დეპუტატის გერმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ტერიტორია მშენებლობის უფლების მოპოვების შემდეგ გაყიდა

ჟურნალისტი: მონიტორი
Divider dot 30 ივლისი 2026

პარლამენტარ გიორგი ბარვენაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ თბილისის ისტორიულ ცენტრში, ყოფილი თეც-ის შენობები გაყიდა მას შემდეგ, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობის უფლება მოიპოვა.

ახალი მესაკუთრე შპს “მაქრო ფლანთსია”, რომელიც სამშენებლო კომპანია “მაქრო კონსტრაქშენის” დამფუძნებელს, ემინ უჩარს ეკუთვნის. OCCRP-ის 2022 წლის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, უჩარი მჭიდროდ იყო დაკავშირებული აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელ მმართველ ვასიფ თალიბოვთან, რომელიც OCCRP-ის გამოძიების მიხედვითვე, თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გამდიდრდა და დაკავშირებული იყო ფულის გათეთრების სქემებთან.

“მაქრო კონსტრაქშენთან” ბარვენაშვილის გარკვეულ კავშირებზე ინფორმაცია გასული წლის ზაფხულში გასაჯაროვდა, როცა გაირკვა, რომ “რიყის დოქები” ამ კომპანიის შვილობილმა – შპს “მაქრო ფროფერთიმ” შეიძინა, რომლის დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილი იმავდროულად გიორგი ბარვენაშვილის წილების მმართველია სხვადასხვა კომპანიაში. 

დოდო აბაშიძის #10-ში, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული „თბოელექტროცენტრალის” [თეც] შენობები  გიორგი ბარვენაშვილის გერის, მარიამ დოლიძის კომპანიამ – შპს “ნეოსითილაითმა” 2025 წლის ივლისში 9 428 200 აშშ დოლარად იყიდა. 

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში, 2025 წლის 12 ნოემბერს მარიამ დოლიძემ განცხადებით მიმართა თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცება ყოფილი თეც-ის ტერიტორიაზე.

2025 წლის 19 დეკემბერს კი თბილისის საკრებულომ დოდო აბაშიძის №10-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშეწიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. 

ამ დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის ფართობია 11,893 კვ.მ, რომელზეც 4 შენობა უნდა განთავსდეს. აქედან 2 უკვე ამ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, რომლებიც უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ დაიტვირთოს კომერციული ფუნქციით. რაც შეეხება ახალ შენობებს, ეს იქნება 2 ახალი საცხოვრებელი კორპუსი – 8-სართულიანი [ სიმაღლე – 29.25 მ] და 9-სართულიანი [სიმაღლე 33 მ].

მშენებლობის უფლების მოპოვების შემდეგ “ნეოსითილაითი” მალევე შეეცადა ამ ტერიტორიის გაყიდვას: 2026 წლის 6 მარტს ხელი მოეწერა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, თეც-ის ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტის მესაკუთრე, „ნეოსითილაითის“ 75.1%-იანი წილი შპს “ფაუერ ჰაუს 1”-ს 9,540,000 აშშ დოლარად გადაეცემოდა. 

ამავდროულად, მყიდველი თანხმდებოდა კომპანიისთვის ერთობლივად სესხის გამოყოფას. სესხის თანხა ჯამში შეადგენდა 9,800,000 აშშ დოლარს, საიდანაც მყიდველი გადაიხდიდა 7,360,000 აშშ დოლარს, ხოლო გამყიდველი – 2,440,000 აშშ დოლარს, რომელსაც გამყიდველის მიერ გადახდილი მესამე ტრანშიდან დაფარავდა. ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე, მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიაზე  – დოდო აბაშიძის 17-ში 370 კვ. ტერიტორიის კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანას. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ ხარვეზების გამო სამეწარმეო რეესტრმა შპს “ნეოსითილაითის” 75.1% წილის მფლობელად შპს „პაუერ ჰაუს 1“ არ დაარეგისტრირა და საბოლოოდ, სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა და გარიგებაც ჩაიშალა.

ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ბარვენაშვილის გერის კომპანიამ ახალი მყიდველის მოძიება დაიწყო და საბოლოოდ ტერიტორია “მაქრო ფლანთს” მიყიდა შემდეგი პირობით: “მაქრო ფლანთსმა” “ნეოსითილაითისგან” დოდო აბაშიძის 10-ში, ჯამში, 9,228 კვ.მ ტერიტორია იყიდა. თუმცა, აქედან 822 კვ.მ ფართი ახალმა მფლობლემა 1 ლარად უნდა დაუბრუნოს უკან შპს “ურბან ელექტრიკს”, რომლისგანაც დოლიძის კომპანიამ შეიძინა ყოფილი თეც-ის შენობები. ამასთან, ამავე ტერიტორიაზე 2,423 კვ.მ ფართის მესაკუთრედ “ნეოსითილაითი რჩება.

რამდენად გაყიდა დეპუტატის გერის კომპანიამ ყოფილი თეც-ის ტერიტორია? – ნასყიდობის ხელშეკრულება “მონიტორმა” საჯარო რეესტრიდან დაჩქარებული წესით 24 აპრილს გამოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის ბოლოს ეს დოკუმენტი უნდა მოეწოდებინა რეესტრს ჩვენთვის. თუმცა რეესტრი ამ დოკუმენტს ამ დრომდე არ გვაძლევს და ვერც გვითითებს კონკრეტულ მიზეზს, თუ რის საფუძველზე. დეტალებისთვის ნახეთ ეს ვიდეო:

ყოფილი თეც-ის ტერიტორია, გარდა იმისა, რომ მასზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია განთავსებული, ისტორიული განაშენიანების ზონაშია მოქცეულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილ ძეგლებზე, შესაძლებელია მხოლოდ დაზვერვითი, გაწმენდითი, არქეოლოგიური და პრევენციული კონსერვაციის სამუშაოების ჩატარება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მშენებლობა დასაშვებია, თუკი საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია და პროპორციები შეესაბამება საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს. ამასთან, ახალი მშენებლობა არ უნდა უპირისპირდებოდეს ისტორიული განაშენიანების იერსახეს, მორფოლოგიასა და მასშტაბს.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელია „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ თანხმობა.

საბჭოს 7 წევრიდან 3-ის დასკვნა უარყოფითი იყო – მათ შორის გახლდათ ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი. 

“ჯობდა, რომ მერიას და საკრებულოს ნებართვა არ გაეცათ მანამდე, სანამ მისაღებ პროექტს და მშენებლობის მისაღებ ზომებს არ მიიღებდნენ, მაგრამ ამ ქალაქში სამწუხაროდ ასე ხდება, რომ ვიღაცისთვის ყველაფერი შეიძლება და ვიღაცისთვის – არაფერი. გავლენიანი მფარველის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ასეთი დიდი პროექტისთვის ასეთ მნიშვნელოვან ადგილას ასე მარტივად მიიღო ნებართვა,” – გვითხრა თამარ ამაშუკელმა.

უკავშირდება თუ არა დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილის გავლენებს მშენებლობის ნებართვის მოპოვება, წაიკითხეთ “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება ამ ბმულზე.