ქალების სიცოცხლის უფლება საფრთხეში

Divider dot 21 სექტემბერი 2022

სამხრეთ კავკასიაში, სადაც საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული პატრიარქალური ნორმები მნიშვნელოვნად განაპირობებს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, ყოველწლიურად ათობით ქალი ხდება ძალადობის უკიდურესი ფორმის – ფემიციდის მსხვერპლი. ჩვენ საქართველოსა და სომხეთის მაგალითზე გიამბობთ, თუ რა საფრთხეშია ქალების სიცოცხლის უფლება და რატომ ვერ იცავს მათ სახელმწიფო.

ავტორები: მაია მეცხარიშვილი (საქართველო), ლიანა პეტროსიანი (სომხეთი)

დარღვეულია სიცოცხლის უფლება

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. ხოლო მე-14 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი, მათ შორის სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე.

მიმდინარე წლის თებერვალში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ 19 წლის სალომე ჯორბენაძე ვერც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისგან დაიცვა და ვერც – მისი სიცოცხლის უფლება. 

სალომე 2014 წელს მოკლა ყოფილმა ქმარმა სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით. ის შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი იყო. 

ამ საქმეში დაზარალებულის უფლებებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა. ორგანიზაციის ცნობით, “მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა”.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს საქმე შეიძლება განიხილებოდეს იმის ნათელ მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა და დისკრიმინაციულმა პასიურობამ შექმნას ისეთი კლიმატი, რომელიც ხელს შეუწყობს მსხვერპლთა მიმართ ძალადობის შემდგომ გავრცელებას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან. 

“სხვადასხვა დამცავი ზომების უგულებელყოფით, რომლებიც უშუალოდ ხელმისაწვდომი იყო, ხელისუფლებამ არ აღკვეთა გენდერულ საფუძველზე ძალადობა მომჩივანთა უახლოესი ნათესავის მიმართ, რაც ბოლოს დამთავრდა მისი სიკვდილით და მათ ეს წარუმატებლობა კიდევ უფრო დაამძიმეს პასიურობით, შემგუებლობითაც კი, სავარაუდო დამნაშავის მიმართ, რომელიც მოგვიანებით იქნა მსჯავრდადებული მსხვერპლის მკვლელობისთვის”, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

რატომ ვერ იცავს პოლიცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს?

სალომე ჯორბენაძის საქმე ფემიციდის ერთადერთი შემთხვევა არ არის საქართველოში, როდესაც მსხვერპლი სამართალდამცავებისგან მკვლელობამდე ითხოვდა შველას, მაგრამ ის მაინც დაუცველი აღმოჩნდა.

სახალხო დამცველი ყოველწლიურად სწავლობს ფემიციდის შემთხვევებს. მისივე მონაცემებით, 2014 წელს გააანალიზეს ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის 24 საქმე და აქედან 4 შემთხვევაში დაზარალებულს გაცხადებული ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან მანამდე ჩადენილი ძალადობრივ ქმედებებზე; 2015 წელს – 14-დან – 1 შემთხვევაში, 2016-ში – 11-დან 6 შემთხვევაში, 2017 და 2018 წლებში – 17-17 შესწავლილი საქმიდან 5-5 შემთხვევაში, 2019 წელს – 10-დან 4 საქმეში, 2020 წელს 23-დან 8 შემთხვევაში.

“გაანალიზებული საქმეებიდან იკვეთება, რომ პოლიციის დროული და ეფექტიანი რეაგირების არარსებობამ გამოიწვია მოძალადის მხრიდან უფრო მძიმე ძალადობის ფემიციდის ან/და ფემიციდის მცდელობის ჩადენა დაზარალებულის მიმართ”, – ნათქვამია სახალხო დამცველის 2014-18 წლების ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშში.

ელისო რუხაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” იურისტი ელისო რუხაძე წლებია ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებებს იცავს. ის გვიყვება, რომ ყოველდღიურად 10-მდე პოლიციელთან უწევს შეხება, როდესაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს იცავს.

“დღეში მინიმუმ 10 და თვეში 300-მდე შემთხვევა მაქვს, როცა მიწევს საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთან შეხება და ამ 300-დან შეიძლება 3-4 იყოს გენდერულად სენსიტიური პოლიციელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰყავს ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე სპეციალიზებული პოლიციელები, სისტემაში არის ამ კუთხით გადამზადებული და სენსიტიური კადრების დეფიციტი. ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით რეგიონებში, როცა  დახმარების ნაცვლად, პოლიციელები პირიქით ამუნათებენ და აბულინგებენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს”, – აცხადებს ელისო რუხაძე.

იურისტი იხსენებს 2018 წელს თბილისში მომხდარ გახმაურებულ შემთხვევას, როდესაც პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მეორე სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა ალექსქნდრე ჯინჭველაშვილმა სცადა მისი ყოფილი პარტნიორი ქალის – ელენე ბლაგოდარნაიას მკვლელობა, ელენეს ყოფილი ქმარი კი მოკლა მაშინ, როცა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც ბლაგოდარნაიამ მას შემდეგ გამოიძახა, რაც მოძალადე მის სახლში შეჭრას შეეცადა. ელისო რუხაძე მაშინ ორგანიზაცია “საფარში” მუშაობდა, რომელიც ბლაგოდარნაიას უფლებებს იცავდა:

“ეს იყო ფაქტობრივად პოლიციის შეცდომა – კარი გაუღო მოძალადეს საპატრულო პოლიციამ და შეუშვა სახლში, სადაც სცადა ელენეს მკვლელობა და მოკლა მისი ყოფილი ქმარი. პოლიციელების სამხრე კამერებით გადაღებულ კადრებში ძალიან კარგად ჩანდა, როგორ ეუბნებოდნენ პოლიციელები მოძალადეს – ახლაო შენ ხომ არ ამოგიწერთ შემაკავებელ ორდერს და ხომ არ დაგიჭერთო? ანუ ე.წ. მხარდაჭერა და კაცური სოლიდარობა ძალიან მკაფიოა პოლიციაში”, – ამბობს ელისო რუხაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის საშუალებით არაერთხელ დავუკავშირდით და ვთხოვეთ ამ საკითხებზე საუბარი, თუმცა საბოლოოდ ინტერვიუზე არ დაგვთანხმდნენ. არადა, სწორედ ეს უწყებაა, პირველ რიგში, ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი. “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის” მიხედვით, სწორედ პოლიციას ევალება შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

შემაკავებელი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს ელექტრონული ზედამხედველობის საკითხსაც, თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ეს საფრთხე კი სწორედ პოლიციის თანამშრომელმა უნდა შეაფასოს შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსულში მოძალადის მიერ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი, წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მხრიდან მუქარა ან მის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

“ძალიან ხელშესახები პრევენციული ზომა არის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, ეს GPS სამაჯურები, რომელიც ჩვენ –  “გაეროს ქალთა ორგანიზაციამ” – შემოვიტანეთ და დავნერგეთ, ევროკავშირის დაფინანსებით. ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო ამაში, სადღაც ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდა სერვერი და სამაჯურები და გამოყენების მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი. 200 თუ 250 სამაჯურია და ყველაზე მაღალი გამოყენება იყო 22. ამაზე ძალიან ვწუხვართ”, – გვითხრა თამარ საბედაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ.

თამარ საბედაშვილი/ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

საბედაშვილის თქმით, ელექტრონული მონიტორინგის სისტემა თითქმის 100%-ით უზრუველყოფს ძალადობის მსხვერპლის დაცვას, ამიტომ ის ფემიციდის პრევენციისთვის საუკეთესო ინსტრუმენტად მიაჩნია, რომელიც ქვეყანას აქვს, მაგრამ არ იყენებს.

“ერთის მხრივ, ეს სამაჯური უკეთდება მოძალადეს და მონიტორინგი უკეთდება მის გადაადგილებას და, მეორე მხრივ, ტელეფონისნაირი მოწყობილობა აქვს მსხვერპლს, რომელიც მას ატყობინებს მოძალადის მიახლოების შემთხვევაში, რომ მიუახლოვდა. სიგნალი მიდის პოლიციაშიც და მსხვერპლთანაც. შსს გვეუნება, რომ სთავაზობენ, მაგრამ მსხვერპლები უარს ამბობენ. ალბათ, კომუნიკაციის პრობლემაც არის, რომ არ არის კარგად ახსნილი”, – ამბობს თამარ საბედაშვილი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია ჩვენთან საუბარში რამდენიმე მიზეზზე საუბრობს, თუ რატომ რჩება გამოუყენებელი ფემიციდის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი – ელექტრონული მონიტორინგი:

“რამდენადაც მე მქონდა საუბარი შსს-ს წარმომადგენლებთან, მათი არგუმენტი იყო ის, რომ დაემთხვა ძალიან ცუდ პერიოდს, პანდემიის პერიოდს, რამაც შეაფერხა ზოგადად მომართვიანობაც და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებაც. გარკვეულწილად მსხვერპლებს აქვთ ალბათ დისკომფორტი ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მათი გადაადგილების კონფიდენციალობა არ იყოს დაცული. ბევრი მიზეზი არსებობს: შეიძლება, ეს იყოს სამართლადამცავ ორგანოთა კვალიფიკციის ამაღლებაც და საჭიროა, რომ მათი უფრო მეტი ჩართულობა მოხდეს ელექტრონული სამაჯურების აქტიურად დანერგვაში და ა.შ.”

“თითოეულ დაკარგულ წამს შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლის ფასი”

სომხეთში ქალების მკვლელობის შესახებ ზუსტი სტატისტიკური ცნობები არ არსებობს. კოალიციამ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 2010-2020 წლებში მოკლული მინიმუმ 80 ქალის სია გამოაქვეყნა. წელს პოლიციამ ფემიციდის 5 შემთხვევა დააფიქსირა:

  • 22 აპრილს, არმავირის რაიონში, 44 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ცოლის მამას და დედას;
  • 5 მაისს ერევანში 31 წლის ქმარმა 35 წლის ცოლი მოკლა;
  • 22 მაისს, გიუმრიში, 49 წლის ქმარმა 42 წლის ცოლი დანით მოკლა;
  • 21 ივნისს, არარატის რაიონში, 46 წლის ქმარმა ცოლი სცემა მასსა და შვილს შორის კამათში ჩარევის გამო. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2022 წლის 11 მარტს, დილით, მოქალაქემ სომხეთის პოლიციას შეატყობინა, რომ დედამისს სახლიდან გასვლის შემდეგ ყოფილი ქმარი დაედევნა. იმავე დღეს სამედიცინო ცენტრში “ნაირი” შეტყობინება შევიდა, რომ სოფელ ზოვუნის მე-40 ქუჩაზე ქალისა და მამაკაცის ცხედრები იყო ნაპოვნი.

მოგვიანებით ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სოფელ ზოვუნის სკოლასთან ყოფილმა ქმარმა ცოლს ხელყუმბარა ესროლა, რის შედეგადაც ორივე მათგანი დაიღუპა.

„სამწუხაროდ, ფემიციდის მსხვერპლი ქალი იყო “ქალთა მხარდაჭერის ცენტრის” ბენეფიციარი“, – აღნიშნული იყო განცხადებაში.

ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 3 მარტს, “ქალთა მხარდაჭერის ცენტრს” დაუკავშირდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მას ყოფილი ქმარი მუდმივად ავიწროებდა და ემუქრებოდა შვილებზე ზიანის მიყენებით.

„რისკის მაღალი დონის გამო ცენტრმა ქალს შესთავაზა გადასულიყო თავშესაფარში არასრულწლოვან შვილებთან ერთად. ქალმა თავშესაფარზე წერილობით განაცხადა უარი. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გაზრდილი რისკის შემთხვევაში ქალები და არასრულწლოვანი ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ უსაფრთხო ადგილას, რათა თავიდან იქნას აცილებული კატასტროფული შედეგები. ამ მიმართულებით აუცილებელია ერთობლივი მუშაობა და სოციალურმა სამსახურებმა, პოლიციამ და მთელმა ძალოვანმა სისტემამ უნდა გააცნობიეროს პრობლემის სერიოზულობა. თითოეულ დაკარგულ წამს შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლის ფასი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფემიციდის შემთხვევები გენდერული მოტივის გარეშე?

ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა. იურისტების განმარტებით, საქართველოს კანონდებლობაში ცალკე მუხლი ფემიციდის შესახებ არ არსებობს, თუმცა განზრახ მკვლელობის დამამძიებელ გარემოებად მიიჩნევა ის ფაქტი, თუ დანაშაული გენდერის ნიშნითაა ჩადენილი. 

ლია ხუროშვილი/ფოტო: პანკისის სათემო რადიო

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლია ხუროშვილი გვიხსნის, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ფემიციდის საქმეებში არ ხდება გენდერული მოტივაციის გამოკვეთა. ის ერთ-ერთ ბოლო საქმეს იხსენებს, სადაც დაზარალებული მხარის ინტერესებს იცავდა.

“2022 წლის 15 იანვარს მოხდა ეს საზარელი ფაქტი ლაგოდეხში, როდესაც ყოფილმა ქმარმა მოკლა ყოფილი ცოლი ნონა ჭაბაშვილი და 3 შვილი დააობლა. ეს არის სუფთა ფემიციდის საქმე, იმიტომ რომ ეს ოჯახი 1 წლის წინ დაინგრა. ჩვენების მიხედვით კი, ყოფილი ქმარი გამოხატავდა ეჭვიანობას, რომ თითქოს ეჭვი ჰქონდა, რომ ღალატობდა. შეფასება პროკურატურას უნდა მიეცა, როგორც ფემიციდი, როგორც მკვლელობა სწორედ იმის გამო, რომ ის ქალია და გენდერული ნიშნით, მაგრამ ასეთ შეფასებას რატომღაც ჩვენი სამართლადამცავები ერიდებიან და ეს მარტო ამ საქმეში არ მომხდარა”, – აცხადებს ლია ხუროშვილი.

ადვოკატის შეკითხვაზე, თუ რატომ არ იქნა გამოკვეთილი ამ საქმეზე გენდერული მოტივი, კახეთის საოლქო პროკურატურამ წერილობით უპასუხა, რომელშიც ნათქვამია, რომ “სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარდა ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად, შესწავლილ იქნა დანაშაულის ჩადენის მოტივი, მოპოვებული იქნა ყველა საჭირო მტკიცებულება, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადგინდა გიორგი ბარბაქაძის მხრიდან თავისი ყოფილი მეუღლის ნონა ჭაბაშვილის განზრახ მკვლელობა გენდერული ნიშნით”.

“გენდერული მოტივის გამოკვეთა გამოწვევაა ყველასთვის, არა მხოლოდ პროკურორებისთვის, არამედ გამომძიებლებისთვის, მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისთვის, პროფესიონალებისთვის, ვინც ამ სფეროშია ჩართული, ვინაიდან გენდერული დისკრიმინაცია არის ახალი მიმართულება, რომელიც უნივერსიტეტებში არ ისწავლება”, – აცხადებს სალომე შენგელია, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

თუმცა, მისივე თქმით, წლების მიხედვით სტატისტიკური მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა ამ მუხლს აქტიურად იყენებს, რაც განპირობებულია ამ მიმართულებით პროკურატურის თანამშრომლების გადამზადებითა და სპეციალიზაციით. 

შენგელიას ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე 209 სპეციალიზებული პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, მენეჯერი და მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი მუშაობს ამჟამად საქართველოს პროკურატურაში, ხოლო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე – 132 სპეციალიზებული თანამშრომელი.

სალომე შენგელია

“გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა პროკურატურამ დაიწყო 2016 წლიდან. 2016 წელს მხოლოდ 3 ბრალდებული გვყავდა, სადაც გამოიკვეთა გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, მას შემდეგ, რაც ჩატარდა სპეციალიზაციის კურსები, 2017 წელს – 25 პირის მიმართ გვქონდა სისხლის სამართლებრივი დევნა, 2018 წელს – 111 ბრალდებულის მიმართ, 2019 წელს – 120 ბრალდებულის, 2020 წელს – 208 ბრალდებულის მიმართ და 2021 წელს – 732 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რაც წინა წლების ჯამურ მაჩვენებელს 64%-ით აღემატებოდა. დინამიკა არის მზარდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ გამოწვევად მივიჩნევთ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამოკვეთას სისხლის სამართლის საქმეებში, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოტივის გამოსაკვეთად აუცილებელი არის კონკრეტული მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება. გვაქვს შემთხვევები, როცა პროკურორი კვეთს მოტივს საქმეებში, მაგრამ სამწუხაროდ სასამართლო ვერ ხედავს და მოსამართლე არ იყენებს 53-ე პრიმა მუხლს და არ უმძიმებს სასჯელს”, – აცხადებს სალომე შენგელია.

სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ გენდერის მოტივის გამოკვეთას ხელს უშლის ფემიციდის დეფინიციაზე შეუთანხმებლობა.

“ჩვენ, მაგალითად, სასამართლოებისთვის გვაქვს რეკომენდაცია, რომ მათ მიეწოდოთ განმარტება უზენაესი სასამართლოს მხრიდან ფემიციდისა, როგორც გაიდლაინი, რომ მოსამართლეებს ჰქონდეთ ერთნაირი პრაქტიკა ფემიციდის განმარტებისას. ჩვენს ანგარიშებში აღწერილია, რომ განსაკუთრებით დაბნეულობას იწვევს ხოლმე “ეჭვიანობის მოტივი” და “ეჭვიანობა” ზოგიერთ საქმეში შეიძლება არ იყოს განმარტებული, როგორც გენდერული ნიშანი, როდესაც “ეჭვიანობა” მთლიანად გენდერულია, როდესაც ამის გამო ხდება ძალადობა. სახალხო დამცველის შეფასებით, ასეთი ტიპის დაკონკრეტება, ანუ გენდერული მოტივის გამოკვეთა, სასჯელებში კი არ მოგვცემდა რაიმე სხვაობას, იმიტომ რომ სასჯელი ისედაც გამკაცრებულია, ამაზე მკაცრი სასჯელი ვერ იქნება, არამედ მოგვცემდა ერთიან დეფინიციას – რა არის ფემიციდი”, – აცხადებს ეკა სხილაძე.

მისივე თქმით, გამოსავალი, ერთის მხრივ, შეიძლება იყოს ის, რომ ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ჩაიწეროს ფემიციდის განმარტება, რაც ხაზს გაუსვამს საკითხის მნიშვნელობას და მეორეს მხრივ, სახელმძღვანელო მითითებები მომზადდეს პროფესიონალებისთვის – პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის. 

“ჩვენ ვიყენებთ ლათინო-ამერიკულ მოდელის მიხედვით განმარტებას, რომლის მიხედვით, ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, ანუ ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი დაკავშირებულია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით, ან მის გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით, ასევე, ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა ზემოაღნიშნული მიზეზებით”.

ოჯახში ძალადობა – ფემიციდის ყველაზე გავრცელებული მიზეზი

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ოჯახში დანაშაულები ყველაზე ხშირად ხდება ქალზე ძალადობის უკიდურესი ფორმის – ფემიციდის მიზეზი, მაგალითად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით:

  • 2014-2018 წლებში 135 ქალის მკვლელობის ფაქტია აღნუსხული, საიდანაც 64 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახში დანაშაულის ნიშნები;
  • 2019 წელს ქალის მკვლელობის 19 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 10 – ოჯახში დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი. ქალთა მკვლელობის მცდელობის 22 ფაქტიდან კი, 18 იყო ოჯახში დანაშაულის ნიშნით ჩადენილი;
  • 2020 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი მოხდა, მათ შორის 15 შემთხვევაში ოჯახში დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა. ასევე, გამოვლინდა 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 17 შემთხვევა ოჯახში დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოჯახში ძალადობა სომხეთში ფართოდაა გავრცელებული. 2010-2015 წლებში სომხეთში ოჯახში ძალადობის შედეგად 30 ქალი დაიღუპა.

სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, 2021 წელს 556 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, აქედან 13 მკვლელობით დასრულდა.

ეკა სხილაძე/ფოტო: ნინო ზედგინიძე, UNDP

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გვიხსნის, რომ ფემიციდისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს ძალისხმევა ნაკლებად არის პრევენციაზე ორიენტირებული და უფრო მეტად რეაქტიული ხასიათისა. 

“ვიგებთ შემთხვევების შესახებ, მივდივართ და ვრეაგირებთ, ოღონდ მხოლოდ სამართალდამცავი უწყების მეშვეობით და არა სხვა რგოლების მეშვეობით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ფემიციდი და ოჯახში ქალის მიმართ ძალადობა ხდება იმიტომ, რომ მას საფუძვლად უდევს ქალის მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკები, სტერეოტიპული შეხედულებები და საზოგადოების წინასწარი განწყობები ქალის როლის შესახებ. ეს უნდა შეცვალოს განათლების სისტემაში დანერგილმა ინიციატივებმა, ასევე, ჩვენ ვერ ვხედავთ სოციალური მუშაკების აქტიურ ჩართულობას ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებში, რაც გულისხმობს შემდეგს: როდესაც პოლიცია მოახდენს რეაგირებას გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა და შემოწმება იმისა, თუ რამდენად იმუშავა ამ რეაგირებამ”, – ამბობს ეკა სხილაძე.  

გრძელვადიან პერსპექტივაში კი ომბუდსმენის მოადგილე მსხვერპლთა მხარდაჭერის მექანიზმების არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას:

“ანუ თავშესფრები, კრიზისული ცენტრები არის დროებითი გამოსავალი პრობლემიდან. ჩვენ ვერ ვხედავთ მსხვერპლ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობებს, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამებს, კომპენსაციის წესს, რომელიც სტამბოლის კონვენციის მიხედვით სახელმწიფოს აქამდე უნდა განესაზღრა”.

ქალის უფლებადამცველების შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ისეთი შემთხვევები, როდესაც ფემიციდამდე არ საჯაროვდება ინფორმაცია ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის ფაქტებზე, რასაც დიდწილად ქვეყანაში არსებული პატრიარქალური ნორმები და სტერეოტიპები განაპირობებს. 

თამარ საბედაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია შეიცვალოს პატრიარქალური გარემო, რომლისთვისაც ენდემურია უთანასწორობა და ძალადობა:

“ჩვენ ამას ვცვლით მაშინ, როცა ვიმყოფებით ამაში. ძალიან რთული ტრანსფორმაციული პროცესია გენდერულ თანასწორობაზე მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან ინტერნალიზებულია ეს უთანასწორობა, მათ შორის ქალების მიერ. ამასთან, ჩვენი ასეთი სოციუმის ნაწილია ეს პოლიციაც, პროკურატურაც და სასამართლოც”.

სომხეთში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ ყველაზე დიდ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს ძალდობის დამალვა: ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობა თავს არიდებს ვინმეს უთხრას ამის თაობაზე, იმის შიშით, რომ ამით შეიძლება დაზიანდეს მათი ოჯახი, შვილები ან თავად ისინი.

2021 წელს სომხეთში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალების 44,7%-სა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების 48% -ს არავისთვის უთქვამს მათზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.

ფემიციდი ომის დროს

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ფემიციდი ხაზს უსვამს მოძალადესა და მსხვერპლს შორის კავშირს, საომარი მოქმედებების დროს სქესობრივი ნიშნით ქალების მკვლელობა და წამება ასევე შეიძლება განვიხილოთ ფემიციდის შემთხვევებად.

2020 წელს, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა საომარი მოქმედებების შედეგად მთიან ყარაბაღში მცხოვრები მოსახლეობა, ქალების მკვლელობისა და წამების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა:

  • ნაპოვნი იქნა 1938 წელს დაბადებული მოხუცი ქალის ცხედარი, რომელსაც თავი ჰქონდა მოჭრილი და მკლავი მოტეხილი;
  • სასტიკად იყვნენ ნაწამები 1952 და 1953 წლებში დაბადებული პენსიონერი ქალები. ამ უკანასკნელის ცხედარს თავი მოჭრილი ჰქონდა, ფეხები კი – თოკით შეკრული;
  • 1963 წელს დაბადებული ფსიქიკურად დაავადებული ქალის ცხედარს გარეგანი დათვალიერებისას აშკარად ეტყობოდა წამების კვალი, მას მოჭრილი ჰქონდა მარცხენა ყური.

არწახისა და სომხეთის უფლებადამცველების მიერ ეს შემთხვევები აღწერილია ომის დროს ჩადენილ დანაშაულებად, თუმცა, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შემთხვევები ასევე განიხილებოდეს, როგორც ფემიციდი.

იმის მიუხედავად, რომ საქართველომ 1990-ანი წლების დასაწყისში და 2008 წელს რუსეთთან მძიმე ომები გამოიარა, რის შედეგადაც არაერთი ქალი იქნა მოკლული, ამ დრომდე არ არის შესწავლილი, იყო თუ არა ეს ფემიციდის შემთხვევები.

სახალხო დამცველის ოფისსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ეს მიმართულება არ უკვლევიათ, თუმცა აქვთ ინფორმაცია, რომ ამ ომების დროს ადგილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის და ქალების მკვლელობის ფაქტებს. 

“მაგრამ აღიარება, კომპენსაციის ან რამე დახმარების გაწევა არ მომხდარა სახელმწიფოს მხრიდან და არც ჩვენ გვიკვლევია”, – გვითხრა თამარ საბედაშვილმა.


ტრანსსასაზღვრო ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია “რეგიონული პრესის განვითარების ინსტიტუტისა” (უკრაინა) და “მედიის საერთაშორისო მხარდაჭერის” (დანია) პროექტის – “ქალი გამომძიებელი ჟურნალისტების ქსელი” ფარგლებში.