთობა, ჯარის თავის ადგილზე ყოფნა, სახელმწიფო ინსტიტუტების თავის ადგილზე ყოფნა, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები არ ჩამოიშალა. სწორედ ამ ყველაფერმა შეაჩერა ეს “სამ დღეში კიევის აღების” გეგმა. ეს იყო მთავარი ფაქტორი და რომ არ ყოფილიყო ეს ეროვნული სიმტკიცე, როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო ჯარი, ჩამოიშლებოდა ყველაფერი. მერე ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანი იყო დასავლური მხარდაჭერა, შეიარაღება, ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც დიდი ფაქტორია მთელი ამ სამი წლის განმავლობაში. ასე რომ, მთავარი გრავიტაციის ცენტრი ეს არის ეროვნული სიმტკიცე და ერთიანობა.
სტუდია მონიტორი: დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და კანადა მზადყოფნას გამოთქვამენ, მაქსიმალურად დაეხმარონ უკრაინას როგორც ფინანსურად, ასევე ლეტალური იარაღით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხის ირგვლივ ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილები ისმის ვაშინგტონიდან. რამდენად მნიშვნელოვანია დასავლური შეირაღების დროულად მიწოდება უკრაინისთვის?
გიორგი ქუფარაშვილი: რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია! ისევ პირველ კითხვას დავუბრუნდები ნაწილობრივ, – ერთი მეორეს გარეშე არ გამოვა. ეროვნული სიმტკიცე რომ არ ყოფილიყო, ვერ გაუწევდნენ წინააღმდეგობას რუსეთს. მეორე – შეირაღება უმნიშვნელოვანესია, რადგან სიმტკიცე რომც გქონდეს, ცარიელი ხელებით ვერ გაუწევ წინააღმდეგობას, მითუმეტეს როცა ბრძოლის ველი ამ სამი წლის განმავლობაში ხშირად იცვლება. ამას წინ რომ აღუდგე, გჭირდება სამხედრო შეიარაღება. დასავლური შეიარაღება, იქნება ეს ლენდ-ლიზი თუ სხვა, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ამ საკითხში. თუმცა ევროპის ერთჯერადი დახმარებაც არ იქნება საკმარისი, რადგან რუსეთი ანვითარებს შეიარაღებას, მიდგომას, ტაქტიკას, ცვლის დროდადრო ამ ტაქტიკას და ამიტომაცაა იარაღის მუდმივი მოწოდება აუცილებელი. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორც გადაიყვანა რუსეთმა მთელი ეკონომიკა საომარ რელსებზე. სწორედ ამიტომაა კრიტიკულად გადამწყვეტი დასავლური შეიარაღების შეუფერხებლად მიწოდება უკრაინისთვის.
სტუდია მონიტორი: 2023 წლიდან უპილოტო საფრენი აპარატების, იგივე კამიკაძე დრონების გამოყენებამ ამ ომს ახალი სახე შესძინა. რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა უკრაინაზე იერიში ერთ ღამეში 140 დრონით მიიტანა. ვხედავთ დრონების ეფექტურ გამოყენებას უკრაინის მხრიდანაც. მაგალითად, “ნიუ იორკ თაიმსის” ერთ-ერთ ანალიტიკურ სტატიაში წერია, რომ დრონების გამოყენება გარკვეულწილად ზოგავს ადამიანურ რესურსს და “ნადირობისა და თვალთვალის” მეტ უნარს ანიჭებს მოწინააღმდეგე მხარეებს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
გიორგი ქუფარაშვილი: მოდი, ასე ვთქვათ, კამიკაძე დრონებმა და ზოგადად დრონების სისტემამ გამოიწვია ცვლილება ტაქტიკურ დონეზე, სტრატეგიულ დონეზე კი არაფერი შეცვლილა, პრობლემა პრობლემად დარჩა. თუმცა დრონები ქმნის პრობლემას უშუალოდ იმ ხალხისთვის, ვინც იმყოფება წინა ხაზზე და იბრძვის. ამ კუთხით დრონებმა ნამდვილად გამოიწვია ცვლილებები დოქტრინაში, ტაქტიკაში, ტექნიკურ მოქმედებებში. უკრაინა ნამდვილად ახერხებს შესაბამისი რესურსის მობილიზებას და პროტოკოლის შექმნას ამ ცვლილებასთან ერთად. ომზე დრონების გავლენა ძალიან აშკარაა, მაგრამ რომ ვთქვათ, უდიდესი გარდატეხა შეიტანა სტრატეგიაში-თქო, ასე არ არის, თუმცა გაართულა მოქმედებები წინა ხაზზე. ადრე თუ შეიძლებოდა მოქმედებები განხორციელებულიყო ერთ-ორ დღეში, დღეს ეს იწელება კვირები. ანუ ტაქტიკურ დონეზე შეცვალა საომარი მოქმედებები, მაგრამ არა სტრატეგიულად.
სტუდია მონიტორი: კონტრშეტევაც ასევე ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომელმაც უკრაინაში ომს ახალი ტრაექტორია მისცა. მაგალითად, რუსეთის საზღვრის სიღრმეში, კურსკის ოლქზე შეტევა არაერთი სამხედრო ანალიტიკოსის მოსაზრებით, კრემლისთვის ერთგვარ “აქილევსის ქუსლადაც” იქცა. როგორ ცვლის კონტშეტევა ამ ომს, თქვენი აზრით და რამდენად განსაზღვრავს ომის საბოლოო შედეგს?
გიორგი ქუფარაშვილი: კონტრშეტევაზე რომ გადახვიდე, ამისთვის მთლიანად სახელმწიფო უნდა იყოს მზად და არა მხოლოდ ჯარი. მობილიზებული უნდა გქონდეს რესურსები, მობილიზებული უნდა გქონდეს შეიარაღება, ფინანსური მხარდაჭერა. თუ ეს ყველაფერი არ არის მზადყოფნაში, როგორი კარგი გეგმაც არ უნდა გქონდეს, პირველივე გასროლაზე, ეს გეგმა შეიძლება ჩაიშალოს. ასე რომ, ამას ძალიან დიდი მომზადება უნდა და მტრისთვისაც, – რუსეთისთვისაც შესაფერისი დრო უნდა იდგეს, რომ მასზე კონტრშეტევა განახორციელო. დღესდღეობით კონტრშეტევები ტაქტიკურ დონეზე, ასეული ბატალიონების დონეზე ყოველდღიურად ხდება, მაგრამ მე ვამბობ ძალიან მასშტაბურ სტრატეგიულ კონტრშეტევაზე რომ გადახვიდე, ამისთვის სხვანაირად დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ამისთვის ძალიან დიდი რესურსის მობილიზება უნდა მოხდეს და შესაფერისი მომენტი და ვითარება უნდა გამოვნახოთ.
სტუდია მონიტორი: რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი აქტუალური თემაა უცხოელი მოხალისეები, რომლებიც უკრაინელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან. მათ შორის საქართველოს ასობით მოქალაქეც არის. რას ნიშნავს უკრაინისთვის უცხოელი სამხედროების ლეგიონი და რამდენად გადამწყვეტია მათი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში?
გიორგი ქუფარაშვილი: დიახ, უკრაინაში სპეციალური ქვედანაყოფები არსებობს, სადაც უცხოელები ეწერებიან მოხალისეებად, აფორმებენ კონტრაქტს და უერთდებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათი წვლილი ამ ბრძოლაში ძალიან დიდია-თქო, რომ ვთქვა და მნიშვნელოვან გარდატეხას ახდენს, გადაჭარბებული იქნება, რადგან არ არის მათი შემადგენლობა ძალიან დიდი რაოდენობის, მაგრამ მათი აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან! ასევე, ერთი მხრივ, ეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერაცაა, როგორც უკრაინის ჯარისთვის, ასევე უკრაინელი ხალხისთვის. მეორე მხრივ, ამას ისტორიული დატვირთვაც აქვს, მაგალითად ქართველების შემთხვევაში, როცა ორი ქვეყნის შვილები მხარდამხარ იბრძვიან, ეს სამომავლოდ აუცილებლად აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის ურათიერთობაზე. ქართველები აქ 2014 წლიდან იბრძვიან. ისინი ძალიან გამოცდილები არიან, გამოცდილები სამწუხაროდ იმ სავალალო ოკუპაციის გამო, რაც უკრაინამდე რუსეთმა საქართველოს დამართა. ასევე აქ არიან ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქალაქეებიც. მათ იციან, თუ რა გზა გაიარა საქართველომ, რა გზას გადის უკრაინა და იციან, თუ რუსეთი აქ არ დამარცხდება, მათ ქვეყანას მოუწევს იმავე გზის გავლა. საქართველო და უკრაინა არის კარიბჭე, რომელსაც უჭირავს ევროპა, რომელმაც რუსეთისგან პირველი დარტყმები მიიღო. ევროპის საზოგადოება უკვე ხვდება, თუ ეს კარიბჭე ჩამოიშლება, შემდეგი იქნება ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, მოლდოვა და ა.შ.
სტუდია მონიტორი: 2022 წელს თქვენ იყავით, მარიუპოლში, “აზოვსტალში”, “აზოვის” პოლკის სხვა მებრძოლებთან ერთად, უკრაინაში კი 2014 წლიდან იბრძვით. მახსოვს, უკრაინულ მედიასთან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ არ გქონდათ გადარჩენის იმედი, თითქოს სიკვდილის შიშმა თქვენშიც შემოაღწია, ასე ვთქვათ. პირადად თქვენზე, რამდენად მძიმე კვალი დატოვა ამ საომარმა მოქმედებებმა და მთლიანად ომმა?
გიორგი ქუფარაშვილი: რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა პიროვნულად და ალბათ ყველაზე მოახდინა გავლენა, რადგან ომის შედეგი უკვალოდ არ ქრება. რაც შეეხება შიშს, შიში ყველა ადამიანშია, მთავარია გადალახო ეს შიში და გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია. “აზოვსტალში” უმრავლესობას გაცნობიერებული გვქონდა, რომ სიკვდილზე მივდიოდით. არ არსებობს ადამიანი შიშის გარეშე, მაგრამ დგება მომენტი, როცა ადამიანს აღარაფრის ეშინია. ჩემი აზრით, ამ დროს ადამიანი ბევრ შეცდომას უშვებს და ეს განსაკუთრებით სახიფათო მომენტია, მითუმეტეს, როცა სხვების სიცოცხლე გაბარია და მათ ხელმძღვანელობ. ამიტომ შიში ადამიანური განცდაა, მთავარია, შიშს არ დაემორჩილო. პიროვნულ ცვლილებებს რომ დავუბრუნდეთ ისევ, ყველა ადამიანში, ვინც ამ ომში მიიღო მონაწილეობა და ახლა მონაწილეობს, აქვს ფსიქოლოგიური ტრავმები. ამ ომმა იმ ადამიანებსაც კი გაუჩინა ტრავმები, ვინც საქართველოშია და უკრაინაში ომს თვალს ადევნებს, განიცდის, გული შესტკივა, გვგულშემატკივრობს და იმ საშინელ კადრებს უყურებს, რაც ვრცელდება. ასე რომ, ომმა მორალური ტრავმები ყველა ჩვენგანს დაგვიტოვა.