ივანიშვილის ოჯახის აქამდე უცნობი ქონება რუსეთში 

Divider dot 19 აგვისტო 2024
  • ავტორები: OCCRP, iStories (რუსეთი), GMC , სტუდია მონიტორი, “აი, ფაქტი” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

ქვეყნის არაფორმალური მმართველი და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, 2012 წლიდან ცდილობს, რუსეთთან საკუთარი კავშირები უარყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, პირობა დადო, რომ 2012 წლის არჩევნებამდე თავის რუსულ ბიზნესს გაასხვისებდა და რუსულ პასპორტსაც ჩააბარებდა. “პოლიტიკაში ჩემი ყოფნისას, საზოგადოებას ზედმეტი კითხვები რომ არ გაუჩნდეს,” – თქვა მან მაშინ, როდესაც ქართველ ხალხს “ქართული ოცნების” დაფუძნების შესახებ ამცნო. 

თუმცა, ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო რუსეთში უძრავი ქონების გაფართოება. ოჯახის უახლესი შენაძენი 2024 წლით თარიღდება. ოლიგარქის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, მიმდინარე წლის 19 აპრილს 4 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა. მანამდე კი, 2021 წლის 28 სექტემბერს ხვედელიძემ რუსეთში კიდევ რამდენიმე უძრავი ქონება დაირეგისტრირა.

აქამდე ყველასთვის უცნობი ეს ქონებები მოიცავს საცხოვრებელ სახლს და სამ მიწის ნაკვეთს, რომელიც მოსკოვთან ახლოს, “პერედელკინოს” ელიტურ აგარაკებთან მდებარეობს.

რუსული საგამოძიებო მედიია “istories”-ის მიხედვით, ოლიგარქის ოჯახის უძრავ ქონებებთან ახლოს, 2.7 ჰა მიწის ნაკვეთი ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს “აკვა-სფეისმა” 2012-2013 წლებში დაირეგისტრირა. უცნობია, ეს მიწები ისევ მათ საკუთრებაში არის თუ არა. 

ჟურნალისტებმა შეისწავლეს მსგავი ქონების ფასები იმ ტერიტორიებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მიწის ნაკვეთებს და სახლებს ფლობს. დაახლოებითი გამოთვლით, უძრავი ქონების საშუალო ღირებულება 14 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

“[მისი ახალი ქონებები] კიდევ ერთხელ ამტკიცებს ფაქტს, რომ მას არასდროს შეუწყვეტია კონტაქტები [რუსეთთან]”, – გვეუბნება ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. “ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ მას რუსეთში არაფერი ჰქონდა და აღარ იყო დაკავშირებული რუსეთთან. ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ჩვენ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მართლები ვიყავით, როდესაც ვამტკიცებდით, რომ ასეთი საფრთხე არსებობდა.”

ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის რუსეთში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, პირველად 2013 წელს გახდა საჯარო. მაშინ, როცა ოლიგარქმა  პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, მისი პირველი და უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის პირველი რუსული რეზიდენცია მოსკოვის ერთ-ერთ ძვირადღირებულ რაიონში, სავრასოვაზე მდებარეობს. ეს ქუჩა გამოჩენილ ხელოვანთა საცხოვრებელ ადგილად არის ცნობილი. რეზიდენცია დღესაც ეკატერინე ხვედელიძის და მათი ვაჟის, უტა ივანიშვილის საკუთრებაა. 

ივანიშვილთან დაკავშირებული შპს “აკვა-სფეისის” ახლად აღმოჩენილი ფინანსური დოკუმენტების თანახმად, ეკატერინეს და უტას სახლს აქირავებენ. იგივე დოკუმენტით ირკვევა, რომ ქირის შემოსავალი, ხვედელიძეს დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული ბანკის, “ვი-თი-ბის”  მეშვეობით ერიცხება. 

კომპანიის ფინანსური ანგარიშების თანახმად, რეზიდენციას რუსეთის მოქალაქე ანდრეი პერშინი ქირაობს. ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებში ჩანს, რომ ის 2023 წლის იანვრიდან ქირაში, თითქმის ყოველთვიურად, 800 000 რუბლს (დაახლოებით 9 000 აშშ დოლარი) კომპანია “აკვა-სფეისის” ანგარიშზე რიცხავს. ამავე ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, ქირა, მინიმუმ, 2024 წლის მაისის ჩათვლით გრძელდებოდა და ამ ფორმით “აკვა-სფეისმა” ხვედელიძეს, დაახლოებით, 94 000 აშშ დოლარი ჩაურიცხა.     

2022 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წერდა ბიძინა ივანიშვილის რუსული კომპანია, შპს “აკვა-სფეისზე”, რომელსაც ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია “ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის” მეშვეობით ფლობდა. 

ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ფინანსური დოკუმენტების თანახმად, 2023 წელს კომპანიას 71 მილიონ რუბლამდე მოგება (დაახლოებით 800 000 აშშ დოლარი) ჰქონდა. “აკვა-სფეისი” ამ შემოსავლის ნაწილს ივანიშვილის ოჯახის რეზიდენციის გაქირავებიდან იღებს. ქირის გადასახადი კომპანიას საბანკო ანგარიშზე ერიცხება. ამ თანხის დიდი ნაწილი კი, იმავე დღეს, ეკატერინე ხვედელიძის იმ ანგარიშზე მისამართდება, რომელიც სანქცირებულ “ვი-თი-ბი” ბანკში ჰქონდა გახსნილი. ეს ტრანზაქცია ყოველთვიურად მეორდებოდა. 

ასევე, კომპანიის ფინანსური დოკუმენტები ცხადყოფს, რომ “აკვა-სფეისი” “სბერბანკში” რეგულარულად ანთავსებს მილიონობით რუსულ რუბლს მოკლევადიან დეპოზიტებზე, რისთვისაც ბანკი მას ურიცხავს სარგებელს. 

“სბერბანკი” და “ვი-თი-ბი” რუსეთის ორი უმსხვილესი ბანკია, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო ფლობს. ორივე ბანკი აშშ-ს მიერ არის სანქცირებული, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

იმის გამო, რომ კომპანია “აკვა-სფეისი” ქირას იღებს ბიძინა ივანიშვილის ცოლის საკუთრების გაქირავებიდან და შემდეგ ამ ქირის ნაწილს ეკატერინე ხვედელიძეს იმავე დღეს ურიცხავს, ჩნდება ეჭვი, რომ “აკვა-სფეისი” კვლავ ბიძინა ივანიშვილის ან მის ოჯახის საკუთრებაა. სამწუხაროდ, ოფშორული კომპანიის, “ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის” კორპორაციული დოკუმენტები 2017 წლის შემდეგ აღარ არის ხელმისაწვდომი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას ამ კომპანიაში. 

ჩვენ ვეცადეთ ეს ამბავი, თავად ბიძინა ივანიშვილის  საადვოკატო ფირმასთან გადაგვემოწმებინა და მათ ვკითხეთ, არის თუ არა “ვენითი ოუვერსიზ ლიმითედი” ისევ ოჯახის საკუთრებაში. ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ გვითხრა, რომ ის საქართველოში არ იმყოფებოდა და შვებულებაშია. “მე ვერ მოვახდენ ვერაიანირ რეაგირებას… ვერ მოგცემთ ვერანაირ განმარტებას. არ ვიმყოფები ქვეყანაში, შვებულებაში ვარ”.   

ადვოკატის შემდეგ პარტია “ქართული ოცნების”  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც მივწერეთ იგივე კითხვები, თუმცა პასუხი ვერც მათგან მივიღეთ. 

ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, “აკვა-სფეისი” ასევე ფლობს, ჯამში, 2.7 ჰა რეკრეაციული სტატუსის მქონე მიწას პერედელკინოსთან, მოსკოვის მახლობლად. მიწის ნაკვეთები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მეორე სახლთან ახლოს მდებარეობს. აღნიშნული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 2.7 მილიონი აშშ დოლარია. 

რეპორტიორებმა ვერ შეძლეს დადგენა, ივანიშვილის ოჯახის რომელიმე წევრი ცხოვრობს თუ არა მოსკოვის მიმდებარედ არსებულ მეორე სახლში, ან არის თუ არა ის გაქირავებული. სახლი ეკატერინე ხვედელიძემ 2007 წელს უჩა მამაცაშვილისგან, ოლიგარქის სანდო პირისა და დეიდაშვილისგან შეიძინა.