დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა “იმედსა” და “პოსტივის” უკრაინასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების გამო

Divider dot 24 თებერვალი 2026

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ტელეკომპანიებს “იმედსა” და “პოსტივის” – უკრაინისა და მისი ლიდერების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით.

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ორ ქართულ ტელეკომპანიას „განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის“ გავრცელების გამო, რუსეთის ომის შესახებ უკრაინაში.

“იმედისა” და “პოსტივის” წინააღმდეგ ქმედებები იმ ფართო პაკეტის ნაწილია, რომელიც ასეულობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს უწესებს სანქციებს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების განცხადებით, „საპასუხო“ პაკეტი რუსეთის ნავთობის ექსპორტსა და სამხედრო მიმწოდებლებს მიემართება, ორი ქართული მაუწყებლის დასანქცირების შესახებ ინფორმაცია კი, გამოჩნდა დამატებით გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

აღნიშნულია, რომ ორივე ტელევიზია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს „უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის “მარიონეტია”, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.“

“იმედმა” სანქციებს „არაფრისმომცემი“ უწოდა და ბრალი დასდო დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას საქართველოს „კრიმინალური“ წინა მთავრობის მხარდაჭერის გამო. არხმა განაცხადა, რომ გააგრძელებს „საქართველოსა და სიტყვის თავისუფლების სამსახურს.“

აღსანიშნავია, რომ 30 იანვარს “იმედის” წილები შეისყიდა შპს “პრაიმ მედია გლობალმა” „სიმბოლურ ფასად“ 1,000 ლარად. “პრაიმ მედია გლობალის” აქციონერებს შორის არიან “იმედის” თანამშრომლებიც.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “იმედის” წინა მფლობელები იყვნენ ირაკლი რუხაძე, ბენჟამინ მარსონი და იგორ ალექსეევი, ჯგუფ Hunnewell Partners-ის პარტნიორები.

აშშ-ის მოქალაქე ირაკლი რუხაძეს მჭიდრო ბიზნეს-კავშირები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან, მილიარდერთან და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან. აშშ-მა ივანიშვილს სანქციები დაუწესა 2024 წლის დეკემბერში, ბრალად დასდო „საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური მომავლის შელახვა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ.“

ირალი რუხაძემ “იმედის” წილების გასხვისების დროს განაცხადა, რომ მფლობელობა „ეკონომიკურად არ არის საინტერესო“ და „აზიანებს ძირითადი ბიზნეს-ინვესტიციების განხორციელებას ქართულ ეკონომიკაში.“ მან ასევე თქვა, რომ არხი „არ ჩარეულა პოლიტიკურ პროცესებში“ და შეუწყო ხელი „საქართველოს ომში ჩართვის რისკის შემცირებას.“

Hunnewell Partners-ის პრესსპიკერმა თქვა, რომ ფირმას „არავითარი მონაწილეობა არ ჰქონია არხში და სრულად გამოსულია ბიზნესიდან“ 6 თებერვლის შემდეგ.

მეორე დასანქცირებული ტელევიზიის “პოსტივის” წილების უმეტესობას ფლობს პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე. წილს ფლობს არხის დამფუძნებელი და წამყვანი შალვა რამიშვილიც.

2025 წლის თებერვალში რამიშვილმა უკრაინის შესახებ გააკეთა განცხადება და თქვა „უკრაინის მარცხი ჩვენი გამარჯვებაა“, კიევი არის „Мать городов русских”.

“მონიტორთან” საუბრისას, რამიშვილმა გაერთიანებული სამეფოს ბრალდებებს უწოდა „ბოლომდე აბსურდული.“

„ჩვენ ვემსახურებით საქართველოს, და ბრიტანეთმა ამ სანქციებით დაგვაფასა საქართველოს სუვერენიტეტის რეალური სამსახურისთვის,“ – განაცხადა მან.