“საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელის არადეკლარირებული ვილა

Divider dot 29 სექტემბერი 2023

საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე – კიდევ ერთი თანამდებობის პირია, რომელსაც, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არ აქვს დეკლარირებული ძვირადღირებული ქონება. მსგავსი შემთხვევები ჟურნალისტებმა წარსულში უკვე არაერთხელ გამოააშკარავეს.

საკვანძო საკითხები: 

  • კანონით მოთხოვნილ თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში დავით ფერაძემ მიუთითა მიწის ნაკვეთები, მაგრამ არა ვილა, რომელიც ამ მიწის ნაკვეთებზეა აშენებული და რომლის ღირებულებაც უცნობია;
  • მისი სახელით “საქართველოს რკინიგზიდან” გვიპასუხეს, რომ მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და ამის გამო არ შეუტანია დეკლარაციაში;
  • თუმცა ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, საიდანაც დასტურდება, რომ ფერაძის ოჯახი ამ ვილაში ცხოვრობს; 
  • დეკლარაციაში არც ფერაძის მეუღლის კუთვნილი ძვირადღირებული ნივთებია მითითებული, მათ შორის, „პრადას“ და „დიორის“ ჩანთები და „კარტიეს“ სამაჯური;
  • OCCRP-ის ქართველმა პარტნიორებმა წარსულშიც არაერთხელ ამხილეს სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც დეკლარაციაში ძვირადღირებული ქონება დამალეს. თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებულ წესებს ქვეყნის კარგი მმართველობის ქომაგები არასათანადოდ მიიჩნევენ და აკრიტიკებენ.
დავით ფერაძის არადეკლარირებული ვილა თბილისში. წყარო: სტუდია მონიტორი

ავტორი: სტუდია მონიტორი

საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, რეკრეაციული ზონის მახლობლად, სადაც არის წყლის და დენდროლოგიური პარკები, 2-სართულიანი სახლი დგას მინიმალისტური ინტერიერითა და ბრტყელი ნაცრისფერი სახურავით. მე-2 სართული მთლიანადაა გარშემორტყმული ერთი უწყვეტი აივნით. დიდი შუშის კარიდან იშლება კარგად მოვლილი გაზონის და ბაღის, ცისფრად მოლივლივე აუზის და ჩოგბურთის კორტების ხედი. გზა დახურული ჭიშკრის მიღმა ქვევით ეშვება და მიწისქვეშა ფარეხში ჩადის.

ეს ელეგანტური ვილა დავით ფერაძეს ეკუთვნის. 2017 წლის ნოემბრიდან იგი ხელმძღვანელობს “საქართველოს რკინიგზას” – სახელმწიფო კომპანიას, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელოვანის სარკინიგზო სატრანსპორტო სისტემას მართავს.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე 
წყარო: Railway.ge

საინტერესოა, რომ ფერაძის ეს ფეშენებელური სახლი არ ჩანს მის ქონებრივ დეკლარაციაში, რომლის ყოველწლიურად შევსება მას, როგორც თანამდებობის პირს, კანონით ევალება. დეკლარაციაში მას მითითებული აქვს მიწის ნაკვეთები, რომელზეც ვილაა აშენებული. თუმცა თავად ვილა არც დეკლარაციაში და არც საჯარო რეესტრის ამონაწერებშია დაფიქსირებული. სახლის ფასი უცნობია.

OCCRP-ის ქართველი პარტნიორების – “სტუდია მონიტორის” ახალი გამოძიება სხვა გადაცდომებსაც ააშკარავებს.

ფოტოებში, სადაც ფერაძის ცოლი თამარ კახაიაა მონიშნული “ფეისბუკში”, ჩანს, რომ ამ უკანასკნელის საკუთრებაშია ძვირადღირებული ბრენდული ფეხსაცმელებისა და აქსესუარების კოლექცია, მათ შორის: „პრადას“ და „დიორის“ ჩანთები და „კარტიეს“ სამაჯური. ამ ნივთების ფასი ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე $3,520-დან $8,000 დოლარამდეა. ეს ნივთები ფერაძეს დეკლარირებული არ აქვს იმის მიუხედავად, რომ დეკლარირებას ექვემდებარება ყველა ხარჯი, რომელიც 5 000 ლარს (დაახლოებით $1,900) აღემატება.

თამარ კახაიას არადეკლარირებული ძვირადღირებული ნივთების ნაწილი, რომელიც Facebook-ში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს. 
წყარო: Facebook; ილუსტრაცია: ჯეიმს ო’ბრაიენი

ჟურნალისტებმა ასევე გამოარკვიეს, რომ კახაია იყენებს და მართავს Toyota RAV4-ს, რომელიც მისი ძმის სახელზეა რეგისტრირებული და არ არის დაფიქსირებული მისი ქმრის ბოლო 2 ქონებრივ დეკლარაციაში. (მართალია, ფერაძემ წინა რამდენიმე წლის დეკლარაციებში მიუთითა მეუღლის კუთვნილი Toyota RAV4, მაგრამ ეს შესაძლოა კიდევ სხვა ავტომობილი იყოს).

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად, “საქართველოს რკინიგზა” ფერაძის სახელით აცხადებს, რომ მისი სახლის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დასრულებისთანავე მოხდება მისი დეკლარირება.

“რაც შეეხება სახლს, მისი მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ჯერ კიდევ არ დასრულებულა”, – მისწერა “საქართველოს რკინიგზამ” სტუდია მონიტორს – “დარჩენილია გარკვეული სამუშაოები, მათ შორის წყალარინების სისტემის კეთილმოწყობა და მისი ექსპლუატაციაში მიღებისთანავე მოხდება შესაბამისი წესით დეკლარირება”.

თუმცა, ადგილზე მისულმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ეს სახლი არა მხოლოდ ვარგისია საცხოვრებლად, არამედ იქ უკვე ცხოვრობენ კიდეც.

2023 წლის სექტემბერში დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს ქალი, რომელიც აივნიდან ფენს სარეცხს, ასევე ბავშვები – ველოსიპედებსა და სკუტერებზე. სამშენებლო სამუშაოების დამადასტურებელი ნიშნები ვიზუალურად არ ჩანს. გაზონი და ბაღი კარგად არის მოვლილი, ხოლო ქვედა სართულის აივანზე ვხედავთ შესაბამის ავეჯს. გარდა ამისა, მანქანა, რომელსაც ფერაძის მეუღლე მართავდა, ვილაში ჟურნალისტებმა ხუთჯერ დააფიქსირეს.

Toyota RAV4 ფერაძის სახლთან მისასვლელ ბილიკზე. წყარო: სტუდია მონიტორი

რაც შეეხება ფერაძის მეუღლის კუთვნილ ფუფუნების საგნებს, “საქართველოს რკინიგზამ” გვიპასუხა, რომ კახაიამ ისინი საკუთარი სახსრებით შეიძინა და რომ ყველა ეს ნივთი დეკლარირებული იქნება, თუკი ამას კანონი მოითხოვს.

“დავით ფერაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს მეუღლის პირადი
შემოსავლები,” – ვკითხულობთ სახელმწიფო კომპანიის წერილში, – შესაბამისად აღნიშნული დეკლარირებული შემოსავლები მეუღლის პირადი მოხმარების საგნებს უზრუნველყოფს და თუ რომელიმე მათგანი საჭიროებს დეკლარირებას შესაბამისი წესით აისახება დეკლარაციაში”.

“რაც შეეხება ავტომანქანას, იგი ნამდვილად სარგებლობს ოჯახის კუთვნილი ტოიოტა რავ4-ით”, – ასევე განაცხადეს კომპანიაში.

OCCRP-მ უკვე არაერთხელ გააშუქა ის პრობლემები, რაც საქართველოში ქონების დეკლარირების სისტემას უკავშირდება. ეს სისტემა 2017 წელს დამტკიცდა, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, თუმცა სასჯელი ქონების დეკლარირებისგან თავის არიდებისთვის შემოიფარგლება ერთჯერადი ჯარიმით, რაც მდგომარეობას დიდად არ აუმჯობესებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის თანახმად, შარშან შემოწმებული 346 თანამდებობის პირის დეკლარაციების ნახევარზე მეტის შემთხვევაში გამოვლინდა ხარვეზები და არადეკლარირებული ქონება.

“ფერაძის შემთხვევა პირდაპირი მაგალითია დეკლარირების ვალდებულების
დარღვევის,” – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანალიტიკოსი სანდრო ქევხიშვილი, – ასეთი შემთხვევები უნდა გაიგზავნოს
პროკურატურაში შემდგომი გამოძიებისთვის, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია
დაადგინოს, ხომ არ არის აქ რეალურად დაუსაბუთებელი ქონება და სხვადასხვა
კორუფციული დანაშაული”.

“საქართველოს რკინიგზის” დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის ხუთწლიან პერიოდში ფერაძემ 450,000 აშშ დოლარი გამოიმუსავა. მისი მეუღლე მცირე ბიზნესში ერთ-ერთი კომპანიის თანადამფუძნებელია, საიდანაც, როგორც დეკლარაციაში მიუთითა, ჯამში, 55,000 დოლარის შემოსავალი მიიღო. ბოლო წლებში ამ წყვილს რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს გამოტანილი ბანკიდან. აქედან გამომდინარე, წყვილს თავისუფლად შეეძლოა მათი არადეკლარირებული ქონება მათივე დეკლარირებული შემოსავლებიდან შეეძინათ, ამიტომაც დეკლარაციაში ამ ქონების შეუტანლობა ერთგვარ გამოცანასავით რჩება.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ მოიწერა, რომ ფერაძის დეკლარაცია შერჩეულია მონიტორინგისთვის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც ყოველწიურად არჩევს დეკლარაციების გარკვეულ რაოდენობას მონიტორინგისთვის. “დავით ფერაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი განხორციელდება მიმდინარე წლის ბოლომდე”, – წერია ბიუროს პასუხში.

საქმეზე მიმდინარეობს მონიტორინგი დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც ყოველწლიურად ამოწმებს დეკლარაციების გარკვეულ რაოდენობას. „დავით ფერაძის დეკლარაცია ქონებრივი სტატუსის შესახებ შემოწმდება წლის ბოლოსთვის“, – ვკითხულობთ ბიუროსგან გამოგზავნილ წერილში.

ძველი ვაგონები თბილისის რკინიგზის სადგურზე წყარო: Ryhor Bruyeu / Alamy Stock Photo

“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ფერაძე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ის სამხრეთ საქართველოში არსებული “მტკვარი ჰესის” დირექტორი იყო, რომლის მფლობელი საქართველოს უმდიდრესი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილია.

2012 წელს ივანიშვილმა დააფუძნა საქართველოს მმართველი პარტია – “ქართული ოცნება”. მართალია, ოფიციალურად იგი წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ მისი დიდი გავლენა სახელმწიფოზე კარგად არის დოკუმენტირებული.

ევროკავშირმა ბლოკში საქართველოს გაწევრებისთვის შესასრულებელ მთავარ პირობებში შეიტანა „დეოლიგარქიზაციის“ პუნქტი, რაც ბევრმა აღიქვა, როგორც მოწოდება ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის სისტემის შეზღუდვისკენ. ოლიგარქის ყოფილი თანამშრომლების სიმრავლე ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ მოიხსენებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილობრივი ოფისი საქართველოს, როგორც „მიტაცებულ სახელმწიფოს“. 

ქვეყნის რკინიგზა სტრატეგიული აქტივია, რომლის მნიშვნელობა ამჟამად გაზრდილია. საქართველოს რკინიგზა არის „შუა დერეფნის“ მარშრუტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს გლობალური ვაჭრობის ორ უდიდეს მოთამაშეს – ჩინეთსა და ევროკავშირს და, ამავე დროს, გვერდს უვლის რუსეთს.

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გახსნა შესაძლებლობათა ახალი ფანჯარა “შუა დერეფნისთვის”, ხოლო საქართველო ამ დერეფნის ნაწილია,” –  განუცხადა ჟურნალისტებს  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა და ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა, – “უმთავრესი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, რამდენად არის მზად ან გაუძლებს საქართველოს ინფრასტრუქტურა ტვირთების იმ მოცულობით გადაზიდვას, რომელზეც შესაძლოა ბუნებრივად მოთხოვნა იყოს”.

2017 წლის ნოემბერში, როდესაც ფერაძე დაინიშნა “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორად, კომპანია მოდერნიზაციის პროექტის განხორციელების პრობლემურ ეტაპზე იყო. პროექტი ვერ დასრულდა ვერც წინა და ვერც ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში. შეფერხებებით წარმოებულმა და დაუსრულებელმა პროექტებმა კი შედეგად მოიტანა ის, რომ დღეს ქვეყნის რკინიგზა, ოფიციალური სტატისტიკით, ნახევარი დატვირთვით მუშაობს.

სტატია თავდაპირველად გამოაქვეყნდა “ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის” [OCCRP] ვებგვერდზე ინგლისურ ენაზე. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლია წაიკითხოთ ამ ბმულზე.