ძალადობის მსხვერპლი ქალების ხვედრი საქართველოსა და სომხეთში

Divider dot 7 ოქტომბერი 2022

ჟურნალისტური მოკვლევა ეხება ოჯახში ძალადობის პრობლემის შესწავლას საქართველოსა და სომხეთში.

ნაწილი პირველი: საქართველო

როგორ ეხმარება ძალადობის მსხვერპლ ქალს ხელისუფლება საქართველოში? აძლიერებს თუ არა მას ეკონომიკურად? რამდენად უზრუნველყოფს სისტემა ძალადობის მსხვერპლი ქალის რეაბილიტაციასა და სოციალიზაციას?

ამ კითხვებზე პასუხის ძიებაში ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ ძალადობაგამოვლილი ქალის მხარდამჭერი სერვისები გაუმართავია. ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ბევრია ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც ვერ იღებს გრძელვადიან სოციალურ საცხოვრისს, ბინის ქირას, ერთჯერად კომპენსაციას, ალიმენტს, დასაქმების გარანტიას. ქალების ნაწილი, რომელიც მოძალადეს გაურბის, იძულებული ხდება დაბრუნდეს უკან, ძალადობივ გარემოში.

თავშესაფრამდე

თინათინის ისტორია

„ერთხელ ქორწილში ვიყავით ერთად. უკვე ბოლოსკენ გადიოდა სუფრა. ოჯახის წევრებმა უცხო სტუმრები შემოიყვანეს. ამან მითხრა, რომ ადექი სახლში წავიდეთო და გზაში ჩხუბი დაიწყო, რატომ მოვიდნენ ეს სტუმრებიო. მე ვუთხარი, რას ბრაზობდა და რატომ ჩხუბობდა. თვითონ ოჯახის წევრებმა მოიყვანეს ეს ხალხი და შენ ასე რატო განიცდი-მეთქი და აი, ამ სიტყვების გამო ორივე შვილის თვალწინ ცემა დამიწყო. ბავშვების კივილი ეხლაც ჩამესმის ყურში. ხელები ავიფარე სახეზე, დიდი ხანი გამეტებით მირტყამდა მუშტებს… ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო მიჭირდა. ფიზიკური ტკივილი მაინც გადის, კვალიც არ რჩება და ყოველდღიური დამცირება უფრო აუტანელი იყო.”

ძალადობაგამოვლილი ქალი წარსულ ცხოვრებაზე გვიყვება, სადაც “იმ ცხოვრებით” 16 წელი გაატარა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოჯახს დაანგრევდა, მაგრამ ძალადობისგან თავის დაღწევაში საკუთარი და დაეხმარა. რამდენიმე თვე გავიდა და თინათინი ქმარს შეურიგდა და მალევე ისევ ძალადობის მსხვერპლი გახდა.

“სახეში გამარტყა და შემაფურთხა. მე ფეისბუქზე შევედი და ანონიმურად დავპოსტე. მომწერეს, როგორც უნდა მოვქცეულიყავი”.

თინათინი თავშესაფარში გადავიდა შვილთან ერთად. ძალადობისა და მუქარის გამო მოძალადეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

წლების მანძილზე ხელისუფლების მიერ გენდერული თანასწორობის და ქალების გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯები მნიშვნელოვან წინსვლად არის შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში:

ქვეყანაში კანონმდებლობის აღსრულებასა და ქალთა უფლებების მდგომარეობას დღეს აქტივისტების არაერთი ჯგუფი აკვირდება. ისინი ანგარიშებში წერენ, რომ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით გვაქვს წარმატებებიც, მაგრამ იმპლემენტაციაში სერიოზული პრობლემებია.

ძალადობის მსხვერპლ ქალს პირველ რიგში სჭირდება მსხველის სტატუსი. ამისთვის მას შეუძლია მიმართოს გენდერული თანასწორობის კომისიას, სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ქალების უდიდესი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტის შემთხვევები 112-ის მონაცემებით 18 000-ს აცდა. პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერების ოდენობა კი 9 300 ია.

აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიციის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოძიება ხშირად დარღვევებით მიმდინარეობს.

ცირა ჯგერენაია, ორგანიზაცია “საფარის” იურისტი

ცირა ჯგერენაია, “საფარის” იურისტი: “გვაქვს ბევრი შემთხვევა, როცა ქალი ერთი და იმავე დროს მსხვერპლიც არის და მოძალადეც. ძალადობის ადგილზე მისული პოლიცია შემაკავებელ ორდერს ჯერ კაცს გამოუწერს და შემდეგ ქალს. ამას შსს ჯვარედინ შემაკავებელ ორდერს ეძახის. კაცი რა მიზანს აღწევს ამით? თუ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ადვოკატები იყენებენ მოძალადის ინტერესების დასაცავად. თუ ბავშვის მუდმივი საცხოვრებლის საკითხი წყდება, მოძალადე ამტკიცებს რომ ” აი, არც ეს არ არის ანგელოზი!”.

საფარის იურისტი აცხადებს, რომ პოლიცია იმ შემთხვევაში წერს ე.წ. ჯვარედინ ორდერს, როცა ძალადობის მომენტში ქალი მამაკაცს პასუხს უბრუნებს: ” ზოგიერთ პოლიციელს ჰგონია, რომ ქალს წართმეული აქვს უფლება თავი დაიცვას, ხმა ამოიღოს და მოძალადეს შეეპასუხოს.”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიპასუხა, რომ 2018-2021 წლებში, სამინისტროს 14 400-მდე თანამშრომელმა გაიარა სწავლების კურსები თემებზე: ქალთა ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები. ასევე, საქართველოს შსს აკადემიაში გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები ისწავლება სხვადასხვა მომზადების და გადამზადების პროგრამების ფარგლებში.

ძალადობაგამოვლილი ქალი ჩვენ პროკურატურასთან კომუნიკაციის გამოცდილებაზე გვიყვება. მოძალადეზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრული იყო, როდესაც პროკურომა მას დაურეკა და ჩვენების შემსუბუქება სთხოვა, რათა მოძალადისთვის სასჯელი აეცილებინა:

“პროკურორი ქალი იყო. მირეკავს და მეუბნება: “თქვენ გინდათ, რომ ეს (მოძალადე) ძალიან მძიმედ დაისაჯოს? ამას ხომ თქვენი არასრულწლოვანი შვილებიც გაიგებენ”? მე გამეცინა, ფაქტობრივად მეუბნებოდა, რომ უარი მეთქვა დაპატიმრებაზე. მეც უარი ვუთხარი. მე პროკურორს ერთი კითხვა დავუსვი. ის (მოძალადე) რომ თავისუფალი იქნება და ისევ ალკოჰოლს მიიღებს, მე რამდენად ვიქნები დაცული-მეთქი? პროკურორმა მიპასუხა, რომ ამისგან არავინ არის დაცულიო.”

მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი სალომე შენგელია კონკრეტულ საქმეზე არ საუბრობს, თუმცა გვპასუხობს, თუ რა კეთდება ზოგადად ამ მიმართულებით: “ოჯახურ დანაშაულებზე ამ ეტაპზე 209 სპეციალიზებული პროკურორი გვყავს საქართველოს მასშტაბით. ისინი ტრენინგს წელიწადში რამდენჯერმე გადიან და ეს არის უწყვეტი პროცესი “.

თავშესაფარში

ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებსაც წასასვლელი არასად აქვთ, მსხვერპლის სტატუსის მიღების შემდეგ თავშესაფარში მიდიან. ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ მსხვერპლი ქალების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მთელ სისტემაში სხვა ეტაპებთან შედარებით თავშესაფარი უფრო მოწესრიგებული რგოლია, თუმცა პრობლემები აქაც ბევრია.

2020 წელს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეყრდნობოდა ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო თავშესაფარსა და კრიზისულ ცენტრის მონიტორინგის შედეგებს (მონიტორინგი ჩატარდა 2019 წელს). კვლევაში აღნიშნულია რომ

  • “განსაკუთრებული პრობლემაა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების, სარეკრეაციო, სპორტული, შემეცნებითი აქტივობების შეზღუდული რაოდენობა”. 
  • “რიგ შემთხვევაში პრობლემურია სეზონის და ასაკის შესაბამისი ტანსაცმლით და ფეხსაცმლით უზრუნველყოფის საკითხი.”               
  • “ზოგიერთ თავშესაფარში იკვეთება მედიკამენტებით უზრუნველყოფის პრობლემა. გარკვეული პრობლემები გამოვლინდა საკვების მრავალფეროვნების და საკვები პროდუქტების ვადების კონტროლის მხრივაც”.
  • “თავშესაფრებში დგას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პრობლემა, რამდენიმე თავშესაფარში განსაკუთრებით პრობლემური იყო ანტისანიტარია საპირფარეშოებში.”

ჩვენ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარს ვეწვიეთ. სოცმუშაკი თინათინ გორგოძე გვიყვება, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს ტრენინგებს სხვადასხვა სპეციალობაში უტარებენ, რათა მათ სამსახურის დაწყება შეძლონ. ასევე მიეწოდებათ ფსიქოლოგის კონსულტაციები, ეხმარებიან სამართლებრივი და ჯანდაცის პრობლემების მოგვარებაში.

ძალადობაგამოვლილი ქალი: ” 38 წლის ვარ, ჩვეულებრივი დიასახლისი. ეხლა ვსწავლობ ქიმიას და ბიოლოგიას (თავშესაფარში მიფინანსებენ) და კოლეჯში მინდა ჩაბარება, რომ ექთანი გამოვიდე. ჩასაბარებელი მაქვს ეროვნული გამოცდები. იქნება მოვხვდე და ჩავაბარო”.

მთავრობა ამ თავშესაფარს ვაუჩერული პრინციპით აფინანსებს და 15 ადამიანის ხარჯს ფარავს. ზრუნვის სააგენტო ერთ ადამიანზე საშუალოდ 39 ლარს იხდის. “ეს თანხა რაც ვაუჩერით შემოდის ჰყოფნის მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს” – აცხადებს ადმინისტრატორი ია ხუციშვილი. მთავრობისგან სხვა ტიპის დახმარებას თითქმის არ იღებენ.

ია ხუციშვილი: ადგილობრივ გამგეობას ორი წელი ვთხოვდით, რომ საბავშვო მოედანი მოეწყო ჩვენთვის. მოგვიტანეს მეორადი აღჭურვილობა და თან ასე გვითხრეს, რომ ამის მონტაჟი არ შეიძლება, არ არის უსაფრთხოვო. მერე კაი ხანს განცხადებებით მივმართავდით, რომ ინვენტარი უკან წაეღოთ და ეზო გაეთავისუფლებინათ”.

ძალადობაგამოვლილი ქალები, რომლებსაც ჩვილი ბავშვები ჰყავთ და სამსახურის დაწყება სურთ, ამას ვერ ახერხებენ, რადგან არ არსებობს ბაღი, სადაც ბავშვს მიიყვანენ. “დიდი პრობლემაა საბავშვო ბაღის არ არსებობა ქალებისთვის. ამ ეტაპზე ვორლდ ვიჟენის ბაღთან ვთანამშრომლობთ, სადაც 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვები ირიცხებიან და თან დილიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობს. მაგრამ იქაც არ არის ადგილები. ამის გამო დედები სამსახურის დაწყებას ვერ ახრეხებენ.” …”თავშესაფარში ამ ეტაპზე გვყავს სამი ჩვილი რომელიც ბაღში მინდა მივიყვანო მაგრამ ვერ მიმყავს იმის გამო რომ ადგილები არ არის”- აცხადებს სოცმუშაკი.

სად მიდის ქალი თავშესაფრიდან?

საქართველოში თავშესაფარში ყოფნის ვადა ერთი დღიდან 9 თვემდე ვადით განისაზღვრება. მას შემდეგ რაც ქალი შესაბამის სერვისებს მიღებს, ძალადობაგამოვლილ ქალს სახელმწიფო გრძელვადიან საცხოვრის უნდა სთავაზობდეს. ეს შეიძლება სოციალური სახლი იყოს ან ბინის ქირით უზრუნველყოფა. სახელმწიფომ ეს სერვისები კანონით სავალდებულო არ გახადა.

ზრუნვის სააგენტოდან გვაცნობეს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ 36 ძალადობაგამოვლილ ქალს ბინის ქირა დაუფინანსდა და 77-ს ერთჯერადი დახმარება გამოეყო. 2020-2022 წლებში საქართველოში ძალადობაგამოვლილი ქალების დასაქმების მაჩვენებელი 84-ს შეადგენს. ბოლო სამ წელში სოციალურ საცხოვრისში საცხოვრებლად 55 ქალი გადავიდა.

თავშესაფრის შემდეგ უნდა ერთვებოდეს გრძელვადიანი საცხოვრისის სერვისი, ის შეიძლება იყოს ქირით უზრუნველყოფა ან სოციალური საცხოვრისები, რასაც ზოგიერთი მუნიციპალიტეტი აკეთებს, მაგრამ ეს არ არის ერთიანი პრაქტიკა და დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის კეთილ ნებაზე. არ არის სავალდებულო. უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი რომელიც გავრცელდება ყველა მუნიციპალიტეტზე და ეს უნდა იყოს სავალდებულო” – აცხადებს ეკა სხილაძე.

ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე

თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე, ძალადობაგამოვლილი ქალების რეაბილიტაციის ესპაურ გამოცდილებაზე გვიყვება:

თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია

“თავშესაფრის შემდეგი ეტაპი რეალურად არ გვაქვს. ესპანეთს აქვს შემდეგი სისტემა: 6-8 თვე ქალს შეუძლია თავშესაფარში იყოს, შემდეგ გრძელვადიან საცხოვრებელში, ხელისუფლება აძლევს იაფ სესხს და სანამ ბოლომდე არ დადგება ფეხზე ძალადობაგამოვლილი ქალი, მანამდე მიყვება სისტემა, თითქმის სამი წელი”.

მზია თავშესაფრიდან: “ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც ვარ და ფსიქოლოგიურისაც. იქიდან რომ წამოვედი სიმშვიდე ვიგრძენი. გამოვედი მდგომარეობიდან. ახლა აქედან გასვლის შიში მაქვს, დაუცველად ვგრძნობ თავს. ჭერი რომ მქონდეს სამუშაოს ვიშოვიდი”…
ძალადობაგამოვლილი ქალების ნაწილი, იმის გამო რომ წასასვლელი არსად აქვთ, ძალადობრივ გარემოში ბრუნდებიან და ცხოვრებას იქ აგრძელებენ.

“ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა როცა უკან, ოჯახში ბრუნდებიან ძალადობაგამოვლილი ქალები, ძალიან ბევრი. ერთი ქალი გვყავდა რომელიც ორჯერ დაუბრუნდა მოძალადეს და მესამედ მოვიდა ჩვენთან. ბოლოს გაუმართლა და ერთერთ საელჩოში დამლაგებლად მოვაწყეთ. გამგეობაც დაეხმარა. 5 შვილი ჰყავდა“ გვიყვება თავშესაფრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ზრუნვის სააგენტოს მონაცემებით, ბოლო სამ წელში თავშესაფარში ხელმეორედ 23 ქალი მობრუნდა.

მემკვიდრეობა

მემკვირდეობის განაწილების დისკრიმინაციული პრაქტიკა საქართველოში დღემდე არსებობს. ამის გამო ძალადობის მსხვერპლი ქალი საკუთარ ოჯახშიც ვერ ბრუნდება, რადგან მას მშობლების ქონება არ ეკუთუვნის. ოჯახი მთელ ქონებას, როგორც წესი, ბიჭს უტოვებს.
ეკა სხილაძე: “ხშირად მოდიან ქალები და გვეუბნებიან, რომ არა აქვთ წასასვლელი. როცა ჩაეძიები აღმოჩნდება, რომ მის ბიოლოგიურ ოჯახს საცხოვრებელი სახლი აქვს, მაგრამ მას იქ არ მიესვლება”

ასეთ ტრადიციასთან დაპირისპირების მიზნით აქტივისტებმა საზოგადოებრივი კამპანია – “მეც შვილი ვარ” დაიწყეს. კამპანია კავშირი “საფარის” და ვებპლატფორმა “ნაამბობის” მიერ ხორციელდება. პლატფორმაზე ქალები საკუთარ გამოცდილებას საჯაროდ აზიარებენ. მათ შორის არის 14 წლის გოგოს ნაამბობი, რომელიც აჩვენებს, რომ მავნე პრაქტიკა თაობიდან თაობას გადაეცემა:

„მამაჩემმა ჩემი ძმა სულ იმის ჩიჩინით გაზარდა, რომ ქალები სიბინძურის და სისაძაგლის ბუდეები არიან და მათ თავი არ უნდა გაუყადრო და მხოლოდ უნდა „იხმარო“ სექსუალური თვალსაზრისით“. „ჩემი ძმა ძალიან კარგი ადამიანია (დედაჩემის გენი მძლავრობს ალბათ), თუმცა ეს სექსისტური შეხედულებები ძვალრბილში აქვს გამჯდარი. ასე გვეუბნება მე და ჩემს დას (მე 14 წლის ვარ, ჩემი და – 11-ის, ძმა კი – 19-ის), რომ ამ სახლიდან „უნდა გავაჯვათ რაც შეიძლება მალე“.

ქალებისა და კაცების მიერ საკუთრების ფლობას შორის განსხვავება საქართველოში სტატისტიკური მონაცმებითაც მტკიცდება: საცხოვრისის დოკუმენტირებული მფლობელობა მამაკაცის შემთხვევაში არის 46,3 %, ხოლო ქალის შემთხვევაში 33,4 %. სასოფლო სამეურნეო მიწის მფლობელობა მამაკაცებისთვის 30,6% ხოლო ქალების 12,6 %. სხვა უძრავი ქონების ფლობა მამაკაცებში არის 10,6% ხოლო ქალებში – 5,9 პროცენტი.

“ძალიან დიდი პრობლემაა, როცა ადამიანს მიწა არა აქვს, სახლი არა აქვს, კაპიტალი არა აქვს და ეკონომიკურად ვერ ვაძლიერებთ. “წასასვლელი არა აქვს” ხშირად ამბობენ ქალზე – სწორედაც აქვს, მშობლები ჰყავს, მაგრამ იქ არ მიესვლება” – აცხადებს თამარ საბედაშვილი.

კომპენსაცია

ევროპულ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ძალადობაგამოვლილი ქალი მოძალადეს ფულად კომპენსაციას აკისრებს, თუმცა მათ საქართველოში ამის შესაძლებლობა აქვთ. სტამბულის კონვენცია ხელისუფლებას ავალებს, რომ ეს საკითხი მოაწესრიგოს. მთავრობამ კომპენსაციის წესის მიღება 2023 წლის იანვრისთვის გადაავადა.

ალიმენტი

ძალადობაგამოვლილი ქალისთვის, რომელიც ცხოვრებას ბავშვთან ერთად აგრძელებს, ფინანსური წყარო ალიმენტი უნდა იყოს, თუმცა საქართველოში ასეთი კაცების დიდი უმრავლესობა ალიმენტის გადახდას თავს არიდებს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2020-2022 წლებში აღსრულებაში მიიღო ალიმენტის კატეგორიის 1329 საქმე, საიდანაც მხოლოდ 351 აღსრულდა.

მოძალადის ქცევის კორექცია

ძალადობაგამოვლილი ქალები სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური დახმარება მოძალადეებსაც სჭირდებათ.
“ბენეფიციარები ყურადღებას ამახვილებენ მოძალადეთა ქცევის კორექციის საჭიროებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიქრობენ, რომ მოძალადე პირები საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ მათთვის კვლავ საფრთხის მატარებლები იქნებიან”.

კავშირი “ქალთა ცენტრი” მოძალადეთა ქცევის კორექციაზე მუშაობს. დღეს ისინი ფსიქოლოგიურ დახმარებას 20 მოძალადეს უწევენ. ეს რიცხვი ძალიან მცირეა იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები 18 ათასზე მეტია.

“საქართველო მოძალადეებთან მუშაობის თვასაზრისით ევროპულ ქვეყნებს რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩება. 18 წლის მუშაობის გამოცდილება აქვთ ესპანელებს. მათ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს. საქართველოს მთავარობამ უნდა აღიაროს პრევენციის აქტუალობა და დააფინანსოს სერვისის მიმწოდებელი პროგრამები მოძალადეებისთვის” – აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ია ვერულაშვილი.

ეკა სხილაძე ამბობს, რომ მოძალადეთა ქცევის კორექციაში ხელისუფლებამ უნდა ჩადოს რესურსი: “კონფლიქტის აღმოფხვრა, თუ კი ეს შესაძლებელია, უფრო მნიშნველოვანია ქალისთვის, ვიდრე ცალკე მარტო ცხოვრების გაგრძელება. საქართველოში მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაშია დანერგილი და არის ნებაყოფილობითი, პატიმრის ნებაზეა დამოკიდებული”.

განათლება

“ქალთა მიმართ ძალადობა არის გენდერული უთანასწორობის სიმპტომი, მისი გამოვლინება. გენდერულ უთანასწორობათან ბრძოლაში კი დიდი როლი აკისრია ფორმალური განათლების სისტემას” – აცხადებს თამარ საბედაშვილი. მისი თქმით, თუ ჩვენ შევცვლით საზოგადოების წარმოდგენებს და წინასწარგანწყობებს, დროთა განმავლობაში ქვეყანაში ნაკლები ძალადობის მსხვერპლი იქნება.

მკვლევრებმა ქართული სასკოლო სახელმძღვანელოები სწორედ ამ თვასაზრისით შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ “მხოლოდ ერთეულები მოიცავდა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით პოზიტიურ სცენარებს, მაგალითებს და / ან გადაწყვეტილებებს.”

კვლევამ სტერეოტიპული აზროვნების არაერთი მაგალითი გამოავლინა: „კახა და ნანა ერთსა და იმავე წიგნს კითხულობდნენ, კახამ 54 გვერდი წაიკითხა, ნანამ 38. რომელს მეტი გვერდი დარჩა წასაკითხი?“ – ქართველი მეოთხეკლასელები ასეთი ამოცანებით მათემატიკაშიც ვარჯიშობენ და გენდერული სტერეოტიპების გამყარებაშიც. სხვა ამოცანების პირობებსაც თუ გადავხედავთ ქალები, უფრო ნელა ცურავენ, უფრო ნელა დადიან, უფრო მოკლე ნაბიჯები აქვთ. ილუსტრაციებში უფრო იშვიათად ჩანან (66 შემთხვევაში ბიჭი და 36 შემთხვევაში გოგო). საქმიანობის როლებიც განაწილებულია სტერეტოტიპების მიხედვით – მამაკაცები ბანკში მუშაობენ, ჭადრაკს თამაშობენ; ქალები კი მურაბას ხარშავენ და სილამაზის კონკურსში გამოდიან.

სახელმძღვანელობთან ერთად გენდერული თანასწორობის მიღწევაში მასწავლებლების კვალიფიკაციაც გადამწყვეტ როლს თამაშობს. რუსუდან ჭანტურაია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტია და გენდერის მეინსტრიმინგზე მუშაობს: “საქართველოში არსებული კანონმდებლობა, მათ შორის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი არ ითვალისწინებს გენდერული ასპექტების შესახებ სათანადო ცოდნის არსებობის აუცილებლობას, რაც გენდერული თანასწორობის კუთხით მასწავლებლების კომპეტენციების გაუმჯობესებას აფერხებს”.

თამარ საბედაშვილი აცხადებს, რომ “განათლების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორობის სულისკვეთების შეტანა. ამ მხრივ სახელმწიფომ ძალიან დააგვიანა”.
სტერეოტების გავლენის სიდიდე ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულმა კვლევამ გამოავლინა. კვლევამ აჩვენა, რომ პარტნიორის მხრიდან ძალადობის თაობაზე ქალების 74 პროცენტმა დახმარებისთვის არცერთ უწყებას არ მიმართა. ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა ორი ძირითადი მიზეზი დაასახელეს: ყველაზე გავრცელებული პასუხი, რომელიც ოთხიდან ერთმა ქალმა დაასახელა (25%), იყო იმის მტკიცება, რომ ოჯახის შერცხვენა არ უნდოდათ. მეორე ყველაზე გავრცელებული პასუხი კი ის იყო, რომ მომავალი შედეგების ან მეტი ძალადობის (17%) ეშინოდათ.

საქართველოში ათასობით ქალი ითმენს ოჯახში ძალადობას მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახის წევრებისგან, საზოგადოებისგან და ხელისუფლებისგან მხარდამჭერის იმედი არ აქვს.

ნაწილი მეორე: სომხეთი

ოჯახები, რომლებიც თავიანთ „ბედნიერებას“ ფარდის უკან მალავენ

ანაიტი: „ბავშვები წამართვეს, მაგრამ ყოველდღე აღარ ვკანკალებ…“

9-წლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ ანაიტმა გადაწყვიტა, განქორწინებულიყო და წერტილი დაესვა თავისი ტანჯვისთვის. შედეგად, მან  სასამართლო დავა ყოფილ მეუღლესთან წამოიწყო, რათა მოეპოვებინა მეურვეობა შვილებზე, რომლებიც ჯერჯერობით მამასთან ცხოვრობენ.

„ეს არის უდიდესი უბედურება ჩემს ცხოვრებაში. ბავშვები წამართვეს, მაგრამ ყოველდღე აღარ ვკანკალებ. წინათ ყოველდღე შიშით ვიღვიძებდი და შიშით ვიძინებდი. ჯობს, ვიბრძოლო, მოვიარო ინსტანციები, ყველა კარს მივადგე, ბოლომდე მივიყვანო ეს საქმე, მაგრამ მასთან ერთად ყოფნა და იმავე სულიერ მდგომარეობაში ყოფნა აღარ მინდა“, – ამბობს ანაიტი.

ანაიტი მუშაობს დაზღვევის სფეროში. მას კარგად ანაზღაურებადი სამუშაო აქვს ერევანში. დეკრეტში გასვლის შემდეგ იგი გადასახლდა მეუღლის მშობლებთან, რომლებიც მეზობელ ოლქში ცხოვრობენ, ერევნიდან 30 კილომეტრის დაშორებით. ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო პრობლემები საცხოვრებლის ქირის გადახდასთან და ყოველდღიურ ხარჯებთან დაკავშირებით. ერთხელ მისი მეუღლე, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა, ნასვამი სამსახურში გამოცხადდა და ბილწი სიტყვებით  თანამშრომლები გალანძღა, რის გამოც იგი გაათავისუფლეს. 2012 წლის შემდეგ მას მუდმივი სამუშაო არ ჰქონია. ოჯახი, ძირითადად, ანაიტის ხელფასზე ცხოვრობდა. მამამთილიც ეხმარებოდათ.

სირთულეები ანაიტს მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრების დროსაც გაუჩნდა. დედამთილთან ურთიერთობები ვერ აეწყო, ხოლო მეუღლის მიჯაჭვულობა დედაზე ხელს უშლიდა წყვილს პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრაში. ანაიტმა მცირეწლოვანი შვილები დედამთილს მიანდო და  სამსახურში დაბრუნდა, რათა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ოჯახის ტვირთი. პასუხად კი იგი ახალშობილი ბავშვის მიტოვებისა  და სამსახურში გასვლის გამო გაკიცხეს. ოჯახის წევრები  ანაიტის გადაწყვეტილებას გაგებით არ მოეკიდნენ,  სამსახურში დაბრუნდეს, და ეს მიუხედავად იმისა, რომ მეუღლემ სწორედ ანაიტის სახელზე გამოიტანა კრედიტი ბანკიდან, ქვის დამუშავების საოჯახო საამქროს აღდგენის საბაბით. ამის შემდეგ, პროცენტების დაფარვასთან დაკავშირებული რეგულარული დაგვიანებების გამო, ბანკი ანაიტს გამუდმებით აწუხებდა. საამქრო კი მაინც არ ამუშავდა.

ოჯახში კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, ანაიტმა მეუღლე ოლქის ცენტრში საცხოვრებლად გადასვლაზე დაითანხმა. აქ ისინი ქმრის მეგობრის სახლში დასახლდნენ, ბავშვებმა  საბავშვო ბაღსა და სკოლაში სიარული დაიწყეს, თუმცა უმუშევარი ქმრის ქცევა, რომელიც ხშირად ბრუნდებოდა სახლში ნასვამი, სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. ოჯახში დაიწყო გაუთავებელი ჩხუბი, ფსიქოლოგიური ზეწოლა ანაიტზე და ფიზიკური ძალადობაც კი. „ყოველგვარი მიზეზის გარეშე მირტყამდა, ფსიქოლოგიურად მთრგუნავდა და მამცირებდა… ჩემი 2 წლის ბავშვი, რომელსაც იმ დროს მაღალი სიცხე ჰქონდა, აიძულა, დამდგარიყო ცივ ფილაზე კუთხეში მხოლოდ იმიტომ, რომ მან ტირილი გაბედა. უძლური ვიყავი, რამე მეღონა. ბავშვთან მისვლაც კი აკრძალული მქონდა. რამდენჯერმე ვცადე, ხელში ამეყვანა კუთხეში მდგომი ბავშვი, მაგრამ ქმარი ხელებში მირტყამდა. ხელებს ვეღარ ვგრძნობდი ტკივილისგან და იძულებული ვიყავი, ბავშვი იატაკზე დამესვა“, – იხსენებს ანაიტი.

ძალადობისას ქმარი, როგორც წესი, კარს და ფანჯრებს კეტავდა, რათა არავის გაეგო მათი ხმები – რეპუტაციის შელახვა, „კარგი სახელის“ გატეხვა არ უნდოდა. მეუღლე კი ყოველივე ამის შემდეგ ვალდებული იყო, სახეზე ღიმილით გამოსულიყო გარეთ.

„გარშემო მყოფთათვის ჩვენ სამაგალითო ოჯახი ვიყავით. პოლიციისთვის არასდროს მიმიმართავს, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, – აღიარებს ანაიტი, – შუა ოთახში დგამდა სკამს, ჯდებოდა მასზე და დილამდე ლაპარაკობდა, მაგინებდა მე და ჩემი ოჯახის წევრებს, მამცირებდა… და ეს გრძელდებოდა, სანამ სიმთვრალის მდგომარეობიდან არ გამოვიდოდა. შემდეგ იძინებდა. მე კი ამ მდგომარეობაში უნდა გავსულიყავი სამსახურში…“

2021 წლის დეკემბერში ანაიტმა გადაწყვიტა, წერტილი დაესვა ასეთი ცხოვრებისთვის და გაყრილიყო მეუღლეს. მაგრამ ზედმეტი სტრესისგან შვილების დასაცავად და ჩვეული გარემოდან მათი მოწყვეტის ნაცვლად, ანაიტი დათანხმდა იმ სახლში დარჩენაზე, სადაც ისინი იმჟამად ცხოვრობდნენ. უფრო მეტიც, მან ბავშვებს მისცა მამასთან და მის ოჯახთან ურთიერთობის უფლება, თუმცა მალევე ურთიერთობები მეუღლეებს შორის გაუარესდა და ქმარმა ანაიტისგან მოითხოვა მეგობრის ბინის დაცლა. ქალი იძულებული იყო, გადასულიყო თავის მშობლებთან ერევანში. იმავე პერიოდში მან მიმართა სასამართლოს სარჩლით ალიმენტების დაკისრების მოთხოვნით. „სასამართლოდან მიღებულმა წერილმა უბრალოდ გაამხეცა. „სასამართლოში მიჩივლე?! ახლა ნახე, რა მოგივა!“ – იხსენებს ანაიტი ქმრის რეაქციას.

ამ ეტაპზე ანაიტს უკვე აღარ შეეძლო მარტო ბრძოლა ტირან ქმართან. ასე რომ, მან მიმართა „ქალთა დახმარების ცენტრს“, სადაც მიიღო კიდეც პირველადი დახმარება. ანაიტი თვლის, რომ ბავშვები დათანხმდნენ მამასთან დარჩენაზე, რადგან ეშინიათ მისი.

„ქალთა დახმარების ცენტრი“ წარმოადგენს ერთ-ერთ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით დახმარებას უწევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს და სთავაზობს მათ თავშესაფარს.

„ბავშვები არ უნდა გადადიოდნენ ერთი მშობლიდან მეორესთან. ისინი არ უნდა გახდნენ ოჯახში გაუთავებელი ჩხუბის მოწმეები. როდესაც ვურეკავდი და ვეუბნებოდი, რომ მათ სანახავად მივდიოდი, მპასუხობდნენ: „არა, დედა, ჯერ მამას უნდა სთხოვო“. ის კი დროის ჩარჩოებს მიდგენდა: ერთხელ ერთი საათი მომცა, მეორედ ორი საათი… და გამუდმებით მემუქრებოდა, რომ უსახლკაროდ დამტოვებდა. ბავშვებს ეშინოდათ შინ მამის მიერ დადგენილ დროზე გვიან მისვლა“, – გვიყვება ანაიტი.

2021 წელს ანაიტმა გადაწყვიტა ბავშვების წამოყვანა მათთან ერთად თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად. დათქმულ დღეს კი ყოფილმა ქმარმა და მისმა ბიძამ ანაიტს სასტიკად სცემეს, ხელი ჰკრეს და  ბავშვებთან ახლოს მისვლა აუკრძალეს. ანაიტის ძმის ცოლმა მოახერხა ამ ინციდენტის აუდიოჩანაწერის გაკეთება, რომელიც შემდგომ  სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით საფუძვლად დაედო სარჩელს.

თუმცა საქმე ყოფილი ქმრის და მისი ნათესავების მიერ ანაიტის წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიციამ დახურა, რადგან ქმრის ოჯახის წევრებმა დანაშაული არ აღიარეს, ხოლო ჩანაწერიდან არ ჩანდა, თუ რამდენი დარტყმა მიაყენეს ანაიტს. უფრო მეტიც, საგამოძიებო უწყებამ ანაიტი და მისი რძალი  აფილირებულ პირებად ცნეს, ხოლო მათი ჩვენებები  – არადამაჯერებლად მაშინ, როცა ყოფილი ქმრის და მისი ნათესავების სიტყვა დასაშვებად მიიჩნიეს. ანაიტმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. გასაჩივრების შეტანიდან ერთი დღის შემდეგ ყოფილმა ქმარმა პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რომელშიც იგი ბრალს ანაიტს ბავშვების წამებაში სდებდა. საჩივრის საბაბად გამოყენებული იყო კომენტარი, რომელიც ერთ-ერთმა შვილმა თითქოს  სოციალურ ქსელებში გააკეთა: „აქ [მშობლების სახლში – ავტ.] უკვე მცემენ“. ადვოკატ ზარუი მეჯლუმიანს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ხსენებული ჩანაწერი არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის და სად სცემდა ანაიტი თავის შვილს. ამ საჩივრის საფუძველზე აღძრული საქმეც დაიხურა.

ანაიტი ამტკიცებს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზე დღემდე გრძელდება. ყოფილი ქმარი დღესაც ემუქრება ანაიტს, რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანს მას, ასევე  ბავშვებს ამ ბინძურ თამაშში ითრევს, რათა შემდეგ სასამართლოში საქმე ანაიტის წინააღმდეგ დაატრიალოს.

ამჟამად სასამართლოში  ბავშვებზე მეურვეობის საკითხი წყდება. მათთან მომუშავე ფსიქოლოგების დასკვნით, ბავშვები შეშინებულნი არიან. ანალოგიური დასკვნა წარადგინა სკოლის ფსიქოლოგმაც, რომლის თანახმად ერთ-ერთი ბავშვი აგრესიულია, ხელს წევს თანაკლასელებზე,  გაკვეთილებს აცდენს და კლასში  ტელეფონზე თამაშობს. მასწავლებლები ასევე აღნიშნავენ, რომ ბავშვები  გაკვეთილებს აცდენენ და სწავლაში ჩამორჩენილები არიან. საოლქო ადმინისტრაციის ფსიქოლოგი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ბავშვებს ემოციური კავშირი მამასთან არ აქვთ, თუმცა მეორე მხრივ, მამა და მისი ოჯახი  ბავშვებზე ზემოქმედებენ.

ანაიტის თქმით, ყოველი სასამართლო სხდომის თუ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მისი ურთიერთობა ბავშვებთან რთულდება და მათთან გატარებული დრო მცირდება: „მე ვუთხარი: „შეგიძლია მთვარეზე წაიყვანო ბავშვები – მაინც ვიპოვი“, – ამატებს ანაიტი.

ანაიტი ასევე გვიყვება, რომ სასამართლო აქტების იძულებითი აღსრულების სამსახურის თანამშრომლებმა ოჯახის წევრებს ოთახის დატოვება სთხოვეს, რის შემდეგაც, ჯვარედინი დაკითხვის შედეგად, დაადგინეს, რომ ბავშვები  დედაზე მამასთან განქორწინების გამო ნაწყენნი არიან. მათ ჰკითხეს: „თუკი თქვენი მშობლები შერიგდებიან, გეყვარებათ დედა?“ „რა თქმა უნდა!“ – უპასუხეს ბავშვებმა.

ჩვენ ვიკითხეთ, უნდა თუ არა ანაიტს ბავშვების ხათრით ყოფილ მეუღლესთან შერიგება. „ის, როგორც მე მომექცნენ, ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება. წითელი ხაზი უკვე გადალახულია. მე ყველა სასამართლო გამოვიარე, მაგრამ კარგად ვაცნობიერებ, რომ ის ჩემი შვილების მამაა. ამ ფაქტზე თვალს ვერ დავხუჭავ“.

ძალადობის შემხვევები მძიმე შედეგებით

ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური აგრესიით. ძალის გამოყენება და კონტროლი კაცების მხრიდან მკვლელობითაც მთავრდება.

საქმე #1

2022 წლის 11 მარტს მასმედიაში ყველაზე აქტუალურ თემად იქცა ქმრის მიერ მეუღლის მკვლელობა კოტაიქის ოლქის სოფელ ზოვუნიში. იმ დღეს 46 წლის არტაკი სკოლასთან შეხვდა ყოფილ მეუღლეს, ნელის, და თავი აიფეთქა ხელყუმბარით, რასაც ნელის სიცოცხლეც შეეწირა. დაღუპულ მეუღლეებს დარჩათ ოთხი შვილი, მათგან ორი არასრულწლოვანი. ნათესავების თქმით, ყოფილი ქმარი გამუდმებით ემუქრებოდა ნელის, რომელმაც არაერთხელ მიმართა პოლიციას. ტრაგედიამდე ნელი ასევე დაუკავშირდა „ქალთა დახმარების ცენტრს“, სადაც  კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარა, თუმცა უარი თქვა სახლიდან წასვლაზე და მხოლოდ ცოტა ხნით დარჩა ძალადობაგამოვლილთა თავშესაფარში იმ მიზეზით, რომ არ უნდოდა ბავშვების  სწავლისგან მოწყვეტა.

საქმე #2

ცოლის მკვლელობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა 22 მაისს გიუმრიში. 42 წლის ქალმა და 50 წლის კაცმა პირად საკითხებთან დაკავშირებით იკამათეს, რომლის დროსაც ქმარმა, მეუღლის ნათესავის თვალწინ, ცოლს დანით მრავლობითი მძიმე ჭრილობა მიაყენა მუცლის და ნიკაპის არეში. ზოგი ჭრილობა სიცოცხლესთან არათავსებადი აღმოჩნდა.

2018 წლის 2 აგვისტოს ხაჩიკ ხაჩიკიანმა ყოფილ მეუღლეს, ლუსინე გევორქიანს,  შვიდი ჭრილობა დანით მიაყენა. ქალი გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ  ბავშვების ოთახში დამალვა მოასწრო. ლუსინე და ხაჩიკი 2009 წელს განქორწინდნენ. მანამდე კი ისინი გავარში ცხოვრობდნენ, თუმცა განქორწინების შემდეგ, სასამართლოში ლუსინეს ჩვენების თანახმად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ყოფილმა ქმარმა მას ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა. ლუსინემ მიმართა „ქალთა უფლებების ცენტრს“, სადაც მან ორი თვე დაჰყო და შემდეგ საცხოვრებლად  სოფელ იაღდანში გადავიდა, ლორეს ოლქში. გარკვეული დროის შემდეგ ქმარმა მიაგნო ლუსინეს და მის სამ შვილს, ისევ მოაწყო სკანდალი და ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს. 2018 წლის 2 აგვისტოს, გვიან ღამით იგი ისევ დაბრუნდა ხსენებულ სოფელში და ლუსინეს სახლში შეჭრა სცადა. მან კარი გაამტვრია, სახლში შევარდა, ცოლს მარილმჟავადა შეასხა, შემდეგ  სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ორგანოებში დანით შვიდი ჭრილობა მიაყენა, თან ყვიროდა: „ხომ გითხარი, გავაკეთებ-მეთქი! აი, გავაკეთე კიდეც!“ „მოკვდი!“ ყოფილ ქმარს ეჩვენებოდა, რომ ლუსინეს ბავშვების თანდასწრებით უცხო კაცი მოჰყავდა სახლში. ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ხაჩიკს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საქმე #3

2021 წლის 2 თებერვალს რომან ნავასარდიანმა საკუთარ ბინაში თავისი მეუღლის მოკვლა სცადა, მას 8 ჭრილობა დანით მიაყენა. ქალი გადარჩა, თუმცა შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.

მკვლელობის მცდელობა რომანმა, ყოველგვარი გონივრული მიზეზის გარეშე,  არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განახორციელა. 

სასამართლოში მან დანაშაული არ აღიარა, თუმცა  მკვლელობის მცდელობის კონკრეტული მოტივი არ მიუთითა. რომან ნავასარდიანი  მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს და  რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რას აკეთებს სახელმწიფო ძალადობაგამოვლილი ქალების დასახმარებლად

2017 წლის დეკემბერში სომხეთში მიიღეს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობაგამოვლილი პირების დაცვის და ოჯახში სოლიდარობის აღდგენის შესახებ“, რომლითაც  ძალადობაგამოვლილი ქალების დაცვაა უზრუნველყოფილი. სახელმწიფომ აიღო დახმარების ცენტრების და თავშესაფრის შექმნის ვალდებულება, სადაც დაზარალებულ ქალებს შეეძლებათ სათანადო მხარდაჭერის მიღება.

ჩვენ მიერ ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტრომ განაცხადა, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ერევანში ოჯახში ძალადობაგამოვლილი პირებისთვის  რამდენიმე დახმარების ცენტრი ფუნქციონერებს, ასევე უზრუნველყოფილია თავშესაფრები, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ ტიპის მომსახურება ხელმისაწვდომია 11 საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რეგიონებსა და დედაქალაქში.

2020 წელს სოციალურ-ფსიქოლოგიური დახმარება, იურიდიული კონსულტაციები და სხვა სახის მომსახურება მიეწოდა 1067 პირს, 2021 წელს – 1516, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში – 400 მოქალაქეს.

დახმარების ცენტრების მიერ მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, 2020-2021 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 66 მილიონ 684 ათასი დრამი, ხოლო 2022 წელს – 62 მილიონ 479 ათასი დრამი.

2020 წელს თავშესაფრებმა შესაბამისი მომსახურება გაუწიეს 135 პირს, 2021 წელს – 160, ხოლო 2022 წელს – 40 პირს. თავშესაფრების საქმიანობის უზრუნველსაყოფად, 2020-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან  13 მილიონ 337 ათასი დრამი იქნა გამოყოფილი, ხოლო 2022 წელს – 12 მილიონ 225 ათასი დრამი.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2017 წლის 28 დეკემბერს დადებითად შეაფასა ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია), რომელსაც ევროპის საბჭოში სომხეთის წარმომადგენელმა – ელჩმა ფარუირ ოვანისიანმა ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 18 იანვარს, სტრასბურგში მოაწერა ხელი ოთხი დამატებითი პირობით, სომხეთმა დღემდე არ მოახდინა ამ დოკუმენტის რატიფიცირება. სომხეთში სტამბოლის კონვენცია იქცა მკაცრი კრიტიკის და საპროტესტო აქციების მიზეზად.

რას აკეთებენ დახმარების ცენტრები

საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „ქალთა დახმარების ცენტრის“ წარმომადგენელი ასმიკ გევორქიანი გვიყვება, რომ ძალადობაგამოვლილი ქალი რეკავს „დახმარების ცენტრის“ ცხელ ხაზზე, რომელშიც სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი არიან ჩართულნი. საუბრის მსვლელობაში სოციალური მუშაკი აფასებს სიტუაციის რისკებს და სამუშაოს, რომელიც უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს. ძალადობაგამოვლილი ქალის თანხმობით, სპეციალურად მისთვის შემუშავდება ინდივიდუალური სამუშაო სტრატეგია. მაღალი რისკების მქონე ქალებს თავშესაფარს სთავაზობენ. თავშესაფრების მდებარეობა კონფიდენციალურია, რათა  ქალთა დევნა და განმეორებითი ძალადობა მოძალადეთა მხრიდან თავიდან იყოს აცილებული. თუმცა ასმიკ გევორქიანის თქმით, რეგიონებში ძალადობაგამოვლილი ქალები  დახმარების საოლქო ცენტრებთან კონტაქტს ერიდებიან და დედაქალაქთან უფრო ახლოს ყოფნას ამჯობინებენ. „როგორც წესი, ქალები არ მიმართავენ მათი საცხოვრებელი ადგილის ახლოს მდებარე ცენტრებს, სადაც, მათივე თქმით, მათ ყველა იცნობს. ნაცვლად ამისა, ისინი ერევანში წასვლას ამჯობინებენ“, – აცხადებს ჩვენი თანამოსაუბრე.

ზოგი ქალი, მიუხედავად იმისა, რომ  დახმარებას ითხოვს, ცხოვრებას მოძალადესთან მაინც აგრძელებს, სანამ გადაწყვეტილებას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით საბოლოოდ არ მიიღებს.

„ქალის თავშესაფარში ყოფნის პერიოდში მისი ადვოკატი მიმართავს სასამართლოს განჩინების მისაღებად, რომლის თანახმად მოძალადეს ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება ძალადობაგამოვლილ ქალთან კონტაქტი“, – აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა დახმარების ცენტრის“ თანამშრომელი.

არის შემთხვევები, როცა სოციალური მუშაკი აფასებს სიტუაციას, როგორც მაღალი რისკების შემცველს, მაგრამ ქალი მაინც უარს ამბობს თავშესაფარში გადასვლაზე.

თავშესაფარში ასევე მიიღებიან ქალები შვილებთან ერთად, რომელთა გარეშე ისინი დამატებით ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებდნენ.

„როგორც სპეციალისტმა, შენ შეგიძლია შესთავაზო ალტერნატივები, სხვა ნაბიჯები, მაგრამ რეალურად არანაირი ბერკეტი არ გაქვს, რომ განაცხადო: „შენ მიდიხარ თავშესაფარში. მორჩა და გათავდა!“ მათი ნების წინააღმდეგ ვერ წახვალ“, – აცხადებს ასმიკ გევორქიანი.

ქალს შეუძლია თავშესაფარში სამი თვის განმავლობაში დარჩე. ამ პერიოდში სოციალურმა მუშაკებმა უნდა გადაჭრან საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქალის ჯანმრთელობასთან, ბავშვების სწავლასთან, ასევე გაუწიონ ქალს ფსიქოლოგიური დახმარება, იპოვონ მისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი, მოაგვარონ დასაქმების პრობლემა. თუკი ამ სამი თვის განმავლობაში, ხსენებული საკითხები არ გადაიჭრა, მაშინ ქალი თავშესაფარში პრობლემების სრულად მოგვარებამდე რჩება.

მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ქალი ტოვებს თავშესაფარს, სახელმწიფო მისთვის დახმარების გაწევას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხარჯების დაფარვას წყვეტს. პრემიერ-მინისტრის 2019 წლის მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე,  ძალადობაგამოვლილ პირთათვის დროებითი ფინანსური დახმარების ანგარიშის განკარგვის წესები დადგენილია. ამ წესების თანახმად, მათ ფინანსური დახმარება 50-დან 150 ათასამდე დრამის ოდენობით მიეწოდებათ.

სახსრები გამოიყოფა მინიმალური საცხოვრებელი საჭიროებებისთვის: მკურნალობა და ჯანმრთელობის აღდგენა, სპეციალურ კურსებზე დასწრება დასაქმების მიზნით, დროებითი საცხოვრებლის ქირა. მაგრამ ეს დახმარება ერთჯერადია, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებს ბინის ქირაობა მხოლოდ ერთი თვით შეუძლიათ.

შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია ზემოხსენებული წესის შესაბამისად გაცემული სახსრების შესახებ, თანხებისა და ბენეფიციარების მიხედვით.

კერძოდ, ფინანსური დახმარების გასაწევად 2020, 2021 და 2022 წლებში სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაგეგმილი იყო 10 მილიონი დრამის გამოყოფა, თუმცა რეალურად ამ თანხამ 12 მილიონს გადააჭარბა.

ფაქტობრივად, 2020 წელს ფინანსური დახმარება მიიღო 15 ოჯახში ძალადობაგამოვლილმა პირმა (ათვისებული იყო 1 450 დრამი), ხოლო 2021 წელს – 77 პირმა (ათვისებული იყო 3 400 დრამი).

სასამართლოში ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა მხოლოდ 5% განიხილება

ქალთა მიმართ ძალადობის გამოყენების ფაქტების სტატისტიკას აწარმოებს მხოლოდ პოლიცია. ჩვენ ასევე მივმართეთ საგამოძიებო კომიტეტს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია 2017-2022 წლებში აღძრული საქმეებთან და მათ რაოდენობასთან დაკავშირებით, ასევე თუ როგორ წარიმართა გამოძიება, რამდენი საქმე დასრულდა მშვიდობიანი შეთანხმებით, რამდენი გადაეგზავნა სასამართლოს, რამდენი შეჩერდა ან შეწყდა, რამდენ საქმეზე იქნა გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი.

ასეთი სტატისტიკა არ მოეპოვება არც შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს და არც უზენაესი სასამართლოს საბჭოს.

პოლიციის მონაცემების თანახმად, 2017-2022 წლებში (2022 წლის მონაცემები მოიცავს პირველ ხუთ თვეს) ყოველწლიურად განიხილებოდა ოჯახში ძალადობის საშუალოდ 430 შემთხვევა. ამასთან, 2017-2018 წლებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე მომდევნო წლებში. სისხლის სამართლის საქმეები აღძრული იყო შემთხვევების საშუალოდ 24%-თან დაკავშირებით, ხოლო 76%-ის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნაზე გაიცა უარი.

აღძრულ სისხლის სამართლის საქმეთა მხოლოდ 23% (ანუ, გამოძიებულ საქმეთა 5%) გადაეგზავნა სასამართლოს. საქმეთა 77% შეწყდა. შემთხვევათა 28%-ში საქმე შეწყდა მსხვერპლსა და ეჭვმიტანილს (ბრალდებული) შორის მიღწეული შერიგების საფუძველზე.

ასმიკ გევორქიანის აზრით, ტერმინი „შერიგება“ კანონიდან ამოსაღებია, რადგან მშვიდობიანი შეთანხმება ხშირად ზეწოლის ქვეშ მიიღწევა.

„ჩვენს სისტემაში ბევრი ხარვეზია. ქალები დაუცველნი არიან. თუკი ბავშვები მოძალადესთან ცხოვრობენ, მას მეუღლეზე ეძლევა გავლენა და საჩივრის გამოტანის მოთხოვნის შესაძლებლობა, რის სანაცვლოდ იგი ბავშვების ნახვის ან ერთ-ერთის წაყვანის უფლებას ჰპირდება. მშვიდობიანი შეთანხმების (შერიგება) გაფორმების ერთ-ერთი საფუძველი არის ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე – ქალებმა არ იციან, სად წავიდნენ, ხოლო ოჯახი მათ კიცხავს“, – ამბობს ასმიკი.

ანა (ექიმი): ოჯახში ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც დაკარგა საცხოვრებელი ადგილი, სამსახური, ახლობლების მხარდაჭერა და აღმოჩნდა ქუჩაში. მეგობრის ხელშეწყობით მიმართა ქალთა დახმარების ერთ-ერთ ცენტრს, სადაც, სპეციალისტების წყალობით, ისევ მწყობრში ჩადგა. ცენტრის მხარდაჭერით გაიარა სტაჟირება და დაიწყო მუშაობა სომხეთის ერთ-ერთ შორეულ რეგიონში. ამჟამად ანა დამოუკიდებლად ფარავს ყველა შესაბამის ხარჯს. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არანაირად არ ეხმარება ძალადობაგამოვლილ ქალებს. უფრო მეტიც, ანას აზრით, სწორედ სახელმწიფოს გულგრილობაა მისი სავალალო მდგომარეობის მიზეზი.

ძალიან ხშირად სოციალურად გაჭირვებული ქალები უბრუნდებიან მოძალადეებს, მათზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო. სწორედ ამითაა განპირობებული მათთან შერიგების შემთხვევებიც.

როგორ იცავს თავს ძალადობაგამოვლილი ქალი

იმ შემთხვევაში, როცა ძალადობაგამოვლილი ქალი მიმართავს პოლიციას, კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ ითვალისწინებს მის მყისიერ მფარველობა-დაცვას. გადაუდებელი ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს.

გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს დამცავ გადაწყვეტილებას ძალადობაგამოვლილი პირების მიმართ, რომელიც მიიღება სასამართლოს მიერ. დამცავი გადაწყვეტილება ექვს თვემდე ვადით მიიღება. მისი ორჯერ გახანგრძლივება სამ-სამი თვით შესაძლებელია.

ასმიკ გევორქიანის თანახმად, პოლიცია კანონს ოჯახში ძალადობის შესახებ კეთილსინდისიერად  ასრულებს და ძალადობაგამოვლილი ქალების მიმართ დამცავ ზომებს დაუყოვნებლივ იღებს. გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლები  ქალებს დახმარების ცენტრებამდე პირადად აცილებენ.

მიუხედავად ამისა, სამართლებრივი სისტემა არ არის მზად, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის შემთხვევების სათანადო გამოძიება. პოლიცია მასალებს საგამოძიებო ორგანოს გადასცემს, მაგრამ  სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას გამომძიებელი წყვეტს –  ამბობს ასმიკ გევორქიანი. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის ასე მაღალი შეწყვეტილი საქმეების სტატისტიკა.

სომხეთის რესპუბლიკის კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობაგამოვლილი პირების დაცვის და ოჯახში სოლიდარობის აღდგენის შესახებ“ არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოძალადეებისთვის, ანუ ძალადობა ოჯახში არ არის კრიმინალიზებული. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოძალადეებისთვის დადგენილია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

საადვოკატო ოფისმა „შენი დამცველი“, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, პროგრამა „სასამართლო-სამართლებრივი რეფორმების მხარდაჭერის“ ფარგლებში, მონიტორინგი ჩაატარა: „დაუცველი ჯგუფები: მსჯავრდებულები და ოჯახში ძალადობაგამოვლილი ქალები სასამართლოებში“, რომლის დროსაც გამოკვლეული იყო როგორც ოჯახში ძალადობაგამოვლილი პირების, ისე მსჯავრდებულების უფლებების დაცვის საკითხები. მონიტორინგის პროცესში შესწავლილი იყო 2019-2021 წლებში განხილული 290 სასამართლო საქმე, რომელთაგან 74 ოჯახში ძალადობას ეხებოდა.

ამ მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს შორის ჭარბობდა სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის აწ გაუქმებული 118-ე მუხლით („ცემა“) გათვალისწინებული საქმეები, ხოლო ტერმინი „მძიმე სულიერი ტანჯვა“, რომელიც გათვალისწინებულია იმავე კოდექსის აწ გაუქმებული 119-მუხლით, ბევრად უფრო იშვიათადაა გამოყენებული.

მონიტორინგის შედეგად გაკეთდა დასკვნა, რომ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და განხილვა სასამართლოში ძალიან დიდ ხანს გრძელდება, რაც იწვევს გონივრულ ვადებში საქმის განხილვაზე მხარეთა უფლების სავარაუდო დარღვევებს.

ადვოკატ ზარუი მეჯლუმიანის თქმით, სასამართლოს მიერ ზოგი საქმე ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2018 წლიდან მოყოლებული განიხილება ანუ უკვე ოთხი წლის განმავლობაში. სასამართლოს სხდომების გადავადება, როგორც წესი, ხდება ბრალდებულების და ბრალმდებელთა გამოუცხადებლობის, მოსამართლეთა შვებულებაში გასვლის და სხვა მიზეზებით.

მეჯლუმიანი თავისი პრაქტიკიდან ერთ შემთხვევას გამოყოფს, რომლის განხილვა სულ ერთი დღე გაგრძელდა. ადვოკატის აზრით, სწორედ ასე უნდა განიხილებოდეს საქმეები მსუბუქი მუხლებით, რადგან მათი მტკიცებულებების ბაზა მწირია და მოწმეთა რაოდენობა მცირეა.

ხსენებულ საქმეში ოვიკ გაბრიელიანს ბრალად ედებოდა 2021 წლის 27 სექტემბერს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კამათის დროს მუშტებითა და არყის ბოთლის ასმიკ ბაბალარიანისთვის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმების მიყენება. ქმარი ცოლს სხვის მანქანაში ჩაჯდომას აბრალებდა, ხოლო თავის ჩვენებებში ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ტანსაცმელზე ჩაჭიდა ხელი ცოლს. ოვიკმა თავი დამნაშავედ არ ცნო. ჩვენებში კი აღნიშნავდა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს დალურჯებებთან მეუღლის სხეულზე, ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ცოლის დეიდამ გააკეთა, რათა მტკიცებულება უზრუნველეყო.

ასმიკის თანახმად, ქმარი ასევე მას ბრალს სახლში უცხო კაცის მოყვანაში სდებდა, რის გამოც სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმები მიაყენა მას. იმ დღეს ბრალდებული ალკოჰოლს მოიხმარდა. სასამართლო გამოძიება ამ საქმეზე ერთი დღე გაგრძელდა. ო. გაბრიელიანი სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დამნაშავედ ცნეს. მას ჯარიმა 50 000 დრამის ოდენობით დაეკისრა.

„მან თქვა, რომ ხელით მხოლოდ ტანსაცმელზე ჩაეჭიდა. კითხვაზე: „თუკი თქვენი მეუღლე ეჭვს შეიტანდა თქვენს ერთგულებაში, ექნებოდა თუ არა მას უფლება, ხელი ჩაგავლოთ ტანსაცმელზე?“ გაბრიელიანმა უპასუხა: „არა, რადგან ის ქალია“. ამან კი მისცა მოსამართლეს შემდეგი დასკვნის გაკეთების საშუალება: სახეზეა დისკრიმინაციის ელემენტი, ეს არის ოჯახში ძალადობის ტიპური მაგალითი, როცა კაცს აქვს ძალის გამოყენების და კონტროლირების უფლება“, – ამბობს ზარუი მეჯლუმიანი.

„ოჯახში ძალადობის საქმეთა გამოძიება უნდა წარმოებდეს სწრაფად, რადგან დაგვიანებული სამართალი უკვე აღარაა სამართალი. რაც შეეხება მკვლელობას, სხეულის მძიმე დაზიანებებს და სქესობრივ ხელშეუხებლობას, აქ საქმე ზედმიწევნით და სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული“, – აღნიშნავს ადვოკატი ჩვენთან საუბარში.

მონიტორინგის შედეგად ასევე აღინიშნა, რომ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ძალიან ხშირად მთავრდება შერიგებით, თუმცა შემდგომი მონიტორინგით დგინდება, შეწყდა თუ არა ძალადობის შემთხვევები და იყო თუ არა მსხვერპლი იძულებული, მიეღო სამშვიდობო შეთანხმება ამა თუ იმ მიზეზით: მაგალითად, ფინანსური დამოკიდებულების და ბავშვებთან დაშორების მუქარის გამო.  

აქცენტი უნდა გაკეთდეს ქალის შესაძლებლობების გაძლიერებაზე

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქალთა დახმარების ცენტრი“ ეცადა, გამოეყენებინა სხვადასხვა მეთოდი როგორც ძალადობაგამოვლილ ქალებთან, ისე მოძალადეებთან მუშაობაში. ასმიკ გევორქიანის თანახმად, მოძალადე პირებთან მუშაობამ შედეგად მოიტანა მხოლოდ ცემის ფაქტების რაოდენობრივი შემცირება.

„აქცენტი უფრო მეტად უნდა კეთდებოდეს ქალის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. თუკი მოძალადეს ეცოდინება, რომ მეუღლე მიმართავს სასამართლოს ან პოლიციას, მან შეიძლება შეწყვიტოს ძალადობა“, – აცხადებს ასმიკი.

გავრცელებული სტერეოტიპი, რომ თითქოს ძალადობის მსხვერპლები, როგორც წესი, არიან ქალები სოციალურად ხელმოკლე ოჯახებიდან, არ შეესაბამება სიმართლეს. „ძალადობაგამოვლილ ქალთა შორის გვყავს ექიმი, გამომძიებელი, ბანკისა და საერთაშორისო სტრუქტურების თანამშრომლები. ასე რომ, ძალადობა არ არის დამოკიდებული განათლების დონეზე და სოციალურ მდგომარეობაზე. შეძლებული ოჯახები უფრო ჩაკეტილნი არიან, მათ ასე იოლად ვერ მიუდგები. ასეთი ოჯახებიდან გამოსული ქალების მეუღლეები ხშირად გავლენიან ფიგურებს წარმოადგენენ, რომელთაც შეუძლიათ ზეწოლის განხორციელება სამართალდამცავ სისტემაზე. შესაბამისად, ძალადობაგამოვლილი ქალები ამ სოციალური წრიდან, როგორც წესი, ერიდებიან მსგავსი სიტუაციების გახმაურებას“, – ამბობს ასმიკ გევორქიანი.

2022 წლის მაისში შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტრომ სამართლებრივი აქტების პროექტების ერთიან ვებგვერდზე განათავსა პროექტი „სომხეთის რესპუბლიკაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მისაღები ზომების 2023-2025 წლების სტრატეგიის და პროგრამის დამტკიცების შესახებ“. ეს დოკუმენტი გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებების შეტანას, რეგიონებში სპეციალური პროგრამების განხორციელებას, თანამშრომლობას სოციალურ მუშაკებსა და რეგიონული სკოლების მასწავლებლებთან, ასევე ოჯახში ძალადობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდას.

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ოჯახში ძალადობის სტატისტიკის შესწავლის შედეგების საფუძველზე გათვალისწინებულია ასეთი შემთხვევების გამოძიება საზოგადოებრივი ბრალდების ჭრილში, რაც წვლილს შეიტანს მშვიდობიანი შეთანხმების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტის პრაქტიკაზე უარის თქმაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისხლის სამართლის წარმოება აღიძვრება მიუხედავად იმისა, შეიტანა თუ არა მსხვერპლმა საჩივარი.

სტრატეგია ასევე გულისხმობს ერევანსა და რეგიონებში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების უწყებათაშორისი მექანიზმის შექმნას (განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ყველაზე რთულ შემთხვევებს). კერძოდ, გათვალისწინებულია რისკების შეფასების და მართვის მექანიზმების გაუმჯობესება, რის წყალობითაც ოჯახური ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდება და მოხდება მათზე რეაგირება. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდება დისკუსიები და სხვა ღონისძიებები .

რაც შეეხება დაცვის მექანიზმებს, შეიქმნება ერთიანი ცხელი ხაზი ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი წვდომა შესაბამის სახელმწიფო მომსახურებაზე ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის ფარგლებში. გარდა ამისა, ამაღლდება მომსახურების იმ ტიპების ხარისხი, რომელთაც უზრუნველყოფენ ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. მოეწყობა თავშესაფრები.

ასევე გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მისი მრავალფეროვნების გაზრდა მსხვერპლთათვის, რომელთა მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.

ანაიტისა და ანას თხოვნის საფუძველზე, მათი სახელები შეცვლილია.

სტატიაში გამოყენებული წყაროები:

  • გენდერული თანასწორობის პროფილი საქართველო, 2021 წელი,
  • სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიში,
  • პილოტური კვლევა გენდერულად დიფერენცირებული მონაცემების შესახებ აქტივების ფლობასა და მეწარმეობაზე, 2018 წელი,
  • “გენდერული თანასწორობის საკითხები სასკოლო სახელმძღვანელოებში”, 2021 წელი, ნათია გორგაძე და შალვა ტაბატაძე

ავტორები: ნინო ზურიაშვილი (საქართველო), ამალია მარგარიანი (სომხეთი), ქრისტინე აღალარიანი (სომხეთი).


ტრანსსასაზღვრო ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია “რეგიონული პრესის განვითარების ინსტიტუტისა” (უკრაინა) და “მედიის საერთაშორისო მხარდაჭერის” (დანია) პროექტის – “ქალი გამომძიებელი ჟურნალისტების ქსელი” ფარგლებში.