„ჩვენ ვაუქმებთ ანგარიშებს“: როგორ აჩუმებენ მედიას საავტორო უფლებების ყალბი საჩივრებით

ჟურნალისტი: მარიკა დუდუნია
Divider dot 5 აგვისტო 2026

შავ ბაზარზე დაქირავებული ადამიანები 5,000 დოლარამდე ითხოვენ, რათა YouTube-სა და Meta-დან არასასურველი ჟურნალისტური მასალები გააქრონ.

დამოუკიდებელ მედიას საქართველოში მუდმივ რეჟიმში უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის. თუმცა, გასულ კვირას, „მონიტორს“ ცენზურის მცდელობის მოსაგერიებლად ტექნოლოგიურ გიგანტთან, YouTube-თან მოუწია გამკლავება.

„მონიტორის“ YouTube-ის არხი მოულოდნელად გაქრა. „მონიტორმა“ YouTube-ისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო განმარტება: ვიდეოები წაიშალა სამი მასალის წინააღმდეგ საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ შესული საჩივრების საფუძველზე.

ერთ-ერთი ვიდეო ამხელდა თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლის დაუდეკლარირებელ „ერმესის“ (Hermès) ჩანთების კოლექციას. მეორე ვიდეო ეხებოდა დასანქცირებულ მოსამართლეებს, ხოლო მესამე დეტალურად აღწერდა სიგარეტზე აქციზის გადასახადის იმ ცვლილებებს, რომლითაც მთავრობასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა იხეირა.

საავტორო უფლებების დარღვევაზე ჩივილი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაჩუმებლად სულ უფრო გავრცელებული ტაქტიკაა – აცხადებს ალბერტო ფიტარელი, ტორონტოში დაფუძნებული Citizen Lab-ის უფროსი მკვლევარი, რომელიც დეზინფორმაციის საკითხებზე სპეციალიზდება. მასთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულია, რადგან მესაკუთრეობის შესახებ პრეტენზიების გასაჩივრებისას მტკიცების ტვირთი მსხვერპლს ეკისრება.

„საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ შეტყობინების არხების ბოროტად გამოყენება განსაკუთრებით ეფექტიანია“, – ამბობს ფიტარელი. „რადგან ის პლატფორმების (დაუზარალებელი) მომხმარებლებისთვის პრაქტიკულად უხილავია, მაგალითად, ბოტების კომენტარებისგან ან პოსტებისგან განსხვავებით, ეს მეთოდი წარმოუდგენლად არასათანადოდ ფასდება.“

„მონიტორისთვის“ გაგზავნილ შეტყობინებებში YouTube-ი აღნიშნავდა, რომ საჩივრები სამი ანგარიშიდან შემოვიდა, მათ შორის ერთ-ერთის სახელი იყო რიპუ სინგჰი. ის ამტკიცებდა, რომ „მონიტორის“ „ვიდეოებმა დააკოპირა და ნებართვის გარეშე გამოიყენა ჩემი გარეკანის (thumbnail) დიზაინი და სურათები“.

YouTube-ის შეტყობინებაში მითითებული იყო მომჩივნის ელექტრონული ფოსტის მისამართი, ამიტომ ჟურნალისტმა მას წერილი გაუგზავნა და თავი გააცნო, როგორც პოტენციურმა კლიენტმა, რომელსაც მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების წაშლა სურდა.

ჟურნალისტმა პასუხი თითქმის მაშინვე მიიღო: „ანუ, არხის გაუქმება გსურთ? შეგიძლიათ ბმული ჩამიგდოთ, ფასი რომ გითხრათ?“

შემდეგ მან მიაწოდა WhatsApp-ის ნომერი, რომელიც ონლაინ სატელეფონო ცნობარში ადიტია სინგჰის სახელით იძებნება. ჟურნალისტებთან მიმოწერაში სინგჰმა მეტი დეტალი გაამჟღავნა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ფასიანი საავტორო უფლებების საჩივრების ბოროტად გამოყენების ეს მზარდი არაფორმალური ინდუსტრია.

მან თქვა, რომ არ იცოდა, საბოლოოდ ვინ შეუკვეთა „მონიტორის“ დაბლოკვა, რადგან კლიენტი მას სხვა „შუამავლის“ მეშვეობით დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ ინდოეთიდან მუშაობდა და მისი „სააგენტო“ თავის მომსახურებაში 3 000-დან 5 000 დოლარამდე იღებს. მისივე თქმით, ის თავის მომსახურებას რეკლამას არ უკეთებს, თუმცა კლიენტები მას რეკომენდაციებით პოულობენ.

„მე გავაუქმე ეს არხი“, – დაადასტურა მან.

როდესაც ჟურნალისტმა ვინაობა გაამხილა და YouTube-დან საჩივრების უკან გაწვევა სთხოვა, მან ეს თითო ვიდეოზე 380 დოლარის სანაცვლოდ შესთავაზა. მას არც დაუდასტურებია და არც უარყვია, რომ მისი ნამდვილი სახელი ადიტია სინგჰი იყო და არ გაუმჟღავნებია დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისთან ერთად მუშაობს ან ვინ დაიქირავა იგი.

YouTube-ს კომენტარის მოთხოვნაზე არ უპასუხია, თუმცა „მონიტორის“ არხი აღადგინეს.

YouTube-ის მიერ არხის წაშლიდან სულ რამდენიმე დღეში, ყალბი საავტორო უფლებების საჩივრის საფუძველზე, Facebook-მაც დაბლოკა „მონიტორის“ გვერდი. ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს მომჩივნის რეალური ვინაობის დადგენა, რადგან საჩივარში მითითებული არც სახელი და არც ელექტრონული ფოსტის მისამართი საჯარო ჩანაწერებში არ იძებნებოდა. მოგვიანებით Facebook-მა გვერდი აღადგინა.

სხვა მედიასაშუალებებიც გამხდარან ყალბი საავტორო უფლებების საჩივრების სამიზნე.

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ყაზახურ სამსახურს, „რადიო აზატიკს“, გასული ექვსი თვის განმავლობაში გვერდები წაუშალეს. „რადიო აზატიკის“ მიერ მიწოდებული სქრინშოტები აჩვენებს, რომ არაერთმა ანგარიშმა მიზანში ამოიღო გამოცემის YouTube-ის, Instagram-ისა და Facebook-ის პოსტები.

გასაჩივრებულ მასალებს შორის იყო სიუჟეტები საპარლამენტო არჩევნების შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის დეკრეტზე, პოლიტიკური აქტივისტის გასამართლებასა და ქვეყნის პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებულ მომგებიან კომპანიაზე ჩატარებულ გამოძიებაზე.

მისი TikTok ანგარიშის მეშვეობით, ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მომხმარებელი, რომელიც საპრეზიდენტო დეკრეტის შესახებ პოსტზე საავტორო უფლებებს იჩემებდა, პაკისტანში დაფუძნებული გეიმერი იყო. „რადიო აზატიკმა“ საბოლოოდ შეძლო გვერდების აღდგენა YouTube-სა და Meta-ში საჩივრების გაგზავნის შემდეგ.

ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე მსგავსი თავდასხმები წარმოადგენს „გლობალურ საფრთხეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ფიტარელიმ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პლატფორმა მკაფიოდ აცხადებს, რომ კრძალავს მათი რეპორტინგის სისტემების ბოროტად გამოყენებას, „გაურკვეველია, რამდენად აქტიურად ხორციელდება ეს პრაქტიკაში“, – დასძინა მან.

„იმის ფონზე, რომ განხილვის სისტემები ორიენტირებულია ზედაპირულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჩივრების მიღებაზე, არაკეთილსინდისიერი აქტორებისთვის თითქმის ელემენტარული საქმეა შექმნან და უკანა რიცხვით დაარეგისტრირონ ვებსაიტები, რათა დაამტკიცონ კონკრეტულ კონტენტზე მესაკუთრეობა და მტკიცების ტვირთი თავიანთ მსხვერპლს დააკისრონ“, – განაცხადა ფიტარელიმ.