მოსამართლეების დაუსაბუთებელი სიმდიდრე და კლანურობა – საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებებს შორის

Divider dot 8 აგვისტო 2022

ბოლო თვეების განმავლობაში, სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველოში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მთავრობისგან ევროპასთან ინტეგრაციის მოსათხოვად.

„დიდება საქართველოს! დიდება ევროპას!” – ყვიროდნენ მომიტინგეები 20 ივნისს ქვეყნის დედაქალაქ თბილისში გამართულ მასობრივ მიტინგზე – ”მალე ჩვენ ვიქნებით დიდი ევროპული ოჯახის წევრი! გაუმარჯოს ევროპას!”

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპულმა საბჭომ უკრაინისგან, მოლდოვასა და საქართველოსგან მიიღო ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადები. მართალია, ორმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს განაცხადის დამტკიცება გადაიდო.

საბჭომ განაცხადა, რომ საქართველომ ჯერ რეფორმები უნდა განახორციელოს, რომ ინსტიტუციები უფრო ანგარიშვალდებული და დემოკრატიული გახადოს. 

მაგრამ ეს ადვილი არ არის. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ადგილობრივ წარმომადგენლობაში უთითებენ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ თანამდებობის პირები ქონებრივ დეკლარაციებში სრულად არ უთითებენ თავიანთ აქტივებს.

ახალ გამოძიებაში, საქართველოში OCCRP-ის პარტნიორი ორგანიზაციის – სტუდია მონიტორის რეპორტიორებმა გაარკვიეს, რომ ეს პრობლემა ქვეყნის სასამართლო სისტემის უმაღლეს დონეზე  იკვეთება.

როგორც ირკვევა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოსამართლე ლევან მურუსიძე ქონებრივ დეკლარაციებში არ უთითებს მასთან ერთად მუდმივად მცხოვრები ქალის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას. ამით კი საზოგადოებას უმალავდა რამდენიმე ბინას, ძვირფას სამკაულს, ბრენდულ სამოსს, რაც ამ ქალმა ბოლო წლებში შეიძინა.

ამ ყველაფერზე გაწეული ხარჯები კი მნიშვნელოვნად აღემატება წყვილის ხელფასის ოდენობას, რაც კითხვებს აჩენს ამ ქონების წარმომავლობაზე.

სტუდია მონიტორის მიერ ადრე გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ კიდევ ერთმა გავლენიანმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა ძვირადღირებული უძრავი ქონება, რომელიც მამიდის სახელზე იყო რეგისტრირებული.

მურუსიძე და ჩინჩალაძე სავარაუდოდ ლიდერები არიან მოსამართლეთა ძლიერი ჯგუფისა, რომლებსაც „კლანად“ მოიხსენიებენ და რომელიც, როგორც ამბობენ, ბლოკავს რეფორმებს, რაც აუცილებელია ევროკავშირთან საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად. ორთავე მათგანი დაკავშირებულია გავლენიან ორგანოსთან – იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემის უმაღლესი საზედამხედველო ორგანოა. ასევე, მიიჩნევა, რომ მათ კულისებს მიღმა მჭიდრო კავშირი აქვთ ბიძინა ივანიშვილთან, უმდიდრეს ადამიანთან საქართველოში და “რუხ კარდინალთან”, რომელიც დგას ქვეყნის მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” უკან.

ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად და ახლა არის არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სასამართლო გუშაგის” ხელმძღვანელი, ჩინჩალაძეს კლანის „შეუცვლელ“ ლიდერად ასახელებს, ლევან მურუსიძესთან ერთად.

მისი თქმით, სწორედ მურუსიძე დაეხმარა ჩინჩალაძეს ივანიშვილთან ურთიერთობის დამყარებაში. “ამ შემთხვევაში პერსონებსაც აქვს მნიშვნელობა, მურუსიძემ შეძლო კომუნიკაცია უკეთესი”, – თქვა მან – “ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება დგას ძალიან დიდწილად ამ სასამართლოზე”.

მიხეილ ჩინჩალაძემ და ბიძინა ივანიშვილმა კომენტარზე უარი განაცხადეს.

მურუსიძემ არ უპასუხა კითხვებს მისი ქონებრივი დეკლარაციებისა თუ პარტნიორის შენაძენების შესახებ და ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ ცოლი არ ჰყავს.

Credit: SOPA Images Limited/Alamy Live News

ფუფუნების გემო

ინსტაგრამში 2019 წელს გამოქვეყნებულ ამ ფოტოზე სამი შუახნის წყვილი პოზირებს ძველი ბერძნული ნანგრევების ხალხმრავალ კიბეებზე.

ფოტოზე გამოსახულ მამაკაცებს შორის ერთ-ერთი მოსამართლე ლევან მურუსიძეა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობს. მაგრამ ეს თანამდებობა მისი გავლენის მას სრულად არ ასახავს: 2013-2017 წლებში ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო, გავლენიანი ორგანოსი, რომელიც უფლებამოსილია ყველა მოსამართლის დანიშვნაზე მთელ საქართველოში.

მის წინ ზის ლელა ჭანია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი სამდივნოს უფროსად მუშაობს.

ისინი ოფიციალურად დაქორწინებლები არ არიან, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთად ცხოვრობენ და მურუსიძეს არასოდეს უარუყვია ქართული მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სადაც ჭანია მის ცოლად არის მოხსენიებული.

ასევე, წყვილის ურთიერთობა ერთ უჩვეულო ადგილასაცაა დაფიქსირებული: ჩანაწერებში მურუსიძის საქველმოქმედო შემოწირულობების შესახებ. ცნობილმა მოსამართლემ 2010 წელს წვლილი შეიტანა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდში, რომელიც ვებ-გვერდზე ყველა მის შემწირველსა და მათი ოჯახის წევრებს ასახელებს. იმ წლიდან ჭანია დედისა და მამის გვერდით მურუსიძის ოჯახის წევრად ირიცხება. სწორედ 2010 წლიდან არის ჭანია ამ ვებგვერდზე მურუსიძის ოჯახის წევრების ჩამონათვალში მისი დედ-მამის გვერდით.

შესაბამისად, ჭანია და მისი მთელი ქონება უნდა იყოს ასახული მურუსიძის წლიურ ქონებრივ დეკლარაციაში. მაგრამ ჟურნალისტებმა მურუსიძის ყველა დეკლარაცია შეისწავლეს, 2006 წლიდან დღემდე და მათში ჭანია ვერ აღმოაჩინეს.

ჭანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის მურუსიძესთან ერთად არ ცხოვრობს: “მუდმივად არსად არ ვცხოვრობ”, – თქვა მან – “ჩემი საცხოვრებელი მაქვს  და მე სადმე თუ დავრჩები, ეგ არ არის, მე მგონი, თქვენი საქმე”.

მაგრამ გარდა იმისა, რომ ერთობლივი შვებულება გამოავლინეს – გარდა საბერძნეთისა, წყვილი წელს პორტუგალიასაც ეწვია – ჟურნალისტებმა დააფიქსირეს მურუსიძისა და ჭანიას მანქანები, რომლებიც მურუსიძის სახლში, სოფელ ძეგვში, თბილისის ჩრდილო-დასავლეთით იყო გაჩერებული. ისინი ასევე აკვირდებოდნენ წყვილს ქონების გასვლისას, როგორც ცალკეულ მანქანებში, ასევე ერთად. როდესაც ჟურნალისტები მათ მიუახლოვდნენ, წყვილმა სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი.

რეპორტიორებმა გამოააშკარავეს არა მარტი ის, რომ ისინი უცხოეთში დასასვენებლად ერთად დადიან – საბერძნეთის გარდა, წყვილი წელს ერთად პორტუგალიაში ისვენებდა. თბილისის ჩრდილო-დასავლეთში, სოფელ ძეგვში, მურუსიძის სახლის ეზოში ჟურნალისტებმა ორთავეს, მურუსიძისა და ჭანიას მანქანები დააფიქსირეს. ჟურნალისტებმა ასევა ნახეს, როგორ ტოვებდა ორივე სახლს როგორც ცალ-ცალკე მანქანებით, ისე ერთად. როცა ერთხელაც ჟურნალისტებმა მათთან მიახლოება სცადეს, ისინი სწრაფად გაერიდნენ იქაურობას.

შესაძლოა, მურუსიძემ იმიტომ არ მიუთითა დეკლარაციაში ჭანიასთან ურთიერთობა, რომ ძნელი იქნებოდა მისი სიმდიდრის ახსნა: მიუხედავად იმისა, რომ იგი შეძლებული ოჯახის წარმომავლობის არაა, ბოლო წლებში – პერიოდში, რომელიც ემთხვევა მის ურთიერთობას მურუსიძესთან – მან არაერთი ძვირადღირებული შესყიდვა განახორციელა.

2015 და 2016 წლებში ჭანიამ იყიდა ორი ბინა და ორი მიწის ნაკვეთი თბილისში, პლუს კიდევ ერთი ბინა შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში, საერთო ჯამში $166,000-ზე მეტი ღირებულების. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან ჩანს, რომ მან ეს ყველაფერი იპოთეკური სესხის გარეშე შეიძინა.

ჭანიამ ამ კორპუსებში იყიდა ბინები: მარცხნივ საირმის ქუჩა და მარჯვნი მირიან მეფის ქუჩა

2015 წლამდე ჭანია რეგისტრირებული იყო პატარა, 12 კვადრატული მეტრის ბინაში. მისი წლიური ხელფასი 2022 წელს 33 000 ლარია (12 000 დოლარი). საჯარო რეესტრის მიხედვით, ის არ ფლობს ბიზნესს, რომელიც მის დამატებით შემოსავალს უზრუნველყოფდა.

თუ ჭანია მთელ ხელფასს დაზოგავდა, მას მინიმუმ 14 წელი დასჭირდებოდა ამ უძრავის ქონების შესაძენად. მან არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, თუ როგორ მოახერხა ბინებისა და მიწების შეძენა და იყო თუ არა მურუსიძე მათი ნამდვილი მფლობელი.

მაგრამ ჭანიას სხვა ხარჯებსაც ეწევა. მისი ფეისბუკის ფოტოები, რომლებიც მას შემდეგ წაშალა, რაც გამჟღავნდა, რომ ჟურნალისტებმა ნახეს, აჩვენებს, რომ ის ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმლისა და აქსესუარების დიდი მოყვარული და მომხმარებელია. Dolce&Gabbana-სა და Gucci-ს გარდა, მის გარდერობში უხვადაა პრადას, მოსკინოს, ფურლას, მიუ მიუს, ჯიმი ჩუს, კასადეის და ვალენტინოს ნივთები.

მან ასევე ათობით ძვირადღირებული ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი, საყურე და სამაჯური შეიძინა.

მურუსიძის წლიური ხელფასი 73 000 ლარამდე (დაახლოებით 26 000 აშშ დოლარი) საგრძნობლად აღემატება ჭანიასას. მაგრამ ესეც კი არასაკმარისია ჭანია შენაძენების ხარჯების დაფარვისთვის. მით უმეტეს, რომ ხელფასის ნახევარზე ცოტა ნაკლებს მურუსიძე სესხში იხდის, რომელიც მისი სახლის მშენებლობისთვის აქვს აღებული. ამასთან, მას შემოსავლის სხვა ღია წყარო არ გააჩნია.

თანამდებობის პირის მიერ 5000 ლარზე მეტი (1800 აშშ დოლარი) ღირებულების შენაძენი დეკლარირებას ექვემდებარება, მაგრამ წყვილს ეს არ გაუკეთებია.

“პროკურატურა უნდა ინტერესდებოდეს ამ თემით, განსაკუთრებით თუ ეს ეხება მაღალი თანამდებობის პირს”, – თქვა სანდრო ქევხიშვილმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანტიკორუფციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, – “საჯარო სამსახურის ბიუროს აქვს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი და ამ დეპარტამენტმაც უნდა შეისწავლოს ესეთი შემთხვევა”. 

“ჩვენი ინფორმაციით საჯარო სამსახურის ბიუროს არ აქვს შემუშავებული სისტემა, რომელიც შეამოწმებს ადამიანი ცხოვრობს თუ არა ვინმესთან ერთად სახლში, თუმცა ეს მეთოდები უნდა დაინერგოს,” – თქვა მან.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ ელგუჯა მაკალათიამ აღიარა, რომ იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანები ერთად ცხოვრობენ, არა მხოლოდ  

ერთობლივი კომუნალური გადახდები ან საბანკო ანგარიშებს შორის გადარიცხვები მიიება მხედველობაში, არამედ სოციალურ ქსელებში მათი ანგარიშებიც.

“როდესაც ვუყურებთ ჩვენ მანდ ფეისბუკზე ე.წ. ფაბლიქ და საჯაროა და რეალურად ჩანს, რომ ეს ადამიანები მუდმივად ერთად არიან, ანუ ცოლ-ქმარია, ხელი არა აქვთ მოწერილი, მაგრამ ერთად ცხოვრობენ, მაშინ ეს რა თქმა უნდა ითვლება მასთან მუდმივად მცხოვრებ პირად,”- თქვა მან.

ბესიკ ვეკუა, რომელიც ბიუროს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ბიუროსადმი კრიტიკას არ დაეთანხმა. და მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვა, ბიუროს არ შეუძლია იმოქმედოს პრესაში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, მურუსიძის საქმის განხილვა შესაძლებელი იქნება, თუკი ბიუროს ოფიციალური განცხადებით მიმართავენ.

“შეგიძლიათ მოგვმართოთ დასაბუთებული განაცხადით,” – უთხრა მან სტუდია მონიტორს. “ თითოეული ეს არგუმენტი დაურთოთ, რაც გაგაჩნიათ და რაც მოიძიეთ, ამის შემდეგ ბიური მიიღებს გადაწყვეტილებას დასაბუთებულობის შესახებ და ჩავატარებთ მონიტორინგს”.

მურუსიძის შესახებ ჟურნალისტების კითხვებზე ცალკე წერილობით პასუხში, ბიუროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 2000-მდე ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმეს, მათ ნახევარზე მეტში დადგინდა დარღვევები და დაჯარიმდა, თუმცა მხოლოდ 11 გადაეცა პროკურატურას.

“კლანი” და საბჭო

მურუსიძე არ არის ერთადერთი გავლენიანი მოსამართლე, რომელმაც დეკლარაციაში არ ასახა სრულად მისი ქონება, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

მანამდე სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ გავლენიანმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძემ არ მიუთითა დეკლარაციაში ბინები და ავტოფარეხები თბილისის ცენტრში, ვერაზე, რომლებიც მისმა მამიდან 105,000 ლარად ($63,000) შეიძინა 2009 წელს.

ორმა წყარომ, რომლებიც იმავე კორპუსში ფლობენ ბინებს და პირადად იცნობენ ჩინჩალაძეს, უთხრა ჟურნალისტებს, რომ სწორედ ის იყო ნამდვილი მესაკუთრე იმ უძრავი ქონებისა, რაც მამიდის სახელზე იყო რეგისტრირებული. ამის მიუხედავადაც, ჩინჩალაძეს ეს ქონება უნდა აესახა დეკლარაციაში იმ პერიოდში, როცა მასთან ერთად ცხოვრობდა მის სახლში მამიდა.

ჩინჩალაძე არ გამოხმაურებია ჟურნალისტების შეკითხვებს ამ ბინებთან დაკავშირებით და არც უარუყვია ამ სიუჟეტის არც ერთი ასპექტი მას შემდეგ რაც ის გამოქვეყნდა ტელევიზიით. თუმცა, როგორც გაირკვა, ამის შემდეგ მას რაიმე პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. საჯარო სამსახურის ბიუროში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მის 2019 წლის დეკლარაციაში რაიმე დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

მურუსიძისა და ჩინჩალაძის საქმეები განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ორივე მოსამართლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

კარგად ინფორმირებული წყაროები ორივე მათგანს ახასიათებენ როგორც წამყვან ლიდერებს მოსამართლეთა ჯგუფისა, რომელმაც, როგორც ჩანს, ხელში ჩაიგდო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის კონტროლი. საკუთარი გავლენებით ისინი ინარჩუნებენ თანამდებობსაც და ასევე, გავლენას ახდენენ ზოგიერთი განსაკუთრებული საქმის განხილვის შედეგებზეც.

ჯგუფს, რომელიც “კლანის” ან “მოსამართლეთა კლანის” სახელითაა ცნობილი, ფორმალური სტრუქტურა არ გააჩნია და მისი სრული მასშტაბი უცნობია, თუმცა, სხვადასხვა ცნობით, ის დაახლოებით 30 მოსამართლისგან შედგება. ამ ჯგუფის საქმიანობა სამართალდამცავებს არ გამოუძიებიათ და შესაბამისად, მის წევრებთან მიმართებაში კორუფციის შესახებ მყარი მტკიცებულებები არ არსებობს. მაგრამ მისი არსებობა და სავარაუდო დამღუპველი გავლენა აღწერილი იქნა დამოუკიდებელი “ვოჩდოგების”, მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

კახა წიქარიშვილი, ყოფილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე, ახლა დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრია, რომელიც სასამართლო რეფორმებს ითხოვს. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში კორუფციის კონკრეტული შემთხვევების დასახელება რთულია.

“უფრო მეტად კორუფცია სასამართლო სისტემაში არსებობს ისეთი ფორმით, რომ მოსამართლეს ეუბნებიან, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”, – თქვა მან. 

“კლანის წევრები მოსამართლეს ეუბნებიან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.  მოსამართლე ამას ასრულებს და კლანი იღებს ფულს ამ საქმეებში”.

როგორც ამბობენ, ამ ჯგუფის წევრებს შორის არიან ბევრი რაიონული და საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელი, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სასამართლო სისტემაში. ეს ორგანო ნიშნავს ყველა მოსამართლეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე აქვს უფლებამოსილება დასაჯოს ან გაათავისუფლოს მოსამართლეები, ასევე დააჯილდოოს ისინი კარგი სამუშაოსთვის, მათ შორის დანიშნოს ისინი უვადოდ.

საბჭო 8 მოსამართლისგან, 6 არამოსამართლე წევრისგან (ძირითადად, იურისტები) და თავმჯდომარისგან შედგება. მურუსიძე საბჭოს მდივნად მუშაობდა 2013-17 წლებში. საბჭოს წევრ მოსამართლეებს – როგორც ყოფილ, ისე მოქმედს – ახლო პიროვნული და პროფესიული კავშირები აქვთ ჩინჩალაძესთან. 2017 წელს საბჭომ ის საქართველოში პირველ უვადო მოსამართლედ დანიშნა.

წიქარიშვილი, რომელიც ჩართულია სასამართლო რეფორმის ადვოკატირებაში, იზიარებს გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ მოსამართლეთა ამ ჯგუფმა ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა დაამყარა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებთან. “ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” დგამს ნაბიჯებს, რომ სასამართლო სისტემა ნელ-ნელა გადააბაროს კლანს”, – განაცხადა მან.

ევროკომისიამ მთელი რიგი რეკომენდაციები გასცა, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს რომ გაგრძელდეს დიალოგი საქართველოს ევროინტეგრაციაზე.

ერთ-ერთი რეკომენდაციაა “უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი“. მეორეა “დეოლიგარქიზაციის ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჭარბი ზეგავლენისა და პრივილეგირებული ინტერესების აღმოფხვრის გზით”.

ევროკომისიას არ უხსენებია პერსონალურად ივანიშვილი. მაგრამ 20 ივნისს მასობრივ საპროტესტო აქციაზე თბილისში, რასა იუკნევიჩიენემ, ევროპარლამენტის წევრმა, ეს ყველაფერი ნათელი გახადა.

“ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი”, – თქვა მან. “გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან”.

სტატია თავდაპირველად ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა OCCRP-ის ვებგვერდზე. ინგლისურ ენაზე მასალის სანახავად გადადით ამ ბმულზე.