ბენედეტო სარაჩენო:  “მე შემიძლია საქართველოს რომელიმე ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორს ვუჩივლო გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის დარღვევისთვის” 

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე ; რედაქტორი: ზაზა წულაძე
Divider dot 21 მარტი 2024

დაბმა, ჩაკეტვა, მკაცრი იზოლაცია, ძალადობა, უგემური საკვები, რომელიც პერიოდულად ინტოქსიკაციას იწვევს, სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა, – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაც საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებობს. ამ პრობლემებს სახალხო დამცველის ანგარიშებში მონიტორინგის ჯგუფი ყოველწლიურად ასახავს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ რეკომენდაციებსაც გასცემს. თუმცა ამავე ანგარიშების თანახმად დასტურდება, რომ რეკომენდაციათა ნაწილი შეუსრულებელია. მაგალითად, 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ გაცემული სახალხო დამცველის 39 რეკომენდაციიდან 28 რეკომენდაცია დღემდე შეუსრულებელია.

საქართველოში სახელმწიფო პროგრამით ამჟამად 11 ფსიქიატრიული დაწესებულება მუშაობს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თბილისში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრია. ამ დაწესებულებაში არსებულ უფლებათა შელახვაზე სახალხო დამცველის 300-გვერდიან ანგარიშში წერია:

შეზღუდვისა და შებოჭვის მეთოდებში ე.წ. დეესკალაციის ტექნიკა იგულისხმება. მექანიკური შეზღუდვა სპეციალური ინსტრუმენტებით პაციენტის ფიზიკურად დაბმას ნიშნავს, ხოლო ქიმიური შეზღუდვა ეწოდება ქცევის კონტროლის მიზნით პაციენტისთვის მედიკამენტის იძულებით მიცემას. კანონის თანახმად, ეს პრაქტიკა უსაფრთხოების უკიდურეს ფორმას წარმოადგენს და თერაპიად არ უნდა გამოიყენებოდეს.

პაციენტების პალატა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში

ფსიქიკურ ჯანდაცვაში არსებული გამოწვევებისა და დარღვევების შესახებ “სტუდია მონიტორი” გლობალური ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის გენერალურ მდივანს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, ბენედეტო სარაჩენოს დაუკავშირდა. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პაციენტებისადმი მკაცრი იზოლაციის პრაქტიკას სარაჩენო საკონცენტრაციო ბანაკს ადარებს და მიიჩნევს, რომ უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი დეინსტიტუციონალიზაციაა. 

დეინსტიტუციონალიზაცია საზოგადოებისგან იზოლირებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს გაუქმებას და ინტეგრირებული სამედიცინო დახმარების სერვისებით მის ჩანაცვლებას გულისხმობს. 

დეინსტიტუციონალიზაციის გზა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ წარმატებით გაიარა. ერთ-ერთი პირველი იტალია იყოს, როცა ძალადობრივი გარემო რეფორმატორმა ფსიქიატრმა ფრანკო ბაზალიამ ახალ სივრცედ გარდაქმნა. ის პირველი იყო, ვინც პაციენტის დაბმაზე უარი თქვა და შეზღუდვის მომხრე ექიმები ციხის ზედამხედველებს შეადარა. 1978 წელს მთელი იტალიის მასშტაბით დაწყებულ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს სწორედ ბაზალიას კანონები, იგივე დემოკრატიული ფსიქიატრიის რეფორმა დაედო საფუძვლად. ბენედეტო სარაჩენოც ფრანკო ბაზალიას თანამოაზრეა. 

“სტუდია მონიტორი”: საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების უფლებრივი მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. ამას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველისა და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებში აღწერილი მძიმე ფაქტები, კერძოდ ადამიანის უფლებათა შელახვის ეპიზოდები. სად ხედავთ გამოსავალს, როგორ უნდა აღმოიხვრას ეს მავნე პრაქტიკა? 

ბენედეტო სარაჩენო

ბ.ს.: “სახიფათო გარემო, სადაც ძალადობა პაციენტებისა და თავად მედპერსონალის მიმართაც დომინანტია, საუკუნეების განმავლობაში ფსიქიატრიის თანმდევი პრობლემა იყო. მაგრამ დაახლოებით 50 წლის წინ არაერთმა ქვეყანამ ამ პრობლემასთან გამკლავება დაიწყო. ამის მაგალითებია ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ევროპისა და ახლა უკვე ლათინური ამერიკის არაერთი ქვეყანა. ყველაფერი დეინსტიტუციონალიზაციით დაიწყო. ეს ნიშნავდა პაციენტებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებას და საზოგადოებრივი სერვისის განვითარებას. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ როცა საქართველოში ჩამოვედი რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად, შევხვდი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და ფსიქიატრიის სფეროს წარმომადგენლებს. მაშინ ნათლად დავინახე, რომ ცვლილებებისადმი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება იყო. ჩაკეტილი ფსიქიატრიული დაწესებულების გამოსწორება შიგნიდან ძალიან რთულია, რადგან ესაა ციხის მსგავსი ძალიან მძიმე გარემო და როგორც წესი, დაბალი ბიუჯეტით. შესაბამისად, ამ მძიმე გარემოსთან გამკლავება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, თუ გვსურს, რომ შედეგს დროულად მივაღწიოთ. 

“სტუდია მონიტორი”: რა გზით  ხორციელდება დეინსტიტუციონალიზაცია? 

ბ.ს.: როცა ვამბობ დინსტიტუციონალიზაციას, არ ვგულისხმობ პალატებისა და პაციენტებისთვის ლოგინების გაუქმებას, არამედ მხედველობაში მაქვს ისეთი კლინიკები, როგორიცაა დიდ სამედიცინო დაწესებულებებში გახსნილი ფსიქიატრიის დეპარტამენტები. მაგალითად, კარდიოლოგიის, გინეკოლოგიის, პედიატრიის განყოფილებები, სადაც პაციენტი მკურნალობს, გარე სამყაროსგან იზოლირებული არ არის, მას არ ეკრძალება ოჯახის წევრებთან დარეკვა და კონტაქტი. თუ მედიცინის სხვა სფეროში არსებობს ასეთი კლინიკები, რატომ არ შეიძლება მწვავე დიაგნოზის მქონე პაციენტებმაც გაიარონ რამდენიმე კვირიანი, თუნდაც რამდენიმეთვიანი ხარისხიანი მკურნალობა და შემდეგ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრებში განაგრძონ ეს მკურნალობა, რომელიც სათემო დღის ცენტრებს წარმოადგენს, – პაციენტი იქ მიდის დილით და საღამოს სახლში ბრუნდება. ძალადობრივი გარემოს აღმოსაფხვრელად პირველი ნაბიჯი სწორედ ისაა, რომ შეიქმნას ფსიქიატრიული განყოფილება სხვა კლინიკების ბაზაზე; მეორე, – ეს გახლავთ იზოლაციის მკაცრი წესების გაუქმება და სათემო სერვისის შექმნა, მესამე ნაწილი კი საცხოვრებელი კომპლექსის გახსნაა ქრონიკული და მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, სადაც ხელი მიუწვდებათ მკურნალობაზე. ეს უკანასკნელი გათვლილი უნდა იყოს იმ პაციენტებზე, რომელთაც ოჯახი არ ჰყავთ ან ფსიქო-სომატური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ცხადია, მათ გარეთ ვერავინ გააგდებს და ავტომატურად მათ ექნებათ თავშესაფარი მსგავს კომპლექსში. ეს არის დაცული ტერიტორია, სადაც პაციენტები პატარა ბინებში ცხოვრობენ. ერთ სივრცეში 5-6 კაცზე მეტის მოთავსება არაფრით შეიძლება. ესაა გარემო, სადაც ადამიანის უფლებები ბევრად დაცულია, ხოლო სამედიცინო მომსახურება თანაბრად ხელმისაწვდომი როგორც თქვენთვის და ჩემთვის, ასევე ამ ადამიანებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ პირადი სივრცე, – ზუსტად ისე, როგორც მე და თქვენ გვაქვს. თანაბარი სამედიცინო მომსახურება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მინდა გითხრათ, რომ ფსიქიატრიული კლინიკის გარდაქმნა საცხოვრებელ გარემოდ და სათემო ობიექტად სულაც არ არის წარმოუდგენელი ან რევოლუციური მოვლენა. ეს გზა ევროპის არაერთმა სახელმწიფომ წარმატებით გაიარა და წარმატებულად გამოუვიდათ ასევე არგენტინას, ბრაზილიას და დომინიკის რესპუბლიკას. მთელ მსოფლიოში მკაცრად იზოლირებული ფსიქიატრიული კლინიკების 60% უკვე დახურულია და მათ ნაცვლად სწორედ ისეთი სერვისებია, რაზეც წეღან ვსაუბრობდი. ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ სამი ელემენტის არსებობა: ცენტრალურ საავადმყოფოებში არსებული ფსიქიატრიული განყოფილება მწვავე პაციენტებისთვის, დღის ცენტრები მათთვის, ვისაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება და საცხოვრებელი კომპლექსები ასაკოვანი ან მარტოხელა პაციენტებისთვის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტების მდგომარებას. რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში არ ხდება, ამას სჭირდება რამდენიმე წელი, მაგალითად სამი, ოთხი, ხუთი წელი და შესაბამისი ბიუჯეტიც. 

ე.წ. განრიდების ოთახი თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში

“სტუდია მონიტორი”: სამწუხაროდ, საქართველოში ძლიერი სტიგმა მოქმედებს, რაც სოციოლოგებისა და უფლებადამცველების აზრით, საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგიცაა. გჯერათ, რომ დეინსტიტუციონალიზაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას? 

ბ.ს.: დიახ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ რეფორმის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანის უფლებები. როგორ ვიცი, საქართველო ხელმომწერია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის. ამ დოკუმენტის ხელმოწერა არ არის სიმბოლური აქტი, ესაა ვალდებულების აღება. შესამაბისად, მე შემიძლია საქართველოს რომელიმე ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორს ვუჩივლო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის დარღვევისთვის. ეს კანონი სამართლებრივი ინსტუმენტია იმისა, რომ დაიცვა ადამიანის უფლებები. როგორც ვხედავ, საქართველოში ამგვარი მასშტაბური რეფორმის მოწინააღმდეგეები ორ ჯგუფად იყოფიან. ერთ ჯგუფში ფსიქიატრთა ნაწილი შედის. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი რეფორმა საქართველოში შეუძლებელია. მოწინააღმდეგეთა მეორე ჯგუფში კი პოლიტიკოსები შედიან. მათ ეშინიათ რეალური ცვლილების, ეშინიათ, რომ მედია არსებულ სტიგმას სკანდალისთვის გამოიყენებს, კრიმინალი გაიზრდება და ა.შ. არადა ჩვენ გვაქვს სამედიცინო სტატისტიკა, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და ჩაკეტილი მკაცრი სისტემის გაუქმება ფსიქიატრიაში არც სიუიციდის, არც კრიმინალის მაჩვენებელს და არც უსახლკაროთა რაოდენობას არ ზრდის. რაღა თქმა უნდა, ეს რეფორმა ასე სწრაფად არ ხდება. როცა ვიყავი თქვენს ქვეყანაში, მათ მითხრეს, რომ დეინსტიტუციონალიზაციას დაიწყებდნენ. მაგრამ ამდენი წელი გავიდა და მთავრობას მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ჩემი აზრით, საქართველოში ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. 

“სტუდია მონიტორი”: რა სამედიცინო სტანდარტი არსებობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პაციენტის აგრესიული ქცევის სამართავად ისე, რომ მისი უფლებები არ შეილახოს? 

ბ.ს.: ფიზიკური ძალადობა არის სისხლის სამართლის დანაშაული და სამედიცინო მეთოდთან არავითარი კავშირი არ აქვს. ძალიან დიდი შეცდომაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ აგრესიული პაციენტის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენება ნორმაა. ძალადობა იზრდება მაშინ, როცა გარემოც ძალადობრივია, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. როცა ათობით პაციენტი ერთი ჭუჭყიანი ტუალეტით სარგებლობს, სადაც შარდის სუნი დგას, როცა პაციენტს არ აქვს პირადი სათავსო ნივთების შესანახად, როცა საკვები საშინელია, როცა არაადამიანურად გეპყრობიან, როცა ექიმი ნახევარ საათსაც არ უთმობს თითოეულ პაციენტს, როცა სარეაბილიტაციო აქტივობები არ არსებობს კლინიკაში. ასეთ გარემოში, რაღა თქმა უნდა, პაციენტი იქნება გაღიზიანებული და აგრესიულიც კი. როცა ერთი პაციენტის ქცევა აგრესიულია, ეს შეგვიძლია მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას დავუკავშიროთ, მაგრამ როცა ათი პაციენტია აგრესიული, ეს ნიშნავს, რომ საქმე სისტემურ პრობლემასთან, სისტემურ გულგრილობასთან გვაქვს. რაც შეეხება შებოჭვას, ეს მეთოდი მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, მცირე ხნით და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ გამოიყენება. მე მინახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში, იტალიაში, როცა პაციენტი აგრესიული ხდებოდა, მას ექიმი როგორც მშობელი შვილს, ისე იხუტებდა და პაციენტიც ამით მშვიდდებოდა. ბევრი ჰუმანური გზა არსებობს პაციენტის დასამშვიდებლად, დაბმა და ფიზიკური ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა და ეს მანკიერი პრაქტიკა ევროპამ წარსულში დატოვა. ახლა მწვავე დიაგნოზის მქონე პაციენტებს ექიმები გაცილებით მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ადრე და ჩხუბის ნაცვლად გაცილებით მეტს ესაუბრებიან. 

“სტუდია მონიტორი”: საქართველოში თავად ფსიქიატრებს შორის ერთგვარი თაობათა შორის ბრძოლაა. ნაწილი ფსიქიატრებისა ამბობს, რომ ქართულ ფსიქიატრიაზე დღემდე შემორჩენილია საბჭოთა დამღა, – ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტის მკაცრი კონტროლი, მაშინ, როცა თანამედროვე ფსიქიატრია კონტროლის ნაცვლად მკურნალობას და რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. საშუალება რომ გქონდეთ იმ სპეციალისტებთან შეხვედრის, ვინც პაციენტის შეზღუდვასა და კონტროლს ნორმად მიიჩნევს, რას ეტყოდით? 

ბ.ს.: მინდა ვკითხო იმ ექიმებს და ექთნებს, ვინც ძალადობრივ მეთოდებს ამართლებს, რადგან სამკურნალოდ სხვა გზას ვერ ხედავს. მათი ოჯახის წევრი რომ იყოს იმ პაციენტის ადგილას, მასაც სცემდნენ?! მასაც დააბამდნენ?! რა თქმა უნდა, არა! წარმოიდგინეთ, როცა პაციენტის აგრესიულ ქმედებას მედპერსონალი პასუხობს აგრესიით, ეს ნიშნავს, რომ საკონცენტრაციო ბანაკის გარემო იქმნება საავადმყოფოში. მაგალითად, იტალიაში ცალკე ფსიქიატრიული საავადმყოფო დიდი ხანია აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს უამრავი ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილება დიდ საავადმყოფოებში, სადაც ათავსებენ მწვავე დიაგნოზის მქონე პაციენტებს. მათ შორიც შეიძლება იყოს აგრესიული ქცევის პაციენტიც, მაგრამ ძალადობრივი მეთოდებით მათ აღარავინ ეპყრობა. არავითარი ფიზიკური ძალადობა, არავითარი დამცირება, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ აღმოიფხვრა იტალიაში. პაციენტისადმი მტრული დამოკიდებულება ყველაზე მარტივი გამოსავალი ჰგონიათ ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში გამოსავლის მოსაძებნად მაღალკვალიფიციურ მედპერსონალს სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა შეეძლოს. მეეჭვება, რომ ექიმს, რომელიც ძალადობის მომხრეა, პროფესიონალი ეწოდოს. 

შიდა ეზო ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი)

“სტუდია მონიტორი”: დასავლეთ ევროპის არაერთმა ქვეყანამ გაიარა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების ხანა, როგორც იტალიაში უწოდეს, ბაზალიას დემოკრატიული ფსიქიატრიის დამკვიდრების ხანა. ამ პროცესში თავის დროზე თქვენც მონაწილეობდით. ამიტომ საინტერესოა თქვენი აზრი, – იმისთვის, რომ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სათანადო რეფორმები გატარდეს, ვის რა მისია და როლი ეკისრება? 

ბ.ს.: ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დაწყებულ რეფორმაში სამი მთავარი აქტორი უნდა გამოვყოთ: ესაა საზოგადოება, მედპერსონალი და მთავრობა. ყველა მათგანს თავისი როლი და პასუხისმგებლობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმაში: საზოგადოებამ უნდა დაძლიოს სტიგმა, თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტები მასობრივად საშიშები არიან საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება სიცრუეა. ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ცივილიზებულ ევროპულ ქვეყანაში შეუძლებელია საზოგადოება პაციენტების მიმართ ძალადობას ამართლებდეს. სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად აუცილებელია საზოგადოება სათანადოდ იყოს ინფორმირებული. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტები მათი თანასწორნი არიან და ღირსეულ მოპყრობას იმსახურებენ. უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ჩვენნაირი ადამიანები არიან კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემით. რაც შეეხება მედპერსონალს, უნდა გაწყდეს მოჯადოებული წრე, როცა ექთნის მიერ ჩადენილ ძალადობას ხელს აფარებს ექიმი ან პირიქით, როცა ექთანი ხელს აფარებს ექიმის ძალადობრივ ქმედებას. არ დაგვავიწყდეს, რომ მსხვერპლი საბოლოო ჯამში მაინც პაციენტია. არ არსებობს სამედიცინო ეთიკის ნორმა, რომელიც სამედიცინო პერსონალის მხრიდან ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას გაამართლებს. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მედპერსონალის გადამზადება და ცნობიერების ამაღლება. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორი კი მთავრობაა, – ის, ვინც ბიუჯეტს განაგებს და ადგენს კანონებს. სწორედ მთავრობამ მოაწერა ხელი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციას. არა მხოლოდ მოაწერა, არამედ ეს დოკუმენტი რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და ძალადობაზე თვალის დახუჭვა ამ დოკუმენტის აღსრულებაზე უარის თქმას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა არღვევს გაეროს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. რეალურად, მთავრობას პასუხისმგებლობაზე მეტი ეკისრება. სწორედ მთავრობაა ვალდებული დაიცვას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებები, რადგან თავის დროზე საქართველოს მთავრობა დათანხმდა ამ კანონის აღსრულებას. შეგახსენებთ, რომ პარაგვაის ჯანდაცვის მინისტრი სწორედ იმის გამო გადადგა, რომ გაეროს კონვენცია დაარღვია და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ძალადობის სისტემური პრობლემა უგულებელჰყო. მას ადგილობრივმა უფლებადამცველებმა უჩივლეს, რის გამოც მინისტრი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. 

ჟურნალისტი: ქეთი თუთბერიძე

რედაქტორი: ზაზა წულაძე

გრაფიკა: სალვატორე კოსტა