ვინ და როგორ დააკვირდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს

Divider dot 6 მარტი 2025

„დამკვირვებლად აკრედიტებული პირები, ფაქტობრივად, საარჩევნო სუბიექტების სახელით მოქმედებდნენ, რითაც მათი სადამკვირვებლო როლი შესუსტდა“, — 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ OSCE/ODHIR-ის საბოლოო დასკვნაში ასეა შეფასებული დაკვირვებული უბნების 28%-ში ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების საქმიანობა. 

დამკვირვებელთა სადამკვირვებლო როლის შესუსტებაზე მიუთითებს იმ მონაცემების ანალიზიც, რომელიც ასახავს დაწერილი საჩივრების რაოდენობას, ვინ არიან საჩივრების ავტორები და ასევე, როგორია ამ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებლი. 

საპარლამენტო არჩევნებს, ჯამში, 101 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა, რომლებმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 23,153 დამკვირვებელი დაარეგისტრირეს. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთგზის სცადეს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასევე, სხვადასხვა პარტიასთან დაკავშირებული დამკვირვებლების დისკრედიტაცია. 

დამკვირვებლების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში არსებული მონაცემთა ანალიზით, ასევე საჯარო წყაროებით მოპოვებული სხვა ინფორმაციით, ირკვევა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებული დამკვირვებლების საერთო რაოდენობის 56.4% (13,065) ისეთ დამკვირვებლებზე მოდის, რომლებიც აფილირებული იყვნენ რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან, ან წარმოადგენენ ხელისუფლებისათვის მიუღებელ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

ადგილობრივ დამკვირვებელთა 39.9% (9,255) აფილირებული იყო „ქართულ ოცნებასთან“, ხოლო ჩვენთვის უცნობია დამკვირვებელთა 3.59%-ის (833) აფილაცია. 

მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ოპოზიასთან აფილირებულ, ასევე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჯამურად, არჩევნებზე უფრო მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი ჰყავდათ, თუმცა ამას საერთო სურათზე გავლენა არ მოუხდენია — არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ვითარებას მთლიანად პარტია „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა. 

ჯერ კიდევ არჩევნებამდე არაერთმა მედიამ და დამოუკიდებელმა დამკვირვებლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საარჩევნო კომისიებში ნეიტრალურ წევრებად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დანიშნეს. ისინი კომისიაში არსებულ მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე მათთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებთან ერთად, პროცესებზე გავლენას ახდენდნენ, ასევე მუშაობაში ხელს უშლიდნენ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს. 

OSCE/ODHIR-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარტიებთან აფილირებულმა ორგანიზაციებმა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის დამკვირვებლები განათავსეს უბნებზე, მათ თავიანთი დაკვირვებების შესახებ რაიმე ანგარიში არ გამოუქვეყნებიათ.

მონაცემთა ანალიზი ადასტურებს ზემოაღნიშნულს. კერძოდ, არჩევნებზე დაწერილი საჩივრის ავტორებს შორის, პრაქტიკულად, არ არიან პარტიებთან აფილირებული დამკვირვებლები. 

საჩივრების ავტორები

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდა „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ ორგანიზაციებს — „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერსა“ (2,654 დამკვირვებელი) და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ (2,491 დამკვირვებელი). 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჩივრების რეესტრის მონაცემებით, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერს“, რომლის დირექტორიც ეკა აგლაძეა, ერთი საჩივარიც არ დაუწერია, ხოლო „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“, რომლის დირექტორიც ეკა აგლაძის მეუღლე გრიგოლ გაგნიძეა, მხოლოდ ერთი საარჩევნო დარღვევა დააფიქსირა. კერძოდ,  „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ვაკის მე-16 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თორნიკე საურმა საარჩევნო აგიტაციის წესები დაარღია, როცა ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ სარკასტული პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუკზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საჩივრის საფუძველზე საური 2 ათასი ლარით დააჯარიმა.  

ჩვენ დავუკავშირდით გრიგოლ გაგნიძეს კითხვით, რატომ ვერ დააფიქსირა მისმა ორგანიზაციამ არჩევნებზე დარღვევები, მან ამაზე საუბარი არ ისურვა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოგვწერა: „საჩივრების დაწერა სავალდებულო არ იყო და არ არის“. ეკა აგლაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. 

საჩივრები დაწერეს შემდეგმა სუბიექტებმა:

საჩივრები ტიპების მიხედვით

არჩევნებზე ყველაზე მეტი, 354 საჩივარი დაიწერა ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით, მეორე ადგილზეა საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებაზე — 292 საჩივარი, ხოლო მესამე ადგილზე საჩივრები შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით — 286 საჩივარი.

საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი

მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ იმ საარჩევნო საჩივრების უმრავლესობა, რომელთა ავტორები ოპოზიციური პარტიები, ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები იყვნენ, არ დააკმაყოფილეს, დაკმაყოფილების მაჩვენებელი კი არ სცდება 10%-ს (ეს დასაკონკრეტებელია-თ.კ)

დიაგრამა:

მონაცემები აჩვენებს იმასაც, რომ ისეთი საჩივრები, რომლის მოთხოვნა იყო ცესკოს განკარგულების, ან/და შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა, ასევე შედეგების გადათვლა, პრაქტიკულად, არ დაკმაყოფილებულა.

დიაგრამა:

2024 წლის არჩევნებზე ადგილობრივი დამკვირვებლების შესახებ არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან აფილირებული ორგანიზაციები თავიანთ სადამკვირვებლო მისიას, ფაქტობრივად, ფორმალურად ასრულებდნენ, არ აფიქსირებდნენ დარღვევებს მაშინ, როცა ასობით საარჩევნო დარღვევა დააფიქსირეს დამოუკიდებელმა და ადგილობრივმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. გარდა ამისა, სასამართლოები პრაქტიკულად არ აკმაყოფილებდნენ საარჩევნო დარღვევებზე დაწერილ საჩივრებს, ხოლო დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობა მიზერული იყო.