რეიდი სვანეთში

Divider dot 23 სექტემბერი 2022

2007 წელს ლაშა ხორგუანის ტელეფონიდან მისმა ახლობელმა ნანუკა ჟორჟოლიანთან დაახლოებით ღამის 3 საათზე ზარი გაუშვა. რამდენიმე წუთში ხორგუანის ნომერზე ირაკლი კოდუამ გადმორეკა, ხორგუანს აგინა და დაემუქრა, რომ ბაჩო ახალაიას კაბინეტში შეხვდებოდნენ ერთმანეთს. მეორე დღეს სვანეთიდან თბილისში მომავალი ხორგუანი გზაში „კუდის“ სპეცრაზმმა დააკავა და მოდულის შენობაში გადაიყვანა. მასთან ერთად აიყვანეს ძმები – ხვიჩა და გოჩა მილდიანები, რომლებიც იმავე სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდნენ, რადგან სპეცრაზმს ისინი ხორგუანის ახლობლები ეგონა. სამივე მათგანს ოპერატიულმა მუშაკებმა ნარკოტიკები და ხელყუმბარები ჩაუდეს. მას შემდეგ, რაც საქმეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დაკავებულები საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. ომბუდსმენის განცხადებით, ხორგუანს წამებისა და ცემის კვალი ეტყობოდა, რომელიც მან მოდულის შენობაში მიიღო.