როგორ [არ] ებრძვის ხელისუფლება არაავტორიზებულ რუსულ სკოლებს
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მილიონობით ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა. დევნილებმა უკრაინიდან და მიგრანტებმა რუსეთიდან უპირველესად მეზობელ ქვეყნებს მიაშურეს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოლდოვადან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან შეისწავლეს და გამოარკვიეს, თუ რა გავლენა იქონია ამ ქვეყნებზე უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების მასობრივმა მიგრაციამ.
საკვანძო საკითხები, რასაც ჩვენი მასალიდან შეიტყობთ:
- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს 1,459,541 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, წინა წელთან შედარებით 1,168,030-ით მეტი, ხოლო უკრაინიდან – 223,697, ანუ 54,737-ით მეტი;
- 2022 წელს საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112,733 მათგანს საქართველო არ დაუტოვებია; უკრაინის მოქალაქეებიდან კი ქვეყანაში მხოლოდ 25,779 მათგანი დარჩა;
- 2022-23 წლებში საქართველოში უცხოელებზე დარეგისტრირებული საცხოვრებელი ბინების 41% და მიწის ნაკვეთების 56% რუსებზე მოდის; უკრაინელების შემთხვევაში კი ბინებში წილი 9%-ია, მიწებში – 2.6%;
- უძრავი ქონების აქტიურად დაუფლების პარალელურად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხსნიან, რომლებიც ავტორიზაციის გარეშე ფუნქციონირებენ; უკრაინელები კი უმეტესად საქართველოში მოქმედ რუსულენოვან და უკრაინული სექტორის მქონე საჯარო სკოლებს აკითხავენ, ან მშობლიურ სკოლებში დისტანციური სწავლების კურსს მიმართავენ;
- უსაფრთხოების სპეციალისტების შეფასებით, რუსების საქართველოში კომპაქტურად ჩასახლება და არაავტორიზებული რუსულენოვანი სკოლების ამოქმედება “რბილი ძალის” მეშვეობით რუსული პროპაგანდის გაძლიერების რისკებს ქმნის;
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, “რბილი ძალის” პოლიტიკის საწარმოებლად სხვა სახელმწიფოების მიერ ეფექტურ მეთოდად საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელება განიხილებოდა;
- “სტუდია მონიტორი” თბილისში მოქმედ 10-მდე არაავტორიზებულ რუსულ სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო პროცესი ქართული სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ხორციელდება. ასეთი სკოლების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოში 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორი ფუნქციონირებდა, სადაც, ჯამში, 16,042 მოსწავლე ირიცხებოდა, ანუ წინა სასწავლო წელთან შედარებით, 1820 მოსწავლით მეტი. დღეის მდგომარეობით კი, საქართველოში 50 რუსულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა/სექტორი ფუნქციონირებს.
ომის შემდეგ ამ სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 13%-ით გაიზარდა და მათ შორის არიან არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ უკრაინიდან მიგრირებული მოსწავლეებიც. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინიდან ჩამოსული 2265 მოსწავლეა ჩარიცხული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საიდანაც 1371 სწავლობს უკრაინულ სექტორზე. თუმცა, უმეტესად უკრაინელი მიგრანტების შვილები მშობლიურ სკოლებში ონლაინ სწავლას ამჯობინებენ.
ანა ოქსანიჩენკო უკრაინის ქალაქ ვასილკოვიდანაა. მშობლიური ქალაქი 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ომის დაწყების დღესვე დატოვა.
“ბავშვებს გზადაგზა მუდმივად ვეუბნებოდი სახელებსა და გვარებს, ჩემს ტელეფონის ნომერს, ბებიის სახელს და გვარს, რადგან მეშინოდა, რომ ბავშვები დაიკარგებოდნენ, თუ ბომბი ჩამოვარდებოდა იმ გზაზე, სადაც გადავაადგილდებოდით მანქანით. 25 თებერვალს მივედით მოლდოვის საზღვართან და გადავკვეთეთ საზღვარი. იქ რამდენიმე თვე დავრჩით და 2022 წლის აგვისტოში ჩამოვედი საქართველოში ბავშვებთან ერთად,” – იხსენებს ანა “სტუდია მონიტორთან” საუბარში.
ანა ოქსანიჩენკოს შვილები კიევის სკოლაში აგრძელებენ სწავლას ონლაინ, რადგან, როგორც დედა გვეუბნება, ვერ ახერხებს დაძაბული სამუშაო გრაფიკის პირობებში ბავშვების სკოლაში ტარებას თბილისში:
“ბავშვები ვერ წავიყვანე სკოლაში, რადგან აქ მარტო ვარ. ამიტომ აუცილებელი იყო, რომ მემუშავა და ფული მეშოვა არსებობისთვის. თბილისში ბინის დაქირავება ძალიან ძვირია და ბავშვების ტარება უკრაინულ სექტორში ძალიან დიდ ლოჯისტიკასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ კიევის სკოლაში სწავლობენ ონლაინ რეჟიმში. არის კიდევ ბიუროკრატიული მომენტები. მაგალითად, წელს მინდოდა ბავშვების უკრაინულ სექტორში შეყვანა, მაგრამ რაღაც ბიუროკრატიის გამო ჩვენ გვიღებენ წინა კლასში, ამიტომ ისევ ონლაინ რეჟიმში ვსწავლობთ”.
ომის შემდეგ საქართველოში ჩასახლებული რუსი მიგრანტების შვილები განათლებას, ძირითადად, არაავტორიზებულ კერძო რუსულ სკოლებში იღებენ.
საქართველოს კანონმდებლობით, ავტორიზაცია სკოლას სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის გასაცემად ჭირდება. ავტორიზაციის მისაღებად კი აუცილებელია, რომ სკოლა კანონით დადგენილი სტანდარტის პირობებს აკმაყოფილებდეს.
ავტორიზაციის სტანდარტები ეხება ფილოსოფიას – ანუ სკოლის ხედვასა და ღირებულებებს; კურიკულუმს – სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგსა და შეფასებას, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას – ანუ პერსონალის მართვასა და სკოლის მატერიალურ რესურსებს, მოსწავლეთა მხარდაჭერას ანუ მათი უფლებების დაცვას.
სტანდარტის შესაბამისობას სკოლებში ავტორიზაციის საბჭო ამოწმებს, რომლის წევრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოქმედი ყველა კერძო სკოლა ავტორიზებულია. “სტუდია მონიტორი” თბილისში მოქმედ რამდენიმე კერძო რუსულ სკოლას ეწვია და გაარკვია, რომ ისინი ავტორიზაციის გარეშე ფუნქციონირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო არ ამოწმებს ამ სკოლების მისიასა და სასწავლო პროგრამებს, არ აკონტროლებს, თუ რამდენად დაცულია იქ მყოფი მოსწავლეების, ბავშვების უფლებები და ა.შ.
ჩვენ გამოვარკვიეთ სქემა, რომლის გამოყენებითაც ეს დაწესებულებები კანონით მოთხოვნილ ავტორიზაციის პროცესს გვერდს უვლიან და ისე ეწევიან ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას: 1. ისინი ატესტატებს რუსეთში მოქმედი პარტნიორი სკოლების საშუალებით გასცემენ და 2. საქართველოში მუშაობენ საოჯახო საგანმანათლებლო ცენტრების სახით.
ატესტატების გაცემა რუსეთში პარტნიორი სკოლების საშუალებით
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ თბილისში გახსნილი რუსული სკოლების წარმომადგენლები “სტუდია მონიტორთან” საუბარში აცხადებენ, რომ ავტორიზაცია არ აქვთ და შესაბამისად, ატესტატებს არ გასცემენ. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მათი სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ ატესტატები რუსეთში პარტნიორები სკოლებიდან უპრობლემოდ მოიპოვონ.
“Happy School” – ასე ჰქვია საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიხსნა ომის შემდეგ მიგრირებული რუსეთის მოქალაქეებისთვის. სკოლა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით არის დაფუძნებული საქართველოში – შპს ჰეფი ედუ რუსეთის მოქალაქე ეკატერინა შერჩენკოვამ დააფუძნა 2023 წლის აგვისტოში. სწორედ ის არის “ჰეფი სქულის” დირექტორი და მასვე აქვს დაქირავებული სკოლისთვის ფართი თბილისში, საირმის ქუჩაზე.
სკოლის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ მომსახურებას უწევენ, როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ისე 1-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. სწავლების ღირებულება წელიწადში 12,000-დან 14,500 ლარამდეა. სკოლაში რუსული სახელმძღვანელოები გამოიყენება: მაგალითად, I-IV კლასის მოსწავლეებს რუსეთის სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით შექმნილი სახელმძღვანელოთი – “რუსეთის სკოლა” [Школа России] ასწავლიან .
ეს სახელმძღვანელო რუსეთის მოქალაქის აღზრდის პრინციპს ეფუძნება, “მოქალაქისა, რომლისთვისაც განუყოფელია თავისი და სამშობლოს ბედი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის დღევანდელობასა და მომავალზე”.
“დაახლოებით 100 ბავშვი სწავლობს ჩვენთან. ყველას ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგებიან უკრაინასთან ომს და რუსეთში არსებულ რეჟიმს. ჩვენ ვართ მშობლები, რომლებმაც ვერ იპოვეს ადგილი საჯარო სკოლაში და გადაწყვიტეს გაეხსნათ ადგილი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ სწავლა. ბავშვები უკრაინიდან ჩვენთან უფასოდ სწავლობენ. ჩვენ გვიყვარს საქართველო, პატივს ვცემთ მას და მადლობას ვუხდით, რომ შემოგვიშვეს,” – გვითხრა სკოლის დირექტორმა ეკატერინა შერჩენკოვამ.
განათლების მეცნიერებათა დოქტორი შალვა ტაბატაძე “სტუდია მონიტორთან” საუბარში ამბობს, რომ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ სახელმწიფო ზოგადად ამ ტიპის არაფორმალური სკოლების საკითხს დაარეგულირებს:
“არაფორმალური განათლების ცენტრია ის და რას გამოიყენებს, ეს კონტროლს მიღმაა. გეტყვის, რომ მე რა წიგნებსაც ვიყენებ, ეს ჩემი საკითხია, მე ხომ არ გავცემ რაიმე ტიპის დიპლომსო?! უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებია, როდესაც მსგავსი არაფორმალური განათლების ცენტრები არსებობს, რომლებიც სხვა ქვეყნის ფორმალური განათლების ცენტრებს წარმოადგენენ. მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს წლიდან წლამდე და გაჩნდეს ფორმალური განათლების მიღმა არაფორმალური პარალელური განათლების სისტემა, რომელიც არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც შეიძლება გაჩნდეს და, შესაბამისად, სახელმწიფომ ეს უნდა დაარეგულიროს ცალსახად,” – ამბობს შალვა ტაბატაძე.
სკოლის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ისინი არ გასცემენ ატესტატს, თუმცა მოსწავლეებს შეუძლიათ ატესტატი რუსეთში მოქმედი პარტნიორი სკოლის – “ფოქსფორდის” საშუალებით ონლაინ მიიღონ.
რუსულენოვან მოსწავლეებს საქართველოში კერძო სკოლის მომსახურებას სთავაზობენ ბელარუსის სკოლების ფილიალებიც. მაგალითად, “სტემლაბი” [stemlab] ბელარუსში 2015 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც ქვეყნის მასშტაბით 3 ფილიალითაა წარმოდგენილი. “სტემლაბის” თბილისისა და ბათუმის ფილიალები მრავალფეროვან სერვისს სთავაზობენ რუსულენოვან აუდიტორიას, კერძოდ, საბავშვო ბაღს, STEM [Science, Technology, Enginearing and Mathematics] და IT [Internet Technologies] კურსებს 8-11 კლასის მოსწავლეებისთვის, საზაფხულო ბანაკებს 6-11 წლის ბავშვებისთვის და სკოლას 1-დან 8 კლასის ჩათვლით.
სკოლის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თითოეულ კლასში დაახლოებით 8 ბავშვის, ანუ ჯამში, 64-64 მოსწავლის მიღებაა შესაძლებელი თბილისისა და ბათუმის ფილიალებში. თუმცა თბილისის ფილიალში “სტუდია მონიტორს” უთხრეს, რომ ამჟამად 36 ბავშვი ჰყავთ სკოლაში.
შპს “სტემლაბი” 2022 წლის მაისში დააფუძნა საქართველოს მოქალაქემ და რამდენიმე დღეში კომპანიის 100% წილი უსასყიდლოდ გაუფორმა ბელარუსის მოქალაქე მაქსიმ ბელოვს, რომელიც ბელარუსში მოქმედი “სტემლაბის” სკოლების წარმომადგენელია.
“სტემლაბს” საქართველოში ავტორიზაცია არ გააჩნია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ერთის მხრივ, ამ სკოლის სტანდარტებს ქართული სახელმწიფო არ ამოწმებს და მეორეს მხრივ, სკოლას არ აქვს ატესტატის გაცემის უფლება. თუმცა, როგორც ჩანს, “სტემლაბი” უპრობლემოდ ახერხებს თბილისსა და ბათუმში მოქმედი სკოლების მოსწავლეებისთვის ატესტატების გაცემას. აი, რა წერია მათ ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე: “აქტუალური ცოდნისა და ატესტაციის მიღების შესაძლებლობა საქართველოში ახლახანს გადმოსული ბავშვებისთვის (ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ გამოცდების ჩაბარებასა და კლასიდან კლასში გადაყვანას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს დაუბრკოლებლად შეუძლია ნებისმიერ სხვა სკოლაში გადასვლა)”.
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, ოპოზიციური პარტია “მოქალაქეების” წევრი ქეთევან თურაზაშვილი “სტუდია მონიტორთან” საუბარში ამბობს, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზია, რომელსაც რუსული საგანმანათლებლო დაწესებულებები შესაძლოა პროპაგანდისთვისაც იყენებდნენ:
“უცხო ქვეყანაში დაფუძნებული სასწავლო დაწესებულებების მიერ ფილიალების გახსნა საქართველოში, ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის წარმართვა მარტივად და იმავდროულად საქართველოს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სასწავლო პროგრამის უგულებელყოფით, თავისთავად წარმოადგენს საკანონმდებლო ხარვეზს, რომელსაც სათავისოდ და ძალიან ხელსაყრელად იყენებენ რუსული წარმოშობის სასწავლო დაწესებულებები. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღების გამოვლენაა საჭირო ამ საკითხის მიმართ, რათა შეივსოს საკანონმდებლო სივრცე და რუსულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა მარტივად აწარმოონ საკუთარი პროპაგანდა საქართველოში დაფუძნებულ სასწავლო დაწესებულებებში.“
სკოლები, როგორც საოჯახო ცენტრები
თბილისში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახსნილ რუსულ კერძო სკოლებში “სტუდია მონიტორს” უთხრეს, რომ ისინი ავტორიზაციას არ საჭიროებენ, რადგან ფუნქციონირებენ, როგორც საოჯახო ცენტრები და არა როგორც სკოლები.
“ჩვენ არ გვაქვს ავტორიზაცია, რადგან არ ვართ განათლების მიმწოდებლები. ჩვენ არ გავცემთ დიპლომებს. ჩვენ ვართ ოჯახებისა და ინდივიდების თემი, რომელმაც გადაწყვიტა ერთობლივი ძალით შეექმნა ნაყოფიერი გარემო ყოველგვარი სწავლებისთვის”, – გვითხრა ადა ტორჩინოვამ, “თბილისის დემოკრატიული სკოლის” წარმომადგენელმა.
“თბილისის დემოკრატიული სკოლა” 2022 წლის სექტემბერში გაიხსნა ომის შემდეგ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსულენოვანი მიგრანტებისთვის. იულია ასტაპოვიჩის შვილი უკვე 1 წელია ამ სკოლის მოსწავლეა, ანუ მას შემდეგ, რაც ოჯახმა რუსეთი დატოვა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. სპეციალური საჭიროების მქონე შვილისთვის იულიამ “თბილისის დემოკრატიული სკოლა” შეარჩია:
“უბრალოდ მინდა, რომ ჩემმა შვილმა სხვა ბავშვებთან ერთად ითამაშოს. რუსეთში ჩემი შვილი დადიოდა სპეციალურ სკოლაში, სადაც მხოლოდ სსმ ბავშვები იყვნენ და არ იყო მთლად განათლებაზე ან სოციალიზაციაზე ორიენტირებული სკოლა. აქ მომწონს, რომ არასტანდარტული მიდგომაა, არ გვიწევს რაღაც კონკრეტული მათემატიკური ამოცანების გაკეთება და მაგიდასთან ჯდომა. ესაა პატარა თემი, სადაც ბავშვებთან, როგორც თანატოლებთან ისე ვსაუბრობთ”, – ამბობს იულია.
ჩვენს შეკითხვაზე, რომ ამ სკოლას არ შეეძლება ატესტატის მიცემა, რაც აუცილებელია სხვა სკოლაში გადასვლის ან სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიულ ან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისთვის, იულიამ გვიპასუხა, რომ მის შვილს “დიპლომი არ სჭირდება”, თუმცა, მისივე თქმით, სკოლა სთავაზობს ბავშვებს პარტნიორ სკოლებში ონლაინ სწავლების სერვისს და ამ გზით ატესტატის მიღების შესაძლებლობას.
სკოლის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ მოსკოვის დემოკრატიულ სკოლასთან, არადა, მათ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ თბილისში, წინამძღვრიშვილის 73/32-ში მოქმედი სკოლა სწორედ მათი ფილიალია. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “სკოლა მუშაობს, როგორც საოჯახო კლასი, ხოლო ატესტაცია რუსული პროგრამით ხორციელდება ინტერნეტით პარტნიორ სკოლაში, რომელსაც აქვს რუსეთის სახელმწიფო აკრედიტაცია და ლიცენზია”.
“ეს ცენტრები და სკოლები აქ ფუნქციონირებს როგორც არაფორმალური განათლების ნაწილი და, შესაბამისად, რადგან არ გასცემენ ფორმალურად დადასტურებულ დიპლომს, არ ექვემდებარებიან ჩვენი კანონმდებლობით რაიმე ტიპის რეგულაციებს. თუმცა ასეთ შემთხვევებში, როცა საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან, გარკვეული რეგულაციების ქვეშ უნდა იყვნენ მოქცეული და, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს შეცვლილი, მითუმეტეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი დისტანციური სწავლების, საოჯახო სკოლის თუ სკოლასთან მიბმულ საქმიანობას ეწევა, რომლის საფუძველზეც გაიცემა სხვა ქვეყნის ატესტატი. ზოგადად, თუნდაც კონკრეტულ რეესტრში აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემების წარმოება არის შესაძლებელი არაფორმალური განათლების დაწესებულებებისა,” – ამბობს განათლების პოლიტიკის სპეციალისტი შალვა ტაბატაძე “სტუდია მონიტორთან” საუბარში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩვენ არაერთხელ მივმართეთ შეკითხვებით საქართველოში მოქმედ არაავტორიზებულ რუსულ კერძო სკოლებთან დაკავშირებით, ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები გადადგეს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა სამინისტროში ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს.
ქართული სახელმწიფო რეაგირება რუსული სკოლების უკანონო საქმიანობაზე
ქართული სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოში უკვე 4 წელია ავტორიზაციის გარეშე და უპრობლემოდ ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას რუსული “School Club Georgia”.
ბათუმში “School Club Georgia”-ს არაავტორიზებული რუსული სკოლის თაობაზე სტატია 2022 წლის 2 სექტემბერს გამოაქვეყნა “გაზეთმა ბათუმელებმა”. მაშინ სკოლა დამატებით 1 ფილიალს ხსნიდა თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. 3 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მიუთითეს, რომ ამ სკოლას არ ჰქონდა საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება, რადგან არ იყო ავტორიზებული განათლებისა სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დაიწყეს გამოძიება ამ სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 1921 მუხლის I ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულია “უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება და ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება”.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში “სტუდია მონიტორის” უთხრეს, რომ “აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”. მივაკითხეთ “სქულ ქლაბის” თბილისის ფილიალს, სადაც ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. ხელისუფლების უმოქმედობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ “School Club Georgia” კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოში. სკოლა ამჟამად 4 ფილიალითაა წარმოდგენილი საქართველოში: 2 – თბილისში, 1 – ბათუმში და 1 – ქობულეთში.
უსაფრთხოების სპეციალისტების შეფასებით, “რუსული რბილი” ძალის რისკებს უკავშირდება ბათუმსა და თბილისში რუსულენოვანი სკოლების ამოქმედება, რის გამოც აუცილებელია სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს გადადგამდეს ამ სკოლების უკანონო საქმიანობის აღსაკვეთად.
“დიახ, სკოლები პირდაპირ განეკუთვნება რბილ ძალას. ასეთი სკოლებით პარალელური საზოგადოების შექმნა ხდება, ჩვენგან განსხვავებული ღირებულებებით, შეხედულებებით და მიზნებით და დიახ ყველა არაავტორიზირებული სკოლა დასახურია განათლების სამინისტროს მიერ, სულაც არაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევა აუცილებელი,” – ამბობს უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ლაშა ძებისაშვილი “სტუდია მონიტორთან” საუბარში.
“ის, რომ რუსები აქ ომის შემდეგ ტურისტული მიზნებით არ ჩამოდიან და მათი მიზანი აქ დამკვიდრებაა, ეს სხვადასხვა სფეროში კარგად აისახება უკვე”, – ამბობს გიორგი თუშურაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” [IDFI] წარმომადგენელი, რომელიც აქტიურად სწავლობს ომის შემდეგ რუსი მიგრანტების საქართველოში შემოდინებასთან დაკავშირებულ რისკებს.
რუსი მიგრანტების შემოდინებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე სუს-ის ბოლო, 2022 წლის ანგარიშშიცაა საუბარი, რომელშიც, ასევე, აღნიშნულია, რომ “რბილი ძალის” პოლიტიკის საწარმოებლად სხვა სახელმწიფოების მიერ ეფექტურ მეთოდად საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელება განიხილება. თუმცა, ანგარიშში არაფერია ნათქვამი საქართველოში სწორედ 2022 წლიდან გახსნილ უკანონო რუსულ სკოლებზე, სადაც საგანმანათლებლო პროცესი ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო პროგრამით ხორციელდება, რომელსაც ქართული სახელმწიფო არ აკონტროლებს და შესაბამისად, არც ებრძვის.
მასალა მომზადებულია “მედიის საერთაშორისო მხარდაჭერის” (IMS) მიერ დაფინანსებული პროექტის – “ქალი გამომძიებელი ჟურნალისტების ქსელი” (WIJN) – ფარგლებში.
ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებულ მასალას იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ და სად ახერხებენ დასაქმებას უკრაინიდან დევნილი ქალები უცხოეთში, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე. რა შეიცვალა მოლდოვაში უკრაინიდან დევნილების ჩასახლების შემდეგ, იხილეთ სტატია ამ ბმულზე. როგორ აისახა რუსეთიდან მიგრანტების ნაკადები სომხეთის უძრავი ქონების ბაზარზე, ვრცლად მასალა იხილეთ ამ ბმულზე. მასალების იურიდიული ექსპერტიზა განხორციელდა UNESCO-ს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.