საჯარო სამსახურის ბიუროს უარი მურუსიძე-ჩინჩალაძის დეკლარაციების მონიტორინგზე
საჯარო სამსახურის ბიურომ უარი განაცხადა სასამართლო კლანის ლიდერების – მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის დეკლარაციების მონიტორინგზე.
6 აგვისტოს, სტუდია მონიტორისა და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, რომელმაც გამოააშკარავა მურუსიძისა და ჩინჩალაძის ოჯახის წევრების სახელზე რიცხული დაუსაბუთებელი და არადეკლარირებული ქონება.
ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობის პროცესში საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ბესიკ ვეკუამ სტუდია მონიტორთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟურნალისტური პროდუქტი ვერ გახდებოდა მათი მხრიდან მოსამართლეების დეკლარაციების მონიტორინგის საფუძველი.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მიხედვით, დასაბუთებული განცხადება ერთ-ერთი საფუძველია საჯარო სამსახურის ბიუროსთვის, რომ განახორციელოს თანამდებობის პირის მონიტორინგი. სწორედ ამის გამო, 26 სექტემბერს, მოსამართლეების დეკლარაციების შესწავლის მოთხოვნით სტუდია მონიტორმა საჯარო სამსახურის ბიუროს დასაბუთებული განცხადება გაუგზავნა.
ბიურომ 7 ნოემბერს წერილობით აცნობა სტუდია მონიტორს, რომ ჩვენი დასაბუთებული განცხადება ვერ გახდებოდა ლევან მურუსიძის და მიხეილ ჩინჩალაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დაწყების საფუძველი. მიზეზი კი ბიურომ ასე განმარტა:
“განცხადებაში და სიუჟეტში აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების: ლევან მურუსიძის და მიხეილ ჩინჩალაძის დეკლარაციებში განზრახ შეტანილია არასრული ან/და არასწორი მონაცემები, კერძოდ არასრულად არის დეკლარირებული ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა საჭიროებს ისეთი სახის ღონისძიებების განხორციელებას, რაც სცილდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებს. განცხადებაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, მიმართოთ სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანოს”.
კანონის მიხედვით, თუკი საჯარო სამსახურის ბიურო მონიტორინგს განახორციელებდა, მას უნდა დაედგინა იყო თუ არა დარღვევები მურუსიძისა და ჩინჩალაძის დეკლარაციებში. ხოლო დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს ისეთ სანქციებს, როგორიცაა გაფრთხილება, ჯარიმა ან დანაშაულის არსებობის შემთხვევაში კი სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
“შეიძლება ბიურომ აქ დაიანახა ცალსახად დანაშაულის ნიშნები და თქვა, რომ მე აქ ვერაფერს შევაფასებ, მაგრამ დეკლარაციების მონიტორინგის საკითხი არის ბიუროს შესასწავლი”, – ამბობს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური.
მისივე თქმით, ბიუროს პასუხი დაუსაბუთებელია და უწყების მიერ პასუხისმგებლობის არიდების შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან კანონის მიხედვით, ბიურო ვალდებული იყო შეესწავლა ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის დეკლარაციები და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში თავად გადაეგზავნა განცხადება პროკურატურაში.
“თუ ბიურომ დაინახა საფუძვლიანი ეჭვი და თქვენი სიუჟეტი წარმოშობდა ნამდვილად ეჭვს, რომ დეკლარაციებში იყო მიზანმიმართული შეცდომა, ეს არის ბიუროს შესასწავლი საკითხი, სხვა დანაშაულის შესასწავლად შეიძლება მიემართა საგამოძიებო ორგანოსთვის,” – ამბობს გიორგი დავითური.
სტუდია მონიტორისა და OCCRP-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, 10 აგვისტოს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაეწყოთ გამოძიება სიუჟეტში ასახული ფაქტების საფუძველზე და დროულად გამოეძიებინათ მოსამართლეების მხრიდან სავარაუდო კორუფციული დანაშაულების ჩადენის შესახებ ინფორმაცია და დამნაშავეები მიეცათ პასუხისგებაში.
პროკურატურის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებიან, თუკი მოიძიებენ ინფორმაციას, დაიწყო თუ არა ამ საქმეზე გამოძიება. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ ვერ მივიღეთ.
დასჯის ნაცვლად, სასამართლო კლანის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან მურუსიძე დაწინაურდა – 23 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად აირჩია.
ვრცლად, თუ როგორ მალავენ უძრავ ქონებასა და სიმდიდრეს სასამართლო კლანის ლიდერები, ნახეთ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება ამ ბმულზე.