ყულევი რუსეთის ჩრდილში და დასანქცირების რისკი

ჟურნალისტი: ნინო რამიშვილი ; რედაქტორი: ზაზა წულაძე
Divider dot 16 თებერვალი 2026

2023 წლიდან ყულევში კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმმა” საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. 

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით რა კავშირები აქვს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას “ბლექ სი პეტროლიუმს” რუსულ სპეცსამსახურებთან, რუსულ ბიზნესთან და საქართველოს ხელისუფლებასთან. როგორ შენდება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი რუსული კომპანიების პროდუქციით.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი: საშიში პარტნიორობა რუსეთთან და დასანქცირების უმაღლესი რისკი

2025 წელს საქართველომ ნავთობპროდუქტების ექსპორტის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. საქართველომ შემოდგომაზე რუსეთისგან 95.6 მილიონ დოლარად, 225 ათასი ტონა ნედლი ნავთობი შეიძინა. ეს ნედლეული ჩვენს ტერიტორიაზე გადამუშავდა. შედეგად, საქართველომ ექსპორტზე სარეკორდო, 151 ათას ტონაზე მეტი „ქართული“ ნავთობპროდუქტი გაიტანა. პროდუქტი უკვე „საქართველოს წარმოშობის“ დოკუმენტაციით გაიყიდა მალტაში, გიბრალტარსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა, 80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ქართული“ ნავთობპროდუქტების ექსპორტის ეს მკვეთრი  ზრდა დროში ზუსტად ემთხვევა ყულევში, სახელმწიფოს მონაწილეობით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას.  

ვინ ვინ არის “ყულევის პროექტში”?

კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმს“, რომელსაც კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, 600 000 კვ.მ. მიწა და ქარხნის მშენებლობის უფლება გადაეცა, ოფიციალურად  ყოფილი მოდელი და დიზაინერი, მაკა ასათიანი წარმოადგენს. იგი კახი ასათიანის, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ვარსკვლავისა და 2002 წელს მოკლული ბიზნესმენის ქალიშვილია.

2024 წლის შემოდგომაზე, პროექტის მეგა-პრეზენტაციაზე, ასათიანი ირაკლი კობახიძის გვერდით იჯდა და „ოცნების“ მთავრობას „უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის“ მადლობას უხდიდა. თუმცა, ჟურნალისტური გამოძიების ინტერესის საგანი ჩრდილში მყოფი სხვა „გამორჩეული“ ფიგურებია.

კოტე გოგელიამაკა ასათიანის მეუღლე და პროექტის რეალური მმართველი. ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, რომელიც 2000-იანი წლებიდან რუსეთში ნავთობვაჭრობისა და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში ოპერირებს. მისი პოლიტიკური წარსულიც მრავალფეროვანია:  გოგელია 2011 წელს „ქართული პარტიის“  ერთ-ერთი  ლიდერი და დამფინანსელებლიც იყო.  

თუმცა განსაკუთრებით ნიშანდობლივია ერთი ფაქტი: 2011 წელს, „ქართულმა პარტიამ“ კოტე გოგელიასთან ურთიერთობა „პოლიტიკური ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, სრულიად მიუღებლად“ მიიჩნია.

დავით ფოცხვერია –  კოტე  გოგელიას დისშვილი, 2025 წლის თებერვლიდან იგი „ბლექ სი პეტროლიუმის“ მეწილე, სექტემბრიდან კი გენერალური დირექტორია. 

მიხეილ ჭკუასელი – ქარხნის კიდევ ერთი დირექტორი და შევარდნაძის ეპოქის ფინანსთა ყოფილი მინისტრია.

დღეისათვის ბლექ სი პეტროლიუმის 70.66% მაკა ასათიანის კომპანია მკ კაპიტალი ფლობს, 29.34%-ს კი დავით ფოცხვერიას კომპანია “დუნამის”. 

აღსანიშნავია ლევან დავითაშვილის როლი. 16 თვის წინ იგი, როგორც „ოცნების“ ეკონომიკის მინისტრი, პროექტს სახელმწიფოს მხრიდან კურირებდა. თუმცა, მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ანუ “ზედამხედველად” მოგვევლინა.

„ენერგოუსაფრთხოების“ სახელით შექმნილი ამ სქემის, უკან ,,საქართველოს განვითარების  ფონდი”, სამი კომერციული ბანკი, მათ შორის “ქართუ” და რუსულ ბიზნესთან დაახლოებული პირები დგანან.

ეკონომიკურ ჭრილში პროექტის ბუნებას ასე აფასებს „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ფარცვანია: 

„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის კომერციული ლოგიკა თავსებადია რუსული ნედლი ნავთობის მიწოდებასთან. როგორც გეოგრაფია, ისე ეკონომიკა რუსული მიმართულებისკენ მიუთითებს“.

 ინვესტორები: რუბლები, სახელმწიფო ფონდი და კომერციული ბანკები

„ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი“ უწოდა. 700 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული პროექტის პირველი ეტაპისთვის, დაახლოებით, 110 მილიონი დოლარი დაიხარჯა. 

საიდან მოდის ფული? დაფინანსების სამი ძირითადი წყაროა, სადაც რუსული კვალი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები ერთმანეთშია გადაჯაჭვული:

2025 წელს, როდესაც კოტე გოგელიას დისშვილი, დავით ფოცხვერია “ბლექ სი პეტროლიუმის” 29.34% მეწილე და გენერალურ დირექტორი გახდა, მან კომპანიის კაპიტალი 911 მილიონი რუსული რუბლით (დაახლოებით 31.7  მილიონი ლარი) შეავსო. 

დავით ფოცხვერიამ, რუსულ კავშირებთან და ფინანსებთან დაკავშირებით, “მონიტორის” შეკითხვებს არ უპასუხა. 

მშენებლობისთვის 45 მილიონი ევროს კრედიტი სამმა ბანკმა გასცა. ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა „ქართუ ბანკმა“, ჩინურმა „ბაზისბანკმა“ და ყაზახურმა „ხალიკ ბანკმა“. 

პროექტის ინვესტორია თავად სახელმწიფოც — „საქართველოს განვითარების ფონდის“ (ყოფილი „საპარტნიორო ფონდი“ ) სახით. ფონდმა მშენებლობაში ჯერ 5.7 მილიონი დოლარის სესხი ჩადო, შემდეგ კი ინვესტიცია 8.2 მილიონამდე გაზარდა.

მთავრობამ გაასაიდუმლოა განმარტებითი ბარათი, რომელიც პრემიერის განკარგულებას ახლავს და ფონდის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ფულის ჩადებას ასაბუთებს. 

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარნის მშენებლობის პროექტში ჩართვა, ამ საკითხზე დასმული კითხვები საქართველოს მთავრობამ და ეკონომიკის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა.

დღეისათვის „ბლექ სი პეტროლიუმის“ 100%-იანი წილი და მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება 50 მილიონ აშშ დოლარად არის დაგირავებული, 30 წლის ვადით.

გირავნობის ხელშეკრულება გაფორმებულია, “ბლექ სი პეტროლიუმს”, კომერციულ ბანკებსა  და სახელმწიფო ფონდს შორის. 

გოგელია: კავშირები კრემლთან, კრიმინალთან და FSB-თან

კოტე გოგელიას გზა რუსეთის ენერგოსექტორში კრემლის ელიტასთან სინქრონიზაციით დაიწყო.

გოგელია რუსეთში, სულ მცირე, 7 მსხვილ კომპანიას ფლობდა და ამას გარდა შემოსავალს რამდენიმე ნავთობმომპოვებელი საწარმოდან იღებდა. რუსული გამოცემა ვედომოსტის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით მისი შვეიცარიული კომპანია “პროჯერტა” 2004 წლიდან “სიბნეფტის” (ამჟამად “გაზპრომნეფტი”) ნავთობის ექსპორტს ახორცილებდა. კოტე გოგელიას ერთ-ერთი მთავარი აქტივი, “ჩრდილოეთის სატვირთო კომპანია” (Северная грузовая компания), სადაც ფორმალური მესაკუთრე მაკა ასათიანის ოფშორული კომპანია იყო, 2010 წელს”გაზპრომტრანსის” ექსკლუზიური პარტნიორი გახდა. 

ამ წარმატების მიღმა, რუსული გამოცემის თანახმად, ვალერი გოლუბევი იდგა — პუტინის ძველი მეგობარი და კოლეგა KGB-დან, რომელიც დიქტატორმა 2006 წელს “გაზპრომის” თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა. რუსული მედიის შეფასებით, სწორედ გოლუბოვის პატრონაჟით გაიხსნა გოგელიასთვის სახელმწიფო მონოპოლიის კარები, სადაც ამ მასშტაბის ბიზნესში “შემთხვევითი ადამიანები” კრემლის დასტურის გარეშე ვერ ხვდებიან.

გოგელიას კავშირები რუსეთის თავდაცვის სამინისტრომდეც აღწევს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წელს მისი გვარი ფიგურირებდა მინისტრ ანატოლი სერდიუკოვის გუნდის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში. 

გამოძიების მიხედვით, მურმანსკში ნავთობტერმინალი, რომელიც მანამდე რუსეთის ჩრდილოეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ემსახურებოდა, კორუფციული გზით, საბაზრო ფასზე ორჯერ იაფად, სწორედ გოგელიას კომპანიამ ჩაიგდო ხელში. თუმცა, პოლიტიკური “სახურავის” წყალობით, მისი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

კავშირები სპეცსამსახურებთან კიდევ უფრო თვალსაჩინოა კალუგის ოლქში. რუსული საგამოძებო მედიის, “აისთორის” ცნობით, გოგელია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ვალერი ბიტაევის (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) მჭიდროდ დაკავშირებული ფიგურა) ოჯახთან ერთად მართავდა. მხოლოდ 2022 წელს, ამ ქარხნის მოგებამ 529 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

დღეისათვის კოტე გოგელია რუსეთში საკუთარ სახელზე კომპანიებს აღარ აფიქსირებს. თუმცა „მონიტორმა“  მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ წარსულში მასთან დაკავშირებული და დღესაც მოქმედი კომპანიების უკან ისევ კოტე გოგელია დგას. 

მათ შორის, მისი ერთ-ერთი ძირითადი აქტივი, OEG — „ოილ ენერჯი გრუპი“, მაკა ასათიანის ვაჟზე, კახი ჟორდანიაზე იყო  გადაფორმებული 2023 წლამდე.  კოტე გოგელიასთან დაკავშირებული ეს  კომპანია ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობამდე,  რუსეთში, ორიოლის ოლქში აპირებდა ბიტუმის ტერმინალის აშენებას, თუმცა პროექტი ვერ განახორციელა.

„ნეფტეგაზ ელ“: ვაჭრობა სანქცირებულ რუსულ გიგანტებთან

ყულევის პროექტის ფინანსური და ლოგისტიკური ოპერაციების ეპიცენტრში რუსული კომპანია – „ნეფტეგაზ ელ“ დგას. წარსულში ეს კომპანიაც კოტე გოგელიას ცოლის, მაკა ასათიანის ოფშორულ კომპანიას ეკუთვნოდა. 2019 წლიდან 2025 წლის დეკემბრამდე მისი 100%-იანი მეწილე დავით ფოცხვერია იყო, რომელიც პარალელურად ქართული „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი და თანამფლობელია. “მონიტორის” გამოძიების დაწყების შემდეგ, კომპანია “ნეფტეგაზ ელ” დავით ფოცხვერიამ გადააფორმა სააქციო საზოგადოება “ინვესტ-გრუპზე”, რომლის საბოლოო მფლობელებიც საჯარო არ არის.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, “ნეფტეგაზ ელის” სუფთა მოგება სწაფი ტემპით – 10-ჯერ გაიზარდა და 2023 წელს 846 550 000 რუბლს (30 მილიონი ლარი) მიაღწია. 

„მონიტორის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები ააშკარავებს სქემას: ყულევის ქარხნისთვის საჭირო აღჭურვილობასა და მასალებს რუსეთში სწორედ ფოცხვერიას რუსული კომპანია “ნეფტეგაზ ელი” ყიდულობს.  

“მონიტორმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, სულ მცირე სამი კომპანია, ვისგანაც „ნეფტეგაზ ელმა“ “ბლექ სი პეტროლიუმისთვის” ქარხნის მშენებლობისთვის პროდუქცია იყიდა სანქცირებულია: მათ შორის„ სევერსტალი“ პუტინის ახლო მეგობრის, მილიარდერის, ალექსეი მორდაშოვის კომპანია. თავად კომპანიაც და მისი მფლობელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფებიან.

UMK Stal და OMK: რუსული მეტალურგიული გიგანტები, რომლებიც ასევე აშშ-ის მიერ არიან დასანქცირებულნი. მიუხედავად საერთაშორისო შეზღუდვებისა, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა სწორედ ამ კომპანიების მასალებით მიმდინარეობს.

სანქცირებულ კომპანიასთან ვაჭრობის შესახებ დასმულ კითხვას “ბლექ სი პეტროლიუმში” არ უპასუხეს.

რუსეთიდან იმპორტის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ “ბლექ სი პეტროლიუმი” 2024-2025 წლებში რუსეთიდან საქართველოში იმპორტიორთა ტოპ-ათეულშიც კი მოხვდა.

უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის, გიორგი მუჩაიძის აზრით, ოკუპანტ ქვეყანასთან ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

სამწუხაროდ, ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების პირობებში, რომელიც აშკარად რუსული ხელწერით მოქმედებს და მოსკოვის გავლენის ქვეშ იმყოფება, გასაკვირი არაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მისი პირადი და არა ეროვნული ინტერესების მიხედვით მოქმედებენ“მიაჩნია გიორგი მუჩაიძეს. 

GRU-ს გენერლის კვალი ყულევის პროექტში 

2026 წლის 6 თებერვალს, რუსეთის დედაქალაქში,  რამდენჯერმე ესროლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) უფროსის პირველ მოადგილეს, გენერალ ვლადიმერ ალექსეევს. ალექსეევი, რომელიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, სიკვდილს გადაურჩა, თუმცა ამჟამად  კომაშია. ის, ჯერ კიდევ 2018 წელს დასანქცირდა სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის “ნოვიჩოკით მოწამვლის ორკესტრირებისათვის”.

გრუს გენერლის, ალექსეევის კვალი ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანამდეც მოდის.

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საგამოძიებო პლატფორმის Proekt-ის მიხედვით, „გენერალ ალექსეევის “რუსეთის გმირის” ფასადს მიღმა იმალება უზარმაზარი ბიზნეს-იმპერია, რომელიც გაფორმებულია ნათესავებსა და ნდობით აღჭურვილ პირებზე. გენერლის ვაჟი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ლოჯისტიკასთან დაკავშირებული აქტივების მართვის საკვანძო რგოლი გახდა. გამოცემამ ვლადიმერ ალექსეევის ვაჟის, სერგეი ალექსეევისა  და  მაკა ასათიანის პირველი ქორწინებიდან ვაჟის, კახი ჟორდანიას ბიზნესპარტნიორობის შესახებაც გამოაქვეყნა მტკიცებულებები.

„მონიტორის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები კი ადასტურებს, რომ ყულევის პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, კოტე გოგელიას დის შვილი, დავით ფოცხვერია, წლების განმავლობაში სწორედ ამ ჯგუფთან იყო აფილირებული. 5 წლის განმავლობაში დავით ფოცხვერია და GRU-ს უფროსის მოადგილის შვილი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ნავთობკომპანიაში.

ფოცხვერიას კომპანია „ნეფტეგაზ ელ“, რომელიც “ბლექ სი პეტროლიუმის” მთავარი კონტრაქტორია, 2025 წლის ზაფხულამდე ფლობდა წილს კომპანია „სდო ენერგოში“. რუსეთის ფედერალური რეესტრის არქივი აჩვენებს, რომ ამ ბიზნესში ფოცხვერიას პარტნიორი იყო „სდო ლოჯისტიკი“, რომლის 51%-იან წილს სწორედ სერგეი ალექსეევი ფლობს, გენერალ ვლადიმერ ალექსეევის ვაჟი, 25%-ს კი კახი ჟორდანია. 

კადრები რუსეთიდან და რუსული სამუშაო ენა

ყულევის პროექტის დაწყებისას „ოცნების“ მთავრობა საზოგადოებას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში საქართველოს 500 მოქალაქის დასაქმებას ჰპირდებოდა. თუმცა, რეალობა ოდნავ განსხვავებულია: კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, თავისი რუსული კონტრაქტორის, „ნეფტეგაზ ელ“-ის მეშვეობით, კვალიფიციურ კადრებს რუსეთსა და შუა აზიაში ეძებს.

რუსეთის შრომის ბაზარზე გამოქვეყნებული ვაკანსიები აჩვენებს, თუ რა პირობებით იზიდავენ კადრებს საქართველოში: ხელფასი – 190 000 რუსული რუბლი (დაახლოებით 6 700 ლარი). ბონუსები – უფასო კვება, საცხოვრებელი და ტრანსპორტირება რუსეთიდან საქართველოში და უკან. ეს შეთავაზებები ძირითადად, მაღალტექნოლოგიური მილსადენების მემონტაჟეებისთვისაა განკუთვნილი.

„მონიტორის“ წყაროს ინფორმაციით, ამჟამად ყულევის ობიექტზე ათეულობით რუსეთის მოქალაქე მუშაობს. მიუხედავად ამისა, კვალიფიცირებული კადრების მოძიებას კომპანია აქტიურად აგრძელებს დსთ-ს და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

კომპანიამ საქართველოშიც გამართა დასაქმების ფორუმები, თუმცა აქაც რუსული გავლენა გადამწყვეტია. ვაკანსიებში რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულო მოთხოვნაა. 

მეტიც, ფუნქცია-მოვალეობებში პირდაპირაა გაწერილი, რუსულენოვან დოკუმენტაციასთან მუშაობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქარხნის მართვისა და ინჟინერიის მთელი სისტემა რუსულ სტანდარტებსა და კადრებზეა მორგებული.

„მონიტორმა“ ოფიციალური კითხვებით მიმართა „ბლექ სი პეტროლიუმს“: რამდენი ადამიანია დასაქმებული ქარხანაში ამჟამად? მათგან რამდენია საქართველოს და რამდენი რუსეთის მოქალაქე? რატომაა რუსული ენის ცოდნა აუცილებელი პირობა ქართულ ობიექტზე? კომპანიამ ეს კითხვები უპასუხოდ დატოვა.

რუსული ნავთობის გადასამუშავებელი ჰაბი

2025 წლის 6 ოქტომბერს ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან პირველი პარტია – 105 ათასი ტონა ნედლი ნავთობი მიიღო. ნიშანდობლივია, რომ ეს ინფორმაცია არა ქართულმა მხარემ, არამედ საერთაშორისო სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

ნედლეული, რომელიც ყულევის პორტში გადმოიტვირთა, რუსულ ნავთობკომპანია „რუსნეფტს“ ეკუთვნოდა. მისი მფლობელი სანქცირებული მილიარდერი მიხეილ გუცირიევია. სწორედ გუცირიევმა გადაუხადა ივანიშვილს 982.5 მილიონი დოლარი 2012 წელს, როცა მან ქართულ პოლიტიკაში ჩასართავად რუსული აქტივების გაყიდვა დაიწყო. 

მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავენ, ექსპერტები ყულევში სანქციების გვერდის ავლის კლასიკურ ნიშნებს ხედავენ. ყულევში რუსული პორტებიდან წამოსული ნავთობტანკერები უკრაინის დაზვერვისა და საერთაშორისო საზღვაო ინსტიტუტის მონაცემებით შეიმჩნევიან შემდეგ საეჭვო ქმედებებში:

ნავიგაციის გათიშვა (Dark Voyages): რუსეთის ტანკერები თიშავენ AIS სისტემას, რათა მათი მარშრუტი დაუფიქსირებელი დარჩეს. 

STS (Ship-to-Ship) გადატვირთვა: ღია ზღვაში ტვირთის გადატანა ერთი ტანკერიდან მეორეზე ნედლეულის რეალური წარმომავლობის დასამალად.

ჩრდილოვანი ფლოტი: ყულევში შემოსული  ნავთობით დატვირთული ტანკერების, ნაწილი ოფშორებში და არაბულ ქვეყნებშია რეგისტრირებული, რომლებიც დასავლური დაზღვევისა და საბანკო გარანტიების გარეშე ოპერირებენ.

ტანკერების გადაადგილება რუსეთის და საქართველოს პორტებს შორის, AIS-ის გათიშვით, არის პრაქტიკა, რომელიც ფართოდ ასოცირდება ‘ჩრდილოვანი ფლოტის’ ტაქტიკასთან. თუ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იღებს ასეთ გემებს, ეს ნიშნავს მეორადი სანქციების რისკის ქვეშ დადგომას“, – აღნიშნავს პროფესორი ვახტანგ ფარცვანია.

ამ სქემის ერთ-ერთი მაგალითია რუსული ტანკერი Truvor (IMO 9676230), რომელიც ყულევში 2025 წლის 19 დეკემბერს შემოვიდა. საზღვაო პლატფორმები ადასტურებენ, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს რამდენიმე დღის განმავლობაში სიგნალი გათიშული ჰქონდა.

Truvor ჯერ კიდევ 2019 წელს მოხვდა აშშ-ის „შავ სიაში“ სირიის დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის პრორუსული რეჟიმისთვის ნავთობის მიწოდების გამო. საქართველოს საზღვაო სააგენტომ „მონიტორს“ განუცხადა, რომ ტანკერი სანქცირებული არ იყო და ტრანზიტული ტვირთი, ნავთობი, სომხეთისთვის შემოიტანა.

ეს ვერსია უარყვეს ყულევის პორტის მფლობელ აზერბაიჯანულ კომპანია „სოკარში“ (SOCAR). მათ დაგვიდასტურეს, რომ ნავთობი, სინამდვილეში, „ბლექ სი პეტროლიუმმა“ მიიღო.

რუსულ ინტერესებზე მორგებული პროექტი

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა წლების განმავლობაში “მკვდარ პროექტად” ითვლებოდა. ჯერ კიდევ 2012 წელს, საქართველოს მთავრობამ მშენებლობა აზერბაიჯანულ ენერგოგიგანტ „სოკარს“ შესთავაზა, რომელიც ყულევის პორტს 2006 წლიდან ფლობს. თუმცა, 2016 წელს აზერბაიჯანულმა მხარემ პროექტზე ოფიციალურად თქვა უარი, მისი არარენტაბელობის გამო.

ყულევის პროექტი 2016-2023 წლებში, ვერც მეორე ინვესტორმა „ფაზის ოილმა“ გააცოცხლა.

ჩნდება კითხვა: რატომ გახდა ორჯერ ჩავარდნილი და არარენტაბელური პროექტი „ფინანსურად მიმზიდველი“ მოულოდნელად 2023 წელს? ექსპერტების შეფასებით პასუხი უკრაინის ომსა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებშია. 

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ფარცვანია “მონიტორს” ეუბნება: “პროექტი იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც ევროკავშირის სანქციები ჯერ კიდევ არ კრძალავდა რუსული ნედლეულისგან მესამე ქვეყნებში გადამუშავებული ნავთობპროდუქტების იმპორტს. ამ პერიოდში ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი და თურქეთი, დიდი მოცულობით შემოიტანეს რუსული ნავთობი შეღავათიან ფასად, გადაამუშავეს იგი ადგილზე და ნავთობპროდუქტები ევროკავშირის ბაზრებზე საკუთარი ქვეყნის წარმოშობის სტატუსით გაიტანეს, რითაც პროცესში სოლიდური მოგება მიიღეს. მიმაჩნია, რომ საქართველო გეგმავდა ამ მოდელის უფრო მცირე მასშტაბით გამეორებას, ხელსაყრელი ლოჯისტიკის, რუსულ პორტებთან სიახლოვისა და ყულევში არსებული ნავთობის ინფრასტრუქტურის გამოყენებით”.

ომის გამო რუსული ნავთობინდუსტრია უმძიმესი წნეხის ქვეშ მოექცა: დაწესდა ფასის ზედა ზღვარი (60$ ბარელზე), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფასზე უფრო ძვირად რუსული ნედლი ნავთობის შეძენა აკრძალულია. ასევე დასანქცირდნენ რუსული ნავთობგიგანტები: Rosneft, Gazprom Neft, Lukoil, Transneft, შესაბამისად ამ კომპანიებისგან პროდუქციის შეძენა სრულად იზღუდება, ხოლო შავ ზღვაში უკრაინული დრონების თავდასხმებმა რუსული ნედლეულის გადამუშავება და ტრანსპორტირება სახიფათო და ძვირი გახადა.

ექსპერტების გათვლებით, ასეთ სქემებში მოგების მარჟა ბარელზე ძალიან მაღალია. 

“სანქციებმა შექმნა უჩვეულოდ დიდი შესაძლებლობები, რაც შეიძლება გარდაიქმნას სოლიდურ დამატებით მოგებად მათთვის, ვინც მზად არის იმუშაოს მაღალი რისკის გარემოში” – გვეუბნება ვახტანგ ფარცვანია.

ამ სქემის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე:

„უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ენერგორესურსების რუსული წარმოშობის დასაფარად და სანქციების გვერდის ავლით რეალიზაციისთვის, რუსეთი მრავალ ხერხს მიმართავს. მათ შორის ნედლი ნავთობის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საშუალებით ტრანსპორტირებას და მის სხვა ქვეყნებში გადამუშავებას. ცხადია, რომ ასეთ პირობებში, რუსეთის სამეზობლოში, პორტის მიმდებარედ აშენებული ნავთობგადამუშავებელი ქარხნის რენტაბელურობა მკვეთრად გაიზრდებოდა“

რუსეთში ამ „სტრატეგიულ მოკავშირეობას“ არც მალავენ. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან და საგარეო უწყებასთან აფილირებული გამოცემა „ევრაზიის რიტმი“, რომელიც აშშ-ს დასანქცირებული ჰყავს, ღიად აქვეყნებს რუკას, სადაც საქართველოს ნავთობტერმინალები: ყულევი და სუფსა პირდაპირ არის მითითებული, როგორც რუსეთის, ნოვოროსიისკის პორტის “შემავსებელი”.

რა ელის ყულევის ნავთობგადამამუშავებელს მე-18 სასანქციო პაკეტის შემდეგ

ევროკავშირი განაგრძობს რუსეთის ენერგოსექტორზე – პუტინის სამხედრო მანქანის მთავარ სპონსორზე – ზეწოლის გაძლიერებას. 2026 წლის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ფედერალური ბიუჯეტის 40%-ს უკრაინის ომზე ხარჯავს, საერთაშორისო შეზღუდვებმა რუსეთის ნავთობშემოსავლები უკვე 30-40%-ით შეამცირა.

ბრიუსელმა ეტაპობრივად აკრძალა რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო იმპორტი, თუმცა საქართველოსთვის კრიტიკულ გამოწვევას სანქციების მე-18 პაკეტი წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით ძალაში 2026 წლის 21 იანვარს შევიდა.

ახალი რეგულაციის მთავარი მიზანი სანქციების გვერდის ავლის მექანიზმების პრევენციაა. მე-18 პაკეტის 3ma მუხლი ცალსახად კრძალავს მესამე ქვეყნებიდან იმ ნავთობპროდუქტების იმპორტს, რომლებიც რუსული ნედლეულისგანაა მიღებული.

ამიერიდან, ევროკავშირი მოითხოვს „ქიმიურ პასპორტს“ – ლაბორატორიულ დასკვნას, რომელიც ნავთობის მოლეკულურ შემადგენლობაში არსებული გოგირდისა და მინარევების სპეციფიკური პროპორციით უტყუარად ადგენს ნედლეულის საბადოს და გამორიცხავს რუსული Urals-ის ტიპის ნავთობის „ქართულად“ მარკირების ნებისმიერ მცდელობას.

ყულევის მესვეურებისთვის პირველი გამაფრთხილებელი სიგნალი ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში გაისმა, როდესაც ნედლი ნავთობის პირველი პარტია ტანკერმა Kayseri-მ შემოიტანა. ტვირთის მომწოდებელი რუსული RussNeft იყო. ამ ოპერაციიდან მალევე, როგორც ტანკერი, ისე თავად RussNeft საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდნენ.

9 თებერვალს ,,რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა რუსეთის სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლოა საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს. მედიის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად მოთხოვნილია მესამე ქვეყნებში არსებულ 4 საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა. 

სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული: „[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა: ჩვენ არ ვფიქრობთ რა თქმა უნდა, რომ იქ რაიმე ისეთი ხდება, რომ ექვემდებარება სასანქციო პოლიტიკას. 

კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმმა არ გვიპასუხა რას გეგმავს დასანქცირების შემთხვევაში. 

პროფესორი ვახტანგ ფარცვანია „მონიტორთან“ ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის კონგრესში მიმდინარე ორპარტიულ ინიციატივაზე და სანქცირების გაზრდილ რისკებზეც:

კანონპროექტი ითვალისწინებს 500%-მდე ტარიფის დაწესებას იმ მესამე ქვეყნების ექსპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს შეისყიდიან. ეს რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის მთლიან საექსპორტო პოტენციალს, რომელმაც 2025 წელს აშშ-ში 120 მილიონი დოლარი შეადგინა.

რისკები მნიშვნელოვნად იზრდება, თუ აღმოჩენილი და დოკუმენტირებული იქნება შეუსაბამობები, მანიპულაციები ან წარმოშობის განზრახ დაფარვა. ასეთ შემთხვევაში, ყულევი ან მასთან დაკავშირებული კომერციული სუბიექტები შეიძლება დაექვემდებარონ მიზნობრივ სანქციებს, მსგავსად იმისა, რაც ინდური Nayara Energy-ს შემთხვევაში მოხდა.

ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრა ნიშნავს წვდომის დაკარგვას ევროსა და დოლარის ტრანზაქციებზე, დასავლურ საბანკო არხებზე, დაზღვევასა და სავაჭრო დაფინანსებაზე, რაც კრიტიკულად შეზღუდავს ყულევის ოპერატორის ფუნქციონირების შესაძლებლობას”.

ევროკავშირის მიერ დაანონსებული სანქციების რისკისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს განვითარების ფოდნმა, “მონიტორის” შეკითხვებს არ უპასუხა.