ქართული პარტიებისთვის ამომრჩევლის ხმას სხვადასხვა ფასი აქვს — ბოლო არჩევნებზე გიორგი გახარიას პარტიას ერთი ხმის მოზიდვა 2.20 ლარი დაუჯდა, „ლელოს“ და მის გარშემო შეკრებილ პარტიებს — თითქმის 21-ჯერ მეტი.
მართალია, ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალ არჩევნებს ითხოვენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედეგების ანალიზი აჩვენებს, თუ რა დაუჯდათ მათ თითოეული ამომრჩევლის ხმის მოზიდვა.
პარტიების მიერ არჩევნებზე გაწეული ხარჯებისა და ცესკოს შედეგებით გამოცხადებული ხმების თანაფარდობა აჩვენებს, რომ ერთი ხმის მოსაზიდად ყველაზე მეტი რესურსი გაიღო პარტიამ „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“. აღნიშნულმა პარტიამ ერთი ხმის მოსაზიდად 47.1 ლარი დახარჯა.
დეტალური მონაცემები კი ასეთია:
ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხაზს უსვამდნენ პარტიებს შორის უთანასწორო საასპარეზო გარემოს, რაც არაერთი მიმართულებით გამოვლინდა.
ყველაზე მთავარი, რამაც ბოლო წლებში შეუქცევადი ტენდენციის სახე მიიღო, პარტიებს შორის საარჩევნოდ დახარჯული ფინანსური რესურსის კუთხით არსებული უთანასწორობაა. მმართველ პარტია „ქართულ ოცნების“ ოფიციალური საარჩევნო ხარჯები, ჯამურად, ყველა სხვა პარტიის დანახარჯს თითქმის მილიონი ლარით აჭარბებს.
2024 წლის 27 აგვისტოდან 16 ნოემბრამდე პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ 25.91 მილიონი ლარი დახარჯა, არჩევნებში მონაწილე ყველა სხვა პარტიამ ჯამურად — თითქმის 25 მილიონი. ეს არის დროის მონაკვეთი, რომელიც მოიცავს არჩევნების გამოცხადებიდან შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე არსებულ პერიოდს. მონაცემების წყაროა ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც პარტიების შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი ევალება.
დიაგრამაზე ასახულია საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯის თანაფარდობა:
„ქართულ ოცნებას“ შემოსავლების ძირითადი ნაწილი არჩევნების დანიშვნამდე, 27 აგვისტომდე აქვს მიღებული. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც 27 აგვისტო-16 ნოემბრის პერიოდში მისი დანახარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლებს.
პარტიების შემოსავლების ძირითადი წყარო არის კერძო პირების შემოწირულებები, მათი ნაწილი იღებს საბიუჯეტო დაფინანსებასაც, რაც განისაზღვრება წინა არჩევნებზე მიღებული შედეგებით. საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ პარტიებს, ფაქტობრივად, არ აქვთ წევრობაზე დაფუძნებული შემოსავალი — მათ ანგარიშებში ეს გრაფა ცარიელია.
დიაგრამაზე ასახულია პარტიების ძირითადი შემოსავლის წყაროების თანაფარდობა:
აღნიშნული დიაგრამები ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშების შედეგებს და ასევე, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს.
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალებს შორის, ხელისუფლების სასარგებლოდ არსებული დისბალანსის შესახებ საუბრობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები.
როგორც OSCE/ODHIR საბოლოო ანგარიშში აღნიშნავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი წლიური საბიუჯეტო დაფინანსების 41 პროცენტი მიიღო. 2021 წელს ეს თანხა, ჯამურად, 12.5 მილიონი იყო.
შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაბამისად, „ქართული ოცნება“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე წლიურად 5.2 მილიონ ლარს იღებდა, რასაც მოჰყვებოდა „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა “ 2.2 მილიონი ლარით და „ევროპელი საქართველო“ 1.1 მილიონი ლარით.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელსაც მან ყველაზე მეტი შემოწირულება მიიღო, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ შემოწირულებებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ წინასაარჩევნოდ პარტიების ფინანსური რესურსების შეზღუდულობაზე ისაუბრა, რაც შემოწირულებების ნაკლებობამ კიდევ უფრო გაამწვავა. მათი თქმით, ეს გამოწვეული იყო ამომრჩეველთა ეკონომიკური სირთულეებით და ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველზე შესაძლო დაკვირვების შიშით.
საარჩევნოდ რესურსების უთანასწორო განაწილება, თავის მხრივ, აისახა პარტიების შესაძლებლობაში, უფრო მეტი მოქალაქისთვის მიეწვდინათ ხმა.
ამას მიუთითებს როგორც დამუშავებული ფინანსური მონაცემები, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებიც.
პოლიტიკურმა პარტიების გაწეული ხარჯების 50%-ზე მეტი სწორედ სარეკლამო ხარჯებზე მოდის, რაც მოიცავს სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამას, ქუჩის გარე რეკლამას და ა.შ.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ფინანსურ რესურსებს შორის კოლოსალური სხვაობა არ ყოფილა ხელისუფლების ერთადერთი უპირატესობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
ამ კონტექსტში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ხაზს უსვამს „კომუნიკაციების კომისიისა“ და „ანტიკორუფციული ბიუროს“ მმართველი პარტიის მიზნებისთვის გამოყენების გარემოებაზე, რასაც სამართლებრივად ზურგს სასამართლო უმაგრებდა.
საიას მაგალითად მოჰყავს შემთხვევა, როცა კომუნიკაციების კომისიამ დარღვევად არ მიიჩნია „ქართული ოცნების“ ჰომოფობიური საარჩევნო კლიპი, რომლის მიზანიც ოპონენტთა დისკრედიტაცია იყო, ხოლო სხვა შემთხვევაში, როცა პოლიტიკური რეკლამა ეხებოდა პროევროპული კურსის მნიშვნელობას, ჩათვალა, რომ ამ რეკლამის მიზანი სხვა პარტიის (ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“) დისკრედიტაცია იყო, რაც დარღვევად ჩაითვალა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს განსაზღვრაში, მსგავს შემთხვევებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დამკვირვებლების მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯად შეფასებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ფინანსურ რესურსებს შორის არსებულმა მნიშვნელოვანმა დისბალანსმა, რამაც ისედაც უთანასწორო საასპარეზო პირობები კიდევ უფრო გაამწვავა.
“მასალა მომზადებულია ფორსეტის მონაცემთა კომუნიკაციის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში”.
ავტორები: თაზო კუპრეიშვილი, ჟურნალისტი
დავით სიჭინავა, მკვლევარი, მონაცემთა ანალიტიკოსი