გაქცევა პანამიდან – კანონი ოლიგარქების გადასარჩენად
პანამური კომპანიის მფლობელებს, რომლებიც ოფშორში ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მომსახურებას უწევდნენ, ფულის გათეთრებისთვის 12-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. საუბარია “მოსაქ ფონსეკაზე”, რომლის საშუალებითაც ბიძინა ივანიშვილმა მისი კუთვნილი კომპანია Lynden Management-ი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში დაარეგისტრირა.
სასამართლო პროცესი 8 აპრილს დაიწყო. იურიდიული კომპანიის “მოსაქ ფონსეკა” დამფუძნებლებს, იურგენ მოსაკსა და რამონ ფონსეკას, ასევე ამ კომპანიის 27 ყოფილ თანამშრომელს, ფულის გათეთრებისთვის 12-წლიანი პატიმრობა შეიძლება შეეფარდოთ. პანამაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორმა ისის სოტომ ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი მოითხოვა.
საქმე ეხება 2016 წელს გამომძიებელი ჟურნალისტების გამოქვეყნებულ “პანამის დოკუმენტების” (Panama Papers) სახელით ცნობილ გამოძიებას, რომელშიც სხვა მილიონრებსა და მილიარდერებს შორის ბიძინა ივანიშვილი , დავით კეზერაშვილი და ირაკლი რუხაძე ფიგურირებდნენ.
“პანამის დოკუმენტები” ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ოლიგარქების შესახებ
ეს საქმე 11 მილიონ-ნახევარი დოკუმენტისგან შედგება და 214 000 ოფშორულ კომპანიას ეხება. ამ მილიონრებსა და მილიარდერებს შორის ასევე არიან ავტორიტარული რეჟიმების მმართველები, – ბაშარ ალ ასადი და მისი ოჯახის წევრები, ილჰამ ალიევი, ნესტორ კირშნერი, ყოფილი დიქტატორების ოჯახის წევრები, – მუამარ კადაფისა და ჰოსნი მუბარაქის შვილები. ასევე გადამალულ დოკუმენტებში არიან ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებიც, – ნავთობის მაგნატები არკადი და ბორის როტენბერგები, მედიამაგნატი კონსტანტინ ერნსტი, ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა და კიდევ ოცამდე რუსი ოლიგარქი. თითქმის ყველა მათგანი დღეს საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.
“მოსაქ ფონსეკა” პანამაში მოქმედი კომპანიაა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ოფშორულ ზონებში მომსახურებას სთავაზობს. 2006 წელს სწორედ მათ დაარეგისტრირეს ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს “ლინდენ მენეჯმენტი” ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების ოფშორულ ზონაში.
2011 წელს ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების ფინანსურმა საგამოძიებო სააგენტომ “მოსაქ ფონსეკას” ზემოთ ხსენებული კომპანიის მფლობელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. მოგვიანებით, “მოსაქ ფონსეკამ” ფინანსურ საგამოძიებოს სააგენტოს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ Lynden Management-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.
პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ივანიშვილი ზემოთხსენებულ კომპანიას მალავდა და დეკლარაციაში არ წერდა. გარდა ამისა, როდესაც “მოსაქ ფონსეკა” ივანიშვილისგან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ითხოვდა, ოლიგარქის წარმომადგენლები ამ დოკუმენტაციის მიწოდებაზე ოთხი წლის განმავლობაში უარს აცხადებდნენ. ამ ფაქტს 2011-2015 წლებში “მოსაქ ფონსეკას” ოფისებს შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით არსებული მიმოწერა ადასტურებს, რომელიც გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung -ს ანონიმურმა წყარომ 2016 წელს მიაწოდა.
“მოსაქ ფონსეკა” ასევე იურიდიულ მომსახურებას უწევდა საქართველოსთან დაკავშირებულ კიდევ ერთ კომპანია Hunnewell Partners-ს. ოფშორში ამ კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი რუხაძეა. კომპანია საქართველოში ფლობს ტელეკომპანია “იმედს”, რუსთავის ფოლადის ქარხანას, წილს “ლიბერთი ბანკში”, “მაგთიკომსა” და “ჰაიდელბერგცემენტში”.
პანამის სასამართლოს “პეპლის ეფექტი” ქართულ ოცნებაზე
2024 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა. კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, ოფშორიდან აქტივების გადმოტანისას სუბიექტი გადასახადებისგან თავისუფლდება.
ამავე კანონპროექტით განისაზღვრება, რომ “ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე ან აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას, ამ ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან”.
იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონის შედეგად ქართველი გადასახადების გადამხდელების ხარჯზე შეღავათს მილიონერები მიიღებენ, რომელთაც თავიანთი აქტივები ოფშორულ ზონაში გაუმჭვირვალედ აქვთ გადამალული.
“სტუდია მონიტორის” შეკითხვას, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა და მიღება პანამაში მიმდინარე სასამართლო პროცესს, ალაფიშვილმა უპასუხა:
“როცა 8 აპრილს ასეთი სასამართლო პროცესი იწყება, ხოლო 10 აპრილს საქართველოს პარლამენტი გაუმჭვირვალედ, დაჩქარებული წესით ასეთი ინიციატივით გამოდის და სამი მოსმენით ახლა უკვე მიღებულიცაა, ბუნებრივია, კალენდარზე დახედვაც გამოცნობადს ხდის კავშირს ამ ორ მოვლენას შორის”.
2021 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რის მიხედვითად ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 10 ოფშორული კომპანია თავის მხრივ საქართველოში 26 კომპანიას ფლობს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ დაჩქარებულად ამ კანონის მიღებაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი მიდის რუსული კანონის მიღების პარალელურად. ჩემი აზრით, ეს ზრდის ალბათობას, რომ ივანიშვილი აღმოჩნდეს დასავლური სანქციების ქვეშ და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გადმოაქვს დაჩქარებული წესით თავისი ოფშორული კომპანიების ქონება საქართველოში”, – განმარტა ბესო ნამჩავაძემ “სტუდია მონიტორთან” ინტერვიუში.
“საგადასახადო ნავსაყუდელი”
ამერიკული გამოცემის Business Insider-ის ინფორმაციით, დღესდღეობით მსოფლიოში 15 ქვეყანა არსებობს, რომელიც მილიონრებისა და მილიარდერების ქონებისთვის “საგადასახადო ნავსაყუდელს” წარმოადგენს და მათ გადასახადების თავიდან არიდებაში ეხმარება. ამ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე სწორედ ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებია, – კარიბის ზღვაში მდებარე ტერიტორია, სადაც 2006 წელს ივანიშვილის კუთვნილი კომპანია დარეგისტრირდა. 2015 წელს ვირჯინის კუნძულები ევროკავშირმა იმ ტერიტორიების შავ სიაში შეიყვანა, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ქონებას მალავენ.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და ომის ფონზე, რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ვირჯინის კუნძულების ადგილობრივი ხელისუფლება კატეგორიულად გააფრთხილა, არ შეუწყონ ხელი ოლიგარქებს, თავიდან აირიდონ საერთაშორისო სანქციები.
“პანამის დოკუმენტების” ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, ევროპარლამენტმა ოფშორული ზონების შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადა. დოკუმენტში წერია, რომ ოფშორში გადამალულმა ქონებამ შესაძლოა, ფულის გათეთრების, გადასახადების თავიდან არიდებისა და კრიმინალური საქმიანობის რისკები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
“1,5 ტრილიონიდან 2,8 ტრილიონ დოლარამდე და მსოფლიოს მშპ-ს 2%-იდან 5%-მდე ყოველწლიურად ფულის გათეთრების შედეგად იკარგება”, – წერია ევროპარლამენტის ანგარიშში.
ავტორები: ქეთი თუთბერიძე, ნინო რამიშვილი, თეო ქავთარაძე