IKEA წავიდა — ავეჯი დარჩა (თარგმანი)

Divider dot 8 ოქტომბერი 2026

IKEA წავიდა – ავეჯი დარჩა. როგორ ამარაგებდა ლიტველი მილიონერის ბელარუსული ქარხანა რუსეთს შვედური ბრენდის მსგავსი ავეჯით

2026 წლის სექტემბრამდე „ნოვუს ინდასტრის“ (Novus Industry) უკან სიგიტას პაულაუსკასი იდგა –  VMG Group-ის, IKEA-ს ლიტველი მომწოდებლის მფლობელი.

ავტორები: იანა მიცკევიჩი, დზმიტრი ჩარაპაჰაუ (ბელარუსის საგამოძიებო ცენტრი)

რედაქტორები: ლოლა ბურიევა, სტანისლაუ ივაშკევიჩი

ბელარუსული ქარხანა „ნოვუს ინდასტრი“, IKEA-ს ყოფილი კონტრაქტორი, შვედური ბრენდის მოდელების მსგავს ავეჯს აწარმოებს და რუსეთში ყიდის. ბელარუსის საგამოძიებო ცენტრმა (BIC) დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც ლიტვურმა VMG Group-მა ბელარუსში საქმიანობის შეჩერება გამოაცხადა, ჰოლდინგის კომპანიები ქარხანასთან ვაჭრობას აგრძელებდნენ, ჯგუფის მფლობელი სიგიტას პაულაუსკასი კი 2026 წლის სექტემბრამდე თითქმის მთელი საწარმოს მესაკუთრედ რჩებოდა. ქარხნის მთავარი რუსი მყიდველი ავეჯს ოკუპირებულ აფხაზეთში აგზავნიდა, ჟურნალისტებმა კი მისი პროდუქცია უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდების შეთავაზებით იპოვეს. ჟურანლისტებმა იპოვეს, რომ პროდუქციას ის უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეც სთავაზობდა. 

გამოძიება მომზადდა ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის, ლიტვური ნიუს-პორტალის 15min.lt, სტუდია „მონიტორისა“ და შვედური TV4-ის საგამოძიებო გადაცემის Kalla Fakta თანამშრომლობით, ინიციატივა „რაბოჩი რუკისა“ და „კიბერპარტიზანების“ მხარდაჭერით. ორიგინალი: investigatebel.org

არა IKEA, მაგრამ საოცრად ჰგავს

აი, ორი თეთრი ფეხსაცმლის კარადა ფეხებით. თითოეულს ოთხი განყოფილება, პატარა მრგვალი სახელურები და ოდნავ გამოწეული ზედა ფიცარი აქვს. ერთი შეხედვით, ერთი და იგივე მოდელია. თუმცა ერთი IKEA-ს ნაწარმია, მეორე — ბელარუსული „ნოვუს ინდასტრისა“.

 წყარო: IKEA-ს საიტის თურქული ვერსია და „ნოვუს ინდასტრის“ საიტზე განთავსებული ავეჯის კატალოგი. მარცხნივ — IKEA-ს კარადა, მარჯვნივ — „ნოვუს ინდასტრისა“.

მსგავსება კიდევ ერთ წყვილ მოდელშიც შესამჩნევია. ორივე ტელევიზორის კარადას სამი გამოსაწევი უჯრა, მათ ზემოთ სამი ღია თარო, მუქი მრგვალი სახელურები და სწორი ფეხები აქვს. მწარმოებლები ისევ იგივეა: IKEA და „ნოვუს ინდასტრი“.

 წყარო: IKEA-ს საიტის პოლონური ვერსია და „ნოვუს ინდასტრის“ საიტზე განთავსებული ავეჯის კატალოგი. მარცხნივ — IKEA-ს ტელევიზორის კარადა, მარჯვნივ — „ნოვუს ინდასტრისა“.

IKEA-სთან მსგავსებაზე თავად რუსი ავეჯის გამყიდველებიც მიუთითებენ, რომლებიც „ნოვუს ინდასტრის“ პროდუქციას ყიდიან. მაღაზია „გუდ ლაკის“ (Gud Lakk) საიტზე ბელარუსი მწარმოებლის ერთ-ერთი კოლექცია პირდაპირ არის აღწერილი, როგორც „IKEA-ს პოპულარული, ტრადიციული სტილის Hemnes სერიით შთაგონებული“. კიდევ ერთი რუსული მაღაზია, „ნევსკი ფორტი“, მყიდველებს მინიშნებას აძლევს: პროდუქციის აღწერილობებში IKEA-ს მოდელების სახელებია მითითებული. მაგალითად, კომოდი „სირიუსი“ ცნობილი Brimnes კოლექციის ნაწილადაა მონიშნული.

BIC-მა ჩვენ მიერ ნაპოვნი ყველა სერიის შეფასება სთხოვა სესილია ვალბერგს, შვედეთის ხელოვნების, ხელობისა და დიზაინის უნივერსიტეტის (Konstfack) ინდუსტრიული დიზაინის უფროს ლექტორს. მისი თქმით, „დიზაინსა და ზომებში აშკარა მსგავსებაა“. მან ისიც ივარაუდა, რით შეიძლება აიხსნას ეს:

„ვფიქრობ, ქარხნები, რომლებიც „ახალ“, არა-IKEA-ს ავეჯს აწარმოებენ, იმავე სამუშაო ნახაზებსა და დანადგარებს იყენებენ, რომლებითაც IKEA-ს ავეჯს აწარმოებდნენ“.

სინამდვილეში, „ნოვუს ინდასტრი“ IKEA-ს ერთ-ერთი საკონტრაქტო მწარმოებელი იყო, სანამ შვედური ბრენდი 2022 წლის ზაფხულში, „უკრაინაში ომის შედეგად“, ბელარუსიდან და რუსეთიდან არ წავიდა. BIC-ის ჟურნალისტი, მყიდველის სახელით, კომპანიის გაყიდვების განყოფილებას დაუკავშირდა და იკითხა, რატომ ჰგავს მათი ავეჯი IKEA-ს პროდუქციას.

„რა თქმა უნდა, ( ავეჯი)  ჰგავს. წინა 10 წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ IKEA-სთვის ვაწარმოებდით ავეჯს. შესაბამისად, ჩვენი ყველა ახალი დიზაინი ძალიან ჰგავს იმას, რასაც ადრე ვამზადებდით“, — თქვა „ნოვუს ინდასტრის“ გაყიდვების წარმომადგენელმა.

„ესე იგი, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს IKEA-ს ასლებია?“ — დააზუსტა ჟურნალისტმა.

„არა, ასლები არაა. უბრალოდ, ძალიან მსგავსი მოდელებია“.

[ორიგინალში აქ ინტერაქტიული ტესტია — „რომელია IKEA?“ (10 რაუნდი, ფოტოები: გამყიდველების საიტები).]

წავიდნენ, მაგრამ ბოლომდე არა

2023 წლის მარტამდე „ნოვუს ინდასტრი“ VMG Industry-ს სახელით მუშაობდა. კომპანია მოგილიოვის ოლქში 2009 წელს ლიტვურმა VMG Group-მა დააარსა. 2019 წლისთვის ის IKEA-ს უმსხვილესი მომწოდებელი იყო მსოფლიოში. ჰოლდინგი ბელარუსის სხვა საწარმოებშიც აბანდებდა ფულს — ტყის ჭრაში, ხე-ტყის დახერხვასა და დამუშავებაში. მას აქტივები ჰქონდა ბორისოვში, ვიტებსკში, სვეტლოგორსკსა და სმოლევიჩში. ერთად ისინი საწარმოო ჯაჭვს ქმნიდნენ – ხე-ტყის დამზადებიდან მზა ავეჯის წარმოებამდე.

VMG Group ბელარუსში წარმოების გაფართოებას გეგმავდა, თუმცა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, შვედური ბრენდის მსგავსად, ქვეყანაში საქმიანობის შეჩერება გამოაცხადა. 2022 წლის 1 ივნისს ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ეგიდიუს მოცკუსმა განაცხადა, რომ მოგილიოვის ქარხანა გაჩერდა, თანამშრომლები იძულებით შვებულებაში გაუშვეს, ვიტებსკში ახალი საწარმოს მშენებლობა კი შეჩერდა. იმ დროისთვის ჯგუფს ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რა ექნა ბელარუსულ აქტივებს. საბოლოოდ, მან მხოლოდ ერთი გაყიდა — ხე-ტყის სახერხი და დამამუშავებელი ქარხანა SWOODS Export. გარიგების დეტალები BIC-მა ცალკე გამოძიებაში აღწერა.

იმავე ზაფხულს ლიტვურმა ჰოლდინგმა ქარხნების უმეტესობის სახელწოდებიდან ამოიღო აბრევიატურა „VMG“ — „Vakarų medienos grupė“, ანუ „დასავლეთის ხე-ტყის ჯგუფი“. ჯგუფის ბელარუსულმა კომპანიებმა ბრენდ „ნოვუსის“ სახელით დაიწყეს მუშაობა. ყველაზე დიდხანს ძველი სახელი მოგილიოვის ავეჯის ქარხანამ შეინარჩუნა — 2023 წლის გაზაფხულამდე. თუმცა, როგორც BIC-მა დაადგინა, ბრენდი შეიცვალა, ლიტვურ ჰოლდინგთან და მის მფლობელთან კავშირი კი კიდევ რამდენიმე წელი შენარჩუნდა.

ბელარუსის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, პუბლიკაციის მომზადების დროისთვის „ნოვუს ინდასტრის“ თანამფლობელებს შორის სამი ლიტვური კომპანია იყო. ორი მათგანი VMG Group-ის შემადგენლობაშია, თუმცა მათი ჯამური წილი მცირეა — 0,028%. 2024 წელს ჰოლდინგის პიარ-სამსახურმა განმარტა, რომ წილები „ბელარუსის კანონმდებლობის შეზღუდვების“ გამო შეინარჩუნეს.

თუმცა 2026 წლის შემოდგომამდე თითქმის მთელი საწარმო, სხვა კომპანიების მეშვეობით, სიგიტას პაულაუსკასს — VMG Group-ის ერთპიროვნულ მფლობელს — ეკუთვნოდა. „ნოვუს ინდასტრის“ 93% ნიდერლანდებში რეგისტრირებულ Novus International Holdings-ზეა გაფორმებული, კიდევ 6% — კვიპროსულ Pronovus Holdings-ზე. ეს უკანასკნელი ნიდერლანდურ კომპანიასაც აკონტროლებს. 2026 წლის სექტემბრამდე Pronovus Holdings პაულაუსკასს ეკუთვნოდა.

ნიდერლანდურ და კვიპროსულ კომპანიებს VMG Group-თან მხოლოდ ლიტველი ბიზნესმენი არ აკავშირებს. ჯერ კიდევ 2024 წელს ორივე კომპანიის სახელწოდებაში VMG-ის აბრევიატურა იყო. 2019 წლის ფინანსურ ანგარიშში Pronovus Holdings თავს VMG Group-ის სულ მცირე სამი კომპანიის მშობელ კომპანიად ასახელებდა. მათგან ორი პუბლიკაციის დროისთვისაც „ნოვუს ინდასტრის“ თანამფლობელთა შორისაა. ამავდროულად, VMG Group-მა BIC-ს განუცხადა, რომ ნიდერლანდური კომპანია ჯგუფის ნაწილი არასდროს ყოფილა.

BIC-თან კომენტარში პაულაუსკასმა ეს საკუთრების სტრუქტურა დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მფლობელობა ბელარუსულ საწარმოზე ოპერატიულ კონტროლს არ ნიშნავდა. მისი თქმით, მართვის გადაცემა „ნოვუს ინდასტრის“ ხელმძღვანელებისთვის 2023 წლის აგვისტოში დაიწყო და 2024 წელს დასრულდა. დამადასტურებელი დოკუმენტები მას არ წარმოუდგენია.

სიგიტას პაულაუსკასი ლიტვის ერთ-ერთი უმდიდრესი მეწარმეა. 2025 წელს ის ქვეყნის 500 უმდიდრესი ბიზნესმენის სიაში მე-13 ადგილზე იყო, 475 მილიონი ევროს სავარაუდო ქონებით. VMG Group-ის შემოსავალმა იმავე წელს 341 მილიონი ევრო შეადგინა.

პაულაუსკასს ბელარუსთან კავშირები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც ჰქონდა. 2012 წელს ის ლიტვისა და ბელარუსის ბიზნესის თანამშრომლობის საქმიანი საბჭოს გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს. მომდევნო წელს ბელარუს-ლიტვის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა, ისევე როგორც 2018 წელს. 2015 წელს ბელარუსში ბიზნესის მიმზიდველობა იაფი ხე-ტყითა და მუშახელით ახსნა.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც პაულაუსკასი ბელარუსთან თანამშრომლობაზე საუბრობდა. 2022 წელს მან ვილნიუსს ბელარუსის ატომური ელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის ყიდვა შესთავაზა. იდეამ ლიტვაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ლიტვის ბიზნეს-კონფედერაციის ხელმძღვანელმა ანდრიუს რომანოვსკისმა ეს სირცხვილი უწოდა. პაულაუსკასმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დისკუსიის გამართვა სურდა.

[ორიგინალში აქ ვიდეოა ჩაშენებული.]

ვაჭრობა გაგრძელდა

ბელარუსში საქმიანობის შეჩერების გამოცხადების შემდეგ VMG Group-ის კომპანიებმა „ნოვუს ინდასტრისთან“ ვაჭრობა განაგრძეს. 2024 წელს ჰოლდინგის შემადგენლობაში მყოფმა ლიტვურმა „ევროვესტამ“ (Eurovesta) მოგილიოვის საწარმოდან 475 000 ევროს ღირებულების საქონელი მიიღო. ვაჭრობა საპირისპირო მიმართულებითაც მიდიოდა: 2023–2024 წლებში „ევროვესტამ“ ბელარუსულ ქარხანას 1,86 მილიონი ევროს საქონელი მიაწოდა. დამატებით 154 000 ევროს ავეჯის კომპონენტები მიაწოდა „კლაიპედოს მედიენამ“ (Klaipėdos mediena) — VMG Group-ის კომპანიამ, რომელიც ასევე „ნოვუს ინდასტრის“ თანამფლობელია. VMG Group-მა ეს ტრანზაქციები BIC-თან კომენტარში დაადასტურა:

„ისინი ეხებოდა ხე-ტყესა და ხის კომპონენტებს, … ასევე ავეჯის ფურნიტურასა და დეტალებს. … არცერთი ეს ტრანზაქცია არ მოიცავდა IKEA-სთვის წარმოებულ პროდუქციას“.

ჰოლდინგმა ისიც განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოს „ევროვესტა“ გაიყიდა და VMG Group-ის შემადგენლობიდან გავიდა. ამავდროულად, BIC-ის ხელთ არსებული მონაცემებით, მისი ბენეფიციარი კვლავ პაულაუსკასია.

IKEA-დან რუსულ ბაზარზე

მას შემდეგ, რაც IKEA-მ ბელარუსელ და რუს მომწოდებლებთან თანამშრომლობა შეწყვიტა, „ნოვუს ინდასტრის“ შემოსავალი თითქმის სამჯერ შემცირდა — 2021 წლის 387,4 მილიონი ბელარუსული რუბლიდან (152,6 მილიონი დოლარი) 2025 წელს 143 მილიონამდე (46,6 მილიონი დოლარი). რუსეთი კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ბაზრად იქცა. BIC-ის ხელთ არსებული მიწოდებების მონაცემებით, რომლებიც ყველა ტრანზაქციას არ მოიცავს, მათი ღირებულება 2023 წელს კომპანიის შემოსავლის დაახლოებით მეოთხედს, 2024 წელს კი მესამედს შეადგენდა. 2024 წელს ბელარუსული გამოცემა ,,Office Life 

‘წერდა, რომ „ნოვუს ინდასტრი“ წარმოებული პროდუქციის 70%-ს რუსეთში აგზავნიდა. იმავე წელს „ნოვუს ინდასტრიმ“ სმოლენსკში ,,Novus Trading” დაარეგისტრირა. მშობელი კომპანიის მსგავსად, ,,Novus Trading” სხვა საქმიანობებთან ერთად ავეჯით ვაჭრობს.

2023 წლის მარტიდან 2025 წლის მაისამდე „ნოვუს ინდასტრიდან“ რუსეთში პირდაპირი მიწოდებების ჯამურმა მოცულობამ 30 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მთავარი მყიდველი იყო „სვედსტა“ (Swedsta) — რუსული კომპანია, რომელიც ავეჯის მაღაზიების ქსელ „გუდ ლაკს“ მართავს. კომპანიის მესამედი ბელარუსის მოქალაქე ივეტა ბიჩკოვას ეკუთვნის, რომელიც 2014–2020 წლებში VMG Industry-ში (ახლანდელ „ნოვუს ინდასტრიში“) მუშაობდა.

თავად „სვედსტა“ IKEA-ს წასვლიდან მალევე გაჩნდა. კომპანია 2022 წლის 30 ივნისს დარეგისტრირდა — ორი კვირის შემდეგ, რაც IKEA-მ განაცხადა, რომ „რუსეთსა და ბელარუსში IKEA-ს ბიზნესს კიდევ უფრო შეამცირებდა“. „სვედსტას“ საცალო ქსელი „გუდ ლაკი“ IKEA-ს ყოფილი მომწოდებლის ავეჯს ყიდის და მარკეტინგში შვედური კომპანიის ბაზრიდან წასვლას პირდაპირ იყენებს:

„IKEA-ს წასვლა არ არის მიზეზი, უარი თქვათ ინტერიერის ჩვეულ სტილზე. პროექტ „გუდ ლაკის“ წყალობით, ახლა შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ნივთები შეიძინოთ. დიახ, ისინი ოდნავ განსხვავებულად გამოიყურება და ახალი სახელები აქვს. მაგრამ დიზაინი, ხარისხი, ყიდვისა და აწყობის სიმარტივე კვლავ შესანიშნავია“, — წერია ქსელის საიტზე.

წყარო: მაღაზია „გუდ ლაკის“ საიტი.

აფხაზეთი, დონეცკი და ტვირთი პოლონეთში

„სვედსტას“ გაყიდვები მხოლოდ რუსეთით არ შემოიფარგლება. BIC-ის მიერ გაანალიზებული საბაჟო მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში კომპანიამ ავეჯი აფხაზეთში გაგზავნა. აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა. საქართველოს კანონმდებლობით, ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვა ხელისუფლების სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია. BIC-ის მოთხოვნის პასუხად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ასეთი ნებართვა არც „სვედსტასთვის“ და არც „ნოვუს ინდასტრისთვის“ არ გაუცია.

BIC-მა „ნოვუს ინდასტრის“ ავეჯი იპოვა მაღაზიაშიც, რომელიც პროდუქციის მიწოდებას, სხვა ადგილებთან ერთად, უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გვთავაზობს. თვითგამოცხადებულ „დნრ“-ში განთავსებულ ერთ-ერთ განცხადებაში გამყიდველი ბელარუსული „საგას“ სერიის კარადას ყიდის. კარადის ფოტოზე კი IKEA-ს ლოგო ჯერ კიდევ ჩანს. მაღაზიის მენეჯერებმა, რომლებსაც BIC-ის ჟურნალისტი პოტენციური მყიდველის სახელით დაუკავშირდა, განაცხადეს, რომ კომპანია საქონელს მოსკოვიდან აწვდის, ამიტომ დონეცკში მოდელების ნახვა შეუძლებელი იქნებოდა.

 წყარო: კატალოგი საიტზე donetsk.nadommebel.com. „ნოვუს ინდასტრის“ წარმოების „საგას“ სერიის კარადა IKEA-ს ლოგოთი, მიწოდების შეთავაზებით თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ („დნრ“).

ჩვენი ყურადღება თავად „ნოვუს ინდასტრის“ ერთ-ერთმა მიწოდებამაც მიიპყრო. ინიციატივა „რაბოჩი რუკის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2024 წლის ივლისში ბელარუსული ავეჯის იმპორტი აკრძალა, კომპანიამ პროდუქცია პოლონეთში სულ მცირე ერთხელ გაგზავნა. BIC-მა ამ მიწოდების შესახებ ინფორმაცია პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სთხოვა, თუმცა სამინისტრომ კონფიდენციალურობის მოტივით უარი თქვა.

ამ მიწოდებებთან დაკავშირებულ BIC-ის კითხვებზე პაულაუსკასმა განაცხადა, რომ ბელარუსული ბიზნესის კონტროლის გადაცემისას ახალ მენეჯმენტს სანქციების რეჟიმების დაცვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობისგან თავის შეკავების პირობა დაუყენა. თუმცა, მისი თქმით, ამ მოთხოვნების შესრულებას ვერ აკონტროლებდა:

„თუ თქვენ მიერ შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ ისინი არ შესრულდა, ეს კომპანიის მენეჯმენტისა და ამჟამინდელი მფლობელის (რომელიც მხოლოდ 2026 წლის სექტემბერში შეიცვალა — რედ.) პასუხისმგებლობაა, და მე ასეთ ქცევას უარყოფითად ვაფასებ“.

ლიტველი ბიზნესმენის ინტერესების წარმომადგენელმა იურისტმა ესფირა ზასლავსკაიტემ BIC-ს დაუზუსტა, რომ ეს პირობები ორ დოკუმენტში იყო გაწერილი, თუმცა მათ შესრულებას განზრახ არ აკონტროლებდნენ:

„(სიგიტას პაულაუსკასს)  ამ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისთვის არანაირი ზომა არ მიუღია. ეს შეგნებული არჩევანი იყო — მართვის გადაცემა გადაწყვეტილებების გადაცემას ნიშნავს. ვალდებულებები კორპორატიული და სახელშეკრულებო პირობების სახით დადგინდა, მაგრამ ვერც სიგიტას პაულაუსკასი და ვერც მის მიერ კონტროლირებადი კომპანიები მათ ყოველდღიურ შესრულებას ვერ აკონტროლებდნენ და ვერ აკონტროლებენ“.

ზასლავსკაიტის თქმით, არც მას და არც პაულაუსკასს ამ შეთანხმებების დარღვევის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ. მიუხედავად ამისა, აღწერილი მიწოდებების დროს პაულაუსკასი „ნოვუს ინდასტრის“ საბოლოო ბენეფიციარი იყო.

ვის ეკუთვნის „ნოვუს ინდასტრი“ ახლა?

2026 წლის 4 სექტემბერს საჯარო რეესტრში აისახა კვიპროსში რეგისტრირებული Pronovus Holdings-ის მფლობელის ცვლილება — სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით ფლობდა პაულაუსკასი თითქმის მთელ „ნოვუს ინდასტრის“. კვიპროსული კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გახდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული Pronovus Management Holdco.

პაულაუსკასმა BIC-ს განუცხადა, რომ საამიროების კომპანიის ბენეფიციარები ამ ქვეყნის რეზიდენტები არიან და ბიზნესმენთან კავშირი არ აქვთ, თუმცა მათი ვინაობის გამხელაზე უარი თქვა. მათი სახელები არ დაასახელა ესფირა ზასლავსკაიტემაც, რომელიც გარიგებაში ბიზნესმენის ინტერესებს წარმოადგენდა, — პროფესიულ საიდუმლოებაზე მითითებით. პაულაუსკასის თქმით, ბელარუსული საწარმოს მართვა საამიროების მყიდველს 2025 წლის მარტში გადაეცა, წილების გაყიდვის გარიგება კი 2026 წლის ზაფხულში დასრულდა.

რეესტრში Pronovus Management Holdco-ს ლიცენზიის მმართველად (ფაქტობრივად, კომპანიის დირექტორად) თავად ზასლავსკაიტეა მითითებული. პაულაუსკასის განმარტებით, იურისტს კომპანიაში არც წილი ჰქონდა და არც მოგებაზე უფლება, თანამდებობა კი 2026 წლის სექტემბრის დასაწყისში დატოვა, თუმცა რეესტრი ჯერ არ განახლებულა. ზასლავსკაიტის თქმით, გარიგების პირობების მიხედვით, პაულაუსკასს, როგორც გამყიდველს, საამიროებში კომპანია უნდა დაეფუძნებინა.

ცალკე, VMG Group-მა განაცხადა, რომ „ნოვუს ინდასტრიში“ ორი მცირე წილი, რომელსაც ჰოლდინგის კომპანიები პირდაპირ ფლობდნენ, გადაცემულია. პაულაუსკასის თქმით, გარიგებას ბელარუსის ხელისუფლების თანხმობა სჭირდებოდა: ის 2026 წლის 18 მაისს მიიღეს, წილების გადაცემის ხელშეკრულება კი 19 აგვისტოს გაფორმდა.

პუბლიკაციის მომზადების დროისთვის „ნოვუს ინდასტრის“ საკუთრების სტრუქტურის ცვლილებები ბელარუსის ერთიან სახელმწიფო რეესტრში ასახული არ იყო. თავად კომპანიამ BIC-ის შეკითხვებს არ უპასუხა.

 წყარო: BIC. „ნოვუს ინდასტრის“ საკუთრების სტრუქტურა პუბლიკაციის მომზადების დროისთვის.

გამოძიებაში ნახსენები ორგანიზაციების რეკვიზიტები

  • „ნოვუს ინდასტრი“ — Novus Industry LLC (ყოფილი FLLC VMG Industry), რეგისტრირებული ბელარუსში (საგადასახადო ნომერი, UNP: 812001297).
  • Novus International Holdings — Novus International Holdings B.V. (ყოფილი VMG International Holdings B.V.), რეგისტრირებული ნიდერლანდებში (სავაჭრო პალატის ნომერი: 50196790).
  • Pronovus Holdings — Pronovus Holdings Ltd (ყოფილი VMG Holdings Limited), რეგისტრირებული კვიპროსში (სარეგისტრაციო ნომერი: ΗΕ 263599).
  • Novus Trading — LLC Novus Trading, რეგისტრირებული რუსეთში (საგადასახადო ნომერი, INN: 6700019262).
  • „სვედსტა“ — LLC Swedsta, რეგისტრირებული რუსეთში (საგადასახადო ნომერი, INN: 7751226438).
  • „ევროვესტა“ — Eurovesta UAB, რეგისტრირებული ლიტვაში (სარეგისტრაციო კოდი: 300054969).
  • „კლაიპედოს მედიენა“ — Klaipėdos mediena AB, რეგისტრირებული ლიტვაში (სარეგისტრაციო კოდი: 240616710).
  • SWOODS Export — OOO SWOODS Export (ყოფილი FLLC SWOODS Export), რეგისტრირებული ბელარუსში (საგადასახადო ნომერი, UNP: 690655544).
  • Pronovus Management Holdco — Pronovus Management Holdco FZCO, რეგისტრირებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (სარეგისტრაციო ნომერი: DMCC203133).

IKEA-ს პასუხი

BIC შეეცადა გაერკვია, შეუძლია თუ არა IKEA-ს პრეტენზიების წაყენება „ნოვუს ინდასტრისა“ და იმ გამყიდველების მიმართ, რომლებიც მის პროდუქციაზე მიუთითებენ. კომპანიას მისი დიზაინის სავარაუდო კოპირების გამო სასამართლო დავები უკვე ჰქონია. 2025 წელს IKEA-მ შვედური კომპანია Biltema-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ის სარწყავისა და საბავშვო სკამის დიზაინის კოპირებაში დაადანაშაულა. 2022 წელს IKEA-მ ვიდეოთამაშ The Store Is Closed-ის დეველოპერის წინააღმდეგ იმოქმედა და განაცხადა, რომ ვირტუალური ავეჯის მაღაზია IKEA-ს მაღაზიებს ჰგავდა.

IKEA-ს შესაძლებლობა, გაასაჩივროს მსგავსი ავეჯის წარმოება, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმაზეა დამოკიდებული, როგორ არის კონკრეტული დიზაინი დაცული ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს BIC-ს ბელარუსმა იურისტმა განუმარტა, რომელიც საავტორო, კორპორატიულ და ინტელექტუალური საკუთრების სამართალზეა სპეციალიზებული. ის ანონიმურობის პირობით დათანხმდა საუბარს:

„IKEA შვედეთშია რეგისტრირებული. დიზაინების დასაცავად IKEA-მ ისინი არა მხოლოდ შვედეთში, არამედ ყველგან უნდა დაარეგისტრიროს, სადაც მათ გავრცელებას გეგმავს. ზოგადად, თუ დიზაინი ბელარუსში რეგისტრირებული არ არის, ვინმეს შეუძლია ზუსტად იგივე ავეჯი აწარმოოს და IKEA ვერაფერს გააწყობს, რადგან იქ დიზაინები დაცული არ აქვს“.

კიდევ ერთი საკითხია IKEA-ს სახელის გამოყენება „ნოვუს ინდასტრის“ ავეჯის გასაყიდად. იურისტის თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლება შვედური კომპანიის სასაქონლო ნიშანზე უფლებები იყოს შელახული. მისივე თქმით, პრეტენზიის კიდევ ერთი საფუძველი შეიძლება იყოს არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. ასეთი სარჩელისთვის, მისი მტკიცებით, დიზაინის ცალკე რეგისტრაცია საჭირო არ არის.

BIC დაუკავშირდა IKEA-ს და ჰკითხა, როგორ აფასებს კომპანია „ნოვუს ინდასტრის“ ავეჯის მსგავსებას IKEA-ს მოდელებთან, ასევე ამ პროდუქციის გაყიდვისას IKEA-ს სახელის გამოყენებას. ასევე ვკითხეთ, როგორ უყურებს VMG Group-თან თანამშრომლობის გაგრძელებას, ჰოლდინგისა და მისი მფლობელის ბელარუსში რეგისტრირებულ „ნოვუს ინდასტრისთან“ კავშირების გათვალისწინებით. VMG Group-ის რამდენიმე ლიტვური საწარმო შვედური ბრენდისთვის პროდუქციის წარმოებას აგრძელებს. ჯგუფის ხის დამამუშავებელი ქარხნები ლიტვაში მის ოფიციალურ მომწოდებლებად რჩება.

კომპანიამ გვიპასუხა, რომ „ნოვუს ინდასტრის“ „აღარ აქვს უფლება, გამოიყენოს IKEA-ს რაიმე სასაქონლო ნიშანი, დიზაინი, ტექნიკური ნახაზი, სპეციფიკაცია, წარმოების მეთოდი, აღჭურვილობა ან სხვა მასალა“, თუმცა განაცხადა, რომ „ცალკეულ შემთხვევებსა თუ სიტუაციებზე კომენტარს ვერ გააკეთებს“. კომპანიამ ისიც დაგვარწმუნა, რომ „ნოვუს ინდასტრისა“ და VMG Group-ის კავშირებზე შიდა მოკვლევა უკვე ჩაატარა და კანონის, სანქციების ან IKEA-ს მომწოდებლების ქცევის კოდექსის დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

BIC-მა შეკითხვები გამოძიებაში ნახსენებ სხვა ორგანიზაციებსაც გაუგზავნა. პუბლიკაციის მომენტისთვის რედაქციას პასუხები არ მიუღია.

გამოძიება ასევე გამოქვეყნებულია ინგლისურ ენაზე: https://investigatebel.org/en/investigations/ikea-belarus-factory-russia-vmg-novus

Authors:Yana Mickevich,  Dzmitry Charapahau 

Editors:Lola Buryeva,  Stanislau Ivashkevich 

This investigation was conducted in collaboration with the Lithuanian news portal 15min.lt, the Georgian media outlet Monitori.ge, and the Swedish TV4 investigative program Kalla Fakta, with support from the Rabochy Ruch initiative and CyberPartisans.